English / ქართული / русский /
სალომე სილაგაძე
კლიმატური ცვლილება და მიგრაცია

ანოტაცია. კლიმატური ცვლილებები, კონკრეტულად გლობალური დათბობა და მასთან დაკავშირებული სხვა ბუნებრივი კატაკლიზმები მეცნიერების ყურადღების ცენტრში ექცევა. ცვლილებები ეფექტს ახდენს არა მხოლოდ ეკოსისტემებზე, არამედ ასევე, საფუძველი ხდება ადამიანების მიგრაციისა. 

მეცნიერული ნაშრომი განიხილავს ეკომიგრაციის თავისებურებებს, თუ რა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს კლიმატურ ცვლილებებს და თუ რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს მიგრაციაზე სხვადასხვა კატაკლიზმებს.

საკვანძო სიტყვები: კლიმატური ცვლილებები, მიგრაცია, ეკომიგრაცია

შესავალი

21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევა ეკოლოგიის შენარჩუნება და გლობალური დათბობის შესუსტება და/ან შეჩერებაა. მეცნიერები აფიქსირებენ, რომ ყოველწლიურად მთელი დედამიწის გარშემო ზღვის დონე მაღლა იწევს, ოკეანეებში წყლის ტემპერატურა, გვალვების რაოდენობა და სიხშირე იზრდება. აღნიშნული ფაქტები ხელს უწყობს საზღვაო და სახმელეთო ეკო-ცენტრების გამოფიტვასა და გაუჩინარებას.

ბუნებრივი რესურსების გადაჭარბებული მოხმარება, განუვითარებელი ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ეკოსისტემების დეგრადაციას. ეკო მიგრაციის პრობლემა განსაკუთრებით ემუქრება განვითარებად ქვეყნებს, სადაც დარეგულირებული და/ან დაცული არ არის ბუნების კონსერვაციასთან დაკავშირებული რეგულაციები და პოლიტიკა.

ტერმინი "ეკოდევნილი" იგივე ეკომიგრანტი, 1970-იან წლებში Worldwatch ინსტიტუტის თანამშრომელმა, ლესტერ ბრაუნმა შექმნა. გაერო დევნილებს (refugee) და ეკომიგრანტებს (environmental refugee) სხვადასხვა ცნებებად "აღიქვავს", მიგრაციის სხვადასხვა თავისებურებების გამო. თუმცა, ერთი რამ რაც საერთო აქვთ ამ აღნიშნულ ტერმინებს ის არის, რომ ორივე შემთხვევაში ადამიანებს თავიანთი სურვილის წინაამღდეგ უწევთ საცხოვრებლის დატოვება.

გლობალური გარემოსდაცვითი ცვლილების და ადამიანის უსაფრთხოების პროექტის ყოფილი თავჯდომარე სტივ ლონერგან აღნიშნავს, რომ ხუთი ფაქტორი შეიძლება გახდეს ეკომიგრაციის საფუძველი: 1) ბუნებრივი კატაკლიზმები, 2) ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ითვალისწინებენ გარემოს შეცვლას, 3) ბუნების პროგრესული ევოლუცია, 4) ინდუსტიული უბედური შემთხვევები და 5) შეიარაღებული კონფლიქტები [7].

ზუსტი კავშირი კლიმატის ცვლილებასა და ადამიანის მოქმედებას შორის არ არის დამტკიცებული. თუმცა, მეცნიერები დეტალურად იწყებენ დაკვირვებას და აღწერას, სხვადასხვა რეპორტებსა და წიგნებში, ბუნებრივი კატაკლიზმების ეფექტს ეკოლოგიაზე და სოციალურ სისტემებზე.

ამჟამად, საერთაშორისო ორგანიზაციები ვერ ახერხებენ ზუსტი ინფორმაციის მოპოვებას თუ რამდენ ადამიანს მოუწია თავისი კერის დატოვება კლიმატის ცვლილების გამო. გლობალურ საზოგადოებას და განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებს არ აქვთ საშუალება, რომ მოიპოვონ აღნიშნული მონაცემები. შესაბამისად, ეკომიგრაციის მასშტაბი ხშირად ითვლება სავარაუდო მაჩვენებლების მიხედვით. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ეკოდევნილების რაოდენობას 40 მილიონიდან 140 მილიონამდე განსაზღვრავენ. თუმცა, გაერო ვარაუდობს, რომ 2050 წელს მსოფლიოს გარშემო დაახლოებით 25 მილიონი ეკომიგრანტი იცხოვრებს [4].

