English / ქართული / русский /
რამაზ აბესაძე
მოსახლეობის ცხოვრების დონე და საქართველო

ანოტაცია. სტატიაში გადმოცემული ცხოვრების დონის, როგორც ტერმინის, არსი და მნიშვნელობა ეკონომიკური განვითარებისათვის, გამოთქმულია მოსაზრება ცხოვრების დონესთან დაკავშირებული ზოგიერთი ტერმინის შესახებ. შესწავლილია საქართველოში ცხოვრების დონის მდგომარეობა და დასახულია მისი ამაღლების გზები.

საკვანძო სიტყვები: “ცხოვრების დონე”, “ცხოვრების ხარისხი”, “საშუალო კლასი”, “საშუალო ფენა”. 

შესავალი 

ცხოვრების დონე ადამიანთა კეთილდღეობის და ეკონომიკური განვითარების ძირითადი მაჩვენებელია. რაც უფრო მაღალია ცხოვრების დონე, მით მაღალია ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანთა კეთილდღეობის დონე. ამასთან თუ წარსულში ცხოვრების დონის ამაღლებაში გადამწყვეტ როლს ეკონომიკურიზრდა თამაშობდა, ამჟამად ეკონომიკაში მიმდინარე პროგრესული თვისებრივი ცვლილებები (ახალი ტექნოლოგიები, ტექნიკა, ადამიანისეული კაპიტალი და ინსტიტუციები, პროდუქციის ახალი სახეობები და სხვა).   ცხოვრების დონესთან დაკავშირებული ზოგიერთი ტერმინი საჭიროებს დაზუსტებას, მაგალითად ტერმინები: “ცხოვრების დონე”, “ცხოვრების ხარისხი”, “საშუალო კლასი” “საშუალო ფენა”.

წარმოებული სიმდიდრის განაწილების პრობლემა ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი ხდება. თუ განსხვავება (ანუ უთანაბრობა) მდიდარ და ღარიბ ნაწილს შორის იზრდება, მაშინ, შეიძლება ითქვას, ეკონომიკურ განვითარებას ადგილი არ აქვს. მიუხედავად მსოფლიო გლობალიზაციის მაღალი ტემპებისა, ცხოვრების დონის მიხედვით.

მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების დონე საქართველოში იზრდება, ის მაინც დაბალი რჩება.

ცხოვრების დონის არსი და მასთან დაკავშირებული ტერმინები

ეკონომიკურ ლიტერატურაში არსებობს ცხოვრების დონის სხვადასხვაგვარი ფორმულირება. ჩვენი აზრით, ეს ცნება არ მოითხოვს რთულ და ერთმანეთისაგან განსხვავებულ განმარტებებს. ცხოვრების დონე არის ცალკეულ ადამიანთა და მთლიანად საზოგადოების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების დონე. რაც უფრო მაღალია ცალკეული ადამიანისა და მთლიანად საზოგადოების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების დონე, მით უფრო მაღალია ცხოვრების დონე და პირი¬ქით. მოთხოვნილებები კი, როგორც ცნობილია, განუსაზღვრელია და იცვლება ცხოვრების დონის ზრდასთან ერთად (წარმოება წარმოშობს ახალ მოთხოვნილებებს)

მოსახლეობის ცხოვრების დონე, ანუ ის, თუ როგორ ცხოვრობენ, რო¬გორ იკმაყოფილებენ ადამიანები თავიანთ მოთხოვნილებებს, დამოკიდებულია არაერთ ფაქტორზე, რომელთაგან უმთავრესია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების არსებული მდგომარეობა. ბუნებრივია, რაც უფრო მაღალია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე და ხარისხი, მით უფრო მაღალია ადამიანთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

