English / ქართული / русский /
გიორგი სანაძე
ინდუსტრიალიზაციის მნიშვნელობა გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის შემდგომ პერიოდში

ანოტაცია.სტატია ეხება როგორც ინდუსტრიალიზაციის როლს და მის მნიშვნელობას თანამედროვე გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის შემდგომ პერიოდში, ასევე იმ მოვლენებს, რომლებიც განაპირობებენ თანამედროვე გლობალურ ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისს. ამასთან ერთად, სტატიაში ასევე განხილულია ყველა ის უწინარესი გამოწვევები, რომლთა წინაშეც დგება დღევანდელი გლობალური ეკონომიკური პოლიტიკა.

საკვანძო სიტყვები: ინდუსტრიალიზაცია, მრეწველობა, დეინდუსტრიალიზაცია, რეინდუსტრიალიზაცია, გლობალიზაცია, გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი, ეკონომიკური პოლიტიკა, მბრძანებლური პოლიტიკა, ზომბი-ეკონომიკა, პანდემია, ახლი კორონავირუსი COVID 19, კორონომიკა. 

თანამედროვე გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის შემდგომ პერიოდში ინდუსტრიალიზაციის მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება და მას უმთავრესი როლი ენიჭება ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პროცესში. ინდუსტრიალიზაცია მოიცავს ყველა იმ სოციალურ და ეკონომიკურ პროცესს, რომელიც ემსახურება აგრარულ და კუსტარულ მრეწველობაზე დამყარებული ეკონომიკის გარდაქმნას ისეთ ეკონომიკად, სადაც წამყვანი როლი ეკისრება მსხვილ, ავტომატიზაციაზე დაფუძნებულ მრეწველობას [Dean, 1979:10]. ამრიგად, ინდუსტრიალიზაცია წარმოადგენს კრებსით სახელწოდებას იმ ეკონომიკური და სოციალური პროცესებისა, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებაში მოთხოვნადი პროდუქციის ან მომსახურების შექმნის ეფექტიანი გზების ძიებასთან [Kitchin, Thrift, eds., 2009: 419]. რაც შეეხება ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისს, ზოგადი შეფასებით, ის წარმოადგენს სოციალური შინაარსის მქონე ფენომენს და აქედან გამომდინარე, მოითხოვს შესაბამის ყურადღებას, მათ შორის, ანალიტიკაზე დაფუძნებული სახელმწიფო რეგულაციების მეშვეობით. როგორც ცნობილია, 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისი სწრაფად დაეუფლა მსოფლიოს და მნიშვნელოვნად დააზარალა სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკა. ეკონომიკური კრიზისი ყოველთვის წარმოადგენს დიდ გამოწვევას ეკონომიკური თეორიისა და პოლიტიკისთვის. მან გვაჩვენა, თუ როგორ შეიძლება არარეგულირებულმა ბაზარმა აწყობილი კაპიტალისტური ეკონომიკა ღრმა კოლაფსამდე მიიყვანოს [Hadziahmetovic, Halebic, Colakovic-Prguda, 2018: 48]. დავუბრუნდეთ ისევ ინდუსტრიალიზაციის საკითხს. უნდა აღნიშნოს, რომ ინდუსტრიალიზაციის ფენომენზე და მის ეფექტიანობაზე ემპირიული დაკვირვება და სიღრმისეული შესწავლა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ფეხი მოიკიდა ე.წ. პირველმა ინდუსტრიულმა რევოლუციამ. ამასთან, ინდუსტრიალიზაციის ეფექტის შესასწავლად უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭა მისი გავრცელების გეოგრაფიულ არეალს და აღნიშნულ არეალში არსებული საზოგადოების კულტურულ და ღირებულებით თავისებურებებს. როდესაც საუბარია ინდუსტრიალიზაციაზე, აქვე აუცილებლად ვიგულისხმოთ ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდისკენ. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ინდუსტრიალიზაცია გულისხმობს არა მხოლოდ ერთეული ქარხნის აშენებასა და შესაბამისად, მის ამუშავებას (მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ უახლოესი ტექნოლოგიით არის აღჭურვილი აღნიშნული ქარხანა), არამედ ის აუცილებლად ითვალისწინებს წარმოების განვითარების ფართო, გლობალურ მასშტაბებს. ეს კი თავის მხრივ განაპირობებს ინდუსტრიალიზაციის გამოშვების დიდ ხვედრით წონას მთლიანი სამამულო პროდუქტის ერთიან სტრუქტურაში  (Kitchin, Thrift, eds., 2009: 419).

როდესაც ვსაუბრობთ ინდუსტრიალიზაციაზე, განსაკუთრებით კი მისი პოსტკრიზიუსული პერიოდის მნიშვნელობაზე, არ უნდა გამოგვრჩეს მისი გლობალური, საყოველთაო ხასიათი. გლობალიზაციის პროცესის წარმოშობის საკითხთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გაბატონებული მსოფლმხედველობით, გლობალიზაცია სათავეს იღებს ჯერ კიდევ პირველი ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდიდან. გარდა ამისა, არის ასევე მოსაზრება, რომლის მიხედვითაც გლობალიზაციამ პირველად თავი იჩინა ბოლო რამდენიმე ათეული წლის წინ [Steger , 2003: 17]. თუმცა, ჩემი პირადი მოსაზრებით, გლობალიზაცია არსებობდა ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან მოყოლებული, როდესაც გაბატონდა ელინისტური კულტურა და საკუთრივ - ელინიზმი და რომელიც იმ პერიოდში მოდურ მიმართულებად ითვლებოდა. ამრიგად, ისევ ჩემივე შეფასებით, გლობალიზაცა სხვა არაფერია, თუ არა ამა თუ იმ ეპოქაში წარმოქმნილი მიმართულება, რომელიც მისაღები აღმოჩნდება იმავე ეპოქის წარმომადგენელი საზოგადოებისთვის. გარდა ამისა, აგრეთვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ გლობალიზაცია წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ძირითად თავისებურებას, რომელიც განსაზღვრავს მსოფლიო პოლიტიკის შინაარსს [დავითაშვილი, 2003: 189].