საქართველოში ეკომიგრანტების საკითხს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს არეგულირებს. 2016 წელს ეკომიგრანტების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იყო დაახლოებით 5,000 ოჯახი. საქართველოს 2017 წლის მიგრაციის პროფილის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მთავრობას დეტალურად არ აქვს შესწავლილი ეკომიგრანტების ზუსტი სტატისტიკა და მათი ახალ გარემოსთან ინტეგრაციის მაჩვენებლები. აღნიშნული საკითხები პრობლემატურია მრავალ ქვეყანაში (რადგან ეკომიგრაცია ეხლა იძენს "პოპულარობას", როგორც მეცნიერების ასევე, სახელმწიფო მმართველების თვალში) მაგრამ მომავალში აუცილებლად უნდა იქნეს დაწვრილებით გამოვლენილი [9]. 

ეკომიგრაციის ზოგიერთი თავისებურებები

ეკომიგრაციის პროცესი ძირითადად ქვეყნის შიგნით ვითარდება. უმეტეს წილად მოქალაქეები სოფლებიდან ქალაქში მიგრაციას ამჯობინებენ რაც შემდეგ ზრდის ურბანიზაციის დონეს და  იწვევს დესტაბილიზაციას შრომის მოთხოვნა-მიწოდებას ბაზარზე. ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის მაგალითად დასავლეთი აფრიკა ეკომიგრანტები ხშირად რეგიონის შიგნით არსებულ ქალაქებში ცდილობენ საცხოვრებლის პოვნას [5].

იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება გადაადგილებულების დაბრუნება, როგორც მეცნიერული დაკვირვებები ცხადყოფს (ზოგიერთი ამერიკული საზოგადოების შესწავლის შედეგად) ურბანული მიგრაციის შედეგად მცირდება არსებული ადამიანური რესურსები. კონკრეტულად, იკლებს იმ ლიდერების და/ან ექსპერტების რაოდენობა, რომლებსაც წამყვანი პოზიციები ეკავათ აგროკულტურის განვითარებაში [12]. შესაბამისად, ფერხდება აგროკულტურის და ეკოლოგიის მდგრადი პროგრესი. 

გარდა გადამეტებული ურბანიზაციისა, ეკომიგრაციამ შეიძლება არასტაბილური პოლიტიკური ვითარებაც შექმნას მსოფლიოს გარშემო. იმ შემთხვევაში, თუ ლიმიტირებული ბუნებრივი რესურსის გაყოფა ვერ მოხდება ადამიანებს შორის არის მოლოდინი, რომ კონფლიქტები ფიზიკურ დაპირისპირებებშიც გადაიზარდოს. თანამედროვე რეალობაში აღნიშნული საკითხის მკაფიო მაგალითია ებრაელი და პალესტინელი მოქალაქეების ურთიერთობა. როგორც კი ისრაელი წყვეტს პალესტინისთვის წყლის მიწოდებას, ვითარება ორ სახელმწიფოს შორის უკიდურესად იძაბება.

სავარაუდო მიგრაციის ტრენდების გასათვიცნობიერებლად აუცილებელია, რომ განხილული იქნეს თუ როგორ გავლენას ახდენს სხვადასხვა ეკოლოგიური ცვლილებები ადამიანების გადაადგილებაზე:

1. გლობალური დათბობა

მიმდინარე ტემპერატურის ზრდა დაარღვევს არსებულ ბალანსს ადამიანებსა და ეკოსისტემას შორის. უახლოესი რეპორტების მიხედვით 1990 წლიდან 2100 წლამდე დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა აიწევს დაახლოებით 3 გრადუსით [4].

მსოფლიოს გარშემო ტემპერატურის გაზრდა არამხოლოდ დაათბობს დედამიწას არამედ, გამოიწვევს სხვა ბუნებრივ კატაკლიზმებს, როგორიც არის ზღვის დონის აწევა, მყინვარების დადნობა და ა.შ. საგრძნობლად გაიზრდება იმ ადგილების რაოდენობა, რომელიც უდაბნოდ იქცევა და/ ან წყლით დაიფარება

დათბობიდან გამომდინარე მრავალი ქალაქი, განსაკუთრებით კი ის დასახლებული პუნქტები, რომლებიც დამოკიდებულია ეკოსისტემაზე საკვების მხრივ, ცხოვრებისათვის შეუსაბამო გახდება.  შესაბამისად, გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც დატოვებენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს.

