English / ქართული / русский /
ლია თოთლაძემამუკა ხუსკივაძე
Covid-19-ის გავლენა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკაზე

ანოტაცია. უცხოური კაპიტალის მოზიდვა და საგარეო წყაროებზე ხელმისაწვდომობა  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის. საერთაშორისო კვლევებითა და პრაქტიკული გამოცდილებით დასტურდება, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველია ქვეყნის კარგი საინვესტიციო კლიმატი და პოლიტიკურად და ეკონომიკურად სტაბილური გარემო. მაგრამ შესაძლებელია წარმოიქმნას ისეთი ფაქტორი ან ფაქტორთა ერთობლიობა, რომელთა ზეგავლენაც საინვესტიციო გარემოზე პრაქტიკულად შეუსწავლელია. სწორედ ზემოთ აღნიშნულს განეკუთვნება დღეს მსოფლიოში განვითარებული მოვლენები. პანდემიამ, რომელმაც პრაქტიკულად გააჩერა მსოფლიო, წარმოუდგენლად დიდი გავლენა მოახდინა ყველა ქვეყანაზე. ამ შემთხვევაში, ცხადია, გავლენის ზრდის  დამაჩქარებელი აღმოჩნდა გლობალიზაცია;

ნაშრომში ასახულია ახალი კორონავირუსის Covid-19-ის გავლენა  პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. გაანალიზებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების დინამიკის სამი შესაძლო სცენარი: ოპტიმისტური, შუალუდური და პესიმისტური.  შეფასებულია ცვლილებები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადებსა და გეოგრაფიაში, რაც დაკავშირებულია პანდემიის გავრცელებათან როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან პერიოდში.  აღნიშნულია აგრეთვე FDI–ს მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელიც მან შესაძლოა შეასრულოს ეკონომიკის გაჯანსაღებაში პანდემიის შემდგომ პერიოდში ვინაიდან, როგორც წარსული კრიზისების გამოცდილებამ აჩვენა, უცხოური კომპანიების შვილობილმა კომპანიებმა, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოებმა, კრიზისის დროს შეიძლება უფრო მაღალი მდგრადობა გამოავლინონ თავიანთი კავშირების და ფინანსურ რესურსებზე წვდომის წყალობით;

მიმოხილულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ შემუშავებული ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია პანდემიის პირობებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების რეგულირებისაკენ. ყურადღება ეთმობა ევროკომისიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს, რომელიც  განკუთვნილია წევრი სახელმწიფოებისთვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და მესამე ქვეყნებიდან კაპიტალის შემოდინების კონტროლისაკენ. ხაზგასმულია ასევე პანდემიის  და პოსტპანდემიურ პერიოდში ინვესტიციების ნაკადების მიმართულებებისა და გეოგრაფიის ცვლილების პირობებში საქართველოს შესაძლებლობის შესახებ. 

საკვანძო სიტყვები: პანდემია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რეგულირება, უცხოური ინვესტიციების ნაკადების პროგნოზირება. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) ითვლება გლობალიზაციის, ეკონომიკური ზრდის და ინდუსტრიალიზაციის მთავარ მასტიმულირებელ ძალად. უცხოური კაპიტალის მოზიდვა და საგარეო წყაროებზე ხელმისაწვდომობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის. მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ როდესაც ქვეყანა ძირითადად დამოკიდებულია საგარეო ინვესტიციებზე და გრძელვადიან პერიოდში საკმაოდ  მაღალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი აქვს, აღნიშნულ სხვადასხვა დადებით ეფექტებთან ერთად მნიშვნელოვანი რისკის მატარებელია. შესაძლებელია გარკვეული გარემოებების გამო პრობლემები გაჩნდეს დაფინანსების კუთხით და ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკისაგან დამოუკიდებლად შემცირდეს ინვესტიციების (კაპიტალის) შემოდინება. შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ე.წ. „უეცარ შეჩერებას“. ეს კი, შეამცირებს რა ქვეყანაში განხორციელებულ ინვესტიციებს, შეამცირებს გამოშვებას და გაზრდის უმუშევრობას.

