ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
|
|
|
∘ ნაზირა კაკულია ∘ კლიმატის ცვლილების და მასთან დაკავშირებული რისკების ზემოქმედება მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე ანოტაცია. მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადეს, რომ 17 მდგრადი განვითარების მიზნის (SDG) მიღწევა მოითხოვს განვითარების დაფინანსების ესკალაციას. ანგარიშში Scaling Finance for the Sustainable Development Goals ხაზგასმულია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მცდელობების აქტუალობა ფინანსური ინოვაციების წახალისების მიზნით. . მაშინაც კი, თუ ფინანსების როლი SDG-ების მიღწევაში უდავოა. სტატიაში ჩვენ ვაჩვენეთ მეთოდოლოგიურად, რომ არსებობს კვლევები, რომლებიც გვიჩვენებენ კავშირს მდგრად ფინანსებსა და SDG-ებს შორის ევროკავშირის ქვეყნების საფუძველზე. მდგრადი ფინანსების მოდელი თამაშობს მნიშვნელოვან როლს SDG-ების განხორციელებაში. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ რაც უფრო მდგრადია ფინანსური მოდელი, მით უკეთესი იქნება SDG-ების მიღწევა გაანალიზებული ქვეყნების ჯგუფში. საკვანძო სიტყვები: მდგრადი განვითარების მიზნები, SDGs, მდგრადი ფინანსური მოდელი. მდგრადი დაფინანსების ერთიანი განმარტება არ არსებობს. თუმცა, საერთაშორისო დონეზე რამდენიმე ფართოდ გამოყენებად მდგრადი დაფინანსების განმარტებებს მიეკუთვნება: კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო ასოციაციის (International Capital Market Association - ICMA, 2020). განმარტების მიხედვით კი მდგრადი დაფინანსება მოიცავს კლიმატის ცვლილების, მწვანე და სოციალური აქტივობებისკენ მიმართულ ფინანსებს, რომელიც, ერთი მხრივ, ორგანიზაციების გრძელვადიან ეკონომიკურ მდგრადობას, ხოლო მეორე მხრივ, ფინანსური სექტორის სტაბილურობას და ამ მიმართულებით მათი როლის ზრდას ემსახურება (ICMA, 2020) საქართველოს ეროვნული ბანკი, ზემოთ წარმოდგენილი განმარტებების მსგავსად, მდგრადი დაფინანსების ფართო განმარტებას იყენებს. უფრო კონკრეტულად კი მდგრადი დაფინანსება გულისხმობს ფინანსური გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ინტეგრირებას, მათთან დაკავშირებული რისკების მართვას, და ფინანსების ისეთი პროექტებისკენ წარმართვას, რომელთაც დადებითი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტები აქვთ. ყოველივე ეს გრძელვადიან ეკონომიკურ მდგრადობას და ფინანსურ სტაბილურობას უწყობს ხელს (NBG, 2023). აღნიშნული განსაზღვრება ევროკავშირის, ICMA-ის და G20-ს მიერ შემუშავებულ განმარტებებს ეფუძნება და შეესაბამება. მიუხედავად მდგრადი დაფინანსების განმარტებების ფორმულირებაში გარკვეული განსხვავებებისა, ყველა ზემოთ მოყვანილი განმარტება ორი მნიშვნელოვანი საკითხს, რისკებს და შესაძლებლობებს აერთიანებს: ფინანსური სტაბილურობის გასაუმჯობესებლად გადაწყვეტილების მიღების პროცესში ESG საკითხების ინტეგრაცია; და ფინანსების მიმართვა მდგრადი და ინკლუზიური ზრდის მისაღწევად. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მიღებულ იქნა დედამიწის სამიტზე რიო-დე-ჟანეიროში 1992 წელს და ძალაში შევიდა 1994 წელს. UNFCCC არის ფუნდამენტური ჩარჩო გლობალური ძალისხმევისთვის კლიმატის ცვლილებისა და მისი ზემოქმედების მიმართ. კონვენციის მიზანია ატმოსფეროში სათბური გაზების კონცენტრაციის სტაბილიზაცია იმ დონემდე, რომელიც შეამცირებს კლიმატზე ადამიანის ზეგავლენას. ეს მიზანი კონვენციის მიერ განსაზღვრულ ჩარჩოებში უნდა განხორციელდეს, რათა ბუნებრივ ეკოსისტემებს მიეცეთ კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის შესაძლებლობა. კონვენცია აღიარებს მონაწილე მხარეთა ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტს, მაგრამ მოითხოვს ზომების გატარებას კლიმატური სისტემის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ამისათვის მხარეებმა უნდა რეალობად აქციონ წინასწარი ღონისძიებები, რათა რადიკალურად შემცირდეს „კლიმატის ცვლილების არახელსაყრელი შედეგი“. ხსენებული ცნება თავის თავში მოიაზრებს კლიმატურ მოვლენებს, რომლებსაც შეუძლიათ ცოცხალ და ფიზიკურ გარემოში მნიშვნელოვანი ნეგატიური ცვლილებების გამოწვევა, რაც თავის მხრივ ზეგავლენას ახდენს კლიმატზე. UNFCCC-ის ძირითად ასპექტებს წარმოადგენენ შემდეგი საკითხები: • სათბური გაზების კონცენტრაციის სტაბილიზაცია • მხარეები და მხარეთა კონფერენცია (COP) • COP-ის დამხმარე ორგანოები • კიოტოს პროტოკოლი • პარიზის შეთანხმება • ეროვნული განსაზღვრული შენატანები (NDCs) • ფინანსური მექანიზმები • ტექნოლოგიათა ტრანსფერი • ადაპტაციის ფონდი UNFCCC-ის პროცესი გადამწყვეტ როლს ასრულებს საერთაშორისო თანამშრომლობისა და კლიმატის ქმედებების შესახებ კონსენსუსის ხელშეწყობაში. ყოველწლიური COP შეხვედრები აერთიანებს მთავრობების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ და მოლაპარაკება მოახდინონ კლიმატის პოლიტიკასა და ქმედებებზე. UNFCCC რჩება ცენტრალურ პლატფორმად კლიმატის ცვლილების გლობალური გამოწვევის მოსაგვარებლად (2023 SDG Summit, 2024). 2030 წლის მდგრადი განვითარების გეგმა, რომელიც მიღებული იყო გაერთიანებული ერების წევრი სახელმწიფოების მიერ 2015 წელს და წარმოადგენს საერთო სამოქმედო გეგმას ხალხისა და ზოგადად ეკოსისტემისთვის, აწმყოსა თუ მომავალში, როგორც ვიცით, გულისხმობს 17 მდგრადი განვითარების მიზანს (SDGs), რომლებიც განასახიერებენ გადაუდებელ მოწოდებას ყველა ქვეყნისთვის გლობალური პარტნიორობის ფარგლებში. ისინი აღიარებენ, რომ სიღარიბისა და სხვა პრობლემატური საკითხების გადაჭრა თუ აღმოფხვრა უნდა წარიმართოს ჯანდაცვისა და განათლების გაუმჯობესების, უთანასწორობის შემცირების და ეკონომიკური ზრდის სტიმულირების სტრატეგიებთან ერთად - ამასთან, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლით და ჩვენი ეკოსისტემის შენარჩუნებით. არსებულ პერიოდში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვიმყოფებით 2030 წლამდე შესასრულებელი გეგმისთვის განსაზღვრული პერიოდის მეორე ნახევარში, სამწუხაროდ არსებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ SDG-ების მიზნების მხოლოდ მცირედი ნაწილი სრულდება წარმატებით, თითქმის ნახევარი სრულდება მცირედი პროგრესით, ხოლო მესამედზე მეტი ერთ ეტაპზეა გაჩერებული ანდაც სტაგნაციას განიცდის. უნდა ითქვას, რომ SDG-ის განხორციელების ადრეულ წლებში ნელი, თუმცა ამავდროულად სტაბილური პროგრესი იყო კრიტიკულ SDG-ის ინდიკატორებზე, მაგრამ 2019 წლიდან მძიმე გლობალურმა წინააღმდეგობებმა იჩინა თავი. COVID-19-ის