English / ქართული / русский /
რამაზ აბესაძე
პანდემიის ეკონომიკური, სოციალური და ჰუმანიტარული ასპექტები მსოფლიოსა და საქართველოში

ანოტაცია. მსოფლიოსა და საქართველოს მაგალითზე ნაშრომში გამოკვლეულია პანდემიების გამოცდილება წარსულში, კორონავირუსული პანდემიის ეკონომიკური, სოციალური და ჰუმანიტარული შედეგები, ასევე მისი გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები;გაანალიზებულია საქართველოსა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მიერ განხორციელებული ანტიკრიზისული გეგმები, პროექტები და პროგრამები.

საკვანძო სიტყვები: პანდემია, პანდემიები მსოფლიოში, ეკონომიკის პანდემიური შოკი, ეკონომიკის შეზღუდვები, ანტიკრიზისული გეგმები. 

შესავალი 

კორონავირუსის პანდემიამ დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიოსა და ცალკეულ ქვეყნებზე როგორც ჰუმანიტარული, ისე ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით. დაიღუპა ათასობით ადამიანი, დაეცა  კეთილდღეობისა და კომფორტის დონე, ეკონომიკამ განიცადა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი დანაკარგები: ჩამოიშალა ტურიზმი,  შეწყდა საერთაშორისო ფრენები, მუშაობა შეწყვიტეს საწარმოებმა, შეიზღუდა საერთაშორისო ვაჭრობა, განსაკუთრებით დაზარალდა მცირე და საშუალო ბიზნესი, ტურიზმი, ნავთობის მოპოვება, საჰაერო ტრანსპორტი და სხვა; მნიშვნელოვნად შემცირდა ინვესტიციები, მათ შორის, ინოვაციების განსახორციელებლად; კორონავირუსული პანდემია ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა.  ჯერჯერობით მიგნებული არ არის დაავადების სამკურნალო ქმედითი წამალი ან ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ეკონომიკურმა რეცესიამ იმ დონეს მიაღწია, რომ სახელმწიფოები იძულებულნი გახდნენ პანდემიის პირობებში გაეხსნათ ეკონომიკა, რათა თავიდან აეცილებინათ ეკონომიკის კოლაფსი. ამ ეტაპზე ტარდება ღონისძიებები ტურიზმისა და საერთაშორისო ფრენების აღსადგენად. მსოფლიო სწავლობს ვირუსთან თანაცხოვრებას.

მაგრამ, ვითარება ისევ საკმაოდ რთულია, ბევრ ქვეყანაში ვირუსი კიდევ მძვინვარებს, რაც საფრთხეს უქმნის იმ ქვეყნებსაც, სადაც მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, მათ შორის, საქართველოს. 

პანდემიის მსოფლიო გამოცდილება·           

მსოფლიოს აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა არაერთმა სხვადასხვა სახის პანდემიამ, რომლებიც მძვინვარებდნენ საუკუნეების განმავლობაში. პირველი დარეგისტრირებული პანდემია იყო „შავი ჭირის“პირველი პანდემია, რომელიც წარმოიშვა იმპერატორ იუსტინიანეს დროს   ეთიოპიასა და ეგვიპტეში, გავრცელდა კონსტანტინოპოლში, ბიზანტიასა და მეზობელ ქვეყნებში. იგი გრძელდებოდა 60 წლის განმავლობაში. 554 წელს კონსტანტინოპოლში ყოველდღე დაავადებისაგან იღუპებოდა 5 000, ზოგჯერ 10 000 ადამიანი. სულ დაიღუპა 100 მილიონი ადამიანი. ბიზანტიამ დაკარგა მოასახლეობის  ნახევარი. ეკონომიკა ჩაკვდა, თითქმის შეწყდა ვაჭრობა, ხელოსნებმა მიატოვეს სამუშაო ადგილები.

შავი ჭირის მეორე პანდემია („შავი სიკვდილი“) ჩაისახა აღმოსავლეთ ჩინეთში და გავრცელდა მთელ ევროპაში. იგი მძვინვარებდა  დროგამოშვებით 5 საუკუნის განმავლობაში (გამოყოფენ ამ პანდემიის პიკის სამ პერიოდს: 1346-1382, 1545-1683, 1710-1830 წლები). შედეგად ადამიანთა მსხვერპლმა შეადგინა 34 მილიონი. შავი ჭირის მესამე პანდემიამ იფეთქა 1855 წელს და სწრაფად გავრცელდა ყველა კონტინენტზე სავაჭრო გემების მეშვეობით.

მსოფლიოში დაფიქსირებულია ასევე “ქოლერის შვიდი პანდემია, რომელიც დაიწყო 1816 წელს ბენგალიაში და  თანდათან გავრცელდა მთელ ინდოეთში, ჩინეთში, კასპიის ზღვის არეალში, შემდეგ ევროპაში, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე ცნობილია “ტიფის პანდემიები 430–427 წლებში, პელოპონესის ომებისა და მეორე მსოფლიო ომის დროს. რომელთაც   ადამიანთა დიდი მსხვერპლი მოჰყვა.

მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ასევე გრიპის პანდემიამ, რომელთაგან ყველაზე ძლიერი იყო „ესპანური გრიპი“, რომელიც აღმოცენდა ესპანეთში და 1918-1920 წლებში დაავადდა 550 მილიონი  (მაშინდელი მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 20%) და იმსხვერპლა 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე (ანუ დედამიწის მოსახლეობის თითქმია 5%).

1957-1958 წლებში  2 მილიონი ადამიანი დაიღუპა აზიურიგრიპის“  ეპიდემიის გამო. 1968—1969 წლებში გავრცელდაეგრეთ წოდებული „ჰონკონგის გრიპი“, რომელიც დაიწყო ჰონკონგში და სწრაფად გავრცელდა ვიეტნამში, სინგაპურში, ინდოეთში, ფილიპინებში, ავსტრალიასა და ევროპაში. მან შეიწირა თითქმის 1000 000 ადამიანის სიცოცხლე.

აღსანიშნავია ასევე “იმუნოდეფიციტის ვირუსისადა მისი საბოლოო ფორმის — “შიდსის პანდემია (გრძელდება 1981 წლიდან დღემდე. დაავადდა 60 მილიონი ადამიანი, გარდაიცვალა 25 მილიონი).

მედიცინის განვითარებასთან ერთად, ძირითადად დამარცხდა „შავი ჭირის“, „ქოლერისა“ და „ტიფის“  ვირუსები და სხვა სახის პანდემიათა მიერ მიყენებული  უარყოფითი შედეგები თანდათან მცირდებოდა. მაგალითად, 2009-2010 წლებში ადგილი ჰქონდა ეგრეთ წოდებული „ღორის გრიპის პანდემიას“, რომელიც დაიწყო მექსიკაში და მოიცვა მთელი მსოფლიო. დაავადდა 220 მილიონი ადამიანი, გარდაიცვალა – 2000. 2002-2003 წლებში დაფიქსირდაატიპური“, ხოლო 2013 წელს ფრინველის გრიპის“ პანდემია. პირველი პანდემიის დროს დაავადდა 8437 და გარდაიცვალა 813 ადამიანი, ხოლო მეორე პანდემიის დროს, შესაბამისად, 649 და 384 ადამიანი.

პანდემიები შეიძლება შევადაროთ დიდ ბუნებრივ სტიქიურ მოვლენებს, როგორიცაა ვულკანის ამოფრქვევა, გრიგალი, ცუნამი და ა. შ. ოღონდ არ ლოკალური, არამედ გლობალური მასშტაბით. ყველა დიდი პანდემიის დროს კოლოსალური იყო როგორც ადამანთა მსხვერპლის ოდენობა, ისე ეკონომიკური ზარალი, რაც, როგორც ჩანს, გამოწვეული იყო შრომითი რესურსების შემცირებით, რის გამოც ნადგურდებოდა ან გამოუყენებელი რჩებოდა (სამუშაო ადგილების მიტოვების გამო) დიდი რაოდენობის ფიზიკური კაპიტალი, ამის გამო კი ახალი ინვესტიციებიც აღარ ხორციელდებოდა. გარდა ეკონომიკისა, მათ დიდი დაღი დაასვეს ასევე ადამიანთა ფსიქიკასკულტურასა და მოსახლეობის გენეტიკურ შემადგენლობასაც კი[1]. ამასთან ერთად, ამ პანდემიებიდან, განსაკუთრებით „ეპანური გრიპისგან“, კაცობრიობას გარკვეული გამოცდილება დარჩა: მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერისიტეტის კვლევებით დადგინდა, რომ 1918-1919 წლების პანდემიის შემდეგ, ქალაქებს, რომლებმაც უფრო მკაცრად დაიცვეს შეზღუდვები, გაცილებით ნაკლები ადამიანური მსხვერპლი ჰქონდათ და ეკონომიკაც გაცილებით ჩქარა აღადგინეს[2]

რასაკვირველია საქართველოც არ დარჩენილა უვნებელი ვირუსული ეპიდემიებისგან. „შავ ჭირს“ საქართველოში ჟამიანობა უწოდეს. „შავი ჭირის“ეპიდემია ოქროს ურდოს შემოჰყვა მეთოთხმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ბაგრატ V-ის მეფობის დროს (მისი მეუღლე, დედოფალი ელენე, სწორედ ჟამიანობას ემსხვერპლა). დაუმარხავი მიცვალებულებით აივსო ქუჩები. გვამებთან მიკარებას ჯანმრთელი ადამიანები ვერ ბედავდნენ, ამიტომ ტოვებდნენ საცხოვრებელ ადგილებს და გარბოდნენ. წყალსაც ვერ ეკარებოდნენ, რადგან ისიც ინფიცირებული იყო[3]. „შავი ჭირი“ საქართველოში ბობოქრობდა XIX  და XX საუკუნეებში [ჟღენტი ე. 2019.].

