English / ქართული / русский /
თამარ დუდაური
ინოვაციური სფეროს თანამედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები

ანოტაცია. სტატიაში განხილულია ინოვაციური პროცესების მართვის ეფექტიანობა. ხაზი აქვს გასმული ინოვაციურ პროცესში მეცნიერებისა და იმ ადამიანების საქმიანობის მნიშვნელობას, რომლებიც ცოდნასა და ინფორმაციას გარდაქმნიან საბოლოო პროდუქტში. გაკეთებულია დასკვნა, რომ სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ინოვაციური პროცესების ეფექტიანი მართვის შეფასებისათვის აუცილებელია განსაკუთრებული ანალიტიკური მიდგომა დიდი რაოდენობით რაოდენობრივი მახასიათებლების გამოყენებით. გაანალიზებულია საქართველოს ინოვაციური სისტემა და გამოვლენილია მისი განვითარების ტენდენციები.

საკვანძო სიტყვები: ინოვაციები, ინოვაციური ეკონომიკა, ინოვაციური ტექნოლოგიები. 

შესავალი

ინოვაციური ეკონომიკის განვითარების საფუძველსა და მიზანს წარმოადგენს მიზანმიმართული ცოდნისა და ინფორმაციის დაგროვება, მათი მართვის, დამუშავების მეთოდებისა და გამოყენების  ფორმების დახვეწა. ინოვაციური ეკონომიკის და ასევე ინოვაციური საქმიანობის მართვის განხორციელების ინსტიტუტების ფორმირების დასაწყისიდან ეს პროცესი მიმდინარეობს და ხასიათდება პრობლემურობითა და არაერთმნიშვნელოვნებით. ნებისმიერი სახის მართვის ეფექტიანობა, ეკონომიკის განვითარების დონის მიუხედავად, განისაზღვრება იმით, თუ რამდენად ითვალისწინებენ მართვის ასპექტები და ეთანხმებიან მართვის ობიექტის არსობრივ თვისებებს, რომელთაგან მნიშვნელოვანია ინოვაციური საქმიანობის რესურსებით უზრუნველყოფა.

მსოფლიო ცივილიზაციის არსებობის მრავალი ასწლეულის განმავლობაში ეკონომიკის განვითარების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს ინოვაციური აზროვნება. კონკურენცია აიძულებს მწარმოებლებს, დააკმაყოფილონ მზარდი მოთხოვნილებები ფასების შემცირების გზით, აკეთებენ რა მას უფრო ეფექტური საშუალებებით, კერძოდ ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლის გზით წარმოებაში ინოვაციების დანერგვის ხარჯზე. თანამედროვე ეკონომიკური გლობალიზაციის პირობებში ძნელია ბიზნესისათვის ინოვაციების აუცილებლობისა და მნიშვნელობის გადაჭარბებულად შეფასება, ვინაიდან ინოვაციების დანერგვით ორგანიზაციებს შეუძლიათ უფრო ხარისხიანი პროდუქციის შექმნა, ასევე ახალი ბაზრების დაპყრობა თავისი ინოვაციების გაყიდვის ხარჯზე. როგორც წესი, ეკონომიკის რეალური სექტორის წარმატება და განვითარება უშუალო ზეგავლენას ახდენს ქვეყნის მთელი ეკონომიკური სისტემის განვითარებაზე, ამიტომ ქვეყნებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია განახორციელონ ნოვატორობისა და ინოვაციური საქმიანობის სტიმულირება. თემა განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოს ეკონომიკისათვის, ვინაიდან იგი  განაგრძობს სულ უფრო მეტ ინტეგრაციას ევროპულ და მსოფლიო ეკონომიკურ პროცესებში, ამიტომ განვითარების ინოვაციურ გზაზე გადასვლა თანამედროვე ეტაპზე ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვანია. 

