English / ქართული / русский /
სოლომონ პავლიაშვილიზურაბ გარაყანიძე
სასურსათო და ეკოლოგიური უსაფრთხოების შიდაუწყებრივი კოორდინაციის მექანიზმი

ანოტაცია. სტატიაში განხილულია აგროსამრეწველო და პოსტინდუსტრიული ტერიტორიებისათვის უწყებრივი ეკოლოგიური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული მექანიზმის შემუშავების კონცეპტუალური ჩარჩო. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს იმ ეკოინოვაციური პრინციპების ეფექტურ დანერგვას/განვითარებას, რომლებიც ემსახურება აგრარულ-ინდუსტრიული ტერიტორიების სოციალური და ეკონომიკური გარემოს მდგრად განვითარებას და მათ ტრანსფორმაციას ეკოლოგიზაციისა და რევიტალიზაციის გზით.

საკვანძო სიტყვები: ეკოლოგიზაცია, რევიატალიზაცია, სტრატეგიის მექანიზმი, იმპლემენტაცია, აგროინდუსტრიული რეგიონები, პოსტინდუსტრიული რეგიონები, მდგრადი განვითარება.

შესავალი

სოფლის მეურნეობისა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების ერთ უწყებად გაერთიანებამ ქართულ პრესაში და ექსპერტულ საზოგადოებაში ამ ორი სფეროს კოორდინაციის საკითხებზე აზრთა მნიშვნელოვანი დაპირისპირება გამოიწვია.
საქმე ისაა, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელთა მხარეც არის საქართველო, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეროვნული პოლიტიკის ფორმირების პროცესში. საქართველო არის გლობალური და რეგიონული მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმების, მათ შორის 18 კონვენციის, მათი ოქმების, დამატებების და შეთანხმებების მხარე. ერთ-ერთი ასეთი ხელშეკრულება, რომელიც გავლენას ახდენს გარემოსდაცვით მმართველობაზე ეროვნულ დონეზე და ხელს უწყობს საქართველოში უკეთესი გარემოსდაცვითი დემოკრატიის განვითარებას, არის მაგალითად, ორჰუსის კონვენცია. იცავს რა მოსახლეობის გარემოსდაცვით უფლებებს, ორჰუსის კონვენცია იძლევა გარემოსდაცვითი მმართველობის სფეროს შემდგომი გაუმჯობესების მყარ საფუძველს. ამის გამო ზოგიერთი პოლიტიკოსი ეჭვქვეშ აყენებდა ორი უწყების გაერთიანებას საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით.

საუკეთესო ევროპული პრაქტიკა

ბევრი ექსპერტი დაგეგმილ ცვლილებებში ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეებსაც ხედავდა და მიაჩნდა, რომ როცა მომხმარებელი და მარეგულირებელი ერთ უწყებაშია, აქ ინტერესთა კონფლიქტია. მათი აზრით, ამ სტრუქტურული ცვლილებით შესაძლოა მოხდეს გარემოს დაცვის სისტემების დასუსტება, რაც თითქოსდა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება.
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით, გაეროს „გარემოს დაცვის პროგრამის“ აღმასრულებელი დირექტორის, აქიმ შტაინერის პოზიციაც გაახმოვანეს. აღნიშნა, რომ შეხვედრაზე, რომელიც მისი ინიციატივით გაეროში საქართველოს მუდმივმოქმედ წარმომადგენლობაში შედგა, აქიმ შტაინერი დაინტერესდა, ხომ არ გამოიწვევს გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გაერთიანება ქვეყანაში გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაქვეითებას.
ბატონი ა. შტაინერის ზემოაღნიშნული მოსაზრების განსახილველად ამ სტატიაში ჩვენ შევეცდებით გავაშუქოთ იმ ქვეყნების სასურსათო და ეკოლოგიური უსაფრთხოების შიდაუწყებრივი კოორდინაციის მექანიზმები, რომლებიც მსგავსი სტრუქტურებით ხასიათდება. მიგვაჩნია, რომ სწორედ უსაფრთხოებაა ის საერთო ინტერესთა სფერო, რომელიც ახდენს სასურსათო და ეკოლოგიური ინტერესების არა კონფლიქტს, არამედ თანხვედრას.
ავსტრია
ავსტრიას აქვს სოფლის მეურნეობის, ტყის, გარემოს დაცვის და წყლის საკითხების მართვის ფედერალური სამინისტრო. ფედერალური მინისტრის დაქვემდებარებაშია ცენტრალური აპარატი, რომელიც ძირითადად უწყების ფუნქციონირებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებს კურირებს. ამავდროულად, ფედერალურ მინისტრს ექვემდებარება 5 გენერალური დირექტორი, რომელთა შორის ფუნქცია-მოვალეობები და სტრუქტურული ქვედანაყოფები გადანაწილებულია შემდეგნაირად:
1. გენერალური დირექტორი I - გარემოს დაცვისა და კლიმატის საკითხებში. ეს მიმართულება რამდენიმე სფეროს მოიცავს, მათ შორის არის გარემოზე ზემოქმედების შეფასების, ინტეგრირებული ნებართვის გაცემის საკითხები, დაცული ტერიტორიების მართვა, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება, კლიმატისა და ჰაერის დაცვის საკითხები, ბიომრავალფეროვნების დაცვა, ენერგეტიკული და ეკონომიკური პოლიტიკის საკითხები.
2. გენერალური დირექტორი II - სოფლის მეურნებისა და სოფლის განვითარების საკითხებში. ეს მიმართულება მუშაობს სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების პოლიტიკის შემუშავებისა და განვითარების, პრაქტიკაში იმპლემენტაციის საკითხებზე.
3. გენერალური დირექტორი III - აქ არის მხოლოდ სატყეო სექტორის მიმართულება ცალკე აღებული, რომელსაც კურირებს გენერალური დირექტორი. გასათვალისწინებელია, რომ გარდა სატყეო სექტორის, როგორც დარგის პოლიტიკის განვითარებისა, აქ შედის აგრეთვე კონტროლის საკითხებიც (როგორც ჩვენთან არის, ანუ სატყეო სააგენტო, როგორც ტყის ფონდის მართვაზე უფლებამოსილი ორგანო მართავს მისთვის გადაცემულ ტყეებს და ამავდროულად ახორციელებს კონტროლის ფუნქციებსაც).
4. გენერალური დირექტორი IV - რომელიც მხოლოდ წყლის მართვის საკითხებზე მუშაობს. ის ეხება წყლის რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავებას, განხორციელებას, წყალდიდობების პრევენციას და კონტროლს და წყლის მართვასთან დაკავშირებულ ყველა სხვა საკითხს.
