English / ქართული / русский /
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
ეკოლოგიურ პრობლემებზე პანდემიის გავლენის ზოგიერთი საკითხი

ანოტაცია.ნაშრომი ეძღვნება დღევანდელობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საკითხს − ეკოლოგიას და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს პანდემიის პირობებში; გაანალიზებულია ზოგადად ეპიდემიების და კერძოდ კორონავირუსის ფონზე ეკოლოგიაში წარმოქმნილი ცვლილებები, რომლებიც დღეს შეიძლება დადებითადაც კი აღიქმებოდეს. მოყანილია საინტერესო ციფრობრივი მასალა. ძნელია იმის თქმა, რომ პანდემიას, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე მიაქვს, რაიმე დადებითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ სრულიად ნათელია, რომ ეკოლოგიის კუთხით ეს მართლაც ასე ხდება − ატმოსფეროს გაწმენდა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, გამონაბოლქვის მინიმუმამდე შემცირება..., თუმცა ამას ხანმოკლე პერიოდი აქვს.მსოფლიომ ნათლად დაინახა, რომ ბუნებას ნამდვილად გააჩნია თვითაღდგენის უნარი, თუკი ადამიანი მას თავისდა საზიანოდ არ შეუშლის ხელს.

საკვანძო სიტყვები: ეკოლოგია, პანდემია, ოვიდ-19, ატმოსფეროს დაბინძურება, ნარჩენების გადამუშავება, პლასტიკური ნარჩენები. 

* * *

მსოფლიოს წამყვანმა ეკონომისტებმა, ეკოლოგებმა, პოლიტოლოგებმა და სხვა სპეციალისტებმა დაადგინეს ძირითადი ფაქტორები, რაც გლობალურ გავლენას მოახდენს კაცობრიობაზე უახლოეს პერიოდში. ისინი ერთხმად შეთანხმდნენ − ძირითადი ტრენდი გახდება ეკოლოგიური პრობლემები. ეკოლოგებისათვის „ეპიდემიების ეფექტი“ უძველესი დროიდანაა ცნობილი. მაგალითად, VI საუკუნის დასაწყისში ბიზანტიაში, ეთიოპიაში, ეგვიპტეში „იუსტინიური ჭირი“ გავრცელებულა, რასაც 125 მლნ ადამიანის სიცოცხლე წაუღია, მაგრამ დადებითი შედეგიც მოუტანია ფლორასა და ფაუნისთვის: რომაელების მიერ ტყეების მასიური გაჩეხვა შეჩერებულა, თანაც ეპიდემიის პერიოდში გაჩეხილი მასივების აღდგენაც დაწყებულა და ამას არა მარტო ფლორა, არამედ უამრავი ჯიშის ცხოველიც გადაურჩენია. მსგავსი ეფექტი დღესაც შეიმჩნევა: დიდ ქალაქებში ისეთი ჯიშის ფრინველები დაბრუნდნენ, რაც დიდი ხანია არავის შეუმჩნევია. უფრო მეტიც, ევროპული კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ არქტიკის თავზე ოზონის შრეში რეკორდული ზომის ხვრელი გაქრა. თანამგზავრული ფოტოები, რომლებიც აფიქსირებს ადამიანის საქმიანობის შედეგებს − გაზების გამონაბოლქვს ავტომობილებიდან, თვითმფრინავებიდან, ელექტროსადგურების და ქარხნების მიერ მოხმარებული საწვავის კვალს და ა.შ. - ამჯერად აჩვენებს ჰაერის დაბინძურების საოცარ კლებას (სასათბურო გაზების გამოყოფა მსოფლიოში წელიწადში 54 მლრდ ტონას უტოლდება).

 როგორც კი Covid-19 ჩინეთის საზღვრებს გასცდა და მთელ მსოფლიოს მოედო, ავიამიმოსვლები ქვეყნებს შორის შემცირდა და შემდეგ აიკრძალა, რის გამოც 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ავიამგზავრების რაოდენობა 67 მილიონით შემცირდა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. ასოციაცია IATA-ს პროგნოზით მსოფლიო საჰაერო ინდუსტრია ამ წელს 113 მლრდ აშშ დოლარს დაკარგავს.

