![]() Ivane Javakhishvili Tbilisi State University Paata Gugushvili Institute of Economics International Scientific
C O N F E R E N C E S
"ECONOMY – XXI CENTURY"
![]() |
|
|
∘ Murman Kvaratskhelia ∘ სიღარიბის რეტროსპექტივა ანოტაცია. სტატიაში განხილულია სიღარიბის როგორც კატეგორიის თეორიული ანალიზი, მისი არსებობის სხვადასხვა ფორმები. საზოგადოებრივი ფორმაციის ცვლილების შედეგად როგორი ტრანსფორმაცია განიცადა სიღარიბემ და წარმოიშვა „ახალი ღარიბები“, რომლებიც წინა ფორმაციაში მოსახლეობის საშუალო ფენებს განეკუთვნებოდნენ და ცხოვრების დონით კმაყოფილები იყვნენ. ამ მიზნით გამოკვლეულია ღონისძიებების მთელი სისტემა, რომელსაც სახელმწიფო ატარებს იმისათვის, რომ ამ კატეგორიის ღარიბებს შეექმნას პირობები შემოსავლების ზრდისთვის. ავტორი საფუძვლიანად მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანის ცხოვრების ცუდი პირობების მიზეზად მხოლოდ დაბალ შემოსავლები არ მიიჩნევა, სხვადასხვა ფაქტორებმა შეიძლება განაპირობოს ეს მდგომარეობა. არსებული სიღარიბე შეიძლება გამოიწვიოს ადამიანთა არამართლზომიერმა სუბიექტურმა მისწრაფებებმა. კვლევამ დაადასტურა, რომ სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე მართებული გზაა ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი, თუმცა ეს არ უნდა ამდიდრებდეს ისევ მდიდრებს და ღარიბების კეთილდღეობის ამაღლებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. სახელმწიფო პოლიტიკაც აქეთკენ უნდა იყოს მიმართული. შესავალი საზოგადოების განვითარების ყველა ეტაპზე ეკონომიკურ საკითხებს შორის სიღარიბეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, როგორც გლობალურ გამოწვევას და კაცობრიობის თანმდევ მოვლენას. სიღარიბე და მასთან დაკავშირებული სოციალური საკითხები განსაკუთრებით აქტუალური ხდება დღევანდელ რეალობაშიც. სიღარიბე არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ მსოფლიო პრობლემაა, რომლის მასშტაბები გამუდმებით იზრდება. დღეს ეს პრობლემა ასეულ მილიონობით ადამიანს ეხება. იმის გათვალისწინებით, რომ სიღარიბე უშუალოდ არის დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკასთან, ცალკეულ სახელმწიფოთა ჭრილში განსხვავებული სიმწვავით წარმოჩინდება მისი აღმოფხვრის აუცილებლობა. სიღარიბის როგორც პრობლემის შესამცირებლად ცალკეულ ქვეყნებში უაღრესად სერიოზული ღონისძიებები ტარდება. გამონაკლისი არც საქართველოა და უნდა ითქვას, რომ საკითხის მოსაგვარებლად სხვადასხვა დროს გატარებულმა რეფორმებმა თავისი გავლენა იქონია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითად მაჩვენებლებზე. ამიტომ აუცილებელია სიღარიბის გენეზისის გარკვევა და მისი პრევენციისა და ზოგადად, ეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარება. საზოგადოებისთვის დამახასიათებელია სიღარიბის პრობლემის გამოვლენა მოსახლეობის განსაკუთრებით დაბალ სოციალურ ფენებს შორის, რომლის სიმძაფრე დამოკიდებულია კაცობრიობის განვითარების იმ ასპექტებზე, რომელთა ერთობლიობა ქმნის საყოველთაო კეთილდღეობას. ეს გულისხმობს იმას, რომ საზოგადოებებში მუდმივად არსებობს ისეთი სოციალური ფენა, რომელიც განიცდის მატერიალური თუ ფინანსური რესურსების ნაკლებობას. ეს ის რესურსებია, რომელთა ფლობა და განკარგვა ადამიანს საშუალებას აძლევს დაიმკვიდროს საკუთარი სტატუსი ეკონომიკურ სტრუქტურაში, მიაღწიოს კეთილდღეობის გარკვეულ სტანდარტებს და შეიქმნას სათანადო საცხოვრებელი პირობები. სიღარიბე არის სოციალური მდგომარეობა, როგორც პრობლემა, რომელიც ხასიათდება ღირსეული ცხოვრებისათვის საჭირო რესურსების უქონლობით ან ნაკლებობით. გარდა ამისა, არსებობს შემოსავლის ფაქტორიც, რომელიც