1892 წელს, საქართველოში „ქოლერამ“ იჩინა თავი. ის ირანიდან გავრცელდა და საქართველოს მეზობელ ქვეყნებს აქტიურად მოედო. საბედნიეროდ, ამ დაავადებამ ჩვენს ქვეყანაში მალევე გადაიარა, რადგანაც მოსახლეობას ქოლერის საწინააღმდეგო აცრა ჩაუტარდა. ყველაზე მძაფრად ეპიდემიების ხანა საქართველომ 1919-1920 წლებში გამოცადა, თბილისში ტიფი გავრცელდა, რომელიც 2 თვის განმავლობაში მძვინვარებდა. ტიფის ეპიდემიამ საქართველოში რამდენიმე ასეული ადამიანი იმსხვერპლა. 1920 წელს საქართველოს მოსახლეობას კვლავ ქოლერა დაატყდა თავს. ქოლერის მწვავე ეპიდემია საქართველომ მხოლოდ მას შემდეგ გადაიტანა, რაც ქვეყანაში სანიტარული ზომები მიიღეს. ქოლერა ყველაზე მეტად სასმელი წყლით ვრცელდებოდა. საბოლოოდ, ეპიდემიის შეჩერება სამ­ხედ­რო-სა­მე­დი­ცი­ნო ლა­ბო­რა­ტო­რი­ის მი­ერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის წყა­ლო­ბით მო­ხერ­ხ­და[4].

წარსულში ეპიდემიის წინააღმდეგ ხელისუფლებაც იღებდა გარკვეულ ზომებს, მაგრამ ძირითადად მოსახლეობა თვითიზოლაციას იყენებდა (სოფლებში წასვლა, ტყეში გახიზვნა და სხვ). 

კორონავირუსის წარმოშობა და გავრცელება მსოფლიოსა და მის ზოგიერთ ქვეყანაში· 

ახალი კორონავირუსის წარმოშობის კერად მიჩნეულია ჩინეთის ხუბეის პრო­ვინციის ქალაქ უხანის ზღვის პროდუქტებისა და ცხოველების ბაზრობა. 2019 წლის დეკემბერში პროვინციაში 41 ადამიანს დაუდგინდა პნევმონია, ყოველგვარი გამოკვეთილი ჩვენების გარეშე, რამაც ეჭვი გააჩინა უცნობი ვირუსის არსებობაზე და რაც კვლევებით დადასტურდა კიდეც – ადგილი ჰქონდა ადამიანების ახალი კორონავირუსით დაავადებას, რომლის წინააღმდეგ რაიმე წამალი ან ვაქცინა არ არსებობდა.  2020 წლის 9 იანვარს ვირუსით პირველი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და უხანი ჩაკეტა, მაგრამ ვირუსი, როგორც ჩინეთში, ისე მის საზღვრებს გარეთაც სწრაფად გავრცელდა. 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, ხოლო 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა.[5]

ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების პიკი თებერვლის შუა რიცხვებში დაფიქსირდა – მხოლოდ ერთ დღეში, 12 თებერვალს, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 14 ათასს გადააჭარბა. მკაცრი შეზღუდვებით, ჩინეთმა სიტუაციის მნიშვნელოვნი გაუმჯობესება შეძლო, თებერვლის ბოლოდან ახალი შემთხვევების დინამიკური კლება დაიწყო. მარტის მონაცემებით კი ახალი შემთხვევების რაოდენობა მინიმუმამდე დავიდა. 15 მარტს კორონავირუსის გამო ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმდა.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მსოფლიოს ეკონომიკური გლობალიზაციის მაღალი დონისა, პანდემიის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედება ვერ განხორციელდა, ვერ მოხერხდა ეპიდემიის  წარმოშობის კერაშივე ლოკალიზება (რაც საერთო ძალისხმევით შესაძლებელი იყო) და ამიტომ იგი მთელ მსოფლიოში გავრცელდა: 10 იანვარს იაპონიაში, 13 იანვარს ტაილანდში, 20 იანვარს სამხრეთკორეაში, 21 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებში, 23 იანვარს სინგაპურში, 24 იანვარს ვიეტნამსა და საფრანგეთში, 25 იანვარს კანადაში, შვეიცარიასა და ავსტრალიაში, 27 იანვარს გერმანიაში, 29 იანვარს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, 30 იანვარსიტალიაში, 31 იანვარს რუსეთში, ესპანეთში,  დიდ ბრიტანეთსა და ინდოეთში, 19 თებერვალს ირანში, 26 თებერვალს საქართველოსა და ბრაზილიაში, 28 თებერვალს აზერბაიჯანში, 1 მარტს სომხეთში, 11 მმარტს თურქეთში და ა.შ. ამჟამად იგი მსოფლიოს 215 ქვეყანაშია გამოვლენილი.

ქვეყნებმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ერთმანეთისაგან განსხვავებული ტაქტიკა აირჩია - ზოგმა უფრო მკაცრი, ზოგმა  ნაკლებად მკაცრი ღონისძიებები გაატარა. ზოგმა  დაასწრო ამ ღონისძიებების განხორციელება ვირუსის გავრცელებას, ზოგმა კი დააგვიანა. მაგალითად, სამხრეთ კორეამ  ძირითადსტრატეგიად მაქსიმალურად მეტი ადამიანისათვის კორონავირუსის ტესტის ჩატარების გზა აირჩია, რამაც კარგი შედეგი გამოიღო. ასევე განხორციელდა სხვა ღონისძიებებიც: შეჩერდა  სასწავლო პროცესი, დაიხურა სამუშაო ოფისები, აიკრძალა ხალხმრავალი თავყრილობები, შეწყდა საერთაშორისო ფრენები  და სხვ. შედეგად სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი კლება დაიწყო. იტალიაში,ექსპერტთა ნაწილის აზრით, ვირუსმა ქმედითი ნაბიჯების დაწყებამდე კარგა ხნით ადრე შეაღწია და ქვეყანაში შეუმჩნევლად გავრცელდა, რის გამოც მისი შეჩერება გაძნელდა. მიღებული იქნა მკაცრი ზომები: ადამიანთა დარჩენა შინ; სასწავლო პროცესის შეწყვეტა; სპორტული ღონისძიებების შეჩერება;   კაფე-ბარების, რესტორნების, კინოთეატრების, სპორტული დარბაზების დახურვა; კარანტინის პირობების დარღვევისათვის სანქციების დაწესება  და სხვ [რატომ…, 2020]. იაპონიაში,მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის უარყოფითი გავლენა შედარებით ნაკლები იყო, ვიდრე ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, საგანგებო მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები (შედარებით მსუბუქი), მაინც იქნა შემოღებული[6].ტაილანდშიკორონავირუსის სახიფათო გავრცელების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, რასაც მკაცრი შეზღუდვები მოჰყვა. სინგაპურშჩინეთში ეპიდემიის აფეთქებისთანავე დაიწყო ვირუსის საწინააღმდეგო ზომების გატარება, კერძოდ: დიაგნოსტიკური სისტემის სწრაფად გამართვა და თითოეული დაავადებისადმი მიდევნება, რამაც კარგი შედეგები გამოიღო[7]. ტაივანში თავიდანვე მოხდა სამედიცინო პერსონალსა და სასაზღვრო-საბაჟო პუნქტებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება. მკაცრად აკონტროლებდენ გარედან შემოსულ ადამიანებს და შემდეგ მათ ადევნებდნენ თვალს მობილური ტელეფონების გეოლოკაციური მონაცემების მეშვეობით, რამაც კარგი შედეგი გამოიღო. რასაკვირველია, გატარებული იქნა სხვა ზომებიც (სოციალური იზოლაცია, ჰიგიენის დაცვა, პირბადის ხმარება დ ა. შ.), მაგრამ არა ძალიან მკაცრი[8].  ვიეტნამმა ვირუსის  გამოვლენისთანავე  უხანიდან ყველა რეისი აკრძალა და  ეპიდემია გამოაცხადა, როდესაც ქვეყანაში მხოლოდ 6 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. თებერვალში ვიეტნამში შესვლა სამხრეთ კორეის, ირანისა და იტალიის მოქალაქეებს აეკრძალა, მარტში კი ქვეყნის საზღვრები ყველა უცხოელისთვის ჩაიკეტა. ამის შედეგად სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა, მარტის ბოლოს ​კი კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა დაიწყო[9]. ესპანეთში  მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საფრანგეთსა და პორტუგალიასთან სახმელეთო საზღვრებიც ჩაიკეტა; შეწყდა სასწავლო პროცესი; დაიხურა მუზეუმები, ბიბლიოთეკები, სასტუმროები და რესტორნები; აიკრძალა სპორტული და კულტურული ღონისძიებები; მოქალაქეებს სახლების დატოვების შესაძლებლობა მიეცათ მხოლოდ სურსათისა და მედიკამენტების შესაძენად, ან განსაკუთრებული საჭიროებისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე მთავრობამ მასობრივი შეკრებების გამართვას ხელი არ შეუშალა. მაგალითად, 8 მარტს, მადრიდში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაში მონაწილეობა 120 000-მა ადამიანმა მიიღო, რამაც, ვირუსის გავრცელებას, სავარაუდოდ, ხელი შეუწყო. დიდბრიტანეთს, ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მკაცრი ზომებისთვის (საზღვრების ჩაკეტვა, მოსახლეობის თვითიზოლაცია, სკოლების დახურვა და ა.შ.) არ მიუმართავს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის სტრატეგია რისკ-ჯგუფების დაცვას, მოსახლეობის დანარჩენ ნაწილში კი იმუნიტეტის გამომუშავებას გულისხმობდა. გაიცა რეკომენდაცია, რომ მოქალაქეებს, რომელთაც კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდებოდათ, 7 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფილიყვნენ. მოგვიანებით, ბრიტანეთმა კურსი შეცვალა. აიკრძალა მასობრივი შეკრებები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით დიდ ბრიტანეთს ვირუსის შესაჩერებლად უფრო აგრესიული ზომებისთვის არ მიუმართავს. გერმანიაში ნაწილობრივ ჩაიკეტა საზღვარი ხუთ მოსაზღვრე ქვეყანასთან; შეწყდა სასწავლო პროცესი; აიკრძალა მასობრივი თავყრილობები; გადაიდო სპორტული და კულტურული ღონისძიებები; დაიკეტა ბარები, თეატრები, მუზეუმები, კინოთეატრები, საზოგადოებრივი პარკები და მაღაზიების ნაწილი; აიკრძალა ტურისტების გადაადგილება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. სუპერმარკეტები, აფთიაქები და ყველა ის ობიექტი, რომელიც მნიშვნელოვან მომსახურებას უწევს საზოგადოებას, ღია დარჩა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩინეთიდან დიდი დაშორების გამო, ვირუსის აფეთქებას მნიშვნელობა არ მიანიჭეს. ქვეყანაში თავისუფლად შევიდა და საქმიანობდა ათობით დაავადებული, რის გამოც ვირუსი სწრაფად გავრცელდა და დიდი მასშტაბები შეიძინა. შემდეგად მიღებული იქნა მკაცრი ზომები:შეიზღუდა მგზავრობა ჩინეთიდან; 30 დღით შეჩერდა ყველა სახის მგზავრობა შენგენის ზონაში შემავალ სახელმწიფოებთან; 13 მარტს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა; შეწყდა სასწავლო პროცესი ზოგიერთ შტატში. უნივერსიტეტები გადადიან დისტანციურ სწავლებაზე . ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსისა და კონექტიკუტის შტატებში; 16 მარტიდან, კინოთეატრები, სპორტული დარბაზები და კაზინოები დაიხურა, ხოლო ბარები და რესტორნები მუშაობას მხოლოდ ადგილზე მიტანის მომსახურების პირობებში აგრძელებდნენ.

ამავე დროს, ქვეყნებში ხორციელდებოდა ანტიკრიზისული ღონისძიებები, მაგალითად, 28 მარტს გერმანიამ მიიღო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ანტიკრიზისული პროგრამა 156 მილიარდი ევროს მოცულობით. აქედან 50 მილიარდი ევრო განკუთვნილია მიკროსაწარმოებისა და თვითდასაქმენულთა დასახმარებლად. ყველა საწარმო, პერსონალის რიცხოვნობით არა უმეტეს 5 წევრისა, სამი თვის ფარგლებში მიიღებს  ერთჯერადად 9 ათას ევროს. ფირმები  თანამშრომლებით არა უმეტეს 10-სა კი - 15 ათას ევროს. ეს თანხა, უპირველეს ყოვლისა, გამოყენებული იქნება შენობის არენდის, მოწყობილობის ლიზინგისა და კრედიტების დასაფარავად [В Германии…, 2020]. 27 მარტს აშშ კონგრესმა მიიღო “კანონპროექტი ანტიკრიზისული ზომების შესახებ” 2 ტრილიონი დოლარის მოცულობით, რაც არის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პაკეტი. იგი ითვალისწინებს თითოეული მოქალაქის პირდაპირ ფინანსურ დახმარებას 1200-დან 2400 დოლარამდე, ასევე  გადასახდელებს ბავშვზე (500 დოლარი). 150 მილიარდი გამოეყო საავადმყოფოებს, იგივე თანხა ცალკეულ შტატს ვირუსთან ბრძოლისათვის. მსხვილი ბიზნესისათვის განკუთვნილია 500 მილიარდი დოლარი სუბსიდირებული კრედიტებისა და გრანტების სახით დასაქმების მხარდასაჭერად, 348 მილიარდი შეღავათიანი კრედიტებისთვის  მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად [Конгресс США…, 2020].

პანდემიის ეკონომიკური შედეგების გავლენა საგრძნობია მოსახლეობის ყველა ფენაზე, მაგრამ იგი განსაკუთრებით აისახება მოწყვლად ფენებზე, როგორიცაა: მოხუცებულები, შეზღუდული შესაძლებლობის პირები, უსახლკაროები, ობოლი ბავშვები, ასევე უმუშევრად დარჩენილები, მცირეშემოსავლიანები.  პანდემია ყველაზე საშიშია მოხუცებულებისათვის, ამიტომ მათდამი  განსაკუთრებული ყურადღება ვლინდება.  

ჯანმრთელობის სისტემა ძლიერ გადატვირთული იყო დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ინდოეთში, იტალიასა და საფრანგეთში [Социальные…, 2020].

არსებობს არაერთი კვლევა, რომლებიც იძლევიან პროგნოზებს მშპ-სა და სხვა ეკონომიკურ მაჩვენებელთა შესახებ (მაგალითად,შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, ვირუსის გამო, მსოფლიოში უმუშევართა რაოდენობა, არსებული 188 მილიონიდან, დამატებით გაიზრდება 5.3 - 24.7 მილიონით [კორონავირუსის…, 2020] პანდემის გავლენის შედეგად. ჩვენ ეს მონაცემები არ მოგვყავს, ვინაიდან ისინი მეტად სუბიექტურია. ერთი ცხადია, რომ ეკონომიკურ ვარდნას ადგილი ექნება და იგი განსხვავებული იქნება ქვეყნების მიხედვით. ყველაზე დიდ ვარდნას ადგილი ექნება იქ, სადაც პანდემიამ ყველაზე მძიმე გავლენა იქონია. ასევე უფრო მეტად დაზარალდება ტურიზმი, ტრანსპორტი, მცირე და საშუალო ბიზნესი, გადამამუშავებელი მრეწველობა, ნავთობის მოპოვება, ავტომობილების წარმოება და ელექტროტექნიკა, საფინანსო სექტორი, საცალო ვაჭრობა, ხელოვნების, სპორტის, დასვენებისა და გართობის სფერო, ხოლო ყველაზე ნაკლებად – კვების ინდუსტრია, კავშირგაბმულობა, ელექტროენერგეტიკა, საერთაშორისო გადაზიდვები და სხვa. 

