English / ქართული / русский /
ლელა მენაბდიშვილი
ოჯახის მართვის თავისებურებები საქართველოში

ანოტაცია გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო ოჯახის მართვაში. მამაკაცის, როგორც ოჯახის უფროსის და ერთადერთი მარჩენლის როლი თანდათან შესუსტდა. ქალს ოჯახში მეტი ძალაუფლება მიენიჭა. ოჯახები ავტონომიური ძალაუფლებით ჩაანაცვლა ოჯახებმა ცოლ-ქმრის მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილებებით. ეს პროცესი ყველგან ერთნაირად არ განხორციელებულა. სტატიაში, სხვადასხვა დროს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე აღწერილია ჩვენი ქვეყნის ოჯახებში მართვის კუთხით მიმდინარე ცვლილებები. 

საკვანძო სიტყვები: ოჯახის უფროსი; ძალაუფლება ოჯახში; გავლენა ოჯახში; პარტნიორული ოჯახი; კოლეგიალური ოჯახი. 

შესავალი. მართვა, როგორც სოციალური მოვლენა, საზოგადოების აუცილებელი კომპონენტი და მისი შინაგანი არსობრივი თვისებაა. ის სუბიექტის ობიექტზე ეპიზოდური ერთჯერადი ზემოქმედება კი არ არის, არამედ ზემოქმედება - უკუქმედების უწყვეტი პროცესია. ადამიანის ნებისმიერი ქმედება მართვის პროცესს გულისხმობს. მათ შორისაა ოჯახიც. ოჯახის მართვის ძირითადი ამოცანა მდგომარეობს მისი მრავალმხრივი ფუნქციების წარმატებით შესრულებაში; საოჯახო როლების ეფექტურ შესრულებასა და ოჯახის წევრთა შორის შრომის ისე გადანაწილებაში, რომ არ მოხდეს მათი უფლებების დარღვევა; ოჯახის, როგორც მთლიანობის განხილვაში, რომელიც მისი წევრების ურთიერთკონტაქტებისა და ურთიერთგავლენის არენას წარმოადგენს, სადაც ხდება მისი წევრების ქცევის ნორმებისა და ფორმალური წესების არსებობის დაცვა.

ოჯახს აკისრია მნიშვნელოვანი ამოცანები და ფუნქციები, რომლის შესასრულებლადაც ერთიანდებიან ოჯახის წევრები. ისინი ზრუნავენ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ერთმანეთზეც. ოჯახში იქმნება ისეთი სასიცოცხლო იმპულსი, რომელიც სცილდება ერთ თაობას და გადადის მომდევნო თაობებზეც. ოჯახის მართვის არსებითი თავისებურება სწორედ ოჯახის შემდგომ თაობებზე პასუხისმგებლობის აღებაში მდგომარეობს. ამიტომაა მნიშვნელოვანი იმ ცვლილებების შეცნობა და გაანალიზება, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა გასული საუკუნის ბოლოს საქართველოს ოჯახებში.

* * *

ოჯახის მართვა, როგორც ძალაუფლებრივ ურთიერთობათა რეალიზაცია და გადაწყვეტილების მიღების საკუთარი უნიკალური მექანიზმების ქონა, მჭიდროდ არის დაკავშირებული მიზნების არჩევის პროცესთან, ანუ დაგეგმვასთან. მიღებული გადაწყვეტილებები ექვემდებარება მიზნებს, მათი მიღწევების აუცილებლობასა და სურვილებს. დაგეგმვა, მიზნის არჩევის გარდა, მოიცავს აგრეთვე კონტროლს მის შესრულებაზე. ყველა გეგმის შესრულება ყოველთვის საეჭვოა, ამიტომ პასუხისმგებლობა ეს უფრო ქმედებებზე კონტროლია, ვიდრე შედეგებზე ანგარიშის ჩაბარების ვალდებულება. საოჯახო მართვისთვის მნიშვნელოვანია არა დაკისრებული პასუხისმგებლობები ან დასჯა, არამედ ოჯახის წევრთა ფსიქოლოგიური მახასიათებლები ჴ ვალდებულებების და პასუხისმგებლობების გრძნობა. ოჯახის წევრი შეიძლება პასუხისმგებელი იყოს ოჯახის ცალკეულ წევრზე ან მთელ ოჯახზე.