სიღარიბის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია. მისი ბუნება გამოიხატება როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი კუთხითაც რაც მის სტაბილურობას გულისხმობს. როგორც ცნობილია, საზოგადოება იყოფა მდიდარ და ღარიბ სოციალურ ფენებად. დღევანდელ პირობებში მოხდა სიღარიბის კატეგორიიდან ,,ახალი ღარიბების” როგორც სიღარიბის თანამედროვე გამოვლინების გამოყოფა და შეფასება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლისას წარმოიშვა სწორედ სიღარიბის ახალი და მზარდი მიმართულება – ,,ახალი ღარიბები”, რომლის შეფასების ზოგიერთი თეორიული საკითხებია განხილული ქვემოთ. * * * თანამედროვე კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში ისევ აქტუალურ პრობლემად რჩება სიღარიბის დაძლევა მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, ზოგადად ცხოვრების დონე აღმავალი გზით მიდის, სიღარიბე მაინც რჩება სერიოზულ გამოწვევად მრავალმხრივი სახეცვლილი ფორმით. ბოლო წლებში გაჩენილი მისი მოდერნიზებული ფორმა გახდა ახალი ღარიბები. თვით ტერმინი ,,ახალი ღარიბები“ მრავალგანზომილებიანი კატეგორიაა, რომელიც როგორც საზოგადოების გარკვეული ფენის აღმნიშვნელი პირველად სამეცნიერო ლიტერატურაში გამოყენებული იქნა 1970-იან წლებში ევროპის ქვეყნებში განვითარებული სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის კვალობაზე. შემდგომ პერიოდში ამ ტერმინს ახალი ინტერპრეტირება მიეცა მაშინ, როცა აშკარა გახდა საბჭოთა კავშირის დაშლის აუცილებლობა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, იწყეს სოციალისტური, ავტორიტარული წყობილებიდან საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობებზე მტკივნეულად გადასვლა. ეს პროცესი აღმოჩნდა არც ისე ხანმოკლე, რისი მიზეზი იყო ძირითადად ახალი ეკონომიკური სისტემისთვის მოუმზადებლობა. გარდამავალმა პერიოდმა უამრავი ნაკლი გამოავლინა. სახელმწიფო სტრუქტურებზე დაკისრებული მოვალეობა, უმეტეს შემთხვევაში, მყიფე აღმოჩნდა. ამის შედეგი არც თუ ისე სახარბიელო დადგა, ქვეყანაში კრიმინალური დაჯგუფებების მიერ იმართებოდა პროცესები და სახელმწიფოებრივი ინტერესების ნაცვლად ხშირად ერთი კონკრეტული ადამიანის ინტერესის გამტარებელი იყო. ამის ნათელი მაგალითია პრივატიზაციის პროცესი, რომელიც დამახინჯებული ფორმით მიმდინარეობდა და მოკლებული იყო ყოველგვარ სამომავლო კეთილდღეობასა და პერსპექტივას. ქვეყნის ინტელექტუალური ნაწილი კი ამ პროცესების მიღმა აღმოჩნდა და დიდი ეკონომიკური ზარალიც მოიტანა. რიგ შემთხვევაში კი მათი გაღარიბებაც გამოიწვია. შედეგად მოხდა ორი დაპირისპირებული საზოგადოებრივი ჯგუფის, ,,ახალი მდიდრების“ და ,,ახალი ღარიბების“ ჩამოყალიბება. დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში 1970-იანი წლების სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის შედეგად განვითარებულმა მოვლენებმა ,,ახალი ღარიბების“ ცნებაში ორი სხვადასხვა კატეგორია წარმოადგინა. ესენია: 1. ადამიანები, რომლებიც წარსულში, სისტემის შეცვლამდე და სამუშაოს დაკარგვამდე იყვნენ კარგად ანაზღაურებადი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები; 2. ადამიანები შედარებით შეძლებული ოჯახებიდან, რომლებიც სკოლის ან უმაღლესი დაწესებულების დამთავრების შემდეგ ვერ პოულობენ სამსახურს და ცხოვრობენ სხვის ხარჯზე. სწორედ ამ პროცესებთან მიმართებით და ახლად ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი ფენის აღმნიშვნელად უკვე სამეცნიერო ლიტერატურაში ჩნდება ტერმინი ,,ახალი ღარიბები“ შეცვლილი სხვადასხვა ჯგუფებით. აქ მეტად საინტერესოა ამ ფენის ეკონომიკური მდგომარეობა და ის მიზეზები, რის გამოც საზოგადოების ეს ნაწილი ღარიბებად იქცა. სწორედ აქ ჩნდება ინტერესი ახალ ღარიბებზე. ამ კატეგორიაში მოიაზრება საზოგადოების ის ფენა, რომელიც ახალ ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლის შედეგად სიღარიბეში აღმოჩნდა. ასევე საინტერესოა როგორია მათი როლი ქვეყნის ეკონომიკაში . ამასთან გარკვეულმა კრიზისულმა პროცესებმა და მისმა თანმდევმა შედეგებმა ბიძგი მისცა ,,ახალი ღარიბების“ სოციალური მდგომარეობის ცვლილებებს. ცნობილია, რომ უახლოეს წარსულში გავრცელებულმა პანდემიურმა ბუმმა გავლენა იქონია ადამიანთა ცხოვრების დღის წესრიგზე, უმეტესწილად ნეგატიური კუთხით. ამან გამოიწვია მილიონობით ადამიანების სამუშაო ადგილების დაკარგვა და გაღარიბება. ამის შედეგად გაჩნდა სიღარიბის ახლებური გამოვლინებები და დღის წესრიგში დადგა ,,ახალი ღარიბების“ კატეგორიის ახლებურად გადაფასების საკითხი. ამრიგად, დაიბადა სიღარიბის ახალი წყარო მსოფლიოს მოსახლეობისთვის, დასაქმებულების ჩათვლით. ამ ნაწილის სიღარიბემ კი მიიღო სახელწოდება Working Poverty ან In-Work Poverty. ,,ახალი ღარიბების“ გაჩენა, ერთი მხრივ, განაპირობა დღევანდელ მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და სოციალურმა პროცესებმა და მეორე მხრივ, იმ სამართლებრივმა ურთიერთობებმა, რაც ადამიანთა შორის სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის სახით წარმოგვიდგება. ამ საკითხის, როგორც პრობლემის ახლებურ გადააზრებას დიდი პრაქტიკული და სამეცნიერო ღირებულება აქვს. ,,ახალ ღარიბთა“ კატეგორიისადმი საგულისხმოა სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის საკითხიც, რომელიც ყოველთვის თან სდევდა საზოგადოების განვითარებას. დღევანდელ მსოფლიოში არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები, რატომ რჩებიან ადამიანები ღარიბებად, რომლებიც იღებენ შემოსავალს ხელფასის თუ სხვა ფულადი სახსრების სახით? რატომ არსებობს დასაქმებულთა სიღარიბე? როგორ იმოქმედა სიღარიბეზე სხვადასხვა ფაქტორებმა? დასაქმებულთა სიღარიბის მიზეზების განხილვისას საგულისხმოა შრომის ბაზრის პოლიტიკა, განვითარებული ქვეყნების გამოცდილება, გლობალიზაციის პროცესის გავლენა სიღარიბის კატეგორიებზე და სტრუქტურული ცვლილებები ეროვნულ ეკონომიკებში. აგრეთვე მნიშვნელოვანია დასაქმებული ადამიანის დაბალი ხელფასი, რომელიც გამოწვეულია პირადი მახასიათებლებით, როგორიცაა მისი ადამიანური კაპიტალი, ანუ განათლება და კვალიფიკაცია, საკუთარი უნარებისა და ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა. ,,ახალი ღარიბები” – ეს ტერმინი აღწერს იმ სოციალურ ფენას, რომელიც ფორმალურად შესაძლოა არ მიეკუთვნებოდეს კლასიკურ სიღარიბეში მცხოვრებს, თუმცა თანამედროვე სტანდარტების ფონზე რეალურად ცხოვრობს შეზღუდულ სოციალურ–ეკონომიკურ პირობებში . შესაძლოა ითქვას, რომ ,,ახალი ღარიბები” არიან ადამიანები, რომლებიც არიან დასაქმებულები, აქვთ განათლება, შემოსავალი, მაგრამ მაინც არ ყოფნით ფინანსები მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. „ახალ ღარიბებს“ თავისი დამახასიათებელი ნიშნები გააჩნია. ესენია, კერძოდ, აქვთ ხელფასი, მაგრამ ხელფასამდე არ ყოფნით, აქვთ სამსახური, რომელიც მათ მიერ მიღებულ პროფესიას ნაკლებად შეესაბამება, აქვთ სამსახური, რომელიც მათი საყვარელი საქმიანობა არ არის, მოტივაცია ნაკლებია, აქვთ უფრო მეტი კრედიტი, დანაზოგი – ნაკლებად. ,,ახალი ღარიბები” ხასიათდება საშუალო ფენის ფარული დეგრადაციით, როცა შემოსავალი ვერ ეწევა ცხოვრების ზრდად ხარჯებს დასაქმება აღიქმება, როგორც ხელფასის სახით შემოსავლის მიღების ინსტრუმენტი და შესაბამისად, სიღარიბის თავიდან აცილების შესაძლებლობა. ასეთი მოსაზრება ბოლო დრომდე პოპულარული იყო. დასაქმების