ეკონომიკურ ლიტერატურაში ერთმანეთისაგან განასხვავებენ ცნებებს - “ცხოვრების დონე” და “ცხოვრების ხარისხი”. მართალია, ამ ორ ცნებას შორის განსხვავების საპოვნელად გარკვეული ლოგიკა არსებობს, მაგრამ, ჩვენი აზრით, მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის. ცხოვრების დონეც და ცხოვრების ხარისხიც მოიცავს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ მხარეებს, ვინაიდან, თუ ხარისხობრივად ადა¬მიანთა მოთხოვნილებები არ კმაყოფილდება, როგორ შეიძლება ვისაუბროთ ცხოვრების მაღალ დონეზე და, პირიქით, თუ რაოდენობრივად ადამიანთა მოთხოვნილებები არ კმაყოფილდება, როგორ შეიძლება ვისაუბროთ ცხოვრების მაღალ ხარისხზე. საერთოდ, ცხოვრების პირობების შესაფასებლად უფრო მისაღებია ვიხმაროთ ტერმინი “ცხოვრების დონე”. ამასთან, მისაღებია განვიხილოთ ცხოვრების დონის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები.

ცხოვრების დონის მიხედვით ერთმანეთისაგან შეიძლება განვასხვაოთ ეპოქები, ქვეყნები, ადამიანები. ცხოვრების დონე უდიდეს გავლენას ახდენს ცხოვრების წესზე. საკმარისია წარმოვიდგინოთ ცხოვრების დონით განხვავებული ეპოქები, ქვეყნები და ადამიანები და დავინახავთ, თუ როგორ იცვლება ერთი და იმავე ერის ცხოვრების წესი ცხოვრების დონის ზრდასთან ერთად, თუ როგორ განსხვავდება სხვადასხვა ცხოვრების დონის მქონე ქვეყნების ცხოვრების წესი ერთმანეთისაგან, თუ როგორ განსხვავდება ერთსა და იმავე ქვეყანაში ერთმანეთისაგან მდიდარ და ღარიბ ადამიანთა ცხოვრების წესი. მართალია, ცხოვრების წესზე დიდ გავლენას ახდენს სხვა ფაქტორებიც (კულტურა, ტრადიციები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოწყობის წესი, პროფესია და სხვ.), მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც ცხოვრების დონეს ენიჭება.

ცხოვრების დონე უფრო პირდაპირ კავშირშია მოთხოვნასთან, ვინაიდან მოთხოვნა არის დაკმაყოფილებული მოთხოვნილება. ცხოვრების დონე კი, სწორედ, დაკმაყოფილებული მოთხოვნილებით განისაზღვრება. აქედან გამომდინარე, მთელი საზოგადოების ცხოვრების დონე დამოკიდებულია ერთობლივ მოთხოვნაზე, ხოლო ცალკეული ადამიანის ცხოვრების დონე - ინდივიდუალურ მოთხოვნაზე. მოთხოვნა კი თავისთავად დამოკიდებულია შემოსავლებზე და დანაზოგებზე. მართალია, დანაზოგები ამცირებს მიმდინარე მოხმარებას და, მაშასადამე, ცხოვრების დონესაც, მაგრამ, სამაგიეროდ, იგი ზრდის მოხ-მარებას მომავალში და შესაბამისად, ცხოვრების დონესაც.

ბუნებრივია, პირდაპირი კავშირი არსებობს მოთხოვ¬ნილებასა და ცხოვრების დონეს შორის, რომ რაც უფრო დიდია მოთხოვნილების განვითარების ხარისხი, მით უფრო მაღალია ცხოვრების დონე. მოთხოვნილების განვითარების ხარისხი კი თავისთავად დამოკიდებულია თვისებრივ ცვლილებებთან წარმოებაში - საქონლისა და მომსახურების ახალი სახეობების წარმოშობასთან, რაც თავისთავად პირდაპირ კავშირშია ინოვაციებთან ეკონომიკაში. მაგრამ თანამედროვე პირობებში ინფორმაციის საშუალებები იმდენად განვითარებულია, რომ ახალი მოთხოვნილებები წარმოიშობა არა მხოლოდ მდიდარ, არამედ ღარიბ ფენებში, თუმცა, შესაძლებლობა ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა მნიშვნელოვნად განსხვავებულია. სწორედ ეს განაპირობებს ცხოვრების დონის განსხვავებულობას და გარკვეულ დაპირისპირებას მოსახლეობის სხვადასხვა ფენებს შორის. ამ მხრივ ყველაზე ნეიტრალურია მოსახლეობის საშუა¬ლო ფენა.