კომპანია Bloomberg LP-ის მონაცემებით, კორონავირუსის უარყოფითი შედეგები მსოფლიო ეკონომიკაზე 2020 წელს 5 ტრლნ აშშ დოლარს გაუტოლდება. იმავე აქვეყნებს საერთაშორისო სააგენტო JP Morgan Chase & Co – 5 ტრლნ აშშ დოლარი, რაც ნიშნავს მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 8%-ით დაცემას.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ატმოსფეროსათვის კორონავირუსის გამო ცოტაოდენი გაუმჯობესება მხოლოდ დროებითი მოვლენა იქნება. მასშტაბური ეკონომიკური ვარდნა შეამცირებს ადამიანების ინტერესს ეკოლოგიური პრობლემების მიმართ − წინა პლანზე გადმოვა გაცილებით უფრო საჭირბოროტო საკითხები − ჯანმრთელობა, სამუშაო, საპენსიო დანაზოგები, უძრავი ქონება და სხვ. მათი დასკვნებით ეკონომიკური ვარდნის შეჩერება პროვოცირებას გაუკეთებს ე.წ. „ბინძური“ დარგების დაჩქარებულ ზრდას, რომლებსაც ყველაზე სწრაფად შეუძლია ეკონომიკური ეფექტის გამოწვევა. საკარანტინე ღონისძიებების შემცირებისთანავე ეკონომიკა მალე დაუბრუნდება ძველ ნიშნულებს და მავნე აირების გამოყოფაც ისევ გაიზრდება. 2009 წლის კრიზისის დროს მსოფლიო მშპ 2.2%-ით დაეცა, მავნე აირების გამოყოფა 1.3%-ით შემცირდა, მაგრამ 2010 წელს ძველი მაჩვენებლები აღდგა.

შეცდომა იქნება ვიფიქროთ, რომ ვირუსი, რომელმაც  ათასობით ადამიანი მოკლა და მილიონობით კაცი კარანტინში ჩასვა, დროებით, მაგრამ მაინც, გაასუფთავა გარემო, მნიშვნელოვნად შეცვლის კლიმატს. ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ პანდემია, აუმჯობესებს რა ეკოლოგიურ სიტუაციას დღეს, პროვოცირებას გაუკეთებს მის სერიოზულ გაუარესებას პერსპექტივაში. მაგ., პანდემიას უკავშირდება კიდევ ერთი პრობლემა: მხოლოდ ერთჯერადი პირბადეების, ხელთათმანების, ხელსაწმენდების გამოყენება. მათი მრავალჯერადი გამოყენება ზრდის დაავადების გავრცელების რისკს. ამის გამო გროვდება მათი უზარმაზარი მასა. თანაც ცნობილია, რომ სამედიცინო ნარჩენების გადამუშავება აკრძალულია. ისინი სპეციალური წესით ნადგურდება. ამ პერიოდში მთელ მსოფლიოში სწორედ სამედიცინო ნარჩენები გაიზარდა უამრავჯერ. მაგალითად, „პოპულარულ” იუჰანში ზოგჯერ დღეში 200 ტონას აღწევდა. ფაქტია, რომ მკაცრი ეკოლოგიური ნორმატივები ყოველთვის ძვირი „სიამოვნებაა“, ამიტომ რეცესიის, უმუშევრობის ზრდის და სხვა კრიზისულ სიტუაციებში პრიორიტეტები თავისთავად იცვლება. ეკოლოგია ისევ გადადის იმ პრობლემათა რანგში, რომელზეც ეკონომიას ეწევა ყველა. ამით, რა თქმა უნდა, დიდი დარტყმა მიადგება„მწვანე” ინიციატივებს, ასევე იმ საკონტროლო მექანიზმებს და ვალდებულებების შესრულებას მთელ მსოფლიოში, რომელიც გათვალისწინებულია „კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმების” დოკუმენტებში, რაც მსოფლიოში ნახშირორჟანგის ატმოსფეროში გაფრქვევის უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებათა ერთობლიობას წარმოადგენს. მსუბუქად რომ ვთქვათ, მათთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვეღარ მოიცლიან, როგორც ხდება ყოველი ეკონომიკური კრიზისის დროს.

