English / ქართული / русский /
ციცინო თეთრაული
აგრარული სფეროს პრობლემები ახალი გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის პირობებში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული საკითხები. გლობალური მსოფლიო ძალიან დიდი სახიფათო გამოწვევების წინაშე დგას. მიმდინარეობს გავლენის სფეროების ხელახალი გადანაწილების პროცესი. გაანალიზებულია ამ ახალი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე მიწის, როგორც უნიკალური ბუნებრივი რესურსის არსი და მნიშვნელობა, ცივილიზაციის არსებობის შენარჩუნებისათვის. ასევე მიწის რესურსებზე მოქმედი საფრთხეები, როგორიცაა: ეროზია, დეგრადაცია, გლობალური დათბობა და ა.შ. გაშუქებულია ის პრევენციული ზომები, რომელიც თავიდან აგვაცილებს მიწის რესურსებთან დაკავშირებულ საფრთხეებს. შესწავლილია ის პოტენციალი რომელიც გააჩნია საქართველოს აგრარული სფეროს განვითარებისა და აღორძინებისათვის, რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია. დახასიათებულია უცხოეთის გამოცდილება აგრარულ სფეროში.

საკვანძო სიტყვები: ეროზია, მდგრადი განვითარება, "კიბუცები", დესაკრალიზაცია, მეწყერი. 

შესავალი

მსოფლიო ახალი ძალიან სახიფათო გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას. შეიძლება ითქვას რომ მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა. ერთპოლუსიანი მსოფლიოს არსებობა დასრულდა მიმდინარეობს მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია და გავლენის სფეროების ხელახალი გადანაწილების პროცესი რაც სარკისებურად პირველ რიგში ეკონომიკაზე აისახება. როგორ განვითარდება მოვლენები, რა ბედი ელის მსოფლიო ეკონომიკას და თანამედროვე ცივილიზაციას ძნელი სათქმელია. აგრარული სფერო მიწის რესურსები ამ მოცემულობაში კიდევ უფრო მეტად ხდება სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელი. სასურსათო უსაფრთხოება და შესაბამისად აგრარული სფეროს დაცვა და გაფრთხილება ყველა ქვეყნისთვის მთავარ ამოცანად იქცა. საქართველოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა გატარდეს ისეთი სწორი აგრარული პოლიტიკა რომ თავიდან ავიცილოთ სასურსათო უსაფრთხოება და გავხდეთ ნაკლებად იმპორტდამოკიდებული ქვეყანა.

. . .