ცხოვრების დონის შესაფასებლად არსებობს მაჩვენებელთა მთელი შისტემა [Жеребин.. 2002; Румянцев … 2001; მესხია... … 2004]. მათი გამოყენება საშუალებას იძლევა დავახასიათოთ ცხოვრების პირობების ესა თუ ის მხარე. მაგრამ, ჩვენი აზრით, ძირითადი მაჩვენებელი ცხოვრების დონისა არის შემოსავალი და საქონლისა და მომსახურების ხარისხი როგორც ცალკეული პიროვნების, ისე მთელი საზოგადოებისათვის. სწორედ მათზეა დამოკიდებული როგორც ფიზიკური, ისე სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების, ასევე ცხოვრებისა და შრომის კომფორტის ხარისხი (რომელიც შეიძლება განისაზღვროს უახლესი სახეობის პროდუქციის გამოყენების მასშტაბებით). მაშასადამე, ცხოვრების დონე დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკის როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი განვითარების დონეზე, მათ შორის, შემოსავლების განაწილების სამართლიანობაზე.

ადამიანთა პირველყოფილი საზოგადოების პირობებში მდიდრებისა და ღარიბების ერთმანეთისაგან განსხვავება არ არსებობდა, ვინაიდან არ არსებობდა ღარიბებად და მდიდრებად დაყოფა, რადგანაც რასაც მოიპოვებდნენ თანაბრად მოიხმარდნენ (განაწილება ხდებოდა თანაბრად), თუმცა, განსხვავება ამ ნიშნის მიხევით ცალკეულ თემებსა (ტომებს) და რეგიონებს შორის მაინც იქნებოდა (ბუნებრივი რესურსების, უნარის, შრომის იარაღების და სხვა განსხვავებათა გამო). მდიდრებად და ღარიბებად დაყოფა იწყება მას შემდეგ, რაც კაცობრიობის ისტორიაში სხვადასხვა ფაქტორთა გამო (რომელიც კარგადაა ცნობილი) განაწილების სამართლიანობა ირღვევა, საზოგადოების გარკვეული ფენა უმრავლესობასთან შედარებით შემოსავლების მეტ ნაწილს ითვისებს და სხვებზე მდიდარი ხდება. მაგალითად, მონათმფლობელები - მონებზე, თავადაზნაურები - გლეხებზე, კაპიტალისტები – მუშებზე. სიღარიბეში იგულისხმება განსხვავება არა მხოლოდ მატერიალური ქონების, არამედ სხვა ფასეულობათა მიხედვითაც (განათლება, კულტურა, თავისუფლების ხარისხი და ა.შ.). შეიძლება ითქვას, რომ, ისტორიულად, თითქმის ყველა მონა და ყმა გლეხი (იშვიათი გამონაკლისის გარდა) შეიძლება ჩაითვალონ მუდმივ ღარიბებად. კაპიტალიზმის პირობებში კი მდგომარეობა რადიკალურად იცვლება, ვინაიდან იურიდიულად მუშა (და გლეხიც) თავისუფალია და მისი იძულებით მუშაობა შეუძლებელია. ამდენად, კაპიტალისტი იძულებულია, შემოსავლებიდან მეტი დაუთმოს მას, ვიდრე ამას მონათმფლობელები და თავადაზნაურები აკეთებდნენ. ბატონყმობის წიაღში წარმოიშობა საშუალო ფენა, რომელიც კაპიტალიზმის დროს საზოგადოების ყველაზე დიდ ნაწილს წარმოადგენს.

პოლიტეკონომიურ ლიტერატურაში საშუალო ფენის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებაა გავრცელებული. ზოგი მას განიხილავს საზოგადოების დაყოფის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად და საშუალო კლასსაც კი უწოდებს. მაგალითად, სოციოლოგები უილიამ ტომპსონი და ჟოზეფ ჰაიეკი [Thompson2005] საზოგადოებას შემოსავლების მიხედვით ყოფს უმაღლეს, უმაღლეს საშუალო, უდაბლეს საშუალო, მუშათა და უდაბლეს კლასად.

