English / ქართული / русский /
თეიმურაზ შენგელია
ბიზნესში ინდივიდუალური ქცევის მოტივების კვლევა სქესობრივი განსხვავების გათვალისწინებით

ანოტაცია. ქართულ საზოგადოებაში მიმდინარე  ეკონომიკური  რეფორმების პირობებში ძირეულ ცვლილებებს განიცდის ბიზნესურთიერთობანი. ეს ცვლილებები აისახა ახალი სოციალური ჯგუფის - ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების გაჩენასთან, რომლებიც  წარმოადგენენ ახალი კულტურული ფასეულობების, ნორმებისა და იდეების მატარებლებს. ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების სოციალური მახასიათებლების,  კერძოდ, სხვა ადამიანების მიმართ მათი დამოკიდებულების შესწავლა  ბოლომდე დაუდგენელ სამეცნიერო პრობლემად რჩება. ქალების მზარდი რაოდენობის ჩართვა ბიზნესში აქტუალურს ხდის მათი ბიზნესთავისებურებების კვლევას.  შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკულად არ არსებობს კვლევები, რომლებიც  ეხება  ბიზნესის სფეროში ქალებისა და მამაკაცების სოციალური მახასიათებლების შედარებით ანალიზს. ამავდროულად, ასეთი კვლევების ჩატარება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ისინი იძლევა შესაძლებლობას დავადგინოთ ბიზნესის სფეროში სქესობრივი განსხვავების  გათვალისწინებით ინდივიდუალური ქცევის მოტივები.   

შესავალი 

ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების პიროვნული თვისებები არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის თავისებურებებზე. ამავდროულად,  ბიზნესმენები, როგორც სოციალურ-პროფესიული ჯგუფი საკმაოდ მრავალფეროვანი და მრავალმხრივია, რაც განისაზღვრება მრავალი ფაქტორით:  ბიზნესსაქმიანობის კონკრეტული სფეროთი, ბიზნესის განვითარების ხარისხითა და მეწარმეების ინდივიდუალური ფსიქოლოგიური მახასიათებლებით. ის ასევე მოიცავს  სოციალური თავისებურებებს, რომელიც ყალიბდება საზოგადოების ცხოვრების პროცესში და გულისხმობს კონკრეტულ კულტურულ გარემოში მამამრობითი და მდედრობითი სქესის წარმომადგენლების მიერ გადაწყვეტილებების მიღებისა და ქცევის განსხვავებულ მოდელებს.  ბიზნესმენების დამოკიდებულება მათი საქმიანობის სხვადასხვა ასპექტზე არის ეკონომიკური წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს  საქართველოში ბიზნესის განვითარების  დინამიკაზე. საზოგადოებრივი ცხოვრების პროცესში, ის ასევე გულისხმობს კონკრეტულ კულტურულ გარემოში სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებისთვის ქცევის განსხვავებული მოდელების შემუშავებას.  ამ  თვალსაზრისით  საინტერესოა საზოგადოებაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპებიდან გამომდინარე ბიზნესში მამრობითი და მდედრობითი სქესის წარმომადგენლების  ქცევის აღქმის შესწავლა.

ქართველი და უცხოელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების ანალიზმა (Shengelia 2017, Bem 1981, Chafetz 1978, Berishvili 2015, Timothy1957) გამოავლინა იმ მიდგომების ფართო სპექტრი, რომლებიც  დომინირებენ მეცნიერებაში მამაკაცისა და ქალის ბიზნესსაქმიანობის, მათ შორის სოციალური ურთიერთობებისა და სოციოკულტურული სივრცის შესწავლის პროცესში.  ამრიგად,  ბიზნემენთა ქცევის   ანალიზი, სხვა ფაქტორებთან ერთად გულისხმობს  ქალისა და მამაკაცის ქცევის მოტივების    შესწავლას. 

