ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
|
|
|
∘ ზურაბ წერეთელი ∘ ეროვნული საინოვაციო სისტემის განვითარებისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლების პრობლემები ანოტაცია. ეროვნული საინოვაციო სისტემა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ინოვაციური ბიზნესის კონკურენტული უპირატესობების მისაღწევად და უზრუნველყოფს აუცილებელ რესურსებზე წვდომას, მათ შორის ფინანსურზეც, რომლის საჭიროებაც ყველაზე მწვავეა ინოვაციური პროექტების განხორციელებისას. სტატიაში განხილულია ეროვნული საინოვაციო სისტემის ფუნქციონირება, სადაც განისაზღვრება ინოვაციის მნიშვნელობა თანამედროვე საწარმოების საქმიანობაში. ასევე აღნიშნულია, რომ სამეცნიერო, ტექნიკური და საინოვაციო საქმიანობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ინოვაციური ხასიათის სპეციალიზებული სუბიექტების (როგორიცაა ტექნოლოგიური პარკები, ტექნოლოგიური ბიზნეს ინკუბატორები, ტექნოპოლიები და მაღალტექნოლოგიური კომპანიები) შექმნა და მათი ფუნქციონირების შესაბამისი ხელშეწყობა. მასში ასევე ნაჩვენებია ინოვაციების განვითარებისათვის ზოგიერთი ხარვეზი. კერძოდ,: 1) განუვითარებელი კავშირები საუნივერსიტეტო მეცნიერებასა და ინდუსტრიას შორის; 2) საბანკო სექტორის დაბალი ჩართულობა ინოვაციურ პროცესების დაკრეტიტებაში; 3) კერძო კაპიტალის არასაკმარისი ინოვაციური აქტივობა და სხვა. ნაშრომი შედგება: ანოტაციისაგან, საკვანძო სიტყვებისაგან, შესავალისაგან, ძირითადი ნაწილისაგან, დასკვნისა და ლიტერატურისაგან. საკვანძოსიტყვები: საინოვაციო აქტივობა, ეროვნული საინოვაციო სისტემა, საინოვაციო პოლიტიკა, ინოვაციური მეწარმეობა, ინოვაციური ტექნოლოგიები, კომერციალიზაცია. შესავალი მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ამჟამინდელ ეტაპზე აშკარაა გადასვლის ტენდენცია ინდუსტრიული ტიპის ეკონომიკიდან პოსტინდუსტრიულზე ან, როგორც მას ასევე უწოდებენ, ინოვაციურ ეკონომიკაზე, რომელიც დაფუძნებულია ინფორმაციის გამოყენებაზე, ცოდნის ინტენსიურ ტექნოლოგიებზე, ასევე ინტელექტუალური საქმიანობის შედეგებზე. ქვეყნის ეკონომიკის ინოვაციურ გზაზე გადასვლა მოითხოვს ყველა ეკონომიკური სუბიექტების მიერ, ეკონომიკური ურთიერთობების ტრანსფორმაციაში, მიმდინარე ცვლილებების არსისა და თავიანთი როლის ნათლად გაცნობიერებას. ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის ტრანსფორმაციის მასშტაბები სახელმწიფოს, კერძო ბიზნესის, სამეცნიერო საზოგადოებისა და საჯარო დაწესებულებების ინოვაციური საქმიანობის პირდაპირპროპორციულია. თანამედროვე საზოგადოებაში ინოვაციური საქმიანობა ცხოვრების ყველა სფეროში ცვლილებებზე ზემოქმედების ერთ-ერთი მთავარი საშუალება ხდება. მოსახლეობის ზრდის შესაბამისად, ადამიანთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაში სულ უფრო იზრდება მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევების, ტექნოლოგიური ინოვაციების როლი, რადგან ისინი არსებითად ცვლიან მსოფლიოში ბიზნესის სტაბილურ განვითარებას და უზრუნველყოფენ ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას. ინოვაციები ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მე-20 საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნის დასაწყისის გლობალურმა ფინანსურმა კრიზისებმა განაპირობა