English / ქართული / русский /
გიორგი ხარშილაძე
საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობების დინამიკა და განვითარების პერსპექტივები ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში

ანოტაცია. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების 30 წლიანი ისტორიის მანძილზე ყოფილა თარიღები, როდესაც საქართველო, თანმიმდევრულად, ერთი ეტაპიდან გადადიოდა ხარისხობრივად უფრო მაღალ და უფრო მნიშვნელოვან საფეხურზე. ამ მხრივ მეტად მნიშვნელოვან თარიღს წარმოადგენს 2023 წლის 14 დეკემბერი, როდესაც ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად მიიღო ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. შედეგად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. ყოველივე ამას დაერთო რუსეთ-უკრაინის ომი, რამაც როგორც ევროპაში, ისე დანარჩენ მსოფლიოში გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება არსებითად შეცვალა. აღნიშნული პროცესი გარკვეულწილად საქართველოზეც აისახება, რადგან საქართველოს სტრატეგიულმა ადგილმდებარეობამ შესაძლოა არსებითი როლი შეასრულოს საქართველო-ევროკავშირის როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ჭრილში, რადგან თვითონ ევროკავშირის ცდილობს კიდევ უფრო დივერსიფიცირებული გახადოს შიდა ეკონომიკა, ახალი მომწოდებლებისა თუ საგზაო რუქის მეშვეობით. სწორედ აღნიშნული პროცესი არის გაანალიზებული მიმდინარე სტატიაში.

საკვანძო სიტყვები: ევროკავშირი, კანდიდატის სტატუსი, სავაჭრო ურთიერთობა, საგზაო რუქა; აბრეშუმის გზა 

შესავალი

რუსულ აგრესიას უკრაინაში დასავლეთის მხრიდან საპასუხო პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებები მოჰყვა, რაც უპრეცედენტო მასშტაბის სანქციების პაკეტში აისახა.  არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას, ერთი მხრივ, განაპირობებს თავად ომი, რადგან რუსეთი და უკრაინა გლობალურ ვაჭრობაში უმსხვილესი მოთამაშეები არიან და მსოფლიოში მოწინავე ადგილებს იკავებენ ისეთი ძირითადი მოხმარების პროდუქტების წარმოებაში, როგორებიცაა ხორბალი, მარცვლეული, ზეთი და სხვა, რომ აღარაფერი ვთქვათ ენერგეტიკულ რესურსებსა და ტექნოლოგიურ კომპონენტებზე. თუმცა, მოსკოვის ომმა ევროპის ტერიტორიულად უდიდესი ქვეყნის წინააღმდეგ ეკონომიკური პროგნოზები და გეგმები თავდაყირა დააყენა.

რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ კიდევ უფრო დააჩქარა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. კანდიდატის სტატუსის მინიჭებით იზრდება აღნიშნული ქვეყნების იმიჯი როგორც მომავალი წევრი სახელმწიფოების, რაც უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს პოზიტიურ გზავნილს ინვესტორებისთვის, რათა მოხდეს ეკონომიკაში ინვესტიციების დაბანდება.

როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ევროპულ სახელმწიფოებში ყველაზე მეტი ინვესტიცია იდება მაშინ როდესაც ქვეყანას ენიჭება კანდიდატის სტატუსი ან მოლაპარაკებები ეხსნება ევროკავშირთან, რადგან ჯერ კიდევ სრულად არაა შესული ძალაში შესაბამისი ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციები და დირექტივები, რის გამოც ინვესტირება ჯერ კიდევ მარტივია. ინვესტიციები თავისთავში მოიაზრებს ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებას, მეტი ქართველის დასაქმებას, მეტ შემოსავალს ბიუჯეტში და ადგილობრივი წარმოების პროდუქციის დაბალ ფასს მოსახლეობისთვის. ეს პროცესი კი აუცილებლად აისახება საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე და ეროვნული ექსპორტის ზრდას ევროკავშირის ერთიან ბაზარზე.

