English / ქართული / русский /
ზურაბ წერეთელი
სასურსათო უსაფრთხოება, როგორც ძირითადი გლობალური პრობლემა

ანოტაცია

ბოლო წლებში საქართველოში განხორციელებული გარდაქმნების მიუხედავად, კვლავ მნიშვნელოვანია სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა, რომელიც ამასთანავე გლობალურ ეკონომიკურ პრობლემასაც წარმოადგენს და მჭიდროდაა დაკავშირებული ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემასთანან. გლობალიზაციის გაღრმავებამ და ღია ეკონომიკების განვითარებამ იგი კიდევ უფრო აქტუალური გახადა.

ეკონომიკური უსაფრთხოება, როგორც ეროვნული უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი უდიდეს როლს თამაშობს ქვეყანაში დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის მიღწევა-განმტკიცებაში, ეკონომიკური წესრიგის დამყარებაში, ამ პრობლემისადმი სახელმწიფო რეგულირების შესუსტებამ მრავალი ნეგატიური ტენდენცია წარმოქმნა საქართველოში დააქვეითა ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი და გარკვეული საფრთხე შეუქმნა სახელმწიფოებრიობასაც.

საკვანძო სიტყვები: გლობალიზაცია, სასურსათო უსაფრთხოება, სასისოცხლო უზრუნველყოფა, სრულფასოვანი ბალანსირებული სურსათი, უვნებელი სურსათი, ხელმისაწვდომი სურსათი. 

შესავალი 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეკონომიკური ხასიათის ძირითად გლობალურ პრობლემებს მიაკუთვნებენ: სიღარიბის დაძლევასa და  სასურსათო უსაფრთხოებას.

სასურსათო უსაფრთხოება განეკუთვნება გლობალურ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემათა კატეგორიას. სურსათს, როგორც სასიცოცხლო უზრუნველყოფის მთავარ კომპონენტს, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სასურსათო პრობლემა მეტად აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოსათვის, რადგან დედამიწის მოსახლეობის მატება ადეკვატურ ზეგავლენას ახდენს სურსათზე მოთხოვნილების ზრდაზეც [კაკულია. რ. 2003, გვ.104]

სასურსათო უსაფრთხოება ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელზედაც ბევრადაა დამოკიდებული ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება და შენარჩუნება.

სასურსათო უსაფრთხოება ისევე, როგორც ეკოლოგიური და სხვა ხასიათის გლობალური პრობლემები განხილული უნდა იქნეს თანამედროვე მსოფლიოში არსებულ რეალობათა კონტექსტში, ერების თანაარსებობისა და მათი შემდგომი განვითარების ინტერესების გათვალისწინებით.

საქართველოში სასურსათო პრობლემის გადაწყვეტა უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური ამოცანაა. იგი საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი პირობაა.

***

სასურსათო უსაფრთხოება, როგორც ცნება, პირველად 1970-იან წლებში გაჟღერდა და მას შემდეგ მისი შინაარსი რამდენჯერმე შეიცვალა. დღესდღეობით მას  გაეროს  სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) შემდეგნაირად განმარტავს: სასურსათო უსაფრთხოება ეს არის ყველა ადამიანის ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწვდომობა აქტიური და ჯანმრთელი ცხოვრების შენარჩუნებისათვის საჭირო რაოდენობისა და კვებითი ღირებულების მქონე უვნებელ სურსათზე.

მოსახლეობის სურსათით სრულფასოვანი უზრუნველყოფის დროს მიიღწევა პიროვნების, საზოგადოებისა და მთლიანად სახელმწიფოს ნორმალური სიცოცხლისუნარიანობა და მდგრადი განვითარება. ვინაიდან სურსათი მიეკუთვნება ადამიანის პირველად სასიცოცხლო საჭიროებას, სასურსათო უსაფრთხოება უტოლდება ფიზიკურ უსაფრთხოებას, რომელიც იძლევა სიცოცხლის გარანტიას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასურსათო უსაფრთხოება საზოგადოების სოციალ-ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტთაგანია.