FDI-ს როლი კიდევ უფრო გაიზარდა 1990-იანი წლებიდან, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. FDI-ს განსაკუთრებით დადებითი ეფექტი შესაძლოა ჰქონდეს ინდუსტრიულ სექტორში, კერძოდ კი ტექნოლოგიურ განვითარებაში, მუშახელის პროდუქტიულობის გაზრდასა და ახალი ცოდნის თუ უნარების შეძენა-გაუმჯობესებაში. საერთაშორისო კვლევებითა და პრაქტიკული გამოცდილებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველია ქვეყნის კარგი საინვესტიციო კლიმატი და პოლიტიკურად და ეკონომიკურად სტაბილური გარემო.

ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ყოვლისმომცველი ინდიკატორების სია, რომლებიც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას განაპირობებს, ისევე, როგორც არ არსებობს მისი ხელის შემშლელი ფაქტორების ზუსტად განსაზღვრული ჩამონათვალი. სხვადასხვა ფაქტორმა სხვადასხვა ქვეყანაში შესაძლებელია სხვადასხვაგვარი ეფექტი მოგვცეს. ან წარმოიქმნას ისეთი ფაქტორის ან ფაქტორთა ერთობლიობა, რომელთა ზეგავლენაც საინვესტიციო გარემოზე პრაქტიკულად შეუსწავლელია.

სწორედ ზემოთ აღნიშნულ მდგომარეობას განეკუთვნება დღეს მსოფლიოში განვითარებული მოვლენები. პანდემიამ რომელმაც პრაქტიკულად გააჩერა მსოფლიო, წარმოუდგენლად დიდი გავლენა მოახდინა ყველა ქვეყანაზე. ამ შემთხვევაში, ცხადია, გავლენის ზრდის  დამაჩქარებელი აღმოჩნდა გლობალიზაცია. გლობალურმა ეკონომიკურმა კავშირებმა, ინტენსიურმა მიმოსვლამ განაპირობა პანდემიის ასეთი ფართომასშტაბიანი გავრცელება.

მსოფლიოში დღეს არსებულმა მდგომარეობამ, რომელიც პირველ რიგში დაკავშირებულია  COVID-19-ის პანდემიასთან, მის გლობალურ ეკონომიკურ სურათზე უდიდესმა გავლენამ განაპირობა სხვაგვარად შეეხედათ მისთვის.  მართალია მსოფლიოში აღიარებული ეკონომისტები, ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებლები აგებენ პოსტპანდემიური განვითარების სცენარებს, საპროგნოზო მოდელებს, მაგრამ პანდემიის რეალური გავლენის შეფასებისათვის, ვფიქრობთ, გარკვეული პერიოდია საჭირო. კრიზისულ პერიოდში ეკონომიკის ფუნქციონირების დროის ინტერვალი  უკეთ წარმოაჩენს გავლენის მასშტაბებს.   მედიკოსები საუბრობენ პანდემიის შემდგომი ტალღების შესახებაც, რომლებიც არანაკლებ მასშტაბური შეიძლება აღმოჩნდეს. ეს კი კიდევ უფრო ართულებს პროგნოზების გაკეთებას, ვინაიდან რთულდება პანდემია და პოტპანდემიური პერიოდების ზუსტად განსაზღვრაც კი.   რა ზეგავლენას იქონიებს COVID-19 მსოფლიო ეკონომიკაზე დიდად არის დამოკიდებული ვირუსის გავრცელების ტენდენციებზე (რამდენად შორს და რა სისწრაფით გავრცელდება ვირუსი), ვაქცინის შექმნის ვადებსა და ცალკეული ქვეყნების უნარსა და სურვილზე, იმოქმედონ ეფექტურად. მოცემული ცვლადების გათვალისწინებით ზუსტი პროგნოზების გაკეთება ფაქტობრივად შეუძლებელია. მაგალითად, 2020 წლის თებერვალში გაკეთებული პროგნოზები მარტში უკვე მნიშვნელოვნად შეიცვალა და უფრო პესიმისტური გახდა.

ცხადია, დღეისათვის ერთი რამ უდავოა, ეს იყო სერიოზული ძვრა მსოფლიო ეკონომიკისათვის.