ინდუსტრიალიზაციის ეფექტიანობა განუზომელია დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, ბოლო პერიოდში (უპირატესად იგულისხმება XX საუკუნის მეორე ნახევარი), მსოფლიოს მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, მრეწველობაში დასაქმებულთა ხვედრითი წილი მნიშვნელოვან შემცირებას განიცდის. აღნიშნული ფენომენი ფართო საზოგადოებისთვის დეინდუსტრიალიზაციისსახელით არის ცნობილი. დეინდუსტრიალიზაციის პროცესს ტრადიციულად ადგილი აქვს მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში და ის უმეტეს შემთხვევაში ორიენტირებულია ინდუსტრიასთან დაკავშირებული სექტორის ნაცვლად მომსახურების სექტორის განვითარებაზე. ამ მიდგომას სხვანაირად, პოსტინდუსტრიულ პერიოდადაც მოიხსენიებენ [Atolia, Loungani, Marquis, Papageorgiou, 2018: 26].

დეინდუსტრიალიზაცია, როგორც გლობალური მოვლენა, ხშირ შემთხვევაში დამახასიათებელია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. გარდა ამისა, ის ასევე ფიქსირდება აღმოსავლეთ აზიაში, ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა იაპონია, კორეა, სინგაპური და ტაივანი [Rowthorn, Ramaswamy, 1997: 21].

დეინდუსტრიალიზაციის გამომწვევი ფაქტორების შესწავლა ცალკე სიღრმისეული კვლევის საგანია. ზოგადად მიიჩნევა, რომ  დეინდუსტრიალიზაციის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს კაპიტალისტური ეკონომიკის შიგნით არსებული პროცესები, კერძოდ, წარმოებულ საქონელზე საბაზრო ფასების ზრდა (რადგან იზრდება პროდუქტის წარმოებისთვის საჭირო შუალედური ხარჯი), რაც განაპირობებს მასზე მოთხოვნის შემცირებას. აქედან გამომდინარე, ფასების რეგულირების თვალსაზრისით, ჩნდება საჭიროება, რომ წარმოება გადატანილი იქნას ისეთ გეოგრაფიულ არეალში, სადაც მასზე გაწეული შუალედური ხარჯი არ იქნება მაღალი და შესაბამისად, სტაბილური დარჩება მისი საბაზრო ღირებულება [Rowthorn, Ramaswamy,1999: 20].

სხვადასხვა ემპირიულ კვლევებზე დაყრდნობით, დეინდუსტიალიზაციის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად შეიძლება განიხილებოდეს ინდუსტრიულ სექტორში შრომის მწარმოებლურობის უფრო მაღალი მაჩვენებლის დონე. აქ უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება იმაზე მეტი პროდუქტის ან საქონელის შექმნა, ვიდრე ეს საჭიროა არსებული მოთხოვნების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. აღნიშნულ თეორიას ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, რომლებიც აცხადებენ, რომ დეინდუსტრიალიზაციის წარმოშობა უნდა აიხსნას წარმოებაში პროდუქტიულობის ზრდის უფრო მაღალი ტემპით [Svilokos, Vojinić, Tolić, Svilokos, 2019: 386-387].

გლობალიზაციის კონტექსტიდან გამომდინარე, საწარმოები დგებიან სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე. ამ მიზნით, მსოფლიო მოწინავე ფირმების მიერ იქმნება გლობალური მიწოდებს ჯაჭვი (Value Chain), რათა პერიფერიებში (ან პირიქით, პერიფერიებიდან ცენტრში) შეუფერხებლად ხორციელდებოდეს საწარმო პროცესები, შუალედური პროდუქტების ან საქონელის მიწოდების ჩათვლით [Matthews, 2006: 314]. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოო პროცესის ქვეყნის გარეთ გატანა გლობალურ მიდგომას წარმოადგენს, ადამიანისეული კაპიტალი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მასზეა დაფუძნებული რეალური ეკონომიკა. ადამიანისეული კაპიტალის ფლობის მნიშვნელობა წარმოადგენს უდიდეს უპირატესობას თანამედროვე სამყაროში [Gershuny, 2005: 5].

მიუხედავად იმისა, რომ დეინდუსტრიალიზაცია ჯერ კიდევ ითვლება თანამედროვე, გლობალურ მოვლენად, უკვე იკვეთება მოსაზრება, რომ ეკონომიკური კრიზისების პროცესში ან მის შემდგომ პერიოდში, ეკონომიკისა და ზოგადად, ცხოვრების დონის ხელახლა ამაღლების მიზნით, საჭიროა ახალი თეორიული მიდგომა, რომელსაც რეინდუსტრიალიზაცია შეიძება ეწოდოს [Svilokos, Vojinić, Tolić, Svilokos, 2019: 384].