5. გენერალური დირექტორი V - რომელიც კურირებს ნარჩენების მართვის, მათ შორის, ქიმიურ ნარჩენებთან დაკავშირებულ საკითხებს და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მიმართულებას.
თუ დავაკვირდებით სტრუქტურას, სამინისტროში გარემოსდაცვით საკითხებთან, განსაკუთრებით კი ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით უფრო მეტი გენერალური დირექტორი მუშაობს და ფუნქცია-მოვალეოებებიც თემატურად მათ შორის არის გადანაწილებული, ვიდრე ეს სოფლის მეურნეობის საკითხებს ეხება. შესაბამისად, შექმნილია ცალკე სტრუქტურული ერთეული თითოეული იმ გარემოსდაცვითი სფეროს დასარეგულირებლად, რაც საქართველოშიც თითქმის ანალოგიურად გვაქვს; ანუ გვაქვს ცალკე დაცული ტერიტორიების სააგენტო, ეროვნული სატყეო სააგენტო, ნარჩენების მართვის სამსახური (ავსტრიაში მნიშვნელოვანად გაძლიერებული), გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტი, ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტი, კლიმატის სამსახური, წყლის სამმართველო, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის სამსახური, რომელიც თითქმის იდენტურია იმ სტრუქტურებისა რაც ავსტრიაში არსებობს. შესაბამისად, პრაქტიკულად, ერთი ფედერალური სამინისტროს დაქვემდებარებაში არის სასურსათო უსაფრთხოების მიმართულება, რომელიც, თავის მხრივ, ისეთი საქმიანობების განხორციელებას უკავშირდება, რაც ეკოლოგიური სისუფთავის თვალსაზრისით შესწავლას საჭიროებს. თუმცა იმავე სტრუქტურაშია გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან საკუთარი გენერალური დირექტორის წინაშე და ისინი, თავის მხრივ, ფედერალური მინისტრის წინაშე, საბოლოოდ გადაწყვეტილებები სოფლის მეურნეობას მიკუთვნებულ საკითხებზე მიიღება ეკოლოგიური უსაფრთხოების ასპექტების გათვალისწინებით, კანონმდებლობის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ამ ორი სფეროს ფუნქციონირება სრულიად შესაძლებელია ერთი უწყების ქვეშ, ერთი სამინისტროს სისტემაში და ისეთ განვითარებულ ქვეყანაში (გარემოსდაცვითი თვალსაზრისით) როგორც ავსტრიაა, გარემოსდაცვით საკითხებთან მიმართებით გაცილებით მაღალი პრიორიტეტი იკვეთება სამინისტროს სტრუქტურული მოწყობიდან გამომდინარე. ამიტომ აუცილებელია, აქცენტი გაკეთდეს, რომ ყველა ის პრიორიტეტული მიმართულება, რაც გარემოსდაცვით სფეროს გააჩნია − ნარჩენების მართვა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების სრულყოფილი სისტემის განვითარება, სატყეო სექტორის გაუმჯობესება, დაცული ტერიტორიების მართვა, ინტეგრირებული სანებართვო სისტემის დანერგვა, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების მდგრადი მართვა და გარემოსდაცვითი მიმართულებით ეფექტიანი კონტროლი, საქართველოს მთავრობის ახალი სტრუქტურის პირობებში შესაძლებელი იქნება, რომ ეტაპობრივად შესრულდეს “ასოცირების ხელშეკრულებით” ნაკისრი ვალდებულებები და დარგმა შეუფერხებლად გააგრძელოს განვითარება.
ესპანეთი
ესპანეთს ეროვნულ დონეზე აქვს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს სამინისტრო. სამინისტრო პასუხისმგებელია სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისათვის შემდეგ სფეროებში: კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა, ბუნებრივი მემკვიდრეობის, ბიომრავალფეროვნებისა და ზღვის დაცვა, წყლის რესურსები, სოფლის განვითარება, სასოფლო რესურსები, მეცხოველეობა და მეთევზეობა, სურსათის ინდუსტრია. თუმცა რეგიონების დონეზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ორგანოები ცალ-ცალკე ფუნქციონირებენ. გარემოს დაცვის რეგიონული ორგანოები გასცემენ ნებართვებს, ლიცენზიებს, არეგულირებენ ყველა გარემოს დაცვის საკითხს რეგიონის მასშტაბით, ახორციელებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ფუნქციასაც. ამდენად, სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის, სურსათისა და გარემოს დაცვის სამინისტრო არის სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელი უწყება. მისი ფუნქციებია:
- სახელმწიფო კანონმდებლობის შექმნა წყლის, სანაპიროების, გარემოს, მთების, მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის საკითხებში. სოფლის მეურნეობის, თევზჭერისა და სურსათის მრეწველობის პოლიტიკის შესახებ მთავრობისთვის ზოგადი რეკომენდაციების მიწოდება და განხორციელება;
- ჰიდრავლიკური, საზღვაო და ხმელეთის საზოგადოებრივი ქონების მართვა. სამინისტროს თანამშრომლები ამ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმოადგენენ სახელმწიფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტროს კომპეტენციის შეუზღუდავად;
- სამინისტროს თანამშრომლები კოორდინაციას უწევენ იმ ქმედებებს, თანამშრომლობასა და პოლიტიკის შემუშავებას და მის განხორციელებას, რომლებიც გავლენას ახდენენ გარემოზე მუნიციპალიტეტებში, საჯარო ადმინისტრაციულ კომპეტენციებში, ხელს უწყობენ მათ ჩართულობას ორგანიზაციებისა და შესაბამისი რესურსების მეშვეობით;
- ეს სამინისტრო აერთიანებს გარემოს დაცვის ყოფილი სამინისტროს და ყოფილი სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის სამინისტროს ფუნქციებს. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების საქმეში.
დიდი ბრიტანეთი
უწყების სახელია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს გარემოს დაცვის, სურსათისა და სასოფლო საკითხების დეპარტამენტი. ეს დეპარტამენტი პასუხისმგებელია გარემოს დაცვის, სურსათის, ფერმერული მრეწველობისა და სოფლის ეკონომიკის ხელშეწყობაზე. დეპარტამენტის მიზანია სურსათისა და ფერმერობის, ბუნებისა და რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის განვითარება/გაძლიერება, გარემოს დაცვა და სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფებისაგან, ცხოველებისა და მცენარეების დაავადებებისაგან დაცვა. დეპარტამენტის პრიორიტეტებს წარმოადგენს: სუფთა და ჯანსაღი გარემო, მსოფლიოში წამყვანი სურსათის წარმოება და ფერმერული მრეწველობა, სოფლის ეკონომიკის ხელშეწყობა და ბუნებრივი კატასტროფების წინააღმდეგ რეაგირებისა და დაცვის შესაძლებლობების გაძლიერება. დეპარტამენტში დასაქმებულია 2000 თანამშრომელი: პოლიტიკის შემმუშავებლები, მეცნიერები და მკვლევარ-სპეციალისტები. დეპარტამენტი შედგება 33 სააგენტოსა და საჯარო ორგანოსგან.
