English / ქართული / русский /
რამაზ აბესაძენანა ბიბილაშვილიქრისტინე (ქეთევან) კურატაშვილი
ტურბულენტობoს გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

ანოტაცია. ნაშრომში გამოკვლეულია ტურბოლენტობის არსი და მისი წარმოშობის ფაქტორები. გაანალიზებულია პოსტკომუნისტურ საქართველოს ეკონომიკაში ტურბულენტობის გამომწვევი ფაქტორები და მათი შედეგები, კერძოდ, ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: პოსტკომუნისტური ტრანსფორმაცია. აფხაზეთის ომი; არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა; მსოფლიო საფინანსო კრიზისი და რუსეთ-საქართველოს ომი; კრიზისი საბერძნეთში; კრიზისი რუსეთში; პანდემია; რუსეთ-უკრაინის ომი.

საკვანძო სიტყვები. ტურბულენტობა მსოფლიო ეკონომიკაში, ტურბულენტობის ფაქტორები; პანდემია, რუსეთ-უკრაინის ომი.

ტურბულენტობის არსი

ტურბულენტობა აღნიშნავს გაურკვევლობას, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკური პროცესების სიჩქარის ცვლილებასთან, რაც იწვევს ეკონომიკური სტაბილურობის დარღვევას. ის ხასიათდება ბაზრის ტენდენციების სწრაფი ცვლილებებით და ეკონომიკური მაჩვენებლების მერყეობით.

ტურბულენტობას შესაძლებელია მოჰყვეს: არახელსაყრელი ეკონომიკური გარემოს ფორმირება, სამეწარმეო აქტივობის შემცირება, ინფლაციისა და ინფლაციური მოლოდინების ზრდა, შემოსავლების შემცირება, ასევე სოციალური არასტაბილურობა და მოლოდინი გაზრდილი უმუშევრობის შესახებ [Бреннер Р. 2014].

ბიზნესში, ტურბულენტობა განისაზღვრება, როგორც მოულოდნელი, არაპროგნოზი¬რე¬ბა¬დი პროცესები, რომლებიც ხდება კორპორაციის შიდა ან გარე გარემოში და მასზე ძლიერ გავლენას ახდენს. არსებობს ტურბულენტობის არაერთი ფაქტორი:

1. გლობალური: გლობალიზაცია, ეკონომიკური კრიზისები პანდემია, ომები, კატასტროფები, ეკოლოგიური, ენერგეტიკული, სასურსათო და სხვა არაერთი გლობალური პრობლემა;

2. პოლიტიკური, რომლებიც განსაზღვრავენ საზოგადოების სტრუქტურასა და ფუნქციონირებას;

3. საბაზრო. ფაქტორთა ეს კომპლექსი მოიცავს წარმოებისა და მოხმარების, მიწოდებისა და მოთხოვნის ფაქტორებს, სახელმწიფოს ფულად-საგადასახადო პოლიტიკას, დასაქმებასა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს, ინფრასტრუქტურის განვითარებას, საბანკო და საინვესტიციო ინსტიტუტებს;

4. ტექნოლოგიური, რომელიც ძირითადად გულისხმობ ინოვაციების განხორციელებას;

5. სოციალური. ახასიათებს მოსახლეობის ცხოვრების დონეს და ხარისხს, მის მენტალიტეტს, განათლებისა და პროფესიული მომზადების დონეს, სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების დონეს, სიცოცხლის მხარდაჭერის სისტემას, სამომხმარებლო კულტურას და ა.შ.;

6. ბუნებრივი და კლიმატური. გულისხმობს კლიმატურ პირობებს, სეზონურობასა და ბუნებრივი კატასტროფების შესაძლებლობას, წიაღისეულის არსებობას, ენერგეტიკული რესურსების უზრუნველყოფას, გარემო პირობებს და სხვა [Щетинина 2016] .

ტურბოლრნტობა არარის კრპზისი (ანუ კატასტროფული დისბალანსი ეკონომიკაში), თუ მიღებული არ იქნა შესაბამისი ზომები, შეიძლება კრიზისში გადაიზარდოს. ამიტომ აუცილებელია გამოყენებული იქნეს რეგულირების ახალი მეთოდები, შესაბამისი რეგულირების ორგანოებითა და ინსტრუმენტებით. საერთოდ, ტურბოლრნტობა დამახასიათებელია საბაზრო ეკონომიკისათვის, მისი ქაოსური ხასიათის გამო, მაგრამ თანამედროვე ეტაპზე მის მიერ გამოწვეული ნეგატიური შედეგების მიღება შესაძლებელია თავიდან იქნეს აცილებული სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესისა და ინოვაციების საფუძველზე.

