ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
|
|
|
∘ ნესტან ვარშანიძე ∘ ლურჯი ეკონომიკის განვითარების მიმდინარე ტენდენციები და გამოწვევები ანოტაცია. მოცემული კვლევა განხორციელდა „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტის ნომერი MR-21-1059], ნაშრომის ხელმძღვანელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნათელა წიკლაშვილი. წინამდებარე ნაშრომში განხილულია ლურჯი ეკონომიკა, რომელიც ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (მიზანი 1; 8; 14: 15; 17). ნაშრომში განხილულია, ლურჯი ეკონომიკის კონცეფცია და პრინციპები, წამოჭრილია ლურჯი ეკონომიკის პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები, აღწერილია საქართველოს რესურსებიდა უკვე გატარებული ღონისძიებები. საკვანძო სიტყვები: მდგრადი განვითარება, ლურჯი ეკონომიკა, აკვაკულტურა, საქართველო. შესავალი მდგრადი ეკონომიკური გადაწყვეტილებები და მართვის სისტემები თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევაა. მსოფლიო ოკეანეები, ზღვები და წყლის რესურსი სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია, მილიარდობით ადამიანისათვის საცხოვრებელი და საარსებო საკვებით უზრუნველყოფის წყაროა და ჩართულია სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობაში. გრძელვადიან პერიოდში ბუნებრივი რესურსები ანთროპოგენურ ზეწოლას განიცდის. მსოფლიოს ბუნებრივი რესურსის ექსპლუატაციის ხარისხი სერიოზული პრობლემაა და კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს შექმნის მომავალი თაობებისთვის. ადამიანთა ეკონომიკური აქტივობა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე. გარემოს დაცვის პრობლემები თავის მხრივ მჭიდროდაა დაკავშირებული დემოგრაფიულ ცვლილებებთან, ეკონომიკურ განვითარებასა და ადამიანთა კეთილდღეობასთან. რეალურად ეს არის ცირკულარული პროცესი. გაეროს მიერ შემუშავებული მდგრადი განვითარების მიზნების პარალელურად მსოფლიო მსჯელობს ლურჯი ეკონომიკის პოლიტიკის შესახებ, რომელიც დამყარებულია წყლის რესურსებზე, მის მდგრად მართვაზე, თანამედროვე ცოდნასა და ტექნოლოგიებზე. მნიშვნელოვანია რომ საქართველომ, როგორც საზღვაო და მტკნარი წყლით გამორჩეულმა ქვეყანამ შეძლოს ლურჯ ეკონომიკასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურება. ნაშრომის მიზანია სხვადასხვა კვლევის მეთოდების გამოყენებით ნათლად ასახოს ლურჯი ეკონომიკის თავისებურებები და პრობლემური საკითხები მსოფლიოსა და საქართველოში. ასევე არსებული პრაქტიკების შესწავლის საფუძველზე ლურჯი ეკონომიკის გატარებისათვის აუცილებელი ფაქტორებისა და რესურსების განსაზღვრა. აუცილებელია აღიწეროს საქართველოში არსებული პრობლემების ანატომია, განისაზღვროს სამომავლოდ პრევენციისა და აღმოფხვრის გზები და დადგინდეს როგორია სხვადასხვა ინსტიტუტების გავლენა (სახელმწიფო, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო სექტორი, საზოგადოება და სხვა). კვლევის პროცესში გამოყენებულია სტატისტიკურ მონაცემთა ანალიზისა და სინთეზის მეთოდები. ნაშრომის თეორიულ მეთოდოლოგიურ ანალიზში მოხმობილია ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მკვლევართა სახელმძღვანელოები, ნაშრომები, სტატიები, სხვადასხვა სახის სამეცნიერო ჟურნალები და პუბლიკაციები. ნაშრომის პირველ ნაწილში წამოჭრილია ლურჯი ეკონომიკის არსი, პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები. მეორე ნაწილში კი აღწერილია სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. წინარე მასალის ანალიზის საფუძველზე გაკეთებულია დასკვნები. მოცემულია ავტორისეული ხედვები/პოზიცია და რეკომენდაციები. ლურჯი