![]() ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
![]() |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
∘ მედეა მელაშვილი ∘ ნუნუ ქისტაური ∘ ქეთევან ქველაძე ∘ კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობა და მასზე პანდემიის გავლენა (საქართველოს მაგალითზე) ანოტაცია. ნაშრომში გაანალიზებულია კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობა, როგორც თანამედროვე მსოფლიო მეურნეობის განვითარების დამახასიათებელი მნიშვნელოვანი ნიშან-თვისება, რომელსაც გლობალური ხასიათი გააჩნია. ეს პროცესი XX საუკუნის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით გააქტიურდა. განხილულია ამ პროცესის დადებითი და უარყოფითი მხარეები როგორც დონორი, ისე მიმღები ქვეყნებისათვის. აღნიშნულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების როლი და მითითებულია, რომ მსოფლიო ბაზარზ ეეს ინვესტიციები ტრანსნაციონალური კომპანიების ბატონობის საფუძველია; ასევე გაანალიზებულია ინვესტიციური ნაკადების მოძრაობა განვითარებულ, განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. ნაშრომში მოყვანილი და გაანალიზებულია საინტერესო ციფრობრივი მასალა. საკვანძო სიტყვები: კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობა, საინვესტიციო ნაკადები, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ეროვნული საინვესტიციო პოლიტიკა. პანდემია Covid-19. * * * კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობა თანამედროვე მსოფლიო მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა. ამ პროცესის აქტიური და გლობალური ხასიათი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი თავისებურებაა. საქონელთან შედარებით საზღვარგარეთ კაპიტალის უპირატესად გატანამ ქვეყნებს შორის თვისებრივად ახალი ეკონომიკურ-სამართლებრივი ურთიერთობები ჩამოაყალიბა და მსოფლიო მეურნეობა უფრო მრავალფეროვანი და რთული გახადა. კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობის ძირითადი მიზეზია ეროვნულ ქვეყანაში მისი სიჭარბე და ნაკლებმომგებიანობა. ამიტომ მეტი მოგების მისაღებად იგი უცხოეთში "მოგზაურობს". გლობალიზაციის პირობებში მსოფლიო ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციების დაბანდება მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროცესია, რომლის დროსაც უცხო სახელმწიფოები, კომპანიები და საწარმოები ნერგავენ ინოვაციებს და ტექნოლოგიებს სხვადასხვა ქვეყნების საწარმოებში. როგორც წესი, განვითარებული ქვეყნები სახსრებს აბანდებენ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში. ამით აძლიერებენ მასპინძელი ქვეყნების ინდუსტრიას, რადგან კაპიტალის მიღებით რეციპიენტი ქვეყანა იძენს შესაძლებლობას, განაახლოს და განავითაროს ინდუსტრიის დარგები, გაზარდოს მწარმოებლურობა, აწარმოოს კონკურენტუნარიანი პროდუქცია და მომსახურება. ბოლო ათწლეულში განვითარებადმა ქვეყნებმა საინვესტიციო რეჟიმების მასიური ლიბერალიზაცია განახორციელეს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის და ამით ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს, საინვესტიციო კლიმატის შექმნის მიზნით, რადგან ის განიხილება როგორც ეკონომიკური განვითარების, მოდერნიზაციის, შემოსავლების ზრდის და დასაქმების ხელშემწყობი ფაქტორი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით საინვესტიციო გარემოს შეფასების პირველი გამოკვლევა ეკუთვნით ჰარვარდის ბიზნესის სკოლის თანამშრომლებს. კვლევის მეთოდიკა ითვალისწინებდა საექსპერტო სკალის გამოყენებას. ცალკეული ქვეყნის მიხედვით ის მოიცავდა შემდეგ მახასიათებლებს: უცხოური და საკუთარი ინვესტორებისათვის საკანონმდებლო პირობები; კაპიტალის გატანის შესაძლებლობები; ეროვნული ვალუტის სიმყარე; ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია; ინფლაციის დონე; ეროვნული კაპიტალის გამოყენების შესაძლებლობა. რეციპიენტი ქვეყნებისათვის უცხოური პირდაპირი ინვესტიციების დადებითი ზეგავლენა ეკონომიკის ზრდაზე შემდეგ მაჩვენებლებში აისახება: მწარმოებლურობის ზრდა, თანამედროვე ტექნოლოგიების გადაცემა, ახალი პროცესების დანერგვა, თანამედროვე მენეჯერული უნარების ტრანსფერი, „ნოუ ჰაუს“ ხელმისაწვდომობა, დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და ა.