კვლევის მეთოდოლოგია 

კვლევის მიზანს წარმოადგენდა  ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების სქესის მიხედვით განსაზღვრული სოციო-კულტურული  თავისებურებების გამოვლენა.

ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო შემდეგი ამოცანების  გადაწყვეტა:

-  ემპირიული კვლევის პროგრამის შემუშავება;

-  კვლევაში გამოსაყენებელი მეთოდების   დადგენა; 

-  მონაცემთა პირველადი სტატისტიკური დამუშავება (ძირითადი მონაცემების საშუალო სიდიდეების გამოთვლა, მახასიათებლებში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო განსხვავებების დადგენა);

-  ბიზნესის სხვადასხვა სქესის წარმომადგენლების სოცო-კულტურულ მახასიათებლებში განსხვავებების  იდენტიფიცირება.

კვლევის პროცესში ჩვენს მიერ ჩამოყალიბებულ იქნა რამოდენიმე ჰიპოთეზა.

ზოგადი ჰიპოთეზა:

H-არსებობს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ბიზნესის სფეროში მოღვაწე  ქალებისა და მამაკაცების  სოციო-კულტურულ   მახასიათებელში.

სპეციფიური ჰიპოთეზები:

H1. ბიზნესის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა სქესის წარმომადგენლების  მოტივაციის სტრუქტურა განსხვავებულია: მამაკაცებს, ქალებთან შედარებით, აქვთ უფრო გამოხატული სურვილი უზრუნველყონ უსაფრთხო ფინანსური მდგომარეობა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობა, ქალებისთვის კი მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა და სამუშაოს სარგებლიანობა. 

H2. სქესობრივი ნიშნის მიხედვით არსებობს განსხვავებები  ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების დამოკიდებულებაში რისკისა და კონკურენციის მიმართ, კერძოდ, ბიზნესში მოღვაწე მამაკაცებს უფრო პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ რისკისა და  კონკურენციის მიმართ, ვიდრე  ქალებს.

H3. კონფლიქტურ სიტუაციებში ქცევითი სტრატეგიების  უპირატესობებში არსებობს განსხვავებები - კერძოდ, მამაკაცებს აქვთ კონკურენციისკენ მიდრეკილება, ე.ი. აქტიური სტრატეგია; ქალები უფრო ხშირად  ავლენენ ადაპტაციის უნარს, რაც შეესაბამება პასიურ სტრატეგიას.

H4. სხვებთან ურთიერთობისას მამაკაცები  ავლენენ თვითრეალიზაციის უფრო დიდ სურვილს, თავდაჯერებულობას, საკუთარი თვალსაზრისის დაცვისკენ მიდრეკილებას.  ბიზნესში მოღვაწე ქალებს კი ახასიათებთ სხვების დახმარების, ნდობის მოპოვების მოთხოვნილება, კონფორმიზმი და განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა.

კვლევის პროცესში შერჩეული გენერალური ერთობლიობა შეადგენდა 112 ადამიანს, მათ შორის 63% იყო მამაკაცები, ხოლო 49% ქალები, რომლებიც დასაქმებული იყვნენ ბიზნესის სხვადასხვა სფეროში. კვლევის გეოგრაფია შემოიფარგლა საქართველოს უმსხვილესი ინდუსტრიული ცენტრებით. ჩატარდა: ქ. თბილიში, ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში.  კვლევა შეეხო სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებსა და ბიზნესის   სექტორებს   (წარმოება, მომსახურება, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, საბანკო საქმე,  საშუამავალო მომსახურება და სხვა).