კვიპროსი
კვიპროსის სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარებისა და გარემოს დაცვის სამინისტრო დაყოფილია 3 სექტორად:
• სოფლის მეურნეობა/თევზჭერა
• ბუნებრივი რესურსები
• გარემოს დაცვა
1. სოფლის მეურნეობა/თევზჭერა
- ევროკავშირის განყოფილება
- სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი
- ვეტერინარიის დეპარტამენტი
- თევზჭერისა და საზღვაო კვლევის დეპარტამენტი
- მიწის კონსოლიდაციის დეპარტამენტი
- სოფლის მეურნეობის კვლევის ინსტიტუტი
2. ბუნებრივი რესურსები
- საერთაშორისო ურთიერთობები
- დეპარტამენტები/სამსახურები:
● წყლის განვითარების (ჰიდროლოგიური, ჰიდროგეოლოგიური და გეოტექნიკური საქმიანობა, წყლის დაბინძურება) ინფრასტრუქტურული საქმიანობა. ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობები
● სატყეო
● გეოლოგიური კვლევის
● სამთო მოპოვების სამსახური
● მეტეოროლოგიური სამსახური
● დისტანციური ზონდირების ცენტრი
3. გარემოს დაცვა
გარემოს დაცვის დეპარტამენტის ფუნქცია-მოვალეობები:
● გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინაცია;
● პოლიტიკის განხორციელების და ევროპის გარემოსდაცვითი კანონმდებლობის ზედამხედველობა;
● გარემოზე ზემოქმედების შეფასების ხელმძღვანელობა;
● მყარი და სახიფათო ნარჩენების მართვასა და წყლის დაბინძურების კონტროლთან დაკავშირებული კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობა;
● გარემოსდაცვითი ინფორმაციის და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.
დეპარტამენტი წარმოადგენს ე.წ. გარემოს საბჭოს ადმინისტრაციულ ფრთას და არის საერთაშორისო მრავალმხრივი შეთანხმებების და ორგანიზაციების ეროვნული პასუხისმგებელი უწყება.
ზემოაღნიშნულიდან იკვეთება, რომ მაქსიმალური აქცენტები გაკეთებულია გარემოსდაცვის მიმართულებაზე, ამას სტრუქტურაც ცხადყოფს. სოფლის მეურნეობის კომპონენტი ჰარმონიზებულია გარემოს დაცვის მიმართულებასთან და ბუნებათსარგებლობა ხორციელდება მდგრადობის და გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით.
ქვემოთ მოცემულია იმ ქვეყნების პრაქტიკის მოკლე მიმოხილვა, სადაც ბუნებრივი რესურსების მართვა განიხილება ეკონომიკის სფეროს ნაწილად და შესაბამისად იგი განეკუთვნება ეკონომიკის სამინისტროს ფუნქციებს.
ჰოლანდია
ჰოლანდიის ,,წიაღის შესახებ აქტის” შესაბამისად (აღნიშნული კანონი მოქმედებს 2010 წლის ცვლილებების გათვალისწინებით) წიაღით სარგებლობის ლიცენზიას გასცემს ეკონომიკის მინისტრი (მუხლი 1). ლიცენზიას საბადოს შესწავლაზეც ასევე გასცემს მინისტრი.
წიაღით სარგებლობის სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო (სააგენტო), რომელიც ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. აღნიშნულ კომპეტენტურ ორგანოს ხელმძღვანელობს გენერალური ინსპექტორი. მისი ძირითადი ამოცანაა განახორციელოს მონიტორინგი ბუნებრივი რესურსების მოპოვებაზე. ასევე, კონკრეტულ შემთხვევებში მინისტრის გადაწყვეტილებით ასეთი ზედამხედველობის ფუნქცია შეიძლება დელეგირდეს სხვა პირებზეც.
2017 წლიდან სამინისტროს სახელწოდებაა “ეკონომიკურ საქმეთა და კლიმატის პოლიტიკის სამინისტრო”. ამ სამინისტროს დაქვემდებარებიში მოქმედებს აღნიშნული ზედამხედველობის ორგანო, რომელიც დამოუკიდებლად არეგულირებს მინერალურ რესურსებს და ზედამხედველობს მის უსაფრთხო და გარემოსდაცვითი ნორმების გათვალისწინებით მოპოვებას. დამატებით აღსანიშნავია, რომ სააგენტოს აქვს მინისტრისთვის მოპოვებით აქტივობებზე რეკომენდაციების გაცემის ფუნქციაც, რისთვისაც გაჩნია შესაბამისი სფეროს ექსპერტებით დაკომპლექტებული შტატი.
პორტუგალია, ირლანდია
პორტუგალიაში წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიცემა პორტუგალიის ეკონომიკის, გეოლოგიისა და ენერგეტიკის სამინისტროს მიერ.
ირლანდიაში ლიცენზიას გასცემს ეკონომიკის დეპარტამენტი. ირლანდიის პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად შეისწავლონ ქვეყანაში არსებული მინერალური რესურსები, მათი ეკონომიკური ღირებულება, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს სამთო მოპოვებითი სექტორის წვლილი ეკონომიკაში.
იტალია
მოპოვების ლიცენზიასთან დაკავშირებით კომპეტენტური ორგანო არის რეგიონი. თუმცა კონტინენტურ შელფთან დაკავშირებით ან ტერიტორიულ ზღვასთან მიმართებით კომპეტენტურია ეკონომიკის განვითარების სამინისტრო გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად.
აღსანიშნავია, რომ გეოთერმულ რესურსებთან დაკავშირებული საქმიანობისას, რომელიც ხორციელდება ტერიტორიულ ზღვაში ან კონტინენტურ შელფზე, ეკონომიკის განვითარების სამინისტრო გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად გასცემს ლიცენზიას.
გერმანია
გეოთერმული ენერგია მიიჩნევა ბუნებრივ რესურსად და მისი გამოკვლევა და მოპოვება შესაძლებელია ლიცენზიის მეშვეობით, რომელსაც გასცემს ექსკლუზიურად გერმანიის ფედერალური ეკონომიკის სამინისტრო.