ოჯახის მართვას უკავშირდება ისეთი ცნებები, როგორიცაა: „ოჯახის უფროსი“, „ოჯახის თავი“, „ოჯახის ლიდერი“, „ოჯახის მეთაური“, რომლის მოვალეობაც ოჯახის იმგვარად მართვაშია, რომ ამ უკანასკნელმა შეძლოს თავისი ფუნქციების ეფექტურად შესრულება. ხშირად ეს სტატუსი მინიჭებული ჰქონდა ოჯახის უფროს წევრ მამაკაცს და ხაზს უსვამდა მის განსაკუთრებულ უფლებებსა და პასუხისმგებლობას. ზოგჯერ ოჯახის უფროსად განიხილება პირი, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახის სხვა წევრებს ცხოვრებისათვის საჭირო ძირითადი პირობებით.

ოჯახის უფროსის არსებობა და შინაარსი დამოკიდებულია ოჯახის ფუნქციებსა და საზოგადოებრივ ურთიერთობათა განვითარების დონეზე. იმ პირობებში, როდესაც ოჯახი იყო მწარმოებლური უჯრედი, ოჯახის უფროსის მახასიათებლებით განსაზღვრავდნენ ოჯახის სხვა წევრებისა და მთელი ოჯახის სოციალურ კუთვნილებას. ოჯახის სოციალური ფუნქციების ცვლილებებთან ერთად ოჯახის უფროსის ეკონომიკური მდგომარეობა უკვე აღარ არის მისი სოციალური სტატუსის ერთადერთი კრიტერიუმი და ოჯახის კუთვნილებას ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფთან განსაზღვრავს მისი სხვა წევრებისა და მთელი ოჯახის მახასიათებლები. ოჯახის უფროსის როლი გულისხმობს პასუხისმგებლობას მთელ ოჯახზე, ანუ მისი წევრების ქცევასა და განწყობებზე, ოჯახის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, პასუხისმგებლობას საკუთარი თავისა და ოჯახის წინაშე, უახლოესი სოციალური გარემოცვისა და საზოგადოების წინაშე. ამიტომ, ოჯახისთვის აუცილებელია იმის გათვალისწინება, თუ საერთო საქმისთვის რამდენად ადეკვატურია პირადი პასუხისმგებლობის შეფასება.