კორონაცირუსის პანდემია საქართველოში· 

საქართველოში განხორციელდა ვირუსთან ბრძოლის სისტემური, კარგად გათვლილი და ორგანიზებული ღონისძიებები. მოქმედებები დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების დადასტურებულ შემთხვევას ადგილი არ ჰქონდა. ღონისძიებები ხორციელდებოდა ადამიანთა სიცოცხლისა  (ჯანმრთელობის) და ეკონომიკის გადარჩენის მიმართულებით, რაც გულისხმობდა: ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნას; მოქალაქეთა სოციალურ მხარდაჭერას; მეწარმეების დახმარებას (ეკონომიკის ხელ­შეწყობას); საზღვარგარეთიდან ფინანსური სახსრების მოზიდვას; რეპრო­დუქციის მაჩვენებლისა და სხვა ეპიდემიოლოგიური პარამეტრების მუდმივ კონტროლს; მარაგებისა და ლოჯისტიკის - მოსახლეობის სურსათით უწყვეტი უზრუნველყოფის მართვასა და სხვ.. 2020 წლის 28 იანვარს შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, როგორც ეპიდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები ძირითადი პლატფორმა. ვირუსის შემოჭრის პრევენციის მიზნით გატარდა შემდეგი ღონისძიებები: დაწესდა სავალდებულო იზოლაციის ნორმები, რომელთა დაეცვა ევალებოდათ მაღალი რისკის მქონე  ქვეყნებიდან დაბრუნებულ პირებს (ჩინეთი, იტალია,  გერმანია, ირანი, დანია, ნორვეგია, შვეიცარია, ავსტრია, საფრანგეთი, ესპანეთი, სამხრეთ კორეა და სხვ.); დამტკიცდა ვირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და დაავადებაზე ოპერატიული რეაგირების გეგმა; ყველა  სასაზღვრო-გამშვები პუნქტი აღიჭურვა   თერმოსკრინინგისთვის  საჭირო   ინვენტარით და დაიწყო  თერმოსკრინინგი; შეჩერდა ავიარეისები ჩინეთიდან; შემუშავდა შესაბამისი ალგორითნები და პროტოკოლები: დაიწყო სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში  დაბრუნება; შეჩერდა მიმოსვლა ირანთან და სხვ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 2020 წლის 26 თებერვალს.  ამ დროისთვის ვითარება მსოფლიოში საკმაოდ რთული იყო. დაიწყო ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ეტაპი, კერძოდ, განხორციელდა: ახალი შემთხვევების, კლასტერებისა და მათთან ასოცირებული კონტაქტების მოძიება, იზოლირება, კარანტინი, დიაგნოსტირება და მკურნალობაეპიდზედამხედველობის გამკაცრება (როგორც ადამიანთა გადარჩენის, ასევე ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით); სასწავლო დაწესებულებების დახურვა და დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა; კულტურის დაწესებულებებში  შემოქმედებითი საქმიანობის შეჩერება, ყველა დაგეგმილი ღონისძიების გაუქმება; მასობრივი და საჯარო თავყრილობების აკრძალვა; ცალკეული ეკონომიკური საქმიანობების შეზღუდვა; ფიზიკური დისტანცირება და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მკაცრი კარანტინი და კომენდანტის საათი; სახმელეთო   სასაზღვრო-გამშვებ   პუნქტებსა   და   სამივე აეროპორტში საველე კარვების დამონტაჟება შემოსულ მგზავრთა სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე სამედიცინო შემოწმების მიზნით; ადამიანების სკრინინგისა და დაავადების  ადრეული გამოვლენის მიზნით,  საკარანტინო ზონების მომზადება ვირუსზე საეჭვო ან მაღალი რისკის მატარებელი პირების განსათავსებლად; მარაგების მართვასა და სურსათით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით შტაბის შექმნა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფდა პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებისა და მარაგების მონიტორინგს; მეზობელ ქვეყნებთან მიმოსვლის ეტაპობრივი შეჩერება; ინფიცირების პირველწყაროს მიკვლევა და, შესაბამისად, საჭირო პრევენციული ღონისძიებების გატარება იზოლირების, არსებული და პოტენციური კონტაქტების მაქსიმალურად მოძიებისა და მიდევნების მიზნით. მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მოქალაქეებისათვის დაწესდა 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი. ქვეყანაში  შემოსვლისას  ყველა  მგზავრი ადგილზე  მოწმდებოდა და  ვირუსის  სიმპტომური  მახასიათებლის  გამოვლენისას, გადაჰყავდათ კარანტინში, ხოლო დანარჩენს ეძლეოდათ თვითიზოლაციაში დარჩენის რეკომენდაცია. ასევე,  მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდებოდა კონტაქტების მოძიება და მათი მიდევნების მიზნით პირების თვითიზოლაცია ან სპეციალურ საკარანტინო სივრცეში გადაყვანა შემდგომი დაკვირვების მიზნით.

საშიშროებამ იმატა 22 მარტს, როდესაც საქართველოში გამოვლინდა შიდა გადაცემის პირველი ფაქტი.  ეპიდემიოლოგების მიერ წარმოდგენილი პროგნოზების მიხედვით, არსებობდა ქვეყანაში ინფიცირებულთა უკონტროლო ზრდისა და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის წინაშე დადგომი რისკი. ამიტომ, ერთდროულად საზოგადოებრივი ცხოვრების არაერთი სფეროს შეზღუდვის აუცილებლობის გამო, 21 მარტს ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. დაიწყო შეზღუდვების გამკაცრება (განხორციელდა კარგად გათვლილი როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო ღონისძიებები, რომელსაც, მართალია მოჰყვა ეკონომიკური რეცესია, მაგრამ, ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ეპიდემოლოგიური შედეგი): სრულად შეჩერდა საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა; დაწესდა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები: მარნეულში, ბოლნისში; ქობულეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში (გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში), ხაშურის  მუნიციპალიტეტის  სოფელ ხიდისყურში; შეჩერდა ჯერ საქალაქთაშორისო, შემდეგ კი თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების  ტერიტორიებზე სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა; შეიქმნა კოვიდ კლინიკები და დაიწყო „ცხელების კლინიკების“ შექმნა: დაწესდა კომენდანტის საათი და აიკრძალა ქვეითად ან სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება 21 საათიდან 06 საათამდე; საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრის დასაშვები რაოდენობა შემცირდა 10-დან 3 პირამდე; დაწესდა გადაადგილების ასაკობრივი შეზღუდვა, კერძოდ, 70 წლისა და მეტი ასაკის პირებს აეკრძალათ საცხოვრებელი ადგილის დატოვება (გამონაკლისების გარდა); შეჩერდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ   საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით; აიკრძალა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება; ეტაპობრივად შეჩერდა სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური საქმიანობა, გარდა გამონაკლისებისა; აიკრძალა ქ. თბილისის, ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტებში შესვლა და ამ მუნიციპალიტეტებიდან გასვლა; აიკრძალა მექანიკური სატრანსპორტო   საშუალებების (გარდა მოტოციკლისა) გადაადგილება და სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლა; დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას დაწესდა პირბადის ტარების ვალდებულება.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შენარჩუნებული იქნა ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური საქმიანობა. შეუფერხებლად მუშაობდა 63 ათასზე მეტი ეკონომიკური სუბიექტი. ხორციელდებოდა: სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, მათ შორის, მკაცრ   საკარანტინო  რეჟიმში მოქცეულ მუნიციპალიტეტებშიც; სარეალიზაციოდ აგრარული პროდუქციის გამოტანა; სატვირთო გადაზიდვები (სატრანზიტოს ჩათვლით); საკვები პროდუქტების, მედიკამენტების, დენის, ბუნებრივი აირის, წყალის, კომუნიკაციების, საწვავი და სხვა უმნიშვნელოვანესი საქონლისა და მომსახურების წარმოება-რეალიზაცია; კრიტიკული   ინფრასტრუქტურისა   და  სისტემური საწარმოების   მუშაობა და სხვ. აღნიშნული ობიექტებისთვის შემუშავდა საქმიანობისა და ტრანსპორტირების უსაფრთხოების წესები.27 აპრილიდან დაიწყო დაავადების  ყოველდღიური შემთხვევების კლება, ასევე ქვეყანამ შეიძინა ვირუსთან თანაარსებობის გარკვეული გამოცდილება. ამიტომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის შესახებ, რომელიც ნაწილობრივ დღესაც გრძელდება. ამჟამად მიმდინარეობს ტურიზმისა და საერთაშორისო ფრენების გახსნა. უნდა ითქვას, რომ ეტაპობრივი შეზღუდვებით საქართველომ აირიდა კორონავირუსის ინფექციის ქვეყანაში სწრაფი და მასობრივი შემოტანა და გავრცელება.