ტურბულენტობის ფაქტორები (მიზეზები) და შედეგები
პოსტკომუნისტურ საქართველოში

შეიძლება გამოიყოს საქართველოს ეკონომიკაში ტურბულენტობის შემდეგი ფაქტორები:

პოსტკომუნისტური ტრანსფორმაცია. აფხაზეთის ომი

საქართველოს ეკონომიკაში ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის აღდგენამდე შეიმჩნეოდა კრიზისული მოვლენები[39]. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა ძველი ეკონომიკური კავშირების მოშლის, მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ეკონომიკის არაკონკუ¬რენტუნარიანობის, ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობისა და ეკონომიკურ-პოლიტიკური სისტემის ძირეული გარდაქმნის (ტრანფორმაციული პროცესების) გამო. რასაც მოჰყვა ეკონომიკური და სოციალური პრობლემების უკიდურესი გამწვავება, რაც საქართველოში ყველაზე აშკარად და მძაფრად გამოიხატა. ეკონომიკური დაქვეითების მხრივ განსაკუთრებით მძიმე იყო 1991-1994 წლები, როდესაც ობიექტურად არსებულ ეკონომიკურ სირთულეებს შინაომები და შეიარაღებული კონფლიქტები აძლიერებდა. ზემოთ აღნიშნულ წლებ¬ში საქართველოში მკვეთრად შემცირდა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცუ¬ლო¬ბა წინა წლების მიმართ: 1991 წელს – 21,1; 1992 წელს – 44,9; 1993 წელს – 29,3; ხოლო 1994 წელს – 10,4 პროცენტით. საერთოდ, მშპ-მ 1994 წელს 1990 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 27,5 პროცენტი შეადგინა. კიდევ უფრო მეტად შემცირდა სამრეწველო პროდუქციის მოცულობა: 1991 წელს – 23; 1992 წელს – 46; 1993 წელს – 37; ხოლო 1994 წელს – 39 პროცენტით. 1994 წელს სამრეწველო პროდუქციის მოცულობა 1990 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 16 პრო¬ცენტის ტოლი იყო. აღნიშნულ წლებში თითქმის განახევრდა სასოფლო-სამეურნეო წარმოების მოცულობა, კატასტროფულად შემცირ¬და მშენებლობის მასშტაბები. მკვეთრად დაეცა ქვეყნის ენერგოუზრუნველყოფის დონე. ისე, როგორც მთელ ეკონომიკაში, ენერგეტიკაშიც დაიწყო ნგრევითი პროცესები. 1994 წლისათვის ელექტროენერგიის გამომუშავება ორჯერ შემცირდა, თითქმის შეწყდა ქვანახშირის წარმოება, კრიტი¬კულ დონემდე დაეცა ნავთობის მოპოვების მოცულობა, სატყეო მეურნეობამ და მშენებლობამ პრაქტიკულად შეწყვიტა ფუნქციონირება, არაგადახდისუნარიანობის გამო ქვეყანას შეუწყდა ბუნებრივი აირის მოწოდება. საქართველო მწვავე ენერგეტიკულმა კრიზისმა მოიცვა.ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გამო, კატასტროფულად გაუარესდა მოსახლეობის სოციალური პირობები. აღნიშნულ წლებში მკვეთრად გაიზარდა ფასები სამომხმარებლო საქო¬ნელზე (ინფლაციის ტემპებმა წელიწადში საშუალოდ 8500% შეადგინა): ცალკეულ წლებში კი ინფლაციის ტემპი გაიზარდა: 1992 წელს – 25-ჯერ, 1993 წელს – 92-ჯერ, ხოლო 1994 წელს – 120-ჯერ. ამავე წელს მუშაკთა მინიმალურმა ხელფასმა 1989 წლის ანალოგიური მაჩვენებლის – 1,65; საშუალო ხელფასმა – 1,64; პენსიის სიდიდემ – 1,64 პროცენტი შეადგინა, რაც აბსოლუტური სიდიდით, შესაბამისად 1,78; 5,02 და 1,78 დოლარით გამოისახებოდა [აბესაძე 2014].

მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებდა 1992-1993 წლების აფხაზეთის ომი. ამ ომმა მნიშვნელოვან მატერიალური და ადამიადური მსხვერპლი შეიწირა. მხოლოდ აფხაზეთის ავტონომიურმა რესპუბლიკამ, საომარი მოქმედებების გამო, უზარმაზარი ნგრევა და ეკონომიკის კოლაფსი განიცადა. მთლიანად განადგურდა რკინიგზა. განადგურდა 450 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა, 32 ხიდი, 500 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით კონფლიქტის შედეგად ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განადგურდა 49 000-მდე შენობა, აქედან 43 000 კერძო საცხოვრებელი სახლი. 30 ერთეული კულტურისა და 25 ერთეული ადმინსიტრაციული ობიექტი. ქალაქ სოხუმში განადგურდა 10 000-მდე შენობა, გაგრის მუნიციპალიტეტში – 9000, სოხუმის მუნიციპალიტეტში – 2500, გუდაუთის მუნიციპალიტეტში – 400, გულრიფშის მუნიციპალიტეტში – 4000, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში 8000 შენობა, გალის მუნიციპალიტეტში – 15 000 შენობა [აფხაზეთის 2014].

მაშასადამე, ამ შემთხვევაში ტურბულენტობას, რომელიც გამოწვეული იყო გლობალური პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციითა და აფხაზეთის ომით, ეკონომიკური და სოციალური კრიზისი მოჰყვა და იგი 1996 წლამდე გაგრძელდა.

არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა

1998-2004 წლებში ეკონომიკური რეფორმების დამუხრუჭების გამო შემცირდა ეკონომიკური ზრდის ტემპები, სახეზე იყო ენერგეტიკული და საბიუჯეტო კრიზისი, რის გამოც გაუარესდა სოციალური პირობები, მაგრამ ეს ტურბულენტურობა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში არ გადაზრდილა

მსოფლიო საფინანსო კრიზისი და რუსეთ-საქართველოს ომი

2008 წელს არსებული ფინანსური კრიზისი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კრიზისი იყო დიდი დეპრესიის შემდგომ. აღნიშნული შემთხვევის საწყისი გახლავთ 2007 წლის ზაფხულში აშშ-ის უძრავი ქონების ბაზარზე სუბსტანდარტული იპოთეკური დაკრედიტების ჩავარდნა, რაც შემდგომ სხვა ქვეყნებზეც აისახა უარყოფითად. განვითარებულ ქვეყნებში უმუშევრობის დონე გაიზარდა 5%-დან 9%-მდე, 3.3%-ითშემცირდა მსოფლიო ეკონომიკა, ასევე დაეცა ფასები აქციებსა თუ უძრავ ქონებაზე, მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობაში 2008 წლის მეორე ნახევრიდან შეინშნებოდა ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელება და [სარაჯიშვილი 2021] ა.შ. ჯერ კიდევ 2008 წლის გაზაფხულზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასახული ფინანსური კრიზისის საქართველოზე ნეგატიური გავლენის შესაძლებლობა, მისი ფინანსური ბაზრის განუვითარებლობისა და შედარებითი იზოლირებულობის გამო, არ განიხილებოდა როგორც გარდაუვალი, თუმცა, ამასთან, იკვეთებოდა ზოგიერთი სირთულე, რომელმაც საქართველოს ეკონომიკაში 2008 წელსაც იჩინა თავი [papava ვლ. თანამედროვე ეკონომიკური კრიზისისთავისებურებანი საქართველოში.2009. „ეკონომისტი“, 2009, № 4]. ტურბულენტობის ამ ორი ფაქტორის პირობებში ქვეყანამ 1 მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო როგორც შიგა, ისე უცხოური ინვესტიციების შემცირების შედეგად ეკონომიკური ზრდის ტემპები 2008 წელს შემცირდა (შეადგინა მხოლოდ (1,9%), ხოლო 2009 წელს ეკონომიკურ დაქვეითაბას ჰქონდა ადგილი (3,9%), მაშინ როდესაც წინა წლებში ეკონომიკა 8-9 პროცენტით იზრდებოდა. ამავე პერიოდში დაიწყო ლარის კურსის ვარდნა, საბანკო სექტორში წარმოშობილ შეფერხებებს მოჰყვა კრედიტებისა და, შესაბამისად, ინვესტიციების შეკვეცა, თითქმის გაკოტრების პირას მივიდა სამშენებლო ბიზნესი, გაუარესდა ქვეყნის ეკოლოგიური სიტუაცია, მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა საკურორტო მეურნეობამ და ა.შ. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკამ ამ ორ დიდ ტურბულენტობის გამომწვევ ფაქტორს გაუძლო და უარყოფითი შედეგები ფართომასშტაბიან ეკონომიკრ კრიზისში არ გადაზრდილა, რაშიც დიდი როლი საერთაშორისო დახმარებამ ითამაშა.