აღნიშნული სიტუაცია თვითონ „მწვანე” ტექნოლოგიების და ენერგიის აღდგენითი წყაროების სექტორს დაარტყამს. ინვესტიციები და მნიშვნელოვანი ინიციატივები ამ მიმართულებით უბრალოდ გაიყინება. მაგალითად, მოწინავე ანალიტიკურმა კომპანიამ სუფთა ენერგეტიკის დარგში BloombergNEF-მა უკვე შეამცირა 2020 წელს მზის ენერგიაზე მოთხოვნის ზრდის თავისივე პროგნოზი, რადგანაც პოლიტიკოსები და კორპორაციები სადღეისოდ მოკლევადიან ეკონომიკურ სტიმულებზე გადაერთნენ გრძელვადიანების ნაცვლად.

ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნად ითვლება. მაგალითად, 2003 წელს მისი წილი მსოფლიო მშპ-ში 1%-ს შეადგენდა, 2019 წლისათვის კი უკვე 25%-ს გაუტოლდა. მსოფლიოში მრავალი მწარმოებელიც და მომხმარებელიც ჩინეთის ეკონომიკაზე, როგორც ერთ-ერთ უდიდეს ექსპორტიორ ეკონომიკაზე, გახდა დამოკიდებული.

მსოფლიოში პირველმა ჩინეთის მთავრობამ 2020 წლის 3 იანვარს ოფიციალურად გამოაცხადა კორონავირუსული პანდემია Covid-19-ის არსებობა ქალაქ უჰანში (უჰანის წილი ქვეყნის მშპ-ში 4%-ს შეადგენს). ჩინეთში მაშინვე შემოიღეს მკაცრი შეზღუდვები გადაადგილებასთან დაკავშირებით, დახურეს რიგი წარმოებები. ამან გარკვეული შედეგები გამოიღო - მსხვილი საწარმოების გაჩერებამ საგრძნობლად შეამცირა ელექტროენერგიის მოხმარება, რის გამოც ექვსმა უმსხვილესმა ელექტროსადგურმა 40%-ით დასწია ატმოსფეროში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის მაჩვენებელი (2019 წლის ბოლო თვეებთან შედარებით). ენერგეტიკის და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის ფინეთის CREA-ას მონაცემებით, 3 თებერვლიდან 1 მარტამდე СО2-ის გამოყოფა ჩინეთში შემცირდა 25%-ით, ასევე დაფიქსირდა აზოტის დიოქსიდის (NO2) ძალიან მავნე გამოყოფის მაჩვენებლის შემცირებაც 20-30%-ით. ეს მაშინ, როდესაც სწორედ ჩინეთი არის დედამიწაზე ატმოსფეროს მთავარი დამაბინძურებელი (მასზე მოდის ჰაერში გაშვებული СО2-ის 30%).

ორგანიზაცია Cardon Brief-ის მონაცემებით, ჩინეთში მავნე აირების გამოყოფის შემცირების მსგავსი მაჩვენებელი ბოლოს 2008 წელს დაფიქსირდა. ამ დროს ჩინეთი ემზადებოდა პეკინის ოლიმპიადის ჩასატარებლად და დიდი ძალისხმევა გაიღო მსგავსი სიტუაციის შესაქმნელად.

ჩინეთის ეკოლოგიის და გარემოს დაცვის სამინისტროს 2020 წლის თებერვალ-მარტის (პანდემიის დაწყების) მონაცემებით, ქვეყნის 337 ქალაქში დღეების რაოდენობა ე.წ. „კარგი ხარისხის ჰაერის“ ინდექსით 21.5%-ით გაიზარდა (წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით). მოგვიანებით, ზაფხულის თვეებში მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა და 11.4%-ს გაუტოლდა (ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით).

  თუმცა ყოველივე ამან ეკონომიკის უკუსვლა ვერ შეაჩერა. ქვეყანაში მშპ 6.8%-ით დაეცა. მთავარი კი ის არის, რომ ეს უკუსვლა არა მარტო ჩინეთს, არამედ მასთან ეკონომიკურ ჯაჭვში მყოფ ბევრი ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებელზე აისახა.