ბიზნესმენთა სოციალური მახასიათებლების შესწავლის პროცესში გამოყენებულ იქნა რამდენიმე მეთოდი: მოდერნიზებული სტანდარტიზებული ინტერვიუები შედგებილი   კ.ტომასის და რ. კილმანის(Thomas, Kilmann 1974)  ტესტის მიხედვით; ტიმოთი ლირის  ინტერპერსონალური ურთიერთობების დიაგნოსტიკის მეთოდი (Leary, 1957);   სანდრა ბემის კითხვარი (Bem, 1974). კვლევის შედეგების სტატისტიკური დამუშავება განხორციელდა U მეთოდის გამოყენებით მან-უიტნის ტესტით (Mann, Whitney   1947).   ხოლო ნიმუშების საშუალო არითმეტიკული დადგინდა სტატისტიკური პაკეტის STATISTICA 6.0 გამოყენებით.ემპირიული ინფორმაციის შეგროვების ძირითად მეთოდს წარმოადგენდა სტანდარტიზებული ინტერვიუ, სპეციალურად შემუშავებული კითხვარის და ინდივიდუალური პიროვნების მახასიათებლების შეფასების სკალების გამოყენებით. შესწავლილი იქნა მეწარმეების ბიზნესსაქმიანობის პირობებთან და ფაქტორებთან დამოკიდებულება. კვლევის შედეგად გამოვლენილი და გაანალიზებულია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: ბიზნესსაქმიანობის მოტივები, რისკისადმი დამოკიდებულება, კონკურენცია, პარტნიორებთან ურთიერთობა. 

კვლევის შედეგები 

კვლევის  პროცესში შემოწმდა ჰიპოთეზა მამაკაცებსა და ქალებს შორის  ბიზნეს საქმიანობის მოტივაციაში არსებული განსხვავებების შესახებ. მოტივების სტრუქტურის დასადგენად გამოყენებული იქნა სტანდარტიზებული კითხვარი ბიზნესკვლევის პროგრამიდან.                                                                                                                                             

ცხრილი 1

ბიზნეს საქმიანობის მოტივების მნიშვნელობა

მამაკაცებისა და ქალებისთვის

მოტივები

ქალები

ბიზნესში

მამაკაცებიბიზნესში

 დამოუკიდებლობა

1,91 (2)

2,42 (2)

თვითრეალიზაციის შესაძლებლობა

2,83 (3)

2,51 (3)

 მატერიალური უზრუნველყოფა

1,89 (1)

1,61 (1)

 სხვებისთვის სარგებლიანობა

5,01 (6)

5,16 (6)

 ავტორიტეტის მოპოვების მიდრეკილება

4,52 (4)

4,21 (4)

 ადამიანების ხელმძღვანელობის შესაძლებლობა

4,95 (5)

5,00 (5)

*პირველი რიცხვი გვიჩვენებს ნიმუშში მოტივის მნიშვნელოვნების საშუალო ხარისხს, მეორე – მინიჭებულ  რანგს. 

მიღებული მონაცემების  ანალიზი საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ  ბიზნესსაქმიანობის მოტივების სტრუქტურის ზოგადი მახასიათებლები. როგორც მამაკაცების, ასევე ქალებისთვის, „მატერიალური უსაფრთხოების“ მოტივი აღმოჩნდა  ყველაზე მნიშვნელოვანი. მეორე ადგილს იკავებს „დამოუკიდებლობის“, მესამეს - თვითრეალიზაციის მოტივი, „ავტორიტეტის მოპოვების სურვილის“ მოტივი მეოთხე ადგილზეა, მეხუთეზე -  „ადამიანების მართვის შესაძლებლობა“   მნიშვნელობით ბოლო ადგილზეა  „სარგებლიანობა სხვებისთვის“. მიღებული მონაცემები საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ  ბიზნესსაქმიანობის არჩევის მოტივების სტრუქტურა მამაკაცებისა და ქალებში  მსგავსია. ამავდროულად, ტენდენციის დონეზე, გამოიკვეთა გარკვეული განსხვავებები მამაკაც   და ქალ  ბიზნესმენებს შორის მოტივების მნიშვნელობის შეფასებაში. ამრიგად, მამრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის  შემდეგი მოტივები აღმოჩნდა უფრო მნიშვნელოვანი: „დამოუკიდებლობა“ და „სარგებლიანობა სხვებისთვის“.  მდედრობითისთვის კი მეტი მნიშვნელობა ენიჭება: „მატერიალური უსაფრთხოებას“; „თვითრეალიზაციის შესაძლებლობას“ და „  ავტორიტეტის მოპოვების სურვილს“.

