English / ქართული / русский /
თამაზ გამსახურდიათეიმურაზ ფესტვენიძე
ბიზნესის მაღალი ტემპებით განვითარება არის ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების წყარო

ანოტაცია. ნაშრომში მოცემულია ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების ამსახველი წყაროების არსი და მნიშვნელობა, რომელიც ითვალისწინებს ხელისუფლების  მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიონალიზმს, გამოცდილებას, რაც ხელს შეუწყოფს მართვის ეფექტიანობას, ადამიანისეული რესურსების სწორად ფორმირებასა და მათი შესაძლებლობების, ნიჭისა და ინტელექტის მიზანმიმართულ გამოყენებას. ასევე საუბარია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ნელ ტემპებსა და ნაკლებ ეფექტურობაზე, ამ პრობლემების აღმოფხვრის გზებსა და საშუალებებზე, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპის პოსტ კომუნისტური ქვეყნების გამოცდილების შესწავლა - გაზიარებაზე.

საკვანძო სიტყვები: აგრობიზნესი, მცირე და საშუალო ბიზნესი, დემოგრაფია, ადამიანისეული რესურსები, დასაქმება.  

საუკუნის მესამედზე მეტია გასული, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, რასაც უნდა მოჰყოლოდა ქვეყნის წინსვლა და მისი მოსახლეობის ცხოვრების პირობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ ქვეყნებში უფრო მეტი დოზით იყო განვითარებული კერძო საკუთრება (უნგრეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში) და უფრო ნაკლებად იყო რუსული დიქტატი, რამაც დადებითი როლი ითამაშა ამ ქვეყანებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საქმეში. თავის დროზე ნიკო ნიკოლაძე აღნიშნავდა, რომ ევროპაში არ არსებობს იმაზე მეტი სირცხვილი როცა ვინმე თავის გარემოში „მუქთახორობის“ ან „უსაქმურის“ სახელს დაიმსახურებს, ადამიანები, რომლებსაც წელიწადში რამდენიმე მილიონი შემოსავალი აქვთ, ლორდები, რომელთა რენტა დღეში ერთ მილიონს უდრის, დღეღამეში 6-8 საათს მაინც მუშაობენ და მუშაობენ არა მარტო საზოგადო ინტერესებისადმი იყვნენ სასარგებლონი და თავაზიანი თავიანთი  თანამოქალაქეებისადმი, არამედ წმინდა ჰიგიენური თვალსაზრითითაც, რადგან შრომა სასარგებლოა ფიზიკური თვალსაზრისით იგი ადამიანის ორგანიზმს ანთავისუფლებს „შეგუბებებისა“ და „ჩახერგილობებისაგან“, ზნეობრივი თვალსაზრისით და ყოველგვარი მჭუნვარებისა, აპატიისა, სულის დაცემისა და „გარყვნილობისაგან“. ჩვენში კი ადამიანებს, რომელთაც ლუკმა-პურიც კი არ გააჩნიათ და რომელთა ოჯახები უკიდურეს გაჭირვებას განიცდიან, არა თუ არ რცხვენიათ დილიდან საღამომდე უსაქმოდ იხეტიალონ, არემედ ამაყობენ კიდეც ამით.