საქართველოში, როგორც მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ოჯახის უფროსად მოიაზრებოდა მამაკაცი და მას ეკისრებოდა როგორც ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფა, ისე პასუხისმგებლობა ოჯახის თითოეულ წევრზე. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან ოჯახის საკითხების მკვლევარებმა არა მხოლოდ საზღვარგარეთ, არამედ ჩვენს ქვეყანაშიც დაიწყეს იმ ცვლილებების შეცნობა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ოჯახში. ამ პერიოდიდან დაიწყო ოჯახში ძალთა გადანაწილების, დომინირების, ლიდერობის, პასუხისმგებლობის, ვალდებულებათა განაწილების როლებრივი ურთიერთობების შესწავლა. მარჩენალის როლის შესრულებისთვის შესაძლებლობების შემცირებამ გამოიწვია მამაკაცის განსაკუთრებული ავტორიტეტის და ოჯახში ლიდერობის შესუსტება ან დაკარგვა და, იმავდროულად, წარმოების სფეროსა და საოჯახო შრომაში ქალის როლის გაძლიერება. ასეთმა სიტუაციამ ქალს ოჯახში მეტი ძალაუფლება მიანიჭა. მოხდა ძალაუფლებათა ბალანსი. ახლა უკვე ტერმინი „ოჯახის უფროსი“ წარსულის ტრადიციაა, თუმცა ის აუცილებელი რგოლია საოჯახო ურთიერთობათა სტრუქტურაში და, ასევე, ფუნქციური როლია, რომელიც შეიძლება შეასრულოს მამაკაცმაც და ქალმაც. ამ ტენდენციას ადასტურებს სოციოლოგიური გამოკვლევები[1], რომლებიც ჩატარდა საზოგადოების სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თვით მართლმადიდებელ მორწმუნეებშიც კი, სადაც აღმსარებლობის მიხედვით მამაკაცს ოჯახში განსაკუთრებული როლი და ავტორიტეტი აკისრია, სულ უფრო და უფრო იკლებს მოთხოვნილება “ოჯახის უფროსისადმი”. მათი რიცხვი, ვინც იზიარებს ოჯახში უფროსის არსებობის აუცილებლობას, ბოლო ათი წლის განმავლობაში განახევრდა. თუმცა, სქესობრივ ჭრილში საკითხის განხილვამ აჩვენა, რომ მამაკაცი რესპონდენტები უფრო მეტად იჩენენ ერთგულებას „ოჯახის უფროსის“ ინსტიტუტისადმი, ვიდრე ქალები.

 

დიაგრამა 1. ოჯახის უფროსის აუცილებლობისადმი რესპონდენტთა დამოკიდებულება (%)

ოჯახის მართვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეხება საოჯახო გადაწყვეტილებების მიღებას. ყოველი ოჯახი ახდენს გადაწყვეტილების მიღების შეფარდებით სტაბილური მოდელის დემონსტრირებას, რომელიც თავს იჩენს ერთობლივი არჩევანის მიღების მომენტიდან. გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმის არსებობის ფაქტი წარმოადგენს ოჯახის შექმნისა და არსებობის პირობას. მის დეზორგანიზაციას კი მოჰყვება ოჯახის დანგრევა.

ურთიერთობები ოჯახში დინამიურია და მათი ცვლილებების კვალდაკვალ ხდება ძალაუფლების ბალანსის შეცვლაც, რომელიც რეალიზდება გადაწყვეტილების მიღებისას. ამის ნათელი მაგალითია სხვადასხვა დროს ჩატარებული ორი სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგები. ერთი მათგანი ჩატარდა გასული საუკუნის მიწურულს[2], ხოლო მეორე 2015 წელს[3]. სოციოლოგიური გამოკვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს ოჯახებში ძალაუფლების გადანაწილების მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. გასული საუკუნის მიწურულს ჩატარებული კვლევისას „მნიშვნელოვანი საოჯახო გადაწყვეტილებების (ბინის ან მანქანის ყიდვა - გაყიდვა, მნიშვნელოვანი თანხის სესხება ან გასესხება და სხვა) მიღებისას მამაკაცის პრიორიტეტი მკვეთრადაა გამოხატული - რესპონდენტთა 55,3% პასუხობს, რომ მის ოჯახში ოჯახისათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მამაკაცი იღებს. იმ ოჯახების ხვედრითი წილი კი, სადაც ოჯახისათვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს ქალი, მხოლოდ 15,4%“ [ნ. დურგლიშვილი. 1997, 18-19].

მეორე, 2015 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებით მკვეთრადაა გამოხატული მეუღლეთა ძალაუფლებათა ბალანსი ოჯახში. მნიშვნელოვნადაა შემცირებული ცალკეული მეუღლის როლი ცოლ-ქმრის ერთობლივი გადაწყვეტილებების სასარგებლოდ. თუმცა, არ შეიძლება არ აღინიშნოს უფროსი თაობის მაღლი ავტორიტეტი და ძალაუფლება, რაც ქართული ტრადიციითაა განპირობებული.