პანდემიამ, მსოფლიოში კონფლიქტების ზრდამ, გეოპოლიტიკურმა თუ სავაჭრო დაძაბულობებმა და კლიმატის ცვლილების გამამწვავებელმა ეფექტებმა ერთად გამოიწვია SDG მიზნების შესრულებისთვის წინასწარ გაწერილი გეგმების შესრულებისთვის გაუთვალისწინებელი წინაღობების შექმნა. პანდემიამ და სხვა ხელისშემშლელმა ფაქტორებმა გამოიწვია დამატებით 23 მილიონზე მეტი ადამიანისთვის უკიდურესი სიღარიბის პირობებში ცხოვრების იძულება და გამოიწვია დამატებით 123 მილიონზე მეტი ადამიანის შიმშილი 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით, რამაც გააფართოვა შემოსავლის ზრდის განსხვავება უღარიბეს და უმდიდრეს ქვეყნებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ჯანმრთელობის პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მიზნები გაუმჯობესდა, გლობალური ჯანმრთელობის საერთო პროგრესი 2015 წლიდან შენელდა. განათლების პროგრესი – საფუძველი, რომელზეც ბევრი რამ დგას – რჩება სერიოზულ პრობლემად, მსოფლიოში მხოლოდ მოსწავლეების 58% ფლობს მინიმალურ კითხვის უნარს დაწყებითი სკოლის დასრულებისას და ყოველი მეხუთე ახალგაზრდა არც განათლების, არც პროფესიული სწავლებისა და არც დასაქმების სექტორში არ გახლავთ ჩართული. 2030 წლის გეგმის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზანი - გენდერული თანასწორობის მიღწევა კვლავაც შორეულ პერსპექტივად გვევლინება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში თუ მენეჯერულ როლებში გენდერული თანასწორობის მიღწევაზე შეზღუდული პროგრესით და ქალებისა თუ გოგონებზე ძალადობის მაღალი დონის შენარჩუნებით (2023 SDG Summit, 2024). კლიმატისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში, განვითარებულ ქვეყნებში სათბურის გაზების ემისიების გარკვეული შემცირების მიუხედავად, სათბურის კონცენტრაციამ 2022 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ხოლო 2023 წელს რეალურ დროში მონაცემები მიუთითებს მუდმივ ზრდაზე. ნახშირორჟანგის დონე 150%-მდე გაიზარდა პრეინდუსტრიულ დონეებზე. ნავთობის, ქვანახშირისა და გაზის წარმოებისა და მოხმარების სახელმწიფო დაფინანსება გაორმაგდა 2021 წლიდან 2022 წლამდე და სამჯერ გაიზარდა 2015 წლიდან, რაც აფერხებს პროგრესს წმინდა ნულოვანი გარდამავალი მიმართულებით. ოკეანის მჟავიანობა იზრდება და გაგრძელდება, თუ CO2-ის ემისია კვლავ განაგრძობს ზრდას. სახეობების გადაშენების რისკიც უფრო და უფრო იზრდება, 1993 წლიდან აგრეგატული წითელი ნუსხის ინდექსი 12%-ით შემცირდა.(International aid rises in 2023, 2024). მონაცემთა ხელმისაწვდომობა და დროულობა წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შეფასებისთვის. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული მონაცემთა ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში SDG მონიტორინგისთვის, როდესაც 2019 წლის გლობალურ SDG მონაცემთა ბაზებს ვადარებთ 2024 წლის მონაცემთა ბაზებთან. მაგალითისთვის 2016 წელს, როდესაც მდგრადი განვითარების მიზნები ახალი შეთანხმებული და დამტკიცებული იყო, ინდიკატორების მხოლოდ ერთ მესამედს ჰქონდა კარგი მონაცემთა ბაზა (ანუ მონაცემები ხელმისაწვდომი იყო 50%-ზე მეტი ქვეყნისათვის) და SDG ინდიკატორთა 39%-ზე მეტს არ გააჩნდა საერთაშორისოდ დამკვიდრებული მეთოდოლოგია ან