ცნობილია ქვეყნისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანისეული რესურსების სწორად ფორმირება და მათი შესაძლებლობების, ნიჭისა და ინტელექტის მიზანმიმართული გამოყენება. შრომითი რესურსების მართვა გამიზნული უნდა იყოს არა პიროვნებებზე, არამედ ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებზე და ამ პრობლემებისა და გამოწვევების აღმოფხვრის გზებსა და საშუალებებზე. ამის ერთერთი რეალური მაგალითია უნგრეთი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პერიოდში მუნიციპალური მართველობის შეფასების ერთერთ მთავარ კრიტერიუმად მთავრობამ დაადგინა ამ მუნიციპალიტეტში დასაქმების დონე.  ამისათვის მოაწესრიგა სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა. შექმნა დასაქმების ბიუროები მუნიციპალიტეტებში საჭირო ბიუჯეტით. შეიქმნა ორი არასამთავრობო ფონდი, რომლებიც გარდა სხვა დონორებისა, უმეტეს წილად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. შეიქმნა ეგრეთწოდებული ბიზნეს ინკუბატორები და სპეციალისტთა მომზადება-გადამზადების ცენტრები. მთავრობამ აიძულა ბიზნეს სესხები გაეცათ სახელმწიფო ბანკებს - არაუმეტეს წლიური 6%-ისა და კომერციულ ბანკებს - 9%-ისა. დედები რომლებიც თავიანთ შვილებს უვლიდნენ ითვლებოდნენ დასაქმებულად, რადგან მათ ხელფასს უხდიდა დასაქმების ბიურო. ეხლა ვნახოთ როგორ მუშაობდა ყოველივე ეს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სასარგებლოდ: პიროვნება თავისი ბიზნეს გეგმით მიდის მუნიციპალიტეტში და წერს განცხადებას რომ დაასაქმებს N რაოდენობის თანამშრომელს თავისთან და ამისათვის ესაჭიროება გარკვეული სამეწარმეო ფართი. მუნიციპალიტეტი სთავაზობს მას მის ხელთ არსებული სამეწარმეო ფართებიდან (სოციალისტური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შედეგად დახურული საწარმოების ფართებიდან) აირჩიოს შესაფერისი ან მიმართოს ბიზნეს ინკუბატორს. თუ არჩევანი გაკეთდა მუნიციპალურ ფართზე და ეს ფართი მოითხოვს რემონტს, რემონტის ხარჯებს მუნიციპალიტეტი გამოუქვითავს ფართის ქირიდან. ამის შემდეგ ბიზნესმენი მიდის დასაქმების ბიუროში და უკვეთავს იმ სპეციალისტებს, რომელიც ჭირდება. თუ ასეთები აღმოჩნდება მათ კარტოთეკაში მათ დაასაქმებენ ახლად შექმნილ ბიზნესში და თუ ასეთები ვერ მოიძებნა დასაქმების ბიურო აგზავნის პიროვნებებს გადამზადების ცენტრში (2-3-ით მეტს ვიდრე შეკვეთილი იყო - არჩევანისათვის). გადამზადების საფასურს იხდის დასაქმების ბიურო, ამასთან სასწავლებლად წარგზავნილებს სტიპენდიას და დასაქმების შემთხვევაში სრულ ხელფასს ერთ წელიწადს უხდის იგივე ბიურო, ხოლო მეორე წელს ხელფასის 50%-ს. თუ ბიზნესი წარმატებული იქნება და საჭირო გახდება ახალი კადრების დამატება ბიურო ანალოგიურად მუშაობს ახალ წევრებთან (გათვალისწინებულია პირობა რომ ახლების შევსება არ მოხდეს ძველი თანამშრომლების დათხოვნის ხარჯზე). ამის შემდეგ ბიზნესმენი მიდის ბანკში და აფორმებს კრედიტს, რომლის 80%-ის თავდებად უდგება ზემოთ ნახსენები არასამთავრობო ფონდი, ხოლო დანარჩენი 20%-ზე იდება ის ფართი რომელიც მუნიციპალიტეტმა გამოყო. ძვირად ღირებული მანქანა დანადგარების შესაძენად შეუძლია მიმართოს ბიზნეს ინკუბატორს და ისინი ლიზინგის წესით შეუძენენ. ასევე შესაძლებელია დამწყებმა ბიზნესმა ისარგებლოს ბიზნეს ინკუბატორების იურდიული, ბუღალტრული, აუდიტორული და საოფისე მომსახურეობით შეღავათიან ფასებში. თუ არ შეიქმნა ჩვენთან რაიმე მსგავსი ან, ღმერთმა ქნას უკეთესი პირობები მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ განვითარდება ვერც ხალხსა და ქვეყანას არ ეშველება.

  ამიტომ საჭიროა მეტი ძალისხმევა, რათა საზოგადოების ყველა წევრი გამოფხიზლდეს, დაადგეს პოზიტიური განვითარების გზას. მარტო ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკი და მშრალი ლოზუნგები არ კმარა, საჭიროა თითოეულმა მოქალაქემ გაითვითცნობიეროს, რომ აუცილებელია შევიმუშაოთ და შევქმნათ ისეთი პროექტები, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილებს და ქართველი კაცი ერთხელ და სამუდამოდ დარწმუნდება იმაში, რომ ადგილზე დასაქმდება და სოციალურ მდგომარეობას გაიუმჯობესებს და აღარ დაჭირდება სამათხოვროდ ემიგრაციაში წასვლა.

სწორედ ცუდმა ყოფაცხოვრებამ, მოუთმენლობამ, დაბალმა განსწავლულობამ, ცხოვრებისეულმა შეცდომებმა და მრავალმა სხვამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე. როგორც სტატისტიკური ინფორმაციით ირკვევა ბოლო რვა წლის განმავლობაში 2905 ადამიანმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ხოლო უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში 37894 ოჯახი დაინგრა, რამდენ ადამიანს შეექმნა ცხოვრებისეული პრობლემა. მომავალი თაობის აღზრდაში თავს იჩენს მრავალი სახის ნეგატიური მოვლენები, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემების გადაჭრაში.

საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საქართველო ერთერთი მოწინავე იყო მოსახლეობის ცხოვრების დონით. ახლა კი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით საქართველო თავისი კონკურენტუნარიანობის რეიტინგით 135 ქვეყნიდან ორმოცდამეათე ადგილზე იყო, 2012 წლისათვის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური მოცულობით 1990 წლის მაჩვენებელს 25 %-ით ჩამორჩებოდა. მაგალითად, ამავე პერიოდში ესტონეთში ზრდამ შეადგინა 63%, ლატვიაში 24%, სომხეთში 60%, აზერბაიჯანში 87%. მშპ საქართველოში 1997 წლიდან 2004 წლის ჩათვლით გაიზარდა 70%-ით, ხოლო 2005 წლიდან 2009 წლის ჩათვლით მხოლოდ 36%-ით, ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, მაგრამ რეალური ეკონომიკური განვითარება ვერ მოხდა. ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისათვის დიდი რაოდენობით კრედიტი იქნა აღებული, გაიზარდა საგარეო ვალდებულებები და გასხვისდა სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო ქონება. პერმანენტულად უარესდება ვითარება დასაქმებაში, იზრდება უმუშევრობა და რომელმაც კრიტიკულ ნიშნულს მიუახლოვდა. ცხოვრების პირობებს ამძიმებს საკვებ პროდუქტებზე ფასების მატება, აგრეთვე იზრდება ინფლაცია, რაც საცალო ფასების დიდ რყევებს იწვევს. გერმანელი ეკონომისტი ლუდვიგ ერჰარდის ბრძნული გამონათქვამია „ინფლაცია ეს არის იმ ხელმძღვანელობის მოღვაწეობის გვირგვინი სახელმწიფოს რომ მართავენ“-ო. ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს ყველა ხელისუფალმა, რომ საჭიროა მაღალი კვალიფიკაცია, პროფესიონალიზმი და გამოცდილება, ეფექტური მართვა, მენეჯერულ აზროვნება და ზრუნვა მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაზე.

ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემების გადაჭრისას სასიცოცხლო მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების მეტად გადაუდებელი ამოცანების გადაწყვეტას, რადგან ქვეყანაში ცხოვრების დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. შრომისუნარიანი ადამიანების უდიდესი ნაწილი დაუსაქმებელია და მოსახლეობაში ფინანსური რესურსების მწვავე დეფიციტი იგრძნობა, ხელისუფლებაში ჯერ კიდევ მოკალათებულ ბევრ სახელმწიფო მოხელეს არ ადარდებს ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობა, მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და სტაბილურობა. თუ სხვა ქვეყნების სახელმწიფო მოხელეები მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებიან უფლება-მოვალეობას და წარმატებას აღწევენ ყველა რგოლში რა მოსდის ჩვენს სახელმწიფო მოხელეს? საქმე იმაშია, რომ ძალზე დაბალია მათი ცოდნის დონე და კვალიფიკაცია, ვერ პასუხობენ თანამედროვე ტექნოლოგიების მოთხოვნებს. მათ ავიწყდებათ, რომ საჭიროა მენეჯერული აზროვნება, მართვის კულტურა, ქვეყნისა და ხალხის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა, ნუთუ არ იციან, რომ ყოველი ლარის უაზროდ და უყაირათოდ ხარჯვას, არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას, თან ახლავს საზოგადოების ნიჰილიზმი, რომელიც ანგრევს ადამიანის გუნება-განწყობას.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე მყოფი ჩინოვნიკები პირველ რიგში მთლიანად უნდა იხარჯებოდნენ, რათა თავიანთი კვალიფიციური შრომის შედეგებით წინ წასწიონ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების კეთილდღეობა, რათა გაამართლონ ეკონომიკურად შეჭირვებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათზე დახარჯული ფულადი რესურსები. სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საჭირო ფინანსური რესურსები ცხადია ბიუჯეტიდან ფინანსდება, მაგრამ აუცილებელია შესაბამისი სამუშაოები კვალიფიციურად შეფასდეს, რათა ადგილი არ ჰქონდეს ფულადი რესურსების უყაირათოდ და არაეფექტურ ხარჯვას. ფინანსური რესურსების სწორად ხარჯვის მიმდინარეობის შემოწმება ამ ეტაპზე საჭიროდ მიგვაჩნია უცხოეთის ქვეყნებიდან მოწვეულ ექსპერტებს მივანდოთ. ამ მნიშვნელოვანი საქმის განხორციელება ვიმედოვნებთ კარგ შედეგს მოგვიტანს, რადგან უცხოელი ექსპერტები დათმობაზე არ წავლენ და ასეთი ღონისძიება დადებითად იმოქმედებს შესრულებული სამუშაოს ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. ამავე დროს მინიმუმამდე დაიყვანს კორუფციულ გარიგებებს, რასაც ადგილი აქვს ჩვენს ქვეყანაში. ყოველივე ეს ფინანსური რესურსების ყაირათიან ხარჯვაში დაგვეხმარება.

უდავო ფაქტია, რომ პროდუქციის ექსპორტ - იმპორტი ნებისმიერი ქვეყნისათვის ნორმალური საგარეო ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ ყოვლად გაუმართლებელია როცა ექსპორტის თუ იმპორტის მიზანშეწონილობა ეკონომიკურად დაუსაბუთებელია. ცხადია ქვეყნის ფარგლებს გარეთ უნდა გავიტანოთ ისეთი მაღალკონკურენტიანი, შიგა ბაზარზე ჭარბი პროდუქცია, როგორიცაა საქვეყნოდ ცნობილი ბრენდები მინერალური წყალი (ბორჯომი, ნაბეღლავი და სხვა), ღვინო, ღვინომასალები და მრავალი სხვა. შემოვიტანოთ ისეთი სამრეწველო და აგრო პროდუქცია რომლის წარმოება ქვეყანაში შეუძლებელია სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო.