  

დიაგრამა 2. ოჯახისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღები პირები რესპონდენტთა ოჯახებში (%) 

გამოკვლევებით გამოიკვეთა, რომ ოჯახში გადაწყვეტილებების მიღების მხრივ საქართველოში ოჯახთა განსხვავებული ტიპები არსებობს, რომელთა შორის უმეტესობას ისეთი ოჯახები წარმოადგენენ, სადაც ორივე მეუღლე ერთმანეთთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებებს. ანუ საქართველოს ოჯახებში ძალაუფლების და გავლენის განაწილების თავისებურებებიდან გამომდინარე გამოიყოფა პარტნიორული ოჯახები, სადაც ერთობლივად მიიღება გადაწყვეტილებები. ასეთ შემთხვევას კი, როცა მეუღლეებს თანაბარი გავლენა აქვთ ოჯახში, სოციოლოგები განსაზღვრავენ როგორც პარტნიორობის სინკრეტულ ტიპს. თუ გადაწყვეტილებების მიღება ხდება ოჯახის წევრთა ერთობლივი განხილვით, მაშინ საქმე გვაქვს კოლეგიალურ ოჯახთან. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ოჯახები გამოკითხულთა შორის მცირე აღმოჩნდა, ის მაინც მიუთითებს ბოლო დროს ოჯახში ძალაუფლების ბალანსთან დაკავშირებით განხორციელებულ ცვლილებებზე. გადაწყვეტილებებს თუ იღებს ერთ-ერთი მეუღლე, მაშინ საქმე გვაქვს ავტონომიურ ოჯახთან. მოყვანილი მონაცემების მიხედვით ასეთი ტიპის ოჯახები ოცდამეერთე საუკუნის პირველ წლებთან შედარებით 2,2-ჯერაა შემცირებული[4]. შემცირება შეეხო როგორც ქმრის მიერ ერთპიროვნულად მიღებულ გადაწყვეტილებებს (შემცირებულია 2-ჯერ), ისე ცოლის მიერ მიღებულს (შემცირებულია 1,4-ჯერ). ე.ი. საქართველოში, ბოლო პერიოდში, გადაწყვეტილებების მიღების მიხედვით გამოიყოფა ოჯახთა რამდენიმე ტიპი: პარტნიორობის სინკრეტული ტიპი, კოლეგიალური ოჯახები და ავტონომიური ოჯახები.

ოჯახის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში, გამოკითხულთა შორის გამოიკვეთა იმ პირების გადამწყვეტი როლი, რომლებიც ახდენენ ოჯახის წევრთა ეკონომიურ უზრუნველყოფას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მათი რიცხვი მცირეა და, ამასთან, მოყვანილი ორი კვლევის შუალედში კიდევ უფრო შემცირებულია. გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს კვლევის მიხედვით ეს მაჩვენებელი 6,5%-ია, ხოლო ჩვენი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მხოლოდ 2,8%. ე.ი. შემცირება მოხდა 2,3-ჯერ.

1989 წ. გამოქვეყნდა დიდი ემპირიული გამოკვლევების მონაცემები, რომლის ავტორებიც _ ამერიკელი სოციოლოგები რ. ბლამბერგი და მ. კოლემანი ამტკიცებდნენ, რომ ეკონომიკური რესურსები ცოლქმრული ძალაუფლების საფუძველია, ხოლო ეკონომიკური ძალაუფლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი ფაქტორი, რომელიც მეუღლეთა ადგილს განსაზღვრავს ოჯახში. მათი აზრით, ოჯახში ძალაუფლება წარმოადგენს ძალთა ბალანსს, ხოლო თავად ეკონომიკურ ძალაუფლებას განსაზღვრავს სამი ფაქტორი: ქმრის აბსოლუტური შემოსავლები; ქმრის და ცოლის შემოსავლების თანაფარდობა; შემოსავალთა დამოუკიდებელი აღრიცხვა.

