ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
|
|
|
|
∘ ლელა მამალაძე ∘ ბლოკჩეინ ტექნოლოგია: საერთაშორისო გამოცდილება და საქართველო ანოტაცია. სტატიის მიზანია გამოიკვლიოს ციფრული ტექნოლოგიის ინოვაციის - ბლოკჩეინის არსი, შექმნისა და განვითარების ეტაპები, ფუნქციონირების საფუძვლები და შესაძლებლობები, კრიპტოგრაფიული აქტივების გამოყენების დადებითი მხარეები და კრიტიკა. კვლევაში გაანალიზებულია ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის მხრივ საქართველოში გადადგმული ნაბიჯები და შედარებულია საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებასთან. საკვანძო სიტყვები: ბლოკჩეინი, ციფრული ტექნოლოგია, საჯარო რეესტრი, საქართველო. შესავალი კრიპტოგრაფიულად დაცული[1] ბლოკჩეინის ტექნოლოგია, როგორც რამდენიმე დოკუმენტის ერთ ბლოკში გამაერთიანებელი სისტემა, პირველად ჯერ კიდევ 1991 წელს, ჰაბერისა და სტორნეტის მიერ იქნა აღწერილი (Haber; Stornetta; 1991). 2008 წელს ბლოკჩეინის მეშვეობით აღირიცხებოდა სატოში ნაკამოტოს[2] მიერ შექმნილ კრიპტოვალუტის, ბიტკოინის ტრანსაქციები. ბლოკჩეინი შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც მუდმივად მზარდი ჩანაწერების სია, სადაც თითოეული ბლოკი შეიცავს წინა ბლოკთან დამაკავშირებელ ნიშანს და დაცულია კრიპტოგრაფიულად (Iansiti., Lakhani., 2017). ბლოკჩეინის შემსწავლელი კვლევითი ინსტიტუტის (Institute for Blockchain Studies) მკვლევარი მელანი სვონი განმარტავს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის კლასიფიკაციას მისი გამოყენების სამი სფეროს მიხედვით: 1. Blockchain 1.0 არის ვალუტა (კრიპტოვალუტა გამოიყენება ოპერაციებში, რომლებსაც კავშირი აქვს ფინანსურ ტრანსაქციებთან, მაგალითად, ფულადი გზავნილები და ციფრული გადახდის სისტემები); 2. Blockchain 2.0 მოიცავს ფინანსური ბაზრის სფეროში განხორციელებულ ოპერაციებს სხვადასხვა სახის ინსტრუმენტის (აქციები, აქტივები, ობლიგაციები) გამოყენებით; 3. Blockchain 3.0 გულისხმობს ოპერაციებს, რომლთა დანიშნულებაც ვრცელდება არა მხოლოდ ფინანსური ტრანსაქციების, არამედ ისეთ სფეროებზე, როგორიცაა განათლება, მეცნიერება, ჯანდაცვა, საჯარო მმართველობა და სხვ. (Swan; 2017. ციტირებულია: კანდელაკი; 2019). აღსანიშნავია, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენების მასშტაბები ეტაპობრივად ფართოვდება და სხვადასხვა სფეროებში მკვიდრდება. ჯერ კიდევ 2016 წლის ნოემბერში Deutsche Bank-მა ჩაატარა გამოკითხვა (Powering the flow of global capital), სადაც მონაწილე რესპონდენტთა 87% მიიჩნევდა, რომ უახლოეს წლებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება კიდევ უფრო გაიზრდება და მნიშვნელოვნად გარდაქმნის საფინანსო სისტემას (Deutsche Bank., 2016). ხოლო წამყვანი აუდიტორული კომპანია „დელიოტის“ მიერ 2019 წელს ჩატარებული „ბლოკჩეინის გლობალური კვლევის“ მიხედვით, გამოკითხულთა 53% თვლის, რომ მიმდინარე წელს ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვა მათი ორგანიზაციების მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. კვლევაში მონაწილე რესპონდენტებს კი შეადგენდნენ ათეულობით ქვეყნის (ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, ისრაელი, გერმანია, ლუქსემბურგი, სინგაპური, გაერთიანებული სამეფო, აშშ, გაერთიანებულ არაბთა საემიროები) ისეთი წამყვანი ფირმების აღმასრულებელი დირექტორები, რომელთა წლიური შემოსავალიც ასეულობით მილიონ ლარზე მეტია (Deloitte Insights., 2019). საერთაშორისო გამოცდილება როგორც ზემოთ აღინიშნა, სახელმწიფოთა დიდი ნაწილი ბლოკჩეინ ტექნოლოგიას უკვე აქტიურად იყენებს განათლების, კომერციული ჯანდაცვის, სასამართლო, საკანონმდებლო და უსაფრთხოების სფეროებში. აშშ-ში აქტიურად მიმდინარეობს ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დამკვიდრება და ხელშეწყობა, რაშიც აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ლობისტური ჯგუფები. „ბლოკჩეინის ასოციაცია“ წარმოადგენს ბლოკჩეინის ტექნოლოგიით დაკავებული ბიზნესებისა და ინვესტორების ინტერესების დამცველ ლობისტურ ორგანიზაციას ვაშინგტონში, რომლის