დღევანდელი მსოფლიო უდიდესი გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, მიმდინარეობს აქამდე არსებული მსოფლიო წესრიგის ტრანსფორმაცია, გავლენის სფეროების ხელახალი გადანაწილება. ომები ევროპასა და აღმოსავლეთში, იღუპებიან ადამიანები, ნადგურდება ინფრასტრუქტურა. მსოფლიომ სულ ცოტა ხნის გადაიტანა ისეთი დიდი ტრაგედია როგორიცაა პანდემია, მილიონობით ადამიანი დაიღუპა. თუმცა ეს არ აღმოჩნდა გაკვეთილი მსოფლიოსთვის ბრძოლა "უჩინართან" (როგორც კორონავირუსს უწოდებდნენ) ჩაანაცვლა ნამდვილმა ომებმა. ერთპოლუსიანი მსოფლიოს არსებობა დასრულდა. ისმის ფრაზები ბირთვულ ომთან დაკავშირებით. მსოფლიო ძალიან სახიფათო ფაზაშია შესული. ძნელია პროგნოზირება, როგორ განვითარდება მოვლენები. ცივილიზებულმა მსოფლიომ რატომღაც დაივიწყა პაციფიზმი, ქვეყნები იარაღის ენით ელაპარაკებიან ერთმანეთს, მაშინ როდესაც სულ ცოტა ხნის წინ ისეთი ეპითეტებით ამკობდნენ ჩვენს საუკუნეს როგორიცაა: "კეთილდღეობის საუკუნე", "ცოდნის საუკუნე", "ტექნოლოგიების საუკუნე" და ა.შ. მსოფლიომ ჩამოიგლიჯა ნიღაბი, "ჯუნგლის კანონი" ამოქმედებულია, მსოფლიო კუნთებს ათამაშებს, ადამიანის სულიერი განვითარება ვერ ეწევა ტექნოლოგიურ განვითარებას, ადამიანი მშვილდ ისრით და ხმლით ომობს თუ ავტომატით და ბომბებით რა მნიშვნელობა აქვს, გლობალიზაციის "ახალი მსოფლიო წესრიგი" შეცვალა "ახალმა მსოფლიო უწესრიგობამ" დარღვეულია ადამიანის ყველაზე დიდი ფუნდამენტური უფლება სიცოცხლის უფლება, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაზაფრულმა მსოფლიომ მშვიდობის პრევენციის მიზნით შექმნა ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები როგორიცაა: გაერო ნატო, ევროკავშირი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტები, ომის კოდექსი და ა.შ. მსოფლიო ცდილობდა ფენიქსივით აღმდგარიყო ნანგრევებიდან, გლობალიზაცია იმანენტური პროცესია, იგი აერთიანებს მთელ მსოფლიოს. გულისხმობს რომ "დედამიწა ჩვენი საერთო სახლია", მშვიდობა ჩვენი მიზანი, რომ ეკოლოგიას საზღვრები არ გააჩნია და ჩვენი ვალია გავუფრთხილდეთ ამ ლამაზ ლურჯ-მწვანე პლანეტას, კაცობრიობამ თავისი ისტორიული განვითარების გზაზე გაიარა ბევრი სამარცხვინო და საშინელი პერიოდები. როგორიცაა მონათმფლობელობა, ფეოდალიზმი, კოლონიალიზმი, ინკვიზიცია, რასიზმი, ფაშიზმი ქალთა დისკრედიტაცია და თითქოს ჰუმანიზაციის გზას დაადგა, თუმცა რასაც ახლა ვუყურებთ ტექნოკრატიული საზოგადოება მერკანტილიზმით შეპყრობილ ერთ დიდ ციფრულ ბანაკს დაემსგავსა. არისტოტელე ამბობდა "ადამიანი სოციალური ცხოველიაო", თანამედროვე ადამიანზე კი შეიძლება ითქვას, რომ ის "ტექნოკრატიული ცხოველია". მის ცნობიერებაში დიდი ცვლილება არ მომხდარა. კაცობრიობა ტექნოლოგიების გოდოლს აშენებს. ამ საუკუნემ უკვე დაიმსახურა ეპითეტები "ომის საუკუნე", "დესაკრალიზაციის საუკუნე", "კვაზი ღირებულებების საუკუნე". მსოფლიო "ოვერტონის ფანჯრის" პრინციპით იმართება. ის რაც დღეს დაუჯერებლად და წარმოუდგენლად შეიძლება მიგვაჩნდეს, ხვალ ნორმად და კანონად მოგევლინება, ორი სიტყვით რომ ვთქვათ ულტრა ლიბერალური გაგებით "ყველაფერი მოსულა". მაგალითად მშობელი ნომერი ერთი და მშობელი ნომერი ორი (დედისა და მამის ნაცვლად) ეკუმენიზმი (რელიგიათა გაერთიანება), მოზარდისთვის სქესის შეცვლის უფლება (მშობლის დასჯა, თუ ის წინააღმდეგობას გაუწევს) და ა.შ. მიუხედავად პანდემიისა და ომებისა მსოფლიოს მოსახლეობამ უკვე 8 მილიარდს გადააჭარბა, რაც კიდევ ერთი დიდი თავის ტკივილია გლობალური მსოფლიოსთვის. მოსახლეობა იზრდება, ბუნებრივი რესურსები კი მცირდება. მეცნიერთა გარკვეული ნაწილის აზრით დედამიწის გამტარუნარიანობა 10 მილიარდს გაუძლებს ზოგიერთები კი ფიქრობენ რომ ლიმიტი უკვე ამოწურულია "ოქროს მილიარდის" კონცეფციაც ყველასთვის ცნობილია, სასკოლო სახელმძღვანელოშიც არის შეტანილი რომ მოსახლეობა 1 მილიარდამდე უნდა შემცირდეს. ადამიანი საუკუნეების მანძილზე უწევს ბუნებას ექსპლუატაციას, სძალავს ყველაფერს რისი გამოძალვაც შეუძლია, აჩანაგებს და ხელყოფს მას. თანამედროვე მსოფლიოს თითქმის რელიგიის დონეზე აქვს აყვანილი ეკონომიკური ზრდა. ითვლიან რეიტინგებს და ერთმანეთს ეჯიბრებიან. ამ დროს პარალელურად შექმნილი აქვს მდგრადი განვითარების კონცეფცია, "მწვანე ეკონომიკა" "ლურჯი ეკონომიკა", ("ყავისფერზე" უკვე უარი თქვა). მდგრადი განვითარება გულისხმობს რომ ახლანდელმა თაობამ რაციონალურად გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები და დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილებები ისე, რომ მომავალმა თაობებმაც შეძლონ თავიანთი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მათაც დაუტოვონ რაღაც და ახლანდელებმა არ იცხოვრონ მომავლების ხარჯზე. ბუნებრივი რესურსები ადამიანს არ შეუქმნია, მას არანაირი წვლილი არ მიუძღვის მის შექმნაში, თუმცა გაჩანაგებაში და გამოწურვაში ლომის წილი აქვს. გახარბებული, მომხმარებლური საზოგადოება რამდენს მოიხმარს ამის ნათელი მაგალითი და ინდიკატორია, ნარჩენები, ნაგავი. ბუნებას ნაგავი არ შეუქმნია, ნაგავს ტოვებს ადამიანი. ჩვენს საუკუნეში კი ნაგავს "ოქროს ხანა" უდგას. განუვითარებელი ქვეყნები, განვითარებული ქვეყნების ნაგავსაყრელია. ადამიანებს არ ეთმობათ მდიდრული ცხოვრება, სიამოვნება, ბიზნეს მოგებები, "მწვანეთა" კონცეფციაა "ნულოვანი ეკონომიკური ზრდა" ან შემცირება მაინც, ეკოლოგების დევიზია "ნულოვანი ნაგავი", უნარჩენო საზოგადოება, რაც თავისთავად გულისხმობს "ქამრების შემოჭერას". თუმცა ნუ ვიქნებით გულუბრყვილონი XXI საუკუნის მსოფლიო არ აპირებს ქამრების შემოჭერას. მან დიდი ხანია  გადაკვეთა წითელი ხაზები და ეკოლოგიური კატასტროფის, ეკოლოგიური სუიციდის გზას დაადგა. დაწყებულია დედოლარიზაციის პროცესი. მზადდება ერთიანი ციფრული მსოფლიო ვალუტა, რაც მთლიანად შეცვლის გლობალურ საფინანსო სისტემას, სავარაუდოდ იგი (cbdc) სავარაუდოდ იგი გახდება ერთიანი მსოფლიოს ერთიანი ვალუტა. ეს გეგმა ცნობილია "ყინულმჭრელის" სახელწოდებით და თავის თავში მოიცავს მსოფლიოს ყველა ცენტრალური ბანკისა და მათი ვალუტების კოორდინაციას. ამ ციფრულ ვალუტებს გამოიყენებენ ჩვეულებრივი ადამიანები და საწარმოები ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, გლობალური მსოფლიოს სახიფათო თამაშებში მაყურებლის როლი გვერგო. ჩვენი ვალია ამ დაძაბულ და ფეთქებად საშიშ სიტუაციაში თავი გადავარჩინოთ. გავატაროთ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა ნაკლებად ვიყოთ იმპორტდამოკიდებული, განვავითაროთ მცირე ბიზნესი. შევიანრჩუნოთ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა. როდესაც ეკონომიკის განვითარებაზე ვლაპარკობთ, ნუ დაგვავიწყდება რომ დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე ქვეყანა თითქმის სულ პოლიტიკური ტურბულენტობის მდგომარეობაში ცხოვრობს. ჯერ სამოქალაქო ომი გავაჩაღეთ, დავკარგეთ ტერიტორიები დაამხეს ეროვნული მთავრობა, 90-იან წლებში ჩვენი მოსახლეობა 5 მილიონი იყო, ამჟამად კი თითქმის განახევრებულია. მილიონზე მეტი ადამიანი ემიგრაციაშია წასული სამუშაოდ. დემოგრაფები ძალიან საგანგაშო პროგნოზს აკეთებენ, 2050 წლისთვის შეიძლება ქართველები საქართველოში ეროვნულ უმცირესობაში აღმოვჩნდეთ. ტრადიციულად ქართველი იშვიათად ტოვებდა თავის მიწა-წყალს. ემიგრაციაში წასულებს კი ხელსახოცში გამოკრული სამშობლოს მიწა თან მიჰქონდათ. რა არის მიწა? ყველაფერი მოდის მისგან და ყველაფერი უბრუნდება მას.