ეს არის დომინირებული ფაქტორები, მაგრამ მათი მოქმედება გაშუალებულია მაკრო და მიკრო სოციალურ დონეთა მთელი რიგი ვითარებებით. მაკროდონეზე უნდა აღინიშნოს მამაკაცთა უპირატესობა სოციალური სტრუქტურის ზედა საფეხურებზე, სიცოცხლისუნარიანობა იდეოლოგიისა: „ქალის ადგილი სახლშია“, რომელსაც იზიარებს არა მხოლოდ ბევრი მამაკაცი, არამედ ქალიც. მიკროდონეზე ჴ ეს ქალის შემოსავლების აუცილებლობის აღიარებაა. პარტნიორს რომელიც ნაკლებად „ვალდებულია“, მეტი ძალაუფლება აქვს, ვიდრე უფრო “ვალდებულ“ მეუღლეს. ამრიგად, თუნდაც ქალს უფრო მაღალი შემოსავალი ჰქონდეს, მაგრამ ის უფრო ვალდებული პარტნიორი იყოს, ქორწინებაში მისი რეალური ეკონომიკური ძალაუფლება შემცირებული იქნება. მამაკაცმა, რომელიც თვლის რომ ვერ გააკეთებს უკეთეს არჩევანს, საოჯახო ურთიერთობების შესანარჩუნებლად შეიძლება დათმოს ეკონომიკური ძალაუფლების სარგებლიანობა. დათმობაზე წავა ქალიც, რომელიც თვლის რომ სრულიად ნორმალური და სწორია მამაკაცი იყოს „ოჯახის თავი“. ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ქმრის მიერ იმის აღიარება, რომ ცოლს საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს. თუ ქმარს მიაჩნია, რომ ცოლის შემოსავალი აუცილებელი არ არის ოჯახის ცხოვრების დონის შენარჩუნებისათვის, მაშინ იმ ეკონომიკური რესურსების გავლენა, რომლითაც ქალი ოჯახს უზრუნველყოფს, დიდი არ იქნება. [Егорова Н. Ю...//http//lib.sale/].

თითეული ქორწინების და ოჯახის უნიკალურობის გამო, ოჯახის წევრთა ურთიერთობები წარმოადგენს ურთიერთქმედებების, მოლაპარაკებების და ჩვეულებრივი საუბრების რთულ ნაკრებს. ასე მაგალითად: მეუღლეებმა უნდა მიიღონ ორივესთვის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება შვილებთან მიმართებაში ჴ როდის, რამდენი და რა ინტერვალით იყოლიონ შვილები; უნდა მოხდეს შვილთა აღზრდის სტილის შერჩევა და მეუღლეთა შორის ვალდებულებათა განაწილება; მნიშვნელოვანია საოჯახო ვალდებულებათა განაწილება და გადაწყვეტილებების მიღება ოჯახის ბიუჯეტის, ფულის და ქონების განკარგვასთან, დამატებით შემოსავლებსა და პირადი ფულის არსებობასთან დაკავშირებით; ბოლო წლებში განუხრელად გაიზარდა დასვენების სფეროს მნიშვნელობა, რაც განპირობებულია თავისუფალი დროის და მისი ორგანიზების შესაძლებლობათა ზრდით. ამდენად, საოჯახო გადაწყვეტილებათა რიგი დაკავშირებულია დასვენების სფეროსთანაც.

ოჯახში მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება დავყოთ ყოველდღიურ და ფუნდამენტურ გადაწყვეტილებებად. საოჯახო გადაწყვეტილებების მიღებაზე გამოყოფილია ოჯახისათვის ისეთი უმნიშვნელოვანესი სფეროები, როგორიცაა: შობადობის სფერო; ეკონომიკური სფერო; საოჯახო მეურნეობის ორგანიზაცია; შვილების აღზრდა. კონკრეტულ სფეროში გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებით განსხვავებულია ცოლ-ქმრის როლი. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცები სულ უფრო და უფრო აქტიურად ებმებიან შვილების აღზრდის პროცესში, ეს საკითხი კვლავ ისევ რჩება ცოლისათვის უფრო სავალდებულო საქმედ მამაკაცებთან შედარებით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ როცა საკითხი ეხებოდა ოჯახში ბავშვთა სასურველი რაოდენობის განსაზღვრას, რესპონდენტთა ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ღმერთის მიერ წყდება. 