მსოფლიოს ეკონომიკური ურთიერთობების სუბიექტებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების სისტემის ახლებურად გააზრების აუცილებლობა. ეკონომიკურმა ტურბულენტობამ, კორონავირუსმა და მსოფლიოში არსებულმა არასტაბილურმა პოლიტიკურმა კრიზისებმა გააღრმავა განვითარების ახალი წყაროების პოვნისა და ეროვნული ეკონომიკისა და მთლიანად მსოფლიო ეკონომიკის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემა. მსოფლიოს განვითარებული და მსხვილი განვითარებადი ეკონომიკის ეკონომიკური სისტემების განვითარების ტენდენციები სულ უფრო მეტად ფოკუსირებულია ინტელექტუალური რესურსების განვითარებასა და გამოყენებაზე, როგორიცაა მაღალი რისკი, სარისკო კაპიტალი, ინოვაციების კლასტერები, ინოვაციური მეწარმეობა და სხვა. * * * ინოვაციური განვითარების გლობალური პრაქტიკის ანალიზი განპირობებულია ინოვაციებზე ორიენტირებულ საწარმოებს შორის მზარდი კონკურენციით, რაც, თავის მხრივ, ზრდის კონკურენტული სივრცის გაურკვევლობას და ზრდის ინოვაციური მეწარმეობის რისკებს, მათ შორის სისტემურ დონეზე. ინოვაცია ემყარება განახლებას. ეკონომიკური თვალსაზრისით, ინოვაცია არის რაღაც ახალი, რაც სარგებელს მოუტანს საწარმოს ან მთლიანად საზოგადოებას.ნებისმიერი სახის ინოვაციური საქმიანობა, რომელიც წარმატებული ბიზნესის საფუძველს წარმოადგენს, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერასა და წახალისებას საჭიროებს.[3[ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს განვითარების ინოვაციური გზა. ინოვაციები იძენს სულ უფრო დიდ მნიშვნელობას ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის, როგორც მიკროეკონომიკურ, ასევე მაკროეკონომიკურ დონეზე. ის მთავარი საშუალებაა პროდუქციის კონკურენტუნარიანობისა და მთლიან ბაზარზე საწარმოების მდგრადობის უზრუნველსაყოფად. აღნიშნულთან ერთად ინოვაციები ახალი ტექნოლოგიებისა და პროდუქტის შექმნაზეა ორიენტირებული და შესაბამისად, შეუძლებელია ახალ ეკონომიკაში გადარჩენა მის გარეშე. საწარმოების ინოვაციური საქმიანობა პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენაა მიმართული და მისი მამოძრავებელი ძალაა.[3] ინოვაციური საქმიანობა აქამდე არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური როგორც დღეს არის. ინოვაციური საქმიანობის განხორციელების შედეგად დასაბამი მიეცა ახალ ტექნოლოგიებს, ახალი სახის საქონლის გამოშვებას, ახალ და სრულყოფილ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, კომპიუტერულ და რობოტიზებულ სისტემებს, მოდერნიზებულ მენეჯმენტს და ა.შ. განვითარებული ქვეყნების პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს ეკონომიკაში ცოდნის, განათლებისა და ტექნოლოგიების როლის გაზრდის სტაბილურ ტენდენციას, რაც იწვევს მათი კონკურენტუნარიანობის ზრდას, ასევე ეკონომიკური, ტექნიკური და სხვა ინდიკატორების გაუმჯობესებას. განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების ეკონომიკური სისტემები მრავალი წლის განმავლობაში ორიენტირებულია ინოვაციურ მეწარმეობაზე, ინოვაციური სტრუქტურების შექმნაზე და მათი შედეგების კომერციალიზაციაზე. [2] ინოვაციური სტრუქტურების შექმნა საფუძვლად უდევს როგორც კომპანიების, ისე მთლიანად ეკონომიკური სისტემის განვითარების სტრატეგიას. ისინი არიან ინოვაციური მეწარმეობის ლიდერები და აკონტროლებენ ინოვაციური ტექნოლოგიების ბაზრებს. მთავარი ამოცანა ქვეყნის ეკონომიკაში ინოვაციების გაზრდაა. ამჟამად ეკონომიკური განვითარება ინოვაციების გამოყენებით ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. ადვილი მისახვედრია, რომ ბევრმა ქვეყანამ, როგორიცაა აშშ, იაპონია, ჩინეთი და სხვები, უზრუნველყო თავისი ეკონომიკის ზრდა ინოვაციების შემუშავებითა და დანერგვით.