კანდიდატის სტატუსის ერთ-ერთი ხელშესახები სარგებელი ევროკავშირის დამატებით ფინანსურ რესურსთან წვდომაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეტაპობრივად გაეხსნება წვდომა ევროკავშირის დახმარების იმ ინსტრუმენტებთან და პროგრამებთან, რომლებიც გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყნისთვის არის ხელმისაწვდომი. ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტია ევროკავშირის გაწევრიანებისწინა ინსტრუმენტი (IPA III), რომლის ბიუჯეტი 14 მილიარდ ევროს აჭარბებს და რომელიც კანდიდატი ქვეყნების განვითარებას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

საქართველომ უკვე დაიწყო ინტეგრაცია ევროკავშირის 2 მნიშვნელოვან ინიციატივაში. ერთ-ერთი მათგანი ევროს ერთიანი გადახდის სისტემაში (SEPA) ინტეგრაციას გულისხმობს, რაც 2024 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს და შედეგად ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და ამ ქვეყნებიდან საქართველოში საბანკო ტრანსფერებზე გადასახადის მინიმუმამდე შემცირებას ისახავს მიზნად. მეორე ინიციატივა საქართველოს ევროკავშირის ერთიანი როუმინგის სივრცეში ინტეგრაციას უკავშირდება, რის საფუძველზეც, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოგზაურობისას გვექნება საშუალება, რომ მობილურით ვისაუბროთ იგივე ტარიფით, რაც საქართველოში მოქმედებს.

კანდიდატის სტატუსი და მისი მიღების შემდგომ არსებული პროცესი თავისთავად მოიაზრებს უფრო ხელმისაწვდომ საფინანსო რესურსებთან წვდომას და საბანკო-საფინანსო ბაზარზე მეტ კონკურენციას, რაც თავისთავად, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში საკრედიტო რესურსებზე საპროცენტო გადასახადის კლებას გამოიწვევს.

კანდიდატის სტატუსი მოიაზრებს ტურიზმის განვითარებასა და საქართველოს იმიჯის ზრდას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორც უსაფრთხო და სტაბილური ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფო. საქართველოს მიეცემა საშუალება, რომ კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინოს საკუთარი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და დაანახოს ცივილიზებულ სამყაროს თუ რამდენად მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ევროკავშირის კულტურულ მრავალფეროვნებაში.

ტურიზმის განვითარებასთან ერთად გარდაუვალია ევროკავშირთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის საავიაციო სფეროში საბიუჯეტო ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოთი კიდევ უფრო მეტი დაინტერესება და ეკონომიკაში მეტი ინვესტირება.

დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი მიმდინარეობს. აქ უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ რუსეთ-უკრაინის ომის ფაქტორი. ამ უკანასკნელის კონტექსტში ერთის მხრივ ევროკავშირი ცდილობს თავისი ეკონომიკის დივერსიფიცირებას, რაც პირველ რიგში გულისხმობს რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას, ხოლო საქართველოსთვის ერთის მხრივ ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის დაჩქარებით, ხოლო მეორეს მხრივ თვითონ ევროკავშირისთვის ალტერნატიული სავაჭრო გზების შეთავაზებით. 

საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური ურთიერთობები

   საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური ურთიერთობები დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდიდან იწყება. საქართველო. დამოუკიდებლობის მოპოვებას მოჰყვა ღრმა კრიზისი ქვეყანაში, რადგან ქვეყანამ, რომელიც აქამდე მთლიანად დამოკიდებული იყო საბჭოთა კავშირზე, დაკარგა ეკონომიკური ბაზრები, კავშირები, რასაც ემატებოდა ქვეყანაში მიმდინარე შიდა კონფლიქტები, პოლიტიკური არასტაბილურობა, სოციალური სიდუხჭირე და მრავალი სხვა ფაქტორი. მას შემდეგ, რაც შემცირდა საქართველოს მთავარი შიდა პროდუქტი(მშპ), ევროკავშირი მეტად გააქტიურდა და დიდი მხარდაჭერა გაუწია სხვადასხვა პროგრამებისა თუ პროექტების მეშვეობით. მთავარ მიზნად ისახავდა დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას, საბაზრო ეკონომიკის განვითარებასა და საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოდ ქცევას.

