ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
|
|
|
∘ ხათუნა ბერიშვილი ∘ ეთიკური სტანდარტების ზეგავლენა მორალურ რელატივიზმზე ანოტაცია. საერთაშორისო ბიზნესში ეთიკური მოსაზრებები სცილდება ტრადიციულ მორალურ ჩარჩოებს, რაც განპირობებულია მსოფლიოში არსებული კულტურული, სოციალური, ეკონომიკური განზომილებების მრავალფეროვნებით. ეთიკა, თავის არსში, ეხება იმ ნორმებსა და ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის მორალს. იმდენად, რამდენადაც ერების მიხედვით ეს ღირებულებები განსხვავებულია, არაერთგვაროვანია ეთიკური ნორმების აღქმა. თანამედროვე კორპორაციებში არსებული კულტურული მრავალფეროვნების გამო, საერთაშორისო ბიზნესის კონტექსტში ეთიკური გადაწყვეტილების მიღება რთულია. განსხვავებული კულტურული ნორმების, სამართლებრივი სისტემების და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაერთიანება უნივერსალურ ეთიკურ ღირებულებებში რთულია, რაც წარმოადგენს თანამედროვე კორპორაციების უმნიშვნელოვანეს გამოწვევას, რომლის გადაწყვეტაც საერთაშორისო ბიზნესში ერთობ რთულია. თანამედროვე ბიზნესში ერთ-ერთი მთავარი ეთიკური პრობლემა არის ადგილობრივ კულტურულ ღირებულებებსა და უნივერსალურ პრინციპებს შორის არსებული წინააღმდეგობანი, რომლებიც წარმოიშობა ეთიკური რელატივიზმის პირობებში, რის გამოკვლევასაც ეხება წინამდებარე სტატია. საკვანძო სიტყვები: ეთიკა, ეთიკური რელატივიზმი, მორალური სტანდარტი, წინააღმდეგობა, საერთაშორისო კორპორაცია. „ეთიკა“ წარმოდგება ძველ ბერძნული სიტყვა ethos-იდან და გულისხმობს ხასიათს, ჩვეულებას. ფილოსოფიური თვალსაზრისით ეს არის სწავლება მორალისა და ზნეობის შესახებ. მორალი არის სოციალური ცნობიერების განსაკუთრებული ფორმა (ზნეობრივი ურთიერთობები). „ეთიკა“, როგორც სამეცნიერო დისციპლინა, სწავლობს სოციალური ურთიერთობების განსაკუთრებულ ტიპს და ადამიანთა საქმიანობის ნორმატიული რეგულირების მეთოდებს (ბერიშვილი, 2018). გლობალური ბიზნესის თეორიასა და კერძოდ, საერთაშორისო ბიზნეს ეთიკის შესახებ თანამედროვე ნაშრომებში არსებობს „მორალისა“ და „ეთიკის“ კონცეფციების დაახლოების ტენდენცია, რის შედეგადაც სიტყვა „ეთიკა“ მისაღები ხდება კონკრეტული საზოგადოების ნორმებისა და ღირებულებების შინაარსის მატარებელი. ტ.დონალდსონი ნაშრომში „ეთიკური საკითხები ბიზნესში: ფილოსოფიური მიდგომა“ აღნიშნავს: „არსებობს უნივერსალური ეთიკა, როგორც ადამიანთა მორალური ქცევის ნორმების სისტემა, რომელიც განსაზღვრავს მათ ურთიერთობას ერთმანეთთან და მთლიანად საზოგადოებასთან" (Donaldson, T. 1996) თანამედროვე ეტაპზე ტერმინმა „ეთიკამ“ უფრო ფართო ლექსიკური მნიშვნელობა შეიძინა და იგი აქტიურად გამოიყენება არა მხოლოდ ფილოსოფიურ დისციპლინებში, არამედ საერთაშორისო ბიზნესში. საერთაშორისო ბიზნეს ეთიკა შეიძლება ჩაითვალოს პროფესიული ეთიკის ნაწილად. ამ შემთხვევაში მისი კვლევის საგანს წარმოადგენს სპეციფიკური მორალური ღირებულებები და პრინციპები, რომლებსაც ბიზნეს პროფესიონალები იყენებენ საერთაშორისო