საგრძნობია პანდემიის უარყოფითი გავლენა ქვეყნის ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროზე. მცირდებოდა შემოსავალი (ტურიზმიდან, ექპორტიდან, წმინდა ფულადი გზავნილებიდან), როგორც უცხოური, ისე შიგა ინვესტიციები. ეკონომიკური აქტივობის შემცირების გამო, ბუნებრივია, მცირდება მთლიანი შიგა პროდუქტი. ყველაზე მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას  ქვეყნის ეკონომიკაზე  ახდენს ტურიზმი, რაც უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკის სხვა სექტორებზე, მათ შორის, მშენებლობასა და უძრავი ქონებით ვაჭრობაზე. ექსპორტისა და გზავნილების  შემცირება, უარყოფითად მოქმედებს გაცვლით კურსზე. უარესდება ადამიანთა კეთილდღეობისა და კომფორტის დონე.

სახელმწოფო შესაძლებლობის ფარგლებში ახორციელებდა და ახორციელებს  ღონისძიებებს აღნიშნული ნეგატიური პროცესების შესამსუბუქებლად შეზღუდვების პირობებშიც და მათი მოხსნის შემდეგაც. ქვეყანაში განხორციელდა ანტიკრიზისული ღონისძიებები, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების შესამსუბუქებლად: 17 აპრილიდან დამტკიცდა ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა. განხორციელდა 40 000 ტონა ხორბლის იმპორტის სუბსიდირება, ასევე შეიქმნა სურსათის საკმარისი  მარაგი, რამაც საშუალება მისცა პურის მწარმოებლებს, პურის ფასი არ გაზრდილიყო და არ მომხდარიყო ფასების სპეკულაციური ზრდა ბაზარზე; შესაბამის სამიზნე ჯგუფებს უწყვეტად უგრძელდებოდა სახელმწიფო გასაცემლის (სახელმწიფო პენსია, კომპენსაცია, სოციალური პაკეტი და ა.შ.) გაცემა; 9 აპრილიდან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ეტაპობრივად განაახლა დისტანციური სერვისებისა და მომსახურების მიწოდება, განახევრდა ადგილზე მომსახურების საფასური, აღნიშნულისგან სრულად გათავისუფლდნენ:სოციალურად დაუცველი ოჯახები; პირები, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეზღუდული აქვთ გადაადგილების შესაძლებლობა; 70 წლისა და მეტი ასაკის პირები. შემუშავდა და განხორციელდა შემდეგი ანტიკრიზისული გეგმები:ბიზნესის დახმარების მიმართულებით: ყოველი შენარჩუნებული დასაქმებულის ხელფასზე დამსაქმებელი სუბსიდირებას მიიღებს. კერძოდ, 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. 1500 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში კი საშემოსავლოსგან 750 ლარის ოდენობა გათავისუფლდება. ამისთვის ბიუჯეტიდან 250 მილიონი ლარია გამოყოფილი. ორმაგდება დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება, შედეგად წელს ბიზნესი დამატებით 600 მილიონ ლარს მიიღებს; გაუმჯობესდება სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” თანადაფინანსების პირობები; ავტოიმპორტიორებს ავტომობილების განბაჟების 90-დღიანი ვადა პირველ სექტემბრამდე გადაუვადდათ, რითაც  38 000-მა იმპორტიორმა ისარგებლა და რამაც 50 მილიონი ლარი შეადგინა; სესხის რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა მიეცათ იურიდიულ პირებს, რითაც 7 000-მა იურიდიულმა პირმა ისარგებლა და სხვ.  ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში: ტურიზმის ინდუსტრიის სუბიექტები 2020 წელს სრულად გათავისუფლდნენ ქონების გადასახადისაგან, ხოლო საშემოსავლო გადასახადის გადავადება მოხდა წლის ბოლომდე; 6   თვის   განმავლობაში   მოხდება   სესხის   პროცენტის   80%-ის   სუბსიდირება   20 მილიონზე ნაკლები ბრუნვის მქონე სასტუმროებისთვის (ბიუჯეტი შეადგენს 60 მილიონ ლარს), ასევე ტურისტული კომპანიებისთვის (ტუროპერატორებისთვის) მოხდება საბანკო გარანტიის პროცენტის სუბსიდირება; ტურისტული კომპანიებისა და გიდების მხარდაჭერისთვის გამოიყო 5 მლნ ლარი; განხორციელდა ტურიზმის ბიზნესსუბიექტებისათვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის პირველ ნოემბრამდე გადავადება, რითაც  4 500-მა სუბიექტმა ისარგებლა და რამაც მთლიანობაში 90 მილიონი ლარი შეადგინა; მცირე სასტუმროებს დაუფინანსდათ 6 თვის საბანკო სესხის ხარჯის 80%  10 მილიონი ლარის ფარგლებში, რითაც 850 სასტუმრო სარგებლობს და სხვ. სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის ფარგლებში სოფლის მეურნეობის ყველა რგოლისთვის გათვალისწინებულია ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა 300 მილიონი ლარის ოდენობით, კერძოდ: ფერმერების მიერ  სასუქების, მცენარეთა დაცვისა და მოვლის საშუალებების, სათესლე და სარგავი მასალების შესაძენად, ასევე ხვნის სამუშაოების საფასურის გადასახდელად გამოყოფილია 37 მილიონი ლარი; ფერმერი ყოველ 1 ჰექტარ მიწაზე სუბსიდიის სახით მიიღებს 200 ლარს და 150 ლიტრის ოდენობის დიზელის საწვავს  შეღავათიან ფასად; მათ მთლიანად ჩამოეწერებათ 8 მილიონი ლარის დავალიანებები, რომლებიც სამელიორაციო მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო 2012-2019 წლებში დაუგროვდათ, ასევე მიმდინარე წელს 1 ჰექტარზე სამელიორაციო მომსახურების 75 ლარამდე საფასურს სახელმწიფო გადაიხდის (ბიუჯეტი 5 მილიონ ლარი); მემცენარეობის საბრუნავი საშუალებების დაფინანსების მიზნით დაიწყო სესხების გაცემა 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით, რომლის საპროცენტო განაკვეთს 6 თვის განმავლობაში სრულად დააფინანსებს სახელმწიფო  უზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში, არაუზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში კი – წლიური 17%-ის მოცულობით (თანხა შეადგენს 4.5 მილიონ. ლარს); ძირითადი საშუალებების კომპონენტში იზრდება  სახელმწიფოს თანადაფინანსების პროცენტი – წლიური 8%-ის  ნაცვლად 11%-ს 48 თვის განმავლობაში. იზრდება ლიზინგის თანადაფინანსების პროცენტიც – ნაცვლად 9%-ისა 12%. ძირითადი საშუალებების კომპონენტსა და მის ყველა ქვეკომპონენტში იზრდება ბანკებისთვის დაწესებული პროცენტის ზედა ზღვარი –- ნაცვლად 15%-ისა 18%; სესხი გაიცემა 1 500 000 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით,   რომლის   საპროცენტო   განაკვეთის   თანადაფინანსებას   სახელმწიფო   მოახდენს წლიური 10%-ის მოცულობით 24 თვის განმავლობაში; მოხდა  ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების, პურისა და პურპროდუქტების წარმოების და მაკარონის ნაწარმის წარმოების დაფინანსება; განხორციელდება სასურსათო მრეწველობის თანადაფინანსება 12%-ის ოდენობით 24 თვის განმავლობაში; აგროდაზღვევის პროგრამაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, პროგრამა სამწლიანი გახდა. ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ დააზღვიონ საკუთარი მოსავალი 3 კალენდარული წლის განმავლობაში. სადაზღვევო  პოლისი  ფარავს  ისეთ  სადაზღვევო  რისკებს,  როგორიცაა:  სეტყვა,  წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა; პრიორიტეტული  ხდება  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერა; კოოპერატივებს დაუფინანსდებათ აღჭურვილობა, რომლის საშუალებით წარმოებული პროდუქცია დამზადდება ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი სარეალიზაციო ფორმით და სხვ. დეველოპერული  სექტორის მხარდაჭერის გეგმის ფარგლებში: სახელმწიფო  დააფინანსებს  იპოთეკური  სესხის  ხელშეკრულებით  გათვალისწინებული ნომინალური საპროცენტო განაკვეთის  4%-ს; სახელმწიფო  გარანტია  იპოთეკური  სესხების  პორტფელზე  2020-2021 წლებში  გაცემულ იპოთეკურ სესხზე სესხის  დეფოლტის  გარანტია  განისაზღვრება    სესხის მოცულობის 20%-ით და გაგრძელდება 5 წლის განმავლობაში; შეიქმნება  200  მლნ.  ლარის  ბიუჯეტის  მქონე  სპეციალური  სახელმწიფო პროგრამა და ამით სახელმწიფო დააზღვევს მიმდინარე სამშენებლო პროექტების დასრულების რისკებს და სხვ. სოციალური დახმარებების მიმნართულებით 1,2 მილიონზე მეტი ოჯახისათვის განხორციელდა ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების, ხოლო 670 ოჯახისათვის ბუნებრივი აირის გადასახადის გადახდა, ამისათვის  დაიხარჯა 150 მილიონი ლარი; მოახდა 9 ძირითად პროდუქტზე ფასების სუბსიდირება   15 მილიონი ლარის ოდენობით; 600 000 მოაქლაქეს მიეცა სესხების გადავადების შესაძლებლობა; დასაქმებულები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს ან უხელფასო შვებულებაში მოუწიათ გასვლა, 6 თვის განმავლობაში  მიიღებენ 200 ლარის დახმარებას, სულ 1200 ლარს. 350 000 მოქალაქეს გაეწია 200-ლარიანი დახმარება და ამ მიზნით 460 მილიონი ლარი დაიხარჯა. ერთჯერადად დახმარება 300 ლარის ოდენობით გაეწიათ თვითდასაქმებულებს, რისთვისაც 75 მილიონი ლარი გამოიყო; სოციალურად დაუცველი პირების ნაწილი, მათ შორის მრავალშვილიანი ოჯახები, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ 600 ლარის ოდენობის დახმარებას; დახმარებას მიიღებს 360 ათასამდე  მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, რისთვისაც ბიუჯეტში გამოყოფილია 83 მილიონი ლარი. 