მიგვაჩნია, რომ საშუალო ფენას არ შეიძლება ეწოდოს კლასი, ვინაიდან კლასის ცნება დაკავშირებულია მასში შემავალ წევრთა გარკვეულ სოციალურ სტატუსთან (რომელსაც ძირითადად სო-ციალურ-პოლიტიკური დატვირთვა აქვს. მაგალითად: მონა, მონათმფლობელი, ყმაგლეხი, თავადი, მუშა, კაპიტალისტი და მათ შორის არსებობს დაპირისპირებულობა, რომელიც ხშირად გადაიზრდება კლა-სობრივ ბრძოლაში). საშუალო ფენა კი უმეტეს წილად დაკავშირებულია მის ეკონომიკურ მდგომარეობასთან (იგულისხმება არა მხოლოდ შემოსავლის დონე, არამედ განათლება, ინტელექტუალური საკუთრება, კვალიფიციური შრომის უნარი და სხვ.) და საზოგადოების ის მრავალფეროვანი ნაწილია, რომლის წევრების შემოსავალი მერყეობს საზოგადოების (ქვეყნის) წევრთა შემოსავლების საშუალო დონის მახლობლად, ე.ი. ამ ფენის წარმომადგენლები არც ღარიბები არიან და არც მდიდრები. მისი შემადგენლობა მრავალფეროვანია და ასევე მობილური. მის რიგებში შეიძლება იყოს თანამედროვე საზოგადოების სრულიად სხვადასხვა წრის წარმომადგენელი (მუშა, გლეხი, მეწარმე, სახელმწიფო მოღვაწე, მეცნიერი, მწერალი, სპორტსმენი და ა.შ.). საშუალო ფენის არსებობას დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური განვითარებისათვის. იგი მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მაკროეკონომიკურ და, საერთოდ, ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ სტაბილურობას. სწორედ ამიტომაა, რომ განვითარებულ ქვეყნებში ეს ფენა საზოგა-დოების ყველაზე დიდი ნაწილია.

ცნება - “საშუალო ფენა” (და არა კლასი) პირველად გამოიყენა არისტოტელემ, ალბათ, ძირითადად, ხელოსანთა, ვაჭართა, მევახშეთა და მონათა იმ ნაწილის აღსანიშნავად, რომელთა მდგომარეობა მონათა ძირითად ნაწილზე უკეთესი იყო, ხოლო მონათმფლობელზე – უარესი. საზოგა-დოების ეს ნაწილი, ბუნებრივია, მონაწილეობას არ მიიღებდა მონათა გამოსვლებში.

განვითარებულ ქვეყნებში დღეისათვის საშუალო ფენის ხვედრითი წონა იმდენად დიდია და ცხოვრების საერთო დონე იმდენად მაღალი, საზოგადოების დაყოფა კლასებად საერთოდ კარ-გავს აზრს (ეს აისახა მ. ვებერის, ტ. პარსონსის, რ. დარენ-დორფის, ბ. ბარბერის, კ. დევისის, უ. მორის, პ. კოლინზის და სხვათა ნაშრომებში). ამიტომ საზოგადოების დაყოფა ხდება მხოლოდ “სტრატებად”, ანუ “ფენებად”, რომელთა შორის ანტაგონისტური წინააღმდეგობა არ არსებობს.

ისტორიული თვალსაზრისით, ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ დროთა განმავლობაში ადამიანები გაცილებით უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე წინა საუკუნეებში, ე. ი. ადგილი აქვს სიმდიდრის ზრდის ტენდენციას. ამიტომ დღევანდელი ღარიბი წარსულის მდიდრებზე გაცილებით მდიდარი შეიძლება აღმოჩდეს და არა შემოსავლების ზრდის, არამედ, უმთავრესად, ცხოვრების კომფორტის გაუმჯობესების გამო, რასაც ეკონომიკაში მომხდარი თვისებრივი ცვლილებები განაპირობებს. მაგალითად, დღევანდელი განვითარებული ქვეყნის საშუალო ფენის წარმომადგენელი გაცილებით მდიდარია, ვიდრე ეგვიპტის ნებისმიერი ფარაონი ან რომის ნებისმიერი იმპერატორი, ვინაიდან (მიუხედავად მათი გაცილებით დიდი შემოსავლებისა) მათი ცხოვრების პირობები ნაკლებ კომფორტული იყო - ვერ სარგებლობდნენ დღევანდელი დონის სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის საშუალებებით, ტელევიზორით, ვიდეო და აუდიოტექნიკით, კინომატოგრაფიით, ინტერნეტით და ა. შ.