 

ქმარი

ცოლი

მეუღლეები შეთანხმებით

სხვა

ბავშვთა სასურველ რაოდენობაზე

6,2

6,8

72,0

15,0

ბავშვთა აღზრდაზე

4,4

49,8

39,5

6,3

შემოსავლების განაწილებაზე

10,8

20,5

66,4

2,3

ცხრილი 1. კონკრეტულად ვინ იღებს გადაწყვეტილებას

საშუალება გვაქვს, მხოლოდ ერთი პუნქტში - შემოსავლების განაწილებაში შევადაროთ ორი კვლევის შედეგები. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მკვეთრად განსხვავდება გაეროს განვითრების პროგრამა - საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებისგან. ოცი წლის წინ „რესპონდენტთა 45,2% პასუხობს, რომ მის ოჯახში ყოველდღიური ბიუჯეტის განაწილების გადაწყვეტილებას მამაკაცი იღებს. ხოლო ის ოჯახები, რომლებშიც ყოველდღიური ბიუჯეტის განაწილებისას გადაწყვეტილებას იღებს ქალი, 32,6%-ს შეადგენს“. [ნ. დურგლიშვილი, 1997. 18-19]. კვლევებს შორის შუალედში ოთხჯერ არის შემცირებული ოჯახები, სადაც შემოსავლების განაწილება ხდება მამაკაცის მიერ და 1,5-ჯერ, სადაც ქალის მიერ. მათ ხარჯზე კი გაიზარდა ორივე მეუღლის მიერ ერთად მიღებული გადაწყვეტილებები შემოსავლების განაწილებასთან დაკავშირებით.

ოჯახის მართვასთან დაკავშირებული მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირებისთვის აუცილებელია არა მხოლოდ რეალური მდგომარეობის გათვალისწინება, არამედ მოსახლეობის განწყობის შესწავლა. 

 

ვიზიარებ

არ ვიზიარებ

მიჭირს პასუხი

მამაკაცი

ქალი

სულ

მამაკაცი

ქალი

სულ

მამაკაცი

ქალი

სულ

მეუღლეები ყველა საკითხს შეთანხმებულად უნდა წყვეტდნენ

90,0

 97,4

94,3

3,2

1,0

2,0

6,8

1,6

3,7

მეუღლეებს თანაბარი წვლილი უნდა შეჰქონდეთ საოჯახო საქმიანობაში

71,3

78,9

75,5

8,4

 7,5

7,9

20,3

13,6

16,6

ცოლქმრის შემოსავალი მეუღლეთა შეთანხმებით უნდა დაიხარჯოს

63,1

68,4

64,4

18,5

13,7

17,6

18,4

17,9

18,0

ცხრილი 2. დამოკიდებულება ოჯახური პასუხისმგებლობისადმი რესპონდენტთა სქესის მიხედვით (%).