კრიზისი საბერძნეთში


საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისი 2009 წელს დაიწყო. ამის მთავარი მიზეზი 2008 წელს დაწყებული მსოფლიო ფინანსური კრიზისი იყო, რომელმაც მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანა დააზარალა. საბერძნეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც განსაკუთრებით დაზარალდნენ. საქართველოს საბერძნეთის ეკონომიკასთან ძირითადი კავშირი ფულად გზავნილებშია გამოხატული. ამ მაჩვენებლის მიხედვითთ იგი მეორე-მესამე ადგილზეა. ეს კრიზისი თითქმის 10 წელი გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში ფულადი გზავნილები საქართველოში პირველ წლებში შემცირდა და შემდეგ ისევ გაიზარდა, ამიტომ სოციალურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონია.

კრიზისი რუსეთში

2014 წელს რუსული რუბლი თითქმის 60 პროცენტით გაუფასურდა. 1998 წლის შემდეგ ეს ყველაზე დიდი გაუფასურებაა რუბლის ისტორიაში. ყველაზე მეტად მიმდინარე კრიზისი საქართველოს ფულადი გზავნილების არხით შეეხო. რუსეთი ფულადი გზავნილების გამომგზავნ ქვეყნებში უპირობო ლიდერია და ამ ქვეყნიდან საქართველოში 2013 წელს მილიარდ ნახევარ დოლარამდე შემოვიდა, რაც საქართველოს მშპ-ს 10 პროცენტი იყო. რუსეთიდან ფულადი გზავნილები 2014 წელს 11.5%–ით შემცირდა და 709.23 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა ფულადი გზავნილები საქართველოსთვის საერთაშორისო ვალუტის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს და მრავალი ოჯახისთვის შემოსავლის სერიოზული ნაწილა. რუსეთში მიმდინარე მოვლენებს საქართველოზე გავლენა ექსპორტის მიმართულებითაც აქვს. განსაკუთრებით აზარალებს სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის ექსპორტიორებს [ევგენიძე 2014].

პანდემია

კორონავირუსის პანდემიამ დიდიტურბულენტობა წარმოშვაოგორც მსოფლიოსა და ცალკეულ ქვეყნებში როგორც ეკონომიკური, ისე ჰუმანიტარული და სოციალური თვალსაზრისით. დაიღუპა ათასობით ადამიანი, დაეცა კეთილდღეობისა და კომფორტის დონე, ეკონომიკამ განიცადა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი დანაკარგები: ჩამოიშალა ტურიზმი, შეწყდა საერთაშორისო ფრენები, მუშაობა შეწყვიტეს საწარმოებმა, შეიზღუდა საერთაშორისო ვაჭრობა, განსაკუთრებით დაზარალდა მცირე და საშუალო ბიზნესი, ტურიზმი, ნავთობის მოპოვება, საჰაერო ტრანსპორტი და სხვა; მნიშვნელოვნად შემცირდა ინვესტიციები, მათ შორის, ინოვაციების განსახორციელებლად; კორონავირუსული პანდემია ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. ეკონომიკურმა რეცესიამ იმ დონეს მიაღწია, რომ სახელმწიფოები იძულებულნი გახდნენ პანდემიის პირობებში გაეხსნათ ეკონომიკა, რათა თავიდან აეცილებინათ ეკონომიკის კოლაფსი. მსოფლიომ ისწავლა ვირუსთან თანაცხოვრება.