***

მსოფლიო ბაზრების გლობალიზაციის, ადგილობრივ და გლობალურ ბაზრებზე კონკურენციის გამწვავების პირობებში მეცნიერული მიღწევები, რომლებიც ტრანსფორმირდება სხვადასხვა ინოვაციებში, გადაიქცევა როგორც ცალკეული კომპანიების, ასევე მთლიანობაში დარგებისა და ეკონომიკების განვითარების აუცილებელ პირობად. კვლევითი საქმიანობა გახდა სამეურვეო პრაქტიკის განუყოფელი კომპონენტი. ხოლო თვით ინოვაციური პროცესი იძენს უწყვეტობისა და სისტემურობის ხასიათს. ამ პირობებში მეცნიერულ-ტექნიკური და ინოვაციური საქმიანობის განვითარების ხარისხი და მეცნიერებატევადი წარმოების დონე წარმოადგენს საკვანძო მახასიათებლებს, რომლებიც განსაზღვრავს ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას.

ბოლო ათწლეულია სულ უფრო ნათელი ხდება ის ფაქტი, რომ სწორედ ინოვაციური პოტენციალი არის  ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის შეფასების განმსაზღვრელი ფაქტორი. იგი განსაზღვრავს ქვეყნის მდგომარეობას გლობალურ ბაზარზე. ქვეყნის ინოვაციური განვითარების დონის შესაფასებლად გამოიყენება ინოვაციების გლობალური ინდექსი (The Global Innovation Index). მის გაანგარიშებაში გამოიყენება 82 სხვადასხვა მაჩვენებელი, ისინი ახასიათებენ ქვეყნების ინოვაციურ განვითარებას, მათში შედის ის რესურსებიც, რომლებსაც ფლობენ ქვეყნები ინოვაციების დასანერგად, ასევე ინოვაციურ საქმიანობაში მიღწეული შედეგები. თანამედროვე ეტაპზე ინოვაციის გლობალური ინდექსის მაჩვენებელი ითვლება ყველაზე ავტორიტეტულად და ითვალისწინებს ინოვაციური განვითარების მახასიათებლების სრულ კომპლექსს. აღნიშნული ინდექსი ქვეყნდება 2012 წლიდან. მისი დანიშნულებაა, ასახოს მსოფლიოში ინოვაციების მიმართულებით მიმდინარე პროცესები, გამოავლინოს ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყანაში არსებული პრობლემები. დიაგრამაზე მოყვანილია ინოვაციის გლობალური  ინდექსის ტოპ-10 ქვეყანა (იხ. დიაგრამა 1).

2019 წელს რეიტინგმა მოიცვა მსოფლიოს 129 ქვეყანა. ინდექსის გაანგარიშებაში გამოყენებული ათობით სხვადასხვა მახასიათებელი საშუალებას აძლევს მას ობიექტურად შეაფასოს ამა თუ იმ ქვეყანაში ის ძალისხმევა, რომელიც გაწეულია ინოვაციების განვითარებისათვის. როგორც დიაგრამიდან ჩანს, პირველი ადგილი უკავია შვეიცარიას, მან 100 ქულიან რეიტინგში მოაგროვა 67.2 ქულა, შემდეგ მას მოყვება შვეცია 63.7 ქულით და მხოლოდ მესამე ადგილზეა აშშ 61.7 ქულით. საქართველოს ამ რეიტინგში 37 ქულით უკავია 48-ე ადგილი და იგი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ჩამორჩება მხოლოდ რუსეთსა (46-ე ადგილი) და უკრაინას (47-ე ადგილი) [GII, 2019]. 

 

დიაგრამა 1. ინოვაციის გლობალური ინდექსის ტოპ-10-ული და

საქართველო 2019 წელს [GII, 2019]

წყარო: დიაგრამა შედგენილია The Global Innovation Index-ის მონაცემებზე დაყრდნობით. 

საქართველო ბოლო სამი წელია აუმჯობესებს თავის რეიტინგს ინოვაციების გლობალურ ინდექსში. ასევე მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ისიც, რომ ინოვაციების გადინება ამ სამი წლის განმავლობაში ყოველთვის ჭარბობდა შემოდინებას (იხ. დიაგრამა 2).

  

დიაგრამა 2. საქართველოს რეიტინგი 2017-2019 წლებში [GII…2019]

წყარო: დიაგრამა შედგენილია The Global Innovation Index-ის მონაცემებზე დაყრდნობით. 