ბოლო ხანებში იმპორტის წილი თითქმის ყველა სამრეწველო, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ერთი ორად გაიზარდა. მიზანშეწონილია იმპორტის ზრდის მაღალი ხვედრითი წილი ნელ-ნელა შემცირდეს. ამისათვის საჭიროა განვითარდეს სამეწარმეო სექტორი. სამეწარმეო საქმიანობაში ჩაბმული ბიზნესმენები ჩვენში თითზე ჩამოსათვლელია. მიუხედავად ფართო დეკლარირებისა საფინანსო ორგანოები მცირე ბიზნესის დაჩქარებული ტემპებით განვითარებისათვის სათანადო ღონისძიებებს ვერ ახორციელებენ. ხელისუფლების მხრიდან მეტი ყურადღება და მხარდაჭერაა საჭირო, რომ შეუქმნას ბიზნესს განვითარებისათვის ხელშემწყობი პირობები. ცხადია, რომ ექსპორტის ზრდა ტრადიციული საექსპორტო კატეგორიების სოფლის მეურნეობისა და მეტალების გაზრდილი გაყიდვების შედეგია, რაც თავის მხრივ უკავშირდება დადებით ეკონომიკურ დინამიკას ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში, ევროკავშირის ქვეყნებში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში, რასაც თან დაერთო უკანასკნელ წლებში მიღწეული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც და სწრაფად მზარდი ახალი საექსპორტო მიმართულება ჩინეთი, ეს უკანასკნელი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აგრო პროდუქციის რეალიზაციის ზრდის თვალსაზრისით, რაც შემდგომში აუცილებლად აისახება აგრო ბიზნესში ინვესტიციების ზრდაზე.

საჭიროდ მიგვაჩნია, რომ რეგიონებში აუცილებლად შეიქმნას ბიზნეს სკოლები, რომლებიც დიდ როლს შეასრულებენ ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებში, რომლებსაც სურს შეისწავლონ ბიზნესის განვითარებისათვის მეტად საჭირო საკითხები, რომელიც აქტიურ როლს შეასრულებს ბიზნესში ჯერ კიდევ არსებული პრობლემების გადაჭრის საქმეში. ამ დიდი საქმის წინ წაწევაში უდავოდ დიდი როლის შესრულება შეუძლია ქვეყანაში ადრე არსებულ მეცნიერულ პოტენციალს და მის საყრდენ მატერიალურ ტექნიკურ ბაზას, რომელიც თითქმის განადგურებულია და მისი აღდგენა-განვითარება სოლიდურ კაპიტალდაბანდებას საჭიროებს, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა შეეცადოს რომ მოიზიდოს ინვესტიციები და საქვეყნოდ ცნობილ მეცნიერებს მისცეს შემოქმედებითი მუშაობის შესაძლებლობა 21 საუკუნეში მეცნიერულ კვლევებსა და გამომგონებლობის დარგში მაღალი ავტორიტეტული სიტყვა თქვან, რაც ახალი ეპოქალური დასაწყისი იქნება სამეწარმეო საქმიანობის მაღალი ტემპით განვითარებისათვის.

როგორც ირკვევა დღევანდელ საქართველოში ბევრი კარგი და წარმატებული საქმიანობის მიუხედავად მძიმე და სავალალო მდგომარეობაშია მრავალი დარგის არსებობა, რადგან არ იცავენ ტექნოლოგიით გათვალისწინებულ აუცილებელ პროცესებს, რაც ცხადია ცუდად მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე. გაუარესებულია ბორჯომის ხარისხი, რომელიც არ შეესაბამება ევროსტანდარტს. რაც ახლა მარკეტებში იყიდება ის უკვე ნატურალური ბორჯომი აღარ არის. ასევე განადგურებულია და არ ფუნქციონირებს რეგიონებში საკონსერვო ქარხნები, ასევე მიწასთანაა გასწორებული უიშვიათესი ღვინის მარნები, საკონდიტრო, პურის, რძის და უალკოჰოლო სასმელების ქარხნები, წისქვილკომბინატები და მრავალი სხვა საწარმო. მაშინ როდესაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია მრავალი მძლავრი სოფელი, რომელიც ტონის მიმცემი იყო ქვეყნის ძლიერების განმტკიცების საქმეში, სადაც განვითარებული იყო მეჩაიეობა, მევენახეობა, მესაქონლეობა, მეფრინველეობა და სხვა მრავალი დარგები და ქვედარგები შესაბამისად ფუნქციონირებდა აღნიშნული ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმოები, სადაც დასაქმებული იყო ათიათასობით მუშახელი. ბაღნარად იყო ქცეული ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონი, ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკა და დემოგრაფიული მდგომარეობა ასე თუ ისე სტაბილურ ხასიათს ატარებდა. ადგილი არ ჰქონდა ადამიანური რესურსების ინტენსიური ხასიათით მიგრაციას. დღეს მიგრაციამ მთლიანად სოფლის დაცარიელება და რესტრუქტურიზაცია გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა რეგიონში ადამიანური რესურსების რაოდენობასა და შემადგენლობაზე გავლენას ახდენს ამ რეგიონის მცხოვრებთა ასაკობრივი სტრუქტურა. ეს უკანასკნელი კი ბევრადაა დამოკიდებული შობადობა - სიკვდილიანობაზე და მიგრაციულ პროცესებზე. სამწუხაროდ საქართველოში აღნიშნული ბალანსი დარღვეულია, როცა უმეტესად რეგიონებში სიკვდილიანობა ჭარბობს შობადობას. ამასთან ერთად შრომისუნარიანი ადამიანების გარკვეული ნაწილი მიემგზავრება ემიგრაციაში. ყოველივე ეს უარყოფითად მოქმედებს ქვეყანაზე და დემოგრაფიულ სიტუაციაზე. როგორც დემოგრაფები ვარაუდობენ უახლოეს 30 წელიწადში ჩვენი ქვეყნის ქართული მოსახლეობა 28%-ით შემცირდება. როგორც ცნობილია ადამიანური რესურსები მჭიდროდაა დაკავშირებული მეურნეობისა და კულტურის ცალკეული დარგების განვითარებასთან. ნორმალურ პირობებში წარმოების თითოეული დარგი მოითხოვს გარკვეული სპეციალობის მქონე შრომით კონტიგენტს. იმასთან დაკავშირებით ადამიანური რესურსები და წარმოება გავლენას ახდენენ ერთმანეთზე. წარმოება იზიდავს ადამიანურ რესურსებს, თავის მხრივ ადამიანური რესურსების არსებობა ხელს უწყობს წარმოების განვითარებას. ყოველივე ამან ქვეყანა და მოსახლეობა კრიზისამდე მიიყვანა. მოსახლეობის უმრავლესობა გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოჩნდა და ბეწვის ხიდზე მოუხდა გავლა.

