ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
|
|
|
∘ გიორგი ბრეგვაძე ∘ დასაქმება და უმუშევრობა საქართველოში ანოტაცია. ნაშრომში განხილულია უმუშევრობისა და დასაქმების პრობლემები საქართველოში. სტატისტიკური მასალების საფუძველზე გაანალიზებულია ბოლო პერიოდში საქართველოში დასაქმებისა და უმუშევრობის არსებული მდგომარეობა. დასახულია დასაქმების გაზრდისა და უმუშევრობის აღმოფხვრის გზები საკვანძოსიტყვები: დასაქმება, უმუშევრობა, სამუშაო ადგილი, სამუშაო ძალა შესავალი უმუშევრობა არის მოვლენა, რომლის დროსაც მოსახლეობის ცალკეული ნაწილი ვერ შოულობს სამუშაოს. უმუშევრობის გარკვეული დონის არსებობა გარდაუვალია რეალურ ეკონომიკაში. უმუშევრობის ნორმალურ ანუ ბუნებრივ დონეს განსაზღვრავს ოფიციალურად რეგისტრირებულ უმუშევართა ხვედრითი წონა შრომისუნარიანი ასაკის მქონე მოსახლეობის საერთო რიცხოვნობაში, მაგრამ ეს მაჩვენებელი არ გვაძლევს სრულ წარმოდგენას ამ სფეროში შექმნილ ვითარებაზე. არსებული მდგომარეობის სწორად შეფასებისათვის აუცილებელია ვიცოდეთ არა მხოლოდ უმუშევართა რაოდენობა, არამედ დასაქმებულთა რაოდენობა. რამდენადაც იზრდება უმუშევრობა, იმდენად მცირდება დასაქმებულთა რაოდენობა და რამდენადაც მცირდება უმუშევრობა, იმდენად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა. დასაქმებისა და უმუშევრობის პრობლემები, ეს გლობალური პრობლემაა, იგი მარტო საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი. სხვადასხვა ქვეყანა ამ პრობლემას სხვადასხვანაირად სჭრის. მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებშიშრომის სტატისტიკური ბიუროს (შსბ) მონაცემებით განისაზღვრება დასაქმებული, დაუსაქმებელი და უმუშევარი პირები. იმისთვის, რომ შსბ-ს აღრიცხვაზე მოხვდეს, ის უნდა ეკუთვნოდეს არაინსტიტუციონალურ მოსახლეობას. აქ იგულისხმებიან 16 წელს მიღწეული და უფროსი ასაკის პირები, რომლებიც მოცემულ მომენტში ციხეებსა და საავადმყოფოებში არ იმყოფებიან. არაინსტიტუციონალური მოსახლეობა იყოფა შემდეგ კატეგორიებად: დასაქმებული, უმუშევარი და არათვითმოქმედი მოსახლეობა. უმუშევართა და დასაქმებულთა დონის განსაზღვრისათვის შსბ ეყრდნობა, როგორც საკუთარ კვლევებს (ეს უკანასკნელი ტარდება ყოველთვიურად), ასევე აშშ-ს სენსუს ბიუროს მიერ ჩატარებულ ორ კვლევას. უმუშევრობის დონე განისაზღვრება საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის მიერ დაწესებული სტნდარტების შესაბამისად. თუმცა, მიღებული მონაცემები ასევე გამოიყენება უმუშევრობის 5 სხვადასხვა დონის განსაზღვრისათვის, რომლებსაც მინიჭებული აქვთ შესაბამისი კოდები. კერძოდ კი: 1 – სამუშაო ძალის პროცენტი, რომელიც ვერ დასაქმდა 15 კვირის ან მეტი პერიოდის განმავლობაში; 2 – სამუშაო ძალის პროცენტი, რომელმაც კვლევის მომენტისთვის დაკარგა სამუშაო ან დაასრულა დროებითი სამუშაო; 3 – ოფიციალური უმუშევრობის დონე საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის განმარტებების შესაბამისად; 4 – სამუშაო ძალა, რომელსაც სურს მუშაობის დაწყება, მაგრამ შეწყვიტა ძიება, რადგან არსებული ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილი არ არის ხელმისაწვდომი; 5 – ნახევარი განაკვეთით დასაქმებული პირები, რომლებსაც სურთ სრულ განაკვეთზე მუშაობა, მაგრამ არ შეუძლიათ გარკევული ეკონომიკრი მიზეზების გამო. შრომის სტატისტისიკის მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციაზე, 1982 წლის ოქტომბერში მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც დადგინდა შესაბამისი შრომის ბაზრის კატეგორიების განსაზღვრის სტანდარტები. ამ სტანდარტების მიხედვით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია უმუშევრობას განმარტავს შემდეგნაირად: „უმუშევართა რაოდენობა აერთიანებს 15 და მეტი წლის პირებს, რომლებიც შესწავლის პერიოდისათვის არიან უმუშევრები – არ იღებენ ხელფასს ან/და არ არიან თვითდასაქმებულები.“ საქართველოში დასაქმებისა და უმუშევრობის ოფიციალური მონაცემები გამოიყურება შემდეგნაირად. 2023 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2022 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4 პროცენტი შეადგინა. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე 2010-2023 წლებში. ცხრილი 1[1]