როგორც დიაგრამიდან ჩანს, საქართველომ ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში 68-ე ადგილიდან (2017 წელს), 2019 წელს გადაინაცვლა 48-ე ადგილზე, ასევე გაუმჯობესებულია საქართველოს მაჩვენებლები ქვეყანაში შემოდინებული ინოვაციების მოცულობის  მხრივ, მას უკავია 44-ე ადგილი, როდესაც 2017 წელს ეკავა მხოლოდ 69-ე, ასევე გაუმჯობესებულია მისი რეიტინგი ქვეყნიდან გასული ინოვაციების მოცულობის მხრივაც, 2019 წელს მან დაიკავა მე-60 პოზიცია, როდესაც 2017 წელს ეკავა 62-ე.

მოვლენების შემდგომი სასურველი განვითარებისათვის ინოვაციური საქმიანობის რესურსებით უზრუნველყოფის მართვის განხორციელებისას მნიშვნელოვანია ის, რომ სისტემამ შეინარჩუნოს მოძრავი წონასწორობა. აუცილებელია ინვესტიციებისათვის შეიქმნას ადეკვატური ეკონომიკური ატმოსფერო და ხელსაყრელი სოციალური კლიმატი. ამ მიმართებითაც საქართველოში იდგმება სათანადო ნაბიჯები, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილია გამოგონებებზე შეტანილი განაცხადები საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში (საქპატენტში), მაგრამ დარეგისტრირებული რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება (იხ. დიაგრამა 3) [საქპატენტი.  2019].

 

დიაგრამა 3. გამოგონებებზე გაცემული პატენტების რაოდენობა

წყარო: დიაგრამა აგებულია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტში)წლიური ანგარიშის მიხედვით. 

როგორც დიაგრამიდან ნათლად ჩანს ადგილობრივი  განცხადებების რაოდენობა, რომელიც შევიდა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში 2018 წელს იყო 103, მაგრამ მათგან მხოლოდ 36 განაცხადზე გაიცა პატენტი, მაშინ, როცა 2016 წელს 96 შესულ განცხადებაზე გაიცა 58 პატენტი. ყოველივე ეს მიგვანიშნებს საქართველოში გამომგონებლობის სფეროს არასათანადო განვითარების დონეზე.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2018 წელს საწარმოთა ინოვაციური აქტიურობის შესახებ ჩატარებული  კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ქვეყნის მასშტაბით საწარმოებში ძირითადი ინოვაციური აქტივობები იყო შემდეგი [საქსტატი. 2019]:

  • ახალი მოწყობილობების, მანქანა-დანადგარებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა, ეს აქტივობა განახორციელა გამოკითხულ საწარმოთა 20,8%-მა;
  • სწავლება, რომელიც დაკავშირებული იყო ინოვაციურ აქტივობასთან - განახორციელა გამოკითხულ საწარმოთა15.1%;
  • საკუთარი კვლევითი სამუშაოები და დამუშავების შემუშავება აწარმოა საწარმოთა 13.1%;
  • პროდუქციის დიზაინში ცვლილება შეიტანა 13.4%-მა.

ქვეყნის ეკონომიკაში ინოვაციური კომპონენტის წილის გაზრდისათვის აუცილებელია მეცნიერებატევადი დარგების განვითარება და ხელშეწყობა, რაშიც  მნიშვნელოვანი  როლი ეკუთვნის  სახელმწიფოს. მისი მარეგულირებელი ფუნქცია ძირითადად გამოიხატება მეცნიერების სხვადასხვა დარგებისათვის დაფინასების გამოყოფაში. ყოველწლიურად საქართველოს ბიუჯეტიდან მეცნიერების  განვითარებისათვის და სამეცნიერო კვლევებისათვის გამოიყოფა დაფინანსება. მისი მოცულობა 2018 წელს შეადგენდა 63 800.1 ათას ლარს, 2019 წელს იგი გაიზარდა 65 470.0 ათას ლარამდე, ხოლო 2020 წელს დაგეგმილი იყო 65 540.0 ათასი ლარი. მაგრამ ცნობილი მოვლენების გამო, რომელიც დაკავშირებულია მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან, 2020 წლის  მეცნიერების ხელშეწყობაზე დაგეგმილი თანხების გამოყოფა შესაძლოა გადაიხედოს [საქ. ბიუჯეტი 2020].