6 აგვისტოს გამოცხადდა მთავრობის სოციალური დახმარების მესამე პაკეტი, რომლის ბიუჯეტი არის 410 მილიონი ლარი და რომლის მიზანია კონკრეტული სოციალური ფართო ჯგუფების, პირველ რიგში, ბავშვების დახმარება.კერძოდ, ის ითვალისწინებს: კომუნალურ დახმარებას (ზამთრის თვეებში მოხმარებული ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის საფასურის გადახდას); 17 წლამდე ასაკის მქონე ბავშვებისადმი დახმარებას, თითოეულ ბავშვზე 200 ლარის ოდენობით (დაახლოებით 170 მილიონი ლარი);  150 ათასამდე ქულის მქონე ყველა სტუდენტებისათვის ერთი სემესტრის (2020-2021 სასწავლო წელს) სწავლების საფასურის გადახდას; ყველა თვითდასაქმებულისათვის, ვინც  დახმარებას ითხოვდა, მაგრამ წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა,  300-ლარიან დახმარებას[10].

***

დღეისათვისაც მსოფლიოში პანდემიის არასასურველი და არადამაიმედებელი მდგომარეობაა. ვირუსი კვლავ ბობოქრობს კვლავ იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობა და ეკონომიკური ზარალი. თუმცა, სურათი ქვეყნების მიხედვით მეტად განსხვავებულია. დაავადებულთა რაოდენობის მიხედვით 4-5 აგვისტოსათვის ქვეყნები ასე გამოიყურება[11]: აშშ (დაავადდა – 4 918 770, გარდაიცვალა –  160 318 (3,3%), გამოჯანმრთელდა – 2 482 899 (50,5%), ახლა ავადაა – 2 275 553 (46,2%)); ბრაზილია (დაავადდა – 2 751 665, გარდაიცვალა – 94 702 (3.4%), გამოჯანმრთელდა – 1 912 319 (69,5%), ახლა ავადაა – 744 544 (27,1%));  ინდოეთი (დაავადდა – 1 865 947, გარდაიცვალა –  39 081 (2,1%), გამოჯანმრთელდა – 1 237 885 (66,3%), ახლა ავადაა – 588 981 (31,6%)); რუსეთი (დაავადდა – 861 423, გარდაიცვალა –  14 351 (1,7%), გამოჯანმრთელდა – 661 471 (76,8%), ახლა ავადაა – 185 601 (21,5%)); სამხრეთ აფრიკული რესპუბლიკა (დაავადდა – 521 318, გარდაიცვალა –  8 884 (1,7%), გამოჯანმრთელდა – 363 751 (69,8%), ახლა ავადაა – 148 683 (28,5%));   მექსიკა (დაავადდა – 449 961, გარდაიცვალა –  48 869 (10,9%), გამოჯანმრთელდა – 300 254 (88,7%), ახლა ავადაა – 100 838 (%)); პერუ (დაავადდა – 439 890, გარდაიცვალა –  20 007 (4,5%), გამოჯანმრთელდა – 302 457 (68,8%), ახლა ავადაა – 117426 (26,7%)); ჩილე (დაავადდა – 362 962, გარდაიცვალა –  9 745 (2,7%), გამოჯანმრთელდა – 336 330 (92,7%), ახლა ავადაა – 16 887 (4,6%));  ესპანეთი (დაავადდა – 344 134, გარდაიცვალა – 28 472(8,3%), გამოჯანმრთელდა – 196 958 (57,2%)), ახლა ავადაა – 118 704 (34,5%)); კოლუმბია (დაავადდა–334 979, გარდაიცვალა –  11 315 (3,4%), გამოჯანმრთელდა – 180 258 (68,5%), ახლა ავადაა – 143 406 (28,9%)); ირანი (დაავადდა – 314 786, გარდაიცვალა – 17 617 (5,6%), გამოჯანმრთელდა – 272 535 (86,6%), ახლა ავადაა– 24 634 (7,8%)); დიდი ბრიტანეთი (დაავადდა – 305 623, გარდაიცვალა –  46 210 (15,1%), გამოჯანმრთელდა – 344 (0,1%), ახლა ავადაა – 259 069 (84,8%)); იტალია (დაავადდა – 248 419, გარდაიცვალა – 35171 (14,2%), გამოჯანმრთელდა – 200 766 (80,8%)), ახლა ავადაა – 12 482 (5,0%)); თურქეთი (დაავადდა – 234 934, გარდაიცვალა –  5 765 (2,5%), გამოჯანმრთელდა – 21 849 (93,0%), ახლა ავადაა – 10 678 (4,5%)); გერმანია  (დაავადდა – 212 331, გარდაიცვალა –  9 232 (4,3%), გამოჯანმრთელდა – 194 700 (91,7%), ახლა ავადაა – 8 399 (4,0%));  საფრანგეთი (დაავადდა – 192 334, გარდაიცვალა –  30 296 (15,8%), გამოჯანმრთელდა – 82 166 (42,7%), ახლა ავადაა – 79 872 (41,5%)); კანადა (დაავადდა – 117 333, გარდაიცვალა – 8 953 (7,6%), გამოჯანმრთელდა – 101 839 (86,,6%)), ახლა ავადაა – 6 541 (5,6%)); ჩინეთი (დაავადდა – 84 464, გარდაიცვალა –  4 634 (5,5%), გამოჯანმრთელდა – 79 030 (93,6%)), ახლა ავადაა – 800 (0,9%)); შვედეთი (დაავადდა – 81 181, გარდაიცვალა –  5 747 (7,1%), გამოჯანმრთელდა – 8 297 (10,2%), ახლა ავადაა – 67 137 (82,7%)); უკრაინა (დაავადდა – 74 219, გარდაიცვალა –  1 764 (2,4%), გამოჯანმრთელდა – 40 613 (54,7%), ახლა ავადაა – 3 1842 (42,9%)); ბელგია (დაავადდა – 70 648, გარდაიცვალა – 9 852  (13,9%), გამოჯანმრთელდა – 17 639 (25,03%), ახლა ავადაა – 43 157 (61,1%)); ბელორუსია (დაავადდა – 68 250, გარდაიცვალა –  574 (0,8%), გამოჯანმრთელდა – 63 163 (92,3%), ახლა ავადაა 4 513 – (6,4%));  სინგაპური (დაავადდა – 53 346, გარდაიცვალა –  27 (0,1%), გამოჯანმრთელდა – 47 454 (89,0%), ახლა ავადაა – 5 865 (10,9%)); იაპონია (დაავადდა – 38 687, გარდაიცვალა –  1 012 (2,6%), გამოჯანმრთელდა – 26 487 (68,5%), ახლა ავადაა – 11 188 (28,9%)); სომხეთი  (დაავადდა – 39 298 , გარდაიცვალა –  768 (2,0 %), გამოჯანმრთელდა – 30 372 (77,3%), ახლა ავადაა – 8 158 (20,7%)); შვეიცარია (დაავადდა – 35746, გარდაიცვალა –  1981 (5,5%), გამოჯანმრთელდა – 31 500 (88,1%), ახლა ავადაა – 2 265 (6,4%)); აზერბაიჯანი (დაავადდა – 32 684, გარდაიცვალა – 468  (1, 4%), გამოჯანმრთელდა – 27 760 (84,9%), ახლა ავადაა – 4 456 (13, 7%)); ავსტრალია (დაავადდა – 18 728, გარდაიცვალა – 232 (1,2%), გამოჯანმრთელდა – 10 622 (56,7%), ახლა ავადაა – 7 874 (42,1%)); სამხრეთ კორეა (დაავადდა – 14 423, გარდაიცვალა –  301 (2,1%), გამოჯანმრთელდა – 13 352 (92,6%), ახლა ავადაა – 770 (5,3%)); დანია (დაავადდა – 14 073, გარდაიცვალა – 616 (%), გამოჯანმრთელდა – 12 715 (90,4%), ახლა ავადაა –  742 (5,2)); ტაილანდი (დაავადდა – 3321, გარდაიცვალა –  58 (1,7%), გამოჯანმრთელდა – 3 142 (94,6%), ახლა ავადაა – 121 (3,7%)); საქართველო (დაავადდა – 1 182, გარდაიცვალა –  17 (1,4%), გამოჯანმრთელდა – 962 (81,4%), ახლა ავადაა – 203 (17,2%); ვიეტნამი (დაავადდა – 670, გარდაიცვალა – 8 (1,2%), გამოჯანმრთელდა – 378 (56,4%), ახლა ავადაა – 284 (42,4%)); ტაივანი (დაავადდა – 476, გარდაიცვალა –  7 (%), გამოჯანმრთელდა – 441 (%), ახლა ავადაა – 28 (%));