გაეროს მიერ შემოთავაზებული უკანასკნელი ანალიზით, COVID-19-ის შემდგომ გლობალური ეკონომიკის ზრდა მინიმუმ 2.5%-მდე შემცირდება, მიყენებული ზარალი კი დაახლოებით ტრილიონ დოლარს მიაღწევს. უფრო ცუდ შემთხვევაში ეს რიცხვი შეიძლება გაორმაგდეს. ყველაზე დიდი ზიანი კი ნავთობის და სხვა საქონლის ექსპორტიორ ქვეყნებს მიადგება [7].

ეუთოს ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 2.4%-მდე შემცირდება წინასწარ ნავარაუდევი 2.9%-დან, რაც, ძირითადად, მსოფლიო ვაჭრობის შემცირებით იქნება განპირობებული [6]. 

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) შეფასებით, ვირუსის ფონზე მსოფლიოში უმუშევრობა მნიშვნელოვნად გაიზრდება[8].

განისაზღვრა აგრეთვე დარგები, რომლებზეც კორონოვირუსით გამოწვეულ პანდემიას ექნება განაკუთრებით დიდი გავლენა: ესაა ტურიზმი, გადამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო სექტორი, საცალო ვაჭრობა, გართობა და დასვენება. ცხადია, COVID-19 გავლენას იქონიებს პირდაპირი უცხოური ინვეტიციების დინამიკაზეც.

COVID-19 პანდემიის გავრცელების შეზღუდვის მიზნით მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მთავრობამ მიმართა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკაცრ  ზომებს. ამ ზომებმა გამოიწვია მძიმე ეკონომიკური შეფერხებები, რაც, ცხადია, გავლენას ახდენს ფირმების უცხოეთში ინვესტირების გადაწყვეტილებებზე. მთავრობებმა ასევე გადადგეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის ეკონომიკური შედეგების თავიდან ასაცილებლად ან შემცირების მიზნით. და, ცხადია, გატარებულმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკურმა პოლიტიკამ დიდი გავლენა მოახდინა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადებზე შემცირების კუთხით.

 OECD (2020) და McKinsey (2020) კვლევის მიხედვით განიხილება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების დინამიკის სამი შესაძლო სცენარი: ოპტიმისტური, შუალუდური და პესიმისტური. გრაფიკი 1 გვიჩვენებს FDI ნაკადის პროგნოზებს სხვადასხვა სცენარის მიხედვით [7].

OECD–ის პროგნოზებმა აჩვენა, რომ ყველაზე ოპტიმისტური სცენარის პირობებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადები, სავარაუდოდ, მინიმუმ 30 პროცენტით დაეცემა 2020 წელს 2019 წელთან შედარებით,  კრიზისამდელ დონეს დაბრუნდება 2021 წლის ბოლოს. გრაფიკზე  ჩანს  ტენდენციები 2015 წლიდან 2019 წლამდეც და შესაძლო სცენარები ნახევარწლიანი მონაცემების საფუძველზე 2021 წლის ბოლოსთვის. მოსალოდნელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების მკვეთრი ვარდნა 2020 წლის პირველ ნახევარში. ამის შემდეგ, FDI–ის ნაკადებზე გავლენა დამოკიდებული იქნება მთავრობების მიერ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეკონომიკური პოლიტიკის ზომებზე. 