ცალკეული ქვეყნის შიგნითაც არ არის ცხოვრების დონე თანაბარი. საზოგადოების ცალკეული ფენები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ამ მაჩვენებლის მიხედვით. ჯინის კოეფიციენტის მაღალი დონე ძირითადად დაბალგანვითარებულ ქვეყნებში არსებობს, თუმცა, არსებობს გამონაკლისები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შემოსავლების არასამართლიანი განაწილება ყოველთვის აუცილებლად ეკონომიკური განვითარების დონესთან დაკავშირებული არ არის. იგი უფრო ჩამოყალიბებული ტრადიციებითა და ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების სრულყოფილებით განისაზღვრება. 

ცხოვრების დონე საქართველოში 

ბოლო წლებში  ცხოვრების დონე საქართვე-ლოში იზრდება, თუმცა დაბალი ტემპებით. Aამაზე მეტყველებს შემდეგი მაჩვენებლები: მთლიანი შიგა პროდუქტი 2015-2018 წლებში 11,4%-ით გაიზარდა, მო-სახლეობის ერთ სულზე კი 17,5%-ით, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 18,6%-ით; სიღარიბის ზღვარს ქვე¬მოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა 7%-ით, უმუშევრობის დონე 14,1%-დან 12,7%-მდე, აბსოლუტური სიღარიბე 21,6%-დან 20,1%-დე. Bბოლო ორი წლი განმავლობაში ლარის დევალ-ვაციით გამოწვეული ინფლაციური პროცესები მი-მართულია ცხოვრების დონის შემციკებსაკენ.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ცხო-ვრების დონის რაოდენობრივი მაჩვენებლების ნელი ტემპებით გაუმჯობესების მიუხედავად ცხოვრების კომფორტი მნიშვნელოვნად შეიცვალა, ეკონომიკასა და ყოფაცხოვრებაში თვისებრივად ახალი უცხოური ტექნიკის,  ტენოლოდიებისა და სამომხმარებლო საგნების გამოყენების შედეგად.

საქართველოში ცხოვრების დონის ასამაღლებლად აუცილებელია:

1. თვისებრივი ცვლილებების განხორციელება, თავდაპირველად უცხოური ტექნოლოგიებისა და სამომხმარებლო საგნების შემოტანის, შემდეგ კი, ასევე საკუთარ კვლევებზე დაფუძნებული ინოვაციური სისტემის ფორმირების  შედეგად;

2. შრომის ბაზრის ინსტიტუციური მოწყობა, სახელმწიფო სამსახურისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა.

3. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების ადგილობრივი მუშახელის დასაქმებისათვის უპირატესობის მინიჭება;

4. იმპორტშემცველი და ექსპორტზე ორიენტირებული დარგების მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან;

5. კორუფციის მინიმუმამდე დაყვანა;

6. მცირე ბიზნესის განვითარების სახელმწიფოს მხარდაჭერის ფართო ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა [აბესაძე ... 2009] ;

7. საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების ორგანიზება, რისთვისაც სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს ბიუჯეტის სახსრები, უცხოური კრედიტები და დახმარებები. 

დასკვნები 

1. ერთმანეთისაგან განასხვავებაენ ტერმინებს “ცხოვრების დონეს” და “ცხოვრების ხარისხს”, რაც არასწორია, ვინაიდან ცხოვრების დონეც და ცხოვრების ხარისხიც მოიცავს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ მხარეებს.