სტანდარტები. დღეს კი ინდიკატორების 68%-ს აქვს მონაცემთა კარგი ბაზა და 231-ვე ინდიკატორს აქვს კარგად ჩამოყალიბებული და საერთაშორისოდ შეთანხმებული მეთოდოლოგია 2020 წლიდან. გარდა ამისა, კარგი ტენდენციის მონაცემები ხელმისაწვდომია ინდიკატორების 51%-ზე (მინიმუმ ორი მონაცემთა წერტილი 2015 წლიდან) მეტი, ყოველივე შეადგენს ყველა ქვეყნის ნახევარზე მეტს. (The Sustainable Development Goals Report, 2023) მონაცემთა მნიშვნელობის უკეთ გააზრებით ყველა SDG-ს პროგრესის მართვისთვის, 2023 წლის სექტემბერში SDG სამიტზე შეიქმნა ახალი ინიციატივა მონაცემთა მნიშნელობის შესახებ მიზანთა განხორციელებაში. ამ ინიციატივის მიზანია უზრუნველყოს SDG-ს მისაღწევად საჭირო მონაცემები პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ეროვნულ მონაცემთა სისტემებში ინვესტიციების მობილიზაციის გზით ( Progress towards the Sustainable Development Goals, 2024). 2022 წელს მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 74% იყენებდა სუფთა ენერგიას ყოველდღიური საქმიანობისთვის თუმცა, დაახლოებით 2.1 მილიარდი ადამიანი მაინც იყენებდა მავნე ენერგიასა და ტექნოლოგიებს, როგორიცაა ნახშირი, ხის ნარჩენები, სასუქი, ნავთი და ხე. გლობალურად ენერგიაზე წვდომის დეფიციტი 2015 წლიდან მოყოლებული 36%-დან 26%-მდე შემცირდა. თუმცა, მიმდინარე ტენდენციები მიუთითებს, რომ 2030 წლისთვის უნივერსალური წვდომის მიღწევა 21%-ით არ შესრულდება, რის შედეგადაც 1.8 მილიარდი ადამიანი დარჩება სუფთა ენერგიის გარეშე. 2022 წელს განვითარებად ქვეყნებში მწვანე ენერგიის მხარდაჭერისთვის საერთაშორისო საჯარო ფინანსური ნაკადები 15.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც 2021 წელთან შედარებით 25%-იანი ზრდაა, თუმცა ეს მაინც მხოლოდ 2016 წლის პიკს 28.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. თუმცა, 2023 წელს მოსალოდნელი იყო გლობალური ხუთწლიანი საშუალო ნაკადების 450 მილიონი დოლარით შემცირება. ამ ნაკადების შემცირების ტენდენცია შესაძლოა ხელს უშლიდეს SDG 7-ის მიღწევას, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში (Renewable Investment, 2022). განახლებადი ენერგიის დადგმული სიმძლავრე მთელ მსოფლიოში იზრდება, 2022 წელს ერთ ადამიანზე 424 ვატი გახლდათ გლობალური მასშტაბით. განვითარებულ ქვეყნებში საშუალოდ ერთ ადამიანზე 1,073 ვატი, ხოლო განვითარებად ქვეყნებში 293 ვატი მოდიოდა. ეს 2021 წელთან შედარებით 8.5%-იანი ზრდაა, რაც ხუთწლიან პერიოდში 8.1%-იანი შერეული ზრდის ტემპის შენარჩუნებას გულისხმობს (Sustainable Energy for All, 2024). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მდგრადი დაფინანსება თავის მხრივ მწვანე და კლიმატის დაფინანსებას მოიცავს უფრო კონკრეტულად, კლიმატის დაფინანსება უზრუნველყოფს სახსრებს კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და შერბილებისთვის. ხოლო, მწვანე დაფინანსებას უფრო ფართო მასშტაბი აქვს, რადგან ის ასევე მოიცავს სხვა გარემოსდაცვით მიზნებს (მაგ. ბიომრავალფეროვნების დაცვა/აღდგენა). კერძოდ, მწვანე დაფინანსება გულისხმობს როგორც ფინანსური რესურსების მობილიზაციას კლიმატისა და გარემოსდაცვითი საკითხების გადასაჭრელად, ასევე, კლიმატთან და გარემოსთან დაკავშირებული ფინანსური