გრაფიკი 1

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების საპროგნოზო სცენარები



წყარო: OECD FDI statistics database 

ოპტიმისტური სცენარის თანახმად, თუ მიღებულ იქნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომები, რომელიც გააკონტროლებს ვირუსის გავრცელებას მომდევნო 2-დან 3 თვეში, აღმოჩენილი იქნება მკურნალობის გზა (ვაქცინა/წამალი), რომელიც ამცირებს ვირუსის გავრცელებას და გაფართოვდება ტესტირება, რაც ხელს შეუშლის მის გავრცელებას,  მაშინ ამ სცენარის თანახმად, ეკონომიკური ზრდა განახლდება წლის მეორე ნახევარში და 2021 წლის ბოლოს დაუბრუნდება კრიზისამდელ დონეს. მიუხედავად იმისა, რომ საშუალოვადიან პერიოდში შეიძლება შემცირდეს ახალი ინვესტიციები,  2021 წლის ბოლოს ახალი ინვესტიციები ნორმალურ რეჟიმში დაბრუნდება. შედეგად, მოსალოდნელია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადები 2020 წელს 30%-დან 40%-მდე დაეცემა, სანამ 2021 წელს ანალოგიური თანხით გაიზრდება, სანამ კრიზისულ დონეზე დაბრუნდება. როგორც ადრე აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადები 2015 წლიდან დაღმავალი ტენდენციით მიმდინარეობდა, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადები 2018 და 2019 წლებში უფრო დაბალია, ვიდრე 2010 წლის შემდეგ ნებისმიერი წლის განმავლობაში.

შუალედური სცენარის თანახმად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომები თავდაპირველად წარმატებულია, რაც გავლენას ახდენს დაავადების გავრცელების მიმდინარეობაზე მომდევნო 2-დან 3 თვეში, მაგრამ, შესაძლებელია, საჭირო გახდეს მკაცრი  ზომების დაწესება კონკრეტულ ქვეყნებში/რეგიონებში, სანამ ვაქცინა შეიქმნება, სავარაუდოდ,  2021 წლის შუა ხანებში. ეკონომიკური პოლიტიკის ინტერვენციები ნაწილობრივ ეფექტური იქნება, მაგრამ არა მთლიანად, და, ამრიგად, ეკონომიკის აღდგენა არათანაბარი და სუსტია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ სექტორში შემოსავალები გაუმჯობესდება, სხვები დარჩებიან კრიზისის დონეზე ქვემოთ; საერთო ჯამში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადები 2020 წელს 35-45% -მდე დაეცემა, სანამ 2021 წელს გარკვეულწილად გაუმჯობესდება, მაგრამ იქნება კრიზისამდელი პერიოდის დაახლოებით ერთ მესამედზე.

პესიმისტური სცენარის თანახმად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამჟამინდელი ზომებით ვერ მოხერხდება ვირუსის სრულად მართვა, რის გამოც აუცილებელი გახდება  მკაცრი ზომების მიღება მრავალ ქვეყანაში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ეკონომიკური პოლიტიკის ინტერვენციები ვერ მოახერხებს ეკონომიკური ზიანის ანაზღაურებას და მოსალოდნელია ხანგრძლივი რეცესია;  პესიმისტური სცენარის თანახმად,  კაპიტალის ნაკადები საგრძნობლად შემცირდება,  საერთო ჯამში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადები 2020 წელს 40% -ზე მეტით დაეცემა და ასეთი იქნება 2021 წლის ბოლომდე, როდესაც ვაქცინის შექმნამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს შეზღუდვებზე და ასევე შეუძლია გავლენა მოახდინოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადებზე,  შესაბამისად ეკონომიკურ ზრდაზე.

უნდა აღინიშნოს აგრეთვე, რომ FDI–ს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ეკონომიკის გაჯანსაღებაში პანდემიის შემდგომ პერიოდში. წარსული კრიზისების გამოცდილებამ აჩვენა, რომ უცხოური კომპანიების შვილობილმა კომპანიებმა, მათ შორის მცირე და საშუალო საწარმოებმა, კრიზისის დროს შეიძლება უფრო მაღალი მდგრადობა გამოავლინონ თავიანთი კავშირების და მათი სათავო კომპანიების ფინანსურ რესურსებზე წვდომის წყალობით [3]. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს განვითარებადი  ეკონომიკებისთვის. 

