English / ქართული / русский /
ნინო ჟორჟიკაშვილი
საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებული ინოვაციები და გამოწვევები

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობა და გამოკვეთილია ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჯანდაცვის დარგის განვითარებაზე, ინოვაციურ ჭრილში. გაანალიზებულია ინოვაციების გავრცელების პრობლემები და ხელშემშლელი ფაქტორები, როგორებიცაა ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯების ხარჯ-ეფექტურობა, მედიკამენტების მაღალი ფასები და დაბალი ხელმისაწვდომობა, პრობლემები პირველადი ჯანდაცვის სფეროში, ოლიგოპოლიის ნიშნები აღნიშნულ დარგში, ჯანდაცვის სექტორის მწირი დაფინანსება  და ა.შ.

საკვანძო სიტყვები: ინოვაციები ჯანდაცვის სისტემაში, ციფრული მედიცინა, ხელოვნური ინტელექტი. 

შესავალი

გლობალიზაციის პროცესის სწრაფი ტემპები განაპირობებს ინდუსტრიალი­ზაციის, ურბანიზაციის, ეკონომიკური და პოლიტიკური ლიბერალიზაციის, სოციალური და ეკოლოგიური გარდაქმნების გლობალურ მასშტაბებს, რაც  პოპულაციისთვის სარგებლის მიღებასთან არის დაკავშირებული, თუმცა აღნიშნული პროცესი უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც დაკავშირებულია გარემოს დაბინძურებასთან, კლიმატის ცვლილებასთან, ბიო-ტერორიზმთან, სამხედრო კონფლიქტებთან, ჰუმანიტარულ კატასტროფებთან და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნებისმიერი ქვეყნისათვის მწვავედ დგას ჯანდაცვის სფეროზე გაწეული ხარჯების მზარდი ხასიათი. ჯანმრთელობის დაცვა მომსახურების განსაკუთრებულ სფეროს წარმოადგენს, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს ეკონომიკური ზრდის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების ფორმირებაში. სამედიცინო მომსახურება განაპირობებს შრომითი რეზერვების ხარისხს და კვლავწარმოებას, ქმნის სოციალური და ეკონომიკური ზრდის ბაზას. ჯანმრთელობის დაცვის ეფექტური სისტემა ეროვნული უსაფრთხოების გარანტიაა. ამდენად, ჯანდაცვის სისტემის გამართული და წარმატებული მუშაობა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის კეთილდღეობის მაჩვენებლების გაზრდისათვის და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის.

კვლევის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ინოვაციების მიმართულებით არსებული ბოლოდროინდელი ტენდენციებისა და მიღწევების შეფასება. კერძოდ, განხილულია მოცემულ სექტორში არსებული ისეთი დადებითი ძვრები, რომლებიც დაკავშირებულია ინოვაციური პლატფორმების, მაღალტექნოლოგიური პროდუქტების და სერვისების, საინფორმაციო-ტექნოლოგიური, სამედიცინო-ფარმაცევტული და სხვა ტიპის  ინოვაციების დანერგვა-გავრცელებასთან.

საკვლევი თემის მიზანს წარმოადგენს ასევე იმ პრობლემებისა და ხელშემშლელი  ფაქტორების გაანალიზება, რაც ზემოაღნიშნული დადებითი ტენდენციების მიუხედავად, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების/სერვისების, პროექტების დანერგვისა და გავრცელების მიმართულებით და აქედან გამომდინარე, აფერხებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას. 