ცნობილი რუსი სპეციალისტის კოვალევას თვალსაზრისით, მსოფლიო საკვების პრობლემას აქვს ორმაგი ბუნება: სოციალურ-ეკონომიკური, რომელიც დაკავშირებულია საკვების წარმოებისა და განაწილების მეთოდთან, რაც განსაზღვრავს მათი განაწილებისა და მოხმარების დიფერენციაციას (მათ შორის შიმშილსა და დაქვეითებას) და გლობალურ მდგომარეობას, რაც ასახავს სურსათის წარმოებისთვის ბუნებრივი რესურსების საბოლოო ბუნებას[ Ковалев Е. С.. 5 ]. 

სასურსათო უსაფრთხოება მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას: 1. მოსახლეობის უზრუნველყოფა საკმარისი რაოდენობის სურსათით; 2. მოსახლეობის უზრუნველყოფა სრულფასოვანი, ბალანსირებული სურსათით; 3. მოსახლეობის უზრუნველყოფა უვნებელი სურსათით და 4. მოსახლეობის უზრუნველყოფა ხელმისაწვდომი სურსათით [კოღუაშვილი პ.. https://agronews.ge/9282-2/ ].

საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების საკითხის შესწავლა, გაანალიზება და დანერგვა დაიწყო ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში, გასული საუკუნის 90-იან წლებში. ვფიქრობთ, დღესაც არ ექცევა მას ჯეროვანი ყურადღება, რაზედაც მოწმობს თუნდაც ის, რომ სასურსათო უსაფრთხოება არ არის მოხსენიებული არცერთ სამთავრობო პროგრამაში და არ განიხილება ის ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში სხვა უსაფრთხოებების გვერდით, მაგალითად, ისეთ დოკუმენტშიც კი, როგორიცაა „საქართველოს სოციალ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. საქართველო 2020“, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოქმედ დებულებაში არ ფიგურირებს სასურსათო უსაფრთხოება როგორც ასეთი, თუმცა ამ სამინისტროში არსებობს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფა ანუ სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთი (მე-3) მიმართულება. ასეთივე მოვლენას აქვს ადგილი ამავე სამინისტროსთან არსებულ სურსათის ეროვნულ სააგენტოში, რომელიც მხოლოდ სურსათის უვნებლობის მონიტორინგს ანხორციელებს და არ მიდის სასურსათო უსაფრთხოების სხვა მიმართულებებზე მუშაობა (სურსათის საკმარისობა, სრულფასოვნება, დაბალანსებული კვება, ხელმისაწვდომობა). იგივე ითქმის ამავე სამინისტროსთან შექმნილი სამეცნიერო ცენტრის მიმართაც, სადაც არის რისკის ანალიზის დეპარტამენტი, რაც სასურსათო უსაფრთხოების ერთ-ერთ მიმართულებას (ისევ მე-3) სურსათის უვნებლობას ეხება.

მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების დაცვა ხელისუფლების განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. საგულისხმოა, რომ ამ ტერმინის ქვეშ საქართველოში ძირითადად გულისხმობენ სურსათის უვნებლობას (სასურსათო უსაფრთხოების მე-3 მიმართულებას) და შედარებით ნაკლებად — სურსათის საკმარისობას (პირველი მიმართულება), რადგან ეს უკანასკნელი გულისხმობს სურსათის წარმოებას, ხოლო რაც შეეხება მოსახლეობის სრულფასოვანი სურსათით უზრუნველყოფას, სურსათის მოხმარების დონეს, ფიზიოლოგიური მოთხოვნის დაკმაყოფილებას (მე-2 კომპონენტი), მოსახლეობის მიერ რეალური საარსებო მინიმუმის ათვისებას,  ყურადღების მიღმა რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი უმნიშვნელოვანესი საკითხებია და ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უმთავრესია.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მიუხედავად 2013-2015 წლებში მთელი რიგი ღონისძიებების გატარებისა (მობილიზებული იქნა 1,8 მილიარდი ლარი), რაც განხორციელდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით (უსასყიდლოდ მიწების დახვნა 700-800 ათასზე მეტი ოჯახური მეურნისათვის, მათთვის უსასყიდლოდ თესლის, სასუქების, შხამქიმიკატების, პესტიციდების, ვეტ. პრეპარატების, სასოფლო-სამეურნეო იარაღების გადაცემა; დაბალპროცენტიანი კრედიტების გამოყოფა კოოპერატივებისა და კვების გადამამუშავებელი მრეწველობის საწარმოების შექმნისათვის; სოფლად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, გზების გაყვანა, ელ. დენით, ბუნებრივი აირით, სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფა, სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია და სხვა, გაკვირვებას იწვევს „საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის“ პროექტში სასურსათო უსაფრთხოების თემისა და მისი მნიშვნელობის არადამაკმაყოფილებლად და არასრულყოფილად გაშუქება.