ბოლო წლებში, განსაკუთრებით პოსტკრიზისულ პერიოდებში შეინიშნება თანდათან მზრდადი ინტერესი ინდუისტრიალიზაციისადმი. პროცესს, რომლის ფარგლებშიც კვლავ იზრდება ინდუსტრიალიზაციის როლი და აქედან გამომდინარე, მრეწველობის წილი მთლიან სამამულო პროდუქტში, რეინდუსტრიალიზაციის სახელითაც მოიხსენიებენ. რეინდუსტრიალიზაციას სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყნებში და მიიჩნევენ, რომ ის არის მთლიანი სამამულო პროდუქტის, შესაბამისად, ეკონომიკის ზრდის უმთავრესი საშუალება. ეს კი ყველაზე უფრო თვალსაჩინო ხდება პოსტკრიზისულ პერიოდში. როდესაც რეინდუსტრიალიზაციაზეა საუბარი, უპირველეს ყოვლისა იგულისხმება ინოვაციური მიდგომების ფართო დანერგვა ინდუსტრიულ პროცესებში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროკავშირმა წარმოადგინა ინდუსტრიის აღორძინების სტრატეგია სტაბილური ეკონომიკური ზრდის მიზნით (Renaissance of Industry for a Sustainable Europe – RISE), სადაც ინოვაციურ მიდგომებს მესამე ინდუსტრიული რევოლუციის ფარგლებში, მოწინავე როლი აქვს მიკუთვნებული [Konstattinova, Konarev, 2015: 358].

წარმოების რეინდუსტრიალიზაციის მიზნით, ჯერ კიდევ პრეზიდენტ ბარაქ ობამას ადმინისტრაციამ წარმოადგინა გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა წარმოების სხვადასხვა ქვეყნებიდან ისევ უკან, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნებას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ, მაგალითად, ინდუსტრიის ჩინეთიდან უკან დაბრუნება არ მოიტანს იმ შედეგებს, რომლისთვისაც მიისწრაფვის ამერიკის შეერთებული შტატები. ამ სიტუაციაში საუკეთესო ამოსავალ წერტილად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ინოვაციურ წარმოებაზე გააკეთოს აქცენტი [Бузмакова, 2017: 8].

ფინანსური და ეკონომიკური კრიზისების შემდგომ პერიოდში ხდება საჭიროება იმ ახალი დამხმარე ძალისა, რამაც უნდა უზრუნველყოს ეკონომიკის ზრდის განახლება და შესაბამისად, ინდუსტრიის წილის ზრდა მთლიან სამამულო პროდუქტში. ასეთ დამხმარე ძალად შეიძლება ჩაითვალოს რეინდუსტრიალიზაცია. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იკვეთება ეკონომიკური ინტერესი და ორიენტაცია მთლიანი სამამულო პროდუქტის წილის გაზრდასთან მიმართებაში, რაც ინდუსტრიალიზაციის გარეშე ერთობ რთულ ამოცანას წარმოადგენს  [Svilokos, Vojinić, Tolić, Svilokos, 2019: 384].

ულტრალიბერალურმა მოძღვრებამ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რამაც ხელი შეუწყო კრიზისის გაღრმავებას. ყოველივე ხსენებულის გათვალისწინებით, აუცილებელია შემუშავდეს ახალი თეორიული, მაკროეკონომიკური პარადიგმა და ეკონომიკური ზრდის ახალი მოდელი, რომელიც იქნება მკაფიო პასუხი 2008 წლის გლობალურ ეკონომიკურ კრიზისზე, რადგან მან გვაჩვენა ეკონომიკური პოლიტიკის ულტრალიბერალური რეჟიმის არაეფექტიანობა გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში. ამასთან, განუწყვეტელი გლობალური ცვლილებების განხორციელებისას, აუცილებელია სტაბილური საზოგადოების შექმნა, რომელიც იქნება არა მარტო ჰუმანური, არამედ სოციალურად დაბალანსებულიც [Hadziahmetovic, Halebic, Colakovic-Prguda, 2018: 48].

ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით საინტერესოა აგრეთვე ცნობილი ამერიკელი ეკონომისტისა და მეცნიერის, ნობელის პრემიის ლაურეატის ჯოზეფ სტიგლიცის თვალთახედვა, სადაც ის ყურადღებას ამახვილებს თანამედროვე კაპიტალიზმში ულტრალიბერალური იდეოლოგიის ყველაზე სიღრმისეულ შეცდომებზე, კერძოდ, სოციალური პოლარიზაციის გაღრმავებაზე როგორც სახელმწიფოებს, ასევე საზოგადოების წევრთა შორის. გარდა ამისა, სტიგლიცი ასევე ხაზს უსვამს ფინანსური სისტემის არასტაბილურობსაც. სტიგლიცის აზრით, გლობალურ დონეზე ეკონომიკური პოლიტიკა მრავალი გამოწვევის წინაშეა და აქედან გამომდინარე, იმ მიზნით, რომ მან მოახდინოს გარკვეული გავლენა შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების პროცესზე, ესაჭიროება მნიშვნელოვანი ძალისხმევა [Stigliz, 2006: 74-76].

გლობალურ ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით, ჯოზეფ სტიგლიცი მეტად საინტერესო ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას. მას მოყავს ასეთი მაგალითი: საკუთარი სახლში ინდივიდები მუდამ იღებენ გარკვეულ მორალურ პასუხისმგებლობას იმ ქმედებებზე, რომელბსაც ახორციელებენ, მიუხედავად იმისა, გააჩნიათ ამის ვალდებულება, თუ არა. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც სიტუაცია საკუთარი სახლის გარეთ ვითარდება, იგივე ინდივიდები სრულიად არ ივალდებულებენ თავს თავიანთსავე ქმედებაზე, რადგან ამ შემთხვევაში მორალური პასუხისმგებლობა შესუსტებულია. აქედან გამომდინარე, სრულიადაც არ არის გასაკვირი, რომ კომპანიის მენეჯერს, რომელსაც მაღალი ანაზღაურება გააჩნია და მისი ოფისი მდებარეობს პერიფერიული ზონიდან საკმაო მანძილის მოშორებით, სრულიადაც არ ადარდებს, თუ რა მდგომარეობაშია ის მუშა, რომელიც მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ ახორციელებს ტიტანურ შრომას. მსგავსი ტიპის მენეჯერები მიიჩნევენ, რომ დასაქმებულებს ზოგადად გაუმართლათ, რომ ნახეს სამუშაო ადგილი. მათ სრულიად არ აინტერესებთ ის პირობები, სადაც ეს მუშები მუშაობენ [Stigliz, 2006:196]. სტიგლიცის ამ მოსაზრებაზე დაყრდნობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პერიფერიაში, იაფ სამუშაო ძალაზე დაფუძნებული მრეწველობა საბოლოო ჯამში ნეგატიურად ისახება იმ ქვეყნის დასაქმების მაჩვენებელზე, რომლის წარმომადგენელიც არის ეს კომპანია [Stigliz, 2006: 196].