ქვეყნაში ინოვაციების განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს, როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ცხადყოფს 2019 წლისათვის საქართველოში იყო 56 დაწესებულება, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ სამეცნიერო კვლევითი საქმიანობით. მათ მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობამ  წლის განმავლობაში შეადგინა 128.3 მილიონი ლარი. ამ დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენდა 11 174 ადამიანს, რაც, ჩემი აზრით  საკმაოდ ცოტაა [საქსტატი. მეცნიერება 2019].

უეჭველია ის ფაქტი, რომ ინოვაციების შემუშავებისა და დანერგვის პრობლემა წარმოადგენს რთულ და მრავალმხრივ საკითხს. აღვნიშნოთ რიგი, შედარებით მნიშვნელოვანი საკითხები. ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში ლაპარაკია მეცნიერულ-კვლევითი ცენტრების შექმნაზე, ხოლო მოკლევადიანში კი იმ საწარმოთა რიცხვის გაზრდაზე, რომლებიც ახორციელებენ ინოვაციების დანერგვას: ამონტაჟებენ ახალი სახის მანქანა-მოწყობილობებს, ნერგავენ თანამედროვე ტექნოლოგიას და უშვებენ თვისებრივად ახალ პროდუქციას.

ინოვაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ რიგი წლების განმავლობაში მიღებულ იქნა რამდენიმე ფუძემდებლური საკანონმდებლო აქტი, რომლებიც მიმართული  ინოვაციური სფეროს გააქტიურებისაკენ. კერძოდ, ეს კანონებია: ინოვაციების შესახებ, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ და თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ. ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეიქმნა და ამჟამადაც ფუნქციონირებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. ნორმატიული აქტების საფუძველზე შექმნილია ტექნოპარკები და ინოვაციის ცენტრები და ა.შ. ყოველივე ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანი პროგრესი ამ სფეროში არ შეიმჩნევა.

ამიტომ განვიხილოთ უცხოეთის ქვეყნების წარმატებული გამოცდილება ამ მიმართებით. უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობს ინოვაციური საქმიანობის აქტივიზაციის ორი ძირითადი ვარიანტი. ესენია ინგლისურ-ამერიკული  და ფრანგულ-იაპონური მოდელები. მათ შორის პრინციპული განსხვავება მდგომარეობს განვითარების პრიორიტეტების და ინოვაციების მხარდაჭერის მეთოდების შერჩევის პროცესში სახელმწიფოს მონაწილეობის ხარისხში. პირველ შემთხვევაში ძირითადი აქცენტი კეთდება ბიზნესგარემოსათვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში კი სამეცნიერო-კვლევითი და განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების სტიმულირებაზე და მათ სახელმწიფო მხარდაჭერაზე. რაც შეეხება საქართველოს, კერძო ბიზნესი ნაკლებადაა დაინტერესებული ინოვაციების ათვისებით, ხოლო სახელმწიფო მხარდაჭერა ამ მიმართულებით მცირეა. შედეგად, მწარმოებლების ინოვაციური აქტიურობა დაბალია.

აღვნიშნოთ ისიც, რომ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში არსებობს კომპანია-ნოვატორების ფინანსირების განშტოებული სტრუქტურა, კერძოდ, ფუნქციონირებს ინოვაციების მხარდაჭერის ვენჩურული ფონდები, ასევე ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა მდგომარეობს ახალი შემუშავებების წინ წაწევასა და მათ კომერციალიზაციაში. საზღვარგარეთის წამყვან ქვეყნებში ინოვაციური შემუშავებების შექმნაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს საუნივერსიტეტო მეცნიერება. პრაქტიკაში, განსაკუთრებით აშშ-ში,  ხშირად გვხვდება შემთხვევები, როდესაც უნივერსიტეტების მეცნიერები ქმნიან მეცნიერებატევად ფირმებს და მათში თავს უყრიან სტუდენტებსა და ასპირანტებს [Dutta S.  2015; 395].