2. მიუღებელია ვიხმაროთ ტერმინი “საშუალო კლასი” “საშუალო ფენის ნაცვლად” საშუალო ფენას  არ შეიძლება ეწოდოს კლასი, ვინაიდან კლასის ცნება დაკავშირებულია მასში შემავალ წევრთა გარკვეულ სოციალურ სტატუსთან იგი საზოგადოების სოციალურად ორგანიზებული, შემადგენლობით ერთფეროვანი  ნაწილია და იბრძვის თავიანთი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ანდა არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად.  საშუალო ფენა კი უმეტესწილად დაკავშირებულია მის ეკონომიკურ მდგომარეობასთან  და საზოგადოების ის მრავალფეროვანი ნაწილია, რომლის წევრების შემოსავალი მერყეობს საზოგადოების წევრთა შემოავლების საშუალო დონის მახლობლად.

3. წარმოებული სიმდიდრის განაწილების პრობლემა ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი ხდება. თუ განსხვავება (ანუ უთანაბრობა) მდიდარ და ღარიბ ნაწილს შორის იზრდება, მაშინ, შეიძლება ითქვას, ეკონომიკურ განვითარებას ადგილი არ აქვს.

4. ბოლო წლებში  ცხოვრების დონე საქართველოში იზრდება, თუმცა დაბალი ტემპებით, რის გამოც ის დაბალი რჩება, თუმცა ცხოვრების კომფორტი მნიშვნელოვნად შეიცვალა, ეკონომიკასა და ყოფაცხოვრებაში თვისებრივად ახალი უცხოური ტექნიკის,  ტენოლოდიებისა და სამომხმარებლო საგნების გამოყენების შედეგად.

საქართველოში ცხოვრების დონის ასამაღლებლად აუცილებელია:

1. თვისებრივი ცვლილებების განხორციელება, თავდაპირველად უცხოური ტექნოლოგიებისა და სამომხმარებლო საგნების შემოტანის, შემდეგ კი, ასევე საკუთარ კვლევებზე დაფუძ-ნებული ინოვაციური სისტემის ფორმირების  შედეგად;

2. შრომის ბაზრის ინსტიტუციური მოწყობა, სახელმწიფო სამსახურისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა.

3. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების ადგილობრივი მუშახელის დასაქმებისათვის უპირატესობის მინიჭება;

4. იმპორტშემცველი და ექსპორტზე ორიენტირე-ბული დარგების მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან;

5. კორუფციის მინიმუმამდე დაყვანა;

6. მცირე ბიზნესის განვითარების სახელმწიფოს მხარდა¬ჭერის ფართო ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა;

7. საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების ორგანიზება, რისთვისაც სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს ბიუჯეტის სახსრები, უცხოური კრედიტები და დახმარებები. 

ლიტერატურა: 

1. აბესაძე ., კაკულია ე. 2009. მცირე ბიზნესის მაკროეკონომიკური რეგულირების მექანიზმი საქართველოში. თბილისი, `პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი~;

2. აბესაძე ., 2013. მოსახლეობის ცხოვრების დონე, სიღარიბე და უმუშევრობა საქართველოში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შრომები. თბილისი, “სიახლე”, , ტ. 10.

3. მესხია ., გაბელაშვილი კ. 2004. მოსახლეობის ცხოვრების დონე (ანალიზი და პროგნოზები). თბილისი, “ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა”;

4. Thompson W. 2005. Joseph Hickey. Society in Focus. Boston.;

5. Жеребин В. М., Романов А. Н.  2002. Уровень жизни населения. М., «ЮНИТИ»;

6. Илин Вю А. 2016ю Уровень жизни населения: опит региональных исследований http://bookash.pro/ru/book/184274/ uroven-zhizni-naseleniya-opyt-regionalnyh-issledovanii-v-a-ilin;

7. Румянцев Е. Е. 2001. Стратегия преодоления бедности. Минск, «Армира – Маркетинг, Менеджмент».



  • აქ და სხვაგან, სადაც მითითება არ არის, მაჩვენებლები გაანგარიშებულია საქართველოს სტატისტის სამსახურის მონაცემთა მიხედვით