კვლევის პროცესში დავადგინეთ ინდიკატორების საშუალო მნიშვნელობები  ბიზნესის სფეროში მოღვაწე მამაკაცებსა და ქალებში (იხ. ცხრილი 2).

ცხრილი 2

კვლევის ინდიკატორების საშუალო მნიშვნელობები ბიზნესის სფეროში

მოღვაწე მამაკაცებსა და ქალებში

ცვლადები

ბიზნესჯგუფი

კაცები

ქალები

1.კონკურენციისადმი დამოკიდებულება

3,47

3,05

3.  რისკისადმი დამოკიდებულება

2,53

2,27

5.  რისკის ოპტიმალური დონე

3,41

4,97

6.  ოჯახის ცხოვრების დონე

3,55

3,73

7. ბიზნესპარტნიორების საიმედოობა

4,92

4,77

8.  სახელმწიფო სტრუქტურებისადმი ნდობა

4,92

4,91

9.ბიზნესსტრუქტურებისადმი ნდობა

4,39

4,23

10.  საქმიანი აქტიობის ცვლა

3,89

4,143

11. საკუთარი ბიზნესის ზრდის   შესაძლებლბები

5,08

5,32

ბიზნესის სფეროში მოღვაწე მამაკაცებისა და ქალების რისკისადმი დამოკიდებულების   შედარებისთვის Mann-Whitney U ტესტის გამოყენებამ აჩვენა, რომ  ქალთა ჯგუფმა შეაფასა რეალური და ოპტიმალური რისკის ხარისხი ბევრად უფრო მაღალა, ვიდრე მამაკაცებმა. ამრიგად, მეწარმე ქალებს  მიაჩნიათ, რომ ისინი მუშაობენ უფრო დიდი რისკის პირობებში, ვიდრე  მამაკაცებს. ზოგადად,  ბიზნესის სფეროში მოღვაწე ქალებისა და მამაკაცების დამოკიდებულება რისკისადმი ასახავს შემდეგ ტენდენციას: მამაკაცებში ჭარბობს რისკის მიმართ ნეიტრალური და ნეგატიური დამოკიდებულება, ქალებში კი ნეგატიური და ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება. მეწარმე ქალებს უფრო უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ რისკის მიმართ და ამავდროულად, მამაკაცებთან შედარებით მათ მიერ რეალური რისკის შეფასება უფრო მაღალია.

ცხრილი 3

ბიზნესის სფეროში დასაქმებულ მამაკაცებსა და ქალებს შორის რეალური და ოპტიმალური რისკის ხარისხის შეფასება   (საშუალო რეიტინგები 10-ბალიანი სკალაზე)

 რისკის სახეობა

 მამაკაცები

 ქალები

 რეალური

      4,92

5,41

 ოპტიმალური

       3,41

4,97

ბიზნესის სფეროში დასაქმებულ ქალებსა და მამაკაცებს შორის კონკურენციისადმი დამოკიდებულების ანალიზმა აჩვენა, რომ ზოგადად, გამოკითხული  რესპონდენტების   კონკურენციის მიმართ დამოკიდებულება ზომიერად დადებითია. ამასთან, მამაკაცთა ჯგუფში კონკურენტული ურთიერთობები და კონკურენცია სხვა ადამიანებთან უფრო დადებითად ფასდება, ვიდრე  ქალთა ჯგუფში. მამაკაცები უფრო ხშირად აღნიშნავენ, რომ ურჩევნიათ კონკურენტულ გარემოში ცხოვრება და მუშაობა (ამ აზრს გამოთქვამს  რესპონდენტთა თითქმის ნახევარი). ქალები უმეტესად აღნიშნავენ კონკურენციის მიმართ  ნეიტრალურ დამოკიდებულებას   და უფრო ხშირად ვიდრე მამაკაცები აღნიშნავენ, რომ არ მოსწონთ კონკურენცია (იხ. ცხრილი 4).

