ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
∘ ავთანდილ სულაბერიძე ∘ ვლადიმერ სულაბერიძე ∘ იოსებ არჩვაძე ∘ დემოგრაფიული კოლაფსი საქართველოში ანოტაცია. 1990-2020-იან წლებში მნიშვნელოვნად გაუარესდა საქართველოს სოციალურ-დემოგრაფიული ვითარება. შობადობის სტატისტიკურმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ბეიბუმის პერიოდში არსებული მოსახლეობის გაფართოებული აღწარმოების შობადობის დონიდან დეპოპულაციას 50 წელი დასჭირდა. 2023 წელს საქართველოში დაიბადა მხოლოდ 40.2 ათასი ბავშვი, გარდაცვალებათა რაოდენობამ კი 42.8 ათას კაცს მიაღწია და შესაბამისად, დეპოპულაციამ -2.6 ათასი კაცი შეადგინა. იმავდროულად, საქართველოს მოქალაქეების უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 71.6 ათასი კაცი შეადგინა და ამით ფაქტობრივად საქართველოს ისტორიაში ანტირეკორდი დაამყარა. ანტირეკორდთა კატეგორიას მიეკუთვნება ისიც, რომ ბოლო ორი წელიწადია (2022-2023 წწ.) საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციის მასშტაბები აჭარბებს ქვეყანაში დაბადებულთა რაოდენობას. მთლიანობაში, 2023 წლის შობადობის მაჩვენებელი ფარავდა გარდაცვალებათა და საქართველოს მოქალაქეების უარყოფითი სალდოს ჯამური სიდიდის მხოლოდ 35.2 პროცენტს, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 2012 წელს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 62.2 პროცენტს. საკვანძო სიტყვები: დემოგრაფიული კოლაფსი, შობადობა, მოსახლეობის აღწარმოება, დეპოპულაცია. შესავალი იბადება კითხვა: ნიშნავს თუ არა ეს დემოგრაფიულ კოლაფსს საქართველოში? ემიგრაციით შემცირებული საქართველოს რეპროდუქციული პოტენციალის პირობებში, დემოგრაფიული კოლაფსი მხოლოდ რეპროდუქციული ქცევით ნაკლებშესაძლებელი იყო, მასზე არადემოგრაფიულმა ფაქტორებმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ქვეყანაში რომ არ გაუარესებულიყო პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური ვითარება და მათთან ერთად არ გაზრდილიყო უცხოეთში მიგრაციული პროცესები, თუნდაც დაბალი რეპროდუქციული ქცევის დაბალი დონის (მარტივი აღწარმოების დონესთან ახლოს) პირობებში, ნაკლები დემოგრაფიული დანაკარგები გვექნებოდა. ამიტომ, კოლაფსის შეფასება მხოლოდ სტატისტიკური რაოდენობრივი მაჩვენებლებით არასწორია და მასთან ერთად აუცილებელია დემოგრაფიულ და არადემოგრაფიულ პროცესთა ერთობლივი თვისებრივი კვლევა, რასაც ილიაუნის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი სისტემატური პერიოდულობით ახორციელებს. კოლაფსი (collapsus) _ ნიშნავს დასუსტებულს, დაცემულს.მედიცინის გარდა ეს ტერმინი ასევე გამიყენება მეცნიერების სხვა დარგებში. მაგ., მოხელის სამაგიდო ლექსიკონის თანახმად (გაეროს განვითარების პროგრამა; ს. ურიდია... 2004) ეკონომისტები კოლაფსში გულისხმობენ ქვეყნის ეკონომიკაში ან სოციალურ ცხოვრებაში მძიმე კრიზისს, რომელსაც ახასიათებს წარმოების დაცემა, ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობების მოშლა, მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების დონის დაცემა. დემოგრაფიულ მეცნიერებაში კოლაფსის ცნებაც ანალოგიური ინტერპრეტაციით შეიძლება წარმოვადგინოთ, თუმცა ამ შემთხვევაში მის შინაარსში წინა პლანზე ძირითადად დემოგრაფიული პარამეტრები გამოდის, ისეთი, როგორიცაა: შობადობის „დაბერება“, მისი შემცირების და მოკვდაობის ზრდის ფონზე მოსახლეობის ბუნებრივი მატების ნაცვლად მკვეთრი დაცემა (დეპოპულიაცია), დემოგრაფიული სტრუქტურის რეგრესის შედეგად დემოგრაფიული დაბერების ზრდა, მიგრაციის უარყოფითი სალდო და, რაც მთავარია, სოციალურ-დემოგრაფიული ურთიერთობების მოშლით ოჯხის კრიზისი, რაც გულისხმობს ოფიციალურ ქორწინებათა შემცირებას, განქორწინებათა ზრდას, ოჯახის არატრადიციული ალტერნატიული ფორმების გავრცელებას და საერთოდ, სოციალურ-დემოგრაფიული განვითარების რეგრესს. ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტმა 2023 წლის მაის-ივნისში თანამედროვე ეტაპზე საქართველოში სოციალურ-დემოგრაფიული ვითარებისა და ემიგრაციის მასშტაბების შესწავლის მიზნითმოსახლეობის შერჩევითი კვლევის საფუძველზე ჩაატარა მოსახლეობის დემოგრაფიულად და ეკონომიკურად აქტიური ნაწილის (კერძოდ, 16-49 წწ. მოსახლეობის) შერჩევითი გამოკვლევა მათი აზრისა და დამოკიდებულების გასარკვევად საქართველოში ოჯახში არსებული სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული ვითარების (შობადობა, ქორწინება, ოჯახებში სასურველი, ფაქტობრივად არსებული და მოსალოდნელი ბავშვების რაოდენობა, etc.) და ემიგრაციის საკითხებზე. მიღებული ინფორმაცია წარმოდგენას იძლევა არა მარტო საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებაზე, არამედ მოსახლეობის