დამფუძნებლებიც წამყვანი კრიპტოვალუტების ბირჟები და ინვესტორები არიან. ბლოკჩეინის ასოციაციის მთავარი მიზანია, გახდეს ვაშინგტონში პოლიტიკის საკითხებში კრიპტოვალუტის ინდუსტრიის საუკეთესო ლობისტური ორგანიზაცია. ასოციაციის პირველი პრიორიტეტი აშშ-ს საგადასახადო კოდექსით კრიპტოვალუტების დაბეგვრის საკითხებზე განათლების გავრცელებაა (mybitcoin.ge). გერმანიის შემთხვევაში, ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ეფუძნება Proof-of-Concept-ის (PoC) პროექტი, რომელიც ლტოლვილთა თავშესაფრის სისტემის მენეჯმენტისთვის შეიქმნა. PoC ორ ძირითად ბლოკჩეინის აპლიკაციაში გამოიყენეს: პირველი – ზუსტი და სანდო ციფრული პირადობების შექმნა ლტოლვილებისთვის, და მეორე – კომუნიკაციის გაუმჯობესება მუნიციპალურ და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებს შორის. (mybitcoin.ge) ფედერალური ოფისის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში (Supporting communication and cooperation in the asylum procedure with Blockchain technology) ბლოკჩეინის გამოყენება ლტოლვილებისთვის თავშესაფრის საკითხის მოწესრიგებაში დადებითად შეფასდა (Federal Office for Migration and Refugees; 2019). ფინურმა რძის პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია „Arla“-მ“ კი თავისი საწარმოო ჯაჭვი - ფერმიდან რძის პროდუქტების წარმოებამდე - ღია გახადა საზოგადოებისთვის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დახმარებით. საპილოტე პროექტის „Arla Milkchain“-ის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება აქვს ნახოს დეტალური ინფორმაცია თითოეული ეტაპის შესახებ. აღნიშნული ტექნოლოგია ჯერ არლას მხოლოდ ორგანულ რძეზე გამოიყენება (Single Estate Organic Milk), თუმცა, მომავალში მის გამოყენებას სხვა პროდუქტებზეც გეგმავენ (georgiandairy.org). ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვის მასშტაბების ზრდის პარალელურად, რიგი სახელმწიფოები ცდილობენ, ქმედითი ნაბიჯები გადადგან რეგულირებისა და საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის მხრივ. ვაშინგტონის ციფრული კომერციის პალატის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი „ციფრული ტოკენები: ბაზრის მიმოხილვა და გზამკვლევი პოლიტიკის განმახოციელებლებისა და პრაქტიკოსებისთვის“ (Undesrtanding digital tokens: Market Overviews and Proposed Guidelines for Policymakers and Practitioners) არის ერთგვარი გზამკვლევი და მოცემულია ინიციატივები ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვის პროცესში რისკების გამორიცხვის ხელშეწყობასა და პასუხისმგებლიანობის ზრდაზე (Token Alliance; 2018). 2018 წელს კი კანადის ინვესტიციების ინდუსტრიის მარეგულირებელი ორგანიზაციის (Investment Industry Regulatory Organization of Canada - IIROC) მიერ ჩამოყალიბებულ 2019 წლის პრიოტეტებში დასახელდა ბლოკჩეინის მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბება და სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს (mybitcoin.ge). ბლოკჩეინ ტექნოლოგია და საქართველო ბლოკჩეინის გამოყენების ყველაზე გავრცელებული სექტორებია ფულადი გზავნილები, კრიპტოვალუტები, საფინანსო და საბანკო სფერო, განათლების სფერო. თუმცა, გამომდინარე აქედან, საჯარო ადმინისტრირების ტრადიციული სტრუქტურა ციფრული და ტექნოლოგიური განვითარების ფონზე ეფექტური აღარ არის (Lekashvili, 2018), აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც 2017 წლიდან უძრავი ქონების სარეგისტრაციო წარმოებაში ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა (Napr.gov.ge). უძრავი ქონების რეესტრის ელექტრონულ მომსახურებას დაემატა ფანჯარა "ძიება ბლოკჩეინში", სადაც ბიტკოინის ბლოკჩეინსა და საჯარო რეესტრის ვებგვერდებზე არსებული უნიკალური კოდების იდენტურობით მომზადებული დოკუმენტის უტყუარობის შემოწმება არის შესაძლებელი. გარდა საჯარო რეესტრის ვებგვერდისა, ბლოკჩეინის ქსელში უძრავ ქონებაზე ამონაწერის ნამდვილობის გადამოწმება მოქალაქეებს სპეციალურ ვებგვერდებზე: blockchain.info, blocktrail.com, btc.com შეუძლიათ (napr.gov.ge). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისტემის საცდელი პროექტი საჯარო რეესტრის სააგენტომ Bitfury Group-თან[3] გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე დანერგა (napr.gov.ge). განათლებაში არსებული გლობალური გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა Emercoin-ის ბლოკჩეინ სისტემა, რომლის მეშვეობითაც უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულები ცოდნის დამადასტურებელი დიპლომისა და ოფიციალურად დამოწმებული სერტიფიკატების შენახვას დაცულ პლატფორმაზე შეძლებენ. საპილოტე პროექტი პირველ ეტაპზე თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისთვის შეიქმნა. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების შენახვისა და გაზიარების ინოვაციური გზა ძველი სისტემის ხარვეზების აღმოფხვრის საშუალებას იძლევა და ამცირებს ცოდნის დამადასტურებელი ფალსიფიცირებული საბუთების გამოყენებას. აგრეთვე, მინიმუმამდე დაჰყავს პრობლემები, რომელის შეიძლება კურსდამთავრებულს შეექმნას სხვადასხვა დოკუმენტების მისაღებად იმ სასწავლებლიდან, რომელიც დაიხურა (forbes.ge). დასკვნა აღნიშნულის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ბლოკჩეინი განისაზღვრება, როგორც ციფრული, მუდმივ რეჟიმში ქრონოლოგიურად განახლებადი, დეცენტრალიზებული და კრიპტოგრაფიულად დაშიფრული მონაცემთა ბაზა. ბლოკჩეინი არა მხოლოდ ახალი ტექნოლოგია, არამედ აზროვნების ახალი მოდელია, რომელიც მოსალოდნელია, რომ ახლო მომავალში საზოგადოების ფუნქციონირების დღევანდელი მოდელის ტრანსფორმაციას გამოიწვევს მრავალ სექტორში (freeuni.edu.ge). ბლოკჩეინის მეშვეობით ინდივიდებმა შეიძლება ტრანზაქციები შეასრულონ ნებისმიერი შუამავლის გარეშე. შესაბამისად, საჯარო სექტორში ბლოკჩეინის სრული დატვირთვით ამუშავების შედეგად სახელმწიფოს არაერთი რეგულირების სფერო გამოეცლება, რადგან ამ ეტაპზე გარკვეული სერვისების გაწევის დროს სახელმწიფოც შუამავლად გვევლინება. გარდა ამისა, კოდირებული ნორმატიული აქტები, რომლის გაგებასაც კომპიუტერიც შეძლებს, ძვირადღირებული იურიდიული მომსახურების ალტერნატივადაც შეიძლება განვიხილოთ. შესაბამისად, მეტად ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეებისთვის (commersant.ge). აქედან გამომდინარე, ინოვაციური ტექნოლოგიის შემოტანა მოითხოვს განსხვავებული სახის რისკფაქტორების შეფასებასა და არსებულ სამართლებრივ სისტემაში ახალი ცნებებისა და სტანდარტების ინტეგრაციას. სიახლე, რომელიც ბევრ ახალ კითხვას აჩენს რეგულირებასთან დაკავშირებით, გამოწვევების წინაშე აყენებს პოლიტიკის განმახორციელებლებს. შესაბამისად საკანონმდებლო დონეზე აღიარებასა და განსაზღვრებას საჭიროებს ბლოკჩეინზე განთავსებულ მონაცემთა სამართლებრივი სტატუსიც (Lekashvili; Mamaladze; 2019). შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რომელიც ახალი ტექნოლოგიის საჭიროებებზე იქნება მორგებული. თუმცა, ციფრული ინდუსტრიის სამართლებრივად დარეგულირებისთვის საჭიროა შეფასდეს განვითარების თავისებურებები კონკრეტული ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინებით და განისაზღვროს მოსალოდნელი გამოწვევების გადაჭრის გზები. აუცილებელია უცხოური გამოცდილების გაზიარება და აღნიშნული საკითხის დახვეწა, თან იმის გათვალისწინებით, რომ ციფრული ტექნოლოგიის ინოვაციები ბევრ საკითხს (მაგ., კრიპტოვალუტის რეგულირების პრობლემები) მოიცავს და მხოლოდ ბლოკჩეინ სისტემით არ შემოიფარგლება. გამოყენებული ლიტერატურა
[1] ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის მეთოდი. [2] კონკრეტული პიროვნება ან ჯგუფი, რომლის იდენტიფიცირება დღემდე ვერ მოხერხდა. [3] The Bitfury Group არის ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მსოფლიოს წამყვანი სრული მომსახურების კომპანია და ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო პროვაიდერი ბლოკჩეინის ეკოსისტემაში. The Bitfury Groupp შეიმუშავებს და აწვდის მომხმარებელს როგორც აღჭურვილობას, ისე პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის, რათა მათ უსაფრთხოდ შეძლონ აქტივების გადაადგილება ბლოკჩეინის ქსელში. |