English / ქართული / русский /
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
პანდემიის თანამედროვე გამოწვევები ტურიზმის სექტორში და მისი გადაჭრის გზები

ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება ეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს - ტურიზმს და მასზე, დღეისათვის მეტად აქტუალური გლობალური პრობლემის, პანდემიის გავლენას. ნაშრომში განხილულია ის ეკონომიკური შოკი, რომელიც კორონავირუსს სდევს თან, არის საკმაოდ უცნაური და, ამასთან, ერთდროულად ნეგატიურ გავლენას ახდენს დარგის როგორც მიწოდების, ასევე მოთხოვნის მხარეზე. ყოველივე ამან კი მწვავე გამოწვევების წინაშე დააყენა ტურიზმის სექტორი: მოხდა დარგის პარალიზება, სამუშაო ადგილების შემცირება, კარანტინი, ვალუტის გაუფასურება და სხვა.... გაანალიზებულია ასევე პანდემიის პირობებში სექტორში არსებული მდგომარეობა მსოფლიოსა და საქართველოში, შესწავლილია პანდემიის დამარცხების შემდგომი პერიოდის ზოგადი ეკონომიკური ასპექტები და მათი დაძლევის გზები.

საკვანძო სიტყვები: პანდემია, რეცესია, Covid-19, ტურიზმი, ტურისტული უსაფრთხოება, პოსტკრიზისი, ეკონომიკური აქტივობა, ეკოლოგიური მიმართულება. 

* * *

ტურიზმი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრია, 2019 წელს მსოფლიო ტურისტულმა ორგანიზაციამ (UNWTO) მსოფლიო მასშტაბით დაარეგისტრირა 1,5 მლრდ საერთაშორისო ტურისტული მგზავრობა, წინა წელთან შედარებით 4%-იანი ზრდა. მიუხედავად ბოლო ათწლეულში ტურიზმის, როგორც ეკონომიკური დარგის წარმატებული განვითარებისა, სექტორი ამავე დროს საკმაოდაა დამოკიდებული კატასტროფებისა და სხვადასხვა დაავადებების რისკების მიმართ, მაგ., როგორიცაა მიწისძვრები, ცუნამი, ტროპიკული ქარიშხლები, ეროზიები, წყალდიდობები, ეპიდემიური და პანდემიური საფრთხეები და ა.შ. პანდემია დაავადების ვრცელ გეოგრაფიულ არეალში გავრცელებას ნიშნავს. მაგალითად, რამდენიმე სხვადასხვა კონტინენტზე ან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. პანდემია ბერძნული სიტყვა „pandemos“-იდან მომდინარეობს. pan ნიშნავს ყველას, „demos“ კი -მოსახლეობას. პანდემიის ცნებით გამოიხატება იმის მოლოდინი, რომ ინფექცია მსოფლიოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეეხება. მსოფლიოში ცნობილია სხვადასხვა საზარელი პანდემიები, რომლებიც ისტორიამ შემოგვინახა, მაგ., შუა საუკუნეებში (1346–1353) მძვინვარებდა შავი ჭირი, რომელმაც 60 მლრ ადამიანის სიცოცხლე წაიღო, ანუ მაშინდელი მსოფლიო მოსახლეობის 25% მოედო. 1870 წელს მსოფლიოს ყვავილი მოედო, რომელმაც 2 მლნ-მდე სიცოცხლე, ანუ დაავადებულთაგან ყოველი მე-8 დაიღუპა, ხოლო ბავშვებს შორის სიკვდილიანობა 30% იყო. 1918-1920 წლებში ე.წ. „ესპანკა“ - ესპანური გრიპი გაჩნდა. იგი ესპანეთში დაიწყო და მთელ მსოფლიოს მოედო. ავადმყოფობამ მსოფლიო მოსახლეობის 20-40% მოიცვა და 17-დან 100 მლნ-მდე სიცოცხლე შეიწირა. 1981 წელს მსოფლიო შესძრა ახალი აივ-ინფექციის, ანუ სპიდის (AIDS) გამოჩენამ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, იგი უსწრაფესად ვრცელდება - დღეში 16 ათ. ადამიანი მსოფლიოში და მაღალი სიკვდილიანობითაც ხასიათდება. შემდეგ, 2009 წელს იყო ე.წ. ღორის გრიპი H1N1, რომელმაც გავრცელების პირველივე წელს 100 000-დან 400 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2020 წელს 11 მარტს მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელება პანდემიად გამოაცხადა. 4-5 თვეში მსოფლიოში დაინფიცირდა 5,5 მლნ-ზე მეტი ადამიანი და დაიღუპა 4,5 ათასზე მეტი (ეს მაჩვენებლები ყოველდღიურად იცვლება მძვინვარე პანდემიის პირობებში). ვირუსი გავრცელდა დაახლოებით 210 ქვეყანაში. არსებულმა პანდემიებმა უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე. 2020 წლის პანდემიის გამო გლობალური ეკონომიკა ბოლო 12 წლის განმავლობაში შეიძლება რეკორდულად შენელდეს. მსოფლიო მშპ-ს ფინანსური დანაკარგები კორონავირუსისგან უკვე 50 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა და წლის ბოლომდე 1 ტრლნ-მდე შეიძლება გაიზარდოს. 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპი 2,6%-დან 1%-მდე შენელდება.

მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს მონაცემებით, 2020 წელს მსოფლიოში მოგზაურობის რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს 25 %-ით, რაც სამუშაო ადგილების 12-14%-ით შემცირებას გამოიწვევს.

UNCTAD-ის (გაეროს კონფერენცია ვაჭრობისა და განვითარების შესახებ) მონაცემებით, მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა ამ პერიოდში წარმოებასა და საექსპორტო მოწოდებებზე განიცადეს დანაკარგები. მაგ., ჩინეთმა  - 2%, ამის ფონზე აშშ დაკარგა 5,8 მლრდ, იაპონიამ -5,2 მლრდ, სამხ. კორეამ - 3,8 მლრდ, ევროკავშირმა -  15,6 მლრდ აშშ დოლარი.

პანდემიამ, რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიოს პარალიზება მოახდინა. იგი ეკონომიკის ყველა დარგს შეეხო. მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა მან ტურიზმს მიაყენა თავისი გამოჩენის პირველივე დღიდან. ეკონომიკური კოლაფსი ნიშნავს, რომ დარგის აღდგენას ჩვეულებრივზე შედარებით მეტი დრო დასჭირდება. დღეს სიტუაცია შოკის მომგვრელია: 3 მლრდ ადამიანი მთელ მსოფლიოში ვირუსის შიშით სახლში ზის, შეჩერებულია თვითმფრინავების მიმოსვლა (სპეცრეისების გარდა), ოტელები დაკეტილია, უმუშევრობა კატასტროფულად იზრდება, ჩაკეტილია საზღვრები (ჩინეთი, ევროპა, აშშ,  თურქეთი და ა.შ), მოიშალა ბაზრები, გაუფასურდა ვალუტა. შეიძლება ითქვას, საერთაშორისო ტურიზმი ფაქტობრივად გაჩერდა და ახლო პერსპექტივაში ასეც დარჩება. ერთი რამ ნამდვილად ნათელია, რომ შექმნილი სიტუაციის დანაკარგების შეფასება შეუძლებელია, მით უფრო, რომ ჯერ კიდევ არ ჩანს ბოლო.

მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინები განსხვავებულია, ეკონომიკური ზეგავლენა ქვეყნებზე, ძირითადად, შემდეგი ლოგიკით განვითარდება: მთავარ ეკონომიკურ დარტყმებს მიიღებენ ის ქვეყნები, რომლებშიც COVID-19-ის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები იქნება, შემდეგ ის ქვეყნები, რომელთა ეკონომიკებიც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ტურიზმზე, ნავთობისა და სხვა საქონლის ექსპორტზე, ამის შემდგომ კი ნეგატიური ზეგავლენა მათი პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკებშიც გადაიზრდება.

ტურიზმისა და ექსკურსიების მსოფლიო საბჭო აქვეყნებს მონაცემებს, რომელთა მიხედვით, ჯერჯერობით მსოფლიო საერთაშორისო ტურიზმის დანაკარგებმა 2 ტრლნ აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმის სფეროში ადრე პროგნოზირებული 1-3%-ის დანაკარგები მოგვიანებით აუცილებლად გადაიხედება გაუარესების კუთხით. Statista.com-ის მიხედვით, მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის ბაზარი 2020 წელს, სავარაუდოდ, 75.2 მილიონ სამუშაო ადგილს დაკარგავს [15]. რეგიონი, რომელსაც COVID-19-დან ყველაზე დიდი ზარალი მიადგება, არის აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონი, სადაც 2020 წელს ნავარაუდევია, რომ იქნება 48.7 მილიონი სამუშაო ადგილით ნაკლები, ხოლო ევროპა იქნება დანაკარგის სიდიდით რიგით მეორე რეგიონი, რომელიც აღნიშნულ ინდუსტრიაში კარგავს 10.1 მილიონ სამუშაო ადგილს. UNWTO-ს მონაცემებით, ყველაზე მეტად დაზარალდა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები. მათი წილი ტურიზმის სექტორში 80% შეადგენს. ამასთან ერთად მთელ მსოფლიოში 2020 წელს ტურების 58%-დან 78%-მდე კლებაა მოსალოდნელი. შესაბამისად, პანდემიამ სერიოზული ნეგატიური ზეგავლენა იქონია როგორც მსოფლიო ტურიზმზე, ისე კერძოდ ტურისტული ქვეყნების ეკონომიკებზე. 