ცხრილი 4

ბიზნესის სფეროში დასაქმებულ ქალებსა და მამაკაცებს შორის კონკურენციისადმი დამოკიდებულება (პროცენტებში)

კონკურენციისადმი დამოკიდებულება

მამაკაცები

ქალები

 ძალიან უარყოფითი 

0

4,8

 უარყოფითი

10,7

13,6

 ნეიტრალური

44,7

63,6

 დადებითი

28,9

9

 ძალიან დეადებითი

15,7

9

ეს მონაცემები ადასტურებენ, რომ ზოგადად მამაკაცებს უფრო დადებითი დამოკიდებულება აქვთ კონკურენციის მიმართ, ვიდრე   ქალებს. ამავდროულად, ჩვენი ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ არსებობს განსხვავებები ბიზნესის სფეროში დასაქმებულ მამაკაცებს და ქალებს შორის რისკისა და კონკურენციისადმი დამოკიდებულებაში, კვლევის შედეგებით, მხოლოდ ნაწილობრივ დადასტურდა. 

 ბიზნესსაქმიანობის მახასიათებლების შედარებისას, მამაკაცებისა და ქალების შეფასებებში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები არ დაფიქსირებულა (იხ. ცხრილი 5)

ცხრილი 5

მამაკაცებისა და ქალების ბიზნესსაქმიანობის სხვადასხვა მახასიათებლების შეფასების საშუალო მნიშვნელობები (ქულები 5-ბალიანი სკალაზე: 1-უარყოფითი, 5-დადებითი)

ბიზნესსაქმიანობის მახასიათებლები

მამაკაცები

ქალები

 საქმიანი აქტიურობის ხარისხი

4,74

5,27

 დღეისათვის წარმატებული საქმიანობა

4,68

5,14

 შედეგებით კმაყოფილება

4,24

4,50

 საკუთარი შესაძლებლობების შეფასება

5,08

5,32

 კონკურენტუნარიანობის შეფასება

4,84

4,86

ამ მაჩვენებლების შეფასებები ოდნავ მაღალი აღმოჩნდა მეწარმე ქალებში. მიღებული მონაცემები ცხადყოფენ ქალების ბიზნეს საქმიანობის თვითშეფასებების პოზიტიურ დინამიკას, რომლებიც ახლოსაა  მამაკაცებთან. ეს მიუთითებს  ბიზნესის სფეროში დასაქმებულთა ახალი ჰომოგენური ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ხასიათდება მამაკაცებსა და ქალებს შორის დიდი მსგავსებით და მცირე განსხვავებებით.

ამ კვლევის განსაკუთრებული მიზანი იყო  ბიზნესის სფეროში დასაქმებულთა შორის ინტერპერსონალური ურთიერთქმედების მახასიათებლების გამოვლენა. ამ პრობლემის გადასაჭრელად ჩატარდა მამრობითი და მდედრობითი სქესის ნიმუშებიდან მიღებული მონაცემების შედარებითი ანალიზი K. Thomas, T. Leary და S. Bem მეთოდებით.