რისკების მართვის გაუმჯობესებას. ხოლო მდგრადი დაფინანსება დამატებით სოციალურ დაფინანსებას მოიცავს და ასევე, ითვალისწინებს გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის (ESG) საკითხებსა და რისკებს. შესაბამისად, მდგრადი დაფინანსება ყველაზე ფართო და ყოვლისმომცველი კონცეფციაა. დიდი ხნის განმავლობაში, ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას თან სდევდა გარემოსდაცვითი და სოციალური ხარჯები. ინდუსტრიალიზაციის დასაწყისიდან მოყოლებული, მსოფლიოში სწრაფად გაიზარდა ტექნოლოგიური პროგრესი, რამაც გამოიწვია ისეთი განვითარება, რომელიც აღემატება დედამიწის ბუნებრივი რესურსების შესაძლებლობას. მზარდია ნაშრომების რაოდენობა, რომლებიც ეთმობა კლიმატის ცვლილების და მასთან დაკავშირებული რისკების ეფექტების შესწავლას მაკროეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობაზე (Buch & Weigert, 2021; Chenet, 2021; Hugues 2021; Andersson et al, 2020; Bolton et al, 2020; Fabris, 2020; Feyen, 2020; Batten, 2018). ფინანსური ინსტიტუტების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ESG ფაქტორების ჩართვა მას უფრო მდგრადს ხდის და ამას მთლიან ფინანსურ სისტემის მდგრადობასა და სტაბილურობაზე დადებითი ეფექტი აქვს (Azmi, 2021; Lippai-Makra et al, 2021, Bătae et al, 2020; Shakil et al, 2019). ამასთან, მდგრადი დაფინანსების რეგულატორული ჩარჩოს არსებობა ფინანსური სისტემის მდგრადობის წინაპირობაა. შესაბამისად, ფინანსური სისტემის მდგრადობის შეფასებისას მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ფინანსური ინსტიტუტების მიერ ESG ფაქტორების თავიანთ საქმიანობაში ინტეგრირების დონის ანალიზი, არამედ ქვეყანაში არსებული მდგრადი დაფინანსების კუთხით არსებული პოლიტიკებისა და რეგულაციების გათვალისწინებაც. მიუხედავ ამ საკითხის მნიშვნელობისა და ზოგადად, ფინანსური სტაბილურობის სრულყოფილი ანალიზისთვის ESG საკითხების გათვალისწინების აუცილებლობისა, ფაქტიურად არ არსებობს კვლევები რომელიც ფინანსური სისტემის მდგრადობას ESG კუთხით ზემოთ ნახსენები ორივე ასპექტის სრულყოფილი გათვალისწინებით აფასებს. თუმცა, არსებობს რამდენიმე ნაშრომი რომელიც ფინანსური სისტემის სტაბილურობის ანალიზში ESG საკითხებს, როგორც ფინანსური სისტემის მდგრადობის განმსაზღვრელს, განიხილავს და ამ მიზნით ახალ მეთოდოლოგიებს ავითარებს. მაგალითად,ზიოლო და სხვები (Ziolo; 2019) თავიანთ ნაშრომში იკვლევენ ESG-ის რომელი კრიტერიუმებია ჩართული ფინანსური ინსტიტუტების გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ამოწმებენ ფინანსური სისტემების მდგრადობის დონეს OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) შერჩეულ ქვეყნებში. კვლევის ძირითადი ჰიპოთეზის მიხედვით ფინანსური ინსტიტუტების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ESG ფაქტორების ჩართვა ფინანსურ სისტემებს უფრო მდგრადს ხდის. კვლევის მიზნის მისაღწევად გამოყენებული აქვთ ორ ეტაპიანი კვლევის პროცედურა. პირველ ეტაპზე, ESG ფაქტორების დასადგენად, რომლებიც გავლენას ახდენენ ფინანსური სისტემების მდგრადობის დონეზე და ამ ფაქტორებს შორის დამოკიდებულების გამოსავლენად, გამოყენებულია ე.