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში, იმის მიუხედავად, რომ აღიარებულია ყველა პროცესის საბაზრო რეგულირების პრიორიტეტები, ინოვაციურის ჩათვლით, არსებობს სფერო, რომლშიც კვლევით სამუშაოებს სახელმწიფო განუწყვეტლივ აფინანსებს, ეს არის თავდაცვის ტექნოლოგიები. იმის მიუხედავად, რომ ინოვაციური პოლიტიკის ანგლო-ამერიკულ მოდელში ყურადღება გამახვილებულია ბიზნესისათვის, მთლიანობაში, ხელსაყრელი პირობების შექმნაზე, ის კომპანიები, რომლებიც ნერგავენ ინოვაციებს, იღებენ მნიშვნელოვან საგადასახადო პრეფერენციებს. რაც შეეხება ინოვაციური პოლიტიკის ფრანგულ-იაპონურ მოდელს, მისთვის დამახასიათებელია სახელმწიფოს მიერ ინოვაციური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან მხარდაჭერას იმ კომპანიებისათვის, რომლებიც ახდენენ ინოვაციების შემუშავებასა და დანერგვას. მაგალითად, იაპონიაში აქცენტი მახვილდება კონკრეტულ ტექნოლოგიებზე, განისაზღვრება მათი უპირატესობები და სახელმწიფო ახდენს ამ არჩეული მიმართულებების სტიმულირებას. ინოვაციური საქმიანობის ანალოგიური მხარდაჭერა ხორციელდება საფრანგეთშიც[Rahmanbaeva R.A. 2015; 1422].

მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ინოვაციის სტრატეგიის რეალიზაციაში  საკვანძო როლს თამაშობს სახელმწიფო, ვინაიდან სწორედ იგი აერთიანებს კადრებს, განათლებასა და მეცნიერებას. 

მსოფლიოში შეინიშნება მეცნიერულ-ტექნოლოგიური და ტექნოპარკების ზრდის ტენდენცია, ამჟამად, ფუნქციონირებს 2000-ზე მეტი ტექნოპარკი.  მათგან უმეტესობა განლაგებულია აშშ-ში, ევროპაში, იაპონიაში, ჩინეთსა და ინდოეთში. ისრაელში ყოველწლიურად იქმნება 1300-დან 2000-მდე ახალი კომპანია, ეს ქვეყანა გახდა აშშ-ის სილიკონის ველის ანალოგი ახლო აღმოსავლეთში. ახლად შექმნილი ისრაელის კომპანიებისათვის სახელმწიფო იყენებს უფრო რბილ ინოვაციურ პოლიტიკას ვიდრე აშშ-ში. მაგრამ, ისრაელიდან საზღვარგარეთ შეიძლება მხოლოდ ლიცენზიების გაყიდვა და არა ტექნოლოგიების. საქართველოში ამ მხრივ არ რის სახარბიელო სიტუაცია სულ არის სამი ტექნოლოგიური პარკი (თბილისის, ზუგდიდისა და თელავის) და ორი ინოვაციების ცენტრი (ახმეტისა და რუხის). ნათელია, რომ ამ მიმართებით სახელწიფოს მართებს გაააქტიუროს თავისი ძალისხმევა.