ინოვაციები საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჯანდაცვის სისტემა არის ყველა ორგანიზაციის, დაწესებულების ერთობლივი ძალისხმევა, რისი მიზანიცაა ადამიანთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა და გაუმჯობესება (WHR-2000) [საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი,2017:5]. ჯანდაცვის სექტორი, როგორც ეკონომიკის დარგი, თავისი სპეციფიკურობით ხასიათდება. ეს სპეციფიკა ეკონომიკური ურთიერთობების განსაკუთრებულ ფორმებს განაპირობებს. ცნობილი ამერიკელი ეკონომისტის უილიამ ჰსიაოს მიხედვით, ჯანდაცვა „პათოლოგიური ეკონომიკაა, სადაც საბაზრო ძალების გავლენა სერვისების მოცულობაზე, მათ ფასსა და ხარისხზე არსებითად განსხვავდება ჩვეულებრივი ბაზრებისგან” [Hsiao,W.C.,1995:1047-1055]. ჯანდაცვის სისტემა გამოირჩევა კომპლექსურობითა და პრობლემების მრავალფეროვნებით, თუმცა მთავარ პრობლემას მაინც სამი ფაქტორის - ხელმისაწვდომობის, ფასისა და ხარისხის დაბალანსება წარმოადგენს. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას საქართველოს ჯანდაცვის სექტორის წინაშე, რომლის გადაჭრის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს უცხოური გამოცდილების გაზიარება, ინოვაციების შემოღება, დანერგვა და  მათი შემდგომი განვითარება.

ჯანდაცვის სფეროში ინოვაცია ტექნოლოგიურად ითვლება, თუ სამედიცინო მომსახურების გაწევის მეთოდები პრინციპულად ახალი და ტექნოლოგიური თვალსაზრისით გაუმჯობესებულია. სპეციალისტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობასა და ეფექტურობას. სწორედ მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება უზრუნველყოფს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას [კიწმარიშვილი ქ., 2019:432].

სამედიცინო დარგის დიგიტალიზაცია სწრაფი ტემპებით ვითარდება და კიდევ უფრო შეცვლის ჯანდაცვის სფეროს შემდგომ წლებში. ტექნოლოგიური ინოვაციები, ელექტრონული ჯანდაცვის მზარდი განვითარება და მისი პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას იძლება მედიცინა გახდეს კიდევ უფრო პერსონალიზირებული, პერსონიფიცირებული და ხარჯთეფექტური. იმისთვის, რომ საქართველომ ინოვაციების მიმართულებით წინ გადადგას ნაბიჯები, საჭიროა ქვეყანას ჰყავდეს სათანადო განათლების და გამოცდილების კადრები, რომლებიც თანაბრად ერკვევიან როგორც მედიცინაში, ისე ციფრულ ტექნოლოგიებში.