ეკონომიკა – წყლის რესურსების მდგრადი მართვა რა არის ლურჯი ეკონომიკა? ეს კითხვა 10 სხვადასხვა ადამიანს რომ დაუსვათ, 10 განსხვავებულ პასუხს მიიღებთ. ლურჯ ეკონომიკას მსოფლიო ბანკი შემდეგნაირად განმარტავს: „ლურჯი ეკონომიკა არის საზღვაო რესურსების მდგრადი გამოყენება ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისათვის, საცხოვრებელი პირობების და სამუშაო ადგილების გაუმჯობესებისა და ოკეანის ეკოსისტემის სიჯანსაღისთვის” (World Bank , 2017). ნაშრომის მთავარი მიზანია ლურჯი ეკონომიკის ფარგლებში არსებული მდგომარეობისა და პოტენციალის შესწავლა, პრობლემური საკითხების გაანალიზება მსოფლიოსა და საქართველოში. ლურჯი ეკონომიკა აერთიანებს ისეთ სექტორებს, როგორებიცაა: სანაპირო ტურიზმი, აკვაკულტურა, ლურჯი ენერგია, ლურჯი ბიოტექნოლოგიები და მოპოვება ზღვის ფსკერზე. საქართველოსთვის, როგორც ჰიდრორესურსებით მდიდარი შავიზღვისპირეთის ქვეყნისთვის, ლურჯი ეკონომიკის პრინციპების გატარება და დანერგვა იძლევა განვითარების შესაძლებლობას. ოკეანე ფარავს 363 მილიონ კვადრატულ კილომეტრს, რაც დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 72 პროცენტია. 600 მილიონზე მეტი ადამიანი (მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 10%) ცხოვრობს სანაპირო რაიონებში, რომლებიც ზღვის დონიდან 10 მეტრზე ნაკლებია. თითქმის 2.4 მილიარდი ადამიანი (მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 40%) ცხოვრობს სანაპიროდან 100 კილომეტრში. ოკეანეები, სანაპირო და საზღვაო რესურსები ძალზე მნიშვნელოვანია სანაპირო რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის (United Nations, 2017). ლურჯი ეკონომიკა, როგორც კონცეფცია და ლურჯი ეკონომიკა, როგორც პოლიტიკა ჩამოყალიბებული და დეკლარირებული მიზნებით ჯერ კიდევ არ არის ფართოდ გავრცელებული. ბუნების მსოფლიო ფონდმა (World Wide Fund for Nature-WWF) შეიმუშავა დოკუმენტი „მდგრადი ლურჯი ეკონომიკის პრინციპები", რომელშიც აღწერილია თუ როგორ უნდა იქცეს მდგრადი ლურჯი ეკონომიკა მმართველობის ყველა დონეზე მართული, როგორც საზოგადოებრივი, ასევე კერძო აქტორების მიერ. ლურჯი ეკონომიკის პრინციპები ჰარმონიზებულია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან; თანხვედრაშია ფართოდ მიღებული კორპორატიული და ორგანიზაციული მდგრადი მმართველობის პრინციპებთან და დაკავშირებულია როგორც მწვანე, ასევე ცირკულარულ ეკონომიკასთან (WWF, 2017). ლურჯი ეკონომიკის მიდგომა იცავს და ინარჩუნებს საზღვაო რესურსებს, ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემას. მოითხოვს განახლებადი ენერგიისა და სუფთა ტექნოლოგიების გამოყენებას. მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა მეთევზეობა, საზღვაო ტრანსპორტი, ნარჩენების მართვა, საზღვაო განახლებადი ენერგია, ტურიზმი და კლიმატის ცვლილებები. ზღვისპირა რაიონებში მოსახლეობისა და წარმოების მზარდი კონცენტრაცია თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკური, საწარმოო პროცესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა. საგარეო ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისა და საზღვაო ტრანსპორტის ეკონომიკური უპირატესობების გამოყენების საფუძველზე ხდება ზღვის სანაპირო რაიონების სწრაფი განვითარება. ფაქტია, რომ წყლის რესურსების გამოყენება ეკონომიკურ საქმიანობაში საზოგადოების განვითარების კვალდაკვალ იზრდება. წყლის რესურსების მართვის კონცეფცია, წყალზე თანაბარი ხელმისაწვდომობის და გარემოს ეკოლოგიური მდგრადობის კონცეფციებთან ერთად, განსაზღვრავს წყლის გამოყენების ხარჯზე მიღებული ეკონომიკური ღირებულების მაქსიმიზაციას. ისტორიას