დამოკიდებულებაზე აღნიშნული ვითარებისადმი და მის მზაობაზე, მიმართოს პირადი და საკუთარი ოჯახის ძალისხმევა აღნიშნულ სფეროში პოზიტიური ტრენდის ჩამოსაყალიბებლად. სოციოლოგიური კვლევის შედეგები ოფიციალურ სტატისტიკურ ინფორმაციასთან ერთად, ქმნის სრულ სურათს საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ ვითარებასა და ამ ასპექტით ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარებისათვის არსებულ გამოწვევებზე. ოჯახების სტრუქტურა, შემოსავლები დადემოგრაფიული პროფილი კვლევამ დაადასტურა თანამედროვე ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ეკონომიკური სტრატიფიკაცია. მიღებული შედეგები ადასტურებს, რომ მდიდართა კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს მხოლოდ ყოველი 25-ე მცხოვრები, ხოლო ღარიბთა კატეგორიას _ ფაქტობრივად ყოველი მეოთხე. ამასთან, შემოსავლების განსხვავებული დონე ადეკვატურად აისახება ოჯახების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ხარისხში. თბილისში იმ ოჯახების წილი, სადაც ადგილი აქვს მოთხოვნილებათა თავისუფლად დაკმაყოფილებას, 1.8-ჯერ უფრო მაღალია, ხოლო ისეთი ოჯახების წილი, სადაც ვერ/არაა უზრუნველყოფილი ამგვარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, 1.4-ჯერ და მეტად უფრო დაბალია საქართველოს საშუალო დონესთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ რესპოდენტების აზრით, საშუალო ოჯახის[1] ყოველთვიური საარსებო მინიმუმი მერყეობს 1.9 ათასი ლარის ფარგლებში, ამასთან თბილისის მიხედვით ის საშუალო ქვეყნისმიერ მაჩვენებელს საგრძნობლად აღემატება, დანარჩენი რეგიონების მიხედვით კი - საკმაოდ ჩამორჩება. დიაგრამა N1
ცხრილი N 1 ოჯახის საშუალო ყოველთვიური საარსებო მინიმუმი რესპოდენტთა აზრით(ლარი)
იმის გათვალისწინებით, რომ რესპოდენტთა სუბიექტური შეფასებით მიღებული საარსებო მინიმუმი საკმაოდ ახლოს დგას მათივე ოჯახების შემოსავლების სიდიდესთან, შეიძლება დავასკვნათ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი განიცდის სერიოზულ დეპრივაციას (სუბიექტურად აღქმულ დეფიციტსა და უკმარისობას მიმდინარე მოთხოვნილებებთან მიმართებაში), ერთი მხრივ, საკუთარი ცხოვრების წესით ფორმირებული სამომხმარებლო და სოციალური სტანდარტებისა და, მეორე მხრივ, შედარებით დაბალი შემოსავლების გამო. აღნიშნული გარემოება _ შემოსავლებისა და ქონებრივი უზრუნველყოფისადმი დეპრივაცია, განსაკუთრებით კომუნიკაციის საშუალებების განვითარების, გლობალური მასშტაბით ტოტალური ინფომაციული წვდომისა და მობილურობის ზრდის პირობებში, საქართველოში შობადობის კლების ერთერთ ძირითად ფაქტორად იქცა. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რესპოდენტების მიერ შეფასებული საარსებო მინიმუმი დაახლოებით 4.3-ჯერ აღემატება ოფიციალურ საარსებო მინიმუმს. რეგიონებში „წინსწრების“ კოეფიციენტი 3.5-ია, ხოლო თბილისში _ 5.9. აღნიშნული წინსწრება ოფიციალურ საარსებო მინიმუმთან შედარებით ყველაზე მაღალი თბილისის რესპოდენტ-მამაკაცებშია (6.6), ხოლო შედარებით დაბალი _ რეგიონების ქალ-რესპოდენტთა შორის (3.3). მიუხედავად ამგვარი განსხვავებისა, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ოფიციალურმა საარსებო მინიმუმმა საერთოდ დაკარგა გამოყენებითი ღირებულება და იგი ისეთივე „პანოპტიკუმად“ იქცა, როგორიცაა მინიმალური ხელფასის მაჩვენებელი სახდელების გაანგარიშებისას ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსში (20 ლარი). რესპოდენტთა დამოკიდებულება ქორწინებისა და საქორწინო მდგომარეობის სტატუსისადმი რესპოდენტების ოჯახური მდგომარეობა, სტატუსი ასაკის მატებასთან ერთად იცვლება: თუკი 15-29 წლიანებში დაქორწინებული აღმოჩნდა რესპოდენტთა მხოლოდ 22.3 პროცენტი, 40-49-წლიანებში ასეთთა წილმა 77.8 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, დაუქორწინებელთა წილის მიხედვით დინამიკა აბსოლუტურად საპირისპიროა: 74.6 პროცენტიდან 15-29 წლიანებში, 7.1 პროცენტამდე _ 40-49 წლიანებში. დიაგრამა N2
საგულისხმოა რესპოდენტების დამოკიდებულება საქორწინო მდგომარეობის სტატუსისადმი. ჯერ ერთი, რესპოდენტთა 43% სხვადასხვა მიზეზთა გამო არ/აღარ იმყოფებოდა ქორწინებაში. დანარჩენი რესპოდენტებიდან 13.3 % იმყოფებოდა ფაქტობრივ საქორწინო მდგომარეობაში ისე, რომ არ ჰქონდათ გაფორმებული არც იურიდიული და არც რელიგიური ქორწინება. ამასთან, ასეთი კონტიგენტის რაოდენობა მკვეთრად კლებულობს რესპოდენტთა ასაკის მატებასთან ერთად. კერძოდ, რესპოდენტთა ასაკის მატებასთან ერთად, გაუფორმებელ საქორწინო მდგომარეობაში მყოფთა წილი 15-29-წლიანებიდან 40-49 წლიანებში მცირდება 5.4-ჯერ (31.0%-დან 5.7%-მდე). ამასთან, რესპოდენტების ნახევარზე მეტი ერთდროულად იმყოფება როგორც იურიდიულ, ისე რელიგიურ ქორწინებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, იურიდულ ქორწინებაში იმყოფება რესპოდენტების თითქმის 4/5 (78.8%), ხოლო რელიგიურ ქორწინებაში _ 61.7 პროცენტი. აღნიშნული მაჩვენებლები საგრძნობლად აღემატებიან მხოლოდ ერთი ფორმით რეგისტრირებულ (ან მხოლოდ იურიდიულ ან მხოლოდ რელიგიურ ქორწინებათა) სიხშირეებს. დიაგრამა N3