მოცულობების ცვლილების გარდა, გრძელვადიან პერიოდში შესაძლებელია თვისებრივი ცვლილებებიც. მაგალითად, პანდემიამ კომპანიები შეიძლება აიძულოს, შეცვალონ თავიანთი უცხოური ოპერაციების გეოგრაფია.  მულტინაციონალურ კომპანიებს შეუძლიათ მეტად იზრუნონ, რომ თავი დაიცვან მიწოდების ქსელის დარღვევებისგან; კორონავირუსის პანდემიის გამო წარმოშობილმა შეფერხებებმა შეიძლება აიძულოს ზოგიერთ მულტინაციონალური კომპანია, გადახედონ თავიანთი საქმიანობის გეოგრაფიულ და დარგობრივ არეალს და შეამცირონ მათი მიწოდების ქსელები და მიმწოდებლებსა და კლიენტებს შორის მანძილი. ისინი შესაძლოა შეეცადონ გეოგრაფიულ დივერსიფიკაციას, რათა შემცირდეს მდებარეობის სპეციფიკური შოკები, ან შეამცირონ ხარჯები, რათა უკეთესად გაუმკლავდნენ კრიზისებს. ასეთმა ძვრებმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ქვეყნების ეკონომიკურ პერსპექტივებზე. სხვა მულტინაციონალურმა კომპანიებმა შეიძლება მოისურვონ თავიანთი მიმწოდებელი ქსელების დივერსიფიკაცია, რათა გაზარდონ ადგილმდებარეობის სპეციფიკური შოკები.  კრიზისის წინაშე მდგარი კიდევ ერთი ფაქტორი ციფრული ტექნოლოგიების უფრო ინტენსიური გამოყენებაა, რომელიც დაკავშირებულია პანდემიის დროს მიღებულ გამოცდილებასთან. შოკისგან იზოლირების მიზნით, კომპანიებმა შეიძლება უფრო ინტენსიურად გამოიყენონ ელექტრონული გადაწყვეტილებები,  შეამცირონ დამოკიდებულება უძრავ აქტივებსა და გრძელვადიან კონტრაქტებზე.   პირდაპირი ზემოქმედების მიღმა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაფინანსებას ასევე შეუძლია პოტენციურად მნიშვნელოვანი არაპირდაპირი გავლენა მოახდინოს ადგილობრივ ეკონომიკაზე.

ამასთან, არსებობს გარკვეული სკეპტიციზმი იმ როლის მიმართ, რომელიც შეიძლება ჰქონდეს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. პანდემიის დარტყმა მოხდა იმ პერიოდში, როდესაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადები 2010 წლის შემდეგ დაფიქსირდა მეორე ყველაზე დაბალ დონეზე.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადებზე გავლენა შეიძლება იქონიოს აგრეთვე COVID-19-თან დაკავშირებულმა განსაკუთრებულმა ღონისძიებებმა, რომელთაც მთავრობები მიმართავენ კაპიტალის გადინების ან შემოდინების შეზღუდვისა და გაკონტროლების მიზნით.

COVID-19 ეპიდემიის და მისი გავლენის შესახებ ევროკავშირის ეკონომიკის კონტექსტში, ევროკომისიამ 2020 წლის 26 მარტს გამოაქვეყნა დოკუმენტი,  რომელიც მიზნად ისახავს წევრი სახელმწიფოების ინფორმირებას  პირდაპირი უცხოური  ინვესტიციების დაცვის აუცილებლობის შესახებ. ევროკომისიის წარმოდგენილი სახელმძღვანელო დოკუმენტი განკუთვნილია წევრი სახელმწიფოებისთვის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და მესამე ქვეყნებიდან კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებით და ევროპის სტრატეგიული აქტივების დაცვასთან დაკავშირებით, რეგულაციის (EU) 2019/452 (FDI [1] სკრინინგის რეგულირება) [2].

დოკუმენტი მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს,  გამოიყენონ უკვე საკუთარი შიდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სკრინინგული მექანიზმები, რათა სრულად გაითვალისწინონ ჯანდაცვის კრიტიკული ინფრასტრუქტურის, კრიტიკული საშუალებების მიწოდების და სხვა კრიტიკულ სექტორებში არსებული რისკები. ხოლო  იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებსაც ამჟამად არ აქვთ სკრინინგის მექანიზმი, შექმნან სრულყოფილი სკრინინგის მექანიზმი ან გამოიყენონ ყველა სხვა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი. წევრი სახელმწიფოებისთვის საერთო სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც გამომდინარეობს 2019 წლის 19 მარტის რეგლამენტიდან (EU) 2019/452, რეგულაციით), წარმოადგენს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან პირდაპირი ინვესტიციების შემოწმებას და ადგენს წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის მექანიზმს. ის ძალაში შედის 2020 წლის 11 ოქტომბერს.

