English / ქართული / русский /
ლია თოთლაძემამუკა ხუსკივაძე
ციფრული ტრანსფორმაცია: საერთაშორისო პროგრამები და რეალობა საქართველოში

ანოტაცია. დღეს მსოფლიოში არსებული რეალობა ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ქვეყნებს. ისინი ეძებენ განვითარების გზებს, რომელიც სრულად შეესაბამება ციფრულ ეპოქას და განმსაზღვრელი იქნება ქვეყნის ადგილისა და როლისათვის მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში. განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად კი განიხილება ინოვაციურ, ტექნოლოგიურ ცვლილებებზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირება, ტექნოლოგიებისა, რომლებიც წარმოადგენენ ციფრული ტრანსფორმაციის საფუძველს.

ნაშრომში გადმოცემულია მსჯელობა ციფრული ტრანსფორმაციის არსისა და მისი გამომხატველი ინოვაციური აქტიურობის როგორც მაკრო, ასევე მიკროდეტერმინანტების შესახებ. მიმოხილულია საქართველოში ციფრული ტრანსფორმაციის საერთაშორისო პროგრამები. კვლევაში გაანალიზებულია აგრეთვე საქართველოში ტექნოლოგიური ცვლილებების ამსახველი სტატისტიკური მონაცემები საწარმოთა დონეზე. ანალიზი ეფუძნება საწარმოთა კვლევის შედეგებს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ და მოიცავს როგორც ტექნოლოგიების გავრცელების, ასევე ხელისშემშლელი ფაქტორების ანალიზს.

საკვანძო სიტყვები: ციფრული ტრანსფორმაცია; ინოვაციური აქტივობა; ხელოვნური ინტელექტი.

თანამედროვე ერაში, საქართველოსთვის ციფრული ტრანსფორმაცია განხილული უნდა იქნას, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მამოძრავებელი პოტენციალი გააჩნია. აღსანიშნავია, რომ რამდენადაც მაღალია ქვეყნის ციფრული მზადყოფნა, მით უფრო სწრაფად ხდება ციფრული ეკონომიკის ფორმირება. ამ დროს კი, როდესაც საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო უპრეცედენტო ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა და ეძებს არასტანდარტულ, გზებს ეკონომიკის მოდიფიცირებისთვის, გადამწყვეტი როლი ენიჭება ტექნოლოგიურ ცვლილებებს.

ციფრულ ტრანსფორმაციათან ერთად, ხშირად ვხვდებით სიტყვას "გაციფრულება", “დიგიტალიზაცია” ზოგჯერ ამ სიტყვებს იყენებენ როგორც სინონიმებს, მაგრამ რეალურად შინაარსობრივად ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. დიგიტალიზაცია ნიშნავს რაიმეს ანალოგიდან ციფრულ ფორმატში გადაყვანას რაც გულისხმობს ფიზიკური ან ანალოგური მონაცემების, როგორიცაა ტექსტური, ხმოვანი ან ვიზუალური მონაცემები, გარდაქმნას ციფრულ ფორმატში, რომელიც შეიძლება შენახულ იქნეს და დამუშავდეს ელექტრონულად. მაგალითად, ბეჭდური დოკუმენტის დასკანერება და ელ-ვერსიად გადაქცევა. დიგიტალიზაცია ანუ გაციფრულება არის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ბიზნეს პროცესების გასაუმჯობესებლად, ეფექტიანობისა და ფასეულობის გასაზრდელად. იგი გულისხმობს ციფრული ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების გამოყენებას ტრადიციული ბიზნეს ამოცანების აღსრულებისას. მაგალითად, ციფრული ხელსაწყოების დანერგვა. დიგიტალიზაცია/გაციფრულება უფრო მეტია ვიდრე არსებული ანალოგური მონაცემების ციფრული კონვერტაცია და გულისხმობს ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრაციას ბიზნესის კონკრეტულ ასპექტში.