ორივე შესწავლილ ჯგუფში, კონფლიქტის დროს ქცევის ყველაზე ხშირად სასურველი სტრატეგია არის კომპრომისი, მეორე ყველაზე გამოხატული სტრატეგია არის თანამშრომლობა, რასაც მოსდევს კონკურენცია, ხოლო თავიდან აცილება და ადაპტაცია შედარებით ნაკლებად არის გამოხატული. ამავდროულად, მამრობითი და მდედრობითი სქესის  წარმომადგენლების შედარებისას გამოვლინდა გარკვეული განსხვავებები.  ასე მაგალითად, მამაკაცები უპირატესობას ანიჭებენ კონკურენციას და კომპრომისს, ხოლო ქალები თანამშრომლობას, აცილებას და ადაპტაციას (იხ. ცხრილი 6). თუმცა,  ეს განსხვავებები არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი და  ასახავს მხოლოდ ზოგად ტენდენციად. 

ცხრილი 6

მეწარმე მამაკაცებსა და ქალებს შორის კონფლიქტის მოგვარების მეთოდები

(ქულები 10-ბალიანი სკალაზე: 1-უარყოფითი, 10-დადებითი)

კონფლიქტის გადაჭრის გზები

მამაკაცები

ქალები

 ქიშპობა

6,10

5,63

 თანამშრომლობა

6,34

6,63

 კომპრომისი

7,52

6,77

 თავიდან აცილება

5,65

5,77

 დათმობა

4,07

4,59

ჩატარებული DME ტესტის დიაგნოსტიკური შედეგების ანალიზი ავლენს როგორც მსგავსებებს, ასევე განსხვავებებს ორი საკვლევი ჯგუფის ინტერპერსონალური ურთიერთობების სტილში. ორივე  ჯგუფში ინტერპერსონალური ურთიერთობების ყველაზე გამოხატული ტიპებია: ავტორიტეტული ლიდერი, დამოუკიდებელი - დომინანტი და პირდაპირი - აგრესიული. ყველაზე ნაკლებად გამოხატულია მორჩილი - მორცხვი - დამოკიდებული   ტიპები.

ამავდროულად, მამაკაცების ჯგუფში უფრო გამოხატულია დამოუკიდებელი - დომინანტური ტიპი (ავლენს ინტერპერსონალური ურთიერთობების ისეთ სტილს, როგორიცაა - თავდაჯერებული, დამოუკიდებელი, კონკურენტუნარიანი) და პირდაპირი - აგრესიული ტიპი (ავლენს ისეთ მაჩვენებლებს, როგორიცაა - გულწრფელობა, სპონტანურობა, პირდაპირობა, მიზნის მიღწევის შეუპოვრობა) ინტერპერსონალური ურთიერთობები (განსხვავებები სტატისტიკურად მნიშვნელოვანია) (იხ. ცხრილი 7).

ცხრილი 7

მამაკაცი და ქალი მეწარმეებს შორის ინტერპერსონალური ურთიერთქმედების თავისებურებები

(ქულები 10-ბალიანისკალაზე: 1-უარყოფითი, 10-დადებითი)

    მაჩვენებლები

მამაკაცები

ქალები

 ლიდერობისადმი დამოკიდებულება

8,86

7,95

 დამოუკიდებელი

6,73

5,40

 პირდაპირი-აგრესიული

6,15

4,81

 სკეპტიკური

4,75

3,54

 მორჩილი

3,18

3,00

 დამოკიდებული

3,07

3,18

 თანამშრომლობისადმი მიდრეკილი

5,15

4,95

 პასუხისმგებლიანი

4,77

4,97

მეწარმე ქალთა ჯგუფში დამოკიდებული - მორჩილი (სხვების დახმარებისა და ნდობის საჭიროება, მათი აღიარება) და პასუხისმგებელიანი (სხვების დახმარების გამოვლენილი სურვილი, განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა) ინტერპერსონალური ურთიერთობების ტიპები შედარებით უფრო გამოხატულია.