მიწა უნიკალური ბუნებრივი რესურსია, მიწა ქვეყნის მთავარი ეროვნული სიმდიდრეა და სახელმწიფოს არსებობის საფუძველი, რომელსაც განსაკუთრებული დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. ადამიანისთვის მიწა ერთდროულად არის შრომის საგანიც და წარმოების ძირთადი საშუალებაც, როდესაც კაცობრიობა უხსოვარი დროიდან იყენებს თავისი არსებობის შესანარჩუნებლად. მიწის საშუალებით კაცობრიობა საუკუნეების მანძილზე თითქმის მთლიანად იკმაყოფილებს სურსათზე მოთხოვნილებას. მისგან გვეძლევა "პური ჩვენი არსობისა" ქართველისთვის მიწას ყოველთვის ჰქონდა საკრალური მნიშვნელობა. ქართულ ენაში, რომელსაც იოანე ზოსიმე ღმერთების ენას უწოდებდა გვაქვს ამის გამომხატველი სიტყვები - "დედამიწა", "დედაბუნება", "დედულეთი", "ადგილის დედა". ყოველწლიურად ბრუნვიდან გამოდის 7-8 მილიონი ჰექტარი სავარგული მიწა, რომლის მიზეზია: ეროზია, დამლაშება, დაჭაობება, ურბანიზაცია, გადაძოვება, დატკეპნვა, გაუდაბნოვება და ა.შ. მსოფლიოს უძველესი წიაღისეული ნიადაგი 3 მილიარდ წელზე მეტისაა, თითქმის ისეთივე ძველი, როგორც უძველესი დანალექი ქანი და თავითავად მიწა. ადამიანები ნიადაგს ხშირად ეპყრობიან როგორც იაფ სამრეწველო საქონელს. ბევრი მათგანი მას აღიქვავს როგორც ტალახს. გუთნის გამოგონებამ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა კაცობრიობის ისტორიაში და გარდაქმნა დედამიწის ზედაპირი. ხორბალმა კი ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო მცენარემ სამუდამოდ მიაჯაჭვა ადამიანი მიწას. ჩვენი წინაპრები მონადირე-შეამგროვებლები დამაგრდნენ მიწაზე და თანდათანობით გლეხებად გადაიქცნენ. ტერმინი "მიწა" და "ნიადაგი" სხვადასხვა შინაარსის მატარებელია. წარმოდგენა ნიადაგზე როგორც დამოუკიდებელ სხეულზე რომელიც განსხვავდება ნიადაგწარმომქმნელი დედაქანისაგან. შეიქმნა XIX საუკუნეში, ნიადაგმცოდნეობის ფუძემდებლის ვ. დოკუჩაევის მიერ. ნიადაგის არსებითი თვისება არის მისი ნაყოფიერება. რაც გულისხმობს მცენარის უზრუნველყოფას წყლით, სითბოთი, საკვები ნივთიერებებით. თავდაპირველად დოკუჩაევმა გამოყო 10 ნიადაგის ტიპი ხოლო შემდგომში ნიადაგის კლასიფიკაციაში 100-ზე მტი ტიპი. ნიადაგების ტიპი თავის მხრივ იყოფა ქვეტიპებად, სახეობად, სახესხვაობებად და ვარიანტებად ესენია ეწერი ნიადაგები, წითელმიწა და ყვითელმიწა, ტყის ყომრალი, შავმიწა ნიადაგები და ა.შ.. ნიადაგის ეროზია გლობალური პრობლემაა. (ეროზია ლათინური სიტყვაა და "გამოჭმას" ნიშნავს). მიწის რესურსებთან დაკავშირებით ეროზია ყველაზე უფრო საჭირბოროტო პრობლემაა, იგი იწვევს ნიადაგის დეგრადაციას რის შემდეგაც ნიადაგი იფიტება, ხდება უნაყოფო და გამოუსადეგარი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის. 10 სმ ნიადაგის აღდგენას ათეულ წლები და ზოგჯერ საუკუნეები სჭირდება. ამიტომ ეროზია შეიძლება შევადაროთ შენელებული მოქმედების ნაღმას, კაცობრიობის უზრუნველყოფა მიწის რესურსებით განისაზღვრება მსოფლიო მიწის ფონდით. რომელიც შეადგენს 13,4 მილიარდ ჰა-ს. (ანტარქტიკისა და გრენლანდიის გამოკლებით), რაც მთლიანი დედამიწის ფართობის 26,3%-ია. მსოფლიო მიწის ფონდის სტრუქტურა: 1) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობი, 4846,1 მლნ ჰა. აქედან: ა) სახნავ-სათესია 1345,3 მლნ. ჰა. ბ) მრავალწლოვანი კულტურები 105,5 მლნ. ჰა. გ) საძოვრები 340,3 მლნ. ჰა. 2) ტყე - 4138,0 მლნ ჰა. 3) სხვა მიწები (არაპროდუქტიული, ქალაქის) ეს ფონდი ყოველთვის განიცდის ცვლილებას, ყველაზე მეტ მიწის ფართობებს სახნავ-სათესი დანიშნულებით და მრავალწლოვანი კულტურებით ფლობენ შემდეგი ქვეყნები: 1) აშშ - 177,0 მლნ. ჰა, 2) ინდოეთი - 161,8 მლნ. ჰა, 3) რუსეთი - 125,0, მლნ. ჰა, 4) ჩინეთი - 124,1 მლნ. ჰა, 5) ბრაზილია - 53,2 მლნ ჰა, 6).