ციფრული ტრანსფორმაცია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ თანამედროვე გაჯეტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება. იგი მოიცავს ჰოლისტიკურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს ციფრულ ტექნოლოგიებს მთელი ორგანიზაციის მასშტაბით. იგი მოიცავს ოპერაციებისა და პროცესების ოპტიმიზაციას, ინოვაციური კულტურის ხელშეწყობას და მონაცემთა გამოყენებას მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად. მისი არსით, ციფრული ტრანსფორმაცია არის უფრო მასშტაბური და ყოვლისმომცველი პროცესი, ვიდრე მონაცემების დიგიტიზაცია ან კონკრეტული ბიზნეს ოპერაციის გაციფრულება. წარმოუდგენელია ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებით განხორციელება, თუ მას წინ არ უძღვის დიგიტიზაციის და დიგიტალიზაციის ეტაპები. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ბიზნესს შეუძლია სამომავლო პოტენციალის შექმნა და არსებითი სარგებლის მიღება დღეს.

ევროკომისიის განმარტებით ციფრული ტრანსფორმაცია არის მოწინავე ტექნოლოგიების სინთეზი, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ და ციფრულ სისტემებს; ინოვაციურ ბიზნეს მოდელებთან და პროცესებთან მათი კომბინირების შედეგია ინტელექტუალური პროდუქტების და სერვისების შექმნა და პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

  • ციფრული ტრანსფორმაცია საშუალებას აძლევს ბიზნესებს გაზარდონ პოტენციალი რუტინული ამოცანების ავტომატიზაციის, თვითმომსახურების ვარიანტების უზრუნველყოფისა და რეალურ დროში მხარდაჭერის შეთავაზებით.
  • ციფრული ტრანსფორმაციის მეშვეობით პროცესების გამარტივება ზრდის ეფექტურობას. პროცესების ავტომატიზაცია და ოპტიმიზაცია იწვევს რესურსების დაზოგვას, ხარჯებისა შემცირებას და მთლიანი პროდუქტიულობის გაზრდას. ის ასევე ამცირებს შეცდომებს, ზოგავს დროს და ათავისუფლებს ძვირფას რესურსებს თანამშრომლებისთვის, რათა ფოკუსირდნენ უფრო მნიშვნელოვან აქტივობებზე.
  • ციფრული ტრანსფორმაცია უზრუნველყოფს კონკურენტულ უპირატესობას მოწინავე ტექნოლოგიებისა გამოყენებით, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესს უფრო სწრაფად განახორციელოს ინოვაციები, გააუმჯობესოს ეფექტურობა და მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა მუდმივად ცვალებად ბაზარზე.
  • ბიზნეს გარემოს დინამიური ბუნება მოითხოვს მუდმივ ადაპტირებას. ციფრული ტრანსფორმაცია ახალისებს ინოვაციისა და ადაპტაციის მხარდამჭერ კულტურას რაც საშუალებას აძლევს ორგანიზაციებსა და მათ გუნდებს სწრაფად უპასუხონ ბაზრის ცვლილებებს, გამოიყენონ განვითარებადი შესაძლებლობები, გადალახონ გამოწვევები და გაუსწრონ ინდუსტრიის ტენდენციებს

რა თქმა უნდა, ციფრული ტრანსფორმაციის გავლა შეუძლებელია გამოწვევების გარეშე. საინფორმაციო ინფრასტრუქტურა და ციფრული წიგნიერება, კიბერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ბიუჯეტირება - ის გამოწვევებია, რომელსაც ბიზნესი შეიძლება წააწყდეს. თუმცა, მძლავრი ციფრული სტრატეგიით, სწორი ინვესტიციით და უწყვეტი განვითარების კულტურის ხელშეწყობით, ამ გამოწვევების დაძლევა ნამდვილად შესაძლებელია.

