English / ქართული / русский /
ეთერ კაკულიანანა ბიბილაშვილი
მცირე ბიზნესის განვითარებაში არსებული და COVID-19-ით გამოწვეული პრობლემები საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში  შესწავლილია  მცირე ბიზნესის სამი სახეობა გერმანიის და აშშ-ს მაგალითზე; ასევე  მცირე ბიზნესის მუდმივად თანმდევი  და  COVID-19-ით  გამოწვეული  პრობლემები; პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის მიზნით, რიგ უცხოურ ქვეყნებსა და საქართველოში, გასატარებელი (უკვე გატარებულიც)ფინანსებით უზრუნველყოფილი ანტიკრიზისული გეგმები. გაკეთებულია  შედარება და გამოთქმულია მოსაზრება  უცხო ქვეყნების გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე, პანდემიით გამოწვეული პრობლემების  დაძლევის მიზნით  დანახარჯების მიზნობრივი განაწილების  და ასევე  მცირე და საშუალო ბიზნესის მახარდაჭერის   თაობაზე .    

საკვანძო  სიტყვები: პრობლემა;  კორონავირუსი; მცირე ბიზნესი; ანტიკრიზისული  გეგმა;  პანდემია. 

შესავალი

მცირე  და საშუალო ბიზნესი განვითარებულ ქვეყნებში წარსულში და დღესაც აღიარებულია როგორც ეროვნული ეკონომიკის ხერხემალი. მცირე და საშუალო საწარმოები მხოლოდ დასაქმების კარგი საშუალება კი არა, ინოვაციისა და პროდუქტიულობის წყაროცაა.  რადგან ქვეყნისთვის პროდუქტიულობის გაზრდა განვითარების ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, ამდენად მცირე ბიზნესი ეროვნული ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა.  მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციების სპეციალისტთა შეფასებით, კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულად დასახელებულია. მცირე და საშუალო ბიზნესი. ამდენად, არსებული და COVID -19 - ით გამოწვეული პრობლემების გამოკვეთა ხელს შეუწყობს კრიზისის დროს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გამოყოფილი სახსრების მიზნობრივ გამოყენებას.                                                               

* * *

განასხვავებენ მცირე  ბიზნესის სამ ჯგუფს (სახეობას), მაგალითად: ევროკავშირის ერთ-ერთ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში - გერმანიაში   ცნობილია  შემდეგი სამი  ჯგუფი:  „შუმპეტერული “SMES” , რომელებიც ინოვაციას ახდენს და ქმნიან რაღაც ახალს (აშშ-ში მათ უწოდებენ „სწრაფგანვითარებად საწარმოებს“); მეორეში შედის ,,ჩვეულებრივი მცირე და საშუალო საწარმოები“, რომლებსაც შეუძლიათ შუმპეტერული ფირმების გამოწვევებთან ადაპტირება. ამ საწარმოებს, ძირითადად, კონკურენციაზე რეაგირების უნარი აქვთ, მაგრამ არ შეაქვთ ცვლილებები და ინოვაციები საკუთარ  საქმიანობაში (აშშ-ში მათ  „ნელაგანვითარებად საწარმოებს“ უწოდებენ);. მესამე სახეობაში შედის ,,სიღარიბის  ფონზე წარმოშობილი მცირე და საშუალო  საწარმოები“ ( მათ აშშ-ში ეწოდება „სიცოცხლის უზრუნველმყოფი  მცირე საწარმოები“), რომლებიც იქმნება დაბალი ეკონომიკური განვითარების, მცირე სამუშაო ადგილებისა და არასაკმარისი სახელმწიფო თანადგომის შედეგად. ასეთი მცირე საწარმოები, როგორც წესი, არ არიან ინოვაციურები ან არ აქვთ ინოვაციისა და პროდუქტიულობის გაზრდის შესაძლებლობა. ამ  საწარმოებს თავი გააქვთ იაფი შრომის წყალობით, რაც ზოგიერთ ქვეყანაში მოიცავს ბავშვთა შრომას  და სხვა ექსპლუატატორულ სამუშაო პირობებს.

ამგვარად, მათ არ შეაქვთ წვლილი სახელმწიფოს ეკონომიკურ და სოციალურ განახლებაში [ჰანსიო რ გჰერიდაზეინეპ. ნეტეკოვენი ...,  2019;  Речмен Д., Мескон М., ..1995],  თუმცა მცირე  ბიზნესის ეს ჯგუფი ხელს უწყობს მოსახლეობის დასაქმებას.  მცირე ბიზნესის ასე სახეობებად დაყოფა  ამარტივებს  მათზე სახელმწიფოს მხრიდან სათანადო  ღონისძიებების  გატარებას.

აღიარებულია  ის  ფაქტი, რომ მცირე საწარმოების ეს ჯგუფი  იზრდება ეკონომიკის კრიზისულ სიტუაციაში და ღარიბ განვითარებად ქვეყნებში. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ მცირე ბიზნესის ამ სახეობის საწარმოების რაოდენობა მცირდება ქვეყნის ეკონომიკის ზრდასთან ერთად. ამის ნათელი მაგალითია გასული საუკუნის 90-იანი წლების საქართველო. ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ხელი მოჰკიდა “სიცოცხლის უზრუნველმყოფ” მცირე ბიზნესს. სწორედ ამ წლებში საქართველოში ვლინდება მცირე ბიზნესის უნარი, ეკონომიკური კრიზისის  დროს ხელი შეუწყოს სოციალური და პოლიტიკური სტაბილიზაციის დამყარებას, მოსახლეობის დასაქმებას. მცირე ბიზნესის მდგრადობის მაღალი დონე ეკონომიკაში მიმდინარე  ნეგატიური მოვლენების მიმართ  გამოვლინდა  რუსეთ-საქართველოს ერთკვირიანი ომით (2008) გამოწვეული კრიზისის შემდგომ, 2009 წელს ბიზნესფორმებიდან მოგების მააჩვენებლის მიხედვით საშუალო ბიზნესმა თავისი საქმიანობა ზარალით დაამთავრა, მსხვილ ბიზნესს საგრძნობლად შეუმცირდა, ხოლო მცირე ბიზნესმა ეს მაჩვენებელი 1.7-ჯერ გაზარდა [საქ.სტატ   ... ; 2010]. 

განვითარებულ ქვეყნებში  მცირე და საშუალო საწარმოები ხშირად მიჩნეულია, როგორც  სანიმუშო  მოდელი, ინოვაციების, კონკურენტუნარიანობის, დაბალანსებული სტრუქტურებისა და გლობალური თუ ადგილობრივი (ეროვნული) კრიზისების მიმართ მათი  გამძლეობის გამო. 

საქართველოში  მცირე ბიზნესის ფორმირება-განვითარება იწყება მე-20-ე საუკუნის 90-იანი წლებიდან და თითქმის 30 წელს მოიცავს.  გატარდა  ღონისძიებები ბიზნეს გარემოს ფორმირების, ბიზნესის  რეგისტრირების გამარტივების  მიმართულებით.  ასევე, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამით შემუშავდა  2016-2020 წლების მსს განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი, როგორც რეფორმების  გაგრძელების და  განვითარების სამოქმედო გეგმა.  სტრატეგიაში  გაიწერა ინსტიტუციურ და საოპერაციო გარემოში ყველაზე თვალში საცემი გამოწვევების დაძლევის კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის, მსს განსაზღვრების შემუშავება, გაკოტრების კანონმდებლობის გადასინჯვა, მსს მონაცემთა შეგროვების და სიღრმის გაფართოება, ასევე რეგულაციური ზემოქმედების შეფასების და საჯარო, კერძო სექტორების კონსულტაციების ფორმალური ჩარჩოს და სტრუქტურის შექმნა.

მცირე და საშუალო საწარმოების მიმართ პოლიტიკის შესამუშავებლად მნიშვნელოვანია  საწარმოთა განმარტების არსებობა, რომელიც მორგებულია და ითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დონეს და ამასთან, შესაბამისობაშია სტატისტიკის წარმოების ევროპულ კრიტერიუმებთან. 

მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, ერთ-ერთ პირველ და არსებით პრობლემად  ისევ რჩება ბიზნეს ფორმების მიხედვით საწარმოთა განმარტების არსებობა.  დღეისათვის საქართველოში  ბიზნესის ფორმები (მიკრო, მცირე, საშუალო და მსხვილი) განმსაზღვრულია  სამი სამართლებლივი ინსტიტუტის მიერ [კაკულია ე., მალანია გ. მცირე და საშუალო ბიზნესის...2019]: ახალი საგადასახადო კოდექსით, ფისკალური პოლიტიკის გატარებისათვის; კანონით „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“, მცირე და საშუალო ბიზნესში ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით და საქსტატის, ბიზნესსტატისტიკის ძირითადი მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიის მიხედვით, ბიზნესსექტორის სტატისტიკის წარმოების მიზნით.  საგადასახადო კოდექსით და სტატისტიკის მეთოდოლოგიით მოცემული ბიზნესის ფორმების სტატუსის განმსაზღვრელი კრიტერიუმები ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის, რაც, ვფიქრობთ, არ გვაძლევს შესაძლებლობას, ვნახოთ მცირე და საშუალო ბიზნესის (საერთოდ ბიზნესფორმების) განვითარების რეალური სურათი. მაგალითად, საგადასახადო კოდექსით დაბეგვრის მიზნით კრიტერიუმთა კლასიფიკაციის მიხედვით თუ შევაფასებთ, მივიღებთ განსხვავებულ სურათს, ვიდრე საქსტატის მიერ შემუშავებული კლასიფიკაციით. ასევე სხვა სურათს მივიღებთ, თუ შევაფასებთ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კრიტერიუმებით. ამ კანონით მიკრობიზნესს (სუბიექტს, რომელიც ქმნის საქონელს ან მომსახურებას)  აქვს უფლება,  დაიქირაოს 1-დან 9 კაცის ჩათვლით ან იფუნქციონიროს  დაქირავებულის გარეშე, მაშინ როდესაც საგადასახადო კოდექსის მიხედვით მას არა აქვს დაქირავების უფლება. ვფიქრობთ, სტატისტიკის, საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახურებისთვის ცალ-ცალკე არ უნდა დგებოდეს საწაროთა კატეგორიები, მათი კრიტერიუმები და სტატისტიკური სიდიდეები, არამედ ის ქვეყნისთვის ერთიანი უნდა იყოს, ამასთან ითვალისწინებდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დონეს  და  შეესაბამებოდეს  სტატისტიკის წარმოების ევროპულ კრიტერიუმებს.  

 საქართველოში მიმდინარე ეტაპზეც არ იგრძნობა მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე წვდომის მექანიზმის გაუმჯობესება. როგორც ქართულ, ისე უცხოურ  მრავალ კვლევაშია აღნიშნული თუ როგორი მნიშვნელოვანია ფინანსებზე წვდომა მცირე და  საშუალო საწარმოების განვითარებისთვის. მაგალითად, მსოფლიო ბანკი (2008) აცხადებს, რომ ფინანსებზე წვდომა მცირე და საშუალო საწარმოებს სარგებელს მოუტანს სხვადასხვა გზით და ხელს შეუწყობს ეკონომიკის საერთო ზრდას. ის შექმნის მეტ სტარტაპსა და  ინვესტიციის დამატებით შესაძლებლობებს, შედეგად, გაიზრდება პროდუქტიულობა, მოხდება წინსვლა, შეიქმნება აქტივების უფრო ეფექტური პორტფოლიოები და გატარდება ორგანიზაციული რეფორმები. კრედიტის ნაკლებობის გარდა, საპროცენტო განაკვეთები, როგორც წესი, მაღალია. მრავალ განვითარებად (როგორიცაა საქართველო) ქვეყანაში გრძელვადიანი  კრედიტის მიღება განსაკუთრებით რთულია მცირე და საშუალო საწარმოსთვის. რაც უფრო ნაკლებადაა ქვეყანა განვითარებული, მით უფრო მწვავეა ფინანსური პრობლემები [ჰანსიორგ ჰერი და ზეინეპ მ. ნეტეკოვენი ...; 2019] .  

მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა  მნიშვნელოვან როლს ასრულებს  ეკონომიკის განვითარებასა და  მცირე და საშუალო საწარმოების წარმატებაში, რადგან აისახება პროდუქტიულობის დონესა და საწარმოთა ინოვაციურობაზე. საერთაშორისო ორგანიზაციების (იუნესკოსა და სხვათა) შეფასებით,  საქართველო,  განათლების დონის მაჩვენებლების მიხედვით, არც ისე სახარბიელოდ გამოიყურება. ისინი იძლევიან რეკომენდაციებს  განათლების დონის ამაღლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.  ქვეყანაში არსებული არასასურველი კვალიფიკაციის, საშუალო და უმაღლესი განათლების შეუსაბამო ხარისხის გამო პრობლემაა ბიზნესის (განსაკუთრებით მცირე და საშუალოში)  საქმიანობის წარმართვა, განსაკუთრებით მენეჯმენტში. 2019 წლის საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის დონე  11,6% შეადგენს ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, თუ ჩავთვლით იმასაც, რომ თვითდასაქმებული თავს უმუშევრად თვლის, ამდენად ქვეყანაში უმუშევრობის არნახულად მაღალი დონე გვაქვს.  მიუხედავად უმუშევართა ასეთი სიმრავლისა, მაღალკვალიფიციური კადრებით ვაკანსიების შევსება ჭირს. მცირე და საშუალო საწარმოებს სჭირდება სპეციფიკური განათლების მქონე პირები. მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებს უმაღლესი განათლება ესაჭიროება. საერთაშორისო ინსტიტუტების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია ამ მიმართულებით, არის,  განათლებისა და ტრენინგების დაფინანსების გაზრდა.  ე.ი. საჭიროა მთავრობის მხრიდან  ამ კუთხით მეტი ხარჯების გაღება. დღეს (2020) საქართველოში განათლებზე ხარჯები  მთლიანი შიდა პროდუქციის მხლოდ 3,8%-ს შეადგენს   მაშინ, როცა ევროკავშირში საშუალოდ  4.7 % -ია.