ბიზნესსაქმიანობაში. ამ თავისებურების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ საერთაშორისო ბიზნესის ეთიკის საგანი ეფუძნება მენეჯერული და ფილოსოფიური ხასიათის რამდენიმე დისციპლინას. მე-20 საუკუნის ბოლოს, განვითარებული სამრეწველო წარმოების პირობებში, საერთაშორისო ბიზნესის ეთიკამ, როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში ახალი შინაარსი შეიძინა. გააქტიურდა დისკუსია ეთიკისა და კულტურის ურთიერთმიმართების, ეთიკური რელატივიზმის შესახებ. ეთიკა და კულტურა არის ორი ფუნდამენტური ცნება, რომლებსაც აქვთ მჭიდრო ურთიერთობა, ისინი ავსებენ ერთმანეთს, თითოეული მათგანის არსის შეცვლის გარეშე. კულტურისა და ეთიკის მთავარი ამოცანაა კაცობრიობის მორალური და კულტურული თვისებების შემეცნება და განვითარება. კულტურა წარმოდგება ლათინური სიტყვა "cultura" - სგან (განვითარება, აღზრდა, განათლება) (შენგელია, 2018). დღესაც არ არსებობს ამ კონცეფციის ცალსახა, მკაფიო განმარტება. კულტურა კოლექტიური, საზოგადოებრივი ცნებაა. ბუნებისა და თავად ადამიანის შესწავლის პროცესში შეიცვალა „კულტურის“ კონცეფცია. კულტურა საზოგადოებასთან ერთად იხვეწებოდა, იზრდებოდა და ვითარდებოდა. საზოგადოების კულტურული დონის მნიშვნელოვანმა ამაღლებამ რადიკალურად შეცვალა საზოგადოების სამეურნეო ცხოვრება. სამეურნეო სფეროში ადამიანური ურთიერთობის სტაბილიზატორი არის მორალი. ის იძლევა სხვა ადამიანების ქმედებების შეფასების შესაძლებლობას. ეთიკა, როგორც მეცნიერება მორალის შესახებ ადგენს საზოგადოებაში ქცევის წესების ერთობლიობას. პირველი ზნეობრივი წესი აღწერილია სახარებაში: ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12 მთაზე ქადაგება). ზნეობის საფუძველია მოექცე სხვა ადამიანებს ისე, როგორც საკუთარ თავს. ინტერპერსონალური ურთიერთობების დაბალანსებით საზოგადოება უფრო ჰარმონიული ხდება. მორალური რელატივიზმი (ლათინურიდან relativus - ნათესავი), არის პრინციპი, რომლის მიხედვითაც არ არსებობს აბსოლუტური სიკეთე და ბოროტება, ეს არის საყოველთაო ზნეობრივი ნორმებისა და მორალის ობიექტურობის კრიტერიუმის უარყოფა. ამ პრინციპიდან გამომდინარე კულტურული სხვადასხვაობის პირობებში შეუძლებელია ერთიანი ეთიკური სტანდარტის დადგენა. კულტურული მრავალფეროვნების გათვალისწინებით საერთო ეთიკური საფუძვლის დაცვა, მრავალეროვნული კორპორაციებისთვის მუდმივ გამოწვევას წარმოადგენს. ისეთი საკითხები, როგორიცაა მექრთამეობა, კორუფცია და ადამიანის უფლებების დარღვევა, ხაზს უსვამს გლობალურად მოქმედი ეთიკური ჩარჩოს დადგენის შესაძლებლობას. უფრო მეტიც, გლობალური ბიზნესსაქმიანობის ეკონომიკურმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ეთიკური პრობლემები. ეკონომიკური უთანასწორობა, ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაცია და განსხვავებული შრომითი პრაქტიკა იწვევს ეთიკური სტანდარტისადმი მიდგომების არაერთგვაროვნებას. როდესაც საერთაშორისო კორპორაციები კვეთენ საზღვრებს, მათ უნდა გააცნობიერონ თავიანთი