ცხადია ციფრული ტრანსფორმაცია არ არის ერთჯერადი მოვლენა, არამედ უწყვეტი პროცესია. ცალსახაა, რომ მომავალი ციფრულია და გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორი სახით სურთ ბიზნესებს ამ მომავალში არსებობა, მათივე ლიდერების ხელშია. ის მოითხოვს ბიზნესის პროცესების, ბიზნესის მოდელების და ეკონომიკური ურთიერთობების სისტემურ ცვლილებებს როგორც საწარმოში ასევე მის გარშემო. გარემოს შექმნა ეკონომიკის ტრადიციულ სექტორებში მომუშავე მცირე და საშუალო საწარმოების ციფრული ტრანსფორმაციისთვის უნდა ითვალისწინებდეს სპეციალიზებული ტექნოლოგიური და ბიზნეს-კონსულტაციების სპექტრს. ასევე კომპლექსურ ფინანსურ ჩარჩოს მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად ამ კომპლექსურ ძალისხმევაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული ტექნოლოგიების უფრო აქტიურად გამოყენების, ტექნოლოგიური ცვლილებების აქსელერატორის როლი შეასრულა პანდემიამაც. სულ უფრო მოთხოვნადი გახდა ციფრული სერვისები (და შესაბამისად გაიზარდა მოთხოვნა დისტანციურად მომუშავე პროფესიონალებზე), რეალურ საწარმოო პროცესებში კი ავტომატიზაციის ხარისხი სულ უფრო მეტად იზრდება. შრომის ავტომატიზაციის აშკარა ტენდენციაზე მეტყველებს რიგ სექტორებში რობოტექნიკაზე გაწეული დანახარჯების მზარდი დინამიკა. არსებითი ცვლილებებია საფინანსო სექტორშიც. კომპანია Ark-invest-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ციფრული საფულეების ზრდის ტენდენცია 2008 წლის შემდგომ პერიოდში გამოკვეთილია. ბანკებს გარდა, ციფრული საფულეების საშუალებით თანხის გადახდა მარტივდება, რაც გამოიწვევს სუპერმარკეტებში და სხვა სერვის სექტორში, ადამიანური პერსონალის დასაქმების საჭიროების კლებას (მაგ: Amazon Go - ამაზონის სუპერმარკეტის ქსელი მომსახურე პერსონალის გარეშე). ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად კი მუდმივად ვითარდება და იცვლება შრომის ბაზარი. ტექნოლოგიური ცვლილებები გავლენას ახდენს სამუშაო ძალის მოთხოვნასა და მიწოდებაზე, აქედან გამომდინარე მას დიდი გავლენა აქვს ადამიანებზე, ბიზნესზე, დასაქმებაზე, ხელფასზე (თოთლაძე ლ., ვეშაპელი გ., 2021).

საქართველოში ამ მიმართულებით ხორციელდება საერთაშორისო პროგრამები, რომელთა მიზანია ქვეყანაში ამ მიმართულებით აქტივობების ხელშეწყობა. ევროკავშირის მიერ ინიცირებული „EU4Digital: ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ მხარს უჭერს ციფრული ეკონომიკის და საზოგადოების ძირითად სფეროებს ევროკავშირის ნორმების და პრაქტიკის შესაბამისად. ციფრული პროცესების გავლენით მნიშვნელოვნად იცვლება ცხოვრების ყველა ასპექტი და ეკოსისტემის პლატფორმა (თოთლაძე ლ., ვეშაპელი გ., 2021).

ინიციატივის EU4Digital ფარგლებში ფინანსდება ოთხი პროექტი – EU4Digital Facility, EU4Digital Broadband, EU4Digital Cyber და EaPConnect. აღნიშნული პროექტების მსგავსად, ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს რიგ სხვა პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ციფრულ ეკონომიკას და საზოგადოებას როგორც რეგიონულ, ისე ბილატერალურ (ქვეყნის) დონეზე.