დაავადებულთა რიცხვის მიხედვით პირველ სამეულშია ამერიკის შეერთებული შტატები, ბრაზილია და ინდოეთი. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა და აქ ვირუსის გავრცელება მის დადასტურებამდე დაიწყო, იგი დაავადებულთა რიცხვის მიხედვით, გარდა პირველი სამეულისა, ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: რუსეთი, სამხრეთ აფრიკული რესპუბლიკა, მექსიკა, პერუ, ესპანეთი, კოლუმბია, ირანი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, თურქეთი, გერმანია, საფრანგეთი, კანადა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩინეთმა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მეტად ეფექტური ღონისძიებები გაატარა.

გარდაცვლილთა მიხედვით გამოიყოფა აშშ, ბრაზილია, მექსიკა, დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, პერუ. ამ ქვეყნებში გარდაცვლილთა რაოდენობა 20 000-დან 160 318-მდე მერყეობს.

საქართველოსაც გამორჩეული ადგილი უჭირავს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. იგი დაავადებულთა რიცხოვნობის მიხედვით 150-ე ადგილზე. ძალზედ მცირეა ასევე გარდაცვლილთა რაოდენობა. აქ ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რიცხვი მეტია დაავადებულთა რიცხვზე. ეპიდემოლოგიური სიტუაცია იმდენად დამაიმედებელი, რომ შიგა ტურიზმთან ერეთად  საერთაშორეისო ტურიზმიც გაიხსნა. 

გლობალური მასშტაბით კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პანდემიასთან დაკავშირებით სიტუაციის გაუარესების შესახებ აცხადებს. 5 აგვისტოს მსოფლიოში დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 18,4 მილიონ ადამიანს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რაოდენობამ - 699 575-ს. დაავადებულთა რაოდენობის ზრდა დღე-ღამის განმავლობაში  260 000-ს შეადგენს[12]. პანდემია განაგრძობს აქტიურ გავრცელებას დედამიწის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ავსტრალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხრეთ აფრიკასა და ინდოეთში[13]. 

დასკვნები 

  1. კორონავირუსის პანდემიამ დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინა და ჯერაც ახდენს მთელ მსოფლიოსა და ცალკეულ ქვეყნებზე როგორც ჰუმანიტარული, ისე ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით. დაიღუპა ათასობით ადამიანი, დაეცა ადამიანთა   კეთილდღეობისა და კომფორტის დონე, ეკონომიკამ განიცადა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი დანაკარგები;
  2. მსოფლიოს არაერთი შემმუსვრელი პანდემია ახსოვს, რომელთაც წაიღეს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და შეაფერხეს ეკონომიკური განვითარების პროცესები. წარსულში ქვეყნები უსუსურები იყვნენ, ეკონომიკისა და ჯანდაცვის სისტემების  განვითარების დაბალი დონის გამო. დადებითი გამოცდილება, რაც მსოფლიოს შემორჩა წინა პანდემიებისგან არის ის, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება, წამლის ან ვაქცინის აღმოჩენამდე, არის ადამიანთა საქმიანობის შეზღუდვები, სოციალური დისტანცია, რაც ადრე, ძირითადად, ხორციელდებოდა თვითიზოლაციით, ხოლო ამჟამად მთავრობების მიერ;
  3. წარსულში ყველა დიდი პანდემიის დროს კოლოსალური იყო როგორც ადამიანთა მსხვერპლის ოდენობა, ისე ეკონომიკური ზარალი, რაც, როგორც ჩანს, გამოწვეული იყო შრომითი რესურსების შემცირებით, რის გამოც ნადგურდებოდა ან გამოუყენებელი რჩებოდა (სამუშაო ადგილების მიტოვების გამო) დიდი რაოდენობის ფიზიკური კაპიტალი, ამის გამო კი ახალი ინვესტიციებიც აღარ ხორციელდებოდა;
  4. მთავრობის მიერ მართული შეზღუდვები მსოფლიოს ქვეყნებში არაერთგვაროვნად განხორციელდა. ზოგმა თავიდანვე მკაცრი შეზღუდვები დააწესა, ზოგმა დააგვიანა, ზოგმა კი საერთოდ უარი თქვა შეზღუდვებზე. როგორც წესი, შედარებით კარგი შედეგი მიიღეს იმ ქვეყნებმა, რომლებმაც თავიდანვე, ვირუსის დაფიქსირებამდე, მიიღეს შესაბამისი ზომები, მათ შორისაა საქართველოც;
  5. მიუხედავად მსოფლიოს ეკონომიკური გლობალიზაციის მაღალი დონისა, პანდემიის წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედება ვერ განხორციელდა, ვერ მოხერხდა ეპიდემის მისი წარმოშობის კერაშივე ლოკალიზება (რაც საერთო ძალისხმევით შესაძლებელი იყო) და ამიტომ იგი მთელ მსოფლიოში გავრცელდა;
  6. ქვეყნებმა შეზღუდვებთან ერთად ეფექტიანი ანტიკრიზისული ღონისძიებებიც განახორციელეს, რითაც შენარჩუნებული იქნა ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი და ცხოვრების დონე;
  7. ზუსტი პროგნოზი, პანდემია თუ რა ეკონომიკურ ზარალს მოიტანს, შეუძლებელია, ვინაიდან ჯერ კიდევ გაურკვეველია, როდის იქნება ვირუსის საწინააღმდეგო წამალი ან ვაქცინა და რა ხასიათი ექნება ვირუსის ქცევას მომავალში. როგორც ჩანს,  ყველაზე დიდ ვარდნას ადგილი ექნება იქ, სადაც პანდემიამ ყველაზე მძიმე გავლენა იქონია. ასევე უფრო მეტად დაზარალდება ტურიზმი, ტრანსპორტი, მცირე და საშუალო ბიზნესი, გადამამუშავებელი მრეწველობა, ნავთობის მოპოვება, ავტომობილების წარმოება და ელექტროტექნიკა, საფინანსო სექტორი, საცალო ვაჭრობა, ხელოვნების, სპორტის, დასვენებისა და გართობის სფერო, ხოლო ყველაზე ნაკლებად – კვების ინდუსტრია, კავშირგაბმულობა, ელექტროენერგეტიკა, საერთაშორისო გადაზიდვები და სხვ;
  8. საქართველოში განხორციელდა ვირუსთან ბრძოლის სისტემური, კარგად გათვლილი და ორგანიზებული ღონისძიებები. მოქმედებები დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების დადასტურებულ შემთხვევას ადგილი არ ჰქონდა. ღონისძიებები ხორციელდებოდა   ადამიანთა   სიცოცხლისა  (ჯანმრთელობის) და ეკონომიკის გადარჩენის მიმართულებით, რაც გულისხმობდა ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნას; მოქალაქეთა სოციალურ მხარდაჭერას; მეწარმეების დახმარებას (ეკონომიკის ხელ­შეწყობას); საზღვარგარეთიდან ფინანსური სახსრების მოზიდვას;
  9. საქართველოში ვირუსის დაფიქსირების შემდეგ  გატარებული იქნა საკმაოდ მკაცრი ღონისძიებები -  საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ხორციელდებოდა   ახალი შემთხვევების, კლასტერებისა და მათთან ასოცირებული კონტაქტების მოძიება, იზოლირება, კარანტინი, დიაგნოსტირება და მკურნალობა, ინფიცირების პირველწყაროს მიკვლევა და, შესაბამისად, საჭირო პრევენციული ღონისძიებების გატარება, არსებული და პოტენციური კონტაქტების მაქსიმალურად მოძიება და მიდევნება;
  10. ეტაპობრივი შეზღუდვებით საქართველომ აირიდა კორონავირუსის ინფექციის ქვეყანაში სწრაფი და მასობრივი გავრცელება;
  11. აღსანიშნავია, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შენარჩუნებული იქნა ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური საქმიანობა. შეუფერხებლად მუშაობდა 63 ათასზე მეტი ეკონომიკური სუბიექტი;
  12. დაავადების  ყოველდღიური შემთხვევების კლების დაწყების, ასევე    ქვეყნის  ვირუსთან თანაარსებობის გარკვეული გამოცდილების შეძენის შემდეგ საქართველოში განხორციელდა შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა, რომელიც ნაწილობრივ დღესაც გრძელდება. ამჟამად მიმდინარეობს საერთაშორისო ტურიზმისა და საერთაშორისო ფრენების გახსნის სამუშაოები. 5 აგვისტოდან საქართველოში გამოჩნდნენ უცხო ნტურისტები;
  13. საგრძნობია პანდემიის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროზე. მცირდება შემოსავალი (ტურიზმიდან, ექპორტიდან,  წმინდა ფულადი გზავნილებიდან), ასევე  როგორც უცხოური, ისე შიგა ინვესტიციები, რაც უარყოფითად აისახა გაცვლით კურსზე და ა. შ; შეზღუდვებთან ერთად და მათი მოხსნის შემდეგ საქართველოში ადგილობრივი და გარედან მოზიდული სახსრების საფუძველზე განხორციელდა ანტიკრიზისული ღონისძიებები ბიზნესის დახმარების, ტურიზმის ამოქმედების, სოფლის მეურნეობისა და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის, ასევე სოციალური დახმარებების მიმართულებით. 6 აგვისტოს მიღებული იქნა სოციალური დახმარების მესამე პაკეტი, რომლის მიზანია კონკრეტული სოციალური ფართო ჯგუფების, პირველ რიგში, ბავშვებისა და სტუდენტების დახმარება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ყველა თვითდასაქმებული, ვინც  დახმარებას ითხოვდა, მაგრამ წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, 300-ლარიან დახმარებას მიიღებს.
  14. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად საქართველოში არსებობს კარგი ეპიდემოლოგიური სიტუაცია და ეკონომიკური აქტიურობაც თანდათან იზრდება. თუ პანდემიის მეორე ტალოღას ადგილი არ ექნა ან ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტური წამალი ან ვაქცინა აღმოჩენილი იქნა საქართველოში 2021 წლიდან მდგომარეობა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას სწრაფად დაუბრუნდება
  15.  გლობალური მასშტაბით კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პანდემიასთან დაკავშირებით სიტუაციის გაუარესების შესახებ აცხადებს. 5 აგვისტოს მსოფლიოში დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 18,4 მილიონ ადამიანს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რაოდენობამ - 699 575-ს. დაავადებულთა რაოდენობის ზრდა დღე-ღამის განმავლობაში  260 000-ს შეადგენს პანდემია განაგრძობს აქტიურ გავრცელებას დედამიწის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ავსტრალიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხრეთ აფრიკასა და ინდოეთში.