2020 წელი 21-ე  საუკუნის ისტორიაში შევა, როგორც კორონავირუსის COVID-19  პანდემიის წელი, მან მოიცვა მსოფლიოს   200-ზე მეტი სახელმწიფო.   აშკარაა, რომ  COVID-19-ით გამოწვეულ ამ უპრეცედენტო, გლობალური ჯანმრთელობის კრიზისზე საპასუხოდ  გატარებულმა  ღონისძიებებმა, საჯარო და კერძო სექტორის ჩაკეტვამ   მსოფლიო და ცალკეული სახელმწიფოს ეკონომიკური და სოციალური  კრიზისი გამოიწვია.  2020 წლის მარტის შუა პერიოდში, როცა პანდემიის გამო აშშ-ში შემოღებულ იქნა მკაცრი შეზღუდვები,  ქვეყანაში უმუშევართა რიცხვმა  40 მლიონს გადააჭარბა [ Ж. "Международная жизнь" 4379 subscriber ...28.05. 2020].

საქართველოში, წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვ- ლინდა თითქმის ყველა სექტორში. ზრდა დაფიქსირდა  მხოლოოდ სამთომოპოვებითი მრეწველობის  დარგში [საქსტატის .... 29,05,2020 ].

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო  ყველაზე მეტად ზარალობს მცრე და საშუალო ბიზნესი, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, თვითდასაქმებულები, შრომითი მიგრანტები და ლტოლვილები (დევნილები) [ООН спрогнозировала... 28/04/2020].   

დღეს ქართულ მცირე ბიზნესს განვითარების არსებული პრობლემები კორონავირუსმა უფრო დაუმძიმა  და  ეჭვქვეშ  დააყენა სახელმწიფომხარდაჭერის გარეშე მისი  გადარჩენა-განვითარება.   

საერთაშორისო ორგანიზაციები და მთელი რიგი ქვეყნების მთავრობები  მიმდინარე წლის (2020) მარტი-აპრილიდან პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ახორციელებენ სხვადასხვა სამუშაოებს. განვითარებული ქვეყნების   სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა ეთმობა მცირე ბიზნესს, სოციალურად დაუცველებს,  უმუშევრად დარჩენილებს, ჯანდაცვას.