ეკონომიკური გადაწყვეტილებების ეთიკური შედეგების ზეგავლენა სხვა ერებზე და გლობალურ ეკოსისტემაზე. ნეოტექნოლოგიები და ციფრული ეპოქა კიდევ უფრო ართულებს საერთაშორისო ბიზნესის ეთიკურ მიდგომებს. მონაცემთა კონფიდენციალურობა, კიბერდანაშაული და ხელოვნური ინტელექტი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს კორპორაციების ეთიკურ მიდგომებში. საერთაშორისო ბიზნესის ეთიკის სფეროში მზარდი ლიტერატურის არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ საზღვრებს მიღმა მენეჯმენტი მოიცავს ეთიკურ გამოწვევებს, რომლებიც რთული და მრავალმხრივია (Buller & McEvoy, 1999). განსხვავებული სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პირობებიდან გამომდინარე ისინი მერყეობენ, რაც ახალ გამოწვევებს უქმნის ბიზნესის მენეჯერებს, რომლებიც ცდილობენ მოახდინონ სხვადასხვა ქვეყნების სპეციფიკის გათვალისწინებით ეთიკური განზომილების ინტეგრირება მათი სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ბოუი წერს, რომ „ყველა ქვეყანა განსხვავებულია სხვადასხვა კუთხით, როგორიცაა ფიზიკური გარემო, ეკონომიკური განვითარება და წიგნიერების დონე. მაშინაც კი, თუ მართლა უნივერსალური მორალური პრინციპები არსებობს, ისინი განსხვავებულ კულტურულ კონტექსტს უნდა დაექვემდებაროს. აქედან გამომდინარე, ეთიკური ქცევა მაინც განსხვავდება კულტურებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება შეთანხმდნენ ფუნდამენტურ უნივერსალურ მორალურ პრინციპებზე “ (Bowie, 1996). საერთაშორისო ბიზნეს ეთიკაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა ფილოსოფიური აზროვნების რამდენიმე სკოლამ. მათ შორის უმნიშვნელოვანესია რელატივისტების და უნივერსალისტების მიდგომების გათვალისწინება. ეთიკური რელატივიზმი, იზიარებს მაქსიმას „რომში იქცევიან ისე, როგორც რომაელები იქცევიან“ (Kohls & Buller, 1994). რელატივისტები ამტკიცებენ, რომ ბიზნესმენებმა უნდა დაიცვან იმ ქვეყნის ეთიკური ნორმები, სადაც ისინი აკეთებენ ბიზნესს. ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში წარმოშობილი, კულტურული რელატივიზმის სკოლა აღიარებს, რომ სხვადასხვა კულტურას აქვს განსხვავებული ეთიკური ნორმები და ძნელია იმის მტკიცება, რომ ერთი კულტურის ეთიკური სტანდარტები უკეთესია, ვიდრე სხვების. კულტურული რელატივიზმი ამტკიცებს, რომ სიტყვები, როგორიცაა სწორი, არასწორი, სამართლიანობა და უსამართლობა, თავიანთ მნიშვნელობას და ნამდვილ ღირებულებას იღებენ მოცემული კულტურის დამოკიდებულებიდან გამომდინარე (Donaldson, 1996). ბიზნესის თვალსაზრისით, ეთიკურ რელატივიზმს შეუძლია გაამართლოს სხვადასხვა ეთიკური სტანდარტები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში გამოიყენება და ვითარდება. თუ მორალური რელატივიზმი (საყოველთაო მორალის უარყოფა) მიიღება როგორც საფუძველი საერთაშორისო ბიზნეს საქმიანობისთვის, შესაბამისად არ იქნება შესაძლებლობა რომ არსებობდეს საერთო ჩარჩო მორალური დავების გადასაჭრელად ან მიღწეულ იქნას შეთანხმება