ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
|
|
|
∘ ჯემალ ხარიტონაშვილი ∘ მსოფლიო მოაზროვნეები ვაჭრობის შესახებ ანოტაცია.შრომის სამი დიდი საზოგადოებრივი დანაწილებიდან დასკვნითი იყო ვაჭრობის გამოყოფა მიწათმოქმედებისაგან. ვაჭრობის გამოყოფამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საზოგადოებრივი პროგრესის საქმეში. მაგრამ არა გადამწყვეტი. ამიტომ მსოფლიო ისტორიაში გამოჩენილი მოაზროვნეები დელიკატურად განიხილავდნენ ვაჭრობის როლს საზოგადოების განვითარების საქმეში. რა თქმა უნდა, აღიარებდნენ მის მნიშვნელობას, მაგრამ პრიმატს წარმოებას ანიჭებდნენ. საკვანძო სიტყვები: მსოფლიო, მოაზროვნე, ვაჭრობა, წარმოება შესავალი ეკონომიკური აზრის ისტორია გვიჩვენებს, რომ ძველად გამოთქმული ეკონომიკური იდეები დავიწყებას არ ეძლევა. ცხოვრება პერიოდულად დღის წესრიგში აყენებს წინარე ეპოქაში არსებული ეკონომიკური იდეების ახელბურად გამოყენების საჭიროებას. ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლება იმის საილუსტრაციოდ, რომ ძველი ეკონომიკური აზრი სხვადასხვა სიტუაციაში ახალი ძალითა და ფორმით წარმოჩინდება ხოლმე. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური აზრის სათანადოდ ცოდნა დღეს დიდ მნიშვნელობას იძენს. იგი საშუალებას იძლევა სხვადასხვა დასაშვები ვარიანტიდან, საჭიროების შემთხვევაში, ესა თუ ის მოძღვრება ამორჩეული იქნეს და მისი სათანადო რეალიზაციით ხელი შეეწყოს საზოგადოებრივ პროგრესს. ვაჭრობის საკითხზე მსჯელობა დღესაც იმისათვისაა აქტუალური, რომ ჩვენში პატიოსნად ვაჭრობა, განსაკუთრებით საცალო ვაჭრობაში ჟერ კიდევ ნაკლოვანია. მასალები და მეთოდები მსჯელობა ვაჭრობაზე შეინიშნება ძველ ინდურ თხზულებაში „არტჰაშასტრა“ რომელიც შედგენილია კაუტილიას მიერ (IV-III სს. ჩვ. წ.აღ-მდე).“ იქ ლაპარაკია ფასების რეგულირებაზე იმ მხრივ, რომ საქონელი ბაზარზე სეზონის მიხედვით მიაწოდონ, რათა ფასებმა საქონლის სიმცირის გამო არ აიწიოს. აქ საქმე საქონელთა მარაგების შექმნას ეხება. „არტჰაშასტრაში“ გამოთქმული აზრი ვაჭრობის რეგულირების, სასაქონლო მარაგების შექმნის შესახებ აქტუალობას ჩვენს სინამდვილეშიც იძენს. XX ს. მეორე ნახევარში, თბილისში, ლილოში იყო ხილბოსტნეულის შესანახი უზარმაზარი ბაზა, რომელშიც -1 ტემპერატურაზე ინახებოდა საზოგადოებრივი მეურნეობებიდან შემოტანილი ხილი და ბოსტნეული. ისინი, რეგულარულად გამოიტანებოდა და სახელმწიფო სავაჭრო ქსელში იყიდებოდა. ეს პროცესი ხელს უწყობდა მტკიცე ფასების შენარჩუნებას(1, 21). * * * ძველი ბერძენი მოაზროვნე პლატონი იმ აზრს ანვითარებდა, რომ რადგან შრომის დანაწილება არსებობს, გაცვლაც უნდა არსებობდეს. მას დასაშვებად მიაჩნდა ვაჭრობა, მაგრამ ამ საქმიანობასაც ის უყურებდა როგორც ხელოსნობას. მისი აზრით, ვაჭრობა გარკვეულ ჩვევებსა და ნიჭს მოითხოვს, თითქმის თანდაყოლილსაც კი. ვაჭრობა ხელობაა, მაგრამ არა საპატიო. ვაჭრობას მხოლოდ უცხოელები უნდა ეწეოდნენო. თუ ათენის მოქალაქე ვაჭრობას დაიწყებს მაშინ მასზე, პირველყოვლისა, დარწმუნებით, რჩევით უნდა იმოქმედო, რათა მან ვაჭრობა მიატოვოს. ხოლო თუ ეს მასზე ვერ იმოქმდებს, მის მიმართ უფრო მკაცრ ღონისძიებებს უნდა მიმართოო. პლატონის თქმით, ვაჭრები