17 მარტს ბრიტანეთის მთავრობამ  ეკონომიკის დასახმარებლად გამოყო  თავდებობით (გარანტიით) კრედიტი £330 მილიარდის ($400 მლრდ) ოდენობით. კრედიტის გაცემის სიდიდე  გაიზარდა 1.2 მილიონოდან  5 მილიონ ევრომდე და საწარმოები პირველი ექვსი თვე გათავისუფლებულია პროცენტის გადასახადისგან.  ხოლო  მცირე საწარმოები, რომლებიც განეკუთვნება საცალო ვაჭრობას, სასტუმროებს და ტურისტულ ბიზნესს, გათავისუფლებულია გადასახადებისგან   პანდემიის   მთელ პერიოდში (ე.ი.  პანდემიის მოხსნამდე).  23 მარტს პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიზისის დასაძლევად განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში, გერმანიაში მცირე ფირმებს და კერძო მეწარმეებს შეუძლიათ მიიღონ პირდაპირი სუბსიდიები  €15 ათასი, ამ მიზნით გამოყოფილია  €50 მილიარდი.   საფრანგეთში მცირე სამრეწველო და  მიკროსავაჭრო საწარმოები  დახმარების სახით მიიღებენ  €1500.  აშშ-მ  27 მარტს მიიღო კანონი  კორონავირუსით  დაზარალებ- ულთათვის ფინანსური დახმარების მიზნით  $100 მილიარდის ოდენობით, ეს კანონი ავალდებულებს მცირე (500-მდე დასაქმებული) კომპანიებს, აუნაზღაუროს კორონავირუსით დაავადებულ თანამშრომლებს  ორი კვირის ხელფასი, გარდა ამისა, თანამშრომლებს აძლევენ უფლებას, აიღონ 10 კვირიანი შვებულება ხელფასის ორი მესამედის ანაზღაურებით. 25 მარტს სენატმა მხარი დაუჭირა ეკონომიკური ღონისძიებების მასტიმულირებელ პაკეტს $2 ტრლნ-ის   ოდენობით.  აქედან მცირე საწარმოების სტიმულირება ხდება შემდეგი მიმართულებით: საგადასახადო არდადეგების დასაფინანსებლად გამოიყოფა  $350  მლრდ,  უმუშევრობის  დაზღვევისათვის  $250 მლრდ და ა.შ.  ბრაზილიის მთავრობამ 16 მარტს  დააანონსა ღონისძიებათა კომპლექსი ეკონომიკის მხარდასაჭერად. აქიდან უახლოეს სამ თვეში  მცირე და საშუალო ბიზნესისათვის  გამოყო  $12  მლრდ. ავსტრალიაში  ეკონომიკური ღონისძიებების გასატარებლად პირველი პაკეტი განხორციელდა 12 მარტს$10,5 მლრდ ოდენობით, ხოლო მეორე პაკეტი კი-22 მარტს $40 მლრდ-ის ოდენობით. აქედანმცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად  გამოყოფილია   $19  მლრდ.  ასევე კორონავირუსით გამოწვეული  ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად  ევროკავშირის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, არაბთა გაერთიანებული საემირო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სხვა ქვეყნები და  საერთაშორისო ორგანიზაციები არსებით მხრდაჭერას უწევენ მცირე ბიზნესს[Какие меры... 26 марта 2020].