[4] ტერმინი „ინოვაცია“ ეკონომისტებმა შემოიტანეს ტერმინოლოგიურ მიმოქცევაში მე-20 საუკუნის დასაწყისში. ტერმინის პოპულარიზაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ეკონომისტმა ჯოზეფ ალოის შუმპეტერმა (1911 წელს) განიხილა ინოვაცია, როგორც მეწარმეობის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ მოგებას. ჯ.შუმპეტერმა თავის ნაშრომში „ეკონომიკური განვითარების თეორია“ განიხილა ინოვაცია, როგორც მეწარმეობის საშუალება მოგების მისაღებად. „ეკონომიკური სუბიექტები, რომელთა ფუნქციაც სწორედ ახალი კომბინაციების განხორციელებაა და რომლებიც მის აქტიურ ელემენტად მოქმედებენ“ შუმპეტერმა მოიხსენია ინოვაციურ მეწარმეობა(ბიზნესი). [12] ინოვაციური სფეროს ფუნქციური დანიშნულება შუმპეტერმა ასე ჩამოაყალიბა:
თანამედროვე ეკონომიკურ კვლევებში „ინოვაცია“ განისაზღვრება, როგორც სამეცნიერო და ტექნიკური პროგრესის მიღწევების რეალურ, ახალ პროდუქტად და შესაბამისად ტექნოლოგიებად გადაქცევად. ინოვაცია არის სამეცნიერო და ინტელექტუალური საქმიანობის შედეგი, რომლის გამოყენება იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს ბიზნესში(წარმოებაში), ორგანიზაციულ, ადმინისტრაციულ, საწარმოო და ტექნოლოგიურ ურთიერთობებში. ეკონომიკურ მეცნიერებაში „ინოვაციური პროდუქტის“კონცეფცია სადავოა, რადგან ინოვაციური საქმიანობის შედეგი ასოცირდება არა მხოლოდ მატერიალურ ფორმასთან, არამედ შემოქმედებითი საქმიანობის იდეალურ პროდუქტებთან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საინოვაციო საქმიანობა თავდაპირველად დაკავშირებულია საწარმოსთან. პირველი ეტაპი ყველაზე ხშირად იწყება კაპიტალის ინვესტიციით. ამ საქმიანობის შედეგი დაკავშირებულია მიღებულ მოგებასთან, ამიტომაც თანამედროვე ეკონომიკაში აუცილებელია კვლევისა და განვითარების პირობების მომზადება და მათი შედეგების წარმოებაში პრაქტიკული დანერგვა.[13] ინოვაციური ტექნოლოგიები მოითხოვს მნიშვნელოვან კაპიტალურ ინვესტიციებს, რომელთა გარეშეც ინოვაცია ვერ იარსებებს. შესაბამისად, საწარმოს განვითარების ფინანსური სტრატეგია, განსაკუთრებით კრიზისულ ეკონომიკაში, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მისი განვითარების მართვის პროცესში. ინოვაციური აქტივობა განსაზღვრავს სტრატეგიულ დაგეგმვას, ორგანიზაციის მომავლის განვითარების გეგმის შემუშავებას, რათა შეამციროს და დაიცვას გარე გავლენის რისკებისგან და უზრუნველყოს მისი ეკონომიკური უსაფრთხოება. საოპერაციო ღონისძიებების არსი კრიზისისა და რეცესიის დროს ყველაზე ხშირად არის:
საწარმოს განვითარების სტრატეგიის არჩევანი პირველ რიგში დამოკიდებულია მის ფინანსურ მდგომარეობაზე და მისი საქმიანობის გრძელვადიან მიზნებზე და, რა თქმა უნდა, ბევრ სხვა ფაქტორზეც. საგულისხმოა, რომ ნებისმიერი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდა, იმიჯის გაუმჯობესება, შესაძლებლობების გაფართოება და ფულადი სახსრების მოძრაობის გაზრდა. ამ დროისთვის ძნელი წარმოსადგენია განვითარება მეცნიერების დახმარების გარეშე, რადგან ის კომპანიის პოტენციალის გაზრდის საშუალებას იძლევა, ასევე აჩქარებს მის განვითარებას და სხვა. ცნობილი ელონ მასკი, ამერიკელი გამომგონებელი, კარგად ასახავს ინოვაციური ტექნოლოგიების შესაძლებლობას ბიზნესსა და ეკონომიკაში. მისი პროექტები აჩვენებენ შესანიშნავ შედეგებს სხვადასხვა სფეროში. ელონი ცნობილია იმით, რომ ის იყო მაღალტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებელი და ლიდერი. PayPal, ონლაინ გადახდის პლატფორმა, არის ელონ მასკის პირველი ინოვაციური პროექტი, რომელმაც მას მსოფლიო პოპულარობა და მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანა. პირველ კომპანიას, რომელიც მასკმა დააარსა, ასევე გააჩნდა ახალი ტექნოლოგიების ელემენტები, უფრო მეტიც, მან კომპანია გახსნა 30 ათასი დოლარის დახმარებით, რომელიც აიღო მამისგან და შემდეგ მიყიდა, 300 მილიონ დოლარად, კომპიუტერულ გიგანტებს. მასკი ამ ტრანზაქციის შედეგად მიღებულ მოგებას ახალ პროექტებში დებს. ახალი ტექნოლოგიები (ინოვაციები) მნიშვნელოვანი ნაბიჯია მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიების განვითარებაში, რაც ხელს უწყობს ახალი იდეების წარმოშობასა და ცოდნის შემდგომ გარღმავებას. სწორედ ეს არის ახალი ტექნოლოგიების შექმნის მთავარი მიზანი, რის შედეგადაც ხდება სხვადასხვა საზოგადოების რეალური საჭიროებების დაკმაყოფილება. ახალი შესაძლებლობების ძიებაში. ინოვაცია არის რთული ეკონომიკური, ორგანიზაციული და ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც ემყარება ორი ტიპის პოტენციალის გამოყენებას: 1)სამეცნიეროს (უახლესი ტექნოლოგიები და აღჭურვილობა) და 2) ინტელექტუალურის, რომელიც ასოცირდება ინოვაციების დანერგვის უნართან (ორგანიზაციების საქმიანობის ყველა ეტაპზე). საინვესტიციო მხარდაჭერა ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს გამოიხატება სახსრების რაციონალურ გამოყენებაში. შესაბამისად, სხვადასხვა სფეროდან და სხვადასხვა წყაროდან ინვესტიციების მოზიდვა მნიშვნელოვნად ამცირებს რისკებს და იწვევს ინოვაციური საქმიანობის ეფექტურ განვითარებას. ბევრი ქვეყნის გამოცდილებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ინოვაციურ ეკონომიკურ მოდელზე გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ინოვაციის რეალური აღქმით. [13] ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აუცილებელია დარეგულირდეს აღნიშნულ საკითხში მთავრობის, როგორც ინვესტორისა და მარეგულირებლის ჩარევა. ქვეყნის ტექნოლოგიური და ინოვაციური განვითარება განისაზღვრება ეკონომიკური და გეოგრაფიული ფაქტორით. გეოგრაფიული და ეკონომიკური ვითარება ხსნის ქვეყანაში ტექნოლოგიური მრავალფეროვნების არსებობას. ფუნდამენტური ინოვაციები, როგორც წესი, წარმოიქმნება ძირითადი კვლევის პროცესიდან. ინოვაციები არის ახალი წარმოებების და დარგების გაჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც იწვევს:
მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება საკუთრების სტრუქტურაში. ასევე იხვეწება მართვის ტექნოლოგიები არა მარტო კერძო ორგანიზაციებში, არამედ სახელმწიფოშიც. საინოვაციო საქმიანობის მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფოს მიერ ინოვაციების განვითარებისათვის შექმნილი პირობები. თუმცა, ეს არის რთული, ხანგრძლივი და მრავალმხრივი პროცესი, რომელიც გავლენას ახდენს რეგიონების, საწარმოებისა და ორგანიზაციების ინტერესებზე, სადაც მუშაობს დიდი რაოდენობით სპეციალისტები. მხოლოდ პროტექციონისტული პოლიტიკა სახელმწიფოს მხრიდან, ზომიერი სამთავრობო რეგულირება და ცივილიზებული ბაზრის მექანიზმი უზრუნველყოფს ასეთი რთული სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების განხორციელებას. აღნიშნული პრობლემების დასაძლევად სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს თანამედროვე მსოფლიოში განვითარებული ტენდენციები, რაც ძლიერ გავლენას ახდენს ინოვაციური ეკონომიკის განვითარებაზე და მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს ტენდენციებია: 1. ინოვაციური ბიზნესის მხარდაჭერა; 2. ეკონომიკაში ინოვაციებზე მოთხოვნის გაზრდა; 3. ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარება; 4. გლობალურ ინოვაციურ სისტემაში ეფექტიანი ინტეგრაცია. ამ ტენდენციებზე დაყრდნობით და ინოვაციური ეკონომიკის წარმატებით ფორმირებისათვის მეცნიერული და ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების კომპლექსის შემუშავება და რეალიზება (რაც საფუძვლად დაედება სახელმწიფო ინოვაციურ პოლიტიკას), უნდა იყოს მიმართული შემდეგი ამოცანების გადაწყვეტაზე:
დასკვნა ამრიგად, თანამედროვე ეკონომიკაში ინოვაციური პროცესის დაფინანსება შესაძლებელია არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ კერძო პირების მიერ. კრიზისულ ვითარებაში სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს უაღრესად მნიშვნელოვანი ინოვაციური პროექტები, რომლებიც გავლენას მოახდენს მთლიანად ეკონომიკის განვითარებაზე. შესაძლოა, ეს განხორციელდეს ექსკლუზიურად ინოვაციებისადმი მიძღვნილი ცალკეული ორგანოს შექმნით და მისი საქმიანობა მიმართული იქნება მხოლოდ მაღალი ზემოქმედების ინოვაციების დაფინანსებაზე. საწარმოს ინოვაციური აქტივობა ქვეყნის ინოვაციური განვითარების მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ინოვაციური ეკონომიკა არის მომავლის ეკონომიკა. საინოვაციო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება და ინოვაციური ეკონომიკის ფორმირება ქვეყნის გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. ინოვაციური ეკონომიკის წარმატებული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ინოვაციური პროცესების შესაბამისი სახელმწიფო რეგულირება. საჭიროა ამ პროცესში მონაწილეთა საქმიანობის კოორდინაცია ყველა შესაძლო ბერკეტის გამოყენებით, როგორიცაა: 1) კერძო ინვესტიციების წილის გაზრდა; დაკრედიტების განაკვეთების შემცირება; 2) ინოვაციური ბიზნესის (მეწარმეობის) მხარდაჭერა ინდუსტრიაში და ა.შ. ეროვნული საინოვაციო სისტემის კონკურენტუნარიანობის გაზრდის ყველაზე ეფექტური გზების დასადგენად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეკონომიკის ინოვაციურ განვითარებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს ბიზნეს სტრუქტურები, დაფინანსების წყაროები და სახელმწიფოს მხარდაჭერა. ინოვაციურ ბიზნესში უცხოური გამოცდილების გამოყენება მნიშვნელოვანი ფაქტორია საწარმოების სტაბილური ფუნქციონირებისა და მომგებიანობისათვის, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. გამოყენებული ლიტერატურა 1. რამაზ აბესაძე. ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური რეგრესი. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა. თბილისი 2014 2. ერქომაიშვილი გ., ხარაიშილი ე., (2011). ინოვაციები და პროდუქტის კონკურენტუნარიანობა. თბილისი, უნივერსალი. გვ.445. 3. წერეთელი ზ., ინოვაციური საქმიანობის განხორციელების ძირითადი პრობლემები და პესპექტივები.ეკონომიკის ინოვაციური განვითარება: მსოფლიო გამოცდილება და პერსპექტივები. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის კონფერენციის მასალათა კრებული, თბილისი, 2022. - გვ. 219. 3. წერეთელი ზ., ინოვაციური ბიზნესის განვითარების პრობლემები და პესპექტივები საქართველოში. XXI საუკუნის ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური და ტექნოლოგიური გამოწვევები, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის კონფერენციის მასალათა კრებული, თბილისი, 2021. გვ. 281. 4. წერეთელი ზ., ბიზნესის განვითარების მენეჯმენტის პროგნოზირების პრობლემები და მეთოდები. თანამედროვე ეკონომიკა, ეკონომიკური მეცნიერება და ეკონომიკის პანდემიური პრობლემები: გამოწვევები, გადაჭრის გზები, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის კონფერენციის მასალათა კრებული, თბილისი, 2020. გვ. 594. 5. წერეთელი ზ., ბიზნესი, როგორც სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარების ბერკეტი და მასში არსებული პრობლემები. სახელმწიფოს ეფექტიანი მართვის პრობლემები. XXXII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები (09.11.2019). თბილისი: საერთაშორისო გამომცემლობა „პროგრესი―, 2019. გვ. 45-46. 6. მსოფლიო ბანკი. მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს ინვესტირებას საქართველოს მომავალში და ინოვაციაზე და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას. პრესრელიზი. ვაშინგტონი, 2018 წლის 18 მარტი. http://pubdocs.worldbank.org/en /846991458317907954/PR- Board-Approval-GENIE-March-016-Geo.pdf 7. საქართველოს მთავრობა. კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ. მთავრობის დადგენილება № 32. 3 თებერვალი, 2015 წელი. https://www.matsne.gov.ge/ka/document/-view/2712487 8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანება №1-1/66. 5 მარტი, 2014 წელი. https://matsne.gov.ge/ka/document/view/2269957 ; 9. საქპატენტი. ოფიციალური ბიულეტენები №1-№16. http://www.sakpatenti.gov.ge/ka/publications/?subject=OFFICIALBULLETINSOFINDUSTRIALPROPERTY 10. Южная Корея и другие: 50 самых инновационных стран мира. https://dev.by/lenta/main/world-innovation-leaders 11. Севастьянова А.Е. Формирование условий для инновационного развития регионов ресурсного типа//Москва: Журнал `Регион: экономика и социология~, 2016, № 1. С. 209-232. 12. Муталимов В.А., Густова К.В. РОЛЬ ИННОВАЦИОННОЙ ДЕЯТЕЛЬНОСТИ В СОВРЕМЕННОЙ ЭКОНОМИЧЕСКОЙ СИСТЕМЕ // Научное обозрение. Экономические науки. – 2021. – № 2. – С. 29-33; https://science-economy.ru/ru/article/view?id=1075 (дата обращения: 14.08.2024); 13. https://www.globalinnovationindex.org/ 14. https://dev.by/lenta/main/world-innovation-leaders |