ისმის კითხვა: რატომ ცხოვრობს ქართველი კაცი სიღარიბის ზღვარს მიღმა? რაშია საქმე? სად ვეძებოთ მიზეზი? რატომ აიცრუა გული თავის მამულზე და რატომ მიუწევს გული უცხოეთში? საჭიროა ხელისუფლების მხრიდან მეტი და განსაკუთრებული ყურადღება, რაც მთავარია, ხელშეწყობა სამუშაო ადგილების შესაქმნელად და თვითონ მშრომელების მხრიდან მეტი დაინტერესება და პრინციპულობა თავის გამოსაჩენად, რომ უზრუნველყოს თავის ქვეყანაში ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და არ იყოს სხვა ქვეყნის ეკონომიკაზე მიჯაჭვული. ქართველ კაცს ვერავინ შეეცილება ოჯახისა და სტუმარ-მასპინძლის ტრადიციების დაცვაში. საქართველო ოდითგანვე ცნობილი იყო თავისი საუკეთესო წეს ჩვეულებებით და ტოლერანტობით, მაგრამ დღესდღეობით ნელ-ნელა ძირი ეცლება იმ სათაყვანებელ ტრადიციებს, რაზედაც დგას ქართველი კაცის ხვალინდელი დღე და მომავალი.

სამუშაო ადგილების სიმცირის გამო ადამიანების უმრავლესობა ხელს ჰკიდებს კომერციულ საქმიანობას, რომელიც ადვილ საქმედ მიაჩნია. ის კი სინამდვილეში დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ადამიანებმა ვერ გაითვალისწინეს საბაზრო ეკონომიკის სირთულე და ბიზნესისათვის დამახასიათებელი ნიშანთვისებები. ნათქვამია პური მეპურეს გამოაცხობიეო. ამისათვის საჭიროა ადამიანური რესურსების ძირეული სტრუქტურული ცვლილებები, რაც დაკავშირებულია ახალი კვალიფიკაციის დაუფლებასთან.

საქართველო მოსახლეობის ცხოვრების პირობების მიხედვით, შეიძლება ითქვას, ერთერთ ჩამორჩენილ რეგიონად ითვლება, მაშინ როცა ქვეყანას გააჩნია როგორც ბუნებრივი წიაღისეული, ისე ადამიანური თუ ინტელექტუალური რესურსი, რომელიც საჭიროებს სწორ და ეფექტურ მენეჯმენტს, რის შედეგადაც შესაძლებელია ქვეყნისათვის საჭირო შემოსავლის მიღება. როცა ჩვენში მიღწეული იქნება საარსებო მინიმუმის დაკმაყოფილების საშუალება და ქვეყანაში უკეთესობისაკენ შეიცვლება მდგომარეობა და ადამიანური რესურსების გამოყენებას სტაბილური ხასიათი მიეცემა, ცხოვრებას მეტი ხალისი და დაინტერესება ექნება. გლობალიზაციის პირობებში ბევრი რამ გადაფასდება, მაგრამ საჭიროა არ დავკარგოთ და არ დავივიწყოთ ის საუკეთესო ტრადიციები, რომელსაც დავიწყება არ უწერია. სწორედ ის ტრადიციები და ბუნების საოცრებანი იზიდავს პლანეტის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს, ვიზიტორებს. მნახველთა ნაკადი წლიდან წლამდე იზრდება. რა დროც არ უნდა დადგეს, შრომა ყოველთვის იქნება წამყვანი სასიცოცხლო საშუალება და ამასთან ადამიანური რესურსები შეუცვლელი და აუცილებელი ბერკეტი იქნება ნებისმიერ ეპოქაში.