წიაღით სარგებლობა ორეტაპიანი პროცესია. გეოთერმულ მოპოვებასთან დაკავშირებით მომპოვებელს შეუძლია პირველ რიგში მოიპოვოს მოპოვების ლიცენზია და შემდეგ დაამტკიცოს დამუშავების გეგმა შესწავლისთვის. პირი პირველ რიგში მოიპოვებს ლიცენზიას და შემდეგ ამტკიცებს დამუშავების გეგმას მოპოვებისთვის.
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ სამთო-მოპოვებითი საქმიანობა განიხილება ქვეყნის ეკონომიკური სექტორის განვითარების ერთ-ერთ მიმართულებად. განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომელიც მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. შესაბამისად, შემუშავებულია საინვესტიციო სტრატეგიები (მაგ., კანადა), სადაც სამთო-მოპოვებითი სექტორი ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად არის მიჩნეული. წიაღითსარგებლობის პროცესში გათვალისწინებულია მდგრადობის პრინციპები და გარემოსდაცვითი კომპონენტი. ამავდროულად, საინვესტიციო პაკეტები სამთო-მოპოვებითი სექტორით დაინტერესებული ინვესტორებისათვის, როგორც წესი, თანხმდება ეკონომიკის სამინისტროსთან, რომელიც, ხშირ შემთხვევაში ითვალისწინებს ქვეყნისათვის აუცილებელი ეკონომიკური და სოციალური პროექტების განხორციელებას ინვესტორის მიერ ინვესტიციის განხორციელების პარალელურად.

უწყებრივი კოორდინაციის მექანიზმი
ორი დარგის – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ერთ უწყებად გაერთიანების ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება ერთიანი, შიდაუწყებრივი სასურსათო და ეკოლოგიური უსაფრთხოების კოორდინაციის მექანიზმის შექმნა. ამ მხრივ საინტერესოა “საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგია”, ,,სოფლის განვითარების სტრატეგია 2017-2020 წწ”. და „საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა 2017-2021 წწ“. დებულებების ურთიერთშედარება.
“გარემოს დაცვის მესამე ეროვნულ პროგრამაში” გამოყოფილია სამინისტროები, რომლებიც ჩართულები არიან იმ სოციალურ-ეკონომიკური სექტორის განვითარების დაგეგმვაში, რომელიც ყველაზე დიდ ზეწოლას ახდენს გარემოზე ან მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარემოსდაცვითი გამოწვევების პრევენცია/რეაგირებაში: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და მის მმართველობაში შემავალი სსიპ - შემოსავლების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სტატისტიკის ეროვნული სამსახური. ეს სტრუქტურები წარმოადგენენ ძირითად უწყებებს გარემოსდაცვითი მიმართულებით („საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა 2017-2021 წწ“. თბილისი, 2017, გვ. 15-16).
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და მისი შესრულების კონტროლის განხორციელება. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო კოორდინაციას უწევს გლობალური კლიმატის ცვლილების გამოვლინებების პრევენციისა და მათთან ადაპტაციის ღონისძიებების შემუშავების პროცესს. სურსათში, სასმელ წყალში, ცხოველთა საკვებში და ნიადაგში რადიონუკლიდების შემცველობაზე კონტროლს ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ამავე დროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკოლოგიური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულებაც ევალება. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის N167 განკარგულებით დამტკიცებული “საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგია” გარემოსდაცვით საკითხებს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განიხილავს. დოკუმენტის სტრატეგიული მიმართულება 3.7 ეძღვნება კლიმატის ცვლილებას, გარემოს დაცვას და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული კიდევ ერთი დოკუმენტი − ,,სოფლის განვითარების სტრატეგია 2017-2020 წწ”. სამი პრიორიტეტული სფეროდან ერთ-ერთს გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა წარმოადგენს. კერძოდ, ეს სფერო მოიცავს შემდეგ ამოცანებს: 1. წყლის, ტყისა და სხვა რესურსები; მიზნობრივ სოფლის ტერიტორიებზე წყლის, ტყისა და სხვა რესურსების მართვის გაუმჯობესება; 2. ნარჩენების მართვა, სოფლად ნარჩენების მართვის მდგრადი სისტემების განვითარების ხელშეწყობა; 3. კლიმატის ცვლილება, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური გავლენის შერბილების ღონისძიებების განხორციელება, რისკების შეფასება. შესაბამისი ღონისძიებები მოცემულია სტრატეგიის განხორციელების 2017 წლის სამოქმედო გეგმაში.
სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ძირითად პრობლემებს მიეკუთვნება სარწყავი წყლის არამდგრადი გამოყენება (156 მილიონი მ3 2013 წელს), რომლის დროსაც წყლის დანაკარგი 50%-ს აჭარბებს; ასევე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან ჩამონადენი (ნიტრატები, ფოსფატები და პესტიციდები). ფოსფატებთან დაკავშირებული დაბინძურების პრობლემა არ ფიქსირდება; თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, აზოტის ნაერთების (განსაკუთრებით ამონიუმის აზოტის) კონცენტრაცია დადგენილ ზღვარს აჭარბებს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადგენს სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების წყლის სტანდარტებსა და ნორმებს, ხოლო სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციაში შედის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო შპს „საქართველოს მელიორაცია“ პასუხისმგებელია სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მართვაზე, ასევე სისტემების მომხმარებლებისაგან შესაბამისი გადასახადის შეგროვებაზე საკუთარი რეგიონული ოფისების საშუალებით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (სმს) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან (გბრდს) ერთად კანონმდებლობით დადგენილი წესით არეგულირებენ და ზედამხედველობას ახორციელებენ სამედიცინო და ცხოველური ნარჩენების მართვაზე.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო უწყებაა ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში. სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო პასუხისმგებელია აგროქიმიკატებისა და პესტიციდების რეგისტრაციასა და რეგისტრირებული პესტიციდების და აგროქიმიკატების სახელმწიფო კატალოგის წარმოებაზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციებში შედის: პესტიციდების და აგროქიმიკატების იმპორტის, ეტიკეტირების, შენახვის, წარმოების (დაფასოების), ტრანსპორტირების, რეალიზაციის და უსაფრთხო გამოყენების წესების დაცვის კონტროლი; სარეალიზაციოდ გამიზნული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლი; ქიმიკატებით და პესტიციდებით ვაჭრობისას დარღვევების გამოვლენა და კონტროლი. სამინისტრო პასუხისმგებელია წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის განხორციელებაზე როტერდამის კონვენციის რეგულირების სფეროში შემავალი ქიმიური ნივთიერებების (პესტიციდების) იმპორტის შემთხვევაში.
საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტაციის სისტემის სრულყოფა, აგრეთვე ქვეყანაში ამჟამად მოხმარებაში არსებული პესტიციდების ჩამონათვალის განახლება ადამიანისა და გარემოსათვის ნაკლებ ტოქსიკური პესტიციდების შერჩევის მიზნით საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის N167 განკარგულებით დამტკიცებული “საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის” ერთ-ერთი პრიორიტეტია.
სახეობათა განადგურებისა და ჰაბიტატების (ეკოსისტემების დეგრადაციის) ფრაგმენტაციიის გამომწვევ მთავარ მიზეზად ინტენსიური სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურის განვითარება, უკანონო ნადირობა, თევზჭერა და ხე-ტყის მოპოვება, გარემოს დაბინძურება, არამდგრადი ტურისტული და რეკრეაცული პრაქტიკა და ა.შ. ითვლება. მაგალითად, 1995-2005 წლებში კალმახის პოპულაციები, სულ მცირე, 30%-ით შემცირდა. საქართველოში ბექობის არწივის მხოლოდ 15 საბუდარი ადგილია შემორჩენილი. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ასევე სვავიც - მსოფლიოსა და საქართველოში ერთ-ერთი უიშვიათესი ლეშიჭამია ფრინველი, რომელზეც მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება იქონია საბუდარი ადგილების დეგრადაციამ, ადამიანების მხრიდან ხელყოფამ და ნადირობამ.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღნიშნულ სფეროში ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახელმწიფო ორგანოს. კერძოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო პასუხისმგებელია ცხოველთა და მცენარეთა აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე. აღნიშნულ ფუნქციას სამინისტრო ახორციელებს 2014 წელს დაარსებული სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საშუალებით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციაში შედის საქართველოში აკვაკულტურის განვითარებაც. ხოლო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს აკვაკულტურის განვითარების სამართლებრივი ასპექტების რეგულირებაში, ასევე ახორციელებს აღსრულების სახელმწიფო გარემოსდაცვით კონტროლს.
ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული ასპექტები ასახულია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის N167 განკარგულებით დამტკიცებულ „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიაში.“
სტრატეგიის თანახმად, კლიმატის ცვლილება, გარემო და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს (სტრატეგიული მიმართულება 3.7). კერძოდ, დოკუმენტში სათანადო ყურადღება ეთმობა კარგ სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუმებასა და მდგრად გარემოსდაცვით პროგრამებს, გენეტიკური ბანკის შექმნას/მართვას აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას. ....ბუნებრივი ჰაბიტატების დეგრადაცია და ფრაგმენტაცია მცენარეთა და ცხოველთა სახეობების პოპულაციების შემცირების მთავარი მიზეზია. ბოლო წლებში ენერგეტიკის (მაგ., ჰიდროელექტროსადგურები), სოფლის მეურნეობის (მაგ., ჭარბი ძოვება) და ინფრასტრუქტურის (მაგ., გზები) დარგების ინტენსიურმა განვითარებამ გააძლიერა ზეწოლა ბუნებრივ ჰაბიტატებზე. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება მიღებული სათანადო და დროული ზომები, გარდა ფრაგმენტაციისა, შესაძლებელია მოხდეს ბუნებრივი ჰაბიტატების დაბინძურებაც (მაგ., პესტიციდებითა და სასუქებით).
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ორი სახელმწიფო სტრუქტურაა, რომლებიც, მიწის გამოყენაბასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში, ჩართულნი არიან ტყის მართვაში.
ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ სრულყოფილი მონაცემების ნაკლებობის გამო საქართველოში არ არსებობს რუკები, რომლებზედაც ასახულია დამლაშებული ან მძიმე ლითონებით დაბინძურებული ტერიტორიები. არსებობს მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წელს მომზადებული ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიის მიმართ მგრძნობიარე ტერიტორიების ტერიტორიების, გამჟავებული ნიადაგებისა და ნიადაგში საკვები ელემენტების შემცველობის ამსახველი თემატური რუკები (1:500000). მიწისა და ნიადაგური რესურსების დაცვის სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელ ძირითად სახელმწიფო ორგანოებს წარმოადგენენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროები.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო პასუხისმგებელია სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე, ნიადაგის ნაყოფიერებაზე, მცენარეთა დაცვაზე, მეცხოველეობის განვითარებაზე და სოფლის მეურნეობის მექანიზაციაზე. გარდა ამისა, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს სარწყავი სისტემების მართვას და სახელმწიფო კონტროლს. 2013 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტში შეიქმნა ნიადაგის რესურსების მართვის სამმართველო. სამინისტროს სტრუქტურაში შედის სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, რომელიც ახორციელებს ნიადაგის დეგრადაციის სამეცნიერო კვლევას. ლაბორატორია ფერმერული მეურნეობებისათვის ატარებს ნიადაგის ანალიზს და თანამშრომლობს საქართველოს რეგიონებში შექმნილ ექსტენციის სამსახურებთან.
საქართველოში ნიადაგის კვლევას ახორციელებს რამდენიმე სხვა ლაბორატორიაც, მათ შორის აგრარულ უნივერსიტეტში არსებული ა(ა)იპ აგრარული უნივერსიტეტის „ფერის“ სახელობის ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის და ბუნების დაცვის ლაბორატორია და კერძო ლაბორატორია „მულტი ტესტი“. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორია განსაზღვრავს ნიადაგებში მძიმე ლითონების შემცველობას.
ნიადაგის დაცვის კიდევ ერთ ეროვნულ სტრატეგიულ დოკუმენტს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 თებერვლის N167 განკარგულებით დამტკიცებული საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგია წარმოადგენს. სტრატეგიის თანახმად, მიწის რესურსების დეგრადაცია საქართველოში სოფლის მეურნეობის მართვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა. პესტიციდებისა და სასუქების არასწორი მოხმარება, სამელიორაციო სისტემების გაუმართაობა და ნარჩენების არასწორი მართვა, აგრეთვე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფები, მიწის რესურსების ნაყოფიერების შემცირების ძირითად მიზეზებად სახელდება. დოკუმენტში წარმოდგენილია მდგომარეობის გამოსწორებისკენ მიმართული შემდეგი ღონისძიებები: პესტიციდებისა და სასუქების სათანადო მართვა, ნარჩენების მონიტორინგი, სამელიორაციო სისტემების გაუმჯობესება და ბუნებრივი კატასტროფების მართვაში ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა (იქვე, გვ. 114). გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება „საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წწ. სტრატეგიის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
ქარითა და წვიმით გამოწვეული ნიადაგის ეროზია, აგრეთვე ნიადაგის დატკეპნა (რაც ამცირებს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას და ხელს უშლის ნიადაგში წყლის ინფილტრაციას) და ნიადაგის ნაყოფიერების შემცირების კლება საქართველოს ნიადაგების ძირითად საფრთხეებს წარმოადგენს.