2020 წლის იანვარ-თებერვალში მრეწველობის დაცემა აქ 13.5%-ს გაუტოლდა, მაშინ, როცა მანამდე ყოველთვიური ზრდა 6.9%-ს შეადგენდა; მომსახურების სფერო ამავე პერიოდში 13%-ით შემცირდა (დეკემბერში ზრდა 6.8%-ს უდრიდა); საბითუმო გაყიდვები 20%-ით დაეცა (დეკემბერში ზრდა 8% იყო).

2020 წელს ჩინეთის ეკონომიკის მთლიანი დანაკარგები 143.1 მლრდ აშშ დოლარს უტოლდება, რაც მშპ-ის 3.1%-ს შეადგენს.

მეცნიერული ჟურნალის MIT Technology Review-ის შესაბამისი კვლევების მონაცემებით არსებობს კორონავირუსის პანდემიის რამდენიმე გრძელვადიანი უარყოფითი შედეგი კლიმატური პირობების შეცვლის თვალსაზრისით. ნებისმიერი შეზღუდვები კაპიტალის ბაზრებზე მოახდენს უარყოფით გავლენას მზის, ქარის და სხვა ტიპის ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარებაზე  − ახალი პროექტების განხილვა დროებით შეწყდება. დღეს ჩინეთი არის მზის პანელების, ქარის ტურბინების და ელექტროკარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ლითიუმ-იონური აკუმლატორების მთავარი მწარმოებელი მსოფლიოში.

ძირითადი, ყველაზე დადებითი დასკვნა, რაც შეიძლება გაკეთდეს, ის არის, რომ კიდევ ერთხელ პრაქტიკულად დამტკიცდა ერთი რამ - ეკოსისტემებს შეუძლია თვითაღდგენა, ოღონდ ამაში ადამიანი თუ ვერ დაეხმარება, ხელი მაინც არ უნდა შეუშალოს. პანდემიამ, უბრალოდ, იძულებითი ფორმით, მაგრამ სრულიად თვალნათლივ აჩვენა ეკოლოგიურ პრობლემათა აღმოფხვრის რეალური შესაძლებლობები და გზები. მან აჩვენა, რომ ადამიანებს რეალური საშიშროების პირობებში შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი საქციელი, ბევრ კომპანიას - თავისი სტრატეგია და წესები, მთავრობებს - კანონები. როგორც პანდემიის, ასევე პოსტპანდემიის პერიოდში განსაკუთრებით აქტიურდება სახელმწიფოს როლი და ამიტომ ისეთი გლობალური ხასიათის პრობლემების გადაჭრა, როგორიც ეკოლოგიურია, სწორედ სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრეროგატივა ხდება. თუკი მათ მოახერხეს ასე სწრაფად მოეხდინათ რეაგირება ვირუსზე, მაშინ შესაძლებელი ყოფილა პრიორიტეტების შეცვლა და წინა პლანზე ბუნების მოფრთხილების წესების წამოწევა, კლიმატის ცვლილებებზეც მსგავსი ოპერატიული რეაგირება. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. რ. აბესაძე. გლობალიზაცია და პანდემიის ეკოლოგიური პრობლემები. გაზ. „თბილისის უნივერსიტეტი −, 2020.
  2. Глобальные экологические проблемы современного мира и пути их решения https://yandex.ru/turbo?text=https%3A%2F%2Fvyvoz.org
  3. ГЛОБАЛЬНАЯ ЭКОЛОГИЧЕСКАЯ ПЕРСПЕКТИВА» ООН 2019 https://np-mag.ru/news1/globalnayaehkologicheskaya-perspektiva-oon.
  4. Пандемия и окружающая среда: экология пластикаhttp://rapsinews.ru/incident_publication/20200425/305756871.html
  5. Пандемия коронавируса: экономика VS экология

https://www.kp.ru/daily/27120/4202969/ коронавируса: экономика VS экология https://www.kp.ru/daily/27120/4202969/