იტალიისთვის, რომელსაც უდიდესი დარტყმა მიაყენა კორონავირუსის პანდემიამ და საჭირო გახდა განსაკუთრებით მკაცრი ღონისძიებების გატარება  ეპიდსიტუაციის დასასტაბილურებლად, დანაკარგები ათეულობით მლრდ ევროში განისაზღვრება. ეს სექტორი მშპ-ს 12-13%-ს იძლევა და 3 მლრდ ადამიანს ასაქმებს. Confturismo ინდუსტრიის ჯგუფი Confcomercio პროგნოზირებს, რომ მეორე კვარტალში სექტორის ჯამური ზარალი 7,4 მილიარდ ევროს შეადგენს, წლის ბოლოსთვის კი 130 მლიარდიან ზარალს პროგნოზირებენ.

როგორც საფრანგეთის, ისე ესპანეთისთვის ტურიზმის სექტორზე მიღებული დარტყმები რთულად გადასატანი იქნება. საფრანგეთის ტურიზმი ეკონომიკის დაახლოებით 8%-ს აწარმოებს (წელიწადში 56,2 მლრდ ევრო), ფრანგულმა ტურისტულმა კომპანიებმა აპრილის თვეში 10 მილიარდი ევროს ზარალი ნახეს - იტყობინება BFM TV. დღეს ამ სექტორში 400 ათასი ადამიანი უმუშევარია, ხოლო 50 ათასი სეზონური სამუშაო კი გაუქმდა [12]. ესპანეთში ტურიზმი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეროვნული ეკონომიკისთვის და მასზე წელიწადში დაახლოებით 180 მილიარდი ევრო მოდის - მშპ-ს დაახლოებით 14%. პანდემიის გამო ტურისტული ნაკადის ვარდნამ ესპანეთისთვის მიყენებული ზარალი მინიმუმ 30 მილიარდი ევრო შეადგინა, იტყობინება Deutsche Welle [8], [11]. გერმანიის ეკონომიკაში  ტურიზმზე  105 მილიარდ ევროზე მეტი მოდის, რაც ქვეყნის მშპ დაახლოებით 4%-ს შეადგენს. ტურიზმი უზრუნველყოფს დაახლოებით 3 მილიონ სამუშაო ადგილს. გერმანიის ტუროპერატორების ასოციაციის ინფორმაციით, 2020 წლის მარტსა და აპრილში  ტურიზმის ინდუსტრიამ 24 მილიარდი ევროს ზარალი ნახა [13], [14]. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა განსაკუთრებული ზიანი იაპონიის ტურიზმის სექტორსაც მიაყენა. იაპონურმა ავიაკომპანიებმა, საზღვრების ჩაკეტვისა და ფრენების გაუქმების შედეგად, თებერვალ–აპრილის პერიოდში 2.8 მლრდ დოლარით იზარალეს. ისტორიაში პირველად, 2020 წლის ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები  2021 წლის ივლის–აგვისტოში გადაიტანეს, რის გამოც იაპონიის ეკონომიკის 1.4%–ით შემცირებას ვარაუდობენ.