საქართველოში ინოვაციური ეკონომიკის განვითარების ხელშემშლელ პრობლემებს მიეკუთვნება [დუდაური თ. 2017; 167]:

  • ინოვაციურ პროდუქციაზე მოთხოვნის დაბალი დონე;
  • ფულადი სახსრების არასაკმარისი რაოდენობა;
  • კვალიფიციური პერსონალის უკმარისობა;
  • კომპანიების პერსონალის სიახლეებისადმი უნდობლობა;
  • ტექნოლოგიური ბაზრის განუვითარებლობა;
  • სახელმწიფო ბიუჯეტიდან  მეცნიერების დაფინანსების დაბალი დონე;
  • არაფორმალური ინვესტორების ქსელის განუვითარებლობა;
  • კრაუდფანდინგის, როგორც ფულადი სახსრების მოზიდვის ინსტრუმენტის, გავრცელების დაბალი დონე. 
  • გამოგონებების სიმცირე;

თანამედროვე პირობებში, როდესაც საქართველო მიეკუთვნება განვითარებადი ქვეყნების  რიცხვს, მისთვის ძნელია აღნიშნული პრობლემების სწრაფად გადაწყვეტა. ასევე სირთულეს წარმოადგენს მცირე და საშუალო კომპანიებისათვის ამ მოთხოვნების შესრულება, რადგან არ გააჩნიათ ახალი პროდუქციის შემუშავებისა და დანერგვისათვის უცილებელი კადრები, ტექნიკური და მატერიალური ბაზა. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, მათი უმრავლესი ნაწილი მუშაობს არა წარმოების სფეროში, არამედ ვაჭრობისა და მომსახურების სფეროებში.

ამრიგად, ქვეყნის საწარმოების ინოვაციური საქმიანობის დონის ამაღლება მოითხოვს ეკონომიკაში მსხვილი საწარმოო კომპლექსების წილის გაზრდას. უცხოეთის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მსხვილ კომპანიებს გააჩნიათ უფრო ხელსაყრელი პირობები ინოვაციის დანერგვისათვის, ვინაიდან მათ აქვთ შესაძლებლობა, თავის სტრუქტურაში შექმნან მცირე ვენჩურული ფირმები ან პატარა კომპანიები ახალი პროდუქციის შესამუშავებლად, შემდგომ კი თვითონ უზრუნველყოფენ მათ მიერ შექმნილი ახალი პროდუქციის მასიურ წარმოებას და ეკონომისა წარმოების მასშტაბზე.

ინოვაციური გამოცოცხლების კიდევ ერთ მიმართულებას წარმოადგენს კლასტერული სტრუქტურების ორგანიზაცია. ვინაიდან, თანამედროვე ეტაპზე, სამეურნეო სუბიექტების დიდი ნაწილი დაშორებულია ერთმანეთისაგან და განიცდიან სერიოზულ პრობლემებს ახალი პროდუქციის ათვისების მხრივ, აუცილებელია მათი ქმედებების კოორდინაცია. მაგალითად, აშშ-ის და სხვა წამყვანი ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს ინოვაციების ათვისების პროცესში კლასტერების საფუძველზე საწარმოო სუბიექტების თანამშრომლობის ეფექტიანობას.

ქვეყანაში სამეურნეო სუბიექტებში ინოვაციების მცირე რაოდენობის მიზეზია კაპიტალის მუდმივი უკმარისობა, რადგანაც საწარმოებში შესული თანხები ხმარდება მიმდინარე ხარჯების დაფარვას და აღარ რჩება საწარმოს განვითარებისათვის.

როგორც  ინოვაციების შემუშავებისა და დანერგვის ჩამოთვლილი ხელის შემშლელი პრობლემებიდან ჩანს, ამ მიმართებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფას და სპეციალისტების მომზადებას. როგორც წამყვანი ქვეყნების გამოცდილებამ გვიჩვენა, აუცილებელია ინოვაციების შემუშავებაში უმაღლესი სასწავლებლების მონაწილეობის გაზრდა, მათში შექმნილი ჯგუფები დაეხმარება სამეურნეო სუბიექტებსა და სახელმწიფო ორგანოებს მათ წინაშე წარმოშობილი პრობლემების დაძლევაში ინოვაციების შემუშავების გზით. ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს სისტემურ მიდგომას, ამ მუშაობაში უნდა გაერთიანდნენ  სახელმწიფო, აკადემიური და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები. ამ მიმართებით აუცილებელია მათ შორის დამაკავშირებელი რგოლის შექმნა. 