სათბურის აირების ეროვნული ინვენტარიზაციის ბოლო ანგარიშის თანახმად, სათბურის აირების ემისიების მოცულობამ 2013 წელს შეადგინა 16,301 ათასი ტონა ჩO2-ის ეკვივალენტებში. ქვეყანაში ემისიების მხრივ პირველ ადგილზეა ენერგეტიკა, რომლის წილიც ემისიების მთლიან მოცულობაში 57%-ის ტოლია. მეორე ადგილზეა მრეწველობა 18%-იანი წილით, მას მოსდევს სოფლის მეურნეობა (17%) და ნარჩენები (8%).
კლიმატის ცვლილება უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ეკონომიკის დარგებზე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაზე. საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკაში. საქართველოში ფერმერებმა უნდა შეასრულონ საკვანძო როლი საზოგადოების ფუნდამენტური საჭიროების - უსაფრთხო, დაცული და ხელმისაწვდომი საკვებით უზრუნველყოფაში. ეს ფაქტი ხაზს უსვამს სოფლის მეურნეობაზე კლიმატის ცვლილების გავლენასა და სასურსათო უსაფრთხოებას შორის არსებული დამოკიდებულების მნიშვნელობას. ბოლო ათწლეულების მანძილზე კლიმატის ცვლილების გამოვლინებების უარყოფითმა ზემოქმედებამ (ტემპერატურის მატება, ქარების გაძლიერება და წყლის რესურსების შემცირება) მნიშვნელოვნად შეამცირა პროდუქტიულობა სოფლის მეურნეობის დარგში.
სოფლის მეურნეობის დარგში წარმოქმნილი, გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების ძირითადი მიზეზი ნალექების რეჟიმისა და ჰაერის ტემპერატურის ცვლილებაა, რაც, განსაკუთრებით სოფლად, ხარჯების ზრდას იწვევს. 2000 წელს ძლიერმა გვალვებმა თითქმის მთლიანად გაანადგურა მარცვლეულის მოსავალი, დააზიანა 400000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული. ბოლო ათი წლის მანძილზე აღმოსავლეთ საქართველოში გახშირდა გვალვები. ძლიერი გვალვა, რომელსაც თან მაღალი ტემპერატურა ახლავს (40-42 გრადუსი) ყოველწლიურად ფიქსირდება. ჰაერის მაღალი ტემპერატურა რეგიონში ძლიერი გვალვების სიხშირეს აორმაგებს.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სოფლის მეურნეობის ქიმიზაციისა და გარემოს დაცვის მეცნიერული შესწავლა XXI საუკუნის გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს. მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციის პროცესები პირდაპირ არის დაკავშირებული სამეურნეო მასშტაბების ზრდასთან, რომლებმაც გამოიწვია დედამიწის ბუნებრივი რესურსების გამოყენების და გარემოს დაბინძურების იმ დონემდე გადიდება, რომ ადამიანი არჩევანის წინაშე დააყენა − ან უნდა შეიცვალოს განვითარების გზები, ან საკუთარი თავი გაწიროს. XXI საუკუნის მთავარ ამოცანას ყველა სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო წარმოების მდგრადი განვითარების რელსებზე გადაყვანა წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ეკოლოგიური მდგრადობის განმტკიცებას და გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.
თანამედროვე აგროქიმიის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს მინერალური სასუქების ეფექტურობის გადიდება და გარემოზე სოფლის მეურნეობის ინტენსიური ქიმიზაციის ეკოლოგიური ზემოქმედების შესწავლა. სასუქების გამოყენების თვალსაზრისით, გარემოს დაცვის პრობლემამ თანამედროვე პირობებში განსაკუთრებული სიმწვავე შეიძინა დასავლეთ საქართველოს უხვნალექიან ზონებში და სარწყავი მიწათმოქმედების პირობებში, სადაც ქიმიზაციის განვითარების სწრაფი ტემპები შეთანაწყობილია ნიადაგის წყლით გამორეცხის რეჟიმთან, მეცხოველეობის ინტენსიურ განვითარებასთან და სასუქების შესანახი საწყობების არასაკმარის რაოდენობასთან. ამასთან, ზოგიერთ ზონაში მრავალი წლის განმავლობაში სასუქების ინტენსიური გამოყენებით შეიქმნა აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის დადებითი საწყისი ბალანსი, რის გამოც მინერალური სასუქების გამოყენების ტემპები მნიშვნელოვნად ჭარბობს მოსავლით საკვები ელემენტების გამოტანას. მიუხედავად ამისა, მომავალშიც სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის გადიდების მთავარ საშუალებად კვლავ დარჩება მინერალური სასუქების გამოყენება, რაც უზრუნველყოფს მოსავლის 50 %-იანი ნამატის მიღებას ზოგიერთი მწვანე მასის მომცემ მცენარეში (მაგალითად, ჩაი და სხვ. 80%).
მინერალური სასუქების გამოყენებაზე უარის თქმა გამოიწვევს სურსათის წარმოების კატასტროფულ შემცირებას. აქედან გამომდინარე, ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი სწორი გზაა არა სასუქების გამოყენებაზე უარის თქმა, არამედ მინერალური სასუქების გამოყენების ტექნოლოგიის ძირეული გაუმჯობესება. სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს განსხვავებული მოთხოვილება აქვს ძირითად საკვებ ელემენტებზე. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ვიცოდეთ თუ როგორი გამოტანა ახასიათებთ მათ ერთი და იმავე მოსავლიანობის პირობებში, შემდგომში რომ შევაფასოთ რამდენად სწორად შევიტანეთ სასუქი, მცენარის ბიოლოგიური თავისებურებების, კლიმატურ-ნიადაგური პირობების და მოსავლის დონის გათვალისწინებით, რათა საჭიროების შემთხვევაში განვახორციელოთ სათანადო კორექტივები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასურსათო და ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემა, ენერგიის ახალი წყაროების გამოყენების და სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად მიეკუთვნება მსოფლიოს იმ გლობალურ პრობლემათა რიცხვს, რომელთა გადაჭრაზე ბევრადაა დამოკიდებული კაცობრიობის მომავალი (რომის დეკლარაცია, 2012) ამდენად, ამ საფრთხეების თავიდან ასარიდებლად ბრძოლა ერთიანი სტრატეგიითაა საჭირო.