2. მყინვარების დნობა და ზღვის დონის ზრდა

გლობალური დათბობა ხელს უწყობს მყინვარების დნობას, რაც დამატებით ზრდის ზღვის დონის ზრდას. სავარაუდოდ, მომავალში წარმოიქმნება მრავალი ახალი ტბა, რომელმაც შესაძლოა დაფაროს დასახლებული ტერიტორიები [3].

მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 44% ცხოვრობს საზღვაო ნაპირიდან 150 კილომეტრის რადიუსში. მეცნიერების დასკვნით 2100 წლისთვის ზღვის დონე 65 სმ-ით აიწევს მსოფლიოს გარშემო [11].

აღნიშნული მოვლენის გამო მოიმატებს მლაშე წყლის, წყალდიდობების, ეროზიის და ქარიშხლების რაოდენობა. დეგრადირდება მტკნარი წყლის რესურსები, მოსავლის მოპოვების ალბათობა და ზოგადად, საკვების მარაგები.

არსებობს საფრთხე, რომ ქალაქები როგორიც არის: ჯაკარტა, ლაგოსი და მანილა [8], მთლიანად დაიფაროს წყლით. შესაბამისად, მსოფლიო საზოგადოება და სახელმწიფოები უნდა მოემზადონ, რომ ეფექტურად დაგეგმონ მსგავსი რისკის ქვეშ მყოფი ქალაქებში და კუნძულებზე მცხოვრები პირების მიგრაცია, რადგან ამჟამინდელ ინფრასტრუქტურას ემუქრება განადგურება.

3. გვალვა

გვალვა აზიანებს აგროკულტურას. ის იწვევს საკვების ნაკლებობას და/ან მომწამვლელობას. ზარალდებიან ფერმერები, რომლებსაც უნალექობის გამო ხშირად უფუჭდებათ მოსავალი, სამუშაო მიწები კი გამოუსადეგარი ხდება. სიცხის შედეგად იზრდება. ადამიანებს შორის სხვადასხვა ინფექციის ან დაავადების გავრცელების ალბათობა.

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ გვალვა იწვევს, როგორც გრძელ ასევე, მოკლევადიან მიგრაციას. აღნიშნული მოვლენის დროს შესაძლებელია, რომ მოხდეს არამხოლოდ კონკრეტული პირების დროებითი გადასახლება (საკვების მარაგის და/ან დამატებითი ფინანსური საშუალებების მოსაპოვებლად) არამედ, ოჯახების მიგრაციას. მაგალითად, ეთიოპიაში გვალვის დროს ახალგაზრდები ტოვებენ თავიანთ კერებს და მიემგზავრებიან კვების ბანაკებში და/ან ურბანულ დასახლებებში, სხვა ოჯახის წევრებისთვის შიმშილის ასარიდებლად [2].

გაუდაბნოების და გვალვის შედეგად ემიგრირებული პირები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდებიან თავიანთ კერას, თუ მათ ექნებათ ალტერნატიული შემოსავლის მოპოვების საშუალებები. დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ გრძელვადიანი გარემოების ცვლილებები (ისეთი როგორიც არის მაგალითად გაუდაბნოება) უფრო მეტი რაოდენობის ადამიანზე ახდენს ზეგავლენას, ვიდრე სხვა ბუნებრივი მოვლენებო.

საერთაშორისო კატასტროფის მონაცემთა ბაზის მიხედვით 1979- 2008 წლამდე გვალვებმა 1.6 მილიარდი ადამიანი დააზარალა. ამავე დროის პერიოდში კი ქარიშხლებმა 716 მილიონ ადამიანზე მოახდინა ზეგავლენა [1].

ქარიშხლები და ციკლონები საშიშია ადამიანის სიცოცხლისათვის. ისინი მოკლე ვადაში  ზრდიან მიგრაციის მოტივაციას. რადგან ზემოთ ხსენებული მოვლენები ინფორმაციული საშუალებებით აქტიურად შუქდება ადამიანებს აქვთ ინფორმაცია შესაძლო ქონებრივ და ჯანმრთელობის დანაკარგზე და შესაბამისად, წინასწარ მოკლე ვადაში ცდილობენ დატოვონ ტერიტორია.