კორონავირუსის პანდემია მთლიანად შეცვლის ტურისტულ სექტორს. ხალხი უცებ არ დაიწყებს მასიურად მოგზაურობას უცხოეთში, ექსპერტების აზრით კრიზისიდან გამოსვლას ქვეყნები ეტაპობრივად დაიწყებენ (სრულ აღდგენას კი შეიძლება წლები დასჭირდეს). საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ პანდემიის შემდგომ მსოფლიოში ტურისტების გადაადგილების რაოდენობრივი ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად ჩამორჩება სექტორის ფინანსური მაჩვენებლების ზრდის ტემპს. გამოცოცხლება შიდა ტურიზმით დაიწყება, ე.ი. ტურისტები იმოგზაურებენ ქვეყნის საზღვრებს შიგნით. ექსპერტების აზრით,  პირველები ამ სიტუაციიდან ჩინელები გამოვლენ. ზაფხულისთვის სიტუაცია ევროპაშიც დამშვიდდება, ნელ-ნელა ეკონომიკური აქტივობებიც დაიწყება და ივლისისათვის ტურიზმიც (შიდა ტურიზმი) გამოცოცხლდება. ამ ბაზრის წარმომადგენლებმა ახლავე უნდა გადააწყონ თავისი ბიზნესი ამ მიმართულებით - ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით მოამზადონ ახალი მარშრუტები, ახალი ტურისტული პროდუქტი. საკუთარი ტურისტების იმედი აქვთ სხვადასხვა ქვეყნებს, მაგ.,  იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, ტაილანდის მთავრობებს, რომლებიც იმედოვნებენ, რომ კარანტინის დამთავრებისთანავე კურორტებს, ოტელებს, რესტორნებს საკუთარი მოქალაქეებით დააკომპლექტებენ და ამისათვის სხვადასხვა ღონისძიებების გეგმებს ადგენენ.

პანდემია, გარდა ქვეყნების საზღვრების ჩაკეტვისა, ასევე გახდა ინფლაციური პროცესების ზრდის და ფინანსური დანაზოგების მნიშვნელოვნად შემცირების მიზეზი. ეს ნიშნავს, რომ საზღვრების გახსნის შემთხვევაშიც კი ადამიანებს არ ექნებათ მოგზაურობისათვის საჭირო ფინანსური შესაძლებლობა. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, არსებობს იმის საშიშროება, რომ ტურიზმი მხოლოდ მდიდრებისათვის გახდეს ხელმისაწვდომი. საშუალო ფენები კი იაფი ტურების მოძებნას დაიწყებს, რითაც იხსნება ტურიზმის ახალი შესაძლებლობები. ძნელი გამოსათვლელი არ არის ისიც, რომ უფრო წინ წამოიწევა ტურიზმის  ეკოლოგიური სახეობები - არა დახურულ სივრცეში (მუზეუმები, გამოფენები, მჭიდროდ დასახლებული ქალაქები), არამედ სუფთა ჰაერზე, ღია ცის ქვეშ. ამასთან დაკავშირებით კიდევ უფრო პოპულარული გახდება ადრე აქტიური ისეთი ტურიზმის ფორმები, როგორიცაა - კემპინგები, კარვები, „ველური“ დასვენება პლაჟზე და ზღვის სანაპიროებზე, აგროტურიზმი, ეკოტურიზმი და ა.შ.

უდავოდ გაიზრდება ტურისტების მოთხოვნა უსაფრთხოებაზე, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. პრიორიტეტი იქნება სისუფთავე, მოგზაურისთვის  საჭირო იქნება პირბადე, ხელების ხშირი დაბანა, ანტიბაქტერიული ხელსახოცების და ხსნარების შეძენა-მომარაგება მოგზაურობის მთელ მარშრუტზე (მაგ., ტყეში).

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) პრეზიდენტი ბულუტ ბაგჩი თვლის, რომ პანდემიის შემდეგ პოპულარობას დაკარგავს ე.წ. „შვედური მაგიდა“ რესტორნებში და სრულიად აუცილებელი გახდება ოტელებისათვის ყოველი სტუმრის შემდეგ ნომრებში  სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება. ასევე ორმაგად მეტი ყურადღება გამახვილება ტურისტების მხრიდან სისუფთავესა და სანიტარული ნორმების დაცვაზე.

როგორც ჩანს, გიგანტი სასტუმროები დაკარგავს ვიზიტორებს და წინ წამოიწევა პატარა სასტუმროების როლი, სადაც უფრო ადვილია უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა. ალბათ აღარ იქნება „რესეფშენ“-ი, პორტიეები, რადგან ეს პირად კონტაქტებს ითვალისწინებს. აქ პრიორიტეტული გახდება ონლაინ-მომსახურება. კრიზისული პერიოდის დაძლევისას, სანამ დიდი ოტელები ახალ რელსებზე გადასვლას მოახერხებენ, კერძო ტურისტული ბინების მფლობელებს კიდევ უფრო გაუადვილდებათ ბინების გაქირავება და ისინი გარკვეულ მოგებასაც ნახავენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში,  რადგნაც ბინაში უფრო ადვილია სოციალური დისტანციისა და უცხო ადამიანებთან არასასურველი კონტაქტებისაგან თავის დაცვა. 