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხაზგასასმელია ის გარემოებები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ევროკავშირის მხრიდან, პოსტკომუნისტურ  ქვეყნებთან მიმართებაში XX საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული. კერძოდ, ევროკავშირთან გეოგრაფიულად ახლოს მყოფი პოსტკომუნისტური ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით XX საუკუნის 90-იან წლებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ის ინვესტიციები, რომლებიც ხორციელდებოდა სხვადასხვა ევროპული  ტრანსნაციონალური კომპანიების მიერ. ამ უკანასკნელთათვის ფინანსურად საკმაოდ მიმზიდველ მოვლენას წარმოადგენდა ადგილობრივი მაღალკვალიფიციური მეცნიერებისა და ინჟინერების შედარებით დაბალი შრომითი ანაზღაურება, მათ დასავლეთევროპელ კოლგებისგან განსხვავებით. სწორედ, ყოველივე ამის გათვალისწინებით გახდა შესაძლებელი, რომ ევროკავშირის პოსტკომუნისტურ ქვეყნებში მიღწეულ იქნა შედარებით სტაბილური ეკონომიკური ზრდა და რაც ყველაზე მთავარია, ასევე მნიშვნელოვნად განვითარდა საექსპორტო პოტენციალი. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ქვეყნებმა საბოლოოდ მაინც ვერ შეძლეს, შეექმნათ საკუთარი ინოვაციური სისტემა. ეს კი, თავის მხრივ განპირობებულია იმ მიზეზის გამო, რომლის მიხედვითაც ძველი, კომუნისტური ეპოქისთვის დამახასიათებელი მრძანებლური ეკონომიკის წიაღიდან მემკვიდრეობით მიღებული ინოვაციური პოტენციალი ინვესტიციების განმხორციელებელი ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იქნა ათვისებული [პაპავა, 2018: 16-17].

2008 წელს წარმოქმნილმა ფინანსურმა კრიზისმა დაგვანახა, რომ მცდარია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ფინანსური ბაზარი თვითონ დაარეგულირებს კრიზისულ გარემოებას. ნიშანდობლივია, რომ გადაჭარბებული ფინანსური რეგულაციები გზას უკაფავს სპეკულაიცებს. ამის მკაფიო მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ვალუტის გაცვლითი კურსები და სავალუტო ბირჟები. აღსანიშნავია, რომ სავალუტო ბირჟების აქტორებს არ აღელვებთ არანაირი მაკროეკონომიკური გარემოება და ამ გარემოებების ეკონომიკური ინტერპრეტაცია. ეს აქტორები ორიენტირებულნი არიან მხოლოდ და მხოლოდ მაქსიმალურ ფინანსურ მოგებაზე. სწორედ ამის გამო წარმოიქმნება კრიზისის ფონი სავალუტო და უძრავი ქონების ბაზარზე, რასაც საბოლოოდ მოსახლეობის ფინანსურ ზარალამდე და ფინანსურ და ეკონომიკურ კოლაფსამდე მივყავართ [Dullien, Kotte, Marquez, Priewe, eds., 2010: 308].

როდესაც საუბარია ფინანსურ და ეკონომიკურ კრიზისზე, მეცნიერთა ერთი ნაწილი გარკვეულ ყურადღებას ამახვილებს ისეთ მოვლენაზე, რომელიც  ე.წ. “ზომბი-ეკონომიკის” სახელით არის ცნობილი [მაგალითად, Caballero, Hoshi, Kashyap, 2008]. საკუთრივ სიტყვა „ზომბი-ეკონომიკა“ შედგენილია ტერმინ „ეკონომიკსისა“ და სიტყვა „ზომბისგან“. ეს უკანასკნელი თავის მხრივ წარმოადგენს კარიბის ზღვის კუნძულების მითოლოგიურ არსებას, რომელიც არის ადამიანის გვამი, თუმცა, იმავდროულად მას შეუძლია გადაადგილება და აქედან გამომდინარე, ინსტინქტის დონეზე გარკვეული ფიზიკური მანიპულაციების შესრულება. მაინც, რას უნდა ნიშნავდეს „ზომბი-ეკონომიკა“? რა შეიძლება იყოს მისი ძირითადი არსი? ზოგადად, „ზომბი-ეკონომიკა“ გულისხმობს ისეთი ეკონომიკის არსებობას, რომლისთვისაც დამახასიათებელია ე.წ. ფუნქციონირება ფუნქციების გარეშე. “ზომბი-ეკონომიკის” წიაღში წარმოქმნილი ფირმები/კომპანიები არსებობენ იმ სახელმწიფოს მხარდაჭერით, სადაც ისინი არიან დაფუძნებულები. მათ მიერ შექმნილ პროდუქტზე მოთხოვნა საზოგადოებაში შესაძლოა ან საერთოდ არ იყოს, ან მხოლოდ მცირე რაოდენობით არსებობდეს. მეცნიერთა ერთი ნაწილის მოსაზრებით, ზომბი-ეკონომიკის ფინასირების წყაროა ე.წ. “ზომბი-ბანკები” (ანუ, ბანკები, რომლებიც ხელს უწყობენ „ზომბი-ეკონომიკის“ არსებობას) და მათ მიერ განვითარებული დაკრედიტების სისტემა. ასეთი ბანკების მეშვეობით ხორციელდება შეღავათიანი სესხების (დაბალი საპროცენტო განაკვეთებით) გაცემა და მისი საშუალებით არსებული ეკონომიკური მდგომარეობის (ანუ, „ზომბი-ეკონომიკის“) შენარჩუნება და გამტკიცება. მიიჩნევა, რომ ამ მიდგომით იმ ქვეყნის ხელისუფლება, სადაც „ზომბი-ეკონომიკისთვის“ დამახასიათებელი შემთხვევები ფიქსირდება, ხელოვნურად ცდილობს, არ გაზარდოს უმუშევრობის დონე იმ მიზნით, რომ არ მოხდეს მოსახლეობაში უკმაყოფილების ზრდა,  რასაც საბოლოოდ შეუძლია არჩევნებში უარყოფითი შედეგი მოიტანოს მმართველი პოლიტიკური ძალისთვის [მაგალითად,Caballero, Hoshi, Kashyap, 2008]. სტაგნაციის პირობებში, ეკონომიკას (იგულისხმება მრეწველობისა და ვაჭრობის დარგები) ზოგ შემთხვევაში შეიძლება ახასიათებდეს უმუშევრობის დონის ზრდა, ხელფასებისა და ცხოვრების დონის შემცირება. მსგავსი მდგომარეობიდან გამოსასვლელად ქვეყნის მთავრობა, მთელი ეკონომიკის ფუნქციონირების (საბანკო სისტემის ჩათვლით) შენარჩუნებას საბიუჯეტო სახსრების მეშვეობით ცდილობს. მას შემდეგ, როდესაც ფინანსური კრიზისი დასრულდება,  ეკონომიკა მემკვიდრეობით იღებს მის არასიცოცხლისუნარიან ნაწილს, რომლითაც სარგებლობდა სტაგნაციის პერიოდში. სწორედ ზემოთ აღნიშნულის შესაბამისად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ „ზომბი-ეკონომიკა“ სხვა არაფერია, თუ არა ფინანსური კრიზისის მემკვიდრეობა [პაპავა, 2010: 21-22].

ეკონომიკის ზომბირება განსაკუთრებით დიდი საფრთხის მატარებელია პოსტკომუნისტური წარსულის მქონე ქვეყნებისათვის, რადგან მათი ეკონომიკის მოდელი ძირეულად განსხვავდება დასავლეთის ქვეყნებში არსებული მოდელისგან [Papava, 2010: 35].

ეკონომიკის ზომბირების ერთ-ერთი უმთავრესი საფრთხე მდგომარეობს იმაში, რომ პოსტკომუნისტურმა ქვეყნებმა მბრძანებლური ეკონომიკისგან მემკვიდრეობის სახით მიიღეს ე.წ. „მკვდარი“ საწარმოები, რომლებიც საბოლოო ჯამში, საკმაოდ „სიცოცხლისუნარიანნი“ აღმოჩნდნენ. ფინანსური კრიზისების განვითარებამ მთავრობა აიძულა, შეემუშავებინა პრაქტიკულად გაკოტრებული საწარმოების დაფინანსების პროგრამა. ეს კი თავის მხრივ ავითარებს ე.წ. ზომბი ბანკებისა და ზომბი-ფირმების ქსელს, რომელზედაც დაფუძნებულია ზომბი-ეკონომიკის მთელი სისტემა  [Papava, 2010: 67].

მბრძანებლური ეკონომიკის ძირითადი პრინციპების მიხედვით, საბჭოთა კავშირში კონკურენციის, როგორც მოვლენის არარსებობამ უარყოფითი გავლენა იქონია ეკონომიკურ განვითარებაზე, რის შედეგადაც მის წიაღში წარმოქმნილი პროდუქტები ზოგადად დაბალი ხარისხით ხასიათდებოდა. რაც შეეხება მათ ფასს, ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიების გზით ხელოვნურად ნარჩუნდებოდა. უნდა აღნიშნოს, რომ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის ძირითად წყაროს ალკოჰოლური სასმელის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი წარმოადგენდა, ხოლო ნედლეულის (პირველ რიგში, ნავთობის) ექსპორტი იყო უცხოური ვალუტის მოპოვების პრაქტიკულად ძირითადი, თუმცა საიმედო საშუალება [Papava, 2010: 37]. ფინანსური კრიზისების განვითარებამ მთავრობა აიძულა, შეემუშავებინა პრაქტიკულად გაკოტრებული საწარმოების დაფინანსების პროგრამა. სწორედ ასე ვითარდება ე.წ. ზომბი-ბანკებისა და ზომბი-ფირმების ქსელი, რომელზედაც ზომბი-ეკონომიკის მთელი სისტემა ეფუძნება [Papava, 2010: 67].