თუ გადავხედავთ, ცალკეული ცივილიზაციების განვითარების ისტორიაში შეინიშნება ისეთი თავისებურები, როგორიცაა წყლის რესურსების არსებობა და ზღვის სიახლოვე. მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ ძველი ეგვიპტელები, სკანდინავიელები, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ინიციატორები და სხვა. ცივილიზაციები საუკუნეების განმავლობაში ეყრდნობოდნენ ლურჯ ეკონომიკას. შეიძლება ითქვას თავად ლურჯი ეკონომიკა თავისი შინაარსით არ არის ახალი, თუმცა ახალია მდგრადი ლურჯი ეკონომიკის კონცეფცია. ტერმინი „ლურჯი ეკონომიკა“ პირველად 1994 წელს გუნტერ პაულიმ გამოიყენა თავის წიგნში "ლურჯი ეკონომიკა 3.0". ნაშრომში ის მოუწოდებს ადამიანებსა და სახელმწიფოებს ახალი ეკონომიკური ინიციატივებისაკენ, რათა შეიცვალოს წყლისა და წყალთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრის მეთოდები. მომავალში ლურჯი ეკონომიკის ზრდა გამოწვეული იქნება საზღვაო წარმოების საქონელსა და მომსახურებებზე, განახლებადი რესურსების გამოყენების მასშტაბებსა და ვაჭრობაზე მოთხოვნის ზრდით. ის არაპირდაპირ გავლენას მოახდენს ეკონომიკის სხვა სექტორის განვითარებაზეც. სხვადასხვა გათვლებით, 2030 წლის დასაწყისში ოკეანეზე დაფუძნებულ ბევრ ინდუსტრიას აქვს პოტენციალი, რომ აღემატებოდეს გლობალური ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს და სექტორში შექმნილმა დამატებითმა ღირებულებამ მიაღწიოს 3 ტრილიონ აშშ დოლარს (Economist, 2017). ლურჯი ეკონომიკის მსოფლიო პრაქტიკის გაზიარება ლურჯი ეკონომიკის ცნება შედარებით ახალია და მას ევროპის კონტინენტზე იყენებენ 2012 წლის რიო დე ჟანეიროს გაეროს მდგრადი განვითარების კონფერენციის შემდეგ. ტერმინის განმარტებაც სხვადასხვა ხედვებს ემყარება, თუმცა ძირითადად ეყრდნობა მსოფლიო ბანკის განმარტებას. ევროკავშირის პოლიტიკა ამ მიმართულებით მოიცავს განვითარებადი სექტორების ფართო სპექტრს. განსაკუთრებით ყურადღება ექცევა ისეთ სექტორებს რომლებშიც იქმნება სამუშაო ადგილები და აქვს ინოვაციების დანერგვის მაღალი მაჩვენებელი, კერძოდ, სანაპირო ტურიზმი, აკვაკულტურა, ლურჯი ენერგია, ლურჯი ბიოტექნოლოგიები და მოპოვება ზღვის ფსკერზე. დასაქმების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა სანაპირო ტურიზმი, რომელიც ასევე ხასიათდება დამატებითი ღირებულების პოზიტიური ზრდით. ევროპის რეგიონის ლურჯ ეკონომიკაში 4 მილიონზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რაც ევროკავშირის მთლიანი დასაქმების 1.8%-ს შეადგენს, ხოლო მშპ-ს 1.3%-ს (World Bank , 2017). ნაწილობრივი ხარვეზებითა და ზრდის დაბალი მაჩვენებლებით ევროპის კონტინენტი ხასიათდება აკვაკულტურისა და ბიოტექნოლოგიების განვითარებაში, რაც ძირითადად განპირობებულია ბიუროკრატიული პროცედურებითა და ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი სტანდარტების მოთხოვნებით. ევროპარლამენტის ბოლოდროინდელი აქტივობები ზღვის ფსკერზე მოპოვებასთან დაკავშირებით თავშეკავებული პოლიტიკით ხასიათდება. მიიჩნევენ რომ სანამ არ იქნება შესწავლილი ამ პროცესის სოციალური, ეკონომიკური და გარემოზე ზემოქმედების ეფექტები და ყველა შესაძლო რისკი, სჯობს თავი შეიკავონ აქტიური მოპოვებისაგან (EU, 2021). ლურჯი ეკონომიკის სფეროში ევროპის კონტინენტის მონაცემთა ერთ-ერთი სრულყოფილი წყარო არის ევროკავშირის კოპერნიკის პროგრამა (EU’s Copernicus programme, www.copernicus.eu). სატელიტური სისტემების დახმარებით შეიქმნა სპეციალური ცენტრი რომელიც თითქმის რეალურ დროში, სრულიად უფასოდ მოქალაქეებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს აწვდის საზღვაო მონაცემებს. ფუნქციონირებს 