მოკლებულნი არიან აზროვნების უნარს და არ შეუძლიათ სახელმწიფოს უხელმძღვანელონ. არისტოტელე მსხვილ ვაჭრობას უარყოფითად უცქერის, წვრილს კი დადებითად. იგი ვაჭრებისა და მევახშეების მიერ მოგებისთვის ფულის გამოყენებას არაბუნებრივად თვლიდა(1, 28-29). * * * შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“ ფართოდაა წარმოდგენილი ეკონომიკური კატეგორიები-ფული, ფასი, ვაჭრობა, ყიდვა, გაყიდვა, მოგება, წაგება და სხვ. შ. რუსთაველი ფართო მასშტაბით განიხილავს გაცვლის, ფულისა და ვაჭრობის როლს და მის გავლენას საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაზე. შ. რუსთაველის მიერ ვაჭრობა აღიარებულია გამდიდრების საშუალებად. შ. რუსთაველი სიმდიდრის სწრაფად შეძენაში ვაჭრობას წინ აყენებს მიწათმოქმედებასთან შედარებით . შ. რუსთაველს ფართო მასშტაბით აქვს დახასიათებული გაცვლის, ფულისა და ვაჭრობის როლო და მისი გავლენა საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებაზე. XI-XIII საუკუნეებში საკმარისად განვითარებულია სავაჭრო კაპიტალი. შ. რუსთაველი ხაზს უსვავს ვაჭართა დიდ როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მეორეს მხრივ, შ. რუსთაველი აღნიშნავს ვაჭართა უარყოფით მხარეებსაც. მათთვის წინა პლანზე დგას სარგებლიანობისა და მოგების მიღება, რისთვისაც გატეხენ ფიცს, სჯულს, სიმტკიცეს, დაარღვევენ ყოველგვარ პირობას. შ. რუსთაველის მიხედვით ვაჭრობა დიდად მაცდურია, ადამიანს ავიწყებინებს ცხოვრების ნამდვილ მიზნებს. შ. რუსთაველი სახსრების მოპოვების ერთადერთ სინდისიერ საშუალებად მიწათმოქმედებას თვლიდა. შ. რუსთაელი მიწათმოქმედებასთან ერთად მომხრეა ვაჭრობის განვითარების, სიმდიდრის დაგროვების, ქვეყნის სიუხვის(2, 143-162). * * * მუსლიმანების საღმრთო წიგნი „ყურანი“ მოითხოვს რომ მორწმუნე ხარბი არ იყოს და უზომოდ გამდიდრებისკენ არ ისწრაფვოდეს. ამასთან, ყურანი საზოგადოებრივი უთა-ნასწორობის ღვთიურ წინასწარგანსაზღვრულობას, საზოგადოებაში მდიდრების და ღარიბების არსებობას ასაბუთებს. მუჰამედი და მისი მიმდევრები დიდ ყურადღებას უთმობდნენ ვაჭრობას.მართალია,არაბეთში,,ვაჭრობა დიდად განვითარებული არ იყო, მაგრამ „ყურანის“ შემდგენლები ფიქრობდნენ, რომ ვაჭრობის განვითარება მუსლიმანური რელიგიის გავრცელებას ხელს შეუწყობდა. „ყურანში“ მინიშნებულია, რომ მუსლიმანებმა ვაჭრობაში განსაზღვრული წესები დაიცვან. „დაიცავით სისწორე ზომასა და წონაში, ხალხს ზარალი არ მიაყენოთ მათს ქონებაში“ – აღნიშნულია „ყურანში.“ ვაჭრობაში მოგებას „ყურანი“ ბუნებრივ მოვლენად თვლის, მაგრამ მევახშეობას და სარგებელს გმობს. თუმცა, ისიც დასაშვებად მიაჩნია, ოღონდ მის მოწესრიგებას მოითხოვს. იგი კრძალავდა მაღალი პროცენტის ამოღებას(15). * * * ცნობილი ფრანგი მოაზროვნე ფრანსუა მარი შარლ ფურიე კაპიტალიზმის ბოროტებათა საკვანძო პუნქტად ვაჭრობას თვლიდა. იგი წერდა, რომ კაპიტალიზმის დროს ვაჭრობისთვის დამახასიათებელია ეგოიზმი, სიცრუე, თაღლითობა, თვითნებობა ფასების განსაზღვრაში, სპეკულაცია და სხვ. ვაჭრობაში დასაქმებული ადამიანები წარმოებით პროცესს ჩამოცილებულნი არიან. კაპიტალისტური ვაჭრობა წარმოებასა და მოხმარებას, მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ურთიერთკავშირს