ერთდროულად, იურიდიული და რელიგიური ქორწინების შემთხვევათა რაოდენობა მხოლოდ იურიდიულად რეგისტრირებულ ქორწინებათა რაოდენობას 3.2-ჯერ (შესაბამისად, 78.8% და 25.0%), ხოლო მხოლოდ რელიგიურ ქორწინებათა რაოდენობას _ თითქმის 10-ჯერ აღემატება (შესაბამისად, 78.8% და 7.9%). დიაგრამა N4
ყოველი ოთხი იურიდიულად გაფორმებული ქორწინებიდან სამი ასევე საეკლესიო ქორწინებითაც არის გაფორმებული. დიდწილად, აღნიშნული გარემოებით უნდა აიხსნას, რომ რესპოდენტთა საკმაოდ დიდი ნაწილი _ თითქმის ნახევარი (49.0%) თვლის, რომ აუცილებელია საეკლესიო ქორწინების იურიდიულად აღიარება. დედაქალაქში ასეთთა წილი რამდენადმე დაბალია (38.2%). გამოკითხვამ დააფიქსირა საზოგადოების მაღალი ტოლერანტობა ქორწინების გაფორმების იურიდიული აქტისადმი. მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად გაფორმებულ ქორწინებაში იმყოფება რესპოდენტების თითქმის 4/5, ქორწინების იურიდიულად გაფორმების მომხრეთა რაოდენობა ½-ზე ნაკლებია (შესაბამისად, 78.8% და 48.3%). აღნიშნული პროცესი საზოგადოებაში ლიბერალური ტენდენციების გაძლიერებითა და კონსერვატორული შეხედულებების ერთგვარი კოროზიით უნდა იყოს განპირობებული, რაც კარგად ჩანს ასაკობრივ ჭრილის მიხედვით მიღებულ განსხვავებულ მონაცემებში. თუ 40-49-წლიან რესპოდენტებში ქორწინების იურიდიულად გაფორმების მომხრე 56.6 პროცენტია, 15-29-წლიანებში ასეთთა წილი მხოლოდ 44.0 პროცენტია. ტოლერანტულნი არიან ამ მხრივ ზოგადად, თბილისელი რესპოდენტებიც. დიაგრამა N5
საქართველოში ბოლო ათწლეულებში შეინიშნება სამოქალაქო, ტოლერანტული საზოგადოების ფორმირება, რაც გამოიხატება რელიგიურ შემწყნარებლობასა და კონფესიათა მშვიდობიან თანაარსებობაში. მიუხედავად ამისა, მათი რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ მნიშვნელობა აქვს მეუღლის არჩევისას მის სარწმუნოებას, ჯერადად _ თითქმის 3.3-ჯერ აღემატება მათ რაოდენობას, რომლებსაც სარწმუნოება დაქორწინებისათვის ხელშემშლელ ფაქტორად არ მიაჩნიათ (შესაბამისად, 59.7% და 18.2%). ამასთან, აღნიშნული მაჩვენებლები საგრძნობლად განსხვავდებიან რეგიონების მიხედვით. დიაგრამა N6
გამოკვლევამ წარმოაჩინა მნიშვნელოვანი განსხვავება რესპოდენტების მიერ დასახელებულ ქალებისათვის ქორწინების საუკეთესო ასაკსა და პირველ ქორწინების ფაქტობრივ ასაკს შორის. კერძოდ, ქორწინებისათვის საუკეთესო ასაკად ქალებისათვის რესპოდენტმა მამაკაცებმა მიიჩნიეს 24.2 წელი, რესპოდენტმა ქალებმა _ 24.7 წელი, ხოლო ფაქტობრივად, 2023 წელს ქალთა საშუალო ასაკი პირველი ქორწინებისას შეადგენდა 29.7 წელს. აღნიშნული წარმოაჩენს, თუ რამდენად დიდია განსხვავება ოპტიმალურ (სასურველ) და რეალურ საქორწინო ასაკებს შორის. აღნიშნული განსხვავების განმაპირობებელი ფაქტორი მრავალგვარია: ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, კულტურული და სხვ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სხვაობა ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას იმითაც, რომ ქორწინებათა საერთო რაოდენობის 3/5-ზე მეტი რელიგიურ ქორწინებაზე, მათ შორის თითქმის 8 პროცენტი _ მხოლოდ რელიგიურ ქორწინებაზე მოდის. ამასთან, უმრავლეს შემთხვევებში, რელიგიური ქორწინებები დროში რამდენადმე წინ უსწრებს ქორწინების იურიდიულ გაფორმებას. ბოლო წლებში არა მარტო შეინიშნება საქორწინო ასაკის ზრდა (2000 წელთან შედარებით იგი გაიზარდა: ქალებში 24.7 წლიდან 29.7 წლამდე, მამაკაცებში კი _ 28.4 წლიდან 32.1 წლამდე), არამედ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობების ფორმალიზების, ქორწინებითი ვალდებულებების, პასუხისმგებლობის არიდების მაჩვენებლის ზრდა. გამოკითხვისას, დაუოჯახებელი რესპოდენტების მხოლოდ მესამედზე ნაკლებმა (31.8%) გამოთქვა მზაობა, რომ აპირებს დაოჯახებას უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში. ეს რიცხვი მხოლოდ უმნიშვნელოდ უსწრებს მათ რაოდენობას, ვისაც აღნიშნულ კითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცა (29.2%). ამასთან, მკაფიო პასუხი აღნიშნულ კითხვაზე არ გააჩნია ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს (39.0%). განსაკუთრებით დამაფიქრებელია ის გარემოება, რომ ქალებში ქორწინებაზე უარყოფითი დამოკიდებულებას ამჟღავნებს გამოკითხულ ქალ-რესპოდენტთა შორის 1.3-ჯერ მეტი რესპოდენტი იმათთან შედარებით, ვისაც განზრახული აქვთ ქორწინება უახლოეს 5 წელიწადში (შესაბამისად, 34.1% და 26.3%). მამაკაც-რესპოდენტთა შორის საპირისპირო დამოკიდებულებაა: აქ დაოჯახების მსურველთა რაოდენობა თითქმის 2-ჯერ უსწრებს იმათ რაოდენობას, ვინც არ აპირებს დაოჯახებას. დიაგრამა N 7