ამრიგად, ამ  ანალიზით გამოვლინდა  ბიზნესჯგუფისთვის დამახასიათებელი საერთო სოციალურ-პიროვნული მახასიათებლები, რომლებიც გამოიხატება ავტორიტეტული - წამყვანი, პირდაპირი - აგრესიული და დამოუკიდებელი - ინტერპერსონალური ურთიერთობების დომინანტური სტილის მაღალ დონეში და შედარებით დაბალი რეიტინგი აქვს ისეთ ინდიკატორებს, როგორიცაა: მორჩილი, დამოკიდებული. განსხვავება მხოლოდ იმაში ვლინდება, რომ სხვებთან ურთიერთობისას მამრობითი სქესის  ბიზნესმენები ავლენენ თვითრეალიზაციის უფრო დიდ სურვილს, თავდაჯერებულობას, კონკურენციისკენ მიდრეკილებას (რაც დადასტურდა კ. თომას მეთოდოლოგიის გამოყენებთ მიღებული შედეგებით). ე.ი. მათ აქვთ ინტერპერსონალური ურთიერთობების დამოუკიდებელი - დომინანტური და პირდაპირი - აგრესიული ტიპის ინდიკატორები. მეწარმე ქალებს, მამაკაცებზე  მეტად, ახასიათებთ დახმარების მოთხოვნილება, ნდობა და მეგობრული დამოკიდებულება, განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. 

მე-8 ცხრილში წარმოდგენილი მონაცემებიდან ირკვევა, რომ ორივე საკვლევ ჯგუფში მაღალი მნიშვნელობები იქნა ნაპოვნი როგორც  მასკულინური, ასევე  ფემინისტური თვისებებისთვის. უფრო მეტიც, მეწარმე ქალებში ორივე ინდიკატორის წონა უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე მეწარმე მამაკაცებში - 95,18 და 97,45 ქულა. ეს არის მაღალი მაჩვენებელი, რაც საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ეს ჯგუფი ანდროგინია[1]. ისევე, როგორც წინა მაჩვენებლები, ნეიტრალიტეტის მაჩვენებელი ქალმეწარმეებს შორის უფრო მაღალია, ვიდრე მეწარმე მამაკაცებში. სანდრა ბემი თვლიდა, რომ ანდროგინია უფრო დიდ შესაძლებლობებს იძლევა სოციალური ადაპტაციისთვის. ანდროგენული ტიპის ადამიანების დამახასიათებელი ნიშნები უნდა იყოს სიტუაციური მოქნილობა, მიღწევის მოტივაცია, მაღალი თვითშეფასება და სხვა ადამიანებზე გავლენის მოხდენის უნარი.

ცხრილი8

სქესობრივი როლები ბიზნესში (ქულები 100-ბალიანი სკალაზე)

მაჩვენებლები

მამაკაცები

ქალები

 მასკულანური

91,73

95,18

 ფემინისტური

95,15

97,45

 ნეიტრალური

92,57

97,07

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს კვლევაში გამოვლენილი ქალი მეწარმეების სოციალურ-პიროვნული მახასიათებლები, გენდერული როლის მახასიათებლების სიმძიმის თვალსაზრისით (მამაკაცურობა ან ქალურობა), არ შეესაბამება იმ კულტურულ მოლოდინებსა და სტერეოტიპებს, რომლებიც  კორელაციაშია  ქართველი მამაკაცების ან   ქალების ქცევასთან. თუმცა, ეს  დასკვნა მოითხოვს დამატებით  დასაბუთებას  შემდგომი კვლევების  პროცესში. 