2020 წლის 9 იანვარს ვირუსით პირველი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და უხანი ჩაკეტა, მაგრამ ვირუსი, როგორც ჩინეთში, ისე მის საზღვრებს გარეთაც სწრაფად გავრცელდა. 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, ხოლო 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა. იგი მთელ მსოფლიოში გავრცელდა: 10 იანვარს იაპონიაში, 13 იანვარს ტაილანდში, 20 იანვარს სამხრეთ კორეაში, 21 იანვარს ამერიკის შეერთებულ შტატებში, 23 იანვარს სინგაპურში, 24 იანვარს ვიეტნამსა და საფრანგეთში, 25 იანვარს კანადაში, შვეიცარიასა და ავსტრალიაში, 27 იანვარს გერმანიაში, 29 იანვარს არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, 30 იანვარს იტალიაში, 31 იანვარს რუსეთში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთსა და ინდოეთში, 19 თებერვალს ირანში, 26 თებერვალს და ბრაზილიაში, 28 თებერვალს აზერბაიჯანში, 1 მარტს სომხეთში, 11 მმარტს თურქეთში და ა.შ. მსოფლიოს 215 ქვეყანაში.

საქართველოში კორონავირუსი გამოვლინდა 2020 წლს 26 თებერვალს ქვეყნებმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ერთმანეთისაგან განსხვავებული ტაქტიკა აირჩია - ზოგმა უფრო მკაცრი, ზოგმა ნაკლებად მკაცრი ღონისძიებები გაატარა. ზოგმა დაასწრო ამ ღონისძიებების განხორციელება ვირუსის გავრცელებას, ზოგმა კი დააგვიანა. საქართველოში განხორციელდა ვირუსთან ბრძოლის სისტემური, კარგად გათვლილი და ორგანიზებული ღონისძიებები. მოქმედებები დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების დადასტურებულ შემთხვევას ადგილი არ ჰქონდა. ღონისძიებები ხორციელდებოდა ადამიანთა სიცოცხლისა (ჯანმრთელობის) და ეკონომიკის გადარჩენის მიმართულებით, რაც გულისხმობდა: ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნას; მოქალაქეთა სოციალურ მხარდაჭერას; მეწარმეების დახმარებას (ეკონომიკის ხელ-შეწყობას); საზღვარგარეთიდან ფინანსური სახსრების მოზიდვას; რეპრო¬დუქციის მაჩვენებლისა და სხვა ეპიდემიოლოგიური პარამეტრების მუდმივ კონტროლს; მარაგებისა და ლოჯისტიკის - მოსახლეობის სურსათით უწყვეტი უზრუნველყოფის მართვასა და სხვ.. 2020 წლის 28 იანვარს შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, როგორც ეპიდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები ძირითადი პლატფორმა. ვირუსის შემოჭრის პრევენციის მიზნით გატარდა შემდეგი ღონისძიებები: დაწესდა სავალდებულო იზოლაციის ნორმები, რომელთა დაეცვა ევალებოდათ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან დაბრუნებულ პირებს (ჩინეთი, იტალია, გერმანია, ირანი, დანია, ნორვეგია, შვეიცარია, ავსტრია, საფრანგეთი, ესპანეთი, სამხრეთ კორეა და სხვ.); დამტკიცდა ვირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთისა და დაავადებაზე ოპერატიული რეაგირების გეგმა; ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი აღიჭურვა თერმოსკრინინგისთვის საჭირო ინვენტარით და დაიწყო თერმოსკრინინგი; შეჩერდა ავიარეისები ჩინეთიდან; შემუშავდა შესაბამისი ალგორითნები და პროტოკოლები: დაიწყო სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება; შეჩერდა მიმოსვლა ირანთან და სხვ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 2020 წლის 26 თებერვალს. ამ დროისთვის ვითარება მსოფლიოში საკმაოდ რთული იყო. დაიწყო ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ეტაპი, კერძოდ, განხორციელდა: ახალი შემთხვევების, კლასტერებისა და მათთან ასოცირებული კონტაქტების მოძიება, იზოლირება, კარანტინი, დიაგნოსტირება და მკურნალობა, ეპიდზედამხედველობის გამკაცრება (როგორც ადამიანთა გადარჩენის, ასევე ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით); სასწავლო დაწესებულებების დახურვა და დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა; კულტურის დაწესებულებებში შემოქმედებითი საქმიანობის შეჩერება, ყველა დაგეგმილი ღონისძიების გაუქმება; მასობრივი და საჯარო თავყრილობების აკრძალვა; ცალკეული ეკონომიკური საქმიანობების შეზღუდვა; ფიზიკური დისტანცირება და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მკაცრი კარანტინი და კომენდანტის საათი; სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და სამივე აეროპორტში საველე კარვების დამონტაჟება შემოსულ მგზავრთა სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე სამედიცინო შემოწმების მიზნით; ადამიანების სკრინინგისა და დაავადების ადრეული გამოვლენის მიზნით, საკარანტინო ზონების მომზადება ვირუსზე საეჭვო ან მაღალი რისკის მატარებელი პირების განსათავსებლად; მარაგების მართვასა და