1996 წლის 22 აპრილს ლუქსემბურგში ხელი მოეწერა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას (PCA), რომელიც ძალაში შევიდა 1999 წელს, თუმცა შეთანხმებაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 1994 წელს დაიწყეს. შეთანხმების შესაბამისად, საქართველომ და ევროკავშირმა აიღეს ვალდებულება, ორმხრივად ემუშავათ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მიზნების მისაღწევად. ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა იმითაა საინტერესო, რომ ის მოითხოვს საქართველოსგან, მიაღწიოს გარკვეულ მიზნებს და ამ შემთხვევაში მიიღებს დახმარებას. პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების მიზანია კონკრეტული ქვეყნის დაახლოება და ჰარმონიზაცია ევროკავშირის სტანდარტებთან და ამ ორ მხარეს შორის თანამშრომლობის გაღრმავება არსებული ისტორიული კავშირებისა და საერთო ღირებულებების საფუძველზე.

პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ევროკავშირისა და საქართველოს შორის ურთიერთობების სტატუსის განსაზღვრასა და ამაღლებაში, მაგრამ ამან ვერ ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის სწრაფად რეფორმირებისა და ევროპიზაციის საკითხში, რადგან ხელშეკრულებაში არ იყო განსაზღვრული რეფორმის დეტალური გეგმა და თარიღები, ამიტომ ძალიან ძნელი იყო იმის მეთვალყურეობა, თუ როგორ ასრულებდა საქართველო დაკისრებულ ვალდებულებებს, მაგალითად, PCA-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დებულება იყო 43-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობის სტანდარტებთან, რაც საბოლოოდ, ვერ განხორციელდა. საქართველოს სხვადასხვა ინიციატივებმა და მცდელობებმა ითამაშა გადამწყვეტი როლი სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის კონსოლიდაციასა და მობილიზაციაში.

იგი ითხოვდა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას 2006-2011 წლებში და ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას შემდეგ სფეროებში: დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, სამართალი, კარგი მმართველობის პრინციპებისა და სტაბილურობის დანერგვა, სიღარიბის აღმოფხვრა, ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკის დახვეწა, მიგრაცია, ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება, კონფლიქტების მოგვარება, ენერგია, ტრანსპორტი და გარემოს დაცვა, კულტურა, განათლება და მეცნიერება. პოლიტიკურად რომ ვთქვათ, სამოქმედო გეგმის განხორციელების ვალდებულება საქართველოს რეალურად უკარნახა შემდეგმა: ქვეყნის სურვილი ევროკავშირთან შემდგომი დაახლოებისკენ, რაც არ მოხდებოდა, თუ ქვეყანა არ განახორციელებდა სამოქმედო გეგმაში მოცემულ რეფორმებს; საქართველოს გამოცდილება და გაგება იმისა, რომ ეს რეფორმები სარგებელს მოუტანდა ქვეყანას და სრულიად შეესაბამებოდა მისი გრძელვადიანი განვითარების მიზნებს; კონკურენციის ჯანსაღი დონის არსებობა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სხვა ქვეყნებთან.

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე მას შემდეგ რაც 2009 წელს დაიწყო აღმოსავლეთ პარტნიორობა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში უნდა გამართულიყო მრავალმხრივი პოლიტიკური დიალოგები ევროკავშირსა და მის ექვს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნას შორის, რომელთაგან ერთ-ერთია საქართველო (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბელარუსი და სომხეთი). აღმოსავლეთ პარტნიორობა შეიქმნა იმისათვის, რომ გამხდარიყო მრავალმხრივი ინსტრუმენტი და თანამშრომლობის თემატური პლატფორმა ოთხი ძირითადი მიმართულებით: დემოკრატია, კარგი მმართველობა და სტაბილურობა; ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება; ენერგია, ტრანსპორტი, გარემოს დაცვა; მობილობა და ხალხთან კონტაქტი (იგულისხმება ურთიერთქმედება ორი ქვეყნის ნორმალურ მოქალაქეებს შორის სხვადასხვა დონეზე, ყოველგვარი ოფიციალური ჩარევისა და მითითებების გარეშე).