ლიტერატურა 

  1. აბესაძე რ. 2020. გლობალიზაცია და პანდემიის ეკონომიკური შედეგები. ჟ.: „ეკონომისტი“. № 2
  2. ანტიკრიზისული  ეკონომიკური გეგმა. 2020. https://netgazeti.ge/news/446340/
  3. დევოლეპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა. 2020. http://gov.ge/print.php?gg=1&sec _id=288&info_id=76283&lang_id=GEO
  4. კოვიდ 19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიში. 2020.  https://stopcov.ge/Content/files/ govermant--report.pdf
  5. კორონავირუსის შესაძლო გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე ქვეყნებისა და ეკონომიკის დარგების მიხედვით. 2020. http://www.parliament.ge/ ge/ajax/downloadFile/ 136006/ კორონავირუსის_შესაძლო_გავლენა_მსოფლიო_ეკონომიკაზე
  6. მექვაბიშვილი ე. 2020. ინტერვიუ გაზეთში  „თბილისის უნივერსიტეტი“ http://newspaper.tsu.ge /ge/news/view/ KSIWclIG?fbclid=IwAR0I0aLHMRwwe Tmuw0xJU2OJ9Aq_ kVPl7c8g8H1KmfNlA5d2CXfgtwI5whc
  7. პაპავა ვ., ჭარაია ვ. 2020. ეკონომიკური კრიზისი და საქართველოს ეკონომიკის ზოგიერთი გამოწვევა https://www.gfsis.org/ge/publications/opinion-papers
  8. ჟღენტი ე. 2019. საქართველოსა და მიმდებარე რეგიონებში გავრცელებული Yersinia pestis შტამების მოლეკულური დახასიათება
  9. რატომ 2020. და როგორ გავრცელდა იტალიაში კორონავირუსი ასე სწრაფად. https://publika.ge/article/ ratom-da-rogor-gavrcelda- italiashi- koronavirusi-ase-swrafad/
  10. როგორ ებრძვის მსოფლიო კორონავირუსის (COVID-19) პანდემიას 2020 https://factcheck.ge/ka/story/38379- როგორ-ებრძვის-მსოფლიო-კორონავირუსის-covid-19-პანდემიას
  11. სოფლის მეურნეობი ს ანტიკრიზისული გეგმა. 2020 https://factcheck.ge /ka/story/38485-სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა
  12. ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა. 2020. http://www.economy. ge/uploads/files/ 2017/news/2020/final_tourism_presentation.pdf
  13. ჭითანავა ნ. 2020. განსაცდელმა გააზრებული ნაბიჯების გადადგმა უნდა შეგვაძლებინოს.
  14. http://iverioni.com.ge/16752-nodar -tcithanava-gansacdelma- gaazrebuli-nabijebis- gadadgma- unda-shegvadzlebinos. html
  15. Hadi A.,  Kadhom M., Hairunisa N.,  Yousif E. 2020. A Review on COVID-19: Origin, Spread, Symptoms, Treatment, and Prevention https://www.researchgate.net/publication/ 342013204_A_Review_on_COVID-19_Origin_Spread_Symptoms_Treatment_and_Prevention
  16. 20 of the worst epidemics and pandemics in history https://www.livescience.com/worst- epidemics-and-pandemics-in-history.html
  17. В Германии утверждена крупнейшая в истории страны антикризисная программа. 2020. http://www.finmarket.ru /news/5202814
  18. Конгрес СШАпринял законопроект оь антикризисных мерах на $ трлн. 2020
  19. Павлова А. 2020Коронавирус в компании чумы: какие еще пандемии ходили по Земле.

https://baltnews.lt/mir_novosti_ / 20200314/1019809811/Koronavirus-v- kompanii-chumy-kakie-esche- pandemii-khodili-po-Zemle. html                           



  • მონაცემები აღებული შემდეგი წყაროებიდან [Павлова, 2020]; [20 of the..., 2020] 

[1] https://ka.wikipedia.org/wiki/შავი_ჭირი

[2] https://www.infopostalioni.com/2020/04/24/zესპანური-გრიპიდან-covid19-მდე/

[3] http://geworld.ge/ge/შავი-ჭირიდან-კორონავირუს/

[4] https://www.marketer.ge/sakartveloshi-gavrcelebuli-epidemiebi/

  • · ნაშრომის ამ ნაწილში, სადაც მითითება არ არის, მონაცემები აღებულია შემდეგი წყაროდან:[აბესაძე,     2020.];  [როგორ ებრძვის…, 2020]; [პაპავა,  2020]; [ჭითანავა, 2020]; [მექვაბიშვილი, 2020]

[5] https://ka.wikipedia.org/wiki/კორონავირუსის_პანდემია_2019-2020

[6] https://www.bbc.com/russian/news-52182366

[7] https://hightech.plus/2020/03/13/kak-singapur-stal-obrazcovim-primerom-borbi-s-koronavirusom

[8] https://s1.stc.all.kpcdn.net/daily/27107.5/4182467/

[9] https://imedinews.ge/ge/covid19/145350/rogor-ebrdzvis-pandemias-97milioniani-vietnami-sadats-koronavirusit-am-dromde-aravin-gardatsvlila

  • · სტატიის ამ ნაწილში,  სადაც მითითება არ არის, მონაცემები მოპოვებულია შემდეგი წყაროებიდან: [კოვიდ 19-ის... 2020]; [ანტიკრიზისული..., 2020]; [ტურიზმის..., 2020]; [დევოლეპერული... 2020]; [სოფლის მეურნეობის..., 2020]

 

[10] https://report.ge/economics/mtavrobis-sotsialuri-dakhmarebis-akhali-paketis-biujeti-410-milioni-laria/

[11] https://index.minfin.com.ua/reference/coronavirus/geography/

 [12] https://lenta.ru/news/2020/08/03/coronavirusnewinfo/

[13] https://www.bbc.com/russian/news-53631311