2023 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წელთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.3 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44.5 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.1 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.6 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 1.3 და 1.9 პროცენტული პუნქტით და 45.4 პროცენტს და 43.4 პროცენტს შეადგენს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე და დასაქმების დონე 2010-2023 წლებში. ცხრილი 2
2023 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 69.0 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წელთან შედარებით. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დასაქმებულთა განაწილება დასაქმების სტატუსის მიხედვით 2010-2023 წლებში. ცხრილი 3
2023 წელს უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წელთან შედარებით შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.1 პროცენტული პუნქტით. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე ქალაქ-სოფლის მიხედვით 2010-2023 წლებში. ცხრილი 4
წინა წელთან შედარებით 2023 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის, აჭარის და თბილისის რეგიონებში, შესაბამისად 7.7, 6.2 და 2.0 პროცენტული პუნქტით. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე 2023 წელს, რეგიონების მიხედვით. ცხრილი 5
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წელს 2022 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.0 პროცენტული პუნქტით. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე სქესის მიხედვით 2010- 2023 წლებში. ცხრილი 6
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43.1 პროცენტს, ხოლო კაცებში 65.1 პროცენტს შეადგენდა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში 1.6 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო კაცებში - 1.1 პროცენტული პუნქტით. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე სქესის მიხედვით 2010-2023 წლებში. ცხრილი 7
2023 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში 1.6 პროცენტული პუნქტით. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დასაქმების დონე სქესის მიხედვით 2010- 2023 წლებში. ცხრილი8
2023 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (44.6 პროცენტი), ხოლო ყველაზე დაბალი ტრადიციულად 65+ ასაკობრივ ჯგუფშია (4.3 პროცენტი), რის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით 2023 წელს. ცხრილი9
2024 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 19.1 ათასი კაცით (2.1%) და 935.8 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 41.3 ათასით გაიზარდა (10.1%) და 451.5 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 47.2 ათასით (17.7%) და 219.7 ათასი შეადგინა. 2024 წლის II კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54.5 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 2.8 პროცენტული პუნქტით და 47.0 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე როგორც ქალაქის ისე სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 3.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.5 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 47.9 პროცენტს და 45.8 პროცენტს შეადგენს. იმისათვის, რომ შემცირდეს უმუშევრობა და გაიზარდოს დასაქმებულთა რიცხვი, პირველ რიგში საჭიროა სწორი აღრიცხვიანობა რამდენია დასაქმებული და რამდენია უმუშევარი. შემდეგ უნდა მოხდეს განსაზღვრა რა კვალიფიკაციაზეა მოთხოვნები გაზრდილი და ამის მიხედვით მოხდეს უმუშევართა გადამზადება, რათა ისინი იქნან დასაქმებულები. ეს საკითხი უნდა მოგვარდეს განათლების სამინისტროსთან ერთად. კარგი იქნება თუ ჩვენთანაც, ისევე როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია შეიქმება შრომის ბირჟა, სადაც მოხდება სამუშაოს მაძიებელთა სწორი აღრიცხვა. გამოყენებული ლიტერატურა
|