სურსათით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით შტაბის შექმნა, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფდა პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებისა და მარაგების მონიტორინგს; მეზობელ ქვეყნებთან მიმოსვლის ეტაპობრივი შეჩერება; ინფიცირების პირველწყაროს მიკვლევა და, შესაბამისად, საჭირო პრევენციული ღონისძიებების გატარება იზოლირების, არსებული და პოტენციური კონტაქტების მაქსიმალურად მოძიებისა და მიდევნების მიზნით. მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მოქალაქეებისათვის დაწესდა 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი. ქვეყანაში შემოსვლისას ყველა მგზავრი ადგილზე მოწმდებოდა და ვირუსის სიმპტომური მახასიათებლის გამოვლენისას, გადაჰყავდათ კარანტინში, ხოლო დანარჩენს ეძლეოდათ თვითიზოლაციაში დარჩენის რეკომენდაცია. ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდებოდა კონტაქტების მოძიება და მათი მიდევნების მიზნით პირების თვითიზოლაცია ან სპეციალურ საკარანტინო სივრცეში გადაყვანა შემდგომი დაკვირვების მიზნით. საშიშროებამ იმატა 22 მარტს, როდესაც საქართველოში გამოვლინდა შიდა გადაცემის პირველი ფაქტი. ეპიდემიოლოგების მიერ წარმოდგენილი პროგნოზების მიხედვით, არსებობდა ქვეყანაში ინფიცირებულთა უკონტროლო ზრდისა და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის წინაშე დადგომის რისკი. ამიტომ, ერთდროულად საზოგადოებრივი ცხოვრების არაერთი სფეროს შეზღუდვის აუცილებლობის გამო, 21 მარტს ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. დაიწყო შეზღუდვების გამკაცრება (განხორციელდა კარგად გათვლილი როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო ღონისძიებები, რომელსაც, მართალია მოჰყვა ეკონომიკური რეცესია, მაგრამ, ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ეპიდემოლოგიური შედეგი): სრულად შეჩერდა საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლა; დაწესდა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები: მარნეულში, ბოლნისში; ქობულეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში (გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში), ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში; შეჩერდა ჯერ საქალაქთაშორისო, შემდეგ კი თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა; შეიქმნა კოვიდკლინიკები და დაიწყო „ცხელების კლინიკების“ შექმნა: დაწესდა კომენდანტის საათი და აიკრძალა ქვეითად ან სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება 21 საათიდან 06 საათამდე; საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრის დასაშვები რაოდენობა შემცირდა 10-დან 3 პირამდე; დაწესდა გადაადგილების ასაკობრივი შეზღუდვა, კერძოდ, 70 წლისა და მეტი ასაკის პირებს აეკრძალათ საცხოვრებელი ადგილის დატოვება (გამონაკლისების გარდა); შეჩერდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით; აიკრძალა მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება; ეტაპობრივად შეჩერდა სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური საქმიანობა, გარდა გამონაკლისებისა; აიკრძალა ქ. თბილისის, ქ. რუსთავის, ქ. ქუთაისისა და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტებში შესვლა და ამ მუნიციპალიტეტებიდან გასვლა; აიკრძალა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (გარდა მოტოციკლისა) გადაადგილება და სასაფლაოების ტერიტორიაზე შესვლა; დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას დაწესდა პირბადის ტარების ვალდებულება.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შენარჩუნებული იქნა ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური საქმიანობა. შეუფერხებლად მუშაობდა 63 ათასზე მეტი ეკონომიკური სუბიექტი. ხორციელდებოდა: სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, მათ შორის, მკაცრ საკარანტინო რეჟიმში მოქცეულ მუნიციპალიტეტებშიც; სარეალიზაციოდ აგრარული პროდუქციის გამოტანა; სატვირთო გადაზიდვები (სატრანზიტოს ჩათვლით); საკვები პროდუქტების, მედიკამენტების, დენის, ბუნებრივი აირის, წყალის მიწოდება, სხვა უმნიშვნელოვანესი საქონლისა და მომსახურების წარმოება-რეალიზაცია; კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სისტემური საწარმოების მუშაობა და სხვ. აღნიშნული ობიექტებისთვის შემუშავდა საქმიანობისა და ტრანსპორტირების უსაფრთხოების წესები. უნდა ითქვას, რომ ეტაპობრივი შეზღუდვებით საქართველომ აირიდა კორონავირუსის ინფექციის ქვეყანაში სწრაფი და მასობრივი შემოტანა და გავრცელება.