ნაყოფიერი მიწების ყოველწლიური შემცირება, მსოფლიო მოსახლეობის ზრდის ფონზე განაპირობებს სასურსათო უსაფრთხოების პრობლემას. მსოფლიოში ყოველწლიურად მილიარდამდე ადამიანი შიმშილობს და ბევრი მათგანი შიმშილით იღუპება, ზოგიერთი შეფასებით მსოფლიოში სახნავ-სათესი მიწების ხელმისაწვდომი ფონდი 1,5 მლნ ჰა უკვე გამოყენებულია და მისი ზრდის პერსპექტივა აღარ არსებობს, სხვა მოსაზრებით, ნაყოფიერი მსოფლიო მიწის ფონდი 2,5 მილიარდი ჰექტარია. ე.ი. არსებობს კიდევ 1 მილიარდი ჰა მიწის ათვისების საშუალება. FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) მონაცემებით პოტენციურად ხელსაყრელი მიწის ფართობი შეადგენს 3,4 მილიარდ ჰა-ს. რაც მომავალში უკვე გამოყენებული მიწის ფონდის 1,9 მილიარდი ჰა-ით გაზრდის შესაძლებლობას იძლევა, ასათვისებელი მიწის ფართობების 75% მოთავსებულია განვითარებად ქვეყნებში, ხოლო 25% განვითარებულში. საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, მდიდარი ბუნებრივი ლანდშაფტით. საქართველოს მიწის ფონდი 7628,4 ათასი ჰექტარია (2004 წ. მონაცემი) ქვეყანაში შარშან დაიწყო მიწის საყოველთაო  ინვენტარიზაცია რაც 2024 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ზუსტად რამდენი ჰექტარი სავარგული მიწა გაგვაჩნია, რამდენია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის გამოუსადეგარი, რამდენია ეროზირებული და რა სახის ეროზიაა, ქარისმიერი, წყლისმიერი, დატკეპნილი და ა.შ. უცხოეთიდან შემოგვაქვს ის პროდუქტები რომელთა წარმოებაც თავისუფლად შეგვიძლია ჩვენ თვითონ რათა დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი ბაზარი და ექსპორტზეც გავიტანოთ. ჩვენი მიწები ბუნებრივად ნაყოფიერია რასაც ვერ ვიყენებთ სათანადოდ. 90-იან წლებში ნაჩქარევად ჩატარდა მიწების პრივატიზაცია, ასევე სოფლის მეურნეობა რატომღაც არამომგებიან სფეროდ იყო გამოცხადებული ხორბლისა და ღვინის ქვეყანაში, გლეხებს ვაზი ააჩეხინეს და საზამთრო დაათესინეს. ქვეყანაში გაუქმდა მიწის დაცვის დეპარტამენტი. 2007 წელს დაიხურა გეოლოგიის ინსტიტუტი და მეცნიერებათა აკადემიის ბევრი კვლევითი ინსტიტუტი 90-იან წლებში ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო იჩეხებოდა ტყეები. მოსახლეობა შეშას იყენებდა გასათბობად. რამაც მნიშვნელოვნად დააზიანა ტყის ფონდი. უცხოელებზე იყიდებოდა მიწები. შემდგომში ამ მხრივ კანონი გამკაცრდა. ტყე ჩვენი უდიდესი სიმდიდრეა, ბუნებრივი გატყიანებით ჩვენი ქვეყანა ევროპაში მოწინავე ადგილზეა, ტყე ასუფთავებს ჰაერს და ამდიდრებს ჟანგბადით. 1 ჰა ტყე წლის განმავლობაში 60-70 ტონა მტვერს ფილტრავს. ტყე პირდაპირ მონაწილეობს ნაყოფიერი ნიადაგის წარმოქმნაში და ხელს უშლის მიწის ეროზიას, ასევე აქვს მეწყერსაწინააღმდეგო დანიშნულება, იცავს ფაუნას. თამარ მეფის 1189 წლის სიგელში მოხსენიებულია "ტყის მცველნი". ცნობილი გამოთქმაა "ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ შენი ვალია" 2015-2019 წ.წ. ადგილი ქონდა ტყის ხანძრების 360 შემთხვევას, რის შედეგადაც განადგურდა 7820 ჰა ტყე. ქვეყანაში 1 სულ მოსახლეზე ტყით უზრუნველყოფა შეადგენს დაახლოებით 0,70 ჰა-ს, 1999 წლის მიღებული იქნა ტყის კოდექსი. ამჟამად პრემიერ მინისტრის ბრძანებით კიდევ უფრო გამკაცრდა კანონი ხეების უნებართვოდ მოჭრის თაობაზე. ტყე უძვირფასესი ბუნებრივი რესურსია მას გააჩნია ბევრი ფუნქცია: ნიადაგდაცვითი, ჰაერის დამცავი წყალ შემავსებელი ფაუნის დაცვითი, ველური მცენარეების, ნაყოფისა და თესლის, სამკურნალო და საკვები მიზნებისთვის მოხმარების ფუნქცია, მეწყერსაწინაამღმდეგო ზვავსაწინააღმდეგო და ა.შ. საჭიროა ჩატარდეს ჩვენი ტყეების ინვენტარიზაცია, გაიზარდოს და წახალისდეს რეინჯერთა კადრები საქართველოს ტყის ფართობი 26,600 კმ2 გაეროს მონაცემებით მსოფლიო ტყის რესურსების საერთო ფართობი შეადგენს 40 000 0002 კმ-ს. პლანეტის ფართობის თითქმის მესამედს. მსოფლიოში ყოველწლიურად მცირდება ტყის ფონდი, იჩეხება "დედამიწის ფილტვებად" წოდებული ამაზონის ჯუნგლები. ბიზნეს ინტერესებს და ხელოვნურად გაჩეხილი ტყის ხანძრებს ეწირება ეს უნიკალური ტყის მასივები.

ახლანდელმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო ზრუნვა აგრარულ სფეროზე. 2012 წლიდან მცირემიწიან ფერმერთა ხელშემწყობი პროექტით გლეხებმა 306 მილიონი ლარის დახმარება მიიღეს. კერძოდ: დამუშავდა 600 ჰა-ზე მეტი მიწა, გლეხებს უფასოდ დაურიგდათ სასოფლო-სამეურნეო შრომის იარაღები, მცენარეთა მოვლის საშუალებები, ამოქმედდა აგროდაზღვევის პროგრამა. პროგრამამ "დანერგა მომავალი" ფარგლებში გშენდა 610 ჰა-ზე თანამედროვე ბაღები, შემუშავდა სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი პროგრამები: ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, ვაშლისა და მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობა, თხილის წარმოების განვითარება, ლურჯი მოცვის შეიქმნა 1225 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაფინანსდა 139 ახალი საწარმო, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით გაფართოვდა და გადაიარაღდა 665 საწარმო, სადაც 10 000-მდე ადამიანია დასაქმებული განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 107 სარეაბილიტაციო პროექტი, მოწესრიგდა წყალარინება მთავრობამ ასევე მიიღო ჩვენი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი, მამულიშვილური კანონი "მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ". რომელიც 2016 წელს ამუშავდა. ამ კანონით მაღალმთიანი მოსახლეობა სარგებლობს დამატებით სოციალური და საგადასახადო შეღავათებით, დახმარებებით ყოველ ახალშობილ ბავშვზე, სახელფასო და საპენსიო დანამატებით. შეღავათები კომუნალურ გადასახადებზე, თავისუფლდებიან მიწის გადასახადისგან და ა.შ. ეს კანონი ხელს უწყობს ამ რეგიონებში მოსახლეობის დამაგრებას, იქედან წასულების უკან დაბრუნებას მამაპაპისეულ კარმიდამოში. სოფლად მცხოვრები ადამიანები კი როგორც წესი მისდევენ მეურნეობას, უვლიან მიწას და საკუთარ ეზო კარ-მიდამოს. სამწუხაროდ გვაქვს 2-3 კომლიანი სოფლები. დაცლილი სოფლები. 2014 წელს საყოველთაო აღწერით დაფიქსირდა 220 გაუკაცრიელებული სოფელი. ასევე 2012 წლიდან მიმდინარეობს ტყის აღდგენა და გაშენება 974,1 ჰა-ზე. ტყის თესვა და დარგვა - 366,1 ჰა-ზე. ტყის ბუნებრივ განახლებისთვის ხელშეწყობა, სანიტარული ჭრა, 708 ჰა-ზე, 1ჰ ტყე წლის მანძილზე შთანთქოს 506 ტონა ნახშირორჟანგის და გამოყოფს 4-5 ტონა ჟანგბადს.

მსოფლიოში იაფი საკვების ეპოქა დასრულდა გაიზარდა ხორბლის ფასი ევროპაში თანამედროვე მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოებას ორი ძირითადი კრიტერიუმით აღიარებენ ესენია - მარცვლეულის გადაუდებელი მარაგები და მათი წარმოების მოცულობა მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით. 2023 წელს გაზაფხულზე საქართველოში ადგილობრივი ხორბლის მწარმოებლებს არარეალიზებული დარჩათ თითქმის 30 000 ტონა ხორბალი, რისი მიზეზიც  გახდა საქართველოში 1/3-ით და მეტით გაიაფებული ფქვილის იმპორტი რუსეთიდან, რამაც არარენტაბელური გახადა ადგილობრივი მარცვლეულის წარმოება. ამ ვითარებამ სერიოზულად დააზიანა ადგილობრივი 15 წისქვილკომბინატი. საქმიანობა და გამოიწვია მათი გაჩერება. 5000 თანამშრომელი უმუშევარი დარჩა. მთავრობის ამოცანაა უზრუნველყოს მარცვლეულის ადგილობრივი წარმოების სტიმულირება. ქვეყანა განსაკუთრებით ახლანდელი გეოპოლიტიკური ვითარების სიტუაციაში არ შეიძლება (97%-ით) თითქმის მთლიანად ხორბლის იმპორტზე იყოს დამოკიდებული. პანდემიის დროს როდესაც რუსეთმა შეაჩერა რამდენიმე თვით ხორბლის ექსპორტი, ჩვენს მთავრობას მოუწია ხორბლის და ფქვილის სუბსიდირება, დაიწყო ახალი ბაზრების მოძიება საქართველოს გააჩნია ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები მარცვლეულის წარმოების გასადიდებლად. ხორბლის მოყვანის ტრადიცია და უნარ-ჩვევები. მარცვლეულის გადამამუშავებელი საწარმოო სიმძლავრეები. მარცვლეულის წარმოების სტიმულირების მიმართულებით შესაძლებელია: მარცვლეულის ნათესების გათავისუფლება გადასახადისგან. წარმოებული მარცვლეულის სახელმწიფო გარანტიებიც შესყიდვა, შეღავათიანი საკრედიტო სადაზღვევო სისტემა, ჯიშთა გამოცდის სადგურების აღდგენა ფუნქციონირება. ჩვენ 10-ზე  მეტი ხორბლის უნიკალური ჯიში გაგვაჩნია ("ემირი", "ვარსია", "ზანდური" და ა.შ.).