სამწუხაროდ, ეს პროექტი ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ სასურსათო უსაფრთხოების ორ მიმართულებაზე, როგორიცაა: საკვების ფიზიკური არსებობა (საკმარისობა) და მისი ხელმისაწვდომობა. არაფერია ნათქვამი ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე, როგორიცაა საკვების მოხმარება, რასაც ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული მიუთითებს მასზედ, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც არ არსებობს სასურსათო უსაფრთხოება იმ შინაარსით, რა შინაარსითაც ესმით ის საერთაშორისო ორგანიზაციებს. ტერმინი სასურსათო უსაფრთხოება ხშირად გაიგივებულია სურსათის უვნებლობასთან, რაც, როგორც ზემოთ ვნახეთ, ერთ-ერთ მის შემადგენელ მიმართულებას წარმოადგენს.

ამ მიმართებით ჩატარებულმა კვლევებმა, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ (13 ორგანიზაციის კონფედერაციაა, რომლებიც 3000 პარტნიორთან ერთად 100-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობენ, რათა სათანადო გადაწყვეტა მოუძებნონ სიღარბესა და უსამართლობას) ეგიდით აჩვენა, რომ საქართველოში არ არსებობს სასურსათო უსაფრთხოების არა მარტო ერთიანი სტრატეგია, პროგრამა და მისი განმახორციელებელი ინსტიტუტი, არამედ სასურსათო უსაფრთხოების სისტემის სახელმწიფოებრივი გაგება. სასურსათო უსაფრთხოების ელემენტები მიმოფანტულია  სხვადასხვა სამინისტროებში, უწყებებში, მათ ნორმატიულ აქტებში და არ არსებობს მათ შორის კომუნიკაცია, რაც არ იძლევა ერთი ცენტრიდან კოორდინაციის შესაძლებლობას.

საქართველოს მოსახლეობის 50%-ს სურსათზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემები აქვს, - ამის შესახებ საუბარია „ოქსფამის“ კვლევაში.

2013 წლიდან, ევროკავშირის დაფინანსებით, „ოქსფამი“ ახორციელებდა 4-წლიან პროექტს „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“. იმისთვის, რომ მომხდარიყო სასურსათო უსაფრთხოების მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასება და პროცესში ჩართული მხარეების ცნობიერების დონისა და შესაძლებლობების გამოკვლევა, „ოქსფამმა“ 2014 წლის ზაფხულის პერიოდში საბაზისო კვლევა ჩაატარა, რომელმაც, მათი ინფორმაციით, მნიშვნელოვან საკითხებზე საგანგაშო შედეგები გამოავლინა როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში.

საქართველოსთან მიმართებაში კვლევის ძირითადი დასკვნებიდან ჩანს, რომ: მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 1/3 და ქალებისა და ბავშვების 33-34% მოიხმარს რკინით მდიდარ ხორცის პროდუქტს; მოხუცი ქალები და ასაკოვანი მოსახლეობის მხოლოდ 24-25%-ს მიუწვდება ხელი ცხოველური წარმოების პროდუქციაზე, რომელიც მდიდარია A ვიტამინით; ქალების 50%, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 100-1000 ლარია, მოიხმარს 4 ჯგუფის საკვებს, რეკომენდებული 10 ჯგუფის ნაცვლად, მაშინ როდესაც ოჯახის დანარჩენი წევრები მოიხმარენ 5 ან მეტი ჯგუფის საკვებს, ქალები თავს იკავებენ ხორცეულისა და ხილის მოხმარებისგან; საქართველოს მოსახლეობის 50%-ს სურსათზე მატერიალური ხელმისაწვდომობის პრობლემები აღენიშნება; მოსახლეობის 61% - ხორცეულისა და თევზეულის, 45% - ხილის და ბოსტნეულის, 20% კი რძის ნაწარმის დეფიციტს განიცდის; ოჯახების 14% სისტემატურად სესხულობს ფულს სურსათის შესაძენად; საქართველოში 10-17 წლის ასაკის მოზარდების 50% მოკლებულია ვიტამინებით, ცილებით და რკინით მდიდარ სურსათს, რაც უარყოფითად აისახება მოზარდის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე, ქმნის ცილოვანი დეფიციტით გამოწვეულ მდგომარეობას, ანემიის განვითაებისა და ზრდის შეფერხების რისკს.