ეს დოკუმენტი მიზნად ისახავს წევრი ქვეყნების დონეზე კოორდინაციას, უცხოელი ინვესტორების მიერ შეძენის კონტროლს. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება მიიღონ ზომები, რათა უცხოელი ინვესტორების მიერ  ინვესტირებისას განახორციელონ კონტროლი, თუ ამგვარი შეძენა   საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ ჯანდაცვას და, ზოგადად, მის უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივ წესრიგს. ევროკავშირმა გამოაქვეყნა პირდაპირი მითითებები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სკრინინგისთვის, რომელიც მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, დაეხმარონ ევროპის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, დაიცვან „კომპანიები და კრიტიკული აქტივები“ ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში - მათ შორის სამედიცინო პროდუქტების, დამცავი მოწყობილობის, სამედიცინო კვლევებისა და ბიოტექნოლოგიებში. სკრინინგი ვრცელდება Horizon 2020 ყველა კვლევით პროექტზე, რომელიც დაიწყო Covid-19-ის პანდემიის საპასუხოდ.

COVID-19 გავრცელებასთან ერთად, შესაძლებელია, ბევრმა ქვეყანამ მიიღოს ანალოგიური პოზიცია საკუთარი ეროვნული ინტერესებისა და ეკონომიკის დასაცავად.  G20–ის ვალდებულების მიუხედავად, შეინარჩუნოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) და ვაჭრობა COVID-19–ის დროს, ზოგიერთ ქვეყანაში განიხილება  შეზღუდვები შემომავალი ინვესტიციისთვის, ვინაიდან სტრატეგიული ინდუსტრიები, როგორიცაა ჯანდაცვა, მთავარი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტიციების სკრინინგის ღონისძიებები ახალი არ არის, პანდემიამ დაადასტურა მისი ფუნქციონირების აუცილებლობა.  ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე, კვლევამ, რომელიც FDI- ს სკრინინგის ზომებს გააანალიზებდა, დაადასტურა ეროვნულ საზღვრებში  გარკვეული მეთვალყურეობის   აუცილებლობა. 

საფრანგეთს აქვს საკმაოდ განვითარებული იურიდიული ჩარჩო უცხოური ინვესტიციების კონტროლისთვის. ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იგი ჩაერთო ამ სფეროში რეფორმით, რომლის საბოლოო ნაწილი, რომელიც გამომდინარეობს 2019 წლის 31 დეკემბრის 2019 2019-1590 ბრძანებულებისა და ამავე თარიღის მინისტრის ბრძანებიდან, ძალაში შევიდა 2020 წლის 1 აპრილს,

მსგავს ღონისძიებებს მიმართეს სხვა ქვეყნებმაც. ავსტრალიამ გამოაცხადა დროებითი ზომები ინვესტიციების ნაკადების ბარიერების შემცირებაზე ყველა ეკონომიკური სექტორისთვის 2020 წლის 29 მარტის მდგომარეობით. ინდოეთმა, რომელიც შეშფოთებულია სტრატეგიული კომპანიების ჩინელი ინვესტორების მიერ  შეძენის პერსპექტივით, ასევე გაამკაცრა მისი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეგულაციები.  კანადის ფედერალურმა მთავრობამ გაამკაცრა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საზოგადოებრივი ჯანდაცვის კორპორაციებისთვის და მათთვის, ვინც მონაწილეობს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქონლისა და მომსახურების მიწოდების ქსელებში.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ–ში FDI–ის კონტროლი არ შეცვლილა COVID-19–ის გამო, პანდემიის დაწყებამდე ქვეყანამ უკვე გააძლიერა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების დაცვა პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისგან, მათ შორის, ჯანდაცვასა და ბიოტექნოლოგიებში. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია უფრო გამკაცრდეს ქვეყნის საგარეო ინვესტიციების კომიტეტის მიერ ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული ინვესტიციების  რეგულაციები. FDI–ს სკრინინგული მექანიზმების გამკაცრების ტენდენცია მზარდია, სტრატეგიულ ინდუსტრიებში ინვესტიციების მიმართ კი შეზღუდვები უფრო მკაცრდება.