27 აპრილიდან დაიწყო დაავადების ყოველდღიური შემთხვევების კლება, ასევე ქვეყანამ შეიძინა ვირუსთან თანაარსებობის გარკვეული გამოცდილება. ამიტომ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის შესახებ, რომელიც ნაწილობრივ დღესაც გრძელდება. ამჟამად მიმდინარეობს ტურიზმისა და საერთაშორისო ფრენების გახსნა.

საგრძნობია პანდემიის უარყოფითი გავლენა ქვეყნის ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროზე. მცირდებოდა შემოსავალი (ტურიზმიდან, ექპორტიდან, წმინდა ფულადი გზავნილებიდან), როგორც უცხოური, ისე შიგა ინვესტიციები. ეკონომიკური აქტივობის შემცირების გამო, ბუნებრივია, მცირდება მთლიანი შიგა პროდუქტი. ყველაზე მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე ახდენს ტურიზმი, რაც უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკის სხვა სექტორებზე, მათ შორის, მშენებლობასა და უძრავი ქონებით ვაჭრობაზე. ექსპორტისა და გზავნილების შემცირება, უარყოფითად მოქმედებს გაცვლით კურსზე. უარესდება ადამიანთა კეთილდღეობისა და კომფორტის დონე [აბესაძე რ. 2020].

სახელმწოფო შესაძლებლობის ფარგლებში ახორციელებდა ღონისძიებებს აღნიშნული ნეგატიური პროცესების შესამსუბუქებლად შეზღუდვების პირობებშიც და მათი მოხსნის შემდეგაც. ქვეყანაში განხორციელდა ანტიკრიზისული ღონისძიებები, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების შესამსუბუქებლად [ანტიკრიზისული... 2020].

რუსეთ-უკრაინის ომი

აღნიშნულიომა ომმა მნიშვნელოვანი ტურბულენტობაშექმნა როგორც მსოფლიოს, ისე ეკოვნულ ეკონომიკებში. მსოფლიო ეკონომიკაზე ომის ნეგატიური გავლენიდან შეიძლება აღინიშნოს: შეამცირა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპები ვინაიდან ხდება წარმოებების შეკვეცა საომარი მოქმედებების, სანქციებისა და, ხშირ შემთხვევაში, მიწოდების ჯაჭვის წყვეტის გამო. ასევე, შეზღუდული რესურსები მიედინება არა წარმოების გაფართოებაზე, არამედ ომის წარმოებისათვის საჭირო ხარჯების დასაფარავად, ჰუმანიტარულ დახმარებებზე, ლტოლვილთა დიდი მასებისათვის სათანადო პირობების შესაქმნელად და სხვა; შეფერხდა მსოფლიო ეკონომიკის თვიებრივი განვითარება, ვინაიდან მცირდება სახსრები მსხვილი სამეცნიერო-ტექნიკური პროექტების განსახორციელებლად, რის შედეგადაც ფერხდება ინოვაციების დანერგვა; შეფერხდა ერთობლივი გლობალური პრობლემების (ენერგეტიკული, სასურსათო, ეკოლოგიური, კოსმოსის ათვისება, „მწვანე“ და „წრიული“ ეკონომიკის განვითარება, მსოფლიო ოკეანის ათვისება, სიღარიბისა და სხვა გლობალური პრობლემა) გადაჭრა; გააუარესა არაეკონომიკური ფაქტორები (ფსიქიკური მდგომარეობა, კულტურა, ხელოვნება, ლირერატურა, სპორტი, პოლიტიკური ურთიერთობები), რაც დღევანდელ ეკონომიკაზე დიდ ნეგატიურ გავლენას ახდენს; შეამცირა ადამიანისეულკაპიტალს (რომელიც თანამედროვე ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია), ადამიანთა მსხვერპლისა და მათი კეთილდღეობის პირობების გაუარესების გამო (საცხოვრებლებისა და, სამსახურის დაკარგვა, შემოსავლების შემცირება, მილიონობით ლტოლვილის წარმოშობა და ა. შ.) და სხვა. რაც შეეხება ომის გავლენას უშუალოდ საქართველოს ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში წარმოშობილი ნეგატიური შედეგები გარკვეული დოზით აისახება ეროვნულ ეკონომიკებზეც, მათ შორის, ბუნებრივია, საქართველოს ეკონომიკაზეც (ინფლაცია, სავალუტო რყევები, ლოჯისტიკური პრობლე¬მები და სხვ). გარდა ამისა, რუსეთი და უკრაინა საქართველოს საკმაოდ მსხვილი პარტნიო¬რები არიან, რისი შეფერხებაც ქვეყნის ეკონომიკაზე, ბუნებრივია, ნეგატიურად აისახება.