2008 წლიდან. შესაძლებელია არა მხოლოდ მიმდინარე მონაცემების, არამედ საპროგნოზო და მონაცემთა არქივების ნახვაც. განთავსებულია ისეთი ტიპის ინფორმაციები, როგორებიცაა მარილიანობა, ტემპერატურა, დინებები, ზღვის დონეების ცვლილებები, სხვადასხვა ნივთიერებებისა და ჟანგბადის შემცველობა და სხვა. ასევე აღსანიშნავია ისეთი პროგრამა, როგორიცაა ევრო-არგო (Euro-Argo). ეს არის საერთაშორისო პროგრამა, რომელიც ოკეანის დინებასთან ერთად მოძრავი რობოტული ინსტრუმენტების – ფლოტის გამოყენებით ზომავს წყლის თვისებებს. თითოეული ინსტრუმენტი (Argo floats) მთელი პერიოდი არის წყლის ზედაპირზე. მონაცემები, რომლებსაც არგო აგროვებს, აღწერს წყლის ტემპერატურასა და მარილიანობას. ამ მონაცემების შეგროვების მთავარი მიზეზი არის ის, რომ შეფასდეს ისეთი მონაცემები, როგორებიცაა ზღვის დონის ცვლილებები, ყინულის დნობის სიჩქარე და სხვა. არგოს წყლის ტემპერატურული გაზომვები საშუალებას გვაძლევს წლიდან წლამდე დავაკვირდეთ, თუ როგორ იცვლება სითბოს განაწილება სიღრმეებში. აღნიშნულის გამოყენება შეიძლება კლიმატის ცვლილების მოდელების გასაუმჯობესებლად. ამჟამად არგო აგროვებს 12000 პროფილის მონაცემს. ეს მნიშვნელოვნად აღემატება მონაცემების იმ რაოდენობას, რომელიც შეიძლება შეგროვდეს ოკეანის სიღრმიდან ნებისმიერი სხვა მეთოდით. საერთაშორისო პროგრამა დაიწყო 1999 წელს, როგორც საპილოტე პროექტი. 25-ზე მეტი ქვეყნის საერთაშორისო თანამშრომლობის წყალობით 2001 წელს შეიქმნა ოკეანოგრაფიის ისტორიაში პირველი სადამკვირვებლო ქსელი. 2008 წელს კი 12 ევროპული ქვეყანა გაერთიანდა ევრო-არგო პროექტის ფარგლებში საერთო მიზნის მისაღწევად, რათა მიეღოთ ოპტიმიზებული და მდგრადი ინსტრუმენტი. 2014 წელს დაარსდა Euro-Argo (Euro-Argo, 2022). უშუალოდ მეთევზეობისა და აკვაკულტურის პროდუქტების შესახებ სრულყოფილი მონაცემთა წყარო არის მეთევზეობისა და აკვაკულტურის პროდუქტების ევროპის ბაზრის ობსერვატორია (MOFEA - European Market Observatory for Fisheries and Aquaculture Products), რომელიც შეიქმნა ევროკომისიის ინიციატივით საზღვაო საქმეთა და მეთევზეობის გენერალური დირექტორატის (DG MARE) მხარდაჭერით. აღნიშნული ჰარმონიზებული, კონსოლიდირებული მონაცემთა ბაზა აერთიანებს 108 მთავარ კომერციული სახეობისა და 12 საქონლის ჯგუფის რაოდენობრივ მაჩვენებლებს, ქვეყნებისა და წლების მიხედვით. მონაცემები ახლდება ყოველკვირეულად, ყოველთვიურად და ყოველწლიურად. ოფიციალურ ვებსაიტზე ინფორმაცია უფასოა, ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის ევროკავშირის 24 ოფიციალურ ენაზე. მონაცემთა ნაწილი მოპოვებულია ეროვნულ, ცალკეული ქვეყნების დონეზე. მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია რეგისტრაციის გარეშე (EUMOFA, 2022). გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში აკვაკულტურულ მეურნეობაში საკვები თევზის წარმოება ბოლო ათწლეულის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა: დაახლოებით 24 მილიონი ტონიდან 76 მილიონ ტონამდე. მსოფლიოს თევზჭერის მოცულობის უმეტესი ნაწილი, თითქმის 90%, წარმოებულია აზიაში. აკვაკულტურას ლურჯ ეკონომიკაში ერთ-ერთ ყველაზე დაბალი დასაქმების მაჩვენებელი აქვს, მაგრამ ყველაზე დიდი ეკონომიკური სექტორია გაყიდვების ღირებულების თვალსაზრისით (51%). ჩინეთის სანაპირო რეგიონებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ეროვნულ ეკონომიკაში. სანაპირო მოიცავს ჩინეთის ფართობის 20%-ს, სადაც მოსახლეობის 40% ცხოვრობს და მშპ-ს 60%-ს აწარმოებს. საზღვაო ეკონომიკა რეგულირდება ეროვნული ხუთწლიანი გეგმის მიხედვით. ჩინეთში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ საზღვაო ეკოლოგიისა და გარემოს დაცვას. ჩინეთს აქვს ლურჯი ეკონომიკის ორგანიზებული და სტანდარტიზებული აღრიცხვის სისტემა. ოკეანის ეკონომიკის აღრიცხვის სისტემა (Ocean Economy Accounting System-OEAS) შეიქმნა 2006 წელს. იყენებს სპეციალურ ინდუსტრიულ კლასიფიკატორებს ოკეანის მრეწველობასა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაში. მათ მინიჭებული აქვთ უნიკალური კოდები. მთელი ჩინეთის ტერიტორიაზე გამოყოფილია სხვადასხვა ეკონომიკური თუ ინდუსტრიული ზონები, რომლებიც მაქსიმალურად ხელს უწყობენ ლურჯ ეკონომიკაში შემავალი სექტორების განვითარებას. ჩინეთი ლიდერია ზღვის პროდუქტების ექსპორტში (FAO, 2020). აკვაკულტურის წილი ჩინეთის თევზის მრეწველობაში სტაბილურად მზარდია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პრიორიტეტულია ღრმა წყლებში თევზაობა და სანაპირო წყლების „დასვენება-აღდგენა“, რომელიც შედეგიანი იქნება არამხოლოდ ეკოლოგიური, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ნახ. 1. თევზისა და თევზის პროდუქტების წამყვანი ექსპორტიორები ღირებულების მიხედვით (2018 წ.) წყარო: FAOSTAT მნიშვნელოვანი ფაქტორია საზღვაო თემატიკასთან დაკავშირებული სავაჭრო შოუების და ექსპოზიციების, გემთმშენებლობისა და საზღვაო ტექნოლოგიების გამოფენების ორგანიზება. მაგალითად, შანხაის საერთაშორისო გარემოს ქიმიური ტექნოლოგიისა და აღჭურვილობის გამოფენაზე წარმოდგენილია 800 ექსპონატი 20-ზე მეტი ქვეყნიდან და რეგიონიდან, მასპინძლობს 40 000 პროფესიონალ ვიზიტორსა და დაინტერესებულ პირს (global, 2021). შავი ზღვის რეგიონში ლურჯი ეკონომიკის პრინციპების გატარებით გამოირჩევა თურქეთი. 1996 წელს დაარსდა თურქეთის საზღვაო კვლევის ფონდი (TUDAV - Turkish Marine Research Foundation, www.tudav.org/en). შექმნის მთავარი მიზეზი იყო თევზის მიგრაციული პროცესებისა და ბიომრავალფეროვნების შესწავლა. დღეს ამ ფონდის მიზნები შემდეგია: მონაცემთა ბაზის შექმნა, კვლევები შავ ზღვაში, პუბლიკაციები და სამეცნიერო ნაშრომები, ზღვის მრავალფეროვნების შესწავლა და სხვა. თურქეთის სახელმწიფო პოლიტიკის ამოსავალი წერტილია ზრუნვა ზღვის რესურსებზე. საკრუიზო და სანაპირო ტურიზმისა თუ თევზჭერის სექტორის განვითარების აუცილებელი პირობა და გაცხადებული პოლიტიკის პირველი ეტაპია ზღვის დაცვა დაბინძურებისგან (Kahveci, 2019). თურქეთს ლურჯი ეკონომიკის ერთ-ერთ ძირითად საქმიანობაში აკვაკულტურაში რეგიონის მასშტაბით წამყვანი როლი უჭირავს. თურქეთში სულ რაღაც XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო მეთევზეობისა და აკვაკულტურის მხარდაჭერა. კერძო სექტორის ინტერესისა და სამთავრობო პოლიტიკის მხარდაჭერით 2000-2019 წლებში ზღვის პროდუქტების წარმოება აკვაკულტურულ მეურნეობებში (როგორც მტკნარი/შიდა, ისე საზღვაო) 79 000-დან 373 000-მდე გაიზარდა. ამ პერიოდშივე მკვეთრად გაიზარდა მსოფლიოში თურქეთის სასაქონლო ბაზრის ინტეგრაციის დონე. აქ აკვაკულტურის მეურნეობების წამყვანი სახეობაა ცისარტყელა კალმახი (rainbow trout). თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით 2019 წელს დარეგისტრირებულია 2 127 აკვაკულტურის მეურნეობა, საიდანაც 434 არის საზღვაო. აქ გვხვდება 100 საზღვაო გალიის ფერმა, რომელთა წლიური სიმძლავრე არის 1 000 ტონაზე მეტი (საერთო მოცულობის 23 %). უნდა აღინიშნოს, რომ თურქული აკვაკულტურის მეურნეობები არის ექსპორტზე ორიენტირებული. ზღვის პროდუქტების შიდა მოხმარება დაახლოებით 6-დან 9 კგ-მდეა ერთ ადამიანზე, რაც მსოფლიო მოხმარების საშუალო რაოდენობაზე, 20.5 კგ-ზე, ბევრად დაბალია (FAO, National Aquaculture Sector Overview Turkey, 2021).
