ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
∘ ლავრენტი (ზურაბ) გუდავაძე ∘ ნოდარ ფოფორაძე ∘ გელა მაჩაიძე ∘ გელა ლობჯანიძე ∘ გლობალური ტენდენციები და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები ანოტაცია. ნაშრომში შესწავლილი და გაანალიზებულია თანამედროვე გლობალურ ტენდენციები და საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ძირითადი ინდუსტრიები, მონეტარული, ფისკალური პოლიტიკა, ეკონომიკურ მდგრადობასა და ადაპტირებაზე გავლენის მქონე დინამიური ფაქტორები, შეფასებულია ეკონომიკური და ბიზნეს გარემო, გამოკვლულია ზრდის ტენდენციები, შესაძლებლობები და რისკები, საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და შემოთავაზებულია დასკვნები ბოლოდროინდელი ცვლილებების უკვე გამოვლენილი ტენდენციების აღქმულ ტრაექტორიაში. საკვანძო სიტყვები: გლობალური ტენდენციები, გეოპოლიტიკა, მდგრადობა, პროგნოზები, პერსპექტივები. გლობალური მეგატენდები/მეგატენდენციები არის გლობალური მნიშვნელობის გრძელვადიანი განვითარების ის ძირითადი მიმართულებები (მაგალითად, კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების შემცირება ან საზოგადოების დაბერება და სხვ.), რომლებიც დიდ გამოწვევებს უქმნის საერთაშორისო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს, თუმცა ხშირად ასევე, გვთავაზობს დიდ შესაძლებლობებს, რომლის საუკეთესო მაგალითია ტექნოლოგიური განვითარების სისწრაფე. ამასთან, გამოწვევებზე ადექვატური პასუხისა და არსებული შესაძლებლობებით სარგებლობისათვის მნიშვნელოვანია ადრეულ ეტაპზე მეგატენდების ამოცნობა, სადაც პოლიტიკის შემქმნელებს, კომპანიების ხელმძღვანელებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს აქვთ შესაუძლებლობა შეიმუშაონ წარმატებული სტრატეგიები მდგრადი მომავლის ფორმირებისთვის. შესავალი თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკა უზარმაზარი და სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც დაკავშირებულია ტექნოლოგიების გაუმჯობესებასთან, ინტეგრაციისა და გლობალიზაციის პროცესების ზრდასთან, ინტერნაციონალიზაციისა და შრომის დანაწილების გაღრმავებასთან, ინფორმაციული ნაკადების სწრაფ და უსაზღვრო გავრცელებასთან და ა.შ. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სისტემაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტრანსნაციონალური კორპორაციები და ბანკები, საერთაშორისო ფინანსური და ეკონომიკური ორგანიზაციები. თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის სისტემა უსასრულო განვითარებისა და გაუმჯობესების პროცესშია, ჩნდება ახალი ორგანიზაციული სტრუქტურები, ძველი ეკონომიკური სუბიექტები ადაპტირდებიან ეკონომიკური გარემოს არსებულ პირობებთან და გარდაიქმნებიან უფრო სტაბილურ და სიცოცხლისუნარიან ორგანიზაციებად. ეკონომიკური ურთიერთობები უფრო რთული და მრავალფეროვანი ხდება და ინოვაციური გადაწყვეტილებების შემომტანი კომპანიების როლი იზრდება. ასევე, ნიშანდობლივია, რომ სხვა თანაბარ პირობებში იზრდება გლობალური განვითარების გაურკვევლობა. კლასიკური კონსტრუქციები − ბიპოლარულობა, მონოცენტრიზმი, ცენტრი − პერიფერია − ეკუთვნის მეოცე საუკუნის ისტორიას. ზრდის დაჩქარებით, გლობალიზაცია ზრდის ტვირთს გადასცემს საერთაშორისო და ეროვნულ ინსტიტუტებს, რომელთა ადაპტაციის სიჩქარე ჩამორჩება ცვლილებების ტემპს. არათანაბარი განვითარება, ინფორმაციული რევოლუცია, დემოგრაფიული დისბალანსი, გარემოსდაცვითი პრობლემები და მსოფლიოს განვითარებული ნაწილის დაბერება იწვევს ძლიერ მიგრაციულ ნაკადებს, ინტერცივილიზაციურ ურთიერთქმედებებსა და წინააღმდეგობებს. საერთაშორისო უსაფრთხოება სულ უფრო მყიფე ხდება, ტერორიზმი ხდება სოციალური რეალობის ფაქტი და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმი კრიზისშია. აღსანიშანავია, რომ ნავიგაცია სამყაროში, სადაც განვითარებადი ტექნოლოგიები არა მხოლოდ აუმჯობესებს კომპანიათა საქმიანობას, არამედ ცვლის სახელმწიფოთა მთელ ინდუსტრიას, მოსახლეობის ცვალებადობა გარდაქმნის ქალაქებს, რომლებშიც ვცხოვრობთ და ბაზრებს, რომლებთანაც ვმუშაობთ, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა პირდაპირ გავლენას ახდენს ვისთან ერთადაც ეწყობა ეკონომიკური ურთიერთობები და კეთდება ბიზნესი. ასეთ პირობებში, ჩვენს წინაშე დგას უპრეცედენტო გამოწვევები და სწრაფი ტრანსფორმაციები, სადაც ამ ცვლილებების გაგება გადამწყვეტია, რადგან ისინი ხელახლა განსაზღვრავენ, თუ როგორ ვმუშაობთ, ვცხოვრობთ და ვუკავშირდებით სამყაროს და, რომლებიც გავლენას ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე, ეკონომიკურ საქმიანობაზე, საოციალურ გარემოზე, ბიზნესსა და დღესდღეობით უფრო ფართო სამყაროზე. * * * თანამედროვე პერიოდსა და პირობებში საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრება საკმაოდ პრობლემებით და გამოწვევებით აღსავსეა, რომელთა შორის აღსანიშნავია: ომი ევროკავშირის საზღვარზე, კონფლიქტების ესკალაცია გლობალური შედეგებით, პანდემიის შემდგომი გამოწვევები, ექსტრემალური ამინდის მოვლენების ზრდა და სხვ., თავისი დრამატული და წინააღმდეგობრივი შედეგები, რომლებიც უპრეცედენტო ტექნოლოგიურ ინოვაციებთან ერთად, ქმნის მთელ რიგ სირთულეებს მთავრობებისა და მოსახლეობისთვის მთელ მსოფლიოში. ასევე, ნიშანდობლივია, რომ პოლიკრიზისების თანამედროვე, ეს ახალი ეპოქა არის უდიდესი წინასაარჩევნო წელი ისტორიაში. 2024 წელს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ხმას სამოცდათექვსმეტ ქვეყანაში მისცემს. პანდემიით, კონფლიქტებით, ინფლაციით და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებით გამოწვეული ძვრებიდან ოთხი წლის შემდეგ, გლობალური ეკონომიკა სტაბილიზაციას იწყებს. თუმცა, ეკონომიკური ზრდა შედარებით ნელია, ვიდრე 2020 წლამდე. პერსპექტივები მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნებისთვის კიდევ უფრო შემაშფოთებელია, რადგან ისინი ვალის მომსახურებით, შეზღუდული სავაჭრო შესაძლებლობებითა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მოვლენების საფრთხის წინაშე დგანან. აქედან გამომდინარე, განვითარებადმა ქვეყნებმა უნდა გამონახონ გზები კერძო ინვესტიციების ხელშესაწყობად, შეამცირონ სახელმწიფო ვალი და გააუმჯობესონ განათლება, ჯანდაცვა და საბაზისო ინფრასტრუქტურა, რადგან მსოფლიოს უღარიბესი 75 ქვეყანა, რომელიც აკმაყოფილებს განვითარების საერთაშორისო ასოციაციისგან კონცესიური დახმარების მიღების მოთხოვნებს, ვერ შეძლებს აღნიშნულის განხორციელებას საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე. [1] შესწავლილი მასალების თანახმად, 2024 წელს ყოველი ოთხი განვითარებადი ქვეყნიდან ერთი სავარაუდოდ სიღარიბის უფრო დაბალ დონეზე დარჩება ვიდრე პანდემიის დაწყებისას, 2019 წელს იყო. ეს მაჩვენებელი ორჯერ მაღალია სუსტ და კონფლიქტით დაზარალებულ ქვეყნებთან შედარებით. უფრო მეტიც, განსხვავება შემოსავლების მიხედვით განვითარებად და მოწინავე ქვეყნებს შორის 2020-2024 წლებში კიდევ უფრო გაღრმავდება განვითარებადი ქვეყნების დაახლოებით ნახევრისთვის და 1990-იანი წლების შემდეგ უმაღლეს მაჩვენებელს მიაღწევს. ამ ქვეყნებში შემოსავალი ერთ სულზე, რომელიც ცხოვრების სტანდარტების მნიშვნელოვანი ინდიკატორია, სავარაუდოდ 3 %-ით გაიზრდება 2026 წლის განმავლობაში, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება პანდემიამდე არსებულ 3.8 %-ს. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს გლობალური ინფლაცია ზომიერი იქნება 3.5 %-ის დონეზე, ხოლო 2025 წელს 2.9 %-ს გაუტოლდება. გლობალური საპროცენტო განაკვეთები სავარაუდოდ, მაღალ დონეზე შენარჩუნდება ბოლო ათწლეულების სტანდარტების გათვალისწინებით, რაც 2025-2026 წლებში საშუალოდ 4 % იქნება ანუ დაახლოებით ორჯერ მეტი 2000-2019 წლების საშუალო მაჩვენებელზე. მიუხედავად იმისა, რომ ფასები სურსათსა და ენერგორესურსებზე ზომიერ დონეს მიუახლოვდა, მსოფლიოს მასშტაბით საბაზო ინფლაცია შედარებით მაღალ დონეზეა და შეიძლება ასე დარჩეს გარკვეული წლების განმავლობაში. აღნიშნულმა შესაძლოა მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნების ცენტრალური ბანკები აიძულოს, რომ გადაავადონ საპროცენტო განაკვეთების შემცირება, რაც თავის მხრივ, ,,ხანგრძლივად მაღალი“ განაკვეთების გარემო მკაცრ ფინანსურ პირობებს და გაცილებით სუსტ ეკონომიკურ ზრდას ნიშნავს განვითარებად ქვეყნებში. [2] გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ, მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიში ხაზს უსვამს თუ როგორ შეიძლება იქნეს გამოყენებული სახელმწიფო ინვესტიცია კერძო ინვესტიციების დასაჩქარებლად და ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად. ეს მიუთითებს, რომ სახელმწიფო ინვესტიციების ზრდა განვითარებად ქვეყნებში განახევრდა გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, გასულ ათწლეულში 5 %-იან საშუალო მაჩვენებლამდე დაცემით. და მაინც, საჯარო ინვესტიციები შეიძლება დარგობრივი პოლიტიკის მძლავრ ბერკეტად იქნას მიჩნეული. საკმარისი საბიუჯეტო სივრცის და ეფექტიანი სახელმწიფო ხარჯვითი პრაქტიკის მქონე განვითარებადი ქვეყნებისთვის საშუალოვადიან პერიოდში საჯარო ინვესტიციების მშპ-ის 1 %-ით მატებას შესაძლებელია წარმოების გამოსავალის 1.6 %-ით ზრდა მოჰყვეს. [2] მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ანგარიშის უახლესი გამოცემის თანახმად, მსოფლიო უახლოვდება განვითარების გარდამავალი ათწლეულის შუა წერტილს, გლობალური ეკონომიკა 30 წლის განმავლობაში ყველაზე სუსტი ნახევარი ათწლეულის მაჩვენებელზეა. მართალია ერთი მხრივ, გლობალური ეკონომიკა უკეთეს ადგილზეა, ვიდრე ერთი წლის წინ იყო, მაგრამ მზარდმა გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ შეიძლება შექმნას ახალი და უახლოესი საფრთხეები მსოფლიო ეკონომიკისთვის. გლობალური ზრდა მიმდინარე წელს კიდევ უფრო შენელდება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის, შეზღუდვის ფინანსური პირობების და სუსტი გლობალური ვაჭრობისა და ინვესტიციების ფონზე. უარყოფითი რისკები მოიცავს ახლო აღმოსავლეთში ბოლო კონფლიქტის ესკალაციას, ფინანსურ სტრესს, მუდმივ ინფლაციას, ვაჭრობის ფრაგმენტაციას და კლიმატთან დაკავშირებულ კატასტროფებს. საჭიროა გლობალური თანამშრომლობა ვალების შემცირების, სავაჭრო ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის, კლიმატის ცვლილების დასაძლევად და სასურსათო დაუცველობის შესამსუბუქებლად. განვითარებად ბაზრებსა და განვითარებად ეკონომიკებს შორის (EMDE/Emerging Market and Developing Economie), საქონლის ექსპორტიორები აგრძელებენ ფისკალური პოლიტიკის პროციკლურობასა და ცვალებადობას. ასეთ შემთხვევაში, ყველა EMDE-ში, სწორი მაკროეკონომიკური და სტრუქტურული პოლიტიკის შემუშავება და კარგად ფუნქციონირებადი ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირება გადამწყვეტია ინვესტიციებისა და გრძელვადიანი პერსპექტივების გაზრდისთვის. ამჟამინდელი გლობალური მეგა ტენდენციები 2024–2030 წლებისათვის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე, საზოგადოებასა და ტექნოლოგიურ ლანდშაფტზე. ასევე, ეს არის ე. წ. ,,საგზაო რუკა“, რათა წინასწარ განისაზღვროს მათი გრძელვადიანი გავლენა ინდუსტრიის ლანდშაფტზე და გამოყენებულ იქნას ეს რესურსი ინფორმირებული და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მისაღებად, განვითარებული შესაძლებლობების იდენტიფიცირებისთვის და კომპანიების სტრატეგიული და უპირველესად პროგრესული ინოვაციების განვითარებისათვის. სახელდობრ, ასეთ მეგატენდებს მიეკუთვნება შემდეგი: კლიმატის ცვლილების დაძლევა, დემოგრაფიული ცვლილებები, სწრაფი ურბანიზაცია, ენერგიის გადასვლა, მობილობის მომავალი, ჰიპერდაკავშირება, ტექნოლოგიებისა და მრეწველობის აღზევება 5.0, გლობალური ეკონომიკური ძალის ცვლილება, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ევოლუცია, სოციალური არასტაბილურობა და სხვ. აღნიშნულის თვალსაზრისით, საგულისხმოა მაკრო ტენდენციებისა და ინდუსტრიის მეგატენდენციების წარმოჩენა, რომლებიც მოცემულია ნახ.-ში 1. [3] ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიებმა უნდა გააერთიანონ მწვანე პრაქტიკა და ახალი ტექნოლოგიები, შეცვალონ დემოგრაფიული და სოციალური პრეფერენციები და განავითარონ გამძლე მიწოდების ჯაჭვები განვითარებადი მეგატენდენციების საპასუხოდ. მათ, ასევე უნდა მოახდინონ შეთავაზებების ოპტიმიზაცია ურბანული და მობილური ცხოვრების წესისთვის და უპირატესობა მიანიჭონ ეთიკურ ქცევებს კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად. ნახ. 1. მაკრო ტენდენციები და ინდუსტრიის მეგა ტენდენციები[3]
გლობალური ტენდენციების გათვალისწინებით, 2030-2050 წლებისათვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ცვლილება დაკავშირებულია დიდი კონფლიქტის გაზრდილ რისკთან. 2012 წელს აშშ-ის/ნატოს ფართომასშტაბიანი კონფლიქტი რუსეთთან ან ჩინეთთან თითქმის წარმოუდგენელი იყო. ახლა, ცივი ომის შემდგომი უსაფრთხოების წესრიგი დაიშალა და შედეგები უზარმაზარია, რაც პოტენციურად ემუქრება გლობალიზაციას, რასაც თან ახლავს შიგა რღვევა პრაქტიკულად ყველა სახელმწიფოს პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სტრუქტურებში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გლობალური ტენდენციების გამოცემები ასახავს განვითარებად სამყაროში საზოგადოებების მნიშვნელოვან რღვევას, რომელიც დაკავშირებულია ყოველი ქვეყნის მოდერნიზაციის პროცესთან, რომელიც განიცდის სწრაფ ცვლილებას, სადაც ნიშანდობლივია გლობალური საშუალო კლასის მნიშვნელოვანი ზრდა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რომელიც არის ამ მოდერნიზაციის პროცესის საერთო წარმატების სიმბოლო. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ ათწლეულები დასჭირდება, გლობალური საშუალო კლასის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალის დასავლეთის ცხოვრების მაღალ სტანდარტთან დაახლოებას. ამასთან, გლობალური საშუალო კლასი აწყდება ბევრ იგივე წინააღმდეგობას, რაც გავლენას ახდენს დასავლურ საშუალო კლასზე. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ტექნოლოგიების მზარდ გავლენას, რომელსაც ბევრ დადებითთან ერთად აქვს მთელი რიგი გამოწვევები და რისკები. ასე მაგალითად, რობოტიკას, ხელოვნურ ინტელექტს, 3D ბეჭდვასა და ავტომატიზაციას აქვს პოტენციალი კონკურენცია გაუწიოს როგორც გამოცდილ, ასევე არაკვალიფიციურ პროფესიებს. განვითარებადი ტექნოლოგიების მიერ მოწოდებული პროდუქტებისა და სერვისების ფართო სოციალური და ეკონომიკური სარგებელი შეიძლება იყოს უზარმაზარი, თუმცა მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია ცვლილებები გლობალიზაციასა და ტექნოლოგიებში. ნიშანდობლივია ასევე, რომ დასავლეთი ახალი დემოგრაფიული გამოწვევის წინაშე დგას, რომელიც დროთა განმავლობაში გავლენას მოახდენს განვითარებად სამყაროზე, დაბერების, ჯანმრთელობისა და პენსიის ხარჯების ზრდის თვალსაზრისით. გაურკვეველია, როგორ შეძლებს დასავლური საზოგადოებები, მ. შ. აშშ, განახორციელოს სოციალური კეთილდღეობისა და უფლებების პროგრამები თავდაცვის, ინფრასტრუქტურის, განათლებისა და კვლევისა და განვითარების (R&D/Research and Development) ხარჯების შემცირების გარეშე. აღსანიშნავია, რომ ცხოვრების ღირებულება დომინირებს გლობალურ რისკებზე მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ხოლო კლიმატის ქმედებების წარუმატებლობა დომინირებს მომდევნო ათწლეულში. ასევე, შემდეგი ათწლეული ხასიათდება გარემოსდაცვითი და სოციალური კრიზისებით, რომლებიც განპირობებული იქნება გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ტენდენციებით. „ცხოვრების დანახარჯების კრიზისი“ შეფასებულია, როგორც ყველაზე მძიმე გლობალური რისკი მომდევნო ორი წლის განმავლობაში, რომელიც პიკს აღწევს მოკლევადიან პერიოდში. „ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და ეკოსისტემის კოლაფსი“ განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გაუარესებული გლობალური რისკი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში და ექვსივე გარემოსდაცვითი რისკი შედის ტოპ 10 რისკში მომდევნო 10 წლის განმავლობაში. 10 საუკეთესო რეიტინგში ცხრა რისკია წარმოდგენილი როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში, მ. შ. „გეოეკონომიკური დაპირისპირება“ და „სოციალური ერთიანობისა და საზოგადოების პოლარიზაციის ეროზია“, პირველ რეიტინგში ორ ისეთ ახალ რისკთან ერთად, როგორიცაა: „გავრცელებული კიბერდანაშაული და კიბერდაუცველობა“ და „მასშტაბიანი არანებაყოფლობითი მიგრაცია“. საგულისხმოა, რომ გლობალური ეკონომიკური პერსპექტივის ძირითადი რისკები რჩება დაღმავალი მიმართულებით, ხოლო ინფლაციის მდგრადობა რჩება გლობალური ზრდის პერსპექტივის კლების რისკების სიის სათავეში. ნავთობის ფასების განახლებულმა ზრდამ სასაქონლო ფასებს კვლავ ყურადღების ცენტრში მოაქცია, როგორც გლობალური ინფლაციის მამოძრავებელი ძალა. გარდა ამისა, ინფლაციის ზეწოლა შეიძლება დარჩეს უფრო მაღალი მუშახელის დეფიციტის და სხვა ფაქტორების გამო, მათ შორის დეგლობალიზაცია, ენერგეტიკული გადასვლის დაფინანსების ღირებულება და საცხოვრებლის მიწოდების ნაკლებობა. იხ. ცხრილი 1. ცხრილი 1. გლობალური რისკები სიმძიმის მიხედვით მოკლე და გრძელ ვადიან პერიოდში * [4] საბაზისო პროგნოზის მიხედვით, გლობალური ეკონომიკა 2024 და 2025 წლებში დაახლოებით 3,0−3,2 %-ით გაგრძელდება, იგივე ტემპით, რაც 2023 წელს. მოწინავე ეკონომიკებში გარკვეული აჩქარება (სადაც მოსალოდნელია ზრდა 1,6 %-დან 2023 წელს 1,7 %-მდე 2024 წელს და 1,8 %-მდე 2025 წელს) კომპენსირდება განვითარებადი ბაზრის ეკონომიკისა და განვითარებადი ქვეყნების მცირე შენელებით 4,3 %-დან 2023 წელს 4 % 2024 და 2025 წლებში. გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ხუთ წელიწადში (3,1 %) ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაბალია. პროგნოზირებულია, რომ გლობალური ინფლაცია სტაბილურად დაეცემა 6,8 %-დან 2023 წელს 5,9 %-მდე 2024 წელს და 4,5 %-მდე 2025 წელს, განვითარებული ეკონომიკა უფრო ადრე დაუბრუნდება ინფლაციის მიზნებს, ვიდრე განვითარებადი ბაზრების და ქვეყნების ქვეყნები. ძირითადი ინფლაციისთვის, ზოგადად, უფრო ეტაპობრივი კლებაა პროგნოზირებული. იხ. ცხრილი 2. [5] ცხრილი 2. რეალური მშპ ზრდის ტემპები (საშუალოწლიური % ცვლილება), 2024-2035 წწ. განახლებულია 2024 წლის 15 მაისის მდგომარეობით * [5]
ამრიგად, გლობალურმა ეკონომიკამ აჩვენა შესანიშნავი გამძლეობა, მიუხედავად ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელოვანი ზრდისა ფასების სტაბილურობის აღსადგენად; ამის შესაბამისად, გლობალური ეკონომიკა რჩება გამძლე, მიუხედავად არათანაბარი ზრდისა და მომავალი გამოწვევებისა, ამიტომ პოლიტიკის შემქმნელებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ ისეთ ზომებს ეკონომიკური მდგრადობის გასაუმჯობესებლად, როგორიცაა სახელმწიფო ფინანსების გაძლიერება და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივების გაცოცხლება. ცხადია, ზემოაღნიშნული გლობალური მნიშვნელოვანი ტენდენციების განხილვის პირობებსა და პერიოდში, მნიშვნელოვანია ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს შესამჩნევი მიღწევები შემოსავლების ზრდის და სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით. სახელდობრ, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა და 8 201 $ შეადგინა, ხოლო, GNI (Gross National Income/მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე) მაჩვენებელი (მუდმივი 2017 აშშ $) გაიზარდა 9,580 აშშ $-დან 2010 წელს 15,880 აშშ $-მდე 2022 წელს, სიღარიბე (გაზომილი სიღარიბე 6,85 აშშ $-ით 2017 წელს PPP/ Purchasing Power Parity-ით) შემცირდა 70,4 %-დან 70,7 %-მდე 2022 წელს. სამუშაო ბაზარმა ძლიერი აღდგენა განიცადა, უმუშევრობა შემცირდა 20.6 %-დან 2021 წელს რეკორდულ დაბალ 16.4 %-მდე 2023 წელს, რაც დადებითად აისახა სიღარიბის დონეზე. 2023 წელს ეკონომიკის ზრდა შეფასდა 7.5 %-მდე, რაც გამოწვეულია ინვესტიციების მზარდი მაჩვენებლებით, განსაკუთრებით სამშენებლო სექტორის აქტივობების მატებით (+17 % რეალურად). წლიური ინფლაცია მკვეთრად შენელდა 2023 წლის ბოლოს 0%-მდე 2022 წლის დეკემბრის 9.8%-დან, რაც ასახავს სურსათისა და ენერგიის გლობალური ფასების დაცემას და ლარის გამყარებას. მედიკამენტებზე საანგარიშო ფასების შემოღებამ ინფლაციაზე დაღმავალი ზეწოლა მოახდინა. საბაზო ინფლაცია დეკემბერში (წელიწადში) 2.0 %-ს შეადგენდა. ამის საპასუხოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ექვსჯერ შეამცირა, 11 %-დან 8,25 %-მდე 2023 წლის მაისიდან 2024 წლის მარტამდე. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ოდნავ შემცირდა 2023 წელს და მშპ-ის 4.3 %-მდე შეადგინა. საქონლის სავაჭრო დეფიციტი ნომინალური თვალსაზრისით ($) 19 %-ით გაიზარდა. ექსპორტი ნომინალური თვალსაზრისით ($) გაიზარდა 8 %-ით (წელიწადში), რაც გამოწვეული იყო მეორადი მანქანების რეექსპორტით, ხოლო იმპორტის ზრდამ 12%-ს მიაღწია. სერვისის ექსპორტი კვლავ მხარდაჭერილი იყო ტურიზმში COVID-19-ის შემდგომი აღდგენით. საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა 5,0 მლრდ $-მდე, რაც იგივე წლის საქონლის დაახლოებით 4,2 თვის იმპორტის ექვივალენტურია. ამასთან, 2023 წელს შემცირდა ფისკალური დეფიციტი და მიაღწია მშპ-ის 3.0 %-ს (პრივატიზაციის შემოსავლების ჩათვლით). მთავრობის შემოსავლები გაიზარდა 14,2 %-ით, ხოლო გადასახადების შეგროვება 2023 წელს ნომინალური თვალსაზრისით 13,5 %-ით გაიზარდა. მიმდინარე ხარჯები გაიზარდა 14.6 %-ით, რაც ასახავს მთლიან ზრდას. კაპიტალის ხარჯები ნომინალური თვალსაზრისით 4.6 %-ით გაიზარდა. 2023 წლის ბოლოს სახელმწიფო ვალი შეფასდა მშპ-ის 38.1 %-ად, რაც ოდნავ შემცირდა 2022 წლის ბოლოსთან შედარებით. (იხ. ცხრილი 3.) როგორც ცნობილია, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის უნარ-ჩვევების შეუსაბამობა, არის მნიშვნელოვანი დაბრკოლება ფირმების უმეტესობისთვის. ამასთან, სავაჭრო ღიაობის მაღალი ხარისხისა და ტურიზმზე დამოკიდებულების გამო, საქართველო დაუცველია გარე შოკების მიმართ. თუმცა, 2023 წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირმა (EU) კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, რითაც ქვეყანას მიეცა უნიკალური შესაძლებლობება რეფორმების გასაძლიერებლად კეთილდღეობის მისაღწევად და სხვა წევრ ქვეყნებთან დაახლოების მიზნით. [6] ცხრილი 3. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი მაჩვენებლები, 2015-2023 წწ. [7]
მიუხედავად ამისა, არსებობს სტრუქტურული გამოწვევები, განსაკუთრებით სუსტი პროდუქტიულობა და შეზღუდული მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების შექმნა. დასაქმებულთა დაახლოებით მესამედი რჩება დაბალპროდუქტიულ სოფლის მეურნეობაში და საქართველოს ასევე აქვს თვითდასაქმებულთა დიდი წილი სხვა სექტორებში. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რჩება მთავარ დაბრკოლებად მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ზრდა 5.2 %-მდე შემცირდება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის, სავაჭრო პარტნიორების შენელებისა და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების გამო. პროგნოზირებულია, რომ 2025-26 წლებისთვის ზრდა მშპ-ის დაახლოებით 5 %-ზე დასტაბილურდება, რაც ისარგებლებს საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ეტაპობრივი აღდგენით. სიღარიბის მაჩვენებელი ეტაპობრივად შემცირდება. მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2024 წლის ბოლოსთვის 3 %-იან სამიზნეს მიუახლოვდება, რადგან 2024 წელს მიმდინარეობს მონეტარული შემსუბუქება. ფულადი გზავნილების შემცირების მიუხედავად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საშუალოვადიან პერსპექტივაში COVID-19-მდე მაჩვენებელზე დაბლა დარჩება. [8] ასევე, არსებობს მნიშვნელოვანი რისკები პერსპექტივისთვის, რაც ასახავს გაურკვევლობას. ფულის შემოდინების უფრო სწრაფმა შემობრუნებამ, ტურიზმიდან სუსტმა შემოსავლებმა და გლობალური საქონლის ფასების ზრდამ შეიძლება შეაფერხოს ეკონომიკის ზრდა, გაზარდოს ვალის დონე და დაფინანსების საჭიროება. სხვა რისკები მოიცავს გლობალური ფინანსური მდგომარეობის გამკაცრებას და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ რისკებს. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ოპტიმალური მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება ადეკვატური ბუფერებით ხელს შეუწყობს პოტენციური შოკების შემცირებას, ხოლო გაცვლითი კურსის მოქნილობა ხელს შეუწყობს სარეზერვო დონის დაცვას იმპორტის კორექტირების მხარდაჭერით. დასკვნა მსოფლიოს მასშტაბით საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების და პროცესების გადახედვა ადასტურებს, რომ ის არ არის ისეთი უსაფრთხო და იმდენად განვითარებული, როგორც ეს შეიძლებოდა და/ან შეიძლება იყოს მომავალში. რამდენადაც სამყარო უფრო და უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებული ხდება, აშკარაა, რომ ჯერჯერობით ვერ ხორციელდება ყველა რისკის რაციონალური, ეფექტიანი და ოპტიმალური პრევენცია და მართვა. დღესდღეობით გამოწვევები ბევრია, მიზნები განსხვავებულია და მათი მიღწევის გზები ან პოლიტიკურად რთული ან სრულიად ახალია სამყაროსთვის. მიუხედავად ამისა, მთელი მსოფლიოს ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ გლობალური კონტექსტი, რომლითაც ისინი ნავიგაციას მოახდენენ თუ როგორ დაეხმარება ან შეაფერხებს ეს გარემოებები სასურველი სტრატეგიული მიზნების პროგრესს და როგორ უნდა განხორციელდეს საუკეთესო სტრატეგიული გეგმები, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო ცხოვრების ხარისხის უზრუნველსაყოფად. მწვანე, გამძლე და ინკლუზიური აღდგენის მისაღწევად, საქართველო ორიენტირებული უნდა იყოს კონკურენტუნარიანობის, ადამიანური კაპიტალის, ინსტიტუტებისა და ინფრასტრუქტურის, საერთაშორისო და რეგიონული ინტეგრაციის, ინოვაციებისა და ციფრული ტრანსფორმაციის გაძლიერებაზე, რომელთა ეფექტიანი მართვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. გამოყენებული ლიტერატურა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||