ქვეყნის ძლიერება, ცხოვრების დონის ამაღლება, წესრიგი და სამართლიანობა ემყარება კანონის სწორად დაცვას და მის ცხოვრებაში გატარებას. ქართველი ერი კანონმორჩილი არ არის, იგნორირებას უკეთებენ, ყველა თავისი კანონებით ცხოვრობს, რაც ადამიანებს შორის ურთიერთობებს აკნინებს. ჩვენდა სამწუხაროდ შედეგი სახეზეა. გვინდა ერთი მაგალითი მოვიყვანოთ. დიდი ხანი არ არის მას შემდეგ, რაც მინისტრთა კაბინეტმა გამოსცა კანონი ქუჩებში, სკვერებში, ბაღებში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში სისუფთავის დაცვის შესახებ. ეს კანონი არ მუშაობს, რადგან მოქალაქეებს არ აქვს გათვითცნობიერებული კანონის არსი და მისი აუცილებელი შესრულება. გვინდა დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება, მაგრამ არ გვსურს მისი დაცვა. ამ ეტაზე ქვეყანაში ცხოვრების მძიმე ფონია შექმნილი. რა არის მიზეზი? თითოეული მოქალაქის უფლება-მოვალეობის არ ცოდნა, უპასუხისმგებლობა, მეტისმეტი ამბიციურობა და მეტისმეტი პატივმოყვარეობა. უნდა აღინიშნოს, რომ რიგითი მოქალაქიდან დაწყებული პრეზიდენტის ჩათვლით, უკლებლივ ყველას, ევალება კანონის დაცვა, პატივისცემა კონსტიტუციისადმი. კანონის დაცვა ქვეყნის წინსვლის აუცილებელი და გადაუდებელი პირობაა. კანონის დარღვევა არავის არ უნდა ეპატიოს. დასასჯელი ვინც არ უნდა იყოს დაისაჯოს. დამნაშავეს დანაშაული არ უნდა ეპატიოს. ადამიანს დაუსჯელობის სინდრომი რომ შეეყრება დანაშაულს დანაშაულზე ჩადის. ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს მტკიცე და სისტემური მონიტორინგი კანონის შესრულებაზე, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ყველა სფეროში ზეიმობდეს სამართლიანობა. საზოგადოებაში ყველა ადამიანი ცოდნის, კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმის, გამოცდილებისა და არა ნეპოტიზმით იკავებდეს კუთვნილ ადგილს. ქვეყანა წინ რომ წავიდეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ახალგაზრდების ცოდნის დონის ამაღლებას, რადგან ისინი არიან ქვეყნის ხვალინდელი დღე. XXI საუკუნეს სულ სხვა ხედვა და მიდგომები ჭირდება, რადგან გლობალიზაციამ ასე მოიტანა. ამიტომ საზოგადოების მაღალი ტემპებით განვითარებას და ტექნიკური ბაზის განმტკიცებას მეტი და მეტი ინვესტიციების მოზიდვა და ახალახალი ინოვაციების დანერგვა სჭირდება. ამ დიდი საქმის განხორციელებაში უდაოდ დიდ როლს შეასრულებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც თავს მოიყრის უცხოეთის უნივერსიტეტების თანამშრომლები და განსწავლული ქართველი მეცნიერების გარკვეული ნაწილი და ერთობლივი ძალით შეუდგებიან საბაზრო ეკონომიკის საჭიროებისათვის კონკურენტუნარიანი კადრების მომზადების საქმეს. სწორედ განათლებულ კადრს შეუძლია ეფექტურად გადაწყვიტოს ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები. დღეს ქვეყნის შენება განათლებას, სიყვარულს, კვალიფიკაციის და პატრიოტიზმის მაღალ სულისკვეთებას ეფუძნება.