ერთიანი სტრატეგიის შექმნის აუცილებლობა
სულ უფრო მეტი მეცნიერი, პრაქტიკული მუშაკი და პოლიტიკური მოღვაწე თვლის, რომ მალე ეკოლოგიურად სუფთა კვების პროდუქტების პრობლემა საერთაშორისო კრიზისამდე მიგვიყვანს. ექსპერტების აზრით, სუფთა სურსათზე მოთხოვნის ზრდა განპირობებული იქნება ორი გარემოებით: დედამიწის მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდითა და ყველა ქვეყნის მისწრაფებით, გაზარდოს თავისი მოსახლეობის კვების კალორიულობა და ეკოლოგიური ხარისხი. გაანგარიშების თანახმად, დედამიწის მოსახლეობა 2030 წლისათვის მიაღწევს 8.9 მლრდს. სხვადასხვა ქვეყნებს შორის კვების ხარისხისა და კალორიულობას შორის განსხვავების ლიკვიდაცია ასევე იქნება ეკოლოგიურად სუფთა სურსათზე მოთხოვნის ზრდის მძლავრი ფაქტორი. ექსპერტების ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, თუ ამოსავალ პუნქტად მხოლოდ პლანეტის მოსახლეობის აღნიშნულ ზრდასა და კვების თანამედროვე ნორმებს მივიჩნევთ, მაშინ მარცვლეულის დეფიციტი 2030 წლისათვის იქნება 526 მლნ ტონა, ხორცის - 40 მლნ ტონა, ზღვის პროდუქტების - 68 მლნ ტონა. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80–იან წლებში მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციის, ფაო-ს ხელმძღვანელი ჟაკ დიუფი თვლიდა, რომ თუკი არ მოხდება სურსათის წარმოებასა და ნიადაგის ნაყოფიერებაში ტექნოლოგიური გარღვევა, XXI საუკუნის პირველივე ნახევარში უკვე შეიძლება დაიწყოს უმძლავრესი სასურსათო კრიზისი.
აღნიშნულ სფეროში სიტუაციის მოსალოდნელ გართულებასთან დაკავშირებით შესაძლებელია ცალკეულ ქვეყნებში მოხდეს ეროვნული სტრატეგიების გადასინჯვა სურსათის ეკოლოგიური უსაფრთხოების კუთხით. განვითარებული ქვეყნების ერთი ნაწილი უკვე მუშაობს ამ მიმართულებით. მათ გადახედეს სურსათის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ადრინდელ შეხედულებებს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაზრდის შესახებ.
ტერმინი „სასურსათო უსაფრთხოება“ საერთაშორისო პრაქტიკაში შემოღებულია XX ს. 70-იანი წლებიდან, მარცვლეულის ღრმა კრიზისის შემდეგ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სასურსათო და სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციის - ფაო-ს ეგიდით შექმნილია საერთაშორისო სასურსათო უსაფრთოხების მუდმივმოქმედი კომიტეტი.
სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებს დიდი ყურადღება ექცევა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. აღნიშნული საკითხები მთავრობების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საგანია და ამ საკითხებიდან გამომდინარე ისინი აყალიბებენ იმ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პირობებს, რომლებიც უზრუნველყოფს მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრას (კრისტოფ კორდონიე, 2010; ვინსენტ ვოლკჰარტი, 2008).
ამჟამად განვითარებული ქვეყნების უმრავლესობას აქვს სასურსათო უსაფრთხოების საკუთარი საკანონმდებლო ბაზა. ასე მაგალითად, აშშ-ში კანონს „სასურსათო უსაფრთხოების შესახებ“ აქვს ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია. გერმანიაში ჯერ კიდევ 1955 წელს მიიღეს კანონი „გერმანიის სოფლის მეურნეობის შესახებ“ რომელშიც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ვალდებულია სასურსათო მომარაგების პრობლემა განიხილოს როგორც სტრატეგიული ამოცანა, აუცილებლობის შემთხვევაში მოახდინოს სასურსათო ფონდების ფორმირება, გამოიყენოს ეკონომიკური სტიმულირებისა და მხარდაჭერის ღონისძიებების მთელი კომპლექსი და არ დატოვოს სასურსათო პრობლემა მესამე ქვეყნებზე დამოკიდებულ მდგომარეობაში.
სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის რეალიზაცია განვითარებულ ქვეყნებში ხორციელდება სახელმწიფოს მხრივ ეკონომიკურ განვითარებაში აქტიური ჩარევის, საკუთარი სასოფლო-სამეურნეო საქონლის მწარმოებლების მიმართ თანადგომის გზით. სახელმწიფოს მხრივ მხარდაჭერას აქვს მრავალასპექტიანი ხასიათი. ესაა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სახელმწიფო შესყიდვების სისტემა, ფასების რეგულირება, აგრარული წარმოებისთვის ხელშეწყობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებაზე კვოტის დაწესება, საქონელმწარმოებელთა დაცვა საზღვარგარეთიდან უფრო იაფი სურსათით ინტერვენციისგან, სოციალური პროგრამების დაფინანსება და ა.შ. დასავლეთის ბევრი მთავრობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბაზრის რეგულირებას ახდენს სათესი ფართობების დაგეგმვის, სახელმწიფოს მიერ საქონლის ნამატის შენახვისა და შემდგომი რეალიზაციის გზით, ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საგარეო ბაზრების გაფართოებას, უზრუნველყოფს მისი ხარისხის კონტროლს, ატარებს ბუნების დაცვის ღონისძიებებს და ა.შ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სტრატეგიის განხორციელების მექანიზმი განიხილება როგორც ორგანიზაციული სტრუქტურების, სპეციფიკური პრინციპების, ასევე მართვის მეთოდების და სამართლებრივი სტანდარტების ერთობლიობა, რომელთა დახმარებით უნდა მოხდეს აგროსამრეწველო და პოსტინდუსტრიული ნიადაგების რევიტალიზაცია.
აგროსამრეწველო და პოსტინდუსტრიული ნიადაგების რევიტალიზაციის სტრატეგია რამდენიმე მთავარ პრინციპს დაეფუძნება: ფინანსური რესურსების ინტეგრაცია, ინტერესთა ბალანსი, პასუხისმგებლობა, ეფექტური მენეჯმენტი, რესურსების მიზნობრივი გამოყენება და ა.შ. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
ფინანსური ინტეგრაციის პრინციპი გულისხმობს ყველა შესაძლო დაფინანსების წყაროს მოძიებას, რათა განხორციელდეს ინვესტირება, მაგალითად, იმერეთის მარგანეცით მდიდარი ნიადაგების ეკოლოგიური და ეკონომიკური მდგრადი განვითარების პროექტებში.