კომპანიებისა და საზოგადოებების სხვადასხვა ეთიკურ საკითხებზე. უნივერსალიზმი, რომელიც, რა თქმა უნდა, მიისწრაფვის ნორმატიული ეთიკური სტანდარტისკენ, სცილდება ეროვნულ საზღვრებს და კულტურულ განსხვავებებს (Donaldson, 1996) (Wicks, 1990). მოცემული პირობებისთვის ვიქსი (Wicks, 1990) მოიხსენიებს ეთიკური რელატივიზმის მაქსიმას შემდეგი სახით: ,,როდესაც ხარ რომში, მოიქეცი ისე, როგორც ჩვენ და რომაელები ვთანხმდებით". ეთიკური ნორმატივიზმი ეხება არა მხოლოდ საქმიან ურთიერთობებს, არამედ ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს, როგორიცაა: დასაქმების პრაქტიკა და პოლიტიკა, მომხმარებელთა დაცვა, გარემოს დაცვა, პოლიტიკური გადახდები და ჩართულობა და ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები (Frederick, 1991). მართლაც, როცა ბიზნესი სულ უფრო გლობალიზდება, საერთაშორისო მორალური აბსოლუტების ფორმირება უფრო აშკარა ხდება (Donaldson, 1996). ბევრმა გლობალურმა ინსტიტუტმა, როგორებიცაა: საერთაშორისო გამჭვირვალობა, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია შემოგვთავაზეს ფართო ინტერპრეტაციის გლობალური ქცევების კოდექსები. გლობალური ეთიკის კოდექსებს აქვთ რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა: საერთაშორისო კომპანიებში ისინი მნიშვნელოვნად ამცირებენ სერიოზული შეცდომების პოტენციალს და ზღუდავენ საოპერაციო გაურკვევლობას. მთელ მსოფლიოში ეთიკის საერთო კოდექსი შესაძლებელს ხდის ყველა ფირმა ფუნქციონირებდეს თანაბარი მორალური პრინციპების დაცვით. ეთიკური სტანდარტების გლობალური კოდექსი ასევე უზრუნველყოფს ქცევის სტანდარტიზებას როგორც ფირმის შიგნით, ასევე მის გარეთ. თუმცა, ეს ეთიკური კოდექსები არ არის საზღვრების გარეშე. ბიზნესის ეთიკის კოდექსის მიღების პოზიტიური მხარეების მიუხედავად, არსებობს შეზღუდვებიც. ნაკლებად სავარაუდოა, რომ გლობალური წესები, ასახავდნენ ყველა კულტურის შესაბამის ღირებულებებსა და ჩვევებს. დიალოგური იდეალიზმის თეორიის მიხედვით, რომელიც ეფუძნება აპელის (Apel, 1988) და ჰაბერმასის (Pedigo, Marshall 2004) თეორიებს, შეუძლებელია საყოველთაოდ მოქმედი ეთიკური პრინციპების გამომუშავება, რომლებიც ასახავენ ყველა ერის მორალურ ღირებულებებს. ასე მაგალითად, დასავლეთის ფირმების მიერ შემუშავებული ეთიკის გლობალური კოდექსები შეიძლება არ მოიცავდეს აზიის ერების ეთიკურ ღირებულებებს. გლობალური ეთიკის ისეთი წყაროები, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, ლეგიტიმური დემოკრატიის პრინციპი ან საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების კონცეფცია, რომლებიც გვხვდება უმრავლეს კულტურებში „ზედმეტად ზოგადია იმისათვის, რომ დაუშვას გლობალური ეთიკის ყოვლისმომცველი სისტემის შექმნა.