ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
|
|
|
∘ მურმან კვარაცხელია ∘ სასურსათო უსაფრთხოების საკითხისათვის საქართველოში ანოტაცია. გლობალიზაციის ეპოქა მოითხოვს სუვერენული სახელმწიფოს მიერ სწორი და გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას ეკონომიკური უსაფრთხოების სტაბილური სისტემის ჩამოყალიბების პროცესში. ბოლო ათწლეულების განმავლობაში სახელმწიფოების ეკონომიკური უსაფრთხოების კონკრეტული მიმართულებები ჩამოყალიბდა როგორც ეკონომიკური ურთიერთობის სისტემა, რომელიც მოითხოვს მუდმივად ბალანსის შენარჩუნებას ქვეყანაში არსებული მოთხოვნა-მიწოდებას შორის, როგორც დარგობრივ, ასევე მთელი მეურნეობის მასშტაბით. დღევანდელ ტურბულენტურ სამყაროში ეროვნული ეკონომიკის წარმოების როგორც გიგანტები, ასევე განვითარებადი ქვენები გარკვეული დილემის წინაშე დგანან, უზრუნველონ მათი ეკონომიკური უსაფრთხოება მისი სხვადასხვა ასპექტებში. მათგან მრავალთაგან შორის სასურსათო უსაფრთხოებას გააჩნია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი. ეს ხდება არსებითი ფატორი საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობის შენარჩუნებაში. თუმცა, ამის მიღწევა არც ისე ადვილია, რადგან ჟამიდან ჟამს ეკონომიკური კრიზისები მოულოდნელ რყევებს იწვევენ არა მარტო ეკონომიკის უამრავ სფეროებში, არამედ მთლიანად ქვეყნებში. არსებითია ის გარემოება, რომ ეკონომიკური პროგრესისათვის თანამდევი ხდება კარგად გაუმჯობესებული ძველის ახალი ნაირსახეობები. გლობალური ეკონომიკა მუდმივად გამოსავლის ძებნაშია და ადვილად არ ეპუება ახალ-ახალ გამოწვევებს. ზოგჯერ ასეთი სიახლეები პროგრესის მიმანიშნებლად გვევლინება და სრულიად განსხვავებული მეთოდები ჩნდება მის დასამარცხებლად. ეკონომიკური უსაფრთხოების უამრავ რისკ-ფაქტორთა შორის შეიძლება გამოვყოთ ისეთი, როგორიცაა ჩვენი ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება, ეკონომიკის მატერიალური დარგების ისეთი მომსახურე დარგებისგან ჩამორჩენა, როგორიცაა ტურიზმი და საბანკო სექტორი. მათი განვითარება მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწვეტი. საქართველო, თავისი ღია ეკონომიკით და საკმაოდ ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკით, ახორციელებს რამდენიმე ასეული დასახელების საქონლის ექსპორტსა და იმპორტს (მხოლოდ 2023 წელს საქართველომ განახორციელა 920 დასახელების სასაქონლო (HS 4-ნიშნა) ნომენკლატურის ექსპორტი და შესაბამისად, 1138 დასახელების სასაქონლო ნომენკლატურის იმპორტი), უმსხვილეს 5 საიმპორტო საქონელზე მოდის მთელი იმპორტის ნახევარზე მეტი, ხოლო ექსპორტში, შესაბამისად, თითქმის 2/5. აგროსასურსათო საქონლის იმპორტი ქვეყნის აგრარულ სექტორში წარმოებულ დამატებულ ღირებულებას, არათუ ჩამორჩება, არამედ აღემატება კიდეც 10.2 პროცენტით (2023 წ. მდგომარეობით). აღნიშნული ვითარება აშკარა წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან. - ქვეყნის უსაფრთხოებას ექსპორტ-იმპორტში სერიოზული პრობლემები ექმნება, თუკი რომელიმე საქონელი ან ქვეყანა მთელ ექსპორტსა და იმპორტში, შესაბამისად მესამედზე მეტს იკავებს. ასეთი პროცესი საქართველოს ეკონომიკისთვის იმპულსური გახდა ბოლო წლებში, რაც ეკონომიკის ზრდაზე უარყოფითად აისახა. თუმცა სახელმწიფო რეგულირების სისტემის ამოქმედების შემდეგ ნახტომისებრივი პროცესი ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით გგარკვეულწილად სტაბილურიც გახდა. საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური უსაფრთხოება, სასურსათო უსაფრთხოება, ფიზიოლოგიური ნორმები. * * * ეკონომიკური პოლიტიკის სწორი მიმართულების გატარება, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს სასურსათო უსაფრთხოების მყარად გატარებას. აქ გარკვეულწილად დიდი მნიშვნელობისაა ქვეყნის პროდუქციის ბალანსში ადგილობრივი წარმოების წილის დადგენა, მაგრამ ეს უპასუხოდ სტოვებს მოსახლეობის შესაბამისი პროდუქტებით უზრუნველყოფას