გენური ინჟინერით წარმოებულმა პროდუქტებმა ვერ გადაჭრა სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა. აღმოჩნდა რომ ეს პროდუქტები საზიანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის და უამრავ დაავადებებს იწვევს. ამიტომ მსოფლიო ბაზარზე დღითი დღე ძვირდება ბიოლოგიურად სუფთა, ნატურალური პროდუქტის ფასი. ესტონეთი ჩვენზე პატარა ქვეყანაა. იგი 2000 წლიდან გადავიდა ორგანულ აგრომეურნეობაზე (ევროკავშირში 2004 წელს გაწევრიანდა). 2000 წლიდან 2008 წლამდე ორგანული მიწების რაოდენობა 4000 ჰა-დან 87 000 ჰა-მდე გაზრდა. ფერმერების რაოდენობა კი 90-დან 1300-მდე. ქვეყანაში მუშაობს რამოდენიმე კვლევითი ინსტიტუტი, ორგანული სოფლის მეურნეობის კვლევის საკითხებზე. დაარსეს უფასო სასწავლო კურსები ბიომეურნეობაში გარკვევის მსურველთათვის. ჩვენს მეზობელ თურქეთში 1992 წელს შექმნა "ორგანული სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციის ასოციაცია", თურქეთი გასცემს დაბალპროცენტიან სესხებს იმ ფერმერებისათვის, რომლებსაც სურთ თავისი მეურნეობის ორგანულზე გადაყვანა. ქვეყანაში 25 კვლევითი ინსტიტუტი იკვლევს ბიომიმართულებებს. ამ ძალისხმევით თურქეთმა შეძლო 15 წლის მანძილზე ორგანული მიწების 10 000 ჰექტრიდან 103 000 ჰამდე გაზრდა, ხოლო ბიოფერმერების 300-დან 16 000-ით გაზრდა. ბიოპროდუქტები 300 000 ტონამდე გაიზარდა რომლის 10% ევროკავშირში ექსპორტირდება.

საქართველოს თავისუფლად შეუძლია გახდეს ბიოპროდუქტების მწარმოებელი ქვეყანა. ამით საკუთარ მოსახლეობასაც გამოკვებავდა ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტით და ნიადაგსაც დაიცავდა ეროზიისა და დეგრადაციისაგან. ვინაიდან ქიმიური სასუქებით მიწის კულტივაცია ნიადაგის პირველი მტერია და იწვევს მის დეგრადაციას.

მოკლედ შევეხებით ისეთ უცხოურ გამოცდილებას აგრარულ სფეროში, როგორიცაა ისრაელის ,,კიბუცების’’ ფენომენი. ისრაელის სოფლის მეურნეობის საფუძველს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები - კიბუცები წარმოადგენენ. მათ წილად მოდის ქვეყანაში წარმოებული აგრარული პროდუქტის 80%. ისინი ამუშავებენ სახნავი მიწების 70%-ს. კიბუცებში წარმოების საშუალებებზე საერთო საკუთრება მოქმედებს. მოქმედებს შრომის დანაწილების პრინციპი. ისრაელმა კიბუცების წყალობით უდაბნო მიწა წალკოტად გადააქცია. კიბუცის ქართულ სინამდვილეში დანერგვა ჩვენის აზრით მნიშვნელოვნად გააძლიერებს აგრარულ სექტორს დაეხმარება აღორძინებაში და განვითარებაში. გვაქვს ბევრი მიტოვებული სოფელი, თუ მთავრობის მხარდაჭერა იქნება საპილოტე პროგრამის განხორციელება მაინცაა შესაძლებელი ამ მოდელის მხარს უჭერდა ჩვენი გამოჩენილი მეცნიერი და კოლეგა პროფესორი თ. ჩხეიძე. ჩვენი საპატრიარქო და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

