ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
|
|
|
∘ მედეა მელაშვილი ∘ ნუნუ ქისტაური ∘ ქეთევან ქველაძე ∘ „ლურჯი“ ეკონომიკა და საქართველო ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება დღევანდელობის ისეთ საჭირბოროტო პრობლემას, როგორიცაა: მსოფლიო წყლის რესურსები, ზღვები და ოკეანეები, მათი მნიშვნელობა კაცობრიობის არსებობისა და შემდგომი განვითარებისათვის. ნაშრომში ფართოდაა განხილული ოკეანეების არაჩვეულებრივი რესურსები და პოტენციალი, რაც უზარმაზარ შესაძლებლობებს იძლევა მსოფლიოს ეკონომიკური განვითარებისათვის. აქ აგრეთვე აღნიშნულია, რომ ზღვებთან და ოკეანეებთან დაკავშირებული ყველა ეკონომიკური საქმიანობა გაერთიანებულია საერთო ტერმინით - „ლურჯი“ ეკონომიკა, რომელიც პირველად ბელგიელმა ეკონომისტმა გიუნტერ პაულიმ გამოიყენა 2004 წელს. ნაშრომში ფართოდაა წარმოდგენილი „ლურჯი“ ეკონომიკის შესწავლისა და განვითარების მნიშვნელობა შავი ზღვის „გალურჯების“ საერთაშორისო პროგრამებში ჩართვის საქმეში და მისი როლი შავიზღვისპირა რეგიონის და კერძოდ საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის და შემდგომი წარმატებებისათვის. საკვანძო სიტყვები: ზღვები და ოკეანეები, წყლის რესურსები, გიუნტერ პაული, „ლურჯი“ ეკონომიკა, ეკონომიკა ნარჩენების გარეშე, შავი ზღვის „გალურჯების“ პროექტები. მსოფლიო ოკეანეები, ზღვები და წყლის რესურსი სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია, მილიარდობით ადამიანისათვის საცხოვრებელი და საარსებო საკვებით უზრუნველყოფის წყაროა. წყლის ნაკადების ენერგიას კაცობრიობა უძველესი დროიდან იყენებდა. ძველ საბერძნეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე I საუკუნეში ხორბლის დასაფქვავად წყლის ბორბალი გამოიყენებოდა. ოკეანე ფარავს 363 მლნ კვ. კმ-ს, რაც დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 72%-ია. ოკეანეები შეიცავს დედამიწის წყლის მარაგის 97%-ს, თუმცა მტკნარი წყალი მსოფლიო წყლის მარაგის მხოლოდ 3%-ია (საიდანაც 2,5% არის არქტიკისა და ანტარქტიდის ყინული), ამიტომ 1 მლრდ-ზე მეტ ადამიანს არ აქვს წვდომა წყალზე. 2030 წლისათვის, გაეროს პროგნოზით, მტკნარ წყალზე გლობალური მოთხოვნა შეიძლება გაიზარდოს 40%-ით. ოკეანე ადამიანებს არაჩვეულებრივ შესაძლებლობებსა და რესურსებს აძლევს. მსოფლიო ოკეანეები ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი სექტორია, რადგან ის არა მხოლოდ წყლის რეზერვებისა და რესურსების წყაროა: ოკეანის ფსკერი მოფენილია მრავალფეროვანი მცენარეებით და სავსეა უამრავი ცოცხალი ორგანიზმებით, რაც წარმოადგენს საკვებს, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნება დედამიწის 9 მლრდ მოსახლეობის (რასაც ვარაუდობენ 2050 წლისთვის) საკვებით უზრუნველყოფა, შეიცავს უნიკალურ მინერალებს, არამედ ზღვების და ოკეანეების მეშვეობით გაყვანილია ათასობით კმ-ით კაბელები და სხვა საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა: მსოფლიოში ტელეკომუნიკაციების 95% უზრუნველყოფილია სწორედ წყალქვეშა კაბელებით. გარდა ამისა, მსოფლიოში ნავთობისა და გაზის წარმოების 30%-ზე მეტი ხდება წყალში. აგრეთვე ოკეანეს გააჩნია განახლებადი ენერგიის უზარმაზარი პოტენციალი: ტალღის ენერგია, მოქცევის ენერგია, შელფური ქარის ენერგია, საზღვაო მზის ენერგია, ზღვის დინებები, საზღვაო ბიოენერგია (რაც თერმული ენერგიის მიღებას ხდის შესაძლებელს). მათგან ყველაზე პოპულარულია შელფური ენერგიის წყაროები, როგორიცაა ქარის ელექტროსადგურები, მცურავი მზის ელექტროსადგურები და ა.შ.. ამასთან ერთად, არსებობს უამრავი კიდევ სხვა მიზეზი, რის გამოც მსოფლიო ოკეანეები მსოფლიო ეკონომიკის პოტენციურად მომგებიან და ძალიან მნიშვნელოვან სეგმენტად წარმოგვიდგება. მათგან აღსანიშნავია:
ყველა ეკონომიკურ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ოკეანეებთან, ზღვებსა და სანაპიროებთან, რომელიც მოიცავს ურთიერთდაკავშირებული და განვითარებადი სექტორების ფართო სპექტრს, ევროკომისია განსაზღვრავს როგორც ცისფერ ანუ „ლურჯ“ ეკონომიკას. ტერმინი „ლურჯი“ ეკონომიკა პირველად 2004 წელს ბელგიელმა მეწარმემ და ეკონომისტმა გუნტერ პაულიმ გამოიყენა თავის წიგნში "ლურჯი ეკონომიკა 3.0". ნაშრომში ის მოუწოდებს ადამიანებსა და სახელმწიფოებს ახალი ეკონომიკური ინიციატივებისაკენ, რათა შეიცვალოს წყლისა და წყალთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრის მეთოდები. მანვე 2009 წელს წარუდგინა მოხსენება რომის კლუბს სახელწოდებით „ლურჯი ეკონომიკა: 10 წელი, 100 ინოვაცია, 100 მლნ სამუშაო ადგილი“. პაულიმ წარმოადგინა გლობალური პრობლემების საინტერესო გადაწყვეტილებების პაკეტი, შთაგონებული იმ ფაქტით, რომ ბუნებას შეუძლია გადაჭრას ნებისმიერი პრობლემა და მან (ბუნებამ) დაამტკიცა ეს მთელი თავისი ევოლუციური გზის განმავლობაში. გიუნტერ პაულიმ წარმოადგინა „წრიული ეკონომიკის“ კონცეფცია, სადაც წარმოების წრფივ მოძრაობას ცვლის წრიული. თუ ეკონომიკა ამ პრინციპით მუშაობს, მაშინ ყველა რესურსი, რომელიც არ არის საჭირო ერთ პროცესში, სხვა პროცესით შეიწოვება. ეს კონცეფცია ეფუძნება იმ ფაქტს, რომ ბუნებაში ნარჩენები პრაქტიკულად არ არსებობს და ნებისმიერი ქვეპროდუქტი შეიძლება გახდეს რესურსი სხვა პროდუქტისთვის. პაულის თქმით, „ლურჯი“ ეკონომიკა უპირატესად ნაყოფს იძლევა განვითარებად ქვეყნებში, სადაც განხორციელებულმა 200-ზე მეტმა პროექტმა დაახლოებით 5-6 წლის განმავლობაში 3 მლნ-მდე სამუშაო ადგილი შექმნა. მოხსენებამ კლუბის წევრებში ენთუზიაზმი გამოიწვია და პაულის იდეები მოგვიანებით გამოიყენეს წიგნის „ლურჯი ეკონომიკა“ საფუძვლად, რომელიც 2010 წელს გამოიცა, მან დიდი პოპულარობა მოიპოვა და 40-ზე მეტ ენაზე ითარგმნა. გაცილებით მდგრად, „ლურჯ“ ეკონომიკაზე გადასვლა ყველა ზღვისპირა ქვეყნისთვის სტრატეგიული მიზანი უნდა გახდეს. საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანას, გასასვლელი აქვს შავ ზღვაზე სხვა 5 ქვეყანასთან ერთად, როგორიცაა ბულგარეთი, რუმინეთი, რუსეთი, უკრაინა და თურქეთი. შავი ზღვა მსოფლიო ოკეანისგან ყველაზე იზოლირებული ევროპის შიდა ზღვაა. მისი ფართობი დაახლოებით 422 ათასი კვ. კმ-ია. იგი დაკავშირებულია ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვასთან. ევროპის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მდინარე, დუნაი, ასევე კონტინენტის მესამე და მეოთხე უმსხვილესი მდინარეები: დნეპრი და დონი ჩაედინებიან შავ ზღვაში. საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში მოქცეულია სანაპიროს 320 კმ-იანი მონაკვეთი. რეგიონული მასშტაბით შავი ზღვის მიახლოებითი მთლიანი შიდა პროდუქტი მერყეობს 3.6 ტრლნ აშშ დოლარის ფარგლებში და წარმოადგენს გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის 4.3%. შავი ზღვის გარშემო გაშლილ ფართობზე ცხოვრობს 332 მლნ ადამიანი. ამ რეგიონის უშუალოდ ზღვისპირა და მათი მოსაზღვრე ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, საბერძნეთი და მოლდოვა მიეკუთვნებიან აგრეთვე სხვა რეგიონებსაც: სამხრეთ ევროპის, ჩრდილო კავკასიის, ცენტრალური აზიის და ხმელთაშუა ზღვისპირა რეგიონებს. მიუხედავად მათ შორის მჭიდრო ურთიერთკავშირის არსებობისა, შავი