სასტუმროებისათვის პირველ ხანებში აუცილებელი გახდება ფასების დაგდება, მაგ., ამერიკულ ოტელებში 21 მარტიდან ერთი კვირის თავზე ფასები 30%-ით დაეცა. (ასევე შეიძლება დაიწყოს ყიდვა-გაყიდვის ძალიან აქტიური პროცესი). ექსპერტები ფიქრობენ, რომ ბევრი ტურისტული კომპანია საერთოდ გაუქმდება, ასევე გაქრება ჩარტერული რეისების აუცილებლობა, აღარ განხორციელდება აქამდე ძალიან პოპულარული კრუიზები დიდი ლაინერებით. შესაძლებელია ფეხი მოიკიდოს ე. წ. იაფმა კრუიზებმა პატარა ხომალდებით, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება კაიუტების ერთმანეთისგან დაშორება, თვით ხომალდის შესაბამისი გადაგეგმარება ტექნიკურად, სხვადასხვა პორტებში მინიმალურად შესვლა.

მიუხედავად მოსალოდნელი ცვლილებებისა, ქვეყნები ცდილობენ საკუთარი სახელმწიფოს ფარგლებში გაუმკლავდნენ პანდემიის გამოწვევებს. მაგ., პანდემიის  შედეგად ექსპერტები ტურისტული სექტორის 30%–ით შემცირებას ელიან ესპანეთში. ამ ფონზე სახელმწიფომ 400 მილიონი ევრო გამოყო ტურიზმისა და ტრანსპორტირების სექტორში მოქმედი კომპანიების შეღავათიანი კრედიტის მიწოდებისათვის. 31 მარტს სახელმწიფომ გამოსცა შემამსუბუქებელი პოლიტიკის მესამე ნაწილი, რომელიც ტურიზმის სექტორში დასაქმებული მეწარმეებისათვის ითვალისწინებს სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ძირის გადახდების  ერთი წლით გადავადებას.

რაც შეეხება იტალიის მთავრობას, ტურიზმის და მომიჯნავე დარგებში დასაქმებულთა დასახმარებლად 130 მლნ ევრო გამოყო. სოციალური დაცვის მექანიზმის ფარგლებში კი სექტორში სეზონურად დასაქმებულებს  სახელმწიფო 600 ევროს ოდენობით კომპენსაციას გადაუხდის.  ტურიზმის კულტურისა და გართობის სექტორში მოქმედი დამსაქმებლები გათავისუფლდნენ როგორც საშემოსავლო გადასახადების, ასევე სავალდებულო სადაზღვევო დანამატებისაგან, სოციალური უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის შენატანებისაგან. ვირუსის კონტროლის ფონზე იტალია გეგმავს აქტიურად დაიწყოს ქვეყნის იმიჯის აღდგენა და საერთაშორისო ტურისტების მოზიდვა, რისთვისაც ადგილობრივი ავიაკომპანიების დასახმარებლად სახელმწიფომ 200 მლნ ევრო გამოყო.

იაპონიის მთავრობამ მარტის თვეში 15 მლრდ დოლარი გამოყო ტურიზმისა და მომიჯნავე სექტორებში დასაქმებულთა დასახმარებლად. პანდემიის დაძლევის შემდეგ იაპონიის ტურიზმის სააგენტო 34 მლნ დოლარის დახარჯვას აპირებს საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად, რათა ქვეყანა კიდევ უფრო მიმზიდველი გახადოს საერთაშორისო მოგზაურთათვის.