პანდემიამ და ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნის თვითუზრუნველყოფის ამაღლება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის სფეროს. მთავრობამ უნდა შექმნას სტიმული¬რებისა და თანამონაწილეობის მექანიზმები ქართველი ბიზნესმენების მიერ ამ ორ სფერო¬ში ინვესტიციების განსახორციელებლად, სოფლის მეურნეობაში არსებული მაღალი რისკე¬ბის შესამცირებლად, ენერგეტიკაში კი – ენერგიის განახლებადი წყაროების (ჰდროე¬ნერგია, ქარისა და მზის ემერგია) მაქსიმალური ათვისების მიმართულებით [აბესაძე 2022].

გამოყენებული ლიტერატურა

1. აბესაძე რ. 2014. ეკონომიკური განვითარება და ეკომო,იკური რეგრესი. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა. თბ., 2014
2. აბესაძე რ. 2020. პანდემიის ეკონომიკური, სოციალური და ჰუმანიტარული ასპექტები მსოფლიოსა და საქართველოში. აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დაბადებიდან 115-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებული – „თანამედროვე ეკონომიკა, ეკონომიკური მეცნიერება და ეკონომიკის პანდემიური პრობლემები: გამოწვევები, გადაჭრის გზები“ (17-18 ოქტომბერი, 2020).
3. აბესაძე რ. 2022. რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკაზე. „ეკონომიკა და საზოგადოება“ 2022. 27 მაისი.
4. ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა. 2020. https://netgazeti.ge/news/446340/
5. აფხაზეთის ომი (1992-1993). 2014
https://ka.wikipedia.org/wiki/აფხაზეთის_ომი_(1992-1993)
6. ევგენიძე ნ. 2014 რუსეთის კრიზისი და მისი გავლენა მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკაზე. 2014. https://www.radiotavisupleba.ge/a/rusetis-krizisis-gavlena/26760881.html
7. კოვიდ 19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიში. 2020.https://stopcov.ge/Content/files/govermant--report.pdf
8. მექვაბიშვილი ე. 2020. ინტერვიუ გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი“
http://newspaper.tsu.ge/ge/news/view/ KSIWclIG?fbclid=IwAR0I0aLHMRwwe Tmuw0xJU2OJ9Aq_ kVPl7c8g8H1KmfNlA5d2CXfgtwI5whc
9. რუსეთის კრიზისი და მისი გავლენა მსოფლიოსა და საქართველოს ეკონომიკაზე. 2014 https://www.radiotavisupleba.ge/a/rusetis-krizisis-gavlena/26760881.html
10. პაპავა ვლ. თანამედროვე ეკონომიკური კრიზისის თავისებურებანი საქართვე¬ლო¬ში. 2009. „ეკონომისტი“, 2009, № 4
11. სარაჯიშვილი ლ. გლობალური ეკონომიკური კრიზისები და მათი გავლენა ეკონომიკაზე. https://geoeconomics.ge/?p=13601
12. ჭითანავა ნ. 2020. განსაცდელმა გააზრებული ნაბიჯების გადადგმა უნდა შეგვაძლებინოს.
http://iverioni.com.ge/16752-nodar-tcithanava-gansacdelma-gaazrebuli-nabijebis-gadadgma- unda-shegvadzlebinos.html
13. Бреннер Р. 2014. Экономика глобальной турбулентности. Развитые капиталистические экономики в пе- риод от долгого бума до долгого спада. М.: Изд. дом Высшей школы экономики; 2014. 552 с.
14. Щетинина Е.Д., Кучерявенко С. А. и др. 2016 Система факторов и причин возникновения турбулентности как меры хаотичности и неопределенности развития экономики. Вестник БГТУ. 2016;(7):203–209.