დასკვნები

ჩატარებული კვლევის შედეგები მიუთითებენ ბიზნესის სფეროში დასაქმებული  საკვლევი ჯგუფების სოციალურ-პიროვნული მახასიათებლების მსგავსებაზე. ამასთან, არსებობს გარკვეული განსხვავებების  ბიზნესში დასაქმებულ ქალებსა და მამაკაცებს შორის. ზოგადად მამაკაცებს ახასიათებთ უფრო პოზიტიური დამოკიდებულება კონკურენციის მიმართ, ვიდრე ქალებს. მათი ბიზნესსაქმიანობის მახასიათებლები (კონკურენტუნარიანობა, წარმატების მიღწევის საკუთარი შესაძლებლობები) უფრო მაღალია.  მთლიანობაში  ბიზნესში მოღვაწე  ორივე ჯგუფი პრიორიტეტს ანიჭებს ქცევის აქტიურ სტრატეგიებს. ინტერპერსონალური ურთიერთქმედების სტილი მიდრეკილია დომინანტობისა და დამოუკიდებლობისკენ. ამავდროულად,  კვლევით დადგინდა, რომ  ბიზნესში მოღვაწე ქალები მრავალი თვალსაზრისით ახლოს არიან მამრობითი სქესის (მასკულინურ) მახასიათებლებთან და მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ტიპიური ქალის (ფემინისტური) სტერეოტიპებისგან. რაც მეტყველებს ქართულ ბიზნესში ანდროგინული მახასიათებლების გაჩენაზე. ბიზნესში მოღვაწე მამაკაცებს ახასიათებთ რისკისა და კონკურენციის მიმართ უფრო პოზიტიური დამოკიდებულება, საკუთარი შესაძლებლობების მაღალი შეფასება და კონკურენტუნარიანობა ეკონომიკურ საქმიანობაში, ვიდრე ქალებს. კონფლიქტურ სიტუაციებში, ქალებს აქვთ უფრო მაღალი სოციალურად ორიენტირებული ინტერპერსონალური ურთიერთქმედების სტილი, ვიდრე მამაკაცებს. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Shengelia T (2017).  The Influencevof cross-cultural peculierities of social capital of etnic groups on business.  Modern tendencies of development of economy and economic science. Vol.2
  2. Shengelia T., Berishvili Kh (2020). Methodology of social entrepreneurship research and its influence on countries with small economy. International Journal of Social and Humanities Sciences. Vol. 4, Issue 3, Pages 181-190
  3. Berishvili Kh (2015). Social-cultural function and role of gender in development of global business.  International Journal of Social Sciences. Vol. IV, No. 2
  4. Berishvili Kh (2015). The role of gender equality in economic development.Economie si siciologie.Numarul 2, Hag. 33-39
  5. Berishvili Kh. (2016).Analisis of political and economic environment from the viewpoint of gender equality. Ecoforum.  Vol.5, No 1
  6.  Helen P (2002). STATISTICA 6.0 Petrie, British Journal of Mathematical & Statistical Psychology. Vol. 55. (Nov. 2002): 391-392.  
  7. Mann H. B., Whitney D. R. (1947). "On a Test of Whether one of Two Random Variables is Stochastically Larger than the Other"Annals of Mathematical Statistics. 18 (1): 50–60.
  8. Timothy L. (1957). Interpersonal diagnosis of personality: a functional theory and methodology. — New York, Ronald Press Co, 1957.
  9. Thomas W., Kilmann R. Thomas-Kilmann Conflict Mode Instrument. PsycTESTS Dataset (1974)
  10. Bem S. (1974). "The measurement of psychological androgyny". Journal of Consulting and Clinical Psychology, 1974.P. 155–162.
  11. Bem S. (1981). Gender schema theory: a cognitive account of sex typing / Psycol. revew. № 88. P. 354-364.
  12. Chafetz J.S. (1978). Masculine/feminine or human? An overview of sex roles. Itaca, P. 38.


[1] მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან ფემინისტური თეორიის კონტექსტში ეს ტერმინი აღწერს ადამიანებს, რომელთა კლასიფიკაცია მკაცრად ქალად ან კაცად შეუძლებელია. ანდროგინია გულისხმობს მამაკაცური და ქალური მახასიათებლების კომბინაციას. ანდროგინიის იდეა არ უარყოფს მათ შორის ბიოლოგიურ სხვაობებს, აქ იგულისხმება თვისობრივი მახასიათებლების ერთობა.