როგორც აღვნიშნეთ, პანდემია თითქმის მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებს მოედო, მათ შორისაა საქართველოც, სადაც  ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთ  მნიშვნელოვან სექტორად ჩამოყალიბდა და მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა. ტურიზმი საქართველოს   მშპ-ს დაახლოებით 11%-ს აწარმოებს. 2019 წელს ვიზიტორების მთლიანმა რაოდენობამ 9 357 964-ს მიაღწია, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 7.8%-ით მეტია. ტურიზმმა 2019 წელს თითქმის 3.5 მილიარდი აშშ დოლარის მოგება მოიტანა და დარგში 170 ათასი ადამიანია დასაქმებული. მაგრამ ეს ყველაფერი აქტუალური იყო 2020 წლის თებერვლამდე, სანამ ტურიზმმა კორონავირუსის გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში,  მსოფლიო ტურისტული ინდუსტრიის  წამყვან ქვეყნებთან ერთად საქართველოშიც დაკარგა აქტუალობა, დღევანდელი მოცემულობით ყოველთვიური ზარალი 30 მლნ ლარია, თუმცა მისი მასშტაბები გაიზრდება. გაზრდილი მოთხოვნა პროდუქტზე, უმუშევრობის გარდაუვალი ზრდა, სიღარიბის მაჩვენებლის გაზრდა, ეროვნულ ვალუტაზე სხვადასხვა ფაქტორების ზეწოლა, ტურიზმისა და საერთაშორისო გზავნილების შემცირება, მოგზაურობის შიში და ჩაკეტილი საზღვრები ყველაზე ნეგატიურად აისახა  ტურიზმზე. სერიოზულად დაზარალდა სასტუმრო სექტორი, რესტორნები და კაფეები, რომლებიც პრაქტიკულად დროებით დაიკეტა (მსოფლიო რესტორნებსა და კაფეებში სტუმრების რაოდენობის წლიურმა შემცირებამ 2020 წლის 25 მარტს 100%-ს მიაღწია), ასევე შემცირდა მოთხოვნა ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებაზე, გიდების, თარჯიმნების და ტურისტების სხვა მომსახურებაზე. TAV Georgia-ის ინფორმაციით, მარტის პირველ ორ კვირაში თბილისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 49%-ით შემცირდა. 21%-ით არის შემცირებული ფრენების რაოდენობაც. ხოლო დღეისთვის მგზავრთა ნაკადი საქართველოს აეროპორტებში საერთოდაა გაჩერებული (სპეცრეისების გარდა). ტურიზმის მხრიდან მოთხოვნა თითქმის განულდა და ხალხს სახლში დარჩენას ურჩევენ. ამ ყველაფერმა მწარედ დაარტყა ფერმერებს. ფერმერული ნაწარმი, რომელიც იყიდება რესტორნებსა და სასტუმროებში, ჩაწვა და 10 ათასობით მეურნეობას შემოსავალი შეუმცირდება. ეს, შეიძლება ითქვას, კრიტიკული წერტილია, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ტურიზმზე საქართველოში 170 ათასამდე ადამიანია მიბმული. ამ ადამიანების დიდი ნაწილი შემოსავალის გარშე დარჩა.

დღესდღეობით არსებული რთული რეალობიდან გამომდინარე, ცხადია, საკმაოდ რთულია ზუსტი პროგნოზების გაკეთება იმ ეკონომიკური გავლენის შესახებ, რომელსაც მსოფლიოში პანდემიური პროცესი და ქვეყანაში არსებული ეპიდემიური სურათი მოახდენს. COVID-19 პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკური განვითარების და, მათ შორის, ტურიზმის პერსპექტივა მნიშვნელოვნად გაუარესდა.  საქართველოს მთავრობა გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს COVID-19-ის პანდემიისა და ეკონომიკაზე მისი უარყოფითი გავლენის შესაკავებლად. მან  ეკონომიკურ გუნდთან ერთად 2020 წლის 7 მაისს წარადგინა ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც პირველი კონკრეტულ სექტორზე მორგებული ეკონომიკური სტრატეგიაა და რომლის თანახმადაც, ქვეყანა 1 ივლისიდან უცხოელი ტურისტების მიღებას ფიქრობს (ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნა და სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა უსაფრთხო დერეფნების შესაბამისად და ფრენების ეტაპობრივი აღდგენა. საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიის წარმართვა სლოგანით „საქართველო - უსაფრთხო დანიშნულების ადგილი“ და სხვა). 

ფაქტია, 2020 წლის ზაფხული ტურისტებით დატვირთული ვერ იქნება და ქვეყანამ დღეს აქტიურად  უნდა იმუშაოს, რომ მოგზაურთა სასურველმა ტურისტულმა მიმართულებებმა ახალ გამოწვევებს გაუძლოს და არ გაქრეს მომდევნო წლებში, ამისთვის კი სექტორში დასაქმებულებს მოუწევთ მძიმე ფინანსურ გამოწვევებთან  გამკლავება საკუთარი თავის და ბიზნესის გადასარჩენად. მთავრობა 2020 წელს ტურიზმის სტიმულირებისთვის 200 მილიონ ლარს გამოყოფს, რომელიც ასე ნაწილდება:

ტურისტული ინდუსტრიისთვის 2020 წლის ქონების გადასახადის გაუქმება - 45 მილიონი ლარი (ეს არის თანხა, რომელიც უნდა გადაეხადათ და არ გადაიხდიან ბიზნესები);