ასოცირების შეთანხმების უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) რადგან სწორედ ის მოიცავს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს. გარდა ამისა, DCFTA მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხთა ფართო სპექტრს (მაგ.: სურსათის უვნებლობა, კონკურენციის პოლიტიკა, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ფინანსური მომსახურება და სხვა) და ითვალისწინებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

DCFTA საქართველოს აძლევს საშუალებას ეტაპობრივად მიიღოს ევროკავშირის შიდა ბაზრის ოთხი თავისუფლებიდან სამი: საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება. DCFTA-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს. გარდა ამისა, DCFTA-ის ამოქმედება ხელს შეუწყობს ახალი საწარმოებისა და საექსპორტო პროდუქციის გაჩენას, ქართველი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტის მიწოდებას, სახელმწიფო ადმინისტრირების ორგანოების განვითარებას ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ქართულ, მომსახურების სფეროს, კომპანიებს მიეცემათ საშუალება უმეტეს სექტორებში: დააფუძნონ ფილიალები ევროკავშირის ქვეყნებში და მათი საშუალებით მიაწოდონ მომსახურება ევროპელ მომხმარებელს; თავიანთ ევროპულ ფილიალებში დაასაქმონ ქართველი მენეჯერები, სპეციალისტები და გაატარონ პრაქტიკა თავიანთ თანამშრომლებს; გაუშვან თავიანთი გაყიდვების წარმომადგენლები ევროკავშირში, მათი პროდუქციის გაყიდვის მიზნით მოლაპარაკებების საწარმოებლად; მიაწოდონ მომსახურება ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან, ევროკავშირში ფილიალების გახსნის გარეშე.

ქართველ სპეციალისტებს, ინდივიდუალურად თუ კომპანიებს შორის გაფორმებული კონტრაქტების საფუძველზე, მიეცემათ საშუალება გასწიონ მომსახურება ევროკავშირში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქართული საქონელი და მომსახურება ეტაპობრივად მიიღებს დაშვებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო შესყიდვებში. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები 2023 წლის 14 დეკემბერს სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა, რადგან სწორედ ამ დღეს ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად მიიღო ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. კანდიდატის სტატუსის მინიჭებით იზრდება საქართველოს იმიჯი, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფოსი, რაც პირველ რიგში პოზიტიური გზავნილია ინვესტორებისთვის, რომ დაიწყონ საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების დაბანდება, რისთვისაც საქართველოში არის რეგიონში ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, მათ შორის დაბალი გადასახადები და მოქნილი სერვისები. 

საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა

საქართველოს ევროკავშირის გარეშე ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია. ევროკავშირი დღეს არის საქართველოს ყველაზე დიდი ეკონომიკური პარტნიორი. საქართველო ყველაზე მეტს ვაჭრობს ევროკავშირთან, ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოდის ევროკავშირიდან, ყველაზე მეტი ემიგრანტი არის დასაქმებული ევროკავშირში და თავიანთ ოჯახებს იქიდან არჩენენ, ევროკავშირიდან შემოდიან მაღალბიუჯეტიანი ტურისტები და საქართველო ყველაზე მეტ სამთავრობო დახმარებებს იღებს ევროკავშირისგან. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი კი უზრუნველყოფს საქართველოში შემომავალი ფულადი ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზრდას. გარდა ამისა, ქვეყანა მიიღებს უსაფრთხოების გაზრდილ გარანტიებს, რაც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას მნიშვნელოვნად აამაღლებს. რაც შეეხება არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა განვიხილოთ ევროკავშირთან არსებული საგარეო-სავაჭრო ბრუნვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფულადი გზავნილები და ფულად დახმარებებზე (გრანტი).

ბოლო წლებში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი მზარდ დინამიკას ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს ექსპორტი 2022 წელთან შედარებით დაახლოებით 20%-ით არის შემცირებული, იგი მაინც ინარჩუნებს ზრდის ტენდენციებს. ყველაზე მაქსიმალური მოცულობა, სწორედ 2022 წელს დაფიქსირდა და დაახლოებით 862 მლნ. აშშ დოლარი დაფიქსირდა, რაც მთლიანი ექსპორტის 15,4%, ხოლო 2023 წელს მთლიანი ექსპორტი 704,3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 11,56%-ია, ხოლო 2024 წლის იანვარ მაისში მისმა მოცულობამ 339,8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 15%-ია. რაც შეეხება იმპორტს. 2024 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით ევროკავშირის ქვეყნებიდან განხორციელდა 2,568 მლნ. აშშ დოლარის იმპორტი, რაც მთლიანი იმპორტის 41,71% შეადგენს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი გასული 2023 წელს დაფიქსირდა და 3,060 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი იმპორტის 22,6%-ია [საქსტატი]