  • ინიციატივა EU4Digital: მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი სტრატეგიები აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. პროექტი, რომელსაც ახორციელებს მსოფლიო ბანკი, ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს განვითარებაში და მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ეროვნული სტრატეგიების ადრეულ ეტაპზე განხორციელებაში ევროკავშირის სათანადო სტრატეგიების შესაბამისად, ტექნიკური დახმარების და პოტენციალის შექმნის მხარდაჭერით.
  • EU4Digital: Cybersecurity EAST. ქვეყნები: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა. ევროკავშირის მხარდაჭერა: 3,121,600 ევრო. პროექტის მიზანია კიდევ უფრო დაუახლოვოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანა ევროკავშირის კიბე უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს, პარტნიორ ქვეყნებს შორის განვითარებაში არსებული განსხვავებების გათვალისწინებით. პროექტის ამოცანაა ტექნიკური და თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება, რომლებიც ზრდის კიბერუსაფრთხოებას და მზადყოფნას კიბერშეტევებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.
  • პროგრამა EU4Digital ფაზა I. ქვეყნები: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა. ევროკავშირის მხარდაჭერა: €11 მილიონი. პროგრამის EU4Digital პირველი ფაზა დაიწყო 2019 წელს და დამთავრდა 2022 წლის დასაწყისში. პროგრამა შეიქმნა ციფრული ტრანსფორმაციის მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში EU4Digital ქსელებთან თანამშრომლობით ექვს ძირითად თემატურ სფეროში: ტელეკომის წესები, ელ-ვაჭრობა, სანდოობა და უსაფრთხოება, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური (ICT) ინოვაციები, ელ-ჯანმრთელობა და ციფრული უნარები. პროგრამის EU4Digital I ფაზის (2019-2022) ზოგადი ამოცანაა იყო არსებული დაბრკოლებების და ბარიერების აღმოფხვრა პანევროპული ონლაინ მომსახურების მიწოდებაში მოქალაქეების, საჯარო ადმინისტრაციისა და ბიზნესისთვის, მათ შორის ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის გზით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან.
  • პროგრამა EU4Digital ფაზა II. ქვეყნები: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა. პროგრამის EU4Digital მიზანია ევროკავშირის ერთიანი ციფრული ბაზრის უპირატესობების დანერგვა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში, მათი მხარდაჭერა როუმინგის ტარიფების შემცირებაში, მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი კავშირის განვითარება ეკონომიკის სტიმულირებისთვის და ელ-სერვისების გასაფართოებლად, ციფრული ჩარჩოების ჰარმონიზაცია მთელ საზოგადოებაში და მის სხვადასხვა სფეროში (მაგ. ლოგისტიკა, ჯანდაცვა და ა.შ.), კიბერუსაფრთხოების განვითარება, უნარების ათვისება და მეტი სამუშაო ადგილის შექმნა ციფრულ ინდუსტრიაში. პროგრამის EU4Digital II ფაზა (2022-2025) ეფუძნება პროგრამის EU4Digital I ფაზის (2019-2022) მიღწევებს და პროექტის გაგრძელებას, და ინიციატივის EU4Digital ძირითად პროგრამას. პროექტი მოიცავს პოლიტიკის ექვს ძირითად სფეროს: ტელეკომის წესები, ელ-სანდოობა და სახელმწიფოთაშორისი ციფრული სერვისები, ელ-ვაჭრობა, ICT ინოვაციები და სტარტაპის ეკოსისტემები, ელ-ჯანმრთელობა და ციფრული უნარები. ეს სფეროები სტრუქტურირებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ძირითადი პრინციპების – ციფრული ინფრასტრუქტურის, ელ-მმართველობის, და ციფრული ეკონომიკის და ინოვაციების შესაბამისად.

ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციური აქტიურობის არსებული მდგომარეობისა და დინამიკის შეფასებისათვის საინტერესოა საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზი. სტატისტიკური მონაცემები ემყარება საქართველოში მოქმედ საწარმოთა კვლევას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას კომპანიების მიერ ინოვაციების შეტანას ბაზარზე, ინოვაციურ აქტივობასთან დაკავშირებული სწავლებას, საკუთარ კვლევებს და დამუშავებებს, გარე კვლევებსა და დამუშავებებს, მანქანა-დანადგარებისა და სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფის შეძენას.