     ელექტრონული მედიცინის საბოლოო მიზანია შეიქმნას Grid[1]-მედიცინა, რომელიც მოიცავს ბიოსამედიცინო მონაცემების დამუშავების პრობლემის გადაწყვეტის სპეციფიურ სერვისს. Grid-მედიცინის რესურსებია: მონაცემთა ბაზები, კომპიუტერული რესურსები, სამედიცინო ცოდნა, სამედიცინო აპარატურა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ელექტრონული მედიცინის საბოლოო მიზანი Grid-მედიცინის შექმნაა, რომელიც მოიცავს ელექტრონული მედიცინის ყველა რესურსს, უსაფრთხოებისა და ავტორიზაციის ჩათვლით, რათა შესაძლებელი გახდეს Grid-მედიცინის დამოუკიდებელი სეგმენტების ერთიანი მართვა [Wolfgang L., Åsmund S.,2018:1-2]. Grid-ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სისტემებს ძალუძთ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ გაბნეული და დანაწევრებული სამედიცინო მონაცემების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, კომპიუტერული პროგრამების გამოყენების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და აუცილებელია ინოვაციების დანერგვა საქართველოს ჯანდაცვის სექტორში, ვინაიდან დღესდღეობითაც პირველად ჯანდაცვასა და მედიკამენტებზე დანახარჯები საკმაოდ მზარდია, კვლავ მაღალია ექიმთან მიმართვიანობის რიცხვი, დაავადებულ პაციენტთა რიცხოვნობაც მზარდი ტენდენციით ხასიათდება,რაც განაპირობებს სამედიცინო მომსახურების ფასის ზრდას  და საბოლოო ჯამში შინამეურნის  დანახარჯებს. თუმცა უნდა აღინიშნოს დადებითი ტენდენციები საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში, განსაკუთრებით კი ეს ეხება ინფორმაციული ტექნოლოგიების და ინოვაციების ეტაპობრივად დანერგვას, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. საყურადღებოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2019 წლის 3 იანვარს ,,ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების განსაზღვრის წესის შესახებ“  მიღებული ინოვაციური პროექტი (ბრძანება ,,ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის“ შესახებ №01-1/ნ, 2019 წლის 3 იანვარი).  აღნიშნული წარმოადგენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ციფრულ საცავს. EHR სისტმა მოიცავს ნებისმიერი პაციენტის ჰოსპიტალიზაციის ეპიზოდისა და ამბულატორიული ვიზიტის დროს შეგროვილ სამედიცინო ხასიათის ინფორმაციას. სისტემის მიზანია, ავტორიზებული პირებისგან შეაგროვოს, შეინახოს, გაზიარებადი გახადოს და დაამუშაოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერები, რაც უწყვეტი, ეფექტიანი, პაციენტზე ორიენტირებული და ხარისხიანი, ინტეგრირებული ჯანმრთელობის  დაცვის სისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს. სისტემის ამოქმედება უფრო მოქნილს ხდის პაციენტების მომსახურებას, რადგან ექიმს აქვს მყისიერი წვდომა ყველა საჭირო ინფორმაციაზე პაციენტის მიერ გადატანილი ავადმყოფობების, ინფექციებისა და სხვადასხვა რისკის შესახებ. თუმცა ვინაიდან სისტემა მოითხოვს სხვადასხვა სახის სამედიცინო ინფორმაციის შეგროვებას თითოეულ პაციენტზე ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადია.

ელექტრონულიჩანაწრებისსისტემას  უპირატესობები:

  • HIS-ის დანერგვის შემდეგ, აღარ არსებობს ხელით წერასთან დაკავშირებული პრობლემები. შესაბამისად, ექიმებისა და ექთნების სამუშაო პროცესში მცირდება უზუსტობები, დროითი დანაკარგი  და ნაწერი არის კითხვადი;
  • ანკეტების დაკარგვის ალბათობა მინუმუმამდეა შემცირებული,აღარ არის საჭირო ახალი ანკეტის გახნა და მკურნალობის პროცესი უფრო ეფექტურია;
  • სამედიცინო დაწესებულების ქსელში წარმოდგენილია ერთიანი ინფორმაცია. მაგალითად, თუ პაციენტმა კვლევა ქსელის ერთ კლინიკაში გაიკეთა, ექიმთან კი მეორე კლინიკაში ჩაეწერა, ორივე კლინიკის პერსონალს აქვს ინფორმაცია;
  • ინფორმაციის არქონის გამო, არასაჭირო მკურნალობაში ექიმები დროს აღარ ხარჯავენ. მაგალითად, ხშირად ექიმებმა არ იციან რა შედეგი გამოიღო სხვა ექიმის მიერ გაწეულმა მკურნალობამ და ისინიც არაეფექტურ მკურნალობას იმეორებენ;მედიკამენტების აღრიცხვის პრობლემების მოგვარება;
  • მოწესრიგებული რეგისტრატურა;
  • შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის დალაგება;
  • პერსონალის ხელფასების სწორად გამოანგარიშება და ჩარიცხვა;
  • ფინანსური დანაკარგების შემცირება;