მოსალოდნელია ცვლილებები სტრატეგიული ინდუსტრიების მიწოდების ქსელებში, რადგან უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს კორპორაციული საქმიანობა შიდა მიწაზე დააბრუნოს. მთავრობებს ასევე შეუძლიათ შესთავაზონ კომპანიებს წამახალისებელი პაკეტები ჩინეთიდან დაშორებული მიწოდების ქსელების დივერსიფიკაციისთვის, როგორც ეს იაპონიაში ხდება. ეს ნიშნავს, რომ COVID-19 კრიზისმა შეიძლება შეაჩეროს აშშ-სა და ჩინეთს შორის კავშირები, განსაკუთრებით სტრატეგიულ ინდუსტრიებში.

UNCTAD-ის  (გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარი ორგანოს, რომლის საქმიანობაც  ეხება ვაჭრობის, ინვესტიციების და განვითარების საკითხებს) მონაცემებით, არსებული კრიზისი, როგორც ჩანს, დააჩქარებს დეგლობალიზაციის პროცესს და გლობალური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადები შეიძლება შემცირდეს 40 პროცენტით 2020-21 წლებში.

ბოლო  პერიოდის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (2017 წლის გარდა, როცა მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა)  საქართველოშიც სტაბილური კლებით ხასიათდებოდა. მაგალითად, 2018 და 2019 წლებში დაახლოებით 1/3-ით ნაკლები ინვესტიცია შემოვიდა 2014 წელთან შედარებით. ცხადია, მსოფლიოში შექმნილი ვითარება ზოგად საინვესტიციო კლიმატზე აისახება.

საქსტატის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით (2019 წელი), საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ევროკავშირზე მოდის. ევროკავშირიდან  შემოსული ინვესტიციები სრული ინვესტიციების 47.2%-ს უტოლდებოდა. ამერიკიდან შემოსული ინვესტიციები სრული ინვესტიციების 7.8%-ია, ხოლო ჩინეთიდან შემოსული ინვესტიციები - 3.2%. 2019 წლის მონაცემებით, 15 ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტორებს შორის არიან აშშ, ჩინეთი და იაპონია. არსებულ ქვეყნებში ვირუსული აფეთქების ეკონომიკური ეფექტი, ცხადია, გავრცელდება საქართველოზეც. ინვესტიციების შემცირების ტენდენცია ბოლო წლების მანძილზე ისედაც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკისათვის. ახლა ეს რისკები კიდევ უფრო აქტუალურია.

ნახაზი 2

 

წყარო: Geostat.ge 

თუმცა შეაძლოა გამოიკვეთოს დადებითი ეფექტებიც. ცოტა ხნის წინ წარმოების ჩინეთში გადატანა სარფიანი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ახლა, მიწოდების ჯაჭვის რღვევის გამო, რამაც მრავალი კომპანია დააზარალა, მიდგომები შეიძლება შეიცვალოს. თუ აქამდე ჩინეთი და მისი მსგავსი ქვეყნები ნაკლები პოლიტიკური რისკის შემცველ ქვეყნებად ითვლებოდნენ (პოლიტიკური სტაბილურობის გამო) და ამიტომ ინვესტორთა მიმზიდველობაც მაღალი იყო, ახალი კორონავირუსის კრიზისის შედეგად გამოჩნდა, რომ ასეთი ტიპის ქვეყნები ადვილად მალავენ ინფორმაციას, არ არიან ტრანსპარენტულები და დამატებითი რისკი შეიძლება შეუქმნან ინვესტორებსაც და საერთაშორისო საზოგადოებასაც.