წ. არამკაფიო კოგნიტური რუკა (Fuzzy Cognitive Map, FCM) . მეორე ეტაპზე, მრავალკრიტერიუმიანი გადაწყვეტილების ანალიზის (multiple-criteria decision analysis, MCDA) საფუძველზე PROMETHEE (Preference Ranking Organization Method of Enrichment Evaluation) მეთოდის გამოყენებით, ავტორებმა ფინანსური სისტემის შეფასებისთვის განსაზღვრული კრიტერიუმების შვიდი ჯგუფის მიხედვით (ფინანსური სიღრმე, განვითარება, დაუცველობა, სიმტკიცე, სისუსტე, სტაბილურობა და მდგრადობა) OECD-ის 23 ქვეყანის რეიტინგი შეადგინა. ორ ეტაპიანი კვლევის პროცედურაზე დაფუძნებული ორიგინალური ემპირიული მიდგომა 62 ფაქტორის ანალიზს ითვალისწინებს, საიდანაც 21 გარემოსდაცვით, 25 სოციალურ, ხოლო 16 მმართველობით საკითხებს მოიცავს. შედეგების მიხედვით, ფინანსურ ინსტიტუტებსა და ეკონომიკაში საუკეთესო მდგრადობის პრაქტიკის უზრუნველყოფის თვალსაზრისით სკანდინავიის ქვეყნებს მოწინავე პოზიცია უკავიათ. მნიშვნელოვან კვევად უნდა ჩავთვალოთ სტანკევიჩისა და სხვების (Stankevičienė და Nikanorova;2019) ნაშრომი, რომელიც ფინანსურ სისტემაში მდგრადობის შეფასებას ეხება და ფინანსური სექტორის ანალიზისთვის მდგრადობის მოდელის შემუშავებას ისახავს მიზნად. სტატია მოიცავს ფინანსური სისტემის მდგრადობაზე დაკვირვების მიდგომის განხილვას, ფინანსური სისტემის სტრუქტურის, არქიტექტურისა და სტაბილურობის ანალიზს. გარდა ამისა, განხილულია ფინანსურ სისტემებზე მდგრადობის დადებითი და უარყოფითი ზემოქმედება. სტატიაში გამოყენებულია ლიტერატურის ანალიზი, შედარების მეთოდები, რაოდენობრივი ანალიზი, მრავალ ობიექტური ოპტიმიზაციის MULTIMOORA მეთოდი და გრაფიკული წარმოდგენა. MULTIMOORA მეთოდისა და მდგრადობის ინდიკატორებზე დაყრდნობით დანერგილია მდგრადობის გაზომვის მოდელი. უფრო კონკრეტულად, ფინანსური სისტემის მდგრადობა გაზომილია მდგრადობის მიდგომის მიხედვით - გასათვალისწინებელია ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტების ურთიერთქმედება. ფინანსურ სისტემაში მდგრადობის მისაღებად გამოყენებულია მრავალ ობიექტური ოპტიმიზაცია და ფინანსური სისტემის მდგრადობის ანალიზისთვის შერჩეულია MULTIMOORA მეთოდი. ანალიზისთვის 10 ქვეყანის მონაცემებია გამოყენებული. ინდიკატორები, რომლებიც ფინანსურ სისტემის მდგრადობას ზომას დაყოფილია სამ ჯგუფად: ფინანსური, სოციალური და გარემოსდაცვითი. ინდიკატორების ფინანსური ჯგუფი კი თავის მხრივ დაყოფილია სექტორულ, მიკროპრუდენციულ და მაკროპრუდენციულ ინდიკატორებად. MULTIMOORA, რომელიც მრავალი მიზნის ოპტიმიზაციის (Multiple Objective Optimization) მეთოდია ძალიან სასარგებლოა ფინანსური სისტემის მდგრადობის ანალიზში. მას შეუძლია გააანალიზოს მდგრადობა ინდიკატორთა თითოეული ჯგუფის მიხედვით და გარდა ამისა, MULTIMOORA-ს გამოყენებით, შესაძლებელია ქვეყნების ფინანსური სისტემის მთლიანი მდგრადობის შეფასება შედარების გასაკეთებლად. MULTIMOORA გამოყენებით შესაძლებელია ქვეყნების ფინანსური სისტემების ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირება. შედეგები აჩვენებს, რომ ფინანსურ სისტემის მდგრადობა ეხმარება ფინანსურ ინსტიტუტს შეინარჩუნოს პოზიტიური ეკონომიკური მაჩვენებლები კრიზისის დროსაც კი. სასურველია ჩვენი ქვეყნის მონაცემების ჩართულობით, მომავალში ჩატარდეს კვლევები ამ მიმართულებით. გამოყენებული ლიტერატრა
|