ზღვისპირა რეგიონი სტრუქტურულად არაერთგვაროვანია. იგი შეიძლება დავახასიათოთ როგორც მრავალმხრივი ბუნებრივი თუ პოლიტიკურ-ეკონომიკური პირობების მქონე ერთობლიობა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზღვები და ოკეანეები მსოფლიო ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სექტორს წარმოადგენს. ზღვის სიჯანსაღე წყლის მიკრო ორგანიზმებიდან დაწყებული, წყალმცენარეებით, თევზებით, დელფინებითა და სხვა ცოცხალი არსებებით დასრულებული მოსახლეობის ჯანმრთელობის საწინდარია. ზოგადად გარემოს დაბინძურება და, კერძოდ, ზღვების და ოკეანეების დაბინძურება ერთი ქვეყნის საზღვრებს სცდება. ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მარტო ებრძვის დაბინძურებას, არ შეუძლია პრობლემების გადაჭრა და სასურველი შედეგის მიღწევა. ზღვის წყლის ისეთ დახურულ ეკოსისტემაში, როგორიცაა შავი ზღვა. აუცილებელია საერთო ეკოსისტემის და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის განხილვა. ამიტომ, მეტად მნიშვნელოვანია რომ საქართველომ შეძლოს „ლურჯ“ ეკონომიკასთან დაკავშირებულ მსოფლიო პროცესებში აქტიური ჩართვა, რადგან მთლიანობაში „ლურჯი“ ეკონომიკა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის. შავი ზღვის „გალურჯების“ და ამით მისი გადარჩენის პრობლემა არც თუ ახალია. ჯერ კიდევ 1994 წლიდან მოქმედებს შავი ზღვის აუზის ეკოსისტემების დასაცავად შექმნილი შავი ზღვის დაცვის კონვენცია (ე.წ. ბუქარესტის კონვენცია), ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები: მაგ. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (Black Sea Economic Cooperation – BSEC), რომელიც დაარსდა 1992 წელის 25 ივნისს სტამბოლში, სადაც ჩატარდა სამიტი და დეკლარაციაზე ხელი მოაწერა თერთმეტი ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა - ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა. ბოლო რამდენიმე წელია შავ ზღვაზე გააქტიურდა საზღვაო კვლევებისა და ინოვაციების კოორდინირების პროცესები. აღსანიშნავია ისეთი პროექტები, როგორიცაა Black Sea Connect, Horizon 2020, Bridge-BSდა სხვა. 2017 წელს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა შავი ზღვის ერთობლივი კვლევებისა და ინოვაციების დღის წესრიგს (SRIA – Strategic Research and Innovation Agenda), რომელსაც 2018 წელს მოჰყვა „ბურგასის ხედვის დოკუმენტის“ ამოქმედება. იგი მიზნად ისახავს „2030 წლისათვის პროდუქტიული, ჯანსაღი, სიცოცხლისუნარიანი, მდგრადი და უფრო ღირებული შავი ზღვის პოლიტიკის შემუშავებას“. ამავე მიზნის მხარდამჭერია Black Sea Connect პროგრამა, რომლის ერთ-ერთი მიზანია შავი ზღვის რეგიონის ოპერატიული ქსელის შექმნა, ერთობლივი საერთაშორისო ტრანსსასაზღვრო ღონისძიებების მხარდაჭერა და დანერგვა და სხვ. მოგვიანებით 2021 წელს მსოფლიო ბანკის, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა (BSEC) და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით გამართულ ვირტუალურ ღონისძიებაზე სახელწოდებით - „მწვანე სანაპირო და ლურჯი ზღვა მდგრადი საქართველოსთვის“ გაიმართა კონსულტაციები „შავი ზღვის გალურჯების“ პროგრამის თაობაზე, რომელიც წარმოადგენს რეგიონულ ინიციატივას ზღვის დაბინძურებაზე რეაგირებისთვის და შავი ზღვის რეგიონში “ლურჯ” ეკონომიკაში ინვესტიციების დაჩქარებითვის. აღინიშნა, რომშავი ზღვის გარემოს ხარისხი მნიშვნელოვნად იკლებს დაბინძურების გამო, რაც იწვევს ევტროფიკაციას (წყლის ბინადრებში ბიოგენური ელემენტების დაგროვება, რაც საწყის სტადიებზე იწვევს წყლის აუზების ბიოლოგიური