მოხმარების ფიზიოლოგიურ ნორმებთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში გადამწვეტი მნიშვნელობისაა ჯანსაღი საკვებით მოსახლეობის მომარაგება, რომელიც ამავე დროს კარგი ჯანმრთელობისა და მათი კეთილდღეობის საწინდარია. ექსპერტთა დასკვნებით, დაავადებათა ნახევარზე მეტი გამოწვეულია არასრულფასოვანი კვებით. ამასთან, საკვებწარმოება თითოეული ერის მუდმივი თანამგზავრი, მისი ზნე-ჩვეულებების, ადათ-წესების მაჩვენებელია. ეს კი ჯანმრთელი ცხოვრების წესთან ერთად ეროვნული და სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველმყოფის უმნიშვნელოვანესი პირობაა. ყველა ქვეყანას კვების ნორმებთან მიმართებაში საკუთარი პარამეტრები გააჩნია. მათ შორის არც საქართველოა გამონაკლისი. მოსახლეობის ერთ სულზე საკვები პროდუქტების საშუალო წლიური მოხმარების ფიზიოლოგიური ნორმები ასეთი მონაცემებით ხასიათდება: პური და პურპროდუქტები წლიური მოხმარების მინიმუმი 127.5 კილოგრამს შეადგენს; კარტოილი-2 კილოგრამსს; ბოსტნეული და ბაღჩეული-146 კილოგრამს; ხილი - 1110 კილოგრამს; შაქარი - 36 კილოგრამს; მცენარეული ზეთი - 7.3 კილოგრამს; თევზი და თევზპროდუქტები - 11 კილოგრამი; ხორცი და ხორცპროდუქტები - 65 კილოგრამი; რძე და რძის პროდუქტები - 292 კილოგრამი; კვერცხი - 286 ცალი.[1; გვ. 48-49]. ფიზიკური ხელმისაწვდომობის არსებობისას, სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის გადაწყვეტისთვის აუცილებელია წარმოების, იმპორტისა და მოსახლეობის შემოსავლების პარალელური ზრდა. სურსათზე ფიზიკური წვდომა დამოკიდებულია ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე, მისი შეძენის საშუალებაზეც. საინტერესოა ამ მხრივ რა მდომარეობაა საქართველოში, როდესაც ქვეყნის მოსახლეობას კარგად ახსოვს ის დეფიციტური სისტემა, რომელიც სამი ათეული წლის უკან ჩაბარდა ისტორიას. ასე მაგალითად, დღევანდელ პირობებში, ხორცით საქართველოს მოსახლეობის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 0.5, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მოსახლეობის ერთ სულზე საშუალო წლიური მოხმარება 40 კგ-დან დაახლოებით 20.1 კგ ადგილობრივი წარმოებისაა, რაც სამომხმარებლო დონის 61.5 პროცენტია. აქედან ცხადია, სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა ბოლომდე არაა გადაწყვეტილი, განსაკუთრებით მის ფიზიოლოგიურ ნორმასთან შედარებით. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ საჭიროა ადგილობრივი წარმოების გაზრდა კვების ფიზიოლოგიურ ნორმებთან მიახლოების თვალსაზრისით. ამისთვის აუცილებელია ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოების დარეგულირება, მისი მოხმარების სტრუქტურის ოპტიმიზაცია, მის მოხმარებაში თვითუზრუნველყოფის დონის გაზრდა. გარდა ამისა, აუცილებელია მოსახლეობის შემოსავლების ადეკვატური ზრდა მისი გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფის კუთხით. ამასთან ერთად აუცილებელია მოხმარების სტრუქტურის გაუმჯობესება მისი სახეობების მიხედვითაც. ამისათვის არსებობს აუცილებელი წინაპირობა, რომელიც გადის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ღონისძიებებზე საკვები ბაზის გაუმჯობესების კუთხით. ამასთან ერთად საჭიროა სოფლის მაცხოვრებელთა შინამეურნეობების მხარდაჭერა და წახალისება მათი მრავალმხრივი წახალისების მიმართულებით. გასათვალისწინებელია ერთი გარემოებაც. სასურსათო ბაზარზე არსებული მონოპოლიური და ოლიგოპოლიური სიტუაციის დარეგულირება უნდა მოხდეს სახელმწიფოს მკაცრი ჩართულობით, საგადასახადო სისტემის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. სასურსათო პროდუქტების მოხმარების მოცულობა და ოპტიმალური სტრუქტურა პირდაპირ კავშირშია არა მარტო შემოსავლების სიდიდესთან, არამედ საკვები პროდუქტების დაბალანსებულ კალათასთან. აქ უკვე წინა პლანზე იწევს საარსებო მინიმუმის სასურსათო კომპონენტი, სულ ცოტა, 340 ლარის მოცულობით. ნიშანდობლივი საკითხია სასურსათო კალათაში სასურსათო კომპონენტის ხვედრითი წილის პრობლემა. განვითარებულ ქვენებში ეს მაჩვენებელი 16%-დან 20 %-მდე მერყეობს. საქართველოში კი, სტატისტიკური მონაცემებით, 70 პროცენტს შეადგენს. აუცილებელია, რომ რეალური ვითარების გათვალისწინებით, გადაიდგას პირველი, კომპრომისული ნაბიჯი და საარსებო მინიმუმში სასურსათო კომპონენტის წილი შემცირდეს 70%-დან 50%-მდე. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ამჟამად, ყველაზე დაბალშემოსავლიან, პირველ დეცილურ ჯგუფშიც კი, სურსათზე ხარჯების წილი ასეთი შინამეურნეობების მთლიან ხარჯებში უკვე ჩამოსცდა 50%-იან ზღვარს, მაღალშემოსავლიანებში კი იგი გაცილებით დაბალია. შესაბამისად, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საარსებო მინიმუმი შრომისუნარიან მამაკაცზე გაანგარიშებით, ყველაზე მოკრძალებული, კონსერვატორული შეფასებებით, შეადგენს 640.0 ლარს - ამჟამინდელთან შედარებით თითქმის 2.6-ჯერ მეტს. რა თქმა უნდა, ბევრი განვითარებული ქვეყნის მსგავსად, უმჯობესი იქნებოდა სასურსათო და არასასურსათო ხარჯების შეფარდება დასულიყო 30/70-ზე, ამიტომ პროპორცია 50:50-ზე შეიძლება განვიხილოთ, როგორც კომპრომისული და გარდამავალი ნაბიჯი მოწინავე ქვეყნების მსგავს ზემოხსენებულ პროპორციაზე (30:70) გადასასვლელად. ამისათვის მიზანშეწონილია ქვეყანაში რეალურთან მიახლოებული იზიოლოგიური ნორმების დადგენა და სასურსათო კალათის შედგენისას დღევანდელი ზრდადი ფასების გათვალისწინება რეალური ფასების დადგენისას. დასკვნები ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიული მიმართულება მარცვლეულის წარმოების ზრდა უნდა გახდეს. ამასთან, იმპორტის ჩანაცვლება უნდა მოხდეს ადგილობრივად წარმოებული პროდუქციით, რომლის წარმოების პირობები, რესურსები, ისტორიული და პროფესიული გამოცდილება არსებობს საქართველოში. გასათვალისწინებელია სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც თვალსაჩინო პროგრესს მიაღწიეს სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა გადასახადები, პრეფერენციები, სუბსიდირებისა და ქვოტირების სისტემა, საკრედიტო პოლიტიკა და ა.შ. დროული და ეფექტიანი გამოყენებით. საბოლოოდ გამოყენებული უნდა იყოს აგრარული სექტორისათვის მონეტარული და ფისკალური მხარდაჭერის პოლიტიკა, კომპლექსური პროტექციონისტული ზომების გატარების, მიკროდონეზე წარმოების თვითრეგულირებასთან, მეწარმეობისა და კოოპერირების პროცესის განვითარებასთან ორგანული კავშირში. უნდა ჩამოყალიბდეს სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი სოფლის მეურნეობის სტრუქტურა და ეს გახდეს სოფლის მეურნეობის განვითარების მთავარი პრიორიტეტი. აქ ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა განვიხილოთ მარცვლეულით უზრუნველოის საკითხი. „სასურსათო ომის“ პირობებში შესაძლოა შეუძლებელიც კი, რუსული ხორბლის იმპორტი ჩაანაცვლო სხვა სხვა ქვეყნიდან ხორბლის იმპორტით. ამ ვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს მარცვლეულის ადგილობრივი წარმოების ზრდას. არანაკლებ მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობის პარტნიორების რიცხვის გაზრდა, ანუ საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაცია, რაც შეამცირებს რისკებს და გაზრდის ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დონეს. ქართული სახელმწიფოს ეკონომიკური და აგრარული პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებად უნდა იქცეს სამამულო მწარმოებელთა დაცვა საგარეო ბაზრის კონიუნქტურის ნეგატიური ზემოქმედებისაგან. აღნიშნული ღონისძიებების გატარებით გადაწყდება არა მარტო ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების საკითხი, არამედ უმნიშვნელოვანესი ამოცანაც, სიღარიბის პრობლემის არსებითი გადაწყვეტაც. სასურსათო უსაფრთხოებისა და სიღარიბის პრობლემის არსებითი გადაჭრა მასშტაბური სოციალური ამოცანის - სამართლიანი და დემოკრატიული საზოგადოების აშენებასთანაა დაკავშირებული. გამოყენებული ლიტერატურა
|