შ.. თუმცა განსაკუთრებით ყურადსაღებია უცხოელ ინვესტორთა საქმიანობასთან დაკავშირებული შესაძლო უარყოფითი შედეგები, მათ შორის ე.წ. ,,განდევნის ეფექტი’’. მას ორი ფორმა აქვს. ჯერ ერთი, კონკურენტული უპირატესობების მქონე უცხოურ კორპორაციებს შეუძლიათ ეროვნული კომპანიების შევიწროვება საქონლის ბაზრებზე. მეორე, ეს კორპორაციები თვითონ ,,ითრევენ’’ ეროვნულ ბაზრებზე არსებული რესურსების, მათ შორის ფინანსების, საგრძნობ ნაწილს და, შესაბამისად, ამოსავალი ყოველთვის უნდა იყოს ეროვნული ინტერესების დაცვა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ეხმარებიან განვითარებად ქვეყნებს, ხშირია აღნიშნული ქვეყნების ბიუჯეტის შემცირება სოციალურ სექტორში, ასევე, იზრდება სიღარიბე, ვალუტის კურსის კრიზისი, ადგილობრივი ვალუტის მასშტაბური დევალვაცია და ვაჭრობის პირობების დეტერმინაცია. შიდა დანაზოგები ვერ აფინანსებს ინფრასტრუქტურას, ჩნდება უცხოური პირდაპირი და პორტფელური ინვესტიციების საჭიროება მათი ისეთი უპირატესობების გამო, როგორიცაა რეციპიენტ ქვეყანაში მყარი ვალუტის და ფინანსური რესურსების შემოდინება, მენეჯერული უნარები, მარკეტინგული კავშირები, ტექნოლოგიური ცოდნა და ადგილობრივი სამუშაო ძალის გადამზადება. ზოგადად, მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნები ხასიათდება კაპიტალის დეფიციტით, არასაკმარისი შიდა დანაზოგი ვერ აფინანსებს შიდა საინვესტიციო მოთხოვნას, რაც უარყოფითად აისახება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ინვესტიციებზე. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. თანამედროვე ეტაპზე საქართველოს ეკონომიკისათვის უცხოური ინვესტიციების მოზიდვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, განაპირობოს ისეთი პრობლემების გადაჭრა, როგორიცაა დასაქმება და შემოსავლების ზრდა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, საექსპორტო პოტენციალისა და ქვეყანაში სავალუტო შემოსავლების ზრდა, საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში ქვეყნის ინტეგრაცია და ა.შ.. ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით, Heritage Foundation-ის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით 180 ქვეყნიდან საქართველო მე-12 ადგილზეა, ხოლო ევროპის მასშტაბით მე-9 ადგილს იკავებს. ამასთანავე, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოს ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსი არის 82.04, ანუ მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის იგი მე-7 პოზიციაზეა, ხოლო ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს. საქართველოს გააჩნია სტრატეგიული მდებარეობა და საბაჟო გადასახადების გარეშე 2.3 მილიარდიან ბაზარზე წვდომა. საქართველო 2014 წლის 1 სექტემბრიდან სარგებლობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმებით ევროკავშირთან; ქვეყანას აგრეთვე გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები EFTA-სა (ისლანდიას, ნორვეგიას, შვეიცარიასა და ლიხტენშტეინთან) და დსთ-ის წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან. 2017 წლიდან ამოქმედდა აგრეთვე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან; GSP ტიპის შეთანხმება მოქმედებს აშშ-ს, კანადას, იაპონიასთან. ამასთანავე, საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების რეჟიმშია ჰონკონგთან. საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე ზოგადად უარყოფითად მოქმედებს კვალიფიციური კადრების დეფიციტი. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს 2019 წლის მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსის რეიტინგი, რომლის თანახმად საქართველო საშუალო განათლების დონის მიხედვით მსოფლიოს 141 ქვეყანას შორის მე-13 პოზიციაზეა, თუმცა კვალიფიციური სამუშაო ძალის, პროფესიული სწავლების, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებისა და ცოდნის, სამუშაო ძალაზე ხელმისაწვდომობის კუთხით 125-ე პოზიციას იკავებს. განსხვავება ამ ორ მონაცემს შორის იმდენად თვალსაჩინოა, რომ ის ძალიან დიდ უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაზე. უცილებელია დიდი ინვესტიციების განხორციელება ადამიანური კაპიტალის ამაღლებისთვის. ეს ინვესტიცია შეიძლება იყოს გადამზადების კუთხით შექმნილი ორგანიზაციები, ასევე განათლების სისტემაში ჩადებული თანხა. სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე მეტად ნეგატიურად აისახება კონფლიქტური რეგიონების არსებობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები და მათთან მუდმივად დაძაბულ ვითარებაში თანაარსებობა. კონფლიქტების მოგვარება სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს არა მხოლოდ საინვესტიციო კლიმატის, არამედ მთლიანად ქართული ეკონომიკის წინსვლისთვის. ფაქტია, რომ ყოველი ბიზნესმენისთვის, უცხოელი იქნება იგი თუ ადგილობრივი, ამა თუ იმ ქვეყანაში ინვესტირების წინაპირობა მისი საკუთრების უფლების დაცვაა. 2020 წელი მსოფლიოსთვის ახალი საყოველთაო გამოწვევით დაიწყო, რომელიც კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება და მთელი სამყარო მოიცვა. ქვეყნების მიერ საზღვრების ჩაკეტვა, ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება და მნიშვნელოვანი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ღონისძიებების ჩაშლა ამცირებს ეკონომიკის ზრდის ტემპს. ამ წლის პირველ ნახევარში პუი-ს საერთო მოცულობა მსოფლიოში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 49%-ით შემცირდა და 399 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ახალი ინვესტპროექტების რაოდენობა 37%-ით შემცირდა. განვითარებულ ქვეყნებში იმავე პერიოდში შემცირება უფრო თვალშისაცემია და 75%-ს შეადგენს (397 მლრდ დოლარიდან 98 მლრდ დოლარამდე); განვითარებად ქვეყნებში ვარდნამ 16% შეადგინა და 352 მლრდ აშშ დოლარიდან 296 მლრდ დოლარამდე დაეცა. UNCTAD-ის მონაცემებით, წელს მსოფლიო ეკონომიკა 1.5-3%-ით შემცირდება და დაახლოებით 6.3 ტრლნ აშშ დოლარით ნაკლები იქნება წინა წელთან შედარებით. დაახლოებით იმავეს პროგნოზირებენ სხვა საერთაშორისი ორგანიზაციები, მაგ., მსოფლიო სავალუტო ფონდი აჩვენებს კლებას 4.9%-ით, მსოფლიო ბანკი - 5.2%-ით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია 6.6%-ით. ამის ძირითად მიზეზად ყველა ერთხმად ასახელებს იმ შეზღუდვებს, რისი შემოღებაც კორონავირუსის გამო გახდა აუცილებელი. გაეროს ბოლოდროინდელი მონაცემებით, პანდემია გამოიწვევს პუი-ს შემცირებას მსოფლიოში 30-40%-ით, მაშინ როცა წინა პროგნოზებით ეს მაჩვენებელი 5-15%-ს არ აღემატებოდა. ეს პროგნოზები მოყვანილია გაეროს „ვაჭრობისა და განვითარების“ კონფერენციის მასალებში (ჟენევა, 26 მარტი, 2020). UNCTAD-ის ექსპერტების დასკვნების შესაბამისად, მსოფლიოში თითქმის 5 ათასი მრავალნაციონალური კომპანიის შემოსავლები Covid-19-ის მიზეზით 2020 წელს საშუალოდ 30%-ით შემცირდება. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი და პანდემიით გამოწვეული პირველადი უარყოფითი ეკონომიკური შედეგები უკვე გამოქვეყნდა. მათ შორის, სტატისტიკის სამსახურის 2020 წლის პირველი კვარტლის ინვესტიციების წინასწარი მონაცემებით, სახეზეა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის მკვეთრი ვარდნა. კონკრეტულად, 2020 წლის I კვარტალში ინვესტიციებმა 165.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის I კვარტლის მონაცემებზე 41.7%-ით ნაკლებია (იხ. ცხრ.1). ცხრილი 1 პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში(მლნ აშშ დოლარი)
* წინასწარი მონაცემები საქართველოს ხელისუფლებას დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევს, რომ საინვესტიციო გარდატეხა მოახდინოს და ისედაც შეზღუდული უცხოური საინვესტიციო რესურსების ქვეყანაში მოზიდვა შეძლოს და ამისათვის ხელსაყრელი გარემო შექმნას: პირველ რიგში სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია, კერძო საკუთრების დაცულობა, ხელსაყრელი საგადასახადო რეგულაციები, იაფი და კვალიფიციური სამუშაო ძალა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, ქვეყნის ეკონომიკური გახსნილობა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, კორუფციის დაბალი დონე და სხვ. გამოყენებული ლიტერატურა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||