2020 წლის 24 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ ანტიკრიზისული სამუშაოების დაფინანსებისათვის სახსრები ჯამურად დაახლოებით 3.1 მლრდ დოლარია გათვალისწინებული, საიდანაც სახელმწიფოს მხრიდან  1.6, ხოლო კერძო  სექტორის  მხრიდან 1.5  მლრდ  დოლარის  მოზიდვა  განხორციელდება.   ხარჯების მიზნობრიობა მოიცავს: „:• სოციალური მხარდაჭერის პროგრამებს1,035 მლნ ლარის ოდენობით; ეკონომიკის და მეწარმეობის პროგრამებს 2,110 მლნ ლარის ოდენობით;  • ჯანდაცვის სისტემაზე  ხარჯვას  350  მლნ  ლარის ოდენობით;  • მოზიდული თანხის 1 მლრდ სახელმწიფო და კერძო ვალის რეფინანსირებას  მოხმარდება;  • მოსალოდნელია, თანხა ნაწილობრივ 2021 წელს  იყოს   ხელმისაწვდომი/გახარჯული;   •  დროულად დახარჯვის და ეფექტურად განკარგვის პირობებში, მოზიდული თანხა დანაკლისს  აბალანსებს“ [ ოთარ ნადარაია, ... 14 მაისი 2020]. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ (2020-04-24-ში) მასალებში შედარებით დეტალურადაა გაწერილი  მიზნობრივი ხარჯვის მონაცემები. აქ შევჩერდებით იმ მონაცემებზე რაც ეხება  ბიზნესის დახმარების თვალსაზრისით კრიზისულ პერიოდში გასაწევ ღონისძიებებს და ხარჯებს: ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი, რაც იმას ნიშნავს, რომ მეწარმეს როგორც კი პირად ანგარიშზე დაუფიქსირდება ზედმეტობა, მას ავტომატურად დაუბრუნდება დღგ, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე. აგრეთვე, წელს, 1 წლის განმავლობაში დამატებით 600 მლნ ლარი ბიუჯეტიდან იქნება დაბრუნებული დღგ-ს სახით. კომერციულ ბანკებს მიეწოდება 600 მლნ ლარის გრძელვადიანი რესურსი. ბიზნესის მხარდაჭერისთვის კი დამატებით გამოიყოფა 500 მლნ ლარი, რასაც ექნება თავისი მიზნობრივი მიმართულებები: საკრედიტო - საგარანტიო სქემა - ბიუჯეტი 300 მლნ ლარი. მიზნობრივი ჯგუფები იქნებიან მცირე და საშუალო მეწარმეები. მთავრობას მიაჩნია, რომ „ამ ინსტრუმენტით შეძლებს 2 მლრდ ლარის საკრედიტო პორტფელის გამყარებას, გაცემას, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მისცემს გარანტიის საშუალებას სესხის 90%-ზე. ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით იმ მეწარმეებისთვის, რომლთაც დაწყებული აქვთ გარკვეული პროექტები და ამ კრიზისულ ვითარებაში გადადგამენ ნაბიჯს ახალი მიმართულებების შესაქმნელად. ეს ეხება ახალ წამოწყებებს, თუმცა, იმ კომპანიებს, რომელთაც აქვთ ძველი სესხები, რესტრუქტურიზაციის სახით სახელმწიფო შეეხიდება 30% გარანტირების ნაწილში" [მთავრობის ადმინისტრა... 2020-04-24}.  ფართოვდება პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და სახელმწიფოს მონაწილეობის წილი (თანადაფინანსება) გაიზრდება  როგორც მიმდინარე პროექტებთან, ისე ახალ წამოწყებებთან მიმართებაში. სესხის და ლიზინგის  24 თვიანი თანადაფინანსების პერიოდი გაიზრდება 36 თვემდე. გაიზრდება სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსება. კერძოდ, მიკროსაგრანტო სისტემა სახელმწიფომ დაიწყო რამდენიმე წლის წინ, ეს არის რეალური დახმარება სოფლად მცხოვრები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გადაწყვეტენ, ელემენტარული მცირე ბიზნესის წამოწყებას.   გრანტის ოდენობა დაიწყო 5000 ლარიდან, შემდგომ გახდა 15 000 და 20 000 ლარი. ნავარაუდევია, ეს ზღვარი  დღეისთვის გაიზარდოს 30 000 ლარამდე.  ამ მიზნით პორტფელის ოდენობის გაზრდას ფიქრობენ 40 000 000 ლარამდე. მიმდინარე წელს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები სამელიორაციო საფასურისგან სრულად გათავისუფლდებიან, ამასთან, წინა წლებში დაგროვილი დავალიანება სრულად ჩამოიწერება. დღეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ხდება პირველადი სასურსათო პროდუქტების წარმოება, უბრალოდ, სასურსათო ბაზის შექმნა, ამიტომ, ამისთვის სახელმწიფომ გამოყო 50 000 000 ლარი. ნავარაუდევია, რომ ამით  სარგებლობას შეძლებს 5000 ფერმერი. ფერმერი ერთ ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე მიიღებს შემდეგ დახმარებას: აგრობარათებზე დარიცხული – 200 ლარი; აგროდიზელი - არსებული ღირებულების ერთ ლარამდე ფასდაკლებას; მელიორაცია – 75 ლარი; აგროკრედიტი, საბრუნავი კომპონენტი – 850 ლარი. ჯამში, სახელმწიფოს მხრიდან ერთ ჰექტარ მიწაზე ფერმერებისთვის მხარდაჭერა შეადგენს 1700 ლარამდე, ამ მხარდაჭერით 200 000-მდე ფერმერი ისარგებლებს.  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ფასთა შორის სხვაობის დასაზღვევად გამოიყო 200 მილიონი ლარი. მოხდა 7000 იურიდიული პირის სესხების რესტრუქტურიზაცია, ასევე    მცირე სასტუმროების  საბანკო ვალდებულებების 80%-ით სუბსიდირება. 4500 ბიზნესსუბიექტს გადაუვადდა  90 მილიონი ლარის მოცულობის ოთხი თვის ქონების და საშემოსავლო გადასახადი.  ანტიკრიზისული გეგმის პირველი ეტაპით შეღავათები  დაუწესდათ ავტოიმპორტიორებს.

პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური  კრიზისის დასაძლევად  გასატარებელი სხვადასხვა ღონისძიებების და მიზნობრივი დანახარჯების აქ მოყვანილი მასალების  ბენეფიციარებად ვფიქრობთ მეტწილად მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში დასაქმებულები მოიაზრება. 

დასკვნა

დღეს ქართულ მცირე ბიზნესს განვითარების არსებული პრობლემები კორონავირუსმა უფრო დაუმძიმა  და  ეჭვისქვეშ  დააყენა სახელმწიფომხარდაჭერის გარეშე მისი  გადარჩენა-განვითარება.              

საქართველოს   ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით რთულია იმის დადგენა,  თუ  რა ღონისძიებები და დანახარჯებია გათვალიწინებული უშუალოდ მცირე ბიზნესზე მხარდაჭერის მიზნით.