ერთ-ერთ მაჩვენებლად განიხილება ERP - საწარმოს რესურსების დაგეგმვის პროგრამული უზრუნველყოფა. იგი წარმოადგენს პროგრამული პაკეტს, რომელიც უზრუნველყოფს საწარმოს რესურსების მართვას სხვადასხვა ფუნქციონალურ სფეროებს (ფინანსები, დაგეგმვა, წარმოება მარკეტინგი და ა. შ.) შორის, ინფორმაციის გაცვლის საფუძველზე. ნახაზი #1-ზე წარმოდგენილია სტატისტიკური მონაცემები ასახავს იმ საწარმოთა წილს, რომლებიც სარგებლობენ საწარმოს რესურსების დაგეგმვის პროგრამული უზრუნველყოფით. მაჩვენებლები, რომელიც 2019-2024 წლების დინამიკას ასახავს გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებს გვაძლევს.

ნახაზი #1

საწარმოთა წილი, რომლებიც სარგებლობდნენ ERP ტიპის პროგრამული უზრუნველყოფით 

შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით, % 

 

 

2019

2020

2021

2022

2023

2024

საწარმოსმიერ ERP ტიპისპროგრამული  უზრუნველყოფისგამოყენებისგამოცდილება

სულ

9.8%

8.7%

7.9%

6.9%

10.4%

8.9%

მათშორის:

მცირე

8.9%

7.6%

7.3%

5.8%

9.5%

7.7%

საშუალო

24.9%

24.7%

20.7%

32.3%

35.3%

35.7%

მსხვილი

54.4%

51.5%

42.8%

57.5%

56.3%

63.5%

წყარო: www.Geostat.ge    

გამოკითხვის შედეგების მიხედვით ამ კონკრეტული ტექნოლოგიის გამოყენება გამოკითხულ საწარმოებში მცირედით შემცირებულია, მაგრამ საინტერესო ტენდენცია იკვეთება - შემცირება უმთავრესად უკავშირდება მცირე საწარმოების წილის კლებას, ხოლო საშუალო და მსხვილ საწარმოებში მისი დანერგვა პირიქით გაზრდილია. 24,9%-დან 35,7%-მდე საშუალო ზომის საწარმოებში და 54,4%-დან 63,5%-მდე მსხვილ საწარმოებში შესაბამისად. აღნიშნული სრულად შეესაბამება ეკონომიკურ ლიტერატურაში გავრცელებული მოსაზრებებს, რომლის მიხედვითაც ტექნოლოგიური და ინოვაციური ცვლილებების გავრცელებაზე გავლენას ახდენს კომპანიის ზომა. ანუ ამ მოდელით აღწერილ დამოკიდებულებების მიხედვით მსხვილ საწარმოებს ტექნოლოგიური ცვლილებების განხორციელების უფრო მაღალი პოტენციალი გააჩნიათ.

არანაკლებ საინტერესოა აგრეთვე ხელოვნური ინტელექტისსისტემა, რომელიც თავისი არსით თანამედროვე ტექნოლოგიური ცვლილებების გამოხატულებად შეიძლება ჩაითვალოს.  სისტემა ისეთ პროგრამულ უზრუნველყოფაზეა დაფუძნებული, როგორიცაა ჩატ-ბოტები და ბიზნესის ვირტუალური თანაშემწეები, რომლებიც დაფუძნებულია ბუნებრივი ენის დამუშავებაზე;  კომპიუტერული მხედველობის ან ხმის ამომცნობ სისტემებზე დაფუძნებული სახის ამომცნობი სისტემები; მანქანური თარგმნის პროგრამული უზრუნველყოფა;  მონაცემთა ანალიზი, რომელიც ემყარება მანქანურ სწავლებას და ა. შ. ან განეკუთვნება მოწყობილობაში ჩაშენებული სისტემებს, როგორიცააავტომატური რობოტები საწყობის ავტომატიზაციისა ან პროდუქციის ასაწყობი სამუშაოებისთვის; ავტომატური დრონები წარმოების სათვალთვალოდ ან ამანათების დამუშავებისთვის და ა. შ. თუ გავაანალიზებთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას საქართველოს საწარმოებში ნათლად იკვეთება შემდეგი ტენდენცია - 2020-დან 2023 წლამდე იმ საწარმოთა წილი, რომლებიც იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს შემცირებულია 5,4%-დან 1,7%-მდე (ნახაზი #2).