ზრდა განიხილებოდა სიღარიბის დაძლევის შესაძლებლობად. თუმცა რეალობა ცხადყოფს, რომ შრომის ბაზარზე მონაწილეობა, დასაქმებულის სტატუსი და ხელფასის მიღება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ადამიანი სიღარიბეში არ აღმოჩნდება. ამ შემთხვევაში გარკვეულ პარადოქსთან გვაქვს საქმე. ადამიანი დასაქმებულია, მოტივირებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული სამუშაო, თითქოს კმაყოფილიც არის მისი შრომითი საქმიანობით, მაგრამ ელემენტარულად ვერ აკმაყოფილებს ოჯახის მოთხოვნებს. მაშინ სრულიად ლოგიკური კითხვა იბადება, რა გააკეთოს იმისათვის, რომ მისი ოჯახური მეურნეობა არ გაკოტრდეს, მინიმალურ ნიშნულზე მაინც შეინარჩუნოს ცხოვრების დონე? ამ შემთხვევაში ამოქმედდება სოციალური პაკეტები, რაც სახელმწიფოს ზედმეტ ტვირთად დააწვება. ასეთ დროს წინა პლანზე იწევა ფასების სტაბილურობისა და ცვალებადობის პრობლემაც. ამ შემთხვევაში აუცილებელი ხდება გარკვეული პარიტეტის დაცვა ფასების ინდექსის ცვალებადობასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს აუცილებელი მოხმარების საქონელზე ფასების ზრდის პარალელურად დასაქმებულთა ანაზღაურების გარკვეული პროპორციით გაზრდას. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს არაა პანაცეა, რადგან ამ შემთხვევაში ინფლაციის პროცესებიც შესაძლოა უფრო დაჩქარდეს. ჩვენი აზრით, ამ შემთხვევაში პრობლემის გარკვეულწილად გადაწყვეტის გასაღები ქვეყნის ეკონომიკის დაჩქარებულ განვითარებაშია. ეს კი, ხანგრძლივი პროცესია, რომელიც დამოკიდებულია უამრავ გარე ფაქტორებზე. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიღარიბის რეალური ზღვარის დადგენა, რასთან მიმართებითაც უნდა გამოიკვეთოს ,,ახალ ღარიბთა“ სოციალური ჯგუფი და ის მახასიათებლები, რაც ამ კონკრეტული სოციალური ჯგუფისთვისაა დამახასიათებელი. გარდა ამისა საგულისხმოა დროის ფაქტორიც, რაც დიდ გავლენას ახდენს ,,ახალ ღარიბთა“ სოციალური ჯგუფების ფორმირებაზე. ,,ახალ ღარიბთა“ კატეგორიაში მიმდინარე ცვლილებების დროს მნიშვნელოვანია სიღარიბის ზღვრის დაწესება, რომელიც ერთგვარად ადგენს როგორც ღარიბთა რაოდენობას, ისე მის შემადგენლობას, რასაც მოსდევს ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის სწორად განსაზღვრა, რომელსაც ეს ხალხი მაქსიმალურად ამოჰყავს არსებული მდგომარეობიდან. ,ახალ ღარიბთა“ სოციალური და ეკონომიკური ჯგუფები რომ დავადგინოთ დიდი მნიშვნელობა აქვს რასთან მიმართებაში უნდა განვიხილოთ ღარიბთა კატეგორია - შემოსავალთან, მოხმარებასთან თუ დანახარჯებთან, შესაბამისი სამუშაო თუ სოციალური პირობების არსებობასთან, მატერიალურ თუ სულიერ კეთილდღეობასთან. შემოსავალთან მიმართებით განხილვისას აუცილებელია მხოლოდ ფაქტობრივი შემოსავლის კუთხით შევაფასებთ თუ მატერიალურ რესურსების და აქტივების მხარეც იქნება გათვალისწინებული. სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სტატისტიკური კვლევებით დასტურდება, რომ დაბალი შემოსავალი არ არის ცხოვრების დაბალი სტანდარტის პირდაპირი განმსაზღვრელი ფაქტორი. ადამიანის ცხოვრების ცუდი პირობების მიზეზად მხოლოდ დაბალ შემოსავალს ვერ მივიჩნევთ, ის სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში არსებული სიღარიბე განპირობებულია ადამიანთა არამართლზომიერი სუბიექტური მისწრაფებებით. თუმცა ამის საპირწონედ ინდივიდმა შესაძლოა თავი დააღწიოს ცხოვრების ცუდ პირობებს სხვადასხვა საშუალებით, როგორიცაა: სესხის აღება, დანაზოგების გამოყენება, საქველმოქმედო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში დახმარების თხოვნით მიმართვა. ასე, რომ მხოლოდ შემოსავალს ვერ მივიღებთ აპრიორი სიღარიბის გასაზომად, რაც იმას ნიშნავს რომ შემოსავლის მატებასთან ერთად შესაძლოა არ გაუმჯობესდეს ცხოვრების პირობები, თუ ინდივიდი მთელს ნამატს ვალებში დახარჯავს. დასკვნა სიღარიბე რთული და მრავალგანზომილებიანი სოციალურ–ეკონომიკური კატეგორიაა, რომელიც ზოგადად განისაზღვრება, როგორც რესურსებისა და შესაძლებლობების ნაკლებობა, რომლის არსებობაც აუცილებელია, რათა დააკმაყოფილოს ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებები. დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობის ცხოვრების დონე ბოლო წლებში საგრძნობლად გაუმჯობესდა ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის მაღალი ზრდის გამო, მაგრამ ეკონომიკური ზრდის შედეგად ყველაზე მეტი სიკეთე მიიღო მდიდარმა მოსახლეობამ. დაბალი გადასახადები მოსახლეობის ცხოვრების პირობებს ზოგადად აუმჯობესებს, მაგრამ მოგებულები ძირითადად მსხვილი კაპიტალის მფლობელები რჩებიან, რომლებიც თავისუფალ რესურსებს იღებენ, რათა გავლენა იქონიონ სახელმწიფო პოლიტიკაზე. უთანასწორობა ყოველთვის უარყოფით მოვლენად არ შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც თეორიაში ხდება. გარკვეული დოზით უთანასწორობა მისაღებია, როდესაც ის მეტისმეტად დიდი არ არის. უთანასწორობის გარეშე, შეუძლებელია ეკონომიკური ზრდა და ინოვაცია. პრობლემა უთანასწორობის მასშტაბებში მდგომარეობს: ყველაზე შეძლებული ადამიანების კაპიტალი ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე დანარჩენი მოსახლეობის შემოსავლები. ასეთი უთანასწორობა საფრთხეს უქმნის სოციალურ მობილურობას და დემოკრატიის მომავალს. მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავების შესამცირებლად საჭიროა პროგრესული გადასახადი დაწესდეს კაპიტალზე. ის გაცილებით ეფექტიანი ინსტრუმენტია სიღარიბესთან მიმართებით. პროგრესული გადასახადი საშუალებას იძლევა, თავიდან ავიცილოთ შემოსავლების არასამართლიანი გადანაწილებით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური შედეგები. გამოყენებული ლიტერატურა 1. დასაქმება და უმუშევრობა - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024წ. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba. 2. აბესაძე რ., - მოსახლეობის ცხოვრების დონისა და სიღარიბის ზოგიერთი სოციალურ-ეკონომიკური ასპექტი, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული III, თბილისი 2010. 3. კაკულია მერაბ, კაპანაძე ნოდარ, ქურხული ლალი - ქრონიკული სიღარიბე და შემოსავლების უთანაბრობა საქართველოში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, თბილისი, 2017წ. 4. საქსტატი – დასაქმება, ხელფასები: დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქმიანობის სახეების და სქესის მიხედვით (კვარტლების მიხედვით) 2024წ. https://www.geostat.ge/ka/modules categories/ 39/khelfasebi 5. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური – სიღარიბე და ჯინის კოეფიციენტები. 2023წ. https://www.geostat.ge/ ka/modules/categories/192/tskhovrebis-done 6. სოციალური სამართლიანობის ცენტრი. მსოფლიო ბანკის 2024 წლის მონაცემები(THE WORLD BANK) https://datatopics.worl dbank.org/world-development-indicators/themes/poverty-and-inequality.html 7. საზოგადოების განწყობა საქართველოში – NDI კვლევა, 2023. https://www.ndi.org/sites/default/files/ NDI% 20 Georgia_GGF%20poll_October_2023_Geo_VF.pdf. 8. ჭითანავა ნოდარ - სოციალური ეკონომიკა. ქ. თბილისი 2008წ. 9. Arnania-Kepuladze T.G, Kepuladze G.A, - Poverty definitions diversity and clusters of poverty, 2021, Journal “Philosophy and Psychology”, Volume 2, pp. 21–28, https://elib.bsu.by/bitstream/123456789/267623/1/21-28.pdf. |