სასურველი იყო,  ანტიკრიზისულ გეგმაში ფინანსების მიზნობრივი განაწილებისას  სამიზნე სუბიექტად გამოეყოთ  მიკრო,  მცირე და საშუალო  ბიზნესი  ისე როგორც ეს რიგ განვითარებულ ქვეყნებში განხორციელდა. კარგია მცირე სასტუმროების საბანკო ვალდებულებების 80%-ით სუბსიდირება, რომ მოხდა, მაგრამ ტურიზმს მხოლოდ დაბინავების ხელშეწყობა ვერ დააყენებს ფეხზე.  საჭიროა  კვების, ტრანსპორტის და  ტურიზმის სხვა  მომსახურების სფეროს  მცირე საწარმოების ხელშეწყობა.  

კარგია სოფლის მეურნეობაში მიკროსაგრანტო სისტემის არსებობა, რომლის მიხედვით გრანტები განკუთვნილია  სოფლად მცხოვრები იმ ადამიანებისთვის რომლებიც გადაწყვეტენ, ელემენტარული მცირე ბიზნესის წამოწყებას. მიმდინარე წლისათვის  ამ მიმართულებით განსაზღვრული სახსრების მიხედვით თუ ვიმჯელებთ უკეთეს შემთხვევაში  ეს  მოიცავს   1333 ბენეფიციარს  (40 000 000 :  30 000 = 1333).  ეს არც ისე დიდი ციფრია.   

დღეს, მცირე ბიზნესის  არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, დაჩქარებული წესით უნდა იქნეს მიღებული  კანონი  მცირე ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ,  რომელიც უზრუნველყოფს,    სქართველოში მოქმედი ინსტიტუტებისთვის ქვეყნის ეკონომიკის დონის და ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისი  ბიზნესის ფორმების (მიკრო, მცირე, საშუალო და მსხვილი)  განსაზღვრას, ამასთან, სამართლებრივად უზრუნველყოფს მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას.  ამის განხორციელების  ხელის შემშლელი  ვერ  იქნება  ვირუსი  COVID-19 .

დღესაც მცირე და საშუალო ბიზნესსითვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, რომ არ აქვთ წვდომა საკმარის, გრძელვადიან ფინანსებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით. ეს პრობლემა კორონავირუსმა უფრო დაამძიმა.  

მართალია, დღეს COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვების ნაწილობრივ  შემსუბუქება ხდება (თუნდაც მოხდეს მთლიანად მისი მოხსნა), მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომპანიებს (საწარმოებს) შეეძლებათ საქმიანობის აღდგენა და გრძელვადიან პერიოდში გაგრძელება  იმ ღონისძიებების გატარების გარეშე და იმ მოთხოვნების დაცვის გარეშე, რომელსაც ჩვენი ეპიდემიოლოგები და ექიმები გვთავაზობენ. უნდა იყოს დაცული საბაზისო წესი: ჰიგიენა (სადეზინფექციო ხსნარები, პირბადე, ხელთათმანები), დისტანციური სამუშაო  პირობები, თერმოსკრინინგის ჩატარება. ეს დამატებითი ხარჯებია და ამძიმებს ფინანსურ პრობლემას  განსაკუთრებით მცირე ბიზნესისათვის.    

გამოდის რომ, დღეს შეზღუდვების შემსუბუქების მიმართულება პირდაპირ კავშირშია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს (როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო) სპეციალისტების   მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესრულების ხარისხთან.

შეზღუდვების გარდუვალობა იმთავითვე ზღუდავს  მომხმარებელთა  წვდომას მომსახურებასთან,  მეტწილად ამით არის განპირობებული  პანდემიით გამოწვეული კატასტროფული მდგომარეობა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. იმ მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, რომელიც  განვითარებული ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქციის (მშპ)  50% -ზე მეტს ქმნის. საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის  წილმა ბიზნეს სექტორში, 2018 წელს, გამოშვებული პროდუქციის მაჩვენებლის მიხედვით,  თითქმის  60%  (59.6%) შეადგინა. ამასთან  პანდემიით გამოწვეულ მთავარ პრობლემად  რჩება ის, რომ  დღემდე არ არის შედგენილი რაიმე ეპიდემოლოგიური მოდელი, რის საფუძველზეც შეძლებდა  მთავრობები, პანდემიის განვითარების და მით გამოწვეული ეკონომიკური შედეგების მაღალი ალბათობით პროგნოზირებას.  ამდენად, დღეს  ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს „კორონომიკური“-ს  განვითარების  პროგნოზირება. ანუ, კორონავირუსის - COVID-19-ის სამომავლო ქცევების განუჭვრეტელობის გამო, შეუძლებელია ამ უკანასკნელით გამოწვეული  მოსალოდნელი  ეკონომიკური კრიზისის მაღალი ალბათობით  პროგნოზირება. აღნიშნული უნდა გათვალისწინოს მთავრობამ კრიზისის დასაძლევად გამოყოფილი სახსრების განაწილებისას, იგი უნდა იყოს გამჭვირვალე და ცალსახად მიზნობრივი, ეკონომიკაში  დაბანდებული ყოველი ლარის ეფექტის გათვალისწინებით.  ყოველი ფუჭად გაღებული სახსრები მომავალში  შეიძლება  უფრო ძვირი დაგვიჯდეს რადგან არავინ იცის პანდემიის ქცევის  სამომავლო  სურათი. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. ООН спрогнозировала исторический уровень безработицы из-за пандемии
Подробнее  на  РБК: https://www.rbc.ru/society/28/04/2020/5ea751209a7947cdee282df2