ტურისტული ინდუსტრიის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება (და გადავადება) - 90 მილიონი ლარი (ესეც ბიზნესის გადასახდელი თანხაა, რომლისგანაც გათავისუფლედნენ);

სასტუმროების სესხების სუბსიდირება - 60 მილიონი ლარი (განკუთვნილია 3000 სასტუმროსთვის);

ტურისტული კომპანიებისა და გიდების მხარდაჭერა - 5 მილიონი ლარი (დეტალები თანხის ხარჯვის მექანიზმის შესახებ არ დაკონკრეტებულა);

მთავრობა ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, სთავაზობს, რომ სახელმწიფო 6 თვის განმავლობაში სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე 80 პროცენტის სუბსიდირებით დაეხმარება. სარესტორნო ბიზნესს კი საკრედიტო საგარანტიო სქემაში ჩართვას სთავაზობს, რაც იმას გულისხმობს, რომ არსებული საბანკო სესხების რესტრუქტურიზაციის პროცესში სახელმწიფო მათ 30-პროცენტიან თანაუზრუნველყოფაში დაუდგება, ახალი სესხების მოზიდვის დროს კი თავის თავზე 90 %-იან თანაუზრუნველყოფას აიღებს.

გარდა ამისა, მოხდება ტურისტულ გამოფენებზე განთავსების ობიექტების თანამონაწილეობის თანხის სუბსიდირება, ასევე UNWTO-ს რეკომენდაციების დანერგვასა და განხორციელებაში ხელშეწყობა. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, პანდემიის დასრულების შემდგომ მსოფლიო ძველებურად ვეღარ იცხოვრებს,  ადამიანები დაიწყებენ ისეთი ადგილების მოძიებას, სადაც თავს იგრძნობენ უსაფრთხოდ და გადატვირთული ადგილების ნაცვლად უპირატესობას მიანიჭებენ ისეთი ადგილების მონახულებას და დასვენებას, სადაც სოციალური დისტანცირების დაცვის საშუალება ექნებათ, თავს იგრძნობენ უსაფრთხოდ და დაცულად. საქართველოს ტურიზმის სექტორი   პირველ ეტაპზე 2020 წლის 15 ივნისიდან  გეგმავს შიდა ტურიზმის ამოქმედებას და უსაფრთხო ტურისტული ზონების შექმნას, აქ კი აუცილებელია უფრო აქტიურად მოხდეს ეკო, აგრო, მთის, სათავგადასავლო, გამაჯანსაღებელი და სოფლის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, რაც სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სინერგიას და ბუნებრივი რესურსების დაცვას გულისხმობს. ამასთან ერთად, შეიძლება  გვქონდეს იმის იმედიც, რომ გამსვლელი ტურისტები (რომლებიც ასობით მილიონ აშშ დოლარს ხარჯავენ ყოველწლიურად) ვერსად გავლენ, ანუ ფული არ გავა ქვეყნიდან (არ ითვლება სოფლებში მოსახლეობის უბრალოდ მასიური გასვლა). აღნიშნული ტიპის ტურიზმის განვითარებით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება მიეცემა, ტურიზმის მომსახურებებისგან მიღებული შემოსავალი აქციოს დამატებით შემოსავლად, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება გახდეს მათი შემოსავლის ძირითადი წყარო. საჭიროა სოფლის მეურნეობის მეტად დაფასება, რომ ადგილობრივი და არა იმპორტული ნაწარმი გახდეს პრიორიტეტი (ჩვენი სასურსათო კალათის 80% იმპორტულია), რადგან სწორედ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას შეუძლია მოხსნას  ელემენტარული მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა; დოვლათი დატოვოს ქვეყანაში (და არ გაუშვას საზღვარს მიღმა), შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები ქვეყნის შიგნით, რაც მიიღწევა ცოდნაზე და ინტელექტზე დამყარებული ინდუსტრიული წარმოების განვითარების ხელშეწყობის ფონზე.