არღვევს, კაპიტალიზმისთვის დამხასიათებელ ანარქიას აღრმავებს. შ. ფურიე მდიდარი ვაჭრის ოჯახში დაიბადა. ერთხანს ისიც ვაჭრობას ეწეოდა, იმის მიუხედავად, რომ ეს საქმიანობა სძულდა. როგორც თვით შ. ფურიე ამბობდა „ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები სიცრუის სახელოსნოებში გავატარეო“(16, 391). * * * ვაჭრობას დიდ როლს აკუთვნებდნენ მერკანტილისტები. მერკანტილიზმმა დააჩქარა ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარება. მათი აზრით, მხოლოდ საგარეო ვაჭრობას შეეძლო მოეტანა სიუხვე და კმაყოფილების განცდა. უ. სტაფორდის, თ. მენის, ჟ. ბ. კოლბერის, ა. მონკრეტიენის აზრით, ვაჭრობა გამდიდრების უმოკლესი გზაა. მერკანტილისტები ყველაზე მაღლა აყენებდნენ სახელმწიფოს ძლიერებას. ეკონომიკურ ბაზისად მიაჩნდათ სიმდიდრე. სიმდიდრის მთავარ ფორმად თვლიდნენ ძვირფას ლითონებს; უპირატესობას ანიჭებდნენ აგარეო ვაჭრობას, სამრეწველო მოღვაწეობას; ისინი გამოდიოდნენ მიმოქცევის სფეროდან და ამიტომ საზოგადოებრივ განვითარებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ვაჭრობას, რომელის ასრულებდა საქონლის მიმოქცევის ფუნქციას(2, 158). ფრანგი ჟან ბატისტ კოლბერის აზრით, საგარეო ვაჭრობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო იმისათვის, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კეთილდღეობა ყოფილიყო. ანტუან მონკრეტიენსაც საგარეო ვაჭრობა ეკონომიკური კეთილდღეობის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიაჩნდა(9). * * * ცნობილი ქართველი მოაზროვნე ილია ჭავჭავაძე თავის წერილში „ძველი და ახალი ჩვენი ეკონომიკური ცხოვრებისა“ აღნიშნავდა: „ვაჭრობა არ ქმნის სიმდიდრეს“. „ნუ დავივიწყებთ, -წერდა იგი, - რომ ჩვენ საქმე გვაქვს ჩარჩულ ფულთან, რომელიც ყოველ სხვა ფულზე უფრო უღონოა. ჩარჩული ფული ბუნებით მხდალია, იმიტომ რომ ქუდბაცაცაა. იქა მკის საცა არ უთესია. იგი გასამრჯელოს იქ იღებს, საცა არ ირჯება. იგი სუქდება მით, რომ სხვას ამჭლევებს, აჭლექებს. იგი თვითონ ივსება და სხვას აცარიელებს.“ „ჩარჩული ფული არ ქმნის სარჩო-საბადებელს და მარტო თვლის თამასუქებს და სად ვის რა ასცინცლა. იგი ეკონომიკური წარმოებისთვის მკვდარია და, მაშასადამე მკვდარია იმისთანა მოქმედებისთვის, რომელიც ერთადერთი სამართლიანი და მიუწვდომელი წყაროა გაღონიერების და თუნდ გაფულიანებისაც, რაკი დღეს ფულია სიმდიდრედ აღიარებული“. ამას ამბობს თავადი ილია ჭავჭავაძე. ი. ჭავჭავაძე აღნიშნავს ვაჭრობის დადებით მხარეებს. იგი მიუთითებს საქონელმიმოქცევის უდიდეს როლზე საზოგადოებრივ განვითარებაში, მისი თქმით, ეს არის ერთადერთი მხოლობითი ეკონომიკური დამოკიდებულება კაცთა შორის და კაცობრიობამ ჯერ ამის გარდა სხვა ეკონომიკური დამოკიდებულება არ იცის.“ ი. ჭავჭავაძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვაჭრობას, როგორც ქვეყნის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე საქონლის განაწილების საშუალებას, რომლის დანიშნულებაც არის წარმოებული სქონლის დაყვანა მომხმარებლამდე. „ვაჭრობა რასაკვირველია, საჭიროა ერის ცხოვრებისთვის, იმოდენად, რამოდენადაც იგი ეზიდება საქონელს იქიდან, საცა მეტია, იქ - საცა უჭირთ და ამ გზით შველის სიმდიდრის მოფენას და მორგებას ყველგან“. ვაჭრობის დადებითი მხარეების გარდა, ი. ჭავჭავაძე მიუთითებს მის უარყოფით მხარეებზეც. ვაჭრობა, თვლის იგი, გარდაქმნის ადამიანის ბუნებას და პირადი ცხოვრების პრინციპებს, და ერი მარტო ვაჭრობით თუა დაკავებული არის „გაქსუებული, გაფანტული.