ნახ. 2. ზღვის პროდუქტების იმპორტის მოცულობა, 2015–2021 წწ. წყარო: TURKSTAT ნახ. 3. ზღვის პროდუქტების ექსპორტის მოცულობა, 2015–2021 წწ. წყარო: TURKSTAT მიუხედავად საკვები პროდუქტების თანამედროვე ბაზრის ტიპების ზრდისა, ტრადიციული სადისტრიბუციო არხები, როგორიცაა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ტრადიციული ბაზრები, კვლავ რჩება ადგილობრივად მოყვანილი სახეობების (trout, seabass and seabream)გაყიდვის ძირითად ადგილად, თუმცა მათი როლი თურქეთის მოსახლეობისთვის ზღვის პროდუქტების მიწოდებაში ნელ-ნელა მცირდება (FAO, Aquaculture market in the Black Sea: country profiles, 2022). საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში მოქცეულია სანაპიროს 320კმ-იანი მონაკვეთი. შავი ზღვა მსოფლიო ოკეანისგან ყველაზე იზოლირებული ევროპის შიდა ზღვაა. მისი ფართობი დაახლოებით 422 ათასი კვ.კმ-ია. შავ ზღვაზე გასასვლელი აქვს 6 ქვეყანას – ბულგარეთს, რუმინეთს, რუსეთს, უკრაინას, საქართველოსა და თურქეთს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყნებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის, უსაფრთხოებისა და ერთიანი ეკონომიკური სივრცის განვითარების საკითხებში საერთო ინტერესები აქვთ (გარდა რუსეთისა). შავი ზღვის აუზის ეკოსისტემების დასაცავად შექმნილია შავი ზღვის დაცვის კონვენცია (ე.წ. ბუქარესტის კონვენცია), რომელიც მოქმედებს 1994 წლიდან. ასევე მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაცია არის შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (Black Sea Economic Cooperation – BSEC), რომლის მიზანია პოლიტიკური და ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერა, წევრებს შორის ინტეგრაციის წახალისება. ბოლო 2-3 წელია შავ ზღვაზე გააქტიურდა საზღვაო კვლევებისა და ინოვაციების კოორდინირების პროცესები. აღსანიშნავია ისეთი პროექტები, როგორებიცაა Black Sea Connect, Horizon 2020, Bridge-BSდა სხვა. 2017 წელს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა შავი ზღვის ერთობლივი კვლევებისა და ინოვაციების დღის წესრიგის (SRIA – Strategic Research and Innovation Agenda), რომელსაც 2018 წელს მოჰყვა „ბურგასის ხედვის დოკუმენტის“ ამოქმედება. იგი მიზნად ისახავს 2030 წლისათვის პროდუქტიული, ჯანსაღი, სიცოცხლისუნარიანი, მდგრადი და უფრო ღირებული შავი ზღვის პოლიტიკის შემუშავებას. მასში ჩართულია ბულგარეთი, საქართველო, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, თურქეთი, უკრაინა და მოლდოვა. ამავე მიზნის მხარდამჭერია Black Sea Connect პროგრამა, რომლის ერთ-ერთი მიზანია შავი ზღვის რეგიონის ოპერატიული მოქმედი ქსელის შექმნა, ერთობლივი საერთაშორისო ტრანსსასაზღვრო ღონისძიებების მხარდაჭერა და დანერგვა და სხვა. ამ პროცესებისა და სინეგიული ეფექტის გაძლიერებას ემსახურება Bridge-BS და DOORS-ს პროექტები. Bridge-BS ემყარება მოსაზრებას, რომ შავი ზღვის ეკოსისტემების სერვისებზე დაფუძნებული ლურჯი ზრდის სტიმულირებისა და შენარჩუნებისათვის საჭიროა უსაფრთხო სამუშაო სივრცე. პროექტს აქვს 3 საკვანძო მიმართულება და 4 ძირითადი ასპექტი (Commission, 2019). საქართველოშიც, მსოფლიო ტენდენციის კვალდაკვალ, იზრდება მოთხოვნა ზღვის პროდუქტებზე. პროდუქციით უზრუნველყოფის პრობლემა განსაკუთრებით იჩენს თავს ტურისტულ სეზონზე, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის სურვილს ემატება ტურისტების მოთხოვნა ზღვის პროდუქტებზე. შავ ზღვაზე თევზჭერაში დომინირებს თურქეთი. სწორედ თურქეთი არის მთავარი იმპორტიორი საქართველოს ზღვის პროდუქტების სასაქონლო ბაზარზე. ჭარბი მოპოვება ყველაზე მეტად ქაფშიას სახეობას ეხება, რა მიზეზითაც არის საქართველოს სანაპიროებთან ქაფშიის ნაკლებობა (თუმცა მიმდინარე წელს აღინიშნებოდა აშკარა მატება). საქართველოში გართულებულია მოპოვებული თევზების რაოდენობის მონიტორინგი. ხშირია, როდესაც მეზობელი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი სეინერი ახორციელებს საქართველოს აკვატორიაში თევზჭერას. 