პანდემიის შემდგომი პერიოდის  ეკონომიკური  პრობლემების დასაძლევად  გადამწყვეტი როლი გლობალურად სახელმწიფოს ენიჭება, რომელმაც, პირველ რიგში, დახმარება უნდა გაუწიოს მცირე და საშუალო ბიზნესის მეწარმეებს, რომლებიც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გააგრძელებენ არსებობას. ასევე  უნდა მოხდეს შიდა ტურიზმის განვითარების სტიმულირება სავალდებულო უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომ ავიცილოთ კორონავირუსის თავიდან გავრცელება. ამ მიზნების გადასაჭრელად მიზანშეწონილია საგადასახადო პოლიტიკის ლიბერალიზაცია, იქნება ეს გადასახადების შემცირება თუ გადავადება, ზოგიერთ შემთხვევაში მოხსნაც კი, ასევე საბანკო სესხებზე ხელმისაწვდომობა. მეწარმეებისათვის პირდაპირი დახმარების (ფინანსური) გაწევის შემთხვევაში კი აუცილებელია პირდაპირი და არაპირდაპირი ბიზნესსუბიექტების ნუსხის გათვალისწინება, იქნება ეს სასტუმროები, ტურისტული ობიექტები, სატრანპორტო საშუალებები, გიდები, ტუროპერატორები, ციფრული ტექნოლოგიის მიმწოდებლები, კვების ობიექტები და ა.შ.. ასევე საყურადღებოა, სწორად შეირჩეს ის ტურისტული დესტინაციები, სადაც ინფრასტრუქტურული  პრობლემების მოგვარების გზით,  მაქსიმალურად იქნება შესაძლებელი  ტურისტული ობიექტების გადატვირთვის აღმოფხვრა, რითაც მოხერხდება მისი ავთენტურობისა და გამტარუნარიონობის პრინციპის აღდგენა, მდგრადი განვითარების პრინციპების დაცვა, რაც საშუალებას მოგვცემს, ზუსტად შესრულდეს სახელმწიფო სანიტარულ-ჰიგიენური უსაფრთხოების დაცვის ნორმების რეკომენდაციები.

ადრე თუ გვიან, პანდემია დასრულდება და, რა თქმა უნდა, ეკონომიკა ისევ წინ წავა, როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც ტურიზმი სწრაფად გამოვა იძულებითი „ძილიდან“. ოპტიმისტები ვარაუდობენ, რომ ეს 2020 წლის ბოლოსათვის მოხდება, პესიმისტების აზრით კი ეს მრავალ წელს მოითხოვს. თუმცა სრულიად გასაგებია, რომ ყველა ქვეყანამ კრიზისიდან გამოსვლის თავისი საკუთარი გზა უნდა მოიძიოს. პანდემიის დასრულების შემდეგ ტურისტული ბაზარი იმათ ხელში დარჩება, ვისაც ეყოფა ძალა, თავი შეინარჩუნოს და კრიზისიდან არათუ ნაკლები დანახარჯებით გამოვიდეს, არამედ კიდევაც გაძლიერდეს და ამას ყველაფერს მოახდნს გაძლიერებული უსაფრთხოების დაცვით. 

გამოყენებული ლიტერატურა

 

1. Эксперт рассказал, когда туризм восстановится после... ria.ru20200320/1568874625.html

 

2. 5 эпидемий и пандемий, которые потрясли мировую экономику — Секрет фирмы  

secretmag.ru 

3. Когда туристы снова смогут путешествовать и как будет ... www.interfax.ru › world

4. www.dsnews.ua › society › turizm-posle-pandemii-kakim-on-budet--...

Туризм после пандемии. Каким он будет?. Общественные ...

5.https://yandex.ru/turbo?text=https%3A%2F%2Fvz.ru%2Feconomy%2F2020%2F3%2F30%2F    1031651.html  …..Пандемия изменит отношение итальянцев к туризму

6. www.radiotavisupleba.ge › ...ტურიზმი და COVID 19 - რადიო თავისუფლება

7.   ტურიზმი კორონავირუსისგან მიყენებულ ზარალს უკვე ...

for.ge › view › turizmi-koronavirusis...

8. В 2020 году иностранцы не смогут отдохнуть в Испании dw.comru…2020-году-иностранцы-не-смогут…испании…

 

9.  https://ka.wikipedia.org/wiki/ 

10. COVID-19 ეკონომიკური შედეგები მსოფლიოსა და ... - EPRC

eprc.ge › brosh › COVID__fin-geo

11. В Испании подсчитали убытки из-за... | Интерфакс-Туризм tourism.interfax.ruНовостиarticles/68886

 

12. Сектор туризма Франции потеряет 10 млрд евро за... news.myseldon.comru/news/index/226976630

 

13. Доходы Германии от туризма превысили 105... countryscanner.runews…germanii-ot-turizma…105…

 

14. https://nasha-germania.com/news/v- germanii-ubytki-turisticheskoj- otrasli-uzhe- sostavili-24-mlrd-evro

 15. კორონავირუსის შესაძლო გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე ... www.parliament.ge › downloadFile

 16.  ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა www.economy.ge › files › news › fi...