“ (Commision, 1995) გლობალურ ბიზნესში ეთიკური სტანდარტის შესაფასებლად გამოყენებულ იქნა აღწერითი კვლევის დიზაინი, რამაც ბიზნეს კონტექსტში მოგვცა სხვადასხვა ეთიკური განზომილებების ყოვლისმომცველი შესწავლის შესაძლებლობა. კვლევის ობიექტად აღებულ იქნა ბიზნესსექტორში მომუშავე პროფესიონალები, მათ შორის სხვადასხვა დონის მენეჯერები. სხვადასხვა ორგანიზაციული დონის წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იქნება სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის მეთოდი. კვლევის პროცესში სპეციალურად შედგენილი ანკეტის საფუძველზე მოხდა 81 რესპონდენტის გამოკითხვა სხვადასხვა ინდუსტრიაში და განსხვავებული გეოგრაფიული მდებარეობით. მონაცემების შეგროვება განხორციელდა სტრუქტურირებული ონლაინ გამოკითხვის მეშვეობით. კვლევის მიზანს წარმოადგენდა გლობალურ ბიზნესში ეთიკური პრაქტიკის შესახებ რესპონდენტთა აღქმის რაოდენობრივი დადგენა. გამოკითხვის ინსტრუმენტი მოიცავს დახურულ კითხვებს, ხოლო კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად ყველა პასუხი იყო ანონიმური. ეთიკური პრაქტიკა შეფასდა ლიკერტის სკალის გამოყენებით, რომელიც მერყეობს 1-დან (დაბალი) 5-მდე (მაღალი). კვლევის შედეგები შეფასდა დახურული კითხვების სერიის მეშვეობით. რესპონდენტებმა უპასუხეს შემდეგ კითხვებს: როგორ შეაფასებდით საერთაშორისო ბიზნესის ეთიკურ პრაქტიკას? მნიშვნელოვნად უწყობს თუ არა ხელს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა საერთაშორისო ბიზნესის ეთიკური იმიჯის გაუმჯობესებას? საერთაშორისო კომპანიები საქმიანობაში ანიჭებენ თუ არა პრიორიტეტს ადამიანის უფლებების დაცვას? რამდენად ეფექტიანია მიმდინარე ანტიკორუფციული ზომები საერთაშორისო კომპანიების არაეთიკური პრაქტიკის პრევენციისთვის ? საკმარისია თუ არა ის მიდგომები, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო კომპანიების მიმართ გარემოსდაცვით სფეროში? პირველ კითხვაზე პასუხებმა ცხადყო, რომ რესპონდენტთა 61% გამოხატავს პოზიტიურ დამოკიდებულებას გლობალურ ბიზნესში საერთო ეთიკურ მიდგომებთან მიმართ, 40% მათ აფასებს როგორც „კარგს“ და 21% „ ძალიან კარგს“. (28%) ინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას, ხოლო (7%) უფრო ეთიკურ პრაქტიკას აფასებს როგორც „ცუდს“ (4%) „ძალიან ცუდს“ . გამოკითხვის შედეგები მიუთითებს, რომ რესპონდენტთა ნაწილი აუცილებლად მიიჩნევს ამ პრაქტიკის გაუმჯობესებას. მეორე შეკითხვაზე პასუხებით დადგინდა, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა (66%) გამოთქვამს მოსაზრებას, რომ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივები მნიშვნელოვნად არ უწყობს ხელს გლობალური ბიზნესის ეთიკური იმიჯის გაუმჯობესებას. ხოლო გამოკითხულთა 34% თვლის, რომ ეს ინიციატივები მნიშვნელოვან როლს თამაშობს გლობალური ბიზნესის ეთიკური იმიჯის ამაღლებაში. კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ რესპონდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი კი სკეპტიკურადაა განწყობილი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ეფექტიანობის შესახებ, მისი ეთიკური აღქმის გაუმჯობესებაში. მესამე შეკითხვა შეეხებოდა ადამიანის უფლებების პრიორიტეტულობას გლობალურ ბიზნესში. რესპონდენტთა უმრავლესობას (68%) მიაჩნია, რომ გლობალურ ბიზნესში ადამიანის უფლებები ნაკლებად პრიორიტეტულია. (25%) მიიჩნევს, რომ გლობალურ ბიზნესში ადამიანის უფლებათა დაცვა საშუალო დონეზეა, ხოლო (7.%)-ს მიაჩნია, ბიზნესის ამ სფეროში ვლინდება ადამიანის უფლებების პატივისცემის მაღალი დონე. ანალიზის შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანის უფლებების დაცვა გლობალურ ბიზნესში არ წარმოადგენს ძირითად პრიორიტეტს. მეოთხე კითხვის პასუხები შემდეგი სახით განაწილდა: უმრავლესობა (62.9%) გამოთქვამს მოსაზრებას, რომ არსებული ანტი-კორუფციული ზომები ნაკლებად ეფექტიანია გლობალურ ბიზნესში არაეთიკური პრაქტიკის პრევენციისთვის, ხოლო 27.4% (თითოეული 13.7%) მიიჩნევს, რომ ისინი ეფექტიანი ან ნაწილობრივ ეფექტიანია. ეს შედეგები მიუთითებს გლობალურ ბიზნესში ანტიკორუფციული ღონისძიებების ეფექტიანობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე. ბოლო კითხვაზე პასუხების მიხედვით, რესპონდენტთა უმრავლესობა (61%) გამოთქვამს მოსაზრებას, რომ გლობალური ბიზნესები მხოლოდ ნაწილობრივ აკეთებენ საკმარისს გარემოსდაცვითი საკითხების გადასაჭრელად და მდგრადობის ხელშეწყობისთვის. მნიშვნელოვანი ნაწილი (26%) მიიჩნევს, რომ ბიზნესი საკმარისად არ აკეთებს საქმეს, ხოლო 11% ფიქრობს, რომ ბიზნესი საერთოდ არ აგვარებს გარემოსდაცვით საკითხებს. დადებითი მხარე ისაა, რომ გამოკითხულთა 13% თვლის, რომ გლობალური ბიზნესი საკმარისს აკეთებს. ანალიზი მეტყველებს, რომ გარემოსდაცვითი პრობლემების გადასაჭრელად და მდგრადობის ხელშეწყობისთვის უნდა იყოს გაუმჯობესებული სიტუაცია. აღნიშნული კვლევა მეტყველებს იმ ეთიკური პრობლემების არსებობაზე, რომელსაც ვაწყდებით გლობალური ბიზნესის სფეროში, ხოლო მათი გადაჭრა მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნესის ასევე მთლიანად საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის. დასკვნა საერთაშორისო ბიზნესის ეთიკის სფეროში მენეჯერების საქმიანობა მოიცავს ეთიკურ გამოწვევებს, რომლებიც რთული და მრავალმხრივია. ქვეყნების განსხვავებული სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პირობები ახალ გამოწვევებს უქმნის საერთაშორისო მენეჯერებს, რომლებიც ცდილობენ სხვადასხვა ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინებით მოახდინონ ეთიკური განზომილების ინტეგრირება მათი სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. უნივერსალური მორალური პრინციპები განსხვავებულ კულტურულ კონტექსტს უნდა დაექვემდებაროს. აქედან გამომდინარე, კულტურულ კონტექსტში ეთიკური ქცევა განსხვავებულია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არსებობდეს ფუნდამენტური უნივერსალური ეთიკური პრინციპები. საერთაშორისო ბიზნესის ეთიკური პრობლემების კვლევა მეტყველებს იმ პრობლემებზე, რომელსაც ვაწყდებით ამ სფეროში და რომელთა გადაჭრა მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნესის ასევე მთლიანად საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის. გამოყენებული ლიტერატურა
|