თუ ბუნებრივი კატაკლიზმის შემდეგ ფისკალური დანაკარგები არ არის ძალიან დიდი, ხშირ შემთხვევაში  დაზარალებული ადამიანები თავიანთ ძველ საცხოვრებელ ადგილებს უბრუნდებიან [10]. 

დასკვნა

ზემოთ მოცემული ინფორმაცია მოწმობს, რომ აუცილებელია ეკოსისტემების ეფექტური მენეჯმენტი რადგან ეკომიგრაციის შედეგად დიდი რაოდენობით ადამიანებს ხშირ შემთხვევაში ერთიანად უწევთ ტერიტორიის დატოვება. საჭიროა არამხოლოდ, სათადარიგო ტერიტორიის არსებობა (სადაც დაზარალებულებს შეუძლიათ დასახლდნენ) არამედ, მნიშვნელოვანია იმის შეფასებაც თუ რამდენად ერწყმებიან გადმოსახლებული პირები ახალ გარემოებებს. აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფოს დაეხმარება შეაფასოს თუ რამდენად ეფექტურად არის დაგეგმილი ეკო კრიზისების მენეჯმენტი და თუ რისი გამოსწორება შეიძლება მომავალში.

გარდა ამისა აუცილებელია, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლა (განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში), რადგან ეკოსისტემის ცვლილების შემდეგ გაიზრდება მიგრანტთა რაოდენობა თუმცა, შემცირდება საკვები პროდუქტის რაოდენობა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ არამხოლოდ მრავალი ადამიანის ჯანმრთელობა დაქვეითდება არამედ, მოსალოდნელია, რომ მწირი ბუნებრივი რესურსების გამო დაიწყოს ფიზიკური დაპირისპირება, როგორც ადამიანებს ასევე, სახელმწიფოებს შორის. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. DAT | The international disasters database. (n.d.). Retrieved from http://www.emdat.be/database
  2. Ezra, M & Kiros, Gebre-Egziabher. (2001). Rural out-migration in the drought prone areas of Ethiopia: A multilevel analysis. The International migration review. 35. 749-71;
  3. Gibbens, S. (2019, April 08). Melting glaciers contribute a third of sea-level rise. Retrieved from https://www.nationalgeographic.com/environment/2019/04/world-mountain-glaciers-melting-sea-level-rise/ ;
  4. International Organization for Migration. (n.d.). "Migration and Climate - IISD". Retrieved from https://www.iisd.org/pdf/2008/migration_climate.pdf 
  5. Mcdonald, D. A. (1999, February). Lest the rhetoric begin: Migration, population and the environment in Southern Africa. Retrieved from https://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/12322616
  6. Mostafa Mahmud Naser, Climate Change, Environmental Degradation, and Migration: A Complex Nexus, 36 Wm. & Mary Envtl. L. & Pol'y Rev. 713 (2012), http://scholarship.law.wm.edu/wmelpr/vol36/iss3/4
  7. Renaud, Fabrice & Bogardi, Janos & Dun, Olivia & Warner, Koko. (2007). Control, Adapt or Flee How to Face Environmental Migration?;
  8. Rosane, O. (2018, October 05). 8 World Cities That Could Be Underwater as Oceans Rise. Retrieved from https://www.ecowatch.com/cities-vulnerable-sea-level-rise-2610208792.html
  9. State Commission on Migration Issues, 2017, "Profile of Georgian Migration, 2017”, pp. 67–68.
  10. Suhrke, Astri. (1992). Pressure Points: Environmental Degradation, Migration and Conflict;
  11. New study finds sea level rise accelerating – Climate Change: Vital Signs of the Planet. (2018, June 13). Retrieved from https://climate.nasa.gov/news/2680/new-study-finds-sea-level-rise-accelerating/;
  12. Zamora R and Foladori G. 2006. Paradoxes of international migration and sustainability. Ecology in an era of globalization: challenges and opportunities for environmental scientists in the Americas. Proceedings of the Ecological Society of America International Conference; 2006 Jan 8–12; Merida, Mexico. Washington, DC: ESA.