ნახაზი #2

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საწარმოებში, % 

საწარმოთა წილი, რომლებიც იყენებდნენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს:

 

2020

2021

2022

2023

სულ

საწარმოთაწილი, რომლებიც იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს

5.4%

3.7%

1.5%

1.7%

მათ შორის:

მცირე

საწარმოთა წილი, რომლებიც იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს

5.4%

3.6%

1.4%

1.5%

საშუალო

საწარმოთა წილი, რომლებიც იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს

5.7%

5.8%

3.5%

5.0%

მსხვილი

საწარმოთა წილი, რომლებიც იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს

10.5%

12.5%

11.1%

14.9%

წყარო: www.Geostat.ge    

აღნიშნული სურათი უკავშირდება მცირე და საშუალო საწარმოებში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენების შემცირებას (5,4%-დან 1,5%-მე და 5,7%-დან 5,0%-მდე შესაბამისად). თუმცა, იმავე პერიოდში მსხვილ საწარმოთა წილი საკმაოდაა გაზრდილი 10,5%-დან 14,9%-მდე. შესაბამისად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენება უფრო ხელმისაწვდომი აღმოჩნდა სწორედ მსხვილი საწარმოებისათვის. 

ამგვარი სურათი ცხადია დაკავშირებულია ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების სირთულეებთან. აღნიშნულ პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით უმთავრესი პრობლემა მაღალ ხარჯებსა და შიდა ფინანსური რესურსების ნაკლებობაა (ნახაზი #3). გამოკითხულ საწარმოთა 10,2%-სათვის ასევე დიდი ზეგავლენის ფაქტორადაა მიჩნეული ბაზარზე არსებული კონკურენცია. ქვემოთმოყვანილი ცხრილი მართალია ასახავს 2023 წლის გამოკითხვის შედეგებს, მაგრამ სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, ანალოგიური მდგომარეობა შეინიშნებოდა ადრეულ წლებშიც.

ნახაზი #3

საწარმოთა განაწილება ხელის შემშლელი ფაქტორების ზეგავლენის მნიშვნელოვნების მიხედვით 

 

2023

მაღალი

საშუალო

დაბალი

 არჰქონდაგავლენა

შიდაფინანსურირესურსებისნაკლებობა

9.5%

19.0%

11.4%

60.1%

კრედიტისანკერძოკაპიტალისნაკლებობა

5.1%

14.3%

13.4%

67.2%

სირთულეებისახელმწიფოგრანტებისანსუბსიდიებისმიღებისას

3.5%

10.4%

11.0%

75.1%

ძალიანმაღალიხარჯები

10.1%

19.3%

12.6%

57.9%

საწარმოშიკვალიფიციურიპერსონალისნაკლებობა

4.1%

12.0%

15.2%

68.7%

პარტნიორებისმოძიებისსირთულე

3.9%

11.4%

13.2%

71.6%

გარეცოდნაზეხელმისაწვდომობისსირთულე

2.6%

9.0%

14.4%

74.0%

იდეაზეგაურკვეველისაბაზრომოთხოვნა

2.2%

9.1%

13.3%

75.5%

ბაზარზედიდიკონკურენცია

10.2%

20.6%

12.1%

57.1%

სხვადასხვაპრიორიტეტებისაწარმოში

1.8%

10.8%

14.8%

72.6%

წყარო: www.Geostat.ge 

კვლევის შედეგები ადასტურებს ინივაციური საქმიანობის ხელიშემწყობი მიზანმიმართული პოლიტიკის გატარების აუცილებლობას. საქართველოს ტექნოლოგიური ცვლილებების უფრო აქტიურად განხორციელებისთვის საჭიროა ინოვაციური პოტენციალის შეფასება, არსებული მეცნიერული დამუშავებებისა და გამოგონებების კომერციალიზაცია, აქტუალური სიახლეების ძიება და მათზე მოთხოვნის სტიმულირება.

