ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
|
|
|
∘ ლია დვალიშვილი ∘ კლიმატის ცვლილება, ახალი გამოწვევები და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე მისი გავლენის თავისებურებები ანოტაცია. ნაშრომში მიმოხილულია კლიმატის ცვლილების, როგორც ერთ-ერთი გლობალური საფრთხის მიერ გამოწვეული კატასტროფებისა და სტიქიური მოვლენების შესახებ, ქვეყნებისა და მათი მოსახლეობის სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების მოშლის თავისებურებებზე. აღნიშნულია ამ ახალი გამოწვევით გარემოზე ზეგავლენის შედეგებისა და მასშტაბების, შეცვლილი ბუნებისა და ეკოსისტემების, „სათბურის ეფექტით“ გამოწვეული მავნე შედეგების ინტენსივობის თაობაზე. ვრცლად მიმოხილულია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების ამსახველი მონაცემების თაობაზე ქვეყნის მასშტაბით. მითითებულია პრობლემის მოგვარების გზაზე მთავრობის როლისა და ფუნქციური მონაწილეობის განსაზღვრაზე. განსაკუთრებით გამოკვეთილია ინოვაციების როლი პრობლების გადაჭრის გზაზე. საკვანძო სიტყვები: კლიმატის ცვლილება, გლობალური დათბობა, კლიმატური ზონა, სათბურის ეფექტი, კლიმატური პარამეტრები. * * * XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე პლანეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის გარემოს მდგრადი მდგომარების უზრუნველყოფა, ბუნების სტიქიური კატასტროფებისაგან დაცვა და სამეურნეო-საინჟინრო ობიექტების უსაფრთხო ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემა გახდა. შესაბამისად დედამიწის მოსახლეობა მრავალი რთულად მოსაგვარებელი გლობალური პრობლემის წინაშე დგას. ყველაზე მნიშვნელოვანი ის გამოწვევებია, რომლებიც ადამიანის უპირველეს უფლებას და ღირებულებას, სიცოცხლეს ემუქრება. ამ გამოწვევებს შორის კლიმატის ცვლილება აღიარებულია, როგორც კაცობრიობის წინაშე მდგარი უმწვავესი გამოწვევა. თანამედროვე საზოგადოების, მეცნიერების შეშფოთებას იწვევს ის, რომ გლობალური კლიმატი იცვლება სწრაფად და თანდათან უფრო თბილი ხდება. შედეგად ადგილი აქვს სხვადასხვა ბუნებრივი სტიქიური მოვლენის ჩამოყალიბებას და რიგ შემთხვევაში კატასტროფების განვითარებას. სწორედ კატასტროფები აისახება ნეგატიურად ქვეყნებისა და მათი მოსახლეობის სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების მოშლაზე. დედამიწაზე გახშირებული ბუნებრივი საფრთხეებით გამოწვეული კატასტროფების უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი მსოფლიო კლიმატის ცვლილებაა, რომელსაც ჩვეულებისამებრ ათწლეულები ან უფრო ხანგრძლივი დრო სჭირდება. მეცნიერთა ვარაუდით, კლიმატის და კლიმატური ზონების ცვლილება დააყენებს ქვეყნებს მათი ეკონომიკური მიმართულებების შეცვლის საჭიროების წინაშე. სწრაფად მიმდინარე კლიმატის ცვლილება ცოტა დროს გვიტოვებს მოსალოდნელ ცვლილებებთან გასამკლავებლად და მისგან მიყენებული უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად. „კლიმატი“ ბერძნული წარმოშობის სიტყვაა (κλίμα) და დახრილობას ნიშნავს. სხვადასხვა ვარაუდით, დახრილობის ქვეშ შეიძლება იგულისხმებოდეს მზის სხივების ან დედამიწის ღერძის დახრილობა, ან კიდევ სიტყვა მოიაზრებდეს მთის კალთების ის მიმართულებებს, რომლითაც მთიანი საბერძნეთი უხვად არის დაჯილდოებული. ( 4 ) კლიმატი დედამიწის გარშემო არსებული ჰაერის/ატმოსფეროს საშუალო მრავალწლიური მდგომარეობაა, რომელიც ძირითადად ხასიათდება ტემპერატურისა და ნალექების (წვიმა, სეტყვა, თოვლი), საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობებით. ატმოსფეროს ყოველგვარი ჰორიზონტალური დინება უკავშირდება ჩვენი პლანეტის კლიმატის მეტად მრავალფეროვან სურათსა და ხასიათს. კლიმატური ზონა ყალიბდება მრავალი წლის ( სულ მცირე 30 წლის) განმავლობაში და ამ პერიოდში მისი კლიმატური მახასიათებლების საშუალო მნიშვნელობები მუდმივად იცვლება გარკვეულ საზღვრებში. ამ საშუალო მნიშვნელობებს და საზღვრებს დედამიწის სხვადასხვა ნაწილში, ძირითადად განსაზღვრავს მზის რადიაცია; კონკრეტულ ტერიტორიაზე ან მის სიახლოვეს არსებული წყლების მარაგი, ხოლო გლობალური მასშტაბით, კლიმატის ჩამოყალიბებაზე გავლენა აქვს ასევე ატმოსფეროში არსებული ე.წ. სათბურის გაზების რაოდენობას. დედამიწაზე სხვადასხვა კლიმატური ზონებია, რომლებიც ხშირად განსაზღვრავენ ქვეყნების განვითარების ეკონომიკურ მიმართულებებს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებაზე. ეკონომიკის სექტორებიდან, კლიმატის ცვლილება ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობაზე მოქმედებს და განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც სოფლის მეურნეობა წამყვანი დარგია. არანაკლები გავლენა აქვს გლობალური დათბობის შედეგებს ტურიზმზე, ჰიდროენერგეტიკაზე და სხვა. კლიმატის რყევაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალური კეთილდღეობა, თუ გავითვალისწინებთ წყალდიდობებით, ზვავებით, მეწყრებით და სხვა ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეულ ადამიანთა მსხვერპლს, რომელთა რიცხვი მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად მზარდია. კლიმატური ფაქტორები უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობის ყველა მხარეზე. ადამიანის სამეურნეო საქმიანობა (საკვები პროდუქტების წარმოება, ენერგეტიკის განვითარება, სატრანსპორტო ქსელის განლაგება, მშენებლობა და სხვა) მჭიდროდ არის დაკავშირებული კლიმატის ცვლილებებთან და შესაბამისად ზრდის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ქცევისა და მდგომარეობის სენსიტიურობას და მოწყვლადობას. კლიმატის ცვლილების შედეგად იცვლება ბუნება და ეკოსისტემები, იზრდება ადამიანთა დაავადებების რისკი. ნიშანდობლივია, რომ „სათბურის ეფექტით“ გამოწვეული მავნე შედეგების ინტენსივობა ყოველწლიურად მატულობს, რაც კიდევ უფრო სასიცოცხლოდ მნიშვნელობანს ხდის პრობლემის მოგვარების აუცილებლობას. ცხადია, არც საქართველოა გამონაკლისი და კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული არასასურველი შედეგები მტკივნეულად აისახება ჩვენს ქცეყანაზეც. საქართველო, სპეციფიკური და რთული ფიზიკურ-გეოგრაფიული მოცემულობის გამო, შეიძლება ითქვას, რომ პოლიკლიმატური ქვეყანაა. ამიტომ, კლიმატური ცვლილება ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორც საქართველოა, უფრო მტკივნეულად მიმდინარეობს, ვიდრე დიდ ქვეყნებში, სადაც იმდენად მცირეა კლიმატური ტიპების ნაირსახეობა, რომ მათ მონოკლიმატური ქვეყნებიც შეიძლება ეწოდოს. არსებობს მთელი რიგი სამეცნიერო კვლევებისა, თუ რა გავლენა აქვს კლიმატს ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე და ამ კვლევების თანახმად, ეკონომიკური განვითარება ბოლო 250 წლის განმავლობაში სრულიად ეხმიანება დედამიწაზე არსებულ კლიმატურ ზონებს. (10) კლიმატის ცვლილება პროცედურულად ბუნებრივი პროცესია, თუმცა 95%-იანი წილით ის გამოწვეულია ადამიანთა აქტივობით. როგორც ახალი კონცეპტუალური გამოწვევა დაფიქსირდა წინა საუკუნის შუა წლებში, როდესაც გამოიკვეთა მსოფლიოს საშუალო წლიური ტემპერატურის არაჯეროვანი და არარეველანტური ზრდა. კლიმატზე ადამიანის გავლენა დაიწყო უხსოვარი დროიდან და უშუალოდ უკავშირდება მცენარეული საფარის მოსპობას. ადამიანი წვავდა ტყეს მსხვილ ცხოველებზე ნადირობის მიზნით. ხანძრების შედეგად მტაცებლურად ისპობოდა გარეული ცხოველები და იშლებოდა ბუნებრივი ეკოსისტემები. ეს ქმედება თარიღდება ზედა პალეოლითით. ნეოლითში, როდესაც მეცხოველეობა და მიწათმოქმედება გახდა სამაურნეო საქმიანობის ძირითადი სახე მცენარეული საფარის გადაწვამ განსაკუთრებით დიდი მასშტაბები მიიღო. მცენარეულობის გადაწვა იწვევდა ბუნებრივი პირობების, მათ შორის კლიმატის მკვეთრ შეცვლას. იზრდებოდა ქარის სიჩქარე დედამიწის ზედაპირთან, იცვლებოდა ქვედა შრეების და ნიადაგის ტემპერატურის და ტენიანობის რეჟიმი, მატულობდა აორთქლება.(5) მართალია კაცობრიობის არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში კლიმატი იცვლებოდა, თუმცა ეს თანამიმდევრული და დინამიკური პროცესი იყო. კლიმატის ცვლილების პროცესის დაჩქარებას გარემოზე ადამიანის უკონტროლო ზემოქმედებამ შეუწყო ხელი. იმ ადამიანებს, რომელთაც მესოპოტამიაში, საბერძნეთში, მცირე აზიასა და სხვაგან ტყეები ძირფესვიანად ამოაგდეს, რათა ამ გზით სახნავი მიწა ეშოვათ, ვერც წარმოედგინათ, რომ ამით საფეძველი ჩაუყარეს ამ ქვეყნების გაუდაბნოებას და ტყეებთან ერთად ამ ქვეყნებს ტენიანობის შეგროვებისა და დაცვის ცენტრები გამოაცალეს. ( 7 ) საუბარია იმ პერიოდზე, როცა ადამიანთა კეთილდღეობა ჯერ კიდევ არ მოითხოვდა ბუნებრივ პროცესებში საზოგადოების ზემოქმედებით გამოწვეული ნეგატიური მოვლენების აღრიცხვას, მაგრამ თანამედროვე ეტაპზე თავბრუდამხვევი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და წარმოების მასშტაბების და ტემპების არნახული ზრდის პირობებში ასეთი აღრიცხვა უკვე წარმოადგენს ცხოვრებისეულ და აუცილებელ მოთხოვნას. ენერგიის მოხმარებას, ნარჩენების ზრდას, ახალი სამრეწველო ტექნოლოგიების შექმნას და არასწორად წარმოებულ სოფლის მეურნეობას თან ახლავს სხვადასხვა ნივთიერებების და მათ შორის „სათბურის გაზების“ გაფრქვევა ატმოსფეროში, რაც არის გლობალური დათბობის და წლების მანძილზე ჩამოყალიბებული გლობალური კლიმატის და კლიმატური ზონების ცვლილების ძირითადი მიზეზი. ტერმინი „გლობალური დათბობა“, ხშირ შემთხვევაში იხმარება კლიმატის ცვლილებასთან ერთად და ხანდახან ერთი და იგივე მნიშვნელობით, თუმცა როგორც მიანიშნებენ, კლიმატის ცვლილება გლობალური დათბობის შედეგია. გლობალური დათბობის შედეგად ადგილი აქვს კლიმატური პარამეტრების საშუალოდ დადგენილი მნიშვნელობების ცვლილებას კონტინენტებზე, წყლებსა და ოკეანეებში, რასაც თან ახლავს ცვლილებები კლიმატურ ზონებში, ტყეებსა და სხვა ეკოსისტემებში, ეკონომიკის დარგებში და რაც ყველაზე ყურადსაღებია ამ ცვლილებებს თან ახლავს გახშირებული ექსტრემალური მოვლენები. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მონაცემების თანახმად, საშუალო გლობალურმა ტემპერატურამ 1880 წლიდან მოიმატა 1,1 გრადუსით. ტემპერატურა ძირითადად გაიზარდა 1975 წლიდან. გლობალური ტემპერატურის 1 გრადუსიან ცვლილებას სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლია დედამიწაზე. მაგალითისთვის, წარსულში გლობალური ტემპერატურის 1-2 გრადუსიანმა კლებამ დამოიწვია მცირე გამყინვარება.(2) ჰაერის უმდაბლესი ტემპერატურა, რომელიც დღემდე ჰაერის ქვედა ფენაში როდესმე ყოფილა დაფიქსირებული, იყო (-700C) აღმოსავლეთ ციმბირში, ხოლო ტემპერატურის უმაღლესი მნიშვნელობები აღნიშნულია საჰარაში, ინდოეთსა და კოლორადოს უდაბნოებში 520C-სა და 570C-ს შორის. მეცნიერთა ვარაუდით, გაზომვა მოიკოჭლებდა თავის სიზუსტეში, რის გამოც ზემოთაღნიშნული რიცხვები შესაძლებელია უფრო მაღალი ყოფილიყო. ( 4 ) მიუხედავად იმისა, რომ დათბობისა და გამყინვარების ციკლები წარსულშიც არსებობდა, მიმდინარე დათბობა დასაფიქრებელია იმის გამო, რომ დედამიწაზე აქამდე არ დაფიქსირებულა გლობალური ტემპერატურის მატების ასეთი სწრაფი ტემპი და არც ამაზე მაღალი საშუალო გლობალური ტემპერატურა. ტემპერატურის მატება ყველაზე მეტად გავლენას ახდენს მყინვარებზე, სადაც ძალიან მალე მიმდინარეობს ყინულის დნობა. არქტიკის ყინულოვანი საფარი ბოლო 30 წლის განმავლობაში დაახლოებით 10%-ით შემცირდა. მყინვარები ჰიმალაის მთათა სისტემაში იმდენად სწრაფად დნება, რომ მეცნიერთა დიდი ნაწილის აზრით 2035 წლისათვის მყინვარების ძირითადი ნაწილი სრულებით გაქრება. (13) ყინულოვანი საფარის დნობის შედეგად იმატებს ოკეანეების დონე, შესაბამისად ზღვის დონეც. ყოველივე ეს განაპირობებს გახშირებულ დატბორვებს და ეკოსისტემის ცვლილებას. მსოფლიოში 400 მილიონი ადამიანი ზღვის დონეზე დაბლა ცხოვრობს, რაც პირდაპირ მიანიშნებს იმ საფრთხის მასშტაბურობაზე, რომელსაც კლიმატის ცვლილების შედეგად ყინულის დნობა უქადის პლანეტას. ტემპერატურის მატებას ხმელეთზე მოყვება ნიადაგის გამოშრობა და შედეგად მათი უდაბნოებად და ნახევარუდაბნოებად გარდაქმნა. მეცნიერული კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ თუ ტემპერატურა მოიმატებს 20C-ზე მეტით, მსოფლიოში გააქტიურდება ისეთი ბუნებრივი კატასტროფები (მასიური წყალდიდობები, გვალვები, ხანძრები, ქარიშხლები და ა.შ.), რომელთა მართვაც ადამიანმა შესაძლოა ვეღარ შეძლოს. ჩამოთვლილი ბუნებრივი კატასტროფებიდან ყველაზე მწვავე პრობლემა წყალდიდობების და წყალმოვარდნების გააქტიურებაა, რისგანაც მსოფლიოში უამრავი ადამიანი ზარალდება და განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, სადაც წყალდიდობებმა უკვე სისტემატური სახე მიიღო. დედამიწის სხვადასხვა ადგილებში, კლიმატის ცვლილების ფონზე, უფრო მკვეთრად დგება ნალექების შემცირების და გაუდაბნოების პროცესები, რომელიც ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და შუა აღმოსავლეთში ( არაბეთის ნახევარკუნძულის ჩათვლით). კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი გამოვლინებაა თბური ტალღების გახშირება. ყველაზე მასშტაბურად თბურმა ტალღებმა ევროპის ქვეყნებს 2003 წელს გადაუარა და ევროპის მასშტაბით შეიწირა 35 000-მდე ადამიანის სიცოცხლე. 2019 წლის აგვისტოში ევროპაში თბური ტალღების მორიგი ტალღა იყო, რამაც 5 000 -მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. (2) 2019 წელი წინა ათწლეულის ყველაზე ცხელი წელიწადი იყო. ნავარაუდევია, რომ 2100 წელს საშუალო ტემპერატურა 3,20C-ით მოიმატებს, რაც 1,2 მილიარდ ადამიანზე მოახდენს გავლენას. ეს დღევანდელ რიცხვზე ოთხჯერ მეტია. მეცნიერ ჯეინ ბოლდვინის შეფასებით, სითბური ტალღების სიხშირე გაიზრდება, რის გამოც ადამიანის ორგანიზმს მათი მავნე ზემოქმედებისგან აღდგენა გაუჭირდება. (12) ზემოთ მოყვანილია მხოლოდ ზოგიერთი ფაქტი და მცირედი ნაწილი იმ უარყოფითი გავლენისა, რაც კლიმატის ცვლილებას ახასიათებს. კლიმატის ცვლილების შესახებ არსებული ინფორმაციის მიუხედავად, მსოფლიოს ქვეყნების მთავრობები, კერძო სექტორი და მოსახლეობა კვლავ ვერ აცნობიერებს თუ რამდენად დიდი საფრთხის შემცველია ეს პროცესი კაცობრიობისთვის, რომელთანაც დაგვიანებული რეაგირება, პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის მიყენებული ზიანის გამოსწორებას. კლიმატის ცვლილებით განპირობებული შვიდი ძირითადი საფრთხე (წყალდიდობა, სეტყვა, გვალვა, მეწყერი, ძლიერი ქარი, ზვავი და ღვარცოფი) განსაკუთრებით რისკის შემცველია საქართველოსთვის. საქართველო თავისი რელიეფით, ჰიდროგრაფიული ქსელით და გარემო პირობებით შეიცავს ზემოთჩამოთვლილი კატასტროფების საფრთხეებს. კვლევებით დასტურდება, რომ კლიმატის ცვლილებას უკვე ადგილი აქვს სამხრეთ კავკასიაში და ის გარკვეულ ნეგატიურ როლს ითამაშებს გარემოს დაცვითი უსაფრთხოების თვალსაზრისით. პროგნოზების თანახმად, კლიმატის ცვლილების შედეგად 2050 წლისთვის საქართველოში ტემპერატურის საშუალო მატება ნავარაუდევია 0,9-1,90C-ით, ხოლო 2100 წლისტვის 4,1-50C-ით. ამასთან, ნავარაუდევია სითბური ტალღების სიხშირისა და ოდენობის ზრდა, ნალექიანობის რეჟიმის ცვლილება, გაუდაბნოება და მიწის რესურსების შემდგომი დეგრადაცია, ზღვის დონის აწევა და სხვა ექსტრემალური მოვლენების გახშირება, რაც ქმნის კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის ღონისძიებების სასწრაფოდ გატარების აუცილებლობას.(6) საქართველოში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მკვეთრად გახშირდა ბუნებრივი კატასტროფები და სხვადასხვა ეკოსისტემებში (ტყეები, წყალი, ნიადაგი და სხვა.) შეინიშნება კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული სტიქიური მოვლენების რაოდენობის ზრდის ტენდენცია; გახშირდა მეწყრები, წყალმოვარდნები, ზვავები, მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლა. გარკვეულ ტერიტორიებზე (დედოფლისწყარო, გარდაბანი, საგარეჯო) უფრო მკვეთრად გამოიკვეთა გაუდაბნოების პროცესი; ზოგიერთი ტერიტორია (მაგალითად, ლაგოდეხი) ნახევრად ნოტიო კლიმატური ზონიდან ნოტიო ზონაში გადავიდა. საქართველოში ყველაზე ხშირად დაფიქსირებული სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებია წყალდიდობა და წყალმოვარდნა. წყალდიდობა-წყალმოვარდნა ქვეყნის თითქმის ყველა მდინარეზე წელიწადში რამდენჯერმე აღინიშნება. ამ მოვლენის კატასტროფული მასშტაბი კი 5-6 წელიწადში ერთხელ. შემთხვევების 21% იმერეთზე მოდის. გვალვების და ძლიერი ქარების მხრივაც იმერეთია გამორჩეული. თოვლის ზვავები განსაკუთრებით მცხეთა-მთიანეთის მხარეს უქმნის საფრთხეს. შემთხვევათა 50% სწორედ ამ მხარეს უკავშირდება. კლიმატური ცვლილების შედეგად ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველა დიდი მყინვარის ფართობი შემცირდა. ინტენსიურად მიდის პატარა მყინვარების დნობაც. ეს პროცესი აღმოსავლეთ საქართველოში უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს, ვიდრე დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში მყინვართა საერთო ფართობი 47,3 %-ით, დასავლეთში კი -27,4 %-ითაა შემცირებული. კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ნეგატიური ზეგავლენა გამოიხატება გვალვების გახშირებაში, წყლის რესურსების კლებასა და მიწის დეგრადაციაში. დეგრადირებულ მიწის ფართობებზე მოსავლიანობა 55-65%-ითაა შემცირებული. სპეციალისტთა აზრით, 2100 წლისთვის აღმოსავლეთ საქართველოში მკვეთრად გაიზრდება სასოფლო სამეურნეო მიწების ხელოვნური მორწყვის საჭიროება. ამ ფაქტორმა შეიძლება უდიდესი გავლენა იქონიოს მომავალში ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაზე, ვინაიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობაზეა დამოკიდებული. სოფლის მეურნეობის დარგის პროდუქტიულობის და კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია ფერმერებისა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა მაქსიმალური ინფორმირებულობა და ცოდნის ამაღლება ამ დარგზე კლიმატის ცვლილების მოსალოდნელი გავლენის შესახებ. კლიმატური პარამეტრების (ტემპერატურა, ნალექები, ქარის სიჩქარე, ფარდობითი სინოტივე და ა.შ) მიმდინარე ცვლილებები და მომავლის პროგნოზი საქართველოში პერიოდულად ფასდება კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ მომზადებულ „ეროვნულ შეტყობინებებში“. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად გაიზარდა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე და გავრცელების გეოგრაფია. თანამედროვე ეტაპზე კლიმატის ცვლილება გარდაუვალი მოცემულობაა. სპეციალისტთა შეფასებით პროცესი მოითხოვს შეძლებისდაგვარად მოხდეს ადაპტირებული მატერიალური თუ არამატერიალური აქტივობების განხორციელება. გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან მე-13 მიზანი კლიმატის ცვლილებისა და მისი გავლენის წინააღმდეგ დაუყონებლივ მოქმედებაა. საქართველო, საერთაშორისო საზოგადოების შეთანხმებებისა და გადაწყვეტილებების ფარგლებში, აქტიურად ახორციელებს ყველა იმ აქტივობას, რომელიც დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციისა და შერბილების საკითხებთან. გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმებისა და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველომ 2021 წელს შეიმუშავა და დაამტკიცა ეროვნულად განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი (NDC), რომლითაც განისაზღვრა 2030 წლისთვის სათბური აირების ემისიების შემცირების სამიზნე მაჩვენებლები. სამოქმედო გეგმაში გაიწერა უახლოეს ორ წელიწადში კლიმატის ცვლილების შერბილების კუთხით ქვეყანაში დაგეგმილი ღონისძიებები ქვეყნის ეკონომიკის შვიდ სექტორში: ენერგეტიკის გენერაცია და გადაცემა; ტრანსპორტი; შენობები; მრეწველობა; სოფლის მეურნეობა; ნარჩენების მართვა; სატყეო მეურნეობა. საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, საქართველო ოთხ წელიწადში ერთხელ, გაეროს წარუდგენს ეროვნულ ანგარიშს ქვეყანაში კლიმატის ცვლილების მიმდინარე და სამომავლო ტენდენციებისა და მისი შედეგების შესახებ. მთავრობამ კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დოკუმენტი შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით მომზადდა. ეს უდავოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნისთვის, რათა კლიმატის ცვლილების მიმართულებით ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად დასახული ამბიციური მიზნები მიღწეული იყოს.(11) კატასტროფებთან მიმართებაში მსოფლიოს კარგი პრაქტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორი სწორედ კოორდინირებული და გუნდური მუშაობის პრინციპია. მეცნიერთა შეფასებით, საკითხის პრობლემატურობის გააზრებაში და მისი მოგვარების გზაზე უდავოდ მნიშვნელოვანია რისკების გამააქტიურებელი ადამიანური თუ ბუნებრივი ფაქტორების მუდმივი მონოტორინგი. ამასთან ერთად, თითოეული მოქალაქის როლისა და ფუნქციური მონაწილეობის განსაზღვრა, შეძლების ფარგლებში შესაბამისი დაცვითი აქტივობების განხორციელება. ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი უწყებების მხრიდან, განსახორციელენელი ყველა აქტივობისა და დაგეგმილი ღონისძიებების მიზანია გაიზარდოს საქართველოს მოსახლეობის მედეგობა კლიმატური საფრთხეების მიმართ, შემცირდეს კლიმატური კატასტროფების ზეგავლენა ინფრასტრუქტურასა და საარსებო გარემოზე და ქვეყნის თითოეული მოქალაქე უკეთ იყოს დაცული ნებისმიერი საფრთხისგან. კლიმატური ცვლილების შედეგად გამოწვეული საფრთხეების შემსუბუქებას უდავოდ ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციური ეკონომიკის განვითარება. 2020-2030 წლების ენერგეტიკული სტრატეგიის თანახმად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა გაზარდოს განახლებადი ენერგიის წილი ენერგეტიკის სექტორში. განახლებადი, ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარება, ძირეულად შეამცირებს ენერგორესურსების მოხმარებას და მასთან დაკავშირებულ ემისიებსაც. სწორედ ამ ემისიების შემადგენელი აირების კონცენტრაციის მატება გახდა დედამიწაზე გლობალური დათბობისა და კლიმატური ცვლილების მიზეზი. გამოყენებული ლიტერატურა 1. გაჩეჩილაძე ც. კლიმატოლოგია. ნაწილი. I. სახელმწიფო გამომცემლობა. ტფილისი 1934 2. კლიმატის ცვლილების მიმართ მდგრადი, დაბალემისიებიანი (კლიმატგონივრული) სოფლის მეურნეობა. UNDP Georgia 2020. 3. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება. თბილისი 2020 4. კიოპენი ვ. კლიმატოლოგიის საფუძვლები. (გერმანულიდან თარგმნა ი. ქურდიანის მიერ). სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. ტფილისი 1935. 5. ურუშაძე თ., მაჭავარიანი ლ. გამოყენებითი ეკოლოგიის საფუძვლები. თსუ გამომცემლობა, 2013. 6. შესავალი კატასტროფების რისკის შემცირებასთან დაკავშირებით. საინფორმაციო პუბლიკაცია. თბილისი 2020 7. წერეთელი გ. გარემო ბუნების დაცვის ეკონომიკური პრობლემები. გამომცემლობა „მეცნიერება“ . თბილისი 1987. 8.http://eiec.gov.ge/ 9.http://cerch.org/enviromental-health/the-seven-biggest-enviromental-threats/ 10.http://www.researchgate.net/publication/326160892 A Climate Theory of Economic Development. 11. https://1tv.ge/news/mtavrobam-klimatis-cvlilebis-2024-2025-wlebis-samoqmedo-gegma-daamtkica/ 12.http://on.ge 13.https://www.nationalgeographic.com/environment/global warning/big-thaw/ |