როგორც კვლევით მოპოვებულმა მონაცემებმა აჩვენა, რესპონდენტებს მკვეთრად გამოხატული დადებითი განწყობა აქვთ იმისადმი, რომ ოჯახში მეუღლეები ყველა საკითხს შეთანხმებულად უნდა წყვეტდნენ. თუმცა რესპონდენტთა განწყობა არ ემთხვევა რეალურ მდგომარეობას. რესპონდენტთა 94,3% თვლის, რომ მეუღლეები ოჯახში ყველა საკითხს შეთანხმებულად უნდა წყვეტდნენ, რეალურად კი მათ შორის ასეთი ოჯახები მხოლოდ 43,6%-ს აქვს. მაგრამ, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მოსახლეობაში ბოლო ოცი წლის განმავლობაში მკვეთრადაა შეცვლილი განწყობა ოჯახში მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ორჯერაა გაზრდილი მათი რიცხვი, ვისი აზრითაც ოჯახური პრობლემების წარმატებით გადასაწყვეტად სასურველია, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღონ მეუღლეებმა შეთანხმებით. თუ გავითვალისწინებთ რესპონდენტთა განწყობებში მომხდარ მკვეთრ ცვლილებებს, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რეალურადაც გაიზრდება ასეთი ოჯახები.

დასკვნ.

- მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოს ოჯახებში იწყება მეუღლეთა შორის ძალაუფლების ბალანსი.

- ტერმინის ჴ „ოჯახის უფროსი“ ძველებური დატვირთვა შეიცვალა და ის იქცა ფუნქციურ როლად, რომელიც შეიძლება უკვე შეასრულოს ორივე მეუღლემ.

- მნიშვნელოვნადაა შემცირებული ცალკეული მეუღლის როლი ცოლ-ქმრის ერთობლივი გადაწყვეტილებების სასარგებლოდ. საქართველოში, ბოლო პერიოდში, შიგაოჯახური ფუნდამენტური გადაწყვეტილებების მიღების მიხედვით გამოიყოფა ოჯახთა რამდენიმე ტიპი: პარტნიორობის სინკრეტული ტიპი, კოლეგიალური ოჯახები და ავტონომიური ოჯახები. ავტონომიური ოჯახების რაოდენობა 2,2-ჯერაა შემცირებული და გაზრდილია პარტნიორობის სინკრეტული ტიპი.

- მნიშვნელოვნადაა შეცვლილი მოსახლეობის განწყობა ოჯახში ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით. ორჯერაა გაზრდილი მათი რიცხვი, ვისი აზრითაც ოჯახური პრობლემების წარმატებით გადასაწყვეტად სასურველია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღონ მეუღლეებმა შეთანხმებით.

- რესპონდენტთა განწყობებში მომხდარი მკვეთრი ცვლილებების გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რეალურად გაიზრდება ოჯახები ორივე მეუღლის თანაბარი ძალაუფლებით. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ნინო დურგლიშვილი. ცვლილებები სოციალურ გარემოში და ქართული ოჯახი. სადისკუსიო წერილების სერია 3, თბილისი, 1997, გვ. 18-19.
  2. Егорова Н. Ю., Боброва В.А. Менеджмент в домашнем хозяистве. //http//lib.sale/


[1] დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური გამოკვლევები 2004, 2013, 2015 წლებში სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებთან. ამ გამოკვლევების მიზანი იყო ოჯახში მიმდინარე ტრანსფორმაციის კვლევა.

[2] ეს კვლევა ჩატარებულია გაეროს განვითარების პროგრამა ჴ საქართველო-ს მიერ. მასში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ადამიანმა. საექსპერტო გამოკითხვა ჩაატარა ზ. ფირალიშვილმა. ხოლო სოციოლოგიური გამოკითხვა 300 რესპონდენტზე ჩატარდა ლ. გაფრინდაშვილის ხელმძღვანელობით. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების ანალიზში მონაწილეობა მიიღეს ე. ჯგერენაიამ და ლ. მეზვრიშვილმა. გამოკვლევის შედეგები გამოცემულია გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის მიერ სადისკუსიო წერილების სერიით 3.

[3] 2015 წლის სოციოლოგიური გამოკვლევა ჩაატარა დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტმა.

[4] 2002 wels Catarebul sociologiur kvlevasTn SedarebiT. am kvlevis Sedegebi mocemulia qeTevan goCiaSvilis sadisertacio naSromSi `ganqorwinebis socialur demografiuli aspeqtebi~. 2003.