ცხრილი N2 დაუოჯახებელი რესპოდენტების განაწილება უახლოეს 5 წელიწადში და ქორწინებისადმი დამოკიდებულების თაობაზე (დაუოჯახებელი რესპოდენტების პროცენტი)
გარკვეული პოზიტივი მხოლოდ ისაა, რომ, იმ რესპოდენტების 3/5-ზე მეტი, ვინც უახლოეს 5 წელიწადში არ აპირებს დაქორწინებას, 15-29 წლის ასაკშია და თვლიან, რომ ყველაფერი წინა აქვთ და ამიტომ გადაწყვეტილების შესაცვლელად 5 წელიწადზე მეტი დრო სჭირდებათ. ცხრილი N3 დაოჯახების სურვილის არქონის მიზეზები (პროცენტი აღნიშნული სურვილის არმქონე რესპოდენტებიდან)
დაოჯახების ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად სასურველი პარტნიორის არყოლა სახელდება. კოვიდპანდემიამ, ონლაინ (დისტანციურად) შრომითმა საქმიანობამ, პირადი, უშუალო ურთიერთობების შემცირებამ აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო გააღრმავა. ამასთან, ქორწინების გადავადების, გვიანდელი ქორწინების ძირითად მიზეზად, სიღრმისეული კვლევის საფუძველზე, იყო და რჩება ცუდი ეკონომიკური პირობები. 2/3-ზე მეტი აღნიშნულ მიზეზს პირდაპირ ასახელებს გვიანდელი ქორწინების განმაპირობებელ ძირითად მიზეზად. რადგანაც კითხვარი ითვალისწინებდა ერთზე მეტი პასუხის გაცემის შესაძლებლობას, გვიანდელი ქორწინების ძირითად განმაპირობებელ ფაქტორად დასახელებული ეკონომიკური მიზეზის (სამსახური, კარიერა, უმუშევრობა, საბინაო პრობლემები...) ჯამური მაჩვენებელი (3485 ერთეული) 3.9-ჯერ აღემატება სასურველი პარტნიორის შერჩევის სირთულეს (1296 ერთეული). შობადობა მიუხედავად იმისა, გამოკითხულ რესპოდენტთა ოჯახების წევრთა საშუალო რიცხოვნობა საგრძნობლად აღემატება საქართველოში ოჯახების წევრთა საშუალო რიცხოვნობას, რესპოდენტთა 44.2 პროცენტის ოჯახში არ იყო 16 წლამდე ასაკის არც ერთი ბავშვი. განსაკუთრებით მაღალი აღმოჩნდა ასეთი რესპოდენტების რაოდენობა 16-19 წლიანი რესპოდენტების ოჯახებში. ასეთი რესპოდენტების ნახევარზე მეტ (52.2%) ოჯახებში 16 წლამდე ასაკის არც ერთი ბავშვი არ არის, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ამ ასაკის რესპოდენტთა ოჯახების ნახევარზე მეტში ბავშვი არ დაბადებულა. იმ რესპოდენტთა შორის კი, სადაც არიან 16 წლამდე ასაკის ბავშვები, შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი საშუალოდ მხოლოდ 1.55-ია. თვით 30-39-წლიან რესპოდენტთა ოჯახებში, რომელთა ასაკიც ფაქტობრივად საუკეთესოა ფერტილობისა და ბავშვთა ყოლის თვალსაზრისით, შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 1.75-ს შეადგენს, რაც დეპოპულაციას ნიშნავს და მოსახლეობის მარტივი აღწარმოებისთვისაც კი (2.15) არაა საკმარისი, რომ აღარაფერი ვთქვათ ოჯახში მარტივი აღწარმოებისთვი საჭირო შობადობის ჯამობრივ კოეფიციენტზე (2.6 ბავშვი). რესპოდენტების აზრით, ოჯახში დაბადებულ ბავშვთა ოპტიმალური (მოსალოდნელი) რაოდენობა საშუალოდ 2.74-ია. ეს რიცხვი აღემატება როგორც მოსახლეობის მარტივი აღწარმოებისათვის საჭირო ბავშვების რაოდენობას ყოველ ქალზე (2.15) და მასთან ერთად ოჯახში დაბადებულ ბავშვთა აუცილებელ რაოდენობას (2.6 ბავშვი). რესპოდენტების მხოლოდ 2.1 პროცენტს არ სურთ ბავშვის ყოლა. თუმცა, დანარჩენი, 97.9 პროცენტის მიხედვით, ვისაც სურს ბავშვის ყოლა, ბავშვთა სასურველი რაოდენობის საშუალო მაჩვენებელი თითქმის ემთხვევა ბავშვების რაოდენობას მათი მშობლების ოჯახებში (2.47 vs. 2.46). ეს, ერთი შეხედვით, მეტია მოსახლეობის მარტივი აღწარმოებისათვის საჭირო ბავშვების რაოდნობაზე, მაგრამ ეს არის რესპოდენტთა სასურველი და არა რეალური ბავშვების რაოდენობა, რაც ფაქტობრივად მთელი საზოგადოების განწყობისა და დემოგრაფიული ქცევის მოდელს წარმოადგენს. დიაგრამა N 8
ამასთან, რესპოდენტ-მშობლებს, მამაკაცებსაც და ქალებსაც, ბავშვების ფაქტობრივად თანაბარი რაოდენობის ყავთ (საშუალოდ ერთ ოჯახში - 1.96 ბავშვი). ის, რომ ქალი რესპოდენტები უფრო მოკრძალებულად აფასებენ საკუთარი ბავშვების სასურველ რაოდენობას ოჯახებში მამაკაც-რესპოდენტებთან შედარებით, გარკვეულწილად შეიძლება აიხსნას ბავშვების მოვლის, აღზრდისა და სწავლების სიმძიმის დიდი ნაწილის სწორედ ქალთა მხრებზე, მათი ფიზიკური და ემოციური დატვირთვაზე გადასვლით უნდა აიხსნას. რესპოდენტთა 2/5-ზე მეტი (41.3%) აღარ აპირებს მომავალში დამატებით, მეტი შვილის ყოლას. მათგან კი, ვინც აღნიშნულ კითხვას დადებითად უპასუხა, საშუალოდ ყოველ ასეთ რესპოდენტზე 1.96 ბავშვი მოდის. მაგრამ თუ დამატებითი ბავშვების ყოლის მაჩვენებელს