ამასთან, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები თურქეთთან, ჰონკონგთან, EFTA-ს ქვეყნებთან და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ჩინეთიდან საწარმოების გამოტანა და ახალი ინვესტიციებისთვის ჩინეთი და რუსეთი მიუღებელი იქნება, სავსებით რეალურია ასეთი ინვესტიციების საქართველოში მოზიდვის შანსი. ამ სიტუაციაში საქართველოს ძირითადი კონკურენეტები იქნებიან სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები (მაგალითად, უკრაინა, ყაზახეთი), ასევე თურქეთი, აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნები. კონკურენცია დიდი იქნება, თუმცა სწორი რეფორმების ეფექტიანად  გატარებისა და კარგი პოზიციონირების შედეგად შესაძლოა მოგვეცეს სრულიად ახალი ინდუსტრიების განვითარების შანსი, რასაც ახალი ტექნოლოგიები და ბევრი სამუშაო ადგილის შექმნა მოჰყვება.

მნიშვნელოვანია კრიზისის ვადები და ასევე ის, თუ როგორ შეძლებს მსოფლიო მასთან გამკლავებას - რადგან საქართველოს ტიპის ქვეყნები მნიშვნელოვნად იქნებიან დამოკიდებული იმ საერთაშორისო დახმარების მასშტაბზე, რომლის მობილიზებასაც ისინი შეძლებენ; კიდევ უფრო აქტუალური ხდება ელექტრონული მმართველობის მიმართულებით რეფორმების დაჩქარება, არსებული პლატფორმების განვითარება და მათი ხელმისაწვდომობის ზრდა (მათ შორის დისტანციური სერვისების სრულყოფის განათლების სფეროში); საერთაშორისო პოზიტიური და ნეგატიური გამოცდილების გააზრება არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ეკონომიკური კრიზისის მართვის მიმართულებით; ასევე, არსებითი იქნება კერძო ინიციატივებიც, რომელიც უკავშირდება ქართული ბიზნესის მიერ   ახალი ტიპის მომსახურებებისა და პროდუქტების შემუშავებას. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) გაანგარიშების მოკლე მეთოდოლოგია და პრაქტიკა საქართველოში (საქსტატი 2019).
  2. Borga, M., P. Ibarlucea Flores and M. Sztajerowska (2020), "Drivers of divestment decisions of multinational enterprises - A cross-country firm-level perspective", OECD Working Papers on International Investment, No. 2019/03, OECD Publishing, Paris, https://doi.org/10.1787/5a376df4-en.
  3. Cadestin, C., et al. (2018), "Multinational enterprises and global value chains: New Insights on the trade-investment nexus", OECD Science, Technology and Industry Working Papers, No. 2018/05, OECD Publishing, Paris, https://doi.org/10.1787/194ddb63-en.
  4. Celik, S., G. Dimertas, and M. Isaksson (2020), Corporate Bond Market Trends, Emerging Risks, and Monetary Policy, OECD Capital Market Series, Paris, https://www.oecd.org/corporate/corporate-bond-market-trends-emerging-risks-and-monetary-policy.htm.
  5. CNBC (2020), “GM offers manufacturing blueprints for face masks to 600 auto parts suppliers amid virus pandemic”, www.cnbc.com/2020/04/05/gm-encouraging-suppliers-to-produce-face-masks-amid-covid-19-pandemic.html
  6. “Coronavirus: The world economy at risk” OECD Economic Outlook, 2 მარტი 2020. იხ: https://doi.org/10.1787/7969896b-en
  7. “The Coronavirus Shock: a Story of Another Global Crisis Foretold and What Policymakers Should Be Doing about It.” UNCTAD, 9 მარტი 2020. იხ: https://bit.ly/2WwcW5O.
  8. International Labor Organization, “How will COVID-19 affect the world of work?”, March, 2020, https://www.ilo.org/global/topics/coronavirus/impacts- and- responses/WCMS_739047/lang--en/index.htm
  9. OECD (2019), FDI Qualities Indicators: Measuring the sustainable development impacts of investmenthttp://www.oecd.org/investment/fdi-qualities-indicators.htm
  10. Foreign direct investment flows in the time of COVID-19.  იხ. http://www.oecd.org/ coronavirus/policy-responses/foreign-direct-investment-flows-in-the-time-of-covid-19-a2fa20c4/