ისეთ მატერილურ თუ პოლიტიკურ სიტუაციაში მყოფი ქვეყნისათვის, რომელსაც არ გააჩნია ე.წ. სწრაფრეალიზებადი ენერგეტიკული წიაღისეული რესურსები (რაც გვაქვს იმასაც ვერ ვიყენებთ გონივრულად და ხელში ჩავუგდეთ სხვადასხვა ჯურის შიდა და გარე მესვეურებს) აუცილებელია აქცენტი გაკეთდეს მეცნიერულტევად, მაღალტექნოლოგიურ პარამეტრებზე დაყრდნობილ წარმოების განვითარებაზე. ამის საპირისპიროდ ჩვენში ნაკლებად ვითარდება წარმოება და თუ ვითარდება ისიც „მეორად“ მანქანადანადგარებისა და „მეორად“ იდეებზე დაფუძნებული. პირადი გამორჩენის სულისკვეთებით აღტკინებულმა, უზნეობის მორევში ჩაძირულმა მოხელეებმა ქვეყანაში არსებული მეცნიერული პოტენციალი და მათი საყრდენი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა განადგურების პირამდე მიიყვანეს. ახლა მისი აღდგენა-განვითარება სოლიდურ კაპიტალდაბანდებას საჭიროებს, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს გონივრული და მიზანდასახული შორს მიმავალი სტრატეგიული პროგრამები, რომ მოიძიოს ინვესტიციები და შევინარჩუნოთ სამეცნიერო კვლევითი ცენტრებისაგან შემორჩენილი მწირი ძირითადი საწარმოო ფონდები, შევუქმნათ სამუშაო პირობები საქვეყნოდ ცნობილ მეცნიერებს და მოტივირებული გავხადოთ მეცნიერული კვლევებში ახალგაზრდობის ჩართვა. ამას წინ უნდა უძღოდეს სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სათანადო სამუშაოების ჩატარება, რაც გულისხმობს საბუნებისმეტყველო და ფუნდამენტური მეცნიერებების შესწავლის მიმართ სახელმწიფოებრივ მიდგომას, თანამედროვე კაბინეტ-ლაბორატორიებით აღჭურვას, მეცნიერული და საგამომგონებლო, ინოვაციური აზროვნების ჩამოყალიბებას. მხოლოდ ასეთი მიდგომით შევძლებთ არსებული ბუნებრივი რესურსების ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებასა და არარსებული რესურსების კომპენსირებას მაღალტექნოლოგიური წარმოებისა და სოფლის მეურნეობის ხარჯზე.

იბადება კითხვა, რატომ არ არის ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერი, უჭირს ხალხს, რატომ არ ჰყავს მაღალი დონის სპეციალისტები? მიზეზი ყველამ ჩვენს თავში უნდა ვეძიოთ. ბევრმა ქართველმა დაკარგა პატრიოტული გრძნობა, სიყვარული თავისი სამშობლოსადმი. მონახა უფრო სარფიანი გზა, შეიძულა ბრძოლითა და შრომით მოპოვებული წარმატებები, დაკარგა მოტივაცია, არ ფიქრობს გახდეს კარგი მენეჯერი, ინჟინერი, პედაგოგი, აგრონომი და ა.შ, რომ უზრუნველყოს მასზე დაქვემდებარული სექტორის ეფექტურად მართვა, სიკეთე მოუტანოს თავისთავს, ხალხსა და ქვეყანას. ამ შემთხვევაში დავესესხებით დიდი მამულიშვილის, ილია ჭავჭავაძის ფრთიან და მიგნებულ ფრაზას - „ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს“. დიდი ილიას ბრძნული აზრი რეალურ ასახვას პოულობს დღევანდელ საქართველოში.

ქვეყანაში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად განხორციელდა სარწყავი და სადრენაჟე არხების მასშტაბური რეაბილიტაცია 161,1 მილიონი ლარის ღირებულების, მთელი საქართველოს მასშტაბით გაიწმინდა სარწყავი სისტემის პრაქტიკულად ყველა დიდი მაგისტრალური არხი და გამანაწილებელი. ჩატარებულმა სამუშაოებმა ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 40-50%-ით გაზრდის საშუალება მისცა. შეიქმნა მოსავლის სტაბილურად მიღების შესაძლებლობა. სულ 2014 წელს 88 ათასი ჰა ფართობი გასარწყავდა. წინა წლებთან შედარებით გლეხებს სამჯერ მეტი მიწის ფართობის მორწყვა შეუძლიათ.

ჩვენ გაცილებით მეტი გვაქვს ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. ნუ ვიქნებით ზარმაცები! ჩვენ გვაქვს გაცილებით მეტი, ვიდრე მიწას და ბუნებრივ რესურსებს შეუძლია შემოგვთავაზოს. შეგვიძლია შევქმნათ ისეთი რამეები, რაც ჩვენ აქამდი არ მოგვცემია. საქართველო ოდითგანვე აგრარული მეურნეობის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა იყო და ახლაც შესაძლებელია ასეთად იქცეს. მას, მიუხედავად მცირემიწიანობისა, შეუძლია ძალიან ბევრი ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მიაწოდოს მსოფლიოს და უარი არ უნდა ვთქვათ პრიორიტეტული დარგის - აგრო ბიზნესის ინტენსიურ განვითარებაზე. ნუ შეგვრცხვება, თუ ვინმე საქმეში ჩაუხედავი აგრარულ ქვეყნად დამცინავად მოგვიხსენიებს. ჩვენ შეგვიძლია და ვალდებულიც ვართ ხალხის რესურსები და ტალანტი გავაერთიანოთ ქვეყნის მოდერნიზაციისათვის. უნდა ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ადამიანებს თავისი ერთობით ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ამის მაგალითები უამრავია, როგორც საკუთარ ისტორიაში, ისე საზოგადოდ. ამის ბრწყინვალე მაგალითებია ომში დამარცხებული გერმანია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ისრაელი, რომლებმაც 50-60 წელიწადში შეუძლებელი შეძლეს და ყველაზე წარმატებული ქვეყნები გახდნენ. შეიძლება სკეპტიკურად განწყობილმა ოპონენტებმა თქვან მათ ამერიკა დაეხმარათო, მაგრამ ომებით გათანგულ ვიეტნამს ვინ დაეხმარა? ჩინეთს? ჩვენ სიამაყით ვიხსენებთ ქვეყნის ისტორიის წარმატებულ მიღწევებს და ვერ ვაანალიზებთ, რომ ამის შემოქმედი უშუალოდ ჩვენი სახელოვანი წინაპარი იყო, რომლებიც ჩვენზე ნაკლებ ცოდნას ფლობდნენ მაგრამ იმით გვჯობდნენ, რომ ერთობითა და მიზანსწრაფული ქმედებით აღწევდნენ წარმატებებს. ჩვენ დღესაც ჰაერივით გვჭირდება ურთიერთთანადგომა და განათლებისაკენ სწრაფვა.