რესპოდენტთა საერთო რაოდენობაზე გადავანაწილებთ, იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვებიანი რესპოდენტების წილი მხოლოდ 56.1 პროცენტია, გამოდის რომ საშუალოდ ერთ ქალზე ბავშვების რაოდენობრივი მატების პოტენციალი სასურველი ბავშვების სახით მხოლოდ 0.55 ბავშვია. ფაქტობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით (1.10 ბავშვი ერთ ქალზე), მიღებული მაჩვენებელი 1.65 ბავშვი ერთ ქალზე (= 1.10 + 0.55) მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოსახლეობის მარტივი აღწარმოების, რომ აღარაფერი ვთქვათ ოჯახის ამ მიზნით საჭირო მაჩვენებელზე. ზემოთქმულიდან გამომდინარე შეიძლება ვიფიქროთ, რომ მოსახლეობას გაცნობიერებული აქვს ერის გამრავლების პრობლემა, გააჩნია მისთვის საჭირო რაოდენობის ბავშვთა ყოლის მოთხოვნილება, მაგრამ მის სრულ რეალიზაციას ვერ/არ ახდენს, რისი მიზეზიც ძირითადად ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ, საბინაო და სხვა მიზეზებში უნდა ვეძიოთ, რაც აღნიშნულ სფეროში სერიოზულ მენტალურ, ქცევით და ეკონომიკურ პრობლემის არსებობაზე მიუთითებს. გამოკითხული რესპოდენტების მესამედზე მეტი (33.5%) თვლის, რომ იმდენი ბავშვი ყავთ, რამდენიც სურდათ. დანარჩენებიდან: დაახლოებით 60 პროცენტი სასურველზე ნაკლები ბავშვის ყოლას უკავშირებს სხვადასხვა ეკონომიკურ და ყოფით პრობლემას (ცუდი საბინაო პირობები, სამუშაო, კარიერა, ფინანსური პრობლემები), 40 პროცენტი კი პირად და ოჯახურ პრობლემებს (ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური უთანხმოებანი და ბავშვების აღზრდის სირთულე). რესპოდენტებში ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორთაგან მატერიალური მდგომარეობა წარმოადგენს. ასეთად მიიჩნიეს რესპოდენტთა 30.7 პროცენტმა. აღნიშნული მაჩვენებელი თითქმის 1.5-ჯერ უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორს, როგორიცაა ოჯახი (22.2%). აღსანიშნავია, რომ მატერიალური მდგომარეობის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი მამაკაც რესპოდენტებში რამდენადმე უფრო მაღალია, ვიდრე ქალებში (შესაბამისად, 35.0% და 28.1%). დიაგრამა N 9
ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებში საკმაოდ მოკრძალებული წილი დაიკავეს კარიერამ (6.7%) და პირადმადამოუკიდებლობამ (9.6%). რიგითობით მეორე და მესამე მნიშვნელობის ფაქტორებში დასახელებული ფაქტორების მნიშვნელობა რამდენადმე იზრდება, თუმცა რადიკალური ცვლილება რესპოდენტთა პრიორიტეტებში მაინც ვერ შეაქვთ. კერძოდ, მესამე ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებში კარიერის წილი იზრდება 12.0 პროცენტამდე, ხოლო პირადი დამოუკიდებლობისა_13.7 პროცენტამდე. საგულისხმო და დამაფიქრებელი პასუხები იქნა მიღებული რესპოდენტებისაგან კითხვაზე: გამართლებულია თუ არა ქორწინების გარეშე ქალის მიერ ბავშვის გაჩენა? ამ კითხვასთან დაკავშირებით ქალები გაცილებით ტოლერანტულები აღმოჩნდნენ მამაკაცებთან შედარებით. ქალების 21.4 პროცენტი და მამაკაცების მხოლოდ 15.2 პროცენტი თვლის, რომ ყოველმხრივ გამართლებულია ქორწინების გარეშე ქალის მიერ ბავშვის გაჩენა. აღნიშნულ ქმედებას ყოველმხრივ გაუმართლებლად მიიჩნევს რესპოდენტი-ქალების 21.7 პროცენტი. მამაკაცებში ამგვარი მიუღებლობის მაჩვენებელი თითქმის 1.5-ჯერ მაღალია (31.3%). აღსანიშნავია, რომ რესპოდენტთა ასაკის მატებასთან ერთად რესპოდენტთა კონსერვატიზმი და „ტრადიციული“, სტერეოტიპური შეხედულებების ტყვეობაში ყოფნა თვალსაჩინოა. კერძოდ, მაღალი ასაკის რესპოდენტებში დაბალია აღნიშნული ნაბიჯის მომხრეთა რაოდენობა და პირიქით _ გაცილებით მაღალია იმათი წილი, ვინც ქალების მიერ ამგვარი ნაბიჯის გადადგმას მიუღებლად მიიჩნევს. ცხრილი N4 დამოკიდებულება ქალის მიერ ქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენისადმი რესპოდენტთა ასაკის მიხედვით (% შესაბამისი კატეგორიის რესპოდენტებიდან)
აღნიშნული საკითხისადმი რესპოდენტთა მიდგომა საგრძნობლად განსხვავებულია რეგიონების მიხედვითაც. ამ მხრივ განსაკუთრებით თვალშისაცემია თბილისელთა ტოლერანტული დამოკიდებულება ქალის მიერ ქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენისადმი. თბილისელებში ამგვარი ქმედების მომხრეთა წილი საშუალო ქვეყნისმიერ მაჩვენებელზე დაახლოებით 1.7 ჯერ უფრო მაღალია, ხოლო დანარჩენ რეგიონებში პირიქით _ საშუალოდ, 1.5-ჯერ უფრო დაბალი. გაუმართლებლობის მხრივ სურათი ფაქტობრივად საპირისპიროა: თბილისში იმ რესპოდენტთა წილი, ვინც ქალთა მიერ ამგვარ ნაბიჯს გაუმართლებლად მიიჩნევს, საშუალო ქვეყნისმიერ მაჩვენებელზე 2.6-ჯერ უფრო დაბალია, რეგიონებში კი პირიქით _ 1.3-ჯერ უფრო მაღალი. დიაგრამა N10 საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ საზოგადოებრივი