საქართველოს ტერიტორიაზე მთებს უჭირავს მთელი ტერიტორიის ნახევარზე მეტი - 54%, გორაკ-ბორცვებს, მთისწინებს 33%, ხოლო დაბლობები 13%-ია. საქართველოს მთიანი რელიეფი აგრარული სფეროს განვითარებისთვის სპეციფიკურ მიდგომას საჭიროებს. საქართველოს მთიანი რელიეფი  ფერდობების დახრილობის გამო, გრავიტაციული პროცესების მნიშვნელოვანი აქტივობით ხასიათდება. ამ მხრივ დიდ ხიფათს ქმნის თოვლის ზვავები, მეწყერები, ღვარცოფები. ჩვენი ქვეყნის ტერიტორია 7-9 ბალიანი მიწისძვრების რისკის ზონაშია. საქართველოს მეწყერ საშიში რეგიონები: რაჭა, ლეჩხუმი, სვანეთი, აჭარა-იმერეთი. საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირებული მეწყერული ტერიტორიების საერთო ფართობი 1,5 მილ. ჰა-ის შეადგენს. ჩვენში დაახლოებით 10 000 მეწყერი ან მისი განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობების მქონე უბანია, რომელთაგან უფრო საშიში 3000, მეწყერის წარმოქმნის მიზეზი ქანების წონასწორობის დარღვევაა, რასაც ფერდობის ძირის გამორეცხვა, გამოფიტვა და ჭარბწყლიანობა იწვევს. მეწყერთან ბრძოლა შესაძლებელია თუ მეწყერსაშიში ადგილებში შეწყდება ტყის ჭრა, აიკრძალება უსისტემო მორწყვა, მიწისქვეშა აფეთქებები, ამ ადგილებში ასევე აუცილებელია მეწყერსაწინააღმდეგო საინჟინრო ნაგებობები, სპეციალური კედლების ხიმინჯების გაკეთება. ასევე ღვარცოფული საშიშროების ზონაშია მოქცეული საქართველოს ტერიტორიის 2 მილიონი ჰა ფართობი, ღვარცოფული რაიონებია: არაგვის, თერგის, ალაზნის ხეობა, შარშან ღვარცოფმა უდიდესი ტრაგედია დაატრიალა შოვში. ღვარცოფის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია: ადვილად შლადი ქანები, უტყეობა, ხანგრძლივი გვალვიანი პერიოდი, ღვარცოფი არის ერთიმეორეში არეული ტალახი, ლოდები და სხვადასხვა მასალა, რომელიც დიდი სისწრაფით მოექანება ქვევით, საათში 15 კმ-მდე სიჩქარეს ანვითარებს. გზაზე აზიანებს ყველაფერს და დიდ ზიანს აყენებს მოსახლეობას. საქართველოში ღვარცოფის ხსენება ასოცირდება მდინარე დურუჯთან. რომელმაც ბევრჯერ მიაყენა ზიანი მოსახლეობას. ასევე ღვარცოფული მდინარეებია: კისისხევი, ლაფანის ხევი, თურდო, ჭერმისხევი. აქვე უნდა გავხსენოთ მდინარე ვერეს ტრაგედია თბილისში. ღვარცოფის წინააღმდეგ მიმართავენ ღონისძიებებს: ფერდობებზე აშენებენ ტყეებს, გაჰყავთ წყალშემაკავებელი არხები, აკეთებენ ტერასებს, ორმოებს, მდინარის კალაპოტის გასწვრივ დამბებს. კალაპოტში კი რკინის დამჭერებს, ღვარცოფის მოახლოების სპეციფიკური ხმაურის გაგონებისას, როგორიც არის ქვის ნამსხვრევის ხმა, შხუილის ხმა, აუცილებელია სწრაფად ასვლა ზევით 50-100 მეტრით მაღლა. აუცილებელი სისტემური მეტეოროლოგიური დაკვირვება.

ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობას მოპოვებისთანავე მიისწრაფვის ევროკავშირისკენ. ევროკავშირს მსოფლიო ერთ-ერთი ყველაზე სანიმუშო და კარგად დარეგულირებული აგრარული პოლიტიკა გააჩნია, ევროპელებმა კარგად იციან რომ აგრარული სფერო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ევროკავშირში ჯერ კიდევ 1965 წელს სერიოზული კრიზი მოჰყვა საერთო აგრარული პოლიტიკის შემუშავებას, საფრანგეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა დე გოლმა ამ საკითხის განხილვისას ვეტოს უფლებაც კი გამოიყენა, აზრთა სხვადასხვაობის გამო ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ გაჩნდა შიში ამ ახლად შექმნილი გაერთიანების დაშლისა. ბოლოს ეს კრიზისი ამოიწურა 1966 წელს "ლუქსემბურგის კომპრომისით" მათ ზედმიწევნით დეტალურად შეიმუშავეს აგრარული სფეროს დაცვისა და უსაფრთხოების მთელი რიგი კანონები და ღონისძიებები. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს გამოვყოფთ ზოგიერთ მათგანს, როგორიცაა მიწის უწყვეტი, მონიტორინგი, ფერმერების სუბსიდირება, მიწების კონსერვაცია, როტაცია და ა.შ. სამწუხაროდ ჩვენთან პირიქით მოხდა, ევროკავშირისაგან განსხვავებით, აგრარული სფერო ყველაზე მიგდებული და არამომგებიან სფეროდ გამოცხადდა, ძირითადი აქტივობა გაკეთდა ტურიზმზე. პანდემიის დროს კარგად დავინახეთ რომ პირველი სფერო რომელიც ჩამოიშალა მსოფლიოში და საქართველოშიც იყო ტურიზმი. ერთადერთი სფერო რომელსაც არ შეუწყვეტია ფუნქციონირება იყო აგრარული სექტორი. ტურიზმი უნდა განვითარებულიყო, ვინაიდან საქართველოს ბრწყინვალე ტურისტული პოტენციალი გააჩნდა. მაგრამ აგრარული სფეროც პარალელურად უნდა აღორძინებულიყო, ვინაიდან იგი სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია. მასზეა დამოკიდებული სასურსათო უსაფრთხოება, თანაც ამ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში. მოგზაურობის გარეშე გაძლებს ადამიანი, მაგრამ საკვების გარეშე ვერა. ჩვენი სოფლის მეურნეობა არაეფექტურია, დაბალია მისი პროდუქტიულობა, დიდია არასაბაზრო ხასიათის მცირე მეურნეობები. მთავრობამ გაატარა მთელი რიგი ღონისძიებები, მაგრამ საჭიროა კიდევ მეტი მხარდაჭერა და წახალისება ფერმერებისათვის. მაგალითად ნიადაგის ანალიზი ძვირადღირებული პროცესია, უბრალო გლეხს არ ექნება საშუალება ამ თანხის გადახდის. საჭიროა მთავრობამ ნაწილობრივ მაინც დაუფინანსოს. თუ მთავრობა განახორციელებს პროგრამას "ხორბალი" გაზრდის ხორბლის ნათესებს, ხელს შეუწყობს მეხორბლეებს რაზეც ზემოთაც ვწერდით ეს იქნება ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი სტრატეგიული დონის ნაბიჯი. გლობალური მსოფლიო ფაქტიურად მესამე მსოფლიო ომის წინაშე დგას, როგორ განვითარდება მოვლენები არავინ იცის. მსოფლიო მულტიპოლარულობისკენ მიდი, ჩნდება ახალი ფორმატები 3 + 3, ბრიქსი და ა.შ. რა კონფიგურაციას მიიღებს ახლი გადანაწილება ჯერ არ ვიცით.