სახელმწიფომ მიზანმიმართული პოლიტიკა უნდა გაატაროს მაღალტექნოლოგიურ პროდუქციაზე მოთხოვნის ხელშეწყობისათვის, ისევე როგორც  ინოვაციური პროდუქტებისა და პროცესების შექმნის სტიმულირებისათვის.  მნიშვნელოვანია შესაბამისობა საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღებულ ცოდნას, შრომის ბაზარზე სპეციალისტების უნარ-ჩვევებსა და კვალიფიკაციაზე არსებულ მოთხოვნას შორის. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია ეფექტიანი საგანმანათლებლო სისტემა,  ქვეყანაში სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვა, გლობალური ტექნოლოგიური ტენდენციების ანალიზი და შეფასება.

სახელმწიფოსთან ერთად ამ პროცესში აქტიური მონაწილეობა კერძო სექტორმა უნდა მიიღოს.  აუცილებელია მუდმივი კავშირი მეცნიერებას, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის. საქართველოს ტექნოლოგიების ათვისების უნარის გაზრდა,  საწარმოთა ინოვაციურ საქმიანობაში უფრო მეტად ჩართვა  უმნიშვნელოვანესი იქნება  საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური გზით განვითარებისათვის. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. თოთლაძე ლ., ვეშაპელი გ. (2021) ციფრული ტრანსფორმაციის შრომასა და შრომის ბაზარზე ზეგავლენის საკითხისათვის.  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „XXI საუკუნის ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური და ტექნოლოგიური გამოწვევები“ მასალათა კრებული, თბილისი; http://conferenceconomics.tsu.ge/doc/2021%20konf.pdf
  2. Appiah E. N. (2017)  The Effect of Education Expenditure on Per Capita GDP in Developing Countries.  International Journal of Economics and Finance; Vol. 9, No. 10;.  https://doi.org/10.5539/ijef.v9n10p136
  3. Big Ideas Report 2021. Research Paper of ARK Investment Management, Available at: https://ark-invest.com/big-ideas-2021/;
  4. Hanushek, E. A., & Wößmann, L. (2010). Education and Economic Growth. In P. Peterson, E. Baker, & B. McGaw (Eds.), International Encyclopedia of Education(Vol. 2, pp. 245-252). https://doi.org/10.1016/B978-0-08-044894-7.01227-6;
  5. Goos, M., Arntz, M., Zierahn, U., Gregory, T., Carretero Gómez, S., González Vázquez, I., Jonkers, K., The Impact of Technological Innovation on the Future of Work, European Commission, Seville, 2019, JRC117212;
  6. Vivarelli, M. Innovation and employment. IZA World of Labor 2015: 154 doi: 10.15185/izawol.154;
  7. Totladze L. (2020)  Government Expenditure on Education and R&D as a Factor of Homan Capital and its Impact on Economic Growth.  საერთაშორისო რეცენზირებადი სამეცნიერო ანალიტიკური ჟურნალი „ეკონომისტი“, #2 2020.  ISSN 1987-6890 https://doi.org/10.36172/EKONOMISTI.2020.XVI.02.TOTLADZE
  8. Totladze L., Khuskivadze M. (2020) The Effect of Foreign Direct Investments on Innovation and Technology Transfer.საერთაშორისო სამეცნიერო ინტერნეტკონფერენციის მასალათა კრებული. პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინტიტუტი, თბილისი, 2020; http://conferenceconomics.tsu.ge/doc/2020konfint.pdf
  9. http://data.uis.unesco.org ;
  10. https://unctad.org;
  11. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/108/inovatsiuri-aktivoba