მზარდია ევროკავშირიდან საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. რომ დავაჯამოთ 2004-2022 წლებში ევროკავშირის ქვეყნებიდან განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა დაახლოებით 8 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ცალკე აღებული 2018-2022 წლებში საშუალოდ 500 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რომელიც ძირითადად მიმართული იყო მრეწველობის, საფინანსო სექტორში, ენერგეტიკასა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. რაც შეეხება 2023 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 524,8 მლნ. აშშ დოლარი რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 33%, ხოლო 2024 წლის პირველ კვარტალში განხორციელდა 116,2 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია. [საქსტატი]

მნიშვნელოვანი როლი უკავია ტურიზმის სექტორს. საზოგადოდ, ტურიზმის სექტორი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკაში. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა ტურიზმის სექტორს, მან შეძლო აღდგენა და თითქმის დაუახლოვდა 2019 წლის მაჩვენებელს. 2023 წლისთვის ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 7,1% შეადგინა. რაც შეეხება კონკრეტულად ევროკავშირიდან შემოსულ ტურისტების მაჩვენებელს. 2023 წელს მან 422,227 შეადგინა, რაც წინა 2022 წელთან შედარებით 54,7%-ით მეტია. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 12,9%-ით ნაკლებია, იგი მაინც ზრდის მაღალ ტემპს ინარჩუნებს. ევროკავშირის ქვეყნებიდან (გაერთიანებული სამეფოს გათვალისწინებით) ყველაზე საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა პოლონეთიდან (91,210 ვიზიტი, ზრდა წინა 2022 წელთან შედარებით 117,6%), გერმანია (68,824 ვიზიტი, ზრდა 2022 წელთან შედარებით 41,8%), გაერთიანებული სამეფო (30,732 ვიზიტი, ზრდა 2022 წელთან შედარებით 43,6%). მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საერთაშორისო ვიზიტები საფრანგეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვადან, საბერძნეთიდან, იტალიიდან. [საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია].

საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში ერთ-ერთი მთავარ წყაროს წარმოადგენს ყოველწლიურად გადმორიცხული ფულადი გზავნილები. ეს არის თანხა, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმებული ქართველი ემიგრანტები საქართველოში გზავნიან. 2023 წელს აღნიშნული თანხის მოცულობა 1,307,385.4 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 22%-იანი ზრდაა, ხოლო მთლიან ფულად გადმორიცხვებში მისი წილი 31,53% [ეროვნული ბანკი]. ყველაზე მეტი თან გადმოირიცხა იტალიიდან (523,073 ათასი აშშ დოლარი), გერმანია (232,309 ათასი აშშ დოლარი), საბერძნეთი (245,896 ათასი აშშ დოლარი).

საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა იმ გრანტებს, და გრძელვადიან შეღავათიან კრედიტებს, რომლებსაც გვაძლევს უშუალოდ ევროკავშირი (როგორც ინსტიტუტი), ასევე მისი წევრო ქვეყნების მთავრობები და საერთაშორისო ორგანიზაციები. 2019-2024 წლებში საქართველოს სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებული ევროკავშირის დაფინანსება 517 მილიონ ევროს შეადგენდა. ამ თანხის დიდი ნაწილი არის ნაჩუქარი თანხა, რომელიც საქართველოში სხვადასხვა რეფორმის გატარებას და ინსტრაქტუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდა. 

რაც შეეხება 2019-2024 წლებში 10 უმსხვილეს სამთავრობო ინსტიტუცია: რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ადგილობრივი თვითმართველობები - 111,55 მილიონი ევრო; ფინანსთა სამინისტრო - 101,4 მილიონი ევრო;  თავდაცვის სამინისტრო - 62,75 მილიონი ევრო; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში არსებული სააგენტოები - 57 მილონი ევრო; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 5 მილიონი ევრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო და სააგენტოები 25,07 მილიონი ევრო; მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია - 19 მლნ. ევრო; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 12,85 მლნ. ევრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო 10,5 მლნ. ევრო მთავრობის ადმინისტრაცია 4 მლნ. ევრო. [ევროკავშირის მისია საქართველოში].

აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკური განვითარება ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობების გარეშე შეუძლებელია, ხოლო თვითონ ევროკავშირის ერთიანი ბაზართან ინტეგრირების გარეშე შეუძლებელია მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა და სამუშაო ადგილების შექმნა. აქ უნდა განვიხილოთ რამდენიმე სცენარი. ერთ-ერთი სცენარის მიხედვით ევროკავშირმა შესაძლოა ქვეყანას შემდგომი სანქციები დაუწესო. მიუხედავად იმისა, რომ ეს სანქციები არ იყოს ისეთი, როგორც რუსეთშია, მაგრამ მკვეთრად უარყოფითი ზეგავლენა ექნება შემდგომი განვითარების თვალსაზრისით. 

„შუა დერეფნის“ როლი რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში და საქართველოს როლი და სავაჭრო-ეკონომიკური პერსპექტივა

2024 წლის 24 ივნისს ევროკავშირის მიერ დამტკიცებული იქნა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი. აღნიშნული სანქციები ეხება ისეთ მნიშვნელოვან სექტორებს, როგორიცაა ენერგეტიკა, ფინანსური ინსტიტუტები, ინფრასტრუქტურა, წარმოება, საგარეო ვაჭრობა და სხვა.  მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა გარკვეულწილად შეძლო ამ ტიპის სანქციებთან ადაპტირება, რაც გამოიხატება იმაში, რომ რუსეთმა თავისი „პარტნიორი“ ქვეყნების დახმარებით როგორც სანქციების გვერდით ავლა, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი საწარმოო კომპონენტების მიღებას, იგი მაინც გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.

   პანდემიისა და რუსეთის სანქციების გამო გართულებულმა ეკონომიკურმა კავშირებმა რომლებმაც საერთაშორისო ვაჭრობა და მიწოდების ჯაჭვი საგრძნობლად მოარღვია, ახალი პერსპექტივა გაიხსნა სამხრეთ კავკასიაზე გამავალ შუა დერეფანს, რომელიც აზიასა და ევროპას შორის რუსეთზე გამავალი უფრო იაფი, მაგრამ უფრო სარისკო და ბევრად გრძელი მარშრუტის ღირსეული კონკურენტი გამოდგა: სანდო, უსაფრთხო და სწრაფი.

რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ წამყვანმა ევროპულმა გადამზიდავებმა როგორიცაა დანიური Maersk, ავსტრიულმა Rail Cargo Group. ფინურმა Nurminen Logistics, გერმანულმა Ceva Logistic და ნიდერლანდუმა Rail Bridge აქტიურად დაიწყეს შუა დერეფნის გამოყენება. შედეგად მკვეთრად გაიზარდა ტვირთბრუნვა და 3,2 მლნ. ტონა შეადგინა [FPRI]. პარალელულად, მკვეთრად შემცირდა მისი ანალოგის ჩრდილოეთის მარშრუტის ტვირთბრუნვა, რამაც კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა შუა დერეფანი. მიუხედავად ამისა, შუა დერეფნის პოტენციალის სრულად ასათვისებლად ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების, მათ შორის პორტისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სიმძლავრის გასაზრდელად, ისე საბაჟო ტარიფებისა და სხვა ტექნიკური მექანიზმების ჰარმონიზაციისთვის.

   ცალკე უნდა აღვნიშნოთ შუა დერეფანში მოქმედი ენერგეტიკული პროექტებს, რომელთა მეშვეობითაც კასპიის ზღვის ნავთობი და ბუნებრივი აირი მიეწოდება ევროპას. ამას სავარაუდოთ მალე დაემატება ელექტროენერგიის შავი ზღვის ფსკერზე გამავალი მაღალი ძაბვის კაბელის. პროექტის მიხედვით მწვანე ენერგია გაივლის საქართველოს, შავ ზღვას, რუმინეთს და გაიყიდება უნგრეთში. ენერგორესურსების თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ აღნიშნული კიდევ უფრო პრიორიტეტული უნდა გახდეს ევროკავშირისთვის, მისი რუსეთზე მაღალი დამოკიდებულების გამო.

დღესდღეობით თვითონ ევროკავშირიც გარკვეული ეკონომიკური სირთულეების წინაშე დგას. რუსეთ-უკრაინის ომმა აიძულა ევროკავშირი გადაეხედა ეკონომიკური პოლიტიკისთვის და მოძებნა ალტერნატიული სავაჭრო გზები რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ამ კონტექსტში მთავარი ყურადღება გამახვილებულია რუსეთზე ენერგო დამოკიდებულების შემცირების თვალსაზრისით.  მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ იმპორტირებული რუსული გაზის წილი 40%-დან 8%-მდე შემცირდა. ეს მაჩვენებელი 2021-2023 წელს ეხება, თუმცა ტანკერებით მიწოდებული თხევადი ბუნებრივი აირის წილმა 15% მაინც შეადგინა. რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულების შემცირების გასაღები უნდა ევროკავშირისთვის უნდა ყოფილიყო მათი შეძენა აშშ-სა და ყატარისგან. თუმცა, ამ ფაქტმა, ევროპულ ბაზარზე რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, არადა, მანამდე აღნიშნული საკმაოდ დაბალ ფასად იყიდებოდა. ამას სტატისტიკური მასალებიც ცხადყოფს. 2023 წელს ევროკავშირში ამ ტიპის საწვავის მთლიანი იმპორტის 16% სწორედ რომ რუსეთზე მოდიოდა, რაც 2021 წელთან შედარებით 40%-ით მეტია. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელთან შედარებით მთლიანი მოცულობა შემცირდა, მაგრამ 2024 წლის პირველი კვარტლის მონაცემები ცხადყოფს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იგი 5%-ით მეტია. ყველაზე მსხვილ იმპორტიორებად საფრანგეთი, ესპანეთი და ბელგია გვევლინა. სწორედ ამ სამ ქვეყანაზე მოდიოდა ევროკავშირისთვის მიწოდებული  თხევადი ბუნებრივი აირის 87%. თუმცა აქვე უნდა დავძინოთ, რომ ზემოთხსენებული თხევადი ბუნებრივი აირის დიდი ნაწილი ევროპულ ბაზარს არ სჭირდება. იგი იგზავნება ევროპის პორტებში, საიდანაც ხდება მათი რეექსპორტი მესამე ქვეყნებში მსოფლიოს მასშტაბით, რაც თვითონ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყნისთვის და მსხვილი კომპანიებისთვის საკმაოდ მომგებიანია. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო როგორიცაა შვედეთი, ფინეთ და ბალტიისპირეთის ქვეყნები ახდენენ ბრიუსელზე ზეწოლას, რომ მოხდეს რუსული თხევადი აირის სრული აკრძალვა, თუმცა ამას ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება.

   რა როლი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს აღნიშნულ პროცესში და როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები ახალ, სრულიად შეცვლილ პროცესში? აღნიშნული პროცესი შეიძლება განვიხილოთ რამდენიმე კონტექსტში, თუმცა უპრიანია აღნიშნულ პროცესი განვიხილოთ „შუა დერეფნის“ პერსპექტივით.

საქართველო წარმოადგენს ცენტრალური აზიის უმოკლეს საზღვაო კავშირს შუა დერეფნის გავლით და აქედან გამომდინარე აღნიშნული დერეფნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კვანძს. მისი გეოგრაფიული უპირატესობებიდან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია არა მარტო კავკასიის რეგიონალურ ლოგისტიკურ ჰაბად, არამედ საშუალოვადიან პერსპექტივაში ცენტრალური აზიის მნიშვნელოვან სატრანსპორტო მარშრუტად და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩინეთი-ევროპის დამაკავშირებელ ალტერნატიულ სატრანზიტო დერეფნად იქცეს.

საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს მისი ეკონომიკის განვითარებისა და საქართველოს გლობალურ ბაზარზე ინტეგრაციისთვის. აღსანიშნავია, რომ ლოგისტიკური ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების განვითარებით საქართველოს შეუძლია, გაცილებით უფრო მეტი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს დამატებითი ღირებულების შექმნით იმ სატრანზიტო ტვირთებზე, რომლებმაც შესაძლებელია, რომ საქართველოს გავლით იმოძრაონ.

ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის სისტემური განვითარება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში საერთაშორისო მართვის პრაქტიკის გამოყენება. თუმცა შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების-თვის მნიშვნელოვანია დერეფნის მონაწილე ქვეყნების მიზანმიმართული რეგიონალური ძალისხმევა, რათა აღნიშული დერეფანი ერთიან ლოგისტიკურ ქსელად ჩამოყალიბდეს. 