2021 წლის მდგომარეობით, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულია 1622 მცურავი ერთეული (შიდა ნაოსნობა – 100 რეგ. ტონაზე ნაკლები – 1525, 100 რეგ. ტონაზე მეტი – 67, საერთაშორისო ნაოსნობა – 30 მცურავი ერთეული), რომელთა საშუალო ასაკი 26 წელია. მათგან 100 რეგ. ტონაზე ნაკლები შიდა ნაოსნობის მცურავ საშუალებებში 25 ერთეული არის თევსაჭერი გემი, ხოლო 100 რეგ. ტონაზე მეტი შიდა ნაოსნობის მცურავი საშუალებებში – 46 (სააგენტო, 2021).
ნახ. 4. 100 რეგ. ტონაზე ნაკლები შიდა ნაოსნობის მცურავი საშუალებების რეესტრი (სულ 1,525), 2021 წ. წყარო: საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ნახ. 5. 100 რეგ. ტონაზე მეტი შიდა ნაოსნობის მცურავი საშუალებების რეესტრი (სულ 67), 2021 წ. წყარო: საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო გარდა პირველადი სახით თევზის მოპოვებისა, ხდება მისი სხვადასხვა ტიპის გადამუშავება, მაგალითად, თევზის კონსერვების დამზადება, თუმცა საქართველოში მსგავსი წარმოება ფაქტობრივად არ არსებობს. მეურნეობის თევზი ძირითადად ცოცხლად იყიდება, ხოლო მცირე ნაწილი გარდაიქმნება ახალ და გაყინულ ფილედ ან შებოლილ, მშრალ და დამარილებულ პროდუქტებად. შესაბამისად, ამ ნაწილის ანალიზი შეიძლება ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლებზე დაყრდნობით. საქართველოდან ზღვის პროდუქტების ექსპორტი საგრძნობლად ნაკლებია იმპორტზე როგორც მოცულობით, ასევე ღირებულებით (ვარშანიძე, 2020).
ნახ. 6. ზღვის პროდუქტების იმპორტის მოცულობა, 2015–2021 წწ. წყარო: საქსტატი
ნახ. 7. ზღვის პროდუქტების ექსპორტის მოცულობა, 2015–2021 წწ. წყარო: საქსტატი გარდა ღია ზღვაში მოპოვებისა, გვაქვს შიდა წყლებში თევზის მეურნეობების მოშენების პრაქტიკაც. საქართველოში მცირე თევზის მოშენების მეურნეობებში ე.წ. „საკალმახე მეურნეობებში“ ხორციელდება მცირე რაოდენობით ძირითადად მდინარის თევზის გამრავლება. ამ ეტაპზე მსგავსი ტიპის აქტივობები სეზონურად ხორციელდება. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე გაშენებული მეურნეობები, მაგალითად, აჭარაში, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წელს პირველი ეროვნული საპილოტე კვლევა ჩაატარა, სადაც აისახა დარგის მაჩვენებლები, წყალსატევებისა და წარმოებული თევზის მოცულობები, ფასები და სტრუქტურა. საქართველოში ეკონომიკის ერთ-ერთ პერსპექტიულ და სწრაფად განვითარებად დარგად ტურიზმი ითვლება. რეგიონის ტურიზმის განვითარების კონცეფციის თანახმად, უახლოეს მიმავალში კიდევ უფრო გაიზრდება ტურიზმის სექტორის წილი შავიზღვისპირეთის რეგიონში, განსაკუთრებით აჭარაში. ამაზე ცალსახად მეტყველებს ტურისტების რაოდენობის ზრდა, დასვენების ლოკაციები და სახეობები (განსაკუთრებით, საზღვაო ტურიზმი). ამ ფაქტების პარალელურად რეალურად გვაქვს სურათი, რომლის მიხედვითაც საზღვაო ტურიზმის ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების პორტით შემოსვლის მაჩვენებელია 1,01%. ლურჯი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი სფეროა საზღვაო ტრანსპორტის ჩართულობა (საკრუიზო მიმართულება). დღეს შავი ზღვის სანაპიროებზე ვერ მოიძებნება კრუიზი, რომელშიც ჩართულია საქართველოს კურორტები. საქართველოში ლურჯი ინვესტიციების მიმართულებით წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს 2017 წელს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ბენეფიციარი კომპანია „უმალის“ მიერ თევზის გადამამუშავებელი ქარხნის გახსნა. კომპანია 70-მდე დასახელების თევზპროდუქტით ამარაგებს საქართველოს ბაზარს. წარმოებული პროდუქციის 100% განკუთვნილია შიდა ბაზრისთვის. გეგმავენ რუსეთიდან იმპორტირებული ხიზილალის სრულად ჩანაცვლებას. თევზის მეურნეობა 1 ჰექტარზეა გაშენებული. პროექტში ჯამურად 1500000 აშშ დოლარი ინვესტიცია ჩაიდო. ეს არის პირველი ქართული თევზისა და ზღვის პროდუქტების მწარმოებელი საქართველოში და ყველაზე დიდი თევზის გადამამუშავებელი ქარხანა ამიერკავკასიაში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2019 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატა ახალი მიმართულება – თევზჭერა. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსებას გაუწევს და განვითარებაში დაეხმარება აღნიშნულ სექტორს, რაც გამოიხატება სესხის თანადაფინანსებითა (2-წლიანი პერიოდითა და 150 000 ლარიდან 5 მლნ ლარამდე მოცულობით) და გემის ლიზინგით (100 000 ლარიდან 5 მლნ ლარამდე). მოსალოდნელი შედეგებია დარგის განვითარება, ფლოტის განახლება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ასევე თევზის სახეობების წარმოებებისა და გაყიდვების გეოგრაფიული არეალის ზრდა, რაც ცალსახად დაკავშირებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან. აღნიშნული აქტივობების განხორციელება ჰარმონიზებული უნდა იყოს საერთაშორისო კანონმდებლობასთან და სხვადასხვა შეთანხმებებთან. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის საკანონმდებლო ბაზის მზაობას. სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებით რეგულირდება ზღვასთან და წყლის რესურსებთან დაკავშირებული საკითხები. ეს საკანონმდებლო ბაზებია: „საზღვაო კოდექსი“, კანონი „წყლის შესახებ“, კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ და სხვა. ეს კანონები გასული ათწლეულის პერიოდშია მიღებული. ლურჯი ეკონომიკის მიმართულებით აღსანიშნავია 2020 წელს მიღებული კანონი „აკვაკულტურის შესახებ“ (პარლამენტი, 2020). დასკვნა ამრიგად, ლურჯი ეკონომიკა და მისი გატარება/დანერგვა, როგორც აქტიური ეკონომიკური პოლიტიკისა მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის, გამოწვევაა. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს დისკუსიები, სამუშაო შეხვედრები და სამოქმედო გეგმების შემუშავება (ეკონომიკური ნაბიჯები, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, ინოვაციური მიდგომები, საკანონმდებლო მხარდაჭერა), რათა მოხდეს მდგრადი განვითარების პირობებში ინკლუზიური, ცირკულარული ლურჯი ეკონომიკის კონცეფციის სრულყოფა, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნებისათვის. ლურჯი ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი რესურსია ოკეანე, ზღვა და ზოგადად წყლის რესურსები. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მოხდეს წყლის რესურსების მოფრთხილება, სისტემური მონიტორინგის მექანიზმის შექმნა. ეს იქნება რეალური საფუძველი მდგრადი პოლიტიკის გასატარებლად. ამასთანავე, ლურჯ ეკონომიკასთან დაკავშირებული სექტორები საკმაოდ დიდ კაპიტალს მოითხოვს. სახელმწიფოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და სოციალური ფონის გათვალისწინებით აუცილებელია დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოძიება. მსოფლიოში ცნობილი ფაქტები ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა აუცილებელია დარგის განვითარების პირველ საფეხურზე. გამოყენებული ლიტერატურა
|