მორალი და დამოკიდებულება შედარებით ტოლერანტულია ქორწინებაში არმყოფი ქალის მამაკაცთან ურთიერთობებისადმი, ვიდრე ქორწინების გარეშე ქალის მიერ ბავშვის გაჩენისადმი (შესაბამისად, 34.0% და 19.4%). ამასთან, რაც უფრო დაბალია ურბანული მოსახლეობის წილი რეგიონის მოსახლეობაში, მით უფრო ხისტი და კატეგორიულია მოსახლეობის შესაბამისი დამოკიდებულება ქალთა მიმართ ქორწინების გარეშე მამაკაცთან სქესობრივ ურთიერთობასა და ბავშვის გაჩენის მიმართ. ამასთან, ფაქტობრივ თანხვედრას აქვს ადგილი როგორც მთელი ქვეყნის, ისე თითქმის ყველა რეგიონის მიხედვით რესპოდენტთა დამოკიდებულებაში როგორც ქორწინებაში არმყოფი ქალის მამაკაცთან სქესობრივი ურთიერთობის, ისე ქორწინებამდე სექსუალური ურთიერთობის გამოცდილების თაობაზე. ქვეყნის მასშტაბით ამგვარი ქცევისადმი ტოლერანტული დამოკიდებულებებს შორის სხვაობა მხოლოდ 1.2 პუნქტია (შესაბამისად, 34.0% და 35.2%), მათ შორის თბილისში _ მხოლოდ 0.3 პუნქტი (53.2% და 53.5%). რა თქმა უნდა, არ უნდა გამოირიცხოს გამოკითხვის შედეგებზე რეგიონებში რესპოდენტთა განსახლების გეოგრაფიული არეალის (ურბანული-არაურბანული) ფაქტორიც. დიაგრამა N11
ემიგრაციის მასშტაბები და გენდერული პროფილი საქართველოს მოსახლეობა 1990-იანი წლების დასაწყისთან შედარებით დაახლოებით 1/3-ით შემცირდა. ეს შემცირება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: ა) განხორციელდა ისტორიულ სამშობლოში საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების დაბრუნება: ბ) არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ჩარჩენილი მოსახლეობის ქვეყნის მოსახლეობის სათვალავიდან ამოგდებით; გ) ქვეყნიდან ეკონომიკური მიზეზებით ემიგრაციული ტალღის გამო; დ) საქართველოში ეკონომიკური პირობების მკვეთრი გაუარესების გამო 1990-იან წლებში, შობადობის დონის მკვეთრი დაცემა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ყოველ მეოთხე რესპოდენტის ოჯახის ერთი ან რამდენიმე წევრი ემიგრაციაში იმყოფება. დიაგრამა N 12
ასეთი რესპოდენტების წილი ყველაზე მაღალია 15-29 წლის ქალ რესპოდენტთა შორის (27.5%), ხოლო ყველაზე დაბალი _ 40-49 წლიან მამაკაცებში (19.4%). ზოგადად, რესპოდენტთა ასაკის მატებასთან ერთად, რამდენადმე კლებულობს მათი ოჯახის წევრის ემიგრაციაში ყოფნის სიხშირე. თუ 15-29 წლიან რესპოდენტების 25.8 პროცენტს ყავს ემიგრანტი ოჯახის წევრი, 30-39 წლიანებიდან _ 23.8 პროცენტს, ხოლო 40-49 წლიანებიდან _ მხოლოდ 22.4 პროცენტს. ემიგრანტი ოჯახების წევრები პროცენტულად ყველაზე მეტი ყავთ რესპოდენტებს რაჭა-ლეჩხუმიდან და ქვემო სვანეთიდან (46.7%), ყველაზე ნაკლები კი _ შიდა ქართლელ რესპოდენტებს (9.0%). ამ მხრივ საშუალო რესპუბლიკურ მაჩვენებელზე მაღალი მაჩვენებელი იყო თბილისში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. დიაგრამა N 13
ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, წილი ემიგრანტების საერთო რაოდენობაში მოსახლეობაში წილთან შედარებით, უფრო მაღალი აქვთ თბილისს, იმერეთს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთს, სამცხე-ჯავახეთს, ქვემო ქართლს. დანარჩენ რეგიონებში ფიქსირდება საპირისპირო ტენდენცია, რაც კარგად წარმოაჩენს რეგიონების მიხედვით ემიგრაციის მასშტაბებსა და სიმწვავეს. საკმაოდ მაღალი ალბათობით არსებობს უკუპროპორციული დამოკიდებულება ქვეყნის რეგიონების მიხედვით ემიგრაციის მასშტაბებსა და შობადობის დონეებს შორის. ამის კარგ მაგალითს წარმოადგენს რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სადაც ყოველ მეორე რესპოდენტს ოჯახის ერთი ან რამდენიმე წევრი ყავს ემიგრაციაში, შობადობის დონე კი მოკვდაობის მაჩვენებელს 2.6-ჯერ ჩამორჩება (2023 წ.: დაბადება _- 226, გარდაცვალება _ 580). დიაგრამა N14
გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ემიგრანტთა[2] საშუალო ასაკი (42.4 წელი) საგრძნობლად აღემატება საქართველოში დარჩენილთა მედიანურ ასაკს (38.4 წელი). ამასთან, ემიგრანტი ქალების საშუალო ასაკი 1.6 წლით აღემატება ემიგრანტი მამაკაცების საშუალო ასაკს (შესაბამისად, 42.9 წელი და 41.6 წელი). ფერტილური ასაკის ემიგრანტ ქალებზე (19-49 წლიანებზე) ანუ იმ წლოვანების ქალებზე, როდესაც მათ ახალ სიცოცხლეს უნდა მისცენ დასაბამი, მოდის ემიგრანტ ქალთა 70 პროცენტი (19-49 წელი). შედარებისათვის: 19-70-წლის ქალების საერთო რაოდენობაში 19-49 წლის ქალების რაოდენობა 2023 წელს გაცილებით ნაკლებია _ 58.8 პროცენტი. აღნიშნული კვლევით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ საქართველოში ასეთი დაბალი შობადობის მაჩვენებელი სწორედ აღნიშნული გარემოებით _ ფერტილურ ასაკში მყოფ ქალთა მასობრივი ემიგრაციითაც უნდა აიხსნას. ემიგრაციის მასშტაბების და გენდერული