სხვადასხვა სახელმწიფო კავშირებისა და იმპერიების ფორმირებას ყოველთვის თან ახლდა სხვადასხვა სახის პანდემიები. რომის იმპერია, რომელიც აერთიანებდა დიდი მოცულობის ტერიტორიებს, რაც დაახლოებით იმ პერიოდის თითქმის მთელ მსოფლიოს მოიცავდა, აღინიშნა ე.წ. ანტონინის ჭირი, რომელიც სავარაუდოდ რომაელმა ლეგიონერებმა ჩამოიტანეს ახლო აღმოსავლეთიდან. თანამედროვე მეცნიერების მოსაზრებით, ანტონინის ჭირი შეიძლება წითურა ან ჩუტყვავილაც ყოფილიყო, თუმცა ამის დადასტრურება დღეს უკვე შეუძლებელია. თავის მხრივ, ბიზანტიის იმპერიაში გავრცელებული იყო ე.წ. იუსტინიანეს ჭირი. მონღოლმა დამპყრობლებმა კი ევროპაში ჩამოიტანეს შავი ჭირი.

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით ნათელია, რომ COVID-19 ახალი კორონავირუსი უკვე იკავებს ისტორიაში თავის ადგილს, მსგავსად XX საუკუნის დასაწყისის „ესპანური გრიპისა“. ყოველი მსგავსი ფართო მასშტაბის დაავადებები მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ახდენენ ამა თუ იმ ეპოქის ეკონომიკაზე. ვირუსული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალება იზოლაციაა. ეკონომიკა თავისი არსით სოციალური ბუნებისაა. ის საზრდოობს საზოგადოებით და მის წევრთა შორის არსებული მჭიდრო ინტერაქციით. შესაბამისად, როდესაც საზოგადოებაში სოციალური დისტანციაა, ეკონომიკის ეფექტიანობა საგრძნობლად მცირდება. ასეთ დროს ფერხდება კომუნიკაცია, მრეწველობა, მომსახურება. ფერხდება პრაქტიკულად ეკონომიკის ყველა დარგი [Auzan, 2020: 5-12].

COVID-19 ახალი კორონავირუსული ინფექციის გლობალური გავრცელების გამო საჭირო გახადა ფუნდამენტურად ახალი თეორიული მიდგომების შემუშავება და ამასთან ერთად, დღის წესრიგში დააყენა პრობლემა იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისთვის, რათა იარსებოს ეკონომიკამ კრიზისულ პერიოდში. აუცილებელი გახდა იმ ძირითადი ალტერნატივების შემუშავება, რომლებმაც მომავალში უნდა უზრუნველყონ პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისების შემცირება. COVID-19-ის ეკონომიკური ეფექტის უკეთ გაანალიზების საშუალებას წარმოადგენს შრილანკელი პროფესორის - აჯით დე ალვისის (Ajith De Alwis) მიერ შემოღებული ტერმინი - კორონომიკა, რომელიც მიიღება ორი სიტყვის ტერმინის - „კორონა“ და „ეკონომიკსი“ - გაერთიანებით და შეისწავლის კორონავირუსის უარყოფით ეკონომიკურ შედეგებს [მაგალითად, პაპავა, 2020].

აჯით დე ალვისის თვალთახედვის შესაბამისად ახლმა კორონავირუსმა (COVID-19), გავრცელებული გლობალური პანდემიის ფარგლებში განვითარებული მოვლენების კვალობაზე ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია და აქედან გამომდინარე, ხელი შეუწყო ეკონომიკაში ახალი მიდგომებისა და მოდელების დანერგვა-განვითარებას [Alwis, 2020].

COVID-19 ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე თანდათან იზრდება კორონომიკის აქტუალურობა. ამასთან საგულისხმოა, რომ მსგავსი ტიპის გლობალური საფრთხეების რისკი ყოველთვის იარსებებს. აღნიშნულის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის როგორც მათ ყოველდღურ ცხოვრებაში, აგრეთვე იმ ეკონომიკური პროექტების დაგეგმარებისას, რომელთა რეალიზაცია უნდა განხორციელდეს მომავალში. დღეს კაცობრიობა დგას სრულიად ახალი გლობალური ეკონომიკური კრიზისის წინაშე, რომლის გამომწვევი მიზეზები პროვოცირებულია ეკონომიკის გარეთ არსებული ფაქტორების (კორონავირუსი) მეშვეობით. ამის ნათელი მაგალითია ის სირთულეები, რომლებიც აისახა როგორც ჩინეთის, ასევე რიგი წამყვანი ევროპული ქვეყნების ეკონომიკაზე. ჩინეთში, რომელიც მსოფლიოში მეორე სიდიდის ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, დაიხურა არაერთი კომპანია. ანალოგიური მდგომარეობა შეიქმნა ევროკავშირში. კაცობრიობა ცალსახად დადგა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის წინაშე. კორონომიკური კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად ძირითადად განიხილება ის მექანიზმები და საშუალებები, რომლებსაც აქტიურად იყენებდნენ 2008-2009 წლების გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის დროს. მიუხედავად ამისა, აქვე უნდა აღნიშნოს, რომ მიმდინარე კრიზისი ფუნდამენტურად განსხვავდება 2008-2009 წლებში განვითარებული მოვლენებისგან, რამე თუ მაშინ კრიზისის წყარო წმინდად ეკონომიკური შინაარსის მატარებელი იყო, ხოლო 2020 წლის კრიზისის წყარო სამედიცინო-ბიოლოგიური შინაარსის მატარებელია. შესაბამისად, შეიძლება თამამად ითქვას, რომ კორონომიკური კრიზისის დამარცხება ბევრად დამოკიდებულია მედიცინის წარმატებულობაზე [პაპავა, 2020].

კორონომიკური კრიზისის ფარგლებში, გლობალური საფრთხეების მინიმიზაციის მიზნით, ასევე შეინიშნება ჩინეთში თავმოყრილი მსხვილი კომპანიების დეკონცენტრაციის აქტიური ტენდენცია [პაპავა, 2020].