ფინანსური ინტეგრაციის პრინციპი მჭიდროდაა დაკავშირებული ინტერესთა ბალანსის პრინციპთან, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს იმ ორგანოების განსაზღვრას, რომლებიც ჩართულნი არიან (ან აქვთ რაიმე სახის დაინტერესება) აგრარულ-ინდუსტრიული რეგიონების განვითარების პროექტებში.
პასუხისმგებლობის პრინციპი გულისხმობს სტრატეგიის ფარგლებში გაწერილი პროექტის განხორციელების პროცესში (პროექტები, რომლებიც მოიცავს ბუნებრივი რესურსების გამოყენებას ან სხვა სახის დავალებებს) შესაბამისი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა-გადანაწილებას შესაბამის ინდივიდებზე ან ორგანიზაციებზე.
შემოწმების პრინციპი გულისხმობს სტრატეგიის ფარგლებში გაწერილი საქმიანობის შედეგების მონიტორინგსა და კონტროლს. ამ მიზნით უნდა მოხდეს გამჭვირვალე საინფორმაციო სისტემის შექმნა და დაინერგოს ეკოლოგიური და ეკონომიკური კონტროლის ინტეგრაციული სქემა.
ეფექტური მენეჯმენტის პრინციპი გულისხმობს სტრატეგიის ფარგლებში გაწერილი საქმიანობის შედეგების მონიტორინგის/კონტროლის მეთოდების შერჩევას კონკრეტული სიტუაციის მიხედვით.
რესურსების მიზნობრივი გამოყენების პრინციპი გულისხმობს მწირი ბუნებრივი, მატერიალური ან ფინანსური რესურსების მიზნობრივ გამოყენებას რეგიონის ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის.
სამიზნე ჯგუფების საჭიროებების დაკმაყოფილების პრინციპი გულისხმობს ადგილობრივი ხელისუფლებისა და კომპანიების მიზანმიმართულ ქმედებებს საქონლისა და სერვისების მომხმარებელთა სამიზნე ჯგუფების (აგრარულ-ინდუსტრიულ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ) საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის.
სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში არანაკლები ყურადღება ეთმობა ეკოლოგიურ მენეჯმენტს, რომელიც უზრუნველყოფს დასახული ეკოლოგიური ამოცანების ეფექტურ განხორციელებას. არსებობს ეკო-მენეჯმენტის რამდენიმე საშუალება. თუმცა, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია სამი ჯგუფი: ეკონომიკური, ორგანიზაციული და ადმინისტრაციული (მოიცავს სოციალურ და ფსიქოლოგიურ ასპექტებსაც) საშუალებები.

დასკვნა

ეკოლოგიური მენეჯმენტის სრულყოფისთვის საჭიროა შემდეგი ზომების მიღება: აგრარულ-ინდუსტრიული რაიონების ეკოლოგიური მდგომარეობის მონიტორინგის გაუმჯობესება, საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება, ფისკალური პოლიტიკის სტიმულირება, გარემოსდაცვითი ეკოფონდის შექმნა, ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა, გარემოსდაცვითი აქტივობების დანერგვა, ადგილობრივი ხელისუფლების მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობა. 

მომავალი სტრატეგიის განხორციელების უმნიშვნელოვანესი მიზნებია: დაბინძურებული ნიადაგების დარეგისტრირება (მოცემული ტერიტორიის პასპორტის შემოწმება), გამჭვირვალე საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ინვესტიციების მოზიდვა, რევიტალიზაციის სხვადასხვა აქტორებს შორის თანამშრომლობის განმტკიცება, ბუნებრივი კაპიტალის მომხმარებელთათვის პასუხისმგებლობის დაწესება, სოციალური და გარემოსდაცვთი ვალდებულებების შექმნა.

გამოყენებული ლიტერატურა

1. Римская декларация по всемирной продовольственной безопасности. Архивировано из первоисточника 24 марта 2012.
2. იხ. მაგალითად: კრისტოფ კორდონიე, ევროკავშირის საექსპორტო ბაზრების მდგომარეობა ქართული აგროპროდუქციის კონკურენტული უპირატესობის რეალიზაციისათვის, სამუშაო მასალები, 2010; ვინსენტ ვოლკჰარტი,“ვაჭრობის პოლიტიკა და ქართული ექსპორტი”, ქართული ეკონომიკის ტრენდი 2008.
3. ნ. მოდებაძე, ზ. გარაყანიძე. სასურსათო უსაფრთხოების ზოგიერთი პრობლემა საქართველოში. თბ., 1998, პ. კოღუაშვილი – საქართველოს სასურსათო უშიშროება: რეალობა და პროგნოზები. თბილისი. „კოლორი“ 2004; სასურსათო პრობლემიდან-სასურსათო უსაფრთხოებამდე / პ. კოღუაშვილი, ჰ. გიორგაძე, ბ. რამიშვილი [რედ.: გიორგი ზიბზიბაძე, პაატა კოღუაშვილი]; საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფინანსურ-ეკონომიკური ფაქტორები და მისი რეგულირების მექანიზმები საბაზრო ურთიერთობის ფორმირების პირობებში. ზაურ თეთრუაშვილი; ქარდავა მაია თბ., 2006 და ა.შ.
4. Климова Н.В. ПРОДОВОЛЬСТВЕННАЯ БЕЗОПАСНОСТЬ – ОСНОВА ОБЕСПЕЧЕНИЯ ЭКОНОМИЧЕСКОЙ БЕЗОПАСНОСТИ РЕГИОНА // Фундаментальные исследования. – 2012. – № 9-1. – С. 214-219UღL: ჰტტპ://წწწ.ფუნდამენტალრესეარცჰ.რუ/რუ/არტიცლე/ვიეწ?იდ=30206(дата обращения: 05.04.2016).
5. Ефимов А.Б. Организационно-экономическе аспекты достижения продовольственной безопасности в России. Автореферат диссертации на соискание звания кандидата экономических наук (დოც) (2009). Архивировано из первоисточника 24 марта 2012. Новоселова Н.Н. Управление функциональным развитием регионального зарнопродуктового комплекса. Автореферат диссертации на соискание звания кандидата экономических наук (დოც) (2009). Архивировано из первоисточника 24 марта 2012.