დასკვნა

ამრიგად, ინოვაციური განვითარების პრობლემების გადასაწყვეტად სტიმულირებული უნდა იქნეს მოთხოვნა მეცნიერებადტევად  პროდუქციაზე, რომელიც წარმოადგენს უფრო ხარისხოვანს, აქვს მაღალი ფასი და საწარმოსათვის უზრუნველყოფს დიდ მოგებას. სამომხმარებლო მოთხოვნილების გაზრდის უზრუნველყოფა შეუძლია სახელმწიფოს  ეკონომიკის სტრუქტურული მოდერნიზაციის კონტექსტში. თუ ეს მოხდება ქვეყნის მასშტაბით, შეგვიძლია ველოდოთ ეროვნული შემოსავლის ზრდას და ეკონომიკის მდგრად განვითარებას. ზემოთ ნათქვამი პრობლემების გადაწყვეტა საშუალებას იძლევა, თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით, გააქტიურდეს ინოვაციური პროცესები და ამაღლდეს საქართველოს კონკურენტუნარიანობა, რის საფუძველზეც გაიზრდება მოსახლეობის ცხოვრების დონე, ხოლო საქართველო შეძლებს ევროპის თანამეგობრობის ქვეყნებს შორის დაიკავოს ღირსეული ადგილი. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1.  დუდაური თ. სამჭკუაშვილი ნ. 2017. ინოვაციური ეკონომიკა: განვითარების პრობლემები და პერსპექტივები. ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერ­სი­ტეტი. ეკონო­მი­კისა და ბიზნესის ფაკულტეტი. II საერ­თა­­შო­­რი­სო სამეცნი­ერო კონ­­ფერენ­ცია „გლობა­ლი­ზა­ციის გამოწვევები ეკო­ნო­მიკასა და ბიზ­ნესში“. თბილისი  3-4 ნოემბერი,  კონფე­რენ­ციის შრომათა კრე­ბული გვ. 164-168. http://eprints.tsu.ge/1441/1/Innovative%20economy%20-%20problems%20and%20perspectives%20of%20development.pdf  (ბოლოს გადამოწმებულია 12.05.2020)
  2. საქართველოს კანონი. საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ. 18.12.2019. https://matsne.gov.ge/ka/document/view/4734727?publication=0 (ბოლოს გადამოწმებულია 12.05.2020)
  3. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი). ინფოგრაფიკა. თბ. 2019. https://www.geostat.ge/ka/infographic?page=3- (ბოლოს გადამოწმებულია 12.05.2020)
  4. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი). მეცნიერება და კვლევები. თბ. 2019. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/194/metsniereba (ბოლოს გადამოწმებულია 12.05.2020)
  5. საქპატენტი - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში. წლიური ანგარიშები 2019 http://www.sakpatenti.gov.ge/ka/publications/ (ბოლოს გადამოწმებულია 12.05.2020)
  6. Dutta S., Lanvin B., Wunsch S. 2015. The Global Innovation Index 2015: Effective Innovation Policies for Development. P. 395-396 https://books.google.ge/books?id=-B9zDwAAQBAJ&printsec=frontcover&source=gbs_ge_summary_r&cad=0#v=onepage&q&f=false (ბოლოს გადამოწმებულია 12.05.2020)
  7. Rahmanbaeva R.A. 2019. Problems of Innovative Economic Development. International Journal of Recent Technology and Engineering (IJRTE). Volume-8, September  Pp. 4120-4123. https://www.ijrte.org/wp-content/uploads/papers/v8i2S11/B15240982S1119.pdf (ბოლოს გადამოწმებულია 13.05.2020)
  8. The Global Innovation Index 2019: Stonger Innovation Linkages for Global Growth / INSEAD and the World Intellectual Property Organization (WIPO). https://gtmarket.ru/ratings/global-innovation-index/info (ბოლოს გადამოწმებულია 12.05.2020)
  9. The Global Innovation Index 2019: 48 Georgia ranks 48th among the 129 economies featured in the GII 2019. https://www.wipo.int/edocs/pubdocs/en/wipo_pub_gii_2019/ge.pdf (ბოლოს გადამოწმებულია 12.05.2020)