გარდა ზემოაღნიშნული სარგებლებისა, ძალიან მნიშვნელოვანია ელექტრონული ჩანაწერების სისტემის გარემოზე დადებითი ზემოქმედება, კერძოდ ის ფაქტი, რომ დოკუმენტების ელექტრონული წარმოება ზოგავს ქაღალდს და მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც ეკონომიკურ დანახარჯებს, ისე დროით დანახარჯებს, რომ არაფერი ვთქვათ ეკოლოგიური დანახარჯების მნიშვნელოვან შემცირებაზე. სპეციალისტების შეფასებით, ელექტრონული ჩანაწერების სისტემის დანეგვა ექიმებს კვირაში დაახლოებით 10-20 საათს აზოგვინებს, რაც შეუძლიათ პაციენტებს დაახარჯონ. ასევე, ხაზი უნდა გაესვას ადამიანური უსაფრთხოების საკითხებს, რაც მწვავედ დგას დღევანდელ რეალობაში-ელექტრონული დოკუმენტები დაცულია ყაჩაღობისგან, ადამიანური შეცდომების შედეგად დაკარგვისგან და ბუნებრივი კატასტროფებისგან.

საქართველოს ჯანაცვის სექტორიში მნიშვნელოვან ინოვაციას წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის მქონე აღჭურვილობა-ექიმი-რობოტი, პირველადი ჯანდაცვის ციფრული დიაგნოსტიკური ცენტრი. მისი გამოყენებით შესაძლებელია სამედიცინო კვლევის ჩატარება, პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ მონაცემების მიღება, შენახვა და დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა. ინიციატივა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკუთვნის. ტელემედიცინის მოწყობილობას აქვს შესაძლებლობა გაზომოს ადამიანის სხეულის მასის ინდექსი, წონა, სიმაღლე, ჟანგბადის კონცენტრაცია, გლუკოზის, შარდმჟავას, ქოლესტერინის შემცველობა სისხლში, შეუძლია ორგანიზმში ცხიმიანობის ხარისხის დადგენა, სხეულის ტემპერატურის, სისხლის წნევის გაზომვა, ელექტროკარდიოგრაფიული კვლევის ჩატარება, ლიპიდური სპექტრის განსაზღვრა. არსებობს როგორც დიდი ზომის ასევე პორტატული აპარატები, რომელთაც საკმაოდ მძლავრი ფუნქციები აქვთ და შეუძლიათ გამოიკვლიონ სხვადასხვა ორგანო, მათ შორის შესაძლებელია თვალის ფსკერის, ყელის, ყურის, პირის ღრუს დიაგნოსტირება, ასევე ელექტროკარდიოგრაფიული და ულტრასონოგრაფიული კვლევის ჩატარება, გულსისხლძარღვთა და სასუნთქი პათოლოგიის დიაგნოსტირება. კვლევის შედეგები მონაცემთა ერთიან ბაზაში იგზავნება. 

საქართველოს ჯანდაცვისსი სტემაში არსებული გამოწვევები

ჯანდაცვაზე ხარჯების ზრდა არამარტო საქართველოს, არამედ ბევრი ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. იგი უმთავრესად დაკავშირებულია ჯანდაცვის სექტორისათვის დამახასიათებელ ტენდენციასთან. ბევრ ქვეყნებში ჯანდაცვის ხარჯების ზრდის ტემპი აღემატება მთლიანი ეკონომიკის ზრდის ტემპებს, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ეკონომიკის სხვა დარგებთან შედარებით, ჯანდაცვის სექტორში უფრო მეტად ინერგება ახალი ტექნოლოგიები, სამკურნალო-სადიაგნოსტიკო მოწყობილობა-დანადგარები, მედიკამენტები.

   ქვემოთ განხილულია საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ინოვაციების დანერგვისა და გავრცელების ხელშემშლელი ფაქტორები, რის გამოც ვერ ხერხდება რესურსების გამოთავისუფლება და მიმართვა ინოვაციური პროექტების დანერგვა-განვითარებაზე:

-ჯანდაცვის სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ინოვაციური ინფრასტრუქტურის ნაკლებობა - ბოლო პერიოდში განხორციელებული დადებითი ძვრების მიუხედავად,  ჯანდაცვის სექტორში დღეს არსებული მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძვლები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების ხარისხს, უწყვეტობას, თანმიმდევრულობას და ეფექტიანობას. კერძოდ, შემუშავდა სამედიცინო დაწესებულებათა კლასიფიკაციის დოკუმენტი, თუმცა, ჯერ არ არის განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების დონეებს შორის კავშირები და უკუკავშირები [საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, 2017: :8]. საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის ელექტრონული სისტემის სხვა მრავალი კომპონენტის-ტელემედიცინის, მობილური ჯანმრთელობის, ტელეპრევენციის, დისტანციური განათლების განვითარებისათვის აუცილებელია საკანონმდებლო და ტექნოლოგიური ცვლილებების გატარება და ევროკავშირის ანალოგიურ სისტემებთან ჰარმონიზებული  სისტემის შექმნა.

ოლიგოპოლიის ნიშნები ჯანდაცვის სექტორში და მზარდი ფასები მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურების პროდუქტებზე-საქართველოს ჯანდაცვის ბაზრისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ოლიგოპოლიის ნიშნები, რაც კარტელური გარიგებების წარმოშობის ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის. ფონდ „კურაციოს“ [2]მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით , საქართველოში მედიკამენტების ფასები მნიშვნელოვნად აღემატება იმავე მედიკამენტებზე ევროპის ქვეყნებში არსებულ ფასებს. ასევე, მედიკამენტების ფასნამატმა იმპორტიდან (საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთიდან) საცალო ქსელის დახლამდე შეადგინა 102%. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს ფასნამატის მარჟა სულ მცირე ორჯერ აღემატება ევროპის ქვეყნებში დაფიქსირებულ მარჟას.  ჯანდაცვის სისტემის შეზღუდული კონკურენცია ნეგატიურად მოქმედებს  ჯანდაცვაზე გამოყოფილი სახრების ეფექტურ ხარჯვაზე, განსაკუთრებით კი ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, სადაც ჯანდაცვაზე ისედაც მწირი რესურსები არის გამოყოფილი. აქედან გამომდინარე, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა კონკურენციის ხელშეწყობის მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ჯანდაცვის ხარჯებს,გაზრდის სამედიცინო მომსახურების ხარისხს და  რაც მთავარია, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარებას მისცემს ბიძგს.

-სუსტად განვითარებული პირველადი ჯანდაცვა - კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პირველადი ჯანდაცვის დეფინიცია, სისტემის ორგანიზაციული მოწყობის მოდელი და მარეგულირებელი გარემო, სუსტი უკუკავშირი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და ჰოსპიტალურ დაწესებულებებს შორის, მომსახურების ფრაგმენტულობა, ნაკლები ყურადღება დაავადებათა პრევენციაზე, მათ ადრეულ გამოვლენასა და მართვაზე.გარდა ამისა, ქვეყნის დონეზე არაერთგვაროვანი და საკმაოდ განსხვავებულია პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის ხარისხი. საქართველოში ჯანდაცვის ხარჯების შეკავების პრობლემა უფრო მძიმეა იმ თვალსაზრისით, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემა ნაკლებადაა განვითარებული. პაციენტები პირველადი ჯანდაცვის რგოლის გვერდის ავლით, ექიმის დანიშნულების გარეშე ყიდულობენ მედიკამენტებს და ეწევიან თვითმკურნალობას. შედეგად, კატასტროფულად მაღალია ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში მედიკამენტების ხარჯების წილი, დაახლოებით 40%, მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნებში იგი 10-15%-ს აღწევს.  პირველადიჯანდაცვის სისტემის ეფექტინი ფუნქციონირების მიზანია, აღმოიფხვრას პაციენტთა თვითმიმართვები სპეციალისტებთან, რაც თავიდან აგვარიდებს ძვირადღირებულ ჰოსპიტალურ მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯებს, რის შედეგადაც მცირდება არააუცილებელი სერვისების ჩატარების სტიმული და ჯანდაცვის ხარჯები [Macinko J.,2003:15]. დოკუმენტში ,,საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვა 2030 წლისათვის’’ ნათქვამია, რომ სახელმწიფო გეგმავს  პირველად ჯანდაცვასა და პრევენციაზე გამოყოფილი დანახარჯების 19,3 პროცენტიდან