მიწის რესურსებზე მოქმედი საფრთხეები კომპლექსური ხასიათისაა, აქედან ნაწილის მართვა შესაძლებელია თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგავთ, მაგალითად, ნიადაგის დამლაშება შეიძლება ავიცილოთ თავიდან სწორი გასარწყავიანების პირობებში. ნიადაგის დეგრადაცია და ეროზია თუ მინიმალურად და სწორად გამოვიყენებთ ქიმიურ სასუქებს, ქარისმიერ ნიადაგის ეროზია, თუ ნათესების გარშემო შევქმნით ქარსაცავ ზოლებს, თუ გავუფრთხილდებით ტყეებს შევინარჩუნებთ ნაყოფიერ ნიადაგს, მეტ-ნაკლებად ავიცილებთ თავიდან მეწყერებსა და ღვარცოფებს, ბიომეურნეობაზე გადასვლა შეუნარჩუნებს ნიადაგს ნაყოფიერებას, პერიოდულად უნდა მოხდეს სავარგულების კონსერვაცია, დავასვენოთ მიწა შევამციროთ ნარჩენების რაოდენობა, ქვეყანაში ისევ 60-მდე ღია ნაგავსაყრელია, რაც აბინძურებს ნიადაგს და გრუნტის წყლებს. ერთად იყრება ურნაში მყარი ნარჩენები და საყოფაცხოვრებო. ვერ მოხერხდა ფერადი ურნების განთავსება და ნარჩენების დიფერენციაცია ნაგვის რეციკლირება თუ არ შეგვიძლია, ნაგვის დამარხვა საკმაოდ კარგი მეთოდია, შესაბამისი ტექნოლოგიის დაცვით მინიმუმ 50 წლიანი შედეგის გარანტიით საჭიროა სწორი ურბანული დაგეგმარება. ქალაქის მოსახლეობა იზრდება და თანდათან "ყლაპავს"  სოფელს, კერძო დასახლებებს ამცირებს მიწის ფონდს. თბილისი დიდი ხანია  თავკომბალა ქალაქია, მან "გადაყლაპა" შემოგარენი, სადაც ადამიანებს ქონდა აგარაკები, ნაკვეთები, მაგალითად, მუხიანი, თემქა, გლდანი, დიღომი, ფონიჭალა, ლილო და ა.შ. ჩვენ ვერ მოვერევით და ვერ ავიცილებთ ისეთ პრობლემას როგორიცაა გლობალური დათბობა, ამ დროს ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენებს აქვს ადგილი ზოგან გვალვებია, რის გამოც იფიტება მიწა, განიცდის ეროზიას და დეგრადაციას, ზოგან  კი ძლიერი წვიმები, უხვი ნალექი ჩადის ნიადაგში და ხელს უწყობს მეწყერული პროცესების გააქტიურებას. გლობალური დათბობა გლობალური პრობლემაა და მასზე მთელმა მსოფლიომ უნდა იზრუნოს. შეამციროს სათბურის აირების ემისია, გაზრდილი ინდუსტრიები, ხშირი ფრენები და ა.შ. ასევე ნიადაგს აზიანებს მჟავური წვიმები.

საჭიროა მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდა, მათ უნდა შევაყვაროთ ბუნება, საკუთარი სამშობლოს მიწა-წყალი "როცა გაახმობთ ბოლო ხეს მოწამლავთ ბოლო მდინარეს და დაიჭერთ ბოლო თევზს, მხოლოდ მაშინ მიხვდებით რომ ფული არ იჭმევა", ამბობენ ძველი ინდიელები. მიწაზე მუშაობა, სოფლის მეურნეობა აგრარული სფერო უნდა გახდეს ძალიან დაფასებული, ხელშეწყობილი და საპატიო, ისევე როგორც სხვა პროფესიები. მაგალითად ექიმის, მასწავლებლების, ინჟინრის და ა.შ.

და ბოლოს დავამთავრებთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სიტყებით, ერთ-ერთ ეპისტოლედან. "მიხედეთ მიწას, მიწა დაგაპურებთ და გაგათბობთ თქვენ ბუნებასთან კავშირი აჯანსაღებს კაცის სულსა და სხეულს".    

დასკვნა

საქართველო პატარა ქვეყანაა. ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენი ამოცანაა თავი გადავირჩინოთ სათანადოდ უნდა გამოვიყენოთ ღმერთისგან ბოძებული ნაყოფიერი მიწები. ქვეყანამ ზუსტად უნდა იცოდეს რამდენი სავარგული მიწის ფართობი გააჩნია. ქვეყანას თავისუფლად შეუძლია გადავიდეს ბიოპროდუქტების წარმოებაზე  და ნაკლებად ვიყოთ ხორბალზე იმპორტდამოკიდებული. აგრარული სფეროს განვითარებისთვის საჭიროა სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერა შიდა ბაზრის დაცვა და პროტექციონისტული პოლიტიკის გატარება. ახალი კადრების მომზადება: ნიადაგმცოდნეები, აგრონომები, გეომორფოლოგები და ა.შ. 

გამოყენებული ლიტერატურა 

1. აბესაძე რ. ორგანული ქიმიის როგორც მაღალი ტექნოლოგიის გამოყენების თავისებურებები ეკონომიკაში. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის შრომების კრებული. ტ. XI. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა. თბ., 2018.

2. თეთრაული ც. მიწის რესურსების დაცვის ეკონომიკური პრობლემები ევროკავშირის ქვეყნებში. თსუ, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის შრომების კრებული. ტ. XII. თსეუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა. თბ., 2020.

3. ი.ნ. ჰარარი. საპიენსი. კაცობრიობის მოკლე ისტორია. ბაკურ სულუკაურის გამომცემლობა. 2020.

4. თეთრაული ა. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისა და ბიზნესის განვითარების კანონზომიერებანი საქართველოში. ნაწილი I. თბ., მაცნე. 1993.