პროპორციების გათვალისწინებით, დაახლოებით 200 ათასამდე ფერტილურ ასაკში მყოფი საქართველოს მოქალაქე ქალი იმყოფება შრომით ემიგრაციაში. აღნიშნულმა კვლევამ კიდევ ერთი გარემოება დააფიქსირა: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მყოფ 19-70-წლიან მოსახლეობაში 19-49 წლიანი მოსახლეობის წილი როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში, პრაქტიკულად თანაბარია (58.4%), ემიგრანტებში ემიგრანტი ქალების წილი საგრძნობლად აღემატება ემიგრანტი მამაკაცების საერთო რაოდენობას (ემიგრანტებიდან 70.2 პროცენტიქალებიადა 29.8 პროცენტი_მამაკაცი). ამასთან, ყველაზე აქტიურ (ფიზიკურად და ბიოლოგიურად) ასაკში მყოფი მამაკაცი ემიგრანტების წილი 38.3% საგრძნობლად ჩამორჩება იმავე ასაკის ქალების წილს ემიგრანტ ქალთა საერთო რაოდენობაში (70.0%). ცხრილი N5 მამაკაცებისა და ქალების წილი საქართველოს მოსახლეობასა და საქართველოდან ემიგრანტებში(%)
გამოკვლევამ ასევე დაადასტურა, რომ ემიგრანტ-ქალთა რაოდენობა თითქმის 2.4-ჯერ აღემატება ემიგრანტ მამაკაცების რაოდენობას, რაზეც მკაფიო წარმოდგენას ქვემორე დიაგრამა იძლევა. დიაგრამა N15
მსოფლიო მიგრაციის სტატისტიკა და ისტორია ადასტურებს, რომ ემიგრანტთა ნახევარი ვეღარ (აღარ) ბრუნდება თავის სამშობლოში, ისინი თანდათან ასიმილირდებიან მიმღებ ქვეყანაში, ღებულობენ ამ ქვეყნის ცხოვრების წესს, კულტურას, მოქალაქეობას... ამ ასპექტით, ქართველი მიგრანტების მდგომარეობა, საქართველოს ეროვნული და დემოგრაფიული ინტერესებიდან გამომდინარე, გამოკვლევის მიხედვით, შეიძლება რამდენადმე უკეთესადაც კი ჩაითვალოს. რესპოდენტთა აზრით, მათი ოჯახის წევრი ემიგრანტების თითქმის 3/5 (58.3%) უახლოესი 3-5 წლის მანძილზე აპირებს სამშობლოში დაბრუნებას. გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს ამ მხრივ იძლევა ისიც, რომ რაც უფრო მაღალია რესპოდენტთა ასაკი, მით უფრო მაღალია მათი ვარაუდი ემიგრაციიდან ოჯახის წევრების დაბრუნების თაობაზე. დიაგრამა N16
რესპოდენტთა უცხოეთში მყოფი ოჯახის წევრების უმეტესობა (70.6%) დაოჯახებულია. ამასთან, მათ უდიდეს უმრავლესობას (77.3%) ყავს ბავშვი. სამწუხაროდ, ემიგრანტთა ბავშვების 3/5-ზე მეტი სამშობლოშია დარჩენილი (დატოვებული) ოჯახის სხვა წევრების იმედად. თითქმის ყოველი მეათე ბავშვი ემიგრანტთა ოჯახებში უცხოეთშია დაბადებული, ხოლო ყოველი მეექვსე _ უცხოეთში იმყოფება თავის ემიგრანტ მშობლებთან ერთად. დიაგრამა N17
სამშობლოში დატოვებული ბავშვების წილი განსაკუთრებით მაღალია მცხეთა-მთიანეთში (85.7%), იმერეთში (79.4%), შიდა ქართლსა და გურიაში (75-75% თითოეულში), სამცხე-ჯავახეთში (74.4%), შედარებით დაბალი კი _ ქვემო ქართლსა (47.9%) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (42.3%). უცხოეთშია დაბადებული კახეთიდან ემიგრანტების ყოველი მეხუთე ბავშვი (20.0%), თბილისიდან ემიგრანტების ყოველი მეშვიდე ბავშვი (13.7%), გურიიდან ემიგრანტების _ ყოველი მერვე ბავშვი (12.5%). სერიოზულ პრობლემას წარმოადგეს ის გარემოებაც, რომ ემიგრანტებს ან მაშინვე, ან წასვლიდან გარკვეული დროს შემდეგ ასევე მიყავთ უცხოეთში თავიანთი შვილები. ემიგრანტთა ოჯახებში ბავშვების საერთო რაოდენობაში სამშობლოდან გაყვანილი ბავშვების წილი შეადგენს სამეგრელო-ზემო სვანეთში _ 19.2 პროცენტს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში _ 16.7 პროცენტს, შიდა ქართლში _ 12.5 პროცენტს, ქვემო ქართლში კი _11.0 პროცენტს. ემიგრაციაში მყოფი პირების რაოდენობის, მათი უცხოეთში ყოფნის ხანგრძლივობისა და ემიგრანტთა ოჯახებში ბავშვების რაოდენობის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უცხოეთში ემიგრაციაში წასული ჩვენი თანამემამულეების ოჯახებში 200 ათასზე მეტი ბავშვია დაბადებული. დასკვნა კვლევის შედეგები, რესპოდენტებისაგან მიღებული პასუხები, ისევე, როგორც მიმდინარე ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, ცალსახად ადასტურებენ დემოგრაფიული ვითარების სიმძიმეს საქართველოში. რეპროდუქციული ასაკის ქალთა ¼-ზე მეტი ემიგრაციაში იმყოფება, ხოლო ქვეყანაში დარჩენილთა უმრავლესობის დემოგრაფიული ქცევის მოდელი მათივე ოჯახების წევრთა რიცხოვნობის მარტივი არწარმოებისთვისაც კი აღარაა საკმარისი. თვალში საცემია, რომ რესპოდენტთა თითქმის ნახევარის ოჯახში არც ერთი 16 წლამდე ასაკის ბავშვი არა ყავთ, ხოლო იმ ოჯახებში სადაც ყავთ, მათი რაოდენობა დაახლოებით 1.4-ჯერ ჩამორჩება იმ რაოდენობას, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის მარტივ კვლავწარმოებას. მართალია, თავად რესპოდენტების აზრით, მათ ოჯახებში ბავშვთა სასურველი რაოდენობა აღემატება ფაქტობრივ რაოდენობას, თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი მოსახლეობის არა თუ გაფართოებული, არამედ მარტივი აღწარმოებისთვისაც კი. ასეთ პირობებში შობადობის ზრდის ხელშემშლელ ფაქტორად თვალშისაცემი ხდება საზოგადოების კონსერვატიზმი და დამოკიდებულება ქორწინების გარეშე ბავშვების გაჩენისადმი. საგანგაშოდ მაღალია სხვაობა (5 წელზე მეტი!) ქვეყანაში ქორწინების ფაქტობრივ საშუალო ასაკსა და რესპოდენტების მიერ დასახელებულ ოპტიმალურ ასაკს შორის. აღნიშნულის მრავალ მიზეზთაგან ეკონომიკური მდგომარეობა უნდა მიჩნეულ იქნას ქორწინების გადავადებისა და ზოგადად, მისგან თავშეკავების ძირითად მიზეზად. გამოკითხვამ დააფიქსირა საზოგადოებრივი მორალისა და ფასეულობების სისტემაში კონსერვატიული მუხტის ერთგვარი შესუსტება, რაც გამოიხატება ქორწინების იურიდიულად გაფორმების აუცილებლობის მნიშვნელოვან განსხვავებაში ასაკობრივი და ტერიტორიული ნიშნით. ახალგაზრდებში აღნიშნულ აქტის აუცილებელ გაფორმებას მაღალ ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით 1.3-ჯერ, ხოლო თბილისში საქართველოს დანარჩენ რეგიონებთან შედარებით _ 1.5-ჯერ ნაკლები მხარდამჭერი ყავს. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქართული საზოგადოების ერთერთ გამორჩეულ და მწვავე საკითხად იქცა მოსახლეობის ემიგრაცია, ძირითადად _ ეკონომიკური მიზეზებით. ის, რომ საქართველოდან ყოველი მეოთხე ოჯახის ერთი ან რამდენიმე წევრი უცხოეთში იმყოფება, ქმნის ასეთი არასრული და ხანგრძლივი დროის მანძილზე ცალ-ცალკე ცხოვრებით გამოწვეულ დროში განვრცობით სერიოზულ ფსიქო-სოციალურ პრობლემებს როგორც ემიგრანტებში, ისე სამშობლოში დარჩენილ ოჯახის წევრებში, გაუცხოების, ქვეყანაში დარჩენილი ოჯახის წევრების ემიგრანტისადმი უტილიტარული დამოკიდებულების ფორმირებას... აღნიშნულთან ერთად, მასობრივი ემიგრაცია, რომლის დიდი ნაწილი შრომისუნარიან, ეკონომიკურად აქტიურ ასაკშია, ქმნის კიდევ ერთ დამატებით პრობლემას: იმის გამო რომ ემიგრანტთა არანაკლებ 70 პროცენტი ქალია, ხოლო ამ უკანასკნელთაგან სჭარბობენ ფერტილურ ასაკში მყოფნი. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს საქართველოში დარჩენილი მოსახლეობის აღწარმოების, რეპროდუქციის პოტენციალს. ემიგრაციის ხანგრძლივი დროის გამო ასეთ ოჯახებში 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეათე უკვე უცხოეთშია დაბადებული, ამჟამად უცხოეთში _ საკუთარ ემიგრანტ მშობლებთან/მშობელთან იმყოფება საქართველოდან ემიგრირებული ოჯახების ყოველი მეექვსე ბავშვი. სამწუხაროდ, ასეთი ოჯახების ბავშვთა უდიდესი ნაწილი _ 60 პროცენტზე მეტი _ დატოვებულია ოჯახის სხვა წევრებისა და ნათესავების იმედად, რაც ასეთ ბავშვებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის ფსიქიკური მდგრადობის, ფასეულობათა ფორმირებისა და სოციალიზაციის მხრივ. აღნიშნული ვითარება, აგრეთვე ის გარემოება, რომ საქართველო თავის სახმელეთო მეზობლებთან შედარებით მოსახლეობის მედიანური ასაკით ყველაზე ხანდაზმულად გამოიყურება, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვით _ ყველაზე გამეჩხერიანებულ ტერიტორიად, ზრდის ქართველი მოსახლეობის თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისათვის ეგზისტენციურ საფრთხეს. აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორების, აღწერილი დემოგრაფიული კოლაფსის დაძლევის ძირითადი ბერკეტი სახელმწიფოს ხელშია. ეკონომიკის სწრაფი განვითარება, მაღალი დამატებული ღირებულების შემქმნელი სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი ზრდა, ეფექტიანი, მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული აქტიური სოციალური და დემოგრაფიული პოლიტიკა ის ფაქტორებია, რომლებიც ხელს შეუწყობენ მძიმე დემოგრაფიული და მიგრაციული ფონის შემობრუნებას პოზიტიური მიმართულებით. ამასთან, ქვეყნის მოსახლეობასაც, თავისი თვითშენახვისა და გადარჩენის ინსტინქტის საფუძველზე, ასევე შესწევს უნარი თავისი თვალსაჩინო წვლილი შეიტანოს ამაში _ საკუთარი ყოფის, არსებობისა და განვითარების უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებაში. გამოყენებული ლიტერატურა
[1] ბოლო მონაცემებით (2023 წ.), საქართველოში საშუალოდ ერთი შინამეურნეობა შედგება 3.30 წევრისაგან. [2] აქ საქართველოდან ემიგრანტებში ვგულისხმობთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც საქართველოდან კი არიან სხვადასხვა მიზეზით წასულნი, თუმცა ინარჩუნებენ საქართველოში დარჩენილ ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ეკონომიკურ და ემოციურ კავშირს. ემიგრანტთა საერთო რაოდენობა გაცილებით მეტია იმ პირების ჩათვლით, რომლებიც „დედაწულიანად“ აიყარნენ და წავიდნენ საქართველოდან და საქართველოში ოჯახის აღარც ერთი წევრი აღარ დარჩათ. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||