2.  კაკულია ე., მალანია გ. მცირე და საშუალო ბიზნესის სტატუსის განმსაზღვრელი კრიტერიუმები და განვითარების მაჩვენებლები თანამედროვე პოსტსაბჭოთა  საქართველოში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი "ეკონომიკა – XXI საუკუნე".   ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ როზეტა ასათიანის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი  საერთაშორისო სამეცნიერო ინტერნეტკონფერენციის მასალების კრებული “საქართველოსა და სხვა პოსტკომუნისტურ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები”  (1 ნოემბერი – 28 დეკემბერი)  2019

3. საქსტატი  „მეწარმეობა საქართველოში“ 2010.

 4. რა­მაზაბ­ეს­აძ­ის ექ­სპერ­ტუ­ლიხედ­ვადარჩე­ვე­ბიგლო­ბა­ლი­ზა­ცია და პან­დე­მი­ის ეკ­ონ­ომ­იკ­ური პრობ­ლემები.

http://newspaper.tsu.ge/ge/news/view/RdKYBovj?fbclid=IwAR1owJlWNlqIXE3CuhpEy_x4kNGE804f8G9BBi7SRxW8Mt6rYFauDnhx0QU   08.05. 2020

5. თსუ-ის პრო­ფე­სო­რის, აკ­ად­ემ­იკ­ოს ლა­დო პა­პა­ვას რე­კო­მენ­და­ცი­ები „კო­რო­ნო­მი­კუ­რი“ კრი­ზი­სის ფონ­ზე  და პოს­ტკრი­ზი­სუ­ლი მო­ლო­დი­ნე­ბი.

http://newspaper.tsu.ge/ge/news/view/yVCmoava?fbclid=IwAR1WOxKGwTyqDaV9hIbgTRMzY_trjNlYFlJOhQE3jpUnv5uExZRPvpeo3vU 03.04.2020

6.  Журнал "Международная жизнь" 4379 subscribers   Общее число безработных в США превысило 40 миллионов человек  

https://zen.yandex.ru/media/id/5c62e2c6ae6f0200adeabbc4/obscee- chislo-bezrabotnyh-v-ssha-prevysilo-40-millionov-chelovek-5ecfe0bb6d79af2385765a7d      

7.  საქსტატის ეროვნული სამსახური, ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება აპრილი 2020 საინფორმაციო ფურცელი, 29,05,2020. 

8. ოთარ ნადარაია, ალექსანდრე ბლუაშვილი, მერი ჩაჩანიძე, თორნიკე კორძაია,    COVID-19  ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე,  თიბისი კაპიტალი, 14 მაისი 2020.                                                                                             

9. მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა – ვის შეეხება ფინანსური დახმარება?!   NEWSPLUS.GE  აპრილი 24, 2020 https://newsplus.ge/2020/04/24/                                                                                         

10. Посткоронавирусная  эпоха  https://opticmagazine.ru/novosti/postkoronavirusnaya-epoxa                

11. Какие меры для поддержки экономики вводили в разных странах в связи с коронавирусом https://tass.ru/info/8088363 ТАСС 26 марта 2020]                                                                                                                                 

12. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური 2020-04-24

http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=541&info_id=75972 გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა.

13. Экономисты предложили рецепт поддержки для безработных в США 14.04.2020 https://interaffairs.ru/news/show/26002

14. საქსტატი, ბიზნესსექტორი საქართველოში,  სტატისტიკური პუბლიკაცია, 2019.