ბოლო წლებში მცირე და საშუალო ბიზნესს შესაბამისი ყურადღება არ ექცევა, ზეწოლას განიცდის, ან სამთავრობო სტრუქტურებთანაა გაიგივებული. როგორც საბითუმო, ასევე საცალო ბაზარზე გაბატონებულია ოლიგარქული და კარტერული გარიგებების ტენდენციები. სრულიად იგნორირებულია, როგორც მეცნიერების, ასევე გამოცდილი პროფესიონალების აზრი, რათქმა უნდა, აუცილებელი იყო სამეცნიერო აკადემიური და კვლევითი ინსტიტუტების რეფორმირება, მაგრამ არა მათისრული იგნორირება და მათი ფაქტობრივად სასიკვდილოდ განწირვა. ისინი თავის დროზე გიგძალ კვლევით სამეცნიერო სამუშაოებს ატარებდნენ და მათი საქმიანი რეკომენდაციები მნიშვნელოვნად ხელს უწყობდა ქვეყნის მრავალდარგოვანი ეკონომიკის პოტენციალის ამაღლებას.

ჯერ კიდევ ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების აღმოფხვრა შეუძლებელია, რადგან გვაქვს მრავალი შეცდომები სამეურნეო და პოლიტიკური მმართველობის სფეროში. ქვეყანა ძლიერია მაშინ როცა ღირებულია ხელისულებაც და ოპოზიციაც, რაზეც ასე მწარედ მიანიშნებდა მახათმა განდი: „ჩვენ დაგვღუპავს სიამოვნება სინდისის გარეშე, სიმდიდრე შრომის გარეშე, ბიზნესი მორალის გარეშე, ლოცვა მსხვერპლის გარეშე და პოლიტიკა დისციპლინის გარეშე.“

ბიზნესი განიცდის სპეციალისტების უკმარისობას, მიუხედავად იმისა, რომ მენეჯმენტის სპეციალობით კურსდამთავრებულთა რაოდენობით საქართველო ალბათ გინესის რეკორდსმენი თუ არა, ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში, ქვეყანა მაღალკვალიფიციურ კადრების კი არა, საშუალო დონის მენეჯერების კატასტროფულ უკმარისობას განიცდის, რაც უარყოფითად აისახება მეურნეობითობის ნებისმიერ სფეროში, როგორც სახელმწიფოებრივ, ისე კერძო სექტორში.

მაგალითისათვის თუ ისევ აგრობიზნესს მივმართავთ, ვნახავთ, რომ გადაჭარბებულმა ქიმიზაციამ მიწა ნარკომანივით აქცია, ქიმიკატების გარეშე მოსავლის მოცემა არ შეუძლია, ეს კი მართლაც საშინელებაა. როგორც გამოირკვა, ყოველწლიურად აშშ-ში ათიათასობით ადამიანი იწამლება პესტიციდების გამოყენების გამო. ალბათ ჩვენში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია. არადა, თუ გვეყოლებოდა შესაბამისი კადრები და აღჭურვილობა ნიადაგის კონტროლის ჩასატარებლად, ადამიანის ჯანმრთელობასაც გავუფრთხილდებოდით და ფერმერული მეურნეობისათვის ძვირადღირებული სასუქებისა და შხამ-ქიმიკატების ხარჯებიც შემცირდებოდა. უფრო მეტად გამოვიყენებდით საქართველოს ისეთ მდიდარ ბუნებრივ რესურსს, როგორიცაა ტორფი. წინათ ტორფით ნოყიერდებოდა მიწის ფართობები, განსაკუთრებით ჩაისა და ციტრუსოვანი პლანტაციები, ეკოლოგიურად სუფთა, არომატული, მაღალ საგემოვნებო თვისებების მქონე სურნელოვანი ჩაი და ციტრუსები დიდი რაოდენობით გაგვქონდა მეზობელ ქვეყნებში ექსპორტის სახით.

დასკვნა  

ვფიქრობთ, რომ ქვეყნისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ტემპების მკვეთრი ზრდა, კულტურული, ბუნებრივი, წიაღისეული რესურსების სწორად ფორმირება და ეფექტური გამოყენება. ასევე ადამიანისეული რესურსების, მათი გონებრივი შესაძლებლობების, ნიჭისა და ინტელექტის მიღწევები და ამასთან ერთად შრომის დისციპლინა იძლევა ქვეყნის წინაშე არსებული უმეტესი პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობას.