ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
∘ ნანა კირვალიძე ∘ თამარ გელიაშვილი ∘ საქართველოში საკონსერვო პროდუციის ბაზარი: მიღწევები და პრობლემები ანოტაცია. სტატიაში განხილულია საქართველოში საკონსერვო პროდუქციის ბაზრის მახასიათებელები: წარმოების დინამიკა; ასორტიმენტის სტრუქტურა და ფასწარმოქმნა; ექსპორტ-იმპორტის ტენდენციები. აღნიშნულია, რომ ლიდერი კომპანიები საკონსერვო პროდუქციის დასამზადებლად იყენებენ მხოლოდ ნატურალურ ნედლეულს, ამიტომ ამ პროდუქციის თვითღირებულებაში 40%-ი არის დანახარჯები ნედლეულზე, პროდუქციის წარმოებასა და ტრანსპორტირებაზე. ექსპორტის მოცულობას მზარდი ხასიათი აქვს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 0,4-0,5% შეადგენს. პროდუქციის ექსპორტი საბითუმო ბაზების საშუალებით ხორციელდება. ხდება მიზნობრივი მომხმარებლის მოთხოვნის შესწავლა, მარკეტინგის კომპლექსის ყველა ასპექტის დაქვემდებარება მომხმარებლის ინტერესებთან. სამამულო პროდუქციამ საქართველოში ჩაანაცვლა მოზღვავებული იმპორტიც. სტატიაში განხილულია ყველა ასაკობრივი ჯგუფის მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგები საკონსერვო პროდუქციის უვნებლობის თვალსაზრისით. მომხმარებელთა 63% უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ ქართულ ხილ-ბოსტნეულის კონსერვებს. მომხმარებელთა 20%-ის აზრით პროდუქციის ნიშანდების (ეტიკეტის) მონაცემები არ შეესაბამება სინამდვილეს, ამიტომ პროდუქციას შეაფასებენ მოხმარების შემდეგ, 30%-ის აზრით არაკომპეტენტურია ხარისხის შეფასებაში, მათთვის მნიშვნელოვანია ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატი, 50%-ი ენდობა ეტიკეტზე მოცემულ მონაცემებს. ავტორები ასევე საუბრობენ საკონსერვო პროდუქციის ბაზრის განვითარების ღონისძიებებზე. საკვანძო სიტყვები: საკონსერვო პროდუქციის ბაზარი, წარმოება, თვითღირებულება, ფასწარმოქმნა, ექსპორტ-იმპორტის დინამიკა, მომხმარებელთა კვლევა, სტრატეგიული მიმართულებები. შესავალი საქართველოში საბაზრო ეკონომიკის განვითარება გულისხმობს კონკურენტუნარიანი საწარმოების და პროდუქციის არსებობას და მიწოდებას როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ამის არარსებობის გამო მრავალი არარენტაბელური და არაკონკურენტუნარიანი დარგი განადგურდა. მეხილეობით, მებოსტნეობით და სუფთა სასმელი წყლით მდიდარ ქვეყანაში აღორძინდა ტრადიციული დარგი საკონსერვო წარმოება. ქვეყანაში შეიქმნა ქართული ბრენდები, რომლებიც აწარმოებენ 100%-ით ნატურალურ, უნიკალურ პროდუქციას, მოქნილ ფასწარმოქმნას, პროდუქციის გაფართოების სწორ, მიზანმიმართულ მარკეტინგულ სტრატეგიებს, პარტნიორობას ექსპორტიორ საბითუმო ფირმებთან. მთავარი აქცენტი სასაქონლო პროდუქციის სწორ ფორმირებასა და მართვაზე, საქონლის მიწოდების მეთოდებზე, ოპტიმალურ ლოგისტიკურ ჯაჭვზე, სარეკლამო ღონისძიებებზე, მომხმარებლებთან გაყიდვის შემდგომ ორმხრივ კავშირებზეა და სხვა. საბაზრო ეკონომიკის დანერგვის კვალობაზე, როდესაც ქვეყანაში შეიცვალა მეურნეობის აგებულება, საკონსერვო წარმოება განადგურების პირას მივიდა. 2002 წელს საკონსერვო წარმოების ხვედრითი წილი კვების მრეწველობაში მხოლოდ 1,7%-ს შეადგენდა. ქვეყანაში ფუნქციონირებდა ათიოდე საწარმო, რომელთა საწარმოო სიმძლავრეების გამოყენების დონე მხოლოდ 3-8% იყო. საკონსერვო პროდუქციაზე მოთხოვნა ნაწილობრივ კმაყოფილდებოდა თურქული, ირანული, ბერძნული, ნიდერლანდული, რუსული, უკრაინული და სხვა იმპორტიორი ქვეყნების პროდუქციით, რომლებიც ხშირად უხარისხო და ფალსიფიცირებული იყო, ასევე შინამეურნეობების მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებით მიღებული ნაწარმის მეოხებით. მაგრამ საკონსერვო საწარმოებმა შეძლეს არსებობა და განვითარება. მათ შეძლეს დაყრდობოდნენ ძველ ან განახლებულ წარმოებას, რომელიც უკვე ათვისებული იყო მუშების და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ. ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში შეიქმნა საერთაშორისო საკონსერვო ფირმები. ქართული პროდუქცია ძლიერ კონკურენციას უწევს იმპორტულ კონსერვებს, ითვისებს საერთაშორისო ბაზარს. საკონსერვო მრეწველობა მოიცავს როგორც ხილ-ბოსტნეულის, ხორცისა და თევზისაგან დამზადებულ კონსერვებს, საწებლებსა და მარინადებს, ასევე ისეთ პროდუქტებს, რომლებიც უშუალოდ კონსერვებს არ წარმოადგენენ, მაგრამ შენახვის გახანგრძლივების მიზნით გარკვეული დამუშავება განიცადეს: გამშრალი ან გაყინული ხილი და ბოსტნეული, ბოსტნეულის და ხილის წვენები და სხვა (რაც სტატიაში ჩვენ არ განვიხილეთ). 2019-2023 წლებში საქართველოში დამამუშავებელ მრეწველობაში შექმნილ პროდუქციას ზრდის ტენდენცია აქვს (პანდემიის მიუხედავად) და მთლიანი შიდა პროდუქტის 10-11%-ს შეადგენს, ხოლო ხილისა და ბოსტნეულის კონსერვების ხვედრითი წილი დამამუშავებელი მრწველობის მხოლოდ 0,6%-ია (2023 წლის მონაცემებით) და ზრდის ტენდენცია აქვს (ცხრილი 1). არასტაბილურია ხილის, ბოსტნეულის და ბაღჩეულის წარმოება, რომელიც საკონსერვო პროდუქციის ძირითადი ნედლეულია, რაც გახშირებული სტიქიური მოვლენებით არის გამოწვეული. ბოსტნეულის კულტურებიდან შემცირების ტენდენცია აქვს ბადრიჯნის, მწვანე ლობიოს, პამიდვრის წარმოებას. მცირე რაოდენობით იწარმოება მარწყვი, ჟოლო, მოცვი, გარგარი. გაცილებით უფრო საიმედოა ვაშლის, ქლიავის, ბალის, ატმის და ვაშლატამის, მანდარინის წარმოება. ცხრილი 1 საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი და მ.შ. დამამუშავებელ მრეწველობაში შექმნილილი დამატებითი ღირებულება 2019-2023 წლებში[1] მლნ. ლარი
* 2023 წლის მონაცემები არის წინასწარი საკონსერვო მრეწველობის სტაბილური მუშაობის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ხილ-ბოტნეულის და სხვა ნედლეული პროდუქტების შესანახი სამაცივრე კომპლექსის არსებობა და მოწესრიგება. საკუთარი სამაცივრე სისტემები ლიდერ კომპანიებს აქვთ. დანარჩენი საკონსერვო ფირმები და ფერმერები სარგებლობენ ხილ-ბოსტნეულის საცავი მაცივრებით, სადაც თანამედროვე ტექნიკის ნაკლებობაა. არ არის შექმნილი ცალკეული სახის ხილის შესანახად (მაგალითად ატმის) საჭირო კლიმატის დამცავი ავტომატიზებული სისტემები, რის შედეგადაც ხილის მოსავლის ნაწილი ფუჭდება, იკარგება ნედლეული. ცხრილი 2 საქართველოში ხილის, ბოსტნეულის და ბაღჩეულის წარმოება 2019-2023 წლებში [2] (ათასი ტონა) *2023 წლის მონაცემები არის წინასწარი
საკონსერვო პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიებია: მარნეულის სასურსათო ქარხანა, გორის საკონსერვო ქარხანა „კულა“, კასპის საკონსერვო ქარხანა თი ემ თი, მცხეთის „ჯორჯიან ნატურალურ პროდუქტი“, გურჯაანის „ქართული აგროპროდუქტი“, ქედის და ჩოხატაურის საკონსერვო ქარხნები. საწარმოებში განახლდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მოხდა ძველის რეკონსტრუქცია. კერძო ინვესტორის და პროექტ „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით კომპანიებმა აღადგინეს დანგრეული წარმოება. თი ემ თი-მ 1 მილიონი ლარის ინვესტიციით განაახლა წარმოება, ხოლო „ოქროს ბრენდი-2013“-ის დაჯილდოებაზე კომპანია „კულა“ გამარჯვებულად დასახელდა და იმ კომპანიებს შორის მოხვდა, რომლებმაც უმოკლეს დროში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს. მარნეულის სასურსათო ქარხნის ნატურალურმა პროდუქციამ მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა იმპორტი. საქართველოში ამჟამად ფუნქციონირებს 20-მდე საკონსერვო საწარმო. ლიდერი კომპანიების პროდუქცია მრავალფეროვანია. ამზადებენ ნაირგვარი ხილის მურაბებს, ჯემებს, ხილფაფებს, კომპოტებს, ბოსტნეულის კონსერვებს, მზა კერძებს, მარინადებს, ტომატ-პასტას, საწებლებს, საბავშვო კონსერვებს. პროდუქცია დამზადებულია საქართველოში წარმოებული ნატურალური ნედლეულისაგან, არ შეიცავს კონსერვანტებს, მავნე დანამატებს, ხელოვნურ საღებავებს და გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს. პროდუქცია დაფასოებულია მინის ტარასა და თუნუქის ქილებში. მინის ტარის მიმწოდებლებია რუსეთის, მოლდავას, უკრაინის და ქსანის მინის ქარხანა (იმპორტული მინის ტარა მნიშვნელოვნად ზრდის პროდუქციის თვითღირებულებას). საკონსერვო საწაროებში ფუნქციონირებს თუნუქის ქილების მწარმოებელი ხაზები. 2017 წელს კი ბაზარზე პირველად გამოჩნდა „კულა“ს დამზადებული ხორციანი კერძის კონსერვები: ყაურმა, ჩაქაფული, ხორცის ჩაშუშული. ამზადებენ თევზის კონსერვსაც (სამწუხაროდ ეს მონაცემები ვერ მოვიპოვეთ კონფიდენცილურობის გამო). ზოგიერთი მცირე საწარმო, სადაც არ არსებობს სრულყოფილი ტექნოლოგიური პროცესები, ბაზარს მიაწვდის კონსერვანტებით გაჯერებულ პროდუქციას. ეს სრულად დაუშვებელი დამოკიდებულებაა პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების საკითხისადმი, ისინი უგულვებელყოფენ იმ უპირატესობას, რაც ქართულ კონსერვს გამოარჩევს სხვა ფირმების პროდუქციისაგან. საქართველოში დამზადებული საკონსერვო პროდუქციის ძლიერებას და ვარგისიანობას ნატურალური ნედლეულის არსებობა განაპირობებს.ლიდერ კომპანიებს შორის კონკურენტული ბრძოლა მიმდინარეობს პროდუქციის ეკოლოგიური სისუფთავის, უნიკალურობის, ხარისხის, ასორტიმენტის სიფართოვის, შეფუთვის, ნიშანდების, მიწოდების სისწრაფის, ბრენდის გავლენის, სარეკლამო ღონისძიებების, გასაღების სტიმულირების, ფასების დონის და სხვა მიხედვით. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში (ცხრილი 3) ნაჩვენებია ხილ-ბოსტნეულის კონსერვების და საწებლების წარმოების დინამიკა საქართველოში. ცხრილი 3 საქართველოში ხილის და ბოსტნეულის კონსერვების წარმოება 2019-2023 წლებში[3] *2023 წლის მონაცემები არის წინასწარი ამ ცხრილიდან ჩანს, რომ საკონსერვო მრეწველობა აღმავლობის პროცესშია. 2023 წელს 2019 წელთან შედარებით ბოსტნეულის კონსერვების წარმოება ნატურაში გაიზარდა 47,9%-ით, ხილის კონსერვების - 50%-ით, ხოლო ტომატ-პასტის, ტყემლის საწებლის - 66,4%-ით. საქართველოში წარმოებული ხილის კონსერვები (კაკლის მურაბა) საერთაშორისო კონკურსის ჯილდოს მფლობელია. 1997 წელს მადრიდში ჩატარებულ გამოფენაზე გორკონის (გორის საკონსერვო ქარხანა „კულა“) პროდუქციამ კაკლის მურაბამ მიიღო ჯილდო „ევროპის თაღი“. მაგრამ მიუხედავად განვითარების სწრაფი ტემპებისა, უკანა რიგშია მწვანე ლობიოს კონსერვი, მარწყვის მურაბა და ჯემი, ჟოლოს, საზამთროს ქერქის და ვარდის მურაბა. საქართველოში მოსახლეობის ჯანდაცვის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის, ეპიდემიური აფეთქებების თავიდან აცილების და მოსახლეობის ხარისხიანი კონსერვირებული პროდუქტების უზრუნველყოფის მიზნით მოქმედებს კონსერვების სანიტარულ-ტექნიკური კონტროლის წესი სამრეწველო საწარმოებში, საბითუმო ბაზრებში, საცალო ვაჭრობაში და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, რომლის საფუძველზე ლაბორატორიულად მოწმდება პროდუქციის ვარგისიანობა. მითითებული კონტროლის წესებისა და ნორმების დარღვევების შემთხვევაში დაწესებულია მკაცრი ადმინისტრაციული ღონისძიებები, ხდება წუნდებული პროდუქციის განადგურება. ასეთი კონტროლით მომხმარებელი რწმუნდება საწარმოებში დამზადებული კონსერვების უვნებლობაში, ხდება მოთხოვნის გადართვა შიდა მეურნეობებში დამზადებული პროდუქციიდან წარმოებაში დამზადებულ პროდუქციაზე. საკონსერვო ფირმები ატარებენ პროდუქციის ფასწარმოქმნის მოქნილ პოლიტიკას. ფასწარმოქმნა ხდება საწარმოო ხარჯების და ბაზარზე კონკურენტების ფასების გათვალისწინებით. საკონსერვო პროდუქციის თვითღირებიულების სტრუქტურა მოცემულია 1 ნახაზზე. როგორც ნახაზიდან ჩანს თვითღირებულების 40%-ს შეადგენს დანახარჯები ნედლეულზე, პროდუქციის წარმოებასა და ტრანსპორტირებაზე. 1 კგ ნედლეულის გადამუშავების ხარჯი 0,8-1 ლარია. მაღალია დანახარჯები მინის ტარის და დამხმარე მასალების შესაძენად. საქართველოში არსებული ქსანის მინის ქარხანა ვერ აკმაყოფილებს მინის ტარაზე გაზრდილ მოთხოვნებს, მაშინ როდესაც ასეთი საწარმოები შეიძლება შეიქმნას. საქართველოში მოთხოვნა საკონსერვო პროდუქციაზე 160-170 მილიონი პირობითი ქილაა, რაც სრულად კმაყოფილდება (ზოგიერთი სასაქონლო პოზიციის გარდა) როგორც შიდა მეურნეობებში დამზადებული ხილის და ბოსტნეულის კონსერვით, საწებელებით, ასევე საკონსერვო ქარხნების პროდუქციით. კონსერვებიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა ბოსტნეულის კონსერვზე, ტომატ-პასტა-პიურეზე, ხილის ჯემებსა და ხილფაფაზე არის და შესაბამისად შეადგენს მოთხოვნის 33%, 40% და 8%-ს. შექმნილია ექსპორტის მნიშვნელოვანი საფუძველიც. ექსპორტის მოცულობას მზარდი ხასიათი აქვს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 0,4-0,5%-ს შეადგენს. უცხოური კომპანიების საკონსერვო პროდუქცია არ გამოირჩევა ეკოლოგიური სისუფთავით, ადგილობრივი საწარმოები კი უპირატესობას მსოფლიო ბაზარზე პროდუქციის სიჯანსაღით, უნიკალურობით, მაღალი ხარისხით და შედარებით დაბალი ფასებით აღწევენ. ხდება მიზნობრივი მომხარებლის მოთხოვნის შესწავლა, პროდუქციის ყველა ასპექტის დაქვემდებარება მომხმარებელთა ინტერესებთან, წინ წაწევის სწრაფი და ეფექტიანი არხების მოძიება, გრძელდება გაყიდვის შემდგომი ორმხრივი კომუნიკაცია მომხმარებელთან. გერმანიაში მოთხოვნაა ქართულ საწებლებზე, მურაბებზე, ტყემლის კონსერვზე. ევროპის დანარჩენ ქვეყნებში მოწონებით სარგებლობს საწებლები, ტყემალი. ისრაელში მურაბები და ტყემლის კონსერვი იმსახურებს მოწონებას, რუსეთში საწებლები და ჯემები. „კულა“ს 2000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირდება. საქონლის წინ წაწევა მწარმოებლიდან მომხმარებლამდე შუამავლის-საბითუმო ფირმის მეშვეობით ხორციელდება. საბითუმო ქსელი თვითონ უზრუნველყოფს საქონლის ტრანსპორტირებას, შენახვას, რეკლამას, საცალო სავაჭრო ქსელისათვის მიწოდებას, გაყიდვის სტიმულირებას.
ნახ.1. საკონსერვო პროდუქციის თვითღირებულების სტრუქტურა ლიდერმა კომპანიამ თი ემ თი-მ რეკონსტრუქციის შემდეგ ზურგი აქცია საქართველოს ბაზარს და ნატურალური პროდუქცია მიაწოდა ევროპის ქვეყნებს, აშშ-სა და ისრაელს. მხოლოდ პანდემიის პერიოდში გადაწყვიტა ადგილობრივ ბაზარზეც წარმოეჩინა საკუთარი შესაძლებლობები და ახლა საქართველოში 1000-მდე სავაჭრო ობიექტს ამარაგებს. ლიდერი ფირმების წარმოებული პროდუქციის 50-60%-ი ექსპორტირდება, 40-50%-ი კი მიეწოდება ადგილობრივ ბაზარს. ცხრილ 4-ში მოცემულია საკონსერვო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის დინამიკა საქართველოში. საკონსერვო პროდუქციის იმპორტი მთლიანი იმპორტის 0,7-0,9%-ს შეადგენს. იმპორტი 116725,5 ათ აშშ დოლარით აღემატება ექსპორტს (2023 წლის მონაცემებით). ცხრილი 4 საქართველოში საკონსერვო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტი 2019-2023 წლებში[4]
ექსპორტის 13,8%-ს შეადგენს მზა საწებლები; ჯემი, ხილფაფა, ხილ-კენკროვანი ჟელე - 5,8%-ია; კონსერვები და მზა კერძები 69,8%-ი (2023 წლის მონაცემებით). იმპორტის 8,2%-ს შეადგენს ხორცი და ხორცპროდუქტები, 7,2%-ს ტომატ-პასტა, 5%-ს გაყინული და დაკონსერვებული თევზი და ხიზილალა, 27,8%-ს საწებლები (2023 წლის მონაცემებით). ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია საკონსერვო პროდუქციის ექსპორტის დინამიკა მსხვილი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით (იხ. ცხრილი 5). ის არასტაბილურობით გამოირჩევა, საერთაშორისო ბაზრის ათვისებას კი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. 2023 წელს საკონსერვო პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება (იხ. ცხრილი 6). ცხრილი 6 საკონსერვო პროდუქციის ექსპორტი ქვეყნების მიხედვით 2023 წელს[5]
ცხრილი 5 საქართველოში საკონსერვო პროდუქციის ექსპორტი ძირითადი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით 2019-2023 წლებში[6]
ზედმეტი არ იქნება თუ მოვიყვანთ სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოში ხილ-ბოსტნეულის გადამუშავების და კონსერვების საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობის და მათი შრომის ანაზღაურების შესახებ (იხ.ცხრილი 7) ცხრილი 7
*2023 წლის მონაცემები არის წინასწარი საკონსერვო პროდუქციის მოხმარებას სეზონური ხასიათი აქვს. ოქტომბერ-აპრილში ხდება კონსერვის ინტენსიური მოხმარება. სარგებლიანობასთან ერთად, კონსერვი არის დიდი რისკის შემცველი პროდუქტი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მძიმე დაავადების პროვოცირება და მოწამვლა. ამიტომ, კონსერვის უვნებლობის დაცვისათვის, საჭიროა ნატურალური და საღი პროდუქტების გამოყენებასთან ერთად დაცული იყოს შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადები. ჩვენს მიერ ჩატარებული მომხმარებელთა შესწავლის შედეგად დავადგინეთ, რომ შემოსავლების მიუხედავად, მომხმარებელთა 88-90% მოიხმარს საკონსერვო პროდუქციას. მომხმარებელთა 25%-ი არ ყიდულობს ქარხნული წესით დამზადებულ კონსერვებს, რადგან თვლიან, რომ პროდუქცია ფალსიფიცირებულია, დარღვეულია ტექნოლოგია, შეიცავს მავნე დანამატებს და აქვს მაღალი ფასი. ისინი შიდა მეურნეობებში ტრადიციული საოჯახო რეცეპტებით ამზადებენ კონსერვებს. 10%-ი საერთოდ არ მოიხმარს კონსერვს. მომხმარებელთა 45%-ი ზოგიერთ კონსერვს ამზადებს ოჯახში. ნაწილს ყიდულობს, რადგან თვლიან, რომ საწარმოში დამზადებული ბოსტნეულის კონსერვი, მარინადი, ტომატი უსაფრთხოა და სასარგებლოა, ვიდრე კუსტარულად, შიდა მეურნეობაში დამზადებული. რესპოდენტთა 20%-ი (ძირითადად ახალგაზრდა ოჯახები) მხოლოდ საცალო სავაჭრო ქსელში შეიძენენ კონსერვს, რადგან ოჯახში ვერ ამზადებენ უდროობის გამო. მომხმარებელთა 20%-მა შენიშვნა გამოთქვა მურაბების და ბოსტნეულის კონსერვების შედგენილობის, კონსისტენციის და გემოს გამო. მოითხოვეს თანამედროვე ტექნოლოგიის შერწყმა ტრადიციულ საოჯახო რეცეპტებთან. მათი აზრით საჭიროა თნამედროვე ტექნოლოგიებით ტრადიციული საოჯახო რეცეპტების უფრო მეტად მოდერნიზება. სამამულო ნაწარმის კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს კვლევის შედეგი: მომხმარებელთა 63%-ი უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ ქართულ კონსერვებს, 37%-ი კი - იმპორტულ ანალოგიურ ნაწარმს. მომხმარებელთა 20%-ის აზრით ეტიკეტზე არსებული მონაცემები არ შეესაბამება სინამდვილეს, ამიტომ უჭირთ ეკოლოგიური სისუფთავის შეფასება. მომხმარებელთა 50%-ი ენდობა ეტიკეტზე არსებულ მონაცემებს. 30%-ი კი არაკომპეტენტურია ხარისხის შეფასებაში, მათთვის მნიშვნელოვანია ლაბორატორიული კვლევის შედეგად გაცემული ხარისხის სერტიფიკატი. მომხმარებელთა მხოლოდ 25%-ი მოიხმარს ქარხნული წესით დამზადებულ მურაბებს და ჯემებს. მაღალია იმ მომხმარებელთა (ოჯახების) ხვედრითი წილი, რომლებიც საცალო სავაჭრო ქსელში შეძენილ საწებლებს და ტომატ-პასტას მოიხმარენ - 80%-ი. იმპორტული და სამამულო საკონსერვო პროდუქციის სამომხმარებლო თვისებები (არომატი, გემო, ფერი, კონსისტენცია, შედგენილობა და ეკოლოგიური სისუფთავე) მომხმარებლებმა ერთნაირი ქულებით შეაფასეს (4 ან 5 ქულა) შეფასების 5 ქულიანი სისტემით. მხოლოდ ქართული მურაბების და ჯემების სამომხმარებლო თვისებებს მისცეს უპირატესობა (V=0,1) მაღალი შეთანხმების დროს. ყველაფერი ეს კარგია, მაგრამ არ შეიძლება დავკმაყოფილდეთ მიღწეულით. შემდგომი განვითარებისათვის საჭიროდ მიგვაჩნია: - საკონსერვო წარმოების სეზონურობის ხასიათის მიუხედავად მომხმარებელს პროდუქცია მიეწოდოს სტაბილურად, უმოკლეს დროში. ამ მიზნით შეიქმნას საცავები, სასაწყობო ფართობები. აღიჭურვოს ამწევ-სატრანსპორტო მოწყობილობებით, პროდუქციის შენახვის გარემო-პირობები შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს; - გამოიკვლიონ მიზნობრივი საერთაშორისო ბაზრები (სკანდინავიის ქვეყნები, კანადა, ჩინეთი, შუა და წინა აზიის ქვეყნები, სნგ ქვეყნების ჩრდილოეთი რაიონები,) შემუშავდეს დივერსიფიკაციის სტრატეგია. ითანამშრომლონ რამდენიმე შუამავალ საბითუმო ფირმასთან. შეიქმნას ოპტიმალური ლოგისტიკური სქემა, მომხმარებელს პროდუქცია მიეწოდოს უმოკლეს დროში, უწყვეტად; - მოხდეს საკონსერვო პროდუქციის პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე, ნატურალური ნედლეულით სარგებლობა ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტია ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად; - ქართულ საწარმოებს ზედმეტად ნუ გაიტაცებს საეთაშორისო ბაზარი, ადგილობრივ მომხმარებელსაც მიაწოდოს ისეთი პროდუქცია, რომელზეც დაუკმაყოფილებელი მოთხოვნაა; - გაფართოვდეს პროდუქციის ასორტიმენტი, ორმხრივი კომუნიკაცია დამყარდეს მიზნობრივი ბაზრის მომხმარებელთან. გამოიკვლიონ კონკრეტული მოთხოვნები, შენიშვნები, შეხედულებები; - საკონსერვო პროდუქციის რეკლამა იყოს უფრო დეტალიზებული, სისტემატურად იყოს გამოყენებული გასაღების სტიმულირების საშუალებები, სადღესასწაულო და მიმდინარე ფასდაკლებები. საცალო სავაჭრო ქსელის ობიექტებში გაფართოვდეს საკონსერვო პროდუქციის ასორტიმენტი, წარმოდგენილი იყოს ყველა ლიდერი კომპანიის პროდუქცია; - საქართველოში შეიქმნას მინის ტარის მწარმოებელი საწარმოები, რადგან ქვეყანაში არსებული ერთადერთი საწარმო ვერ აკმაყოფილებს ტარაზე გაზრდილ მოთხოვნას. დასკვნა შედეგებმა ცხადყო, რომ უმოკლეს დროში ქვეყენაში აღორძინდა საკონსერვო დარგი, შეიქმნა საერთაშორისო საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ და ბაზარს მიაწვდიან ნატურალურ, ჯანსაღ პროდუქციას. ეს მნიშვნელოვანი ბერკეტია საეთაშორისო ბაზრის ასათვისებლად. ადგილობრივმა წარმოებამ არა მარტო ჩაანაცვლა მოზღვავებული იმპორტი და ტრადიციულ შიდა მეურენეობებში წარმოებული პროუქცია, არამედ საერთაშორისო ბაზარზეც კონკურენტუნარიანია და აქვს სერიოზული მიღწევები. თითოეულ მიზნობრივ ბაზარზე მარკეტინგის ინდივიდუალური კომპლექსია გამოყენებული. აწარმოებენ მოქნილი ფასწარმოქმნის, გასაღების, საქონლის წინ წაწევის, გაყიდვის შემდგომი ორმხრივი კომუნიკაციების და სხვა პოლიტიკას. გამოყენებული ლიტერატურა
[1] ცხრილი შედგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების საფუძველზე [2] ცხრილი შედგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების საფუძველზე [3] ცხრილი შედგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების საფუძველზე [4] ცხრილი შედგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების საფუძველზე 6 ცხრილი შედგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების საფუძველზე 5 ცხრილი შედგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების საფუძველზე |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||