დასკვნა/რეკომენდაციები

საქართველო გარკვეული დონით მზადაა ევროკავშირში არსებულ კონკურენციასთან და საბაზრო ძალებთან თავსებადობის კუთხით. განათლების მიღწევების შეზღუდული დონე და განათლების ხარისხის შესაბამისობა შრომის ბაზართან გავლენას ახდენს საქართველოს ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე და მის პოტენციურ ზრდას აფერხებს. ასევე მნიშვნელოვანია კასპიის ზღვაზე საბორნე და საკონტეინერო მომსახურების გაუმჯობესება, რისი მიღწევა როგორც ტარიფების, ასევე სატრანზიტო დროის შემცირებით იქნება შესაძლებელი.

ინტერმოდალური სერვისის გაუმჯობესების ერთ-ერთი ეფექტიანი მექანიზმია შუა დერეფნის ქვეყნებში ინტერმოდალური სატრანსპორტო გადაზიდვების ბაზრების ლიბერალიზაცია, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნულ გადაზიდვებში კერძო საერთაშორისო ოპერატორების ჩართვას. დერეფნის სანდოობა არა მხოლოდ ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხზეა დამოკიდებული, არამედ საზღვრის კვეთისა და ვაჭრობის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ ბარიერებზეც. ამიტომ აუცილებელია შუა დერეფნის ქვეყნების მთავრობებს შორის ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება და ამ გზით ზემოაღნიშნული ბარიერების აღმოფხვრა.

სატრანსპორტო დერეფნების ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია პორტებს, რკინიგზებს, ლოგისტიკურ სერვისპროვაიდერებსა და ექსპედიტორებს შორის სტრატეგიული პარტნიორობებისა და ალიანსების განვითარება. შუა დერეფნის მოთამაშეებს შორის ამგვარი პარტნიორობის ჩამოყალიბება საშუალებას მისცემთ მათ, შეამცირონ გადაზიდვებისთვის ხელის შემშლელი ბარიერების რაოდენობა, განახორციელონ ერთიანი სატარიფო პოლიტიკა, შეამცირონ გადაზიდვის ხარჯები და გააუმჯობესონ დერეფნის სანდოობა.

დღეს ლოგისტიკის დარგი წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დარგს, რომლის მართვას სჭირდება მოწინავე ტექნოლოგიები და გამოცდილი ადამიანური რესურსი. საჭიროა ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში ადეკვატური ადამიანური კაპიტალის განვითარება და მართვის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სრულად ავითვისოთ ის პოტენციალი, რაც ახალ ტექნოლოგიებს ლოგისტიკაში გააჩნიათ. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ევროკავშირის მისია საქართველოში - ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ბენეფიციარები საქართველოში; https://eu4georgia.eu/ka/evrokavshiris-mkhardachera-sakartveloshi/
  2. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა - www.geostat.ge
  3. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) - საქონლით საგარეო ვაჭრობის სტატისტიკური მონაცემები; www.geostat.ge
  4. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - სტატისტიკური მონაცემები https://gnta.ge/ge/ %e1% 83%a1%e1%83%a2 %e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1 %83%a1%e1%83%a2%e1%83%98%e1 %83% 99%e1%83%90/
  5. საქართველოს ეროვნული ბანკი - ფულადი გზავნილების სტატისტიკა
  6. Dezem, V; Wilkes, W and Delfs, A. “Germany Has Three Months to Save Itself from a Winter Gas Crisis.” Bloomberg. 2022.
  7. Lawson, A. “Nord Stream 2 Pipeline Pressure Collapses Mysteriously Overnight.” The Guardian. 2022.
  8. Meredith, S. “Russia has Cut Off Gas Supply to Europe Indefinitely. Here’s What You Need to Know.” CNBC. 2022.
  9. FPRI: The Middle Corridor trough Central Asia: trade Influence and ambitious.
  10. Asian Development Bank (ADB) - Middle Corridor—Policy Development and Trade Potential of the Trans-Caspian International Transport Route; Publication | May 2021; https://www.adb.org/publications/middle-corridor-policy-development -trade-potential
  11. Woldemar Walter - Challenges and opportunities of the Middle Corridor; German Economic Team; https://www.german-economic-team.com/en/newsletter/ challenges-and-opportunities-of-the-middle-corridor/