“ ი. ჭავჭავაძის აზრით ვაჭრობაში არის კიდევ ერთი უარყოფით მხარე, რომ კაპიტალისტური წყობილების პირობებში ყველა ვაჭარი ცდილობს დაძაბულობა შექმნას მიწოდება- მოხმარებას შორის და რაც შეიძლება ღირებულებაზე მაღლა გაყიდოს საქონელი. ასეთი პრეცედენტი მოხდა საქართველოში 2022 წ. მარტში. საგარეო პოლიტიკური კლიმატის დაძაბვით ისარგებლა ზოგიერთმა ბიზნესმენმა და პანიკა შექმნა. კერძოდ, შაქრის დეფიციტი შექმნეს და ამით ისარგებლეს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ: “არ არის გამორიცხული, ეს იყო ხელოვნურად ორგანიზებული პანიკის მცდელობა და გარკვეული ძალები ამით სარგებლობდნენო“(10). მასმედიაშიც ასევე აღინიშნა, რომ ერთმა ბიზნესმენმა მოახდინა ამის ინსცენირება. მას შემოტანილი ქონდა დიდი რაოდენობით შაქარი, რომელსაც მარტის ბოლოს ვადა გასდიოდა. ჯერ ფასი ააგდო, შემდეგ დასწია და თავისი მარაგი სრულად ამოყიდაო. დასკვნა ნათქვამია: „გზა წინასი უკანასთვის ხიდიაო“. დიდი ილია, იმიტომ იყო დიდი, რომ მისი აზრები თავის დროს ხომ ქუხდა, დღესაც აქტუალურია. ვინაიდან, ჩვენს დღევანდელ სინამდვილეში ადგილი აქვს ეპოქის განმეორებას, სასურველია გავითავლისწინოთ ჩვენი სახელოვანი წინაპრების ეკონომიკური იდეები, რომლებიც გზის მანათობელ ლამპარად შეიძლება გამოდგეს. დღესაც არ არის დახვეწილი, პატიოსანი ვაჭრობა. არც თუ იშვიათია ვაჭრების მხრიდან წონაში, ფასში მოტყუება. ვაჭრები, განსაკუთრებით „ხელს ითბობენ“ ექსტრემალურ სიტუაციებში: ეკონომიკური კრიზისების, საომარი კონფლიქტების, ეპიდემია-პანდემიის დროს. ნაცვლად იმისა, რომ მოყვასს გაჭირვება გადაატანინონ, უსაშველოდ ააგდებენ ფასებს და ცდილობენ სული ამოჰხადონ მყიდველებს. გამოყენებული ლიტერატურა 1. ხარიტონაშვილი, ჯ., (2019). ეკონომიკური ზრის ისტორია, თბილისი 2. ჩანტლაძე, ვ.,(1992),შოთა ეკონომიკური შეხედულებები, თბილისი~ 3. Архашастра или наука о политике, М., 1959. 4. Платон,(1972), Политика или Государство, Соч. т. 3, ч. 2, М., 5. არისტოტელე,(1981) რიტორიკა, თბ., 6. Аристотель,(1911) Политика, Соч., т.4, СПБ 7. ყურანი, თბ., 1994; 2015ა. 8. სილაგაძე ,ა.,(2010), ეკონომიკური დოქტრინები, თბ. 9. ხარიტონაშვილი, ჯ., (2015), ანტუან მონკრეტიენი(1575-1621) პოლიტიკური ეკონომიის სათავეებთან, (დაბადებიდან 440 წელი), ჟურნ., „ეკონომიკა და ბიზნესი“, N I 10. ხარიტონაშვილი, ჯ.,(2002) ალექსანდრე ამილახვარის მერკანტილისტური იდეები, ჟურნ. „სოციალური ეკონომიკა“. N5 11. История экономической мысли, т.1, М., 1961. 12. Всемирная история экономической мысли, т.1, М., 1987. 13, ჭავჭავაძე, ი., თხზ. სრ. კრებული ათ ტომად, ტ. III, V, VII. 14. ჭავჭავაძე, ი.,(1987), წოდებათა თანასწორობა , რჩ. ნაწარმოებები ხუთ ტომად, ტ. V,თბ. 15. წმინდა წიგნი ყურანი და მისი შინაარსობრივი თარგმანი. სტამბოლი 1434/2013 16. Фурие Ш.,(1950), Избранные сочинения, М. |