კვლევების საფუძველზე და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ 4 მიმართულებაზე დაყრდნობით, „ოქსფამმა“ სასურსათო უსაფრთხოების კუთხით სამხრეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობა შეაფასა და დაასკვნა, რომ: სურსათის წარმოების ინდექსი დაბალია, ხოლო სურსათზე ფასები - ძალიან მაღალი. ამასთან, რეგიონში ძირითადი პრობლემა არის ჭარბი სახამებლიანი სურსათი, ხოლო ცილები ნაკლებად ხელმისაწვდომია, რაც ბავშვებში ზრდის შეფერხებასა და განუვითარებლობას იწვევს. ამასთან, კვლევის თანახმად, საქართველოსა და სომხეთში მოხმარებული საკვების 50%-ზე მეტი იმპორტირებულია და სურსათის იმპორტზე დამოკიდებულების დონე ამ ორ ქვეყანაში გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენ რეგიონში ან განვითარებულ ქვეყნებში. საყურადღებოა, რომ რეგიონში სურსათის ძირითადი მწარმოებლები და გადამამუშავებლები ქალები არიან - მცირე მეურნეთა 54% საქართველოში და 58.7% სომხეთში ქალია. მთლიანი მოსახლეობის სამუშაო ძალას რაც შეეხება, 53% საქართველოში და 40% სომხეთში სოფლის მეურნეობის სფეროში არიან დასაქმებულნი. სომხეთის მოსახლეობის მთლიანი შემოსავლის 64%, ხოლო საქართველოს მოსახლეობის მთლიანი შემოსავლის 54% სურსათზე იხარჯება. ამასთან, სურსათზე მუდმივი ხელმისაწვდომობა მაღალმთიან რეგიონებში უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს, რაც ისეთი ლოგიკური შემაფერხებელი ფაქტორებით არის გამოწვეული, როგორიცაა ინფრასტრუქტურა და კლიმატი.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შედეგია ის, რომ მთელი რიგი საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით სასურსათო უსაფრთხოება საქართველოში არ არსებობს, რის საფუძველსაც იძლევა ის ფაქტიური მდგომარეობაც, რაც მისი ოთხივე მიმართულების უხეში დარღვევითაა გამოხატული.

მოსახლეობის უზრუნველყოფა საკმარისი რაოდენობის სურსათით მიიღწევა როგორც ადგილობრივი სასურსათო პროდუქციის წარმოებით (თვითუზრუნველყოფა), ასევე დეფიციტური პროდუქციის იმპორტით. ამ პრობლემის გადაწყვეტაში ძირითადი როლი ენიჭება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თუმცა, მნიშვნელოვანია ეკონომიკის მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების თანამონაწილეობაც (ინვესტიციების მოზიდვა, მწარმოებელთა ხელისშეწყობა იაფი კრედიტებით, ტექნიკით, სასუქებით, შხამქიმიკატებით, წარმოებული პროდუქციის ბაზრის მოძებნა, დაზღვევის ორგანიზაცია, ასევე იმპორტით დაინტერესებული ბიზნესმენების ხელშეწყობა და სხვა) [კოღუაშვილი პ.. https://agronews.ge/9282-2/ ] .