საგულისხმოა, რომ დაავადების გავრცელების შიშით, საგრძნობლად შემცირდა ან საერთოდ შეწყდა ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ხერხემალი - საგარეო ვაჭრობა,  შეწყვეტილია უცხოური პირდაპირი ინვესტიციები. იმის ფონზე, რომ COVID 19-ის ფართო გავრცელების ერთ-ერთ არეალს დასავლეთ ევროპა და აშშ წარმოადგენდა, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამ ქვეყნებმა მცირე ხნით, მაგრამ მაინც დაკარგეს მოწინავე როლი მსოფლიო ეკონომიკური თეატრის ავანსცენაზე, რამე თუ მათი ეკონომიკის ყველა მთავარი სექტორი პარალიზებული გახდა. გარდა ამისა, პარალიზებული შეიქმნა მასობრივი დასვენების სისტემა და დიდი სპორტული ღონისძიებები, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკური ინდუსტრიის ერთ-ერთ უმთავრეს აგრეგატს წარმოადგენენ [Grigoryev, 2020:18-25].

პანდემიური სახის კრიზისები საბოლოოდ განაპირობებს როგორც სრულიად ახალი ტექნოლოგიების, ახალი ბიზნეს მოდელების შექმნას, ასევე არსებული ტექნიკური საშუალებების ფართოდ გავრცელებას. იმავე ჩინეთში, COVID 19-ის გავრცელების ფონზე, მნიშვნელოვნად განვითარდა მიწოდების სერვისი, ონლაინ მაღაზიები, ხოლო ფულმა, როგორც ფიზიკურმა მოცემულობამ, ადგილი დაუთმო ე.წ. უკონტაქტო გადახდებს. აქედან გამომდინარე, მსგავსი ტიპის კრიზისები განაპირობებს განსხვავებული, ხშირ შემთხვევაში - ინოვაციური მართვის სისტემების შექმნას და რეალიზაციას. უნდა აღნიშნოს, რომ ჩვეულებრივ გარემოებებში მსგავს ფუნდამენტურ ცვლილებებს შეიძლება წლები დასჭირვებოდა [Buklemishev, 2020:13].

კორონომიკის ფარგლებში არსებობს საკმაოდ რეალური თეორიული დაშვება იმის თაობაზე, რომლის მიხედვითაც მსხვილმა კომპანიებმა შესაძლოა გადაიტანონ ჩინეთიდან თავიანთი ქარხნები ისეთ ქვეყნებში, სადაც უკვე არსებობს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება როგორც საკუთრივ ჩინეთთან, ასევე ევროკავშირთან. ამ ტიპის ქვეყნებს მიეკუთვნება მაგალითად საქართველო, ისლანდია, შევიცარია და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ ძალიან საგულისხმოა პოსტსაბჭოთა საქართველო, რადგან ის გეოგრაფიული თვალსაზრისით მდებარეობს ევროკავშირსა და ჩინეთს შორის, ანუ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ გზაზე. აქედან გამომდინარე, პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს ეკონომიკურ ჰაბად გამოყენება სტრატეგიული თვალსაზრისით შესაძლოა ლოგიკურ ანალიზზე დაფუძნებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ჩაითვალოს [პაპავა, 2020].

კორონომიკურმა დეგრადაციულმა პროცესებმა თვალნათლივ დაგვანახა ე.წ. ონლაინ პლატფორმაზე დაფუძნებული ვაჭრობის უდიდესი პოტენციალი და მნიშვნელობა. რომ დავუბრუნდეთ ისევ ინდუსტრიალიზაციის თემას, ჩემი აზრით, აუცილებელია ზუსტი ანალიზი განხორციელდეს იმ იმპორტირებული პროდუქტებისა, რომლის წარმოება თეორიულად შესაძლებელია საქართველოს ფარგლებში. ამასთან, აუცილებელია, რომ სახელმწიფო თავადვე იყოს აქტიურად ჩართული აღნიშნულ პროცესებში და ხელი შეუწყოს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. მარტივი მაგალითისთვის გამოდგება ის ფაქტიც, რომ სანამ COVID-19 ახალი კორონავირუსი გავრცელდებოდა, საქართველოში ისეთი მარტივად საწარმოებელი პროდუქცია, როგორიცაა პირბადე, იმპორტის გზით შემოდიოდა, ხოლო როდესაც კორონავირუსის პერიოდში გაჩნდა პირბადეების დეფიციტი, აღმოჩნდა, რომ მათი წარმოება ადვილად შესაძლებელი ყოფილა. ამრიგად, ჩემი აზრით, ადგილობრივი წარმოების განვითარების საკითხი მეტად აქტუალურია საქართველოსთვის და აქედან გამომდინარე, დეტალურ შესწავლას საჭიროებს. ამ მიზნის მისაღწევად, უწინარეს ყოვლისა, აუცილებელია ადგილობრივი მოხმარების, ადგილობრივი წარმოების, ექსპორტის, იმპორტისა და რეექსპორტის შესახებ ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების შესწავლა და დეტალური ანალიზი, რომლის საფუძველზე მომზადდება ისეთი ბიზნეს პროექტები, რომელებიც ორიენტირებულნი იქნებიან ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე. 

გამოყენებული ლიტერატურა 

  1. დავითაშვილი ზ., 2003. გლობალიზაცია და ნაციონალიზმი. თბილისი, „მეცნიერება“.
  2. პაპავა ვ., 2010. ნეკროეკონომიკის ზომბირება (გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის ზეგავლენა შავიზღვის რეგიონის ქვეყნებზეთბილისი, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი.
  3. პაპავა ვ., 2018. დამწევი და ჩამორჩენილი ზრდა - ევროკავშირის პოსტკომუნისტური ქვეყნების გამოცდილება და საქართველო. ექსპერტის აზრი, № 99. თბილისი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი, <https://www.gfsis.org/files/library/opinion-papers/99-expert-opinion-geo.pdf>.
  4. პაპავა ვ., 2020. კორონომიკა და ეკონომიკა კრიზისის წინაშე. For.Ge - საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი, 21 მარტი, <https://for.ge/view/182671/koronomika-da-ekonomika-krizisis-winaSe.html>.
  5. Alwis A. de, 2020. “Coronomics – Plan your eggs and the basket!”. Daily FT - Business Paper, February 6, <http://www.ft.lk/columns/Coronomics-%E2%80%93-Plan-your-eggs-and-the-basket-/4-695109>.
  6. Atolia M., Loungani P., Marquis M., Papageorgiou C., 2018. Rethinking Development Policy: Deindustrialization, Servicification and Structural Transformation. IMF Working Paper, No. 18/223,
  7. <https://www.imf.org/en/Publications/WP/Issues/2018/09/28/Rethinking-Development-Policy-Deindustrialization-Servicification-and-Structural-46253>.
  8. Auzan A., 2020. “The Economy under the Pandemic and Afterwards. Population and Economics, No. 2, pp. 4-12, <https://populationandeconomics.pensoft.net/article/53403/>.
  9. Buklemishev O., 2020. “Coronavirus Crisis and Its Effects on the Economy.” Population and Economics, No. 2, pp. 13-17, <https://populationandeconomics.pensoft.net/article/53295/>.
  10. Caballero R. J., Hoshi T., Kashyap A. K., 2008. “Zombie Lending and Depressed Restructuring in Japan.” American Economic Review, Vol. 98, No. 5, pp. 1943-1977.
  11. Dean Ph., 1979. The First Industrial Revolution. Cambridge, Cambridge University Press.1.Derviş K., Strauss S., 2020. “What COVID-19 Means for International Cooperation.” Project Syndicate – The World’s Opinion Page, March 6, <https://www.project-syndicate.org/commentary/ global-cooperation-can-prevent-next-pandemic-by-kemal-dervis-and-sebasti-n-strauss-2020-03?tm_source=Project+Syndicate+Newsletter&utm _campaign=cba7e1c6a1-sunday_newsletter_15_03_2020&utm_medium=email&utm_term=0
  12. 13.    _73bad5b7d8-cba7e1c6a1-93567601&mc_cid=cba7e1c6a1&mc_eid=e9fb6cbcc0>.
  13. Dullien S., Kotte D., Marquez A., Priewe J., eds. 2010. Financial and Economic Crisis of 2008-2009 and Developing Countries. New York and Geneva, UNCTAD,
  14. <https://unctad.org/en/Docs/gdsmdp20101_en.pdf>.
  15. Gershuny J., 2005. What Do We Do in Post-industrial Society?The Nature of Work and Leisure Time in the 21st Century. ISER Working Papers, No. 2005/7,
  16. <https://www.iser.essex.ac.uk/files/iser_working_papers/2005-07.pdf>.
  17. Grigoryev L., 2020. “Global Social Drama of Pandemic and Recession“. Population and Economics, No. 2, pp. 18-25, <https://populationandeconomics.pensoft.net/article/53325/>.
  18. Hadziahmetovic A., Halebic J., Colakovic-Prguda N., 2018. “Economic Crisis: Challenge for Economic Theory and Policy.” Eurasian Journal of Economic and Finance, No. 4, pp. 48-55,
  19. <https://search.proquest.com/openview/5f3a27457f7d814be28c517eeb99906a/1?pq-origsite-=gscholar&cbl=4371416>.
  20. Kitchin R., Thrift N., eds., 2009. International Encyclopedia of Human Geography. Amsterdam and Oxford, Elsevier.
  21. Konstattinova S., Konarev A., 2015. “Reindustrialization and National Economic Models.” Trakia Journal of Sciences, Vol. 13,  pp. 358-361,
  22. <https://www.academia.edu/30060051/REINDUSTRIALIZATION_AND_NATIONAL_ECONOMIC_MODELS>.
  23. Matthews J., 2006. “Catch-Up Strategies and the Latecomer Effect in Industrial Development.” New Political Economy, Vol. 11, Issue 3, pp. 313-335.
  24. Rowthorn R., Ramaswamy R., 1997. Deindustrialization: Causes and Implications.  IMF Working Paper,  No. 97/42, <https://www.imf.org/external/pubs/ft/wp/wp9742.pdf>.
  25. Rowthorn R., and Ramaswamy R., 1999. Growth, Trade and Deindustrialisation. IMF Staff Papers,No. 46, <https://www.imf.org/external/Pubs/FT/staffp/1999/03-99/pdf/rowthorn.pdf>.
  26. Steger M., 2003. Globalization – A Very Short Introduction. Oxford, Oxford University Press.
  27. Stiglitz J., 2006. Making Globalization Work. New York and London, W. W. Norton & Co.
  28. Svilokos T., Vojinić P., Tolić M., 2019. The Role of the Financial Sector in the Process of Industrialization in Central and Eastern European countries. Economic ResearchEkonomska Istraživanja, Vol 32, No. 1, <https://doi.org/10.1080/1331677X.2018.1523739>.
  29. Papava V., 2010a. The Problem of Zombification of the Postcommunist Necroeconomy. Problems of Economic Transition. Vol. 53, No. 4,  pp. 35–51.
  30. Бузмакова М., 2017. «Реиндустриализация - тенденция мировой экономики». Вестник Нижегородского университета им. Н.И. Лобачевского, Серия: Социальные науки, № 1 (45), сс.7-17, <https://cyberleninka.ru/article/n/reindustrializatsiya-tendentsiya-mirovoy-ekonomiki/viewer>.