პროდუქციულობის გაზრდას, შემდეგ კი ჟანგბადის პროგრესირებად უკმარისობას და აქედან გამომდინარე, ცოცხალი ორგანიზმების მასიურ დაღუპვას). ასევე არანაკლებ საზიანოა ზღვის პლასტმასით და სხვა ნარჩენებით დანაგვიანება. შავი ზღვის დეგრადაციის გამომწვევი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია ევტროფიკაცია აზოტის და ფოსფორის ნაერთებით, რომლებიც ძირითადად სოფლის მეურნეობის და ინდუსტრიული წყაროებიდან წარმოიშვება. უაღრესად დიდ საშიშროებას წარმოადგენს ნავთობით დაბინძურება. ყოველივე ეს აუცილებლად აისახება კლიმატურ პირობებში, რისმა უარყოფითად ცვლილებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ეროზიების გამწვავება, წყალდიდობები და ზღვის გარემოს ხარისხის უკუქცევადი გაუარესება. ეს აუცილებლად აფერხებს ტურიზმისა და აკვაკულტურის მდგრად განვითარებას, რაც ბოლო წლებში საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, და რაც უარესია, საბოლოო ანგარიშით, იწვევს ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესებას. ამავე ღონისძიებაზე ზღვის დაბინძურების საკითხებთან ერთად კლიმატის ცვლილების პრობლემაზეც იმსჯელეს. აქ აღინიშნა, რომ ადამიანთა ეკონომიკური აქტივობა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე და გაჟღერდა მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები და რეკომენდაციები, რომელიც წარმოდგენილია ორ ანგარიშში: „კლიმატის ცვლილების ზემოქმედება საქართველოს სანაპირო ზოლზე: მოწყვლადობის შეფასება და ადაპტაციის შესაძლებლობები“ და „სანაპირო ზოლის დეგრადაციის შედეგები საქართველოში: სანაპირო ზოლის ადაპტაციისა და ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განხორციელების ხელშემწყობი მონაცემები“. უმთავრესი, რაც აქ გამოიკვეთა ის არის, რომ განისაზღვრა ძირითადი კლიმატური რისკები სანაპირო ზოლის ეკოლოგიური დეგრადაციის, წყალდიდობის, ეროზიის, სასოფლო-სამეურნეო ნიადაგისა და ტყის მდგომარეობის გაუარესების შედეგად. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკი უჭერს რა მხარს შავი ზღვის რეგიონის ეკოლოგიური რეაბილიტაციის პროგრამას, დახმარებას გაუწევს საქართველოს ამ პრობლემის მოგვარებაში მსოფლიო ბანკისგან გაზიარებული გლობალური ცოდნითა და მისი მხარდაჭერით დააღნიშნული პროექტების განხორციელებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას. ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებით რეგულირდება ზღვასთან და წყლის რესურსებთან დაკავშირებული საკითხები: „საზღვაო კოდექსი“, კანონი „წყლის შესახებ“, კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ და სხვა. ასევე აღსანიშნავია „ლურჯი“ ეკონომიკის მიმართულებით 2020 წელს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „აკვაკულტურის შესახებ“. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ მეთევზეობისა და აკვაკულტურის პროდუქტების შესახებ სრულყოფილი მონაცემთა წყარო არის მეთევზეობისა და აკვაკულტურის პროდუქტების ევროპის ბაზრის ობსერვატორია (MOFEA - European Market Observatory for Fisheries and Aquaculture Products), რომელიც შეიქმნა ევროკომისიის ინიციატივით, რომლის მონაცემთა ბაზა აერთიანებს 108 მთავარ კომერციული სახეობისა და 12 სასაქონლო ჯგუფის რაოდენობრივ მაჩვენებლებს ქვეყნებისა და წლების მიხედვით. აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2019 წლის ბოლოსთვის სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატა ახალი მიმართულება – თევზჭერა. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსებას გაუწევს აღნიშნულ სექტორს, რაც გამოიხატება იმაში, რომ მოხდება ფლოტის განახლება. 2022 წლის მდგომარეობით, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულია 1622 მცურავი ერთეული (შიდა ნაოსნობა –1525, საერთაშორისო ნაოსნობა – 30 მცურავი ერთეული), აქედან შიდა ნაოსნობის მცურავ საშუალებებში მხოლოდ 25 ერთეული არის თევსაჭერი გემი. მოხდება აგრეთვე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ასევე თევზის სახეობების წარმოებისა და გაყიდვის გეოგრაფიული არეალის ზრდა, ეს კი უშუალოდ დაკავშირებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის შიხედვით, შავი ზღვის რეგიონის საზღვაო თევზჭერის წლიური ამონაგები შეადგენს 350 მლნ აშშ დოლარს და უზრუნველყოფს 20 ათას სამუშაო ადგილზე მეტს. ბოლო პერიოდში მთელ მსოფლიოში ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან ინდუსტრიად ტურიზმი ჩამოყალიბდა. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზღვაო ტურიზმი. ბოლო წლებში 143 მლნ საერთაშორისო ტურისტის მიერ განხორცილებულმა ვიზიტმა 75 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მოუტანა რეგიონში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს. ამ მხრივ საქართველო ძალიან ჩამორჩება. საზღვაო ტურიზმის ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების პორტით შემოსვლის მაჩვენებელია 1,01%. „ლურჯი“ ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი საკრუიზო მიმართულება თითქმის არ არის განვითარებული. დღეს შავი ზღვის სანაპიროებზე ვერ მოიძებნება კრუიზი, რომელშიც ჩართულია საქართველოს კურორტები. ამრიგად, „ლურჯი“ ეკონომიკა და მისი როგორც აქტიური ეკონომიკური პოლიტიკის დანერგვა, მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის, გამოწვევაა. ჩვენ ჯერ არ გაგვაჩნია ოკეანის სრულად შესწავლის პროცესში სრულყოფილად ჩართვის შესაძლებლობა, თუმცა ამჟამად საქართველო აქტიურად მონაწილეობს მსოფლიოში მიმდინარე დისკუსიებში, სამუშაო შეხვედრებში და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში გარემოსდაცვითი ღონისძიებების, ინოვაციური მიდგომების საკანონმდებლო მხარდაჭერის კუთხით, რათა მოხდეს მდგრადი განვითარების პირობებში ცირკულარული „ლურჯი“ ეკონომიკის კონცეფციის სრულყოფა, როგორც მსოფლიოსთვის, ასევე საქართველოსთვის. რადგანაც „ლურჯი“ ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი რესურსია ოკეანე, ზღვა და ზოგადად წყლის რესურსები, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მოხდეს წყლის რესურსების მოფრთხილების მიზნით სისტემური მონიტორინგის მექანიზმის შექმნა, რაც იქნება რეალური საფუძველი მდგრადი „ლურჯი“ პოლიტიკის გასატარებლად. გასაგებია, რომ ეს ყოველივე საკმაოდ დიდ კაპიტალს მოითხოვს და ცალკე აღებული ვერცერთი ქვეყანა და მითუმეტეს პატარა საქართველო ამ პრობლემების გადაჭრას ვერ შეძლებს. ამიტომ სახელმწიფოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობისა და სოციალური ფონის გათვალისწინებით აუცილებელია დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოძიება, საჭირო საერთაშორისო კავშირების დამყარება, განსაკუთრებით არსებული პრობლემების თანამოზიარე ქვეყნებთან. მსოფლიოში ცნობილი ფაქტები ცხადყოფს, რომ აღნიშნული პრობლემების მოგვარება საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის და წარმატებული განვთარებისათვის მხოლოდ სახელმწიფოს ხელეწიფება, ამიტომ ქართულმა სახელმწიფომ უნდა მრავალჯერადად გაზარდოს თავისი ძალისხმევა აღნიშნული პრობლემების მოგვარების მიზნით. გამოყენებული ლიტერატურა
|