სასურსათო უსაფრთხოების მე-2 მიმართულება: მოსახლეობის უზრუნველყოფა სრულფასოვანი, ბალანსირებული სურსათით, ძალიან შორსაა სასურველისაგან. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა დაბალი სოციალური პირობების გამო ვერ ახერხებს ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისად საკვების შეძენას და მოხმარებას, რის გამოც უხეშადაა დარღვეული სასურსათო უსაფრთხოების ეს კომპონენტიც.

მოსახლეობისათვის შეთავაზებული სურსათი უნდა იყოს მრავალფეროვანი, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ სასურსათო პროდუქტის მიღებას ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისად. ეს ნიშნავს სხვადასხვა პროდუქციის იმ რაოდენობით მიღება-მოხმარებას, რაც განაპირობებს ორგანიზმის ნორმალური ცხოველმოქმედებისათვის საჭირო ინგრედიენტებით: ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით შევსება-გამდიდრებასა და მათი ურთიერთშეფარდების ბალანსის დაცვას.

აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტაში სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად პრიორიტეტული როლი ენიჭება შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსაც.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მონიტორინგი 2005 წლის ჩათვლით ხორციელდებოდა სახელმწიფოს მიერ ქვეყანაში დამკვიდრებული საბჭოთა სტანდარტის — ГОСТ-ის შესაბამისად. 2006 წლიდან მაშინდელი ხელისუფლების მიერ საერთოდ გაუქმდა კონტროლი სასურსათო პროდუქციაზე, რამაც გზა გაუხსნა იმპორტიორებს შემოეტანათ საქართველოში სხვაგან დაწუნებული, ფალსიფიცირებული, მიკრობებითა და ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურებული, ასევე გენმოდიფიცირებული, დაბალი ღირებულების პროდუქტები, რამაც, გამოიწვია არამარტო მომხმარებელთა მასიური დაავადებები (განსაკუთრებით ავთვისებიანი სიმსივნით 7-8 ათასი ადამიანი წელიწადში), არამედ სურსათის ადგილობრივი წარმოების პარალიზება. მცირე მეწარმეების მიერ მოყვანილმა ადგილობრივმა პროდუქციამ კონკურენცია ვერ გაუწია შედარებით იაფფასიან იმპორტულ პროდუქციას და ფაქტიურად სამამულო წარმოება მოკვდა (2013 წლამდე საქართველოში სახნავ-სათესი მიწების 80% ყოველწლიურად დაუმუშავებელი რჩებოდა). ყოველივე ამან განაპირობა სოფლის მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბება და მათმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მიატოვა სოფელი და სამუშაოსა და სარჩოს საძებნელად ქალაქს მიაშურა (ასეულობით სოფელი დაცარიელდა და ყველაზე შეძლებულად სოფელში პენსიონერი ითვლება).

2013 წლიდან ინტენსიურად დაიწყო სახელმწიფოს მიერ სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლი, რასაც საწარმოებში და სავაჭრო ქსელში ანხორციელებს სურსათის ეროვნული სამსახური, ხოლო საბაჟოზე — ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. საგულისხმოა ის, რომ 3 წელიწადში მონიტორინგის (სასურსათო პროდუქციის ლაბორატორიული კვლევა) რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა და 2015 წელს 6 ათასს მიაღწია, რაც მისასალმებელია, თუმცა, მონიტორინგის მასშტაბები ჯერ კიდევ არასაკმარისია. საჭიროა ამ სამსახურისათვის დაფინანსების მნიშვნელოვანი გაზრდა და შესაბამისი რაოდენობის კვალიფიციური სპეციალისტებით უზრუნველყოფა.

უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის უზრუნველყოფაუვნებელი სურსათითყველაზე მეტი ყურადღება ექცევა ხელისუფლების მხრიდან (რაც ზემოთაც აღინიშნა). ამ მიმართულებით მუშაობს: სურსათის ეროვნული სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტი, ამავე სამინისტროს სამეცნიერო ცენტრის რისკის მართვის დეპარტამენტი, ასევე ქვეყანაში სპეციალურად შექმნილი 11 ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტ — ISO-ს შესაბამისად.

მოსახლეობის უზრუნველყოფა ხელმისაწვდომი სურსათითაც უხეშად იყო დარღვეული და ჯერჯერობით თითქმის ისეთივე მდგომარეობაა, რადგან ზემოთ აღნიშნული დაბალი სოციალური პირობების გამო მოსახლეობის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს მისთვის საჭირო რაოდენობის სურსათის შეძენას.

ხელმისაწვდომობა თავისთავად არსებობს: ფიზიკური და მატერიალური.

ფიზიკური გულისხმობს იმას, რომ ქვეყნის ნებისმიერი რეგიონისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი მისთვის საჭირო სურსათი. მაგალითად, ახალქალაქს უნდა მიეწოდოს აჭარაში მოწეული ციტრუსი და პირიქით, ახალქალაქიდან აჭარას — კარტოფილი. ამის განხორციელებაში სახელმწიფომ უნდა მიიღოს თუ პირდაპირი არა, ირიბი მონაწილეობა მაინც მოვაჭრეთა ხელის შეწყობის გზით.

მატერიალური ხელმისაწვდომობა გულისხმობს იმას, რომ სასურსათო პროდუქცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს მომხმარებლისათვის ეკონომიკურად, შეეძლოს მომხმარებელს მისი შესყიდვა, რაც კი მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება მსყიდველობითი უნარი, რაც დამოკიდებულია მის შემოსავალზე, ეს უკანასკნელი კი მის დასაქმებაზე.

იმისათვის, რომ სურსათის უსაფრთხოება იყოს გარანტირებული, საჭიროა ოთხივე მიმართულების არსებობა; წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება, ინდივიდი ან ქვეყანა შეიძლება დადგეს სასურსათო უსაფრთხოების რისკის წინაშე.

სასურსათო უსაფრთხოების მიღწევა და მისი განმტკიცება დაკავშირებულია სხვადასხვა სახის რისკებთან:

— მაკროეკონომიკური რისკები, რასაც განაპირობებს: 1. დაბალი ინვესტიციები, ინვესტორებისათვის ნაკლებ საინტერესო გარემო; 2. სამამულო პროდუქციის დაბალი კონკურენტუნარიანობა; 3. ქვეყნის სხვადასხვა დარგების საგარეო-ეკონომიკური კონიუნქტურის მიმართ დამოკიდებულება (დამოუკიდებლობის დეფიციტი);

— პოლიტიკური და სოციალური რისკები, რასაც განაპირობებს: პოლიტიკური დაძაბულობები, შეიარაღებული კონფლიქტები, ხელისუფლების შეცვლა, სამოქალაქო ომები, სოციალური დაძაბულობები და სხვ.;

— ტექნოლოგიური რისკები, რასაც განაპირობებს განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზის დაბალი დონე;

— აგროეკოლოგიური რისკები, რაც გამოწვეულია სხვადასხვა მოულოდნელი მოვლენებით: სტიქიური კლიმატური ცვლილებები (სეტყვა, წყალდიდობა, გვალვა, მცენარეთა ან ცხოველთა დაავადებები, მიწისძვრები და სხვა საგანგებო სიტუაციები);

— საგარეო-ეკონომიკური რისკები, რომლებიც დაკავშირებულია საგარეო საბაზრო კონიუნქტურის ცვლილებასთან (სურსათზე ფასების ზრდა, ვალუტის კურსის ცვლილება და სხვა).

ჩვენი აზრით, სურსათის უვნებლობის სფეროში  სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს შეიძლება მივაკუთვნოთ:

- საკუთარი კვების პროდუქტების წარმოების აუცილებელი დონის უზრუნველყოფა (ობიექტურად შესაძლო ფარგლებში), რომელიც უნდა იქნას გათვალისწინებული, ერთი მხრივ, როგორც შიდა სურსათის ბაზრის დაცვა დაბალი ხარისხის პროდუქციის შეღწევისგან და მეორე მხრივ, როგორც აუცილებელი პირობა სოფლის შემოსავლის უზრუნველყოფისათვის;

- სურსათის სახელმწიფო რეზერვის მუდმივი განახლება, გარე და შიდა უარყოფითი ფაქტორების ზემოქმედებისაგან განურჩევლად;

- ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული საკვები პროდუქტების (რომელიც გამოტანილია ბაზარზე) ხარისხის,  შესაბამისობის მუდმივი მონიტორინგი სახელმწიფო და სურსათის უვნებლობის ხარისხის სტანდარტებთან;

- სასოფლო-სამეურნეო სექტორის მართვის ეფექტური სისტემის შექმნა ყველა დონეზე, მიღწეული მოცულობის შენარჩუნება და საექსპორტო ორიენტაციით კონკურენტუნარიანი საკვები პროდუქტების წარმოების გაფართოება, აგრეთვე კვების სექტორში ერთიანი სამეცნიერო-ტექნოლოგიური  და ინოვაციური პოლიტიკის გატარება. 

დასკვნა 

ზემოთ აღნიშნულიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ: 1) სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას საქართველოში, ხელისუფლების მხრიდან სათანადო ყურადღება არ ექცევა (რაც ძირითადში სასურსათო უსაფრთხოების 4 მიმართულებიდან მინიმუმ ორის იგნორირებაშიც კი ჩანს); 2) არ არსებობს კანონი უშუალოდ სასურსათო უსაფრთხოების შესახებ; 3) არ მოიპოვება არც მკაცრად გაწერილი სამოქმედო გეგმა; 4) არ გვაქვს სახელმწიფო  სახელმწიფო სტრუქტურაა, რომელიც კორდინაციას გაუწევდა სხვადასხვა სტრუქტურებში გაბნეულ საკითხებს; 5) დაბალია სასოფლო-სამეურნეო ასიგნებების ხვედრითი წილი სახელმწიფო ბიუჯეტში  და სხვა.

სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის ჩემი აზრით საჭიროა:

  • სასურსათო უსაფრთხოების შესახებ კანონის მიღება;
  • სასურსათო უსაფრთხოების საკითხების საკორდინაციო სახელმწიფო სტრუქტურის შექმნა;
  • სახელმწიფო ბიუჯეტში სასოფლო-სამეურნეო ასიგნებების ხვედრითი წილის გაზრდა 10%-მდე;
  • სასურსათო ბიზნესისა და ექსპორტის გაფართოების ხელშეწყობა;
  • კონკურენტული გარემოს შექმნა;
  • სურსათის სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეებისა და ფერმერების ჩართვის წახალისება/ხელშეწყობა;
  • სახელმწიფოს, კერძო სექტორის, მომხმარებლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კოორდინირებული მოქმედება. 

 

ლიტერატურა 

1. კოღუაშვილი პაატა. სიღარიბე, სასურსათო უსაფრთხოების განუხორციელებლობის ძირითადი მიზეზია. https://agronews.ge/9282-2/

2. კაკულია რ. 2003. გლობალიზაცია და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის პრობლემები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული, ტ. III, თბილისი,. - გვ.104-125.

3. ასათიანი რ. 2018. ეკონომიკური უსაფრთხოება და ჰოლანდიური დაავადება. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ინტერნეტ კონფერენციის მასალათა კრებული, თბ.. გვ. 15-26.

4. ქავთარაძე თ.. 2018. სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები საქართველოში. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ინტერნეტ კონფერენციის მასალათა კრებული, თბ., გვ. 131-137.

5. Голубев А. 200.Проблемы продовольственного обеспечения на основе сбалансированного развития агропродовольственного комплекса // Международный сельскохозяйственный журнал, N4, - С. 41-44.

6. Демьяненко В. В. 2006. Продовольственная безопасность - самая острая проблема современной России // Вестник Саратовской государственной академии права, N 3. - С. 87-90.

7. Ковалев Е. Новые аспекты мировой продовольственной проблемы. //Мировая экономика и международные отношения. 2005. №3. с.3–9.

8. Ушачев И. 2006. Продовольственная безопасность страны: проблемы и решения. АПК: экономика, управление, N 10. - С. 5-9.

9. Вартанова М.Л. 2016. Продовольственная безопасность страны и пути выхода из мирового продовольственного кризиса. / Монография. - М.: ИД «БИБЛИО-ГЛОБУС»,– 220 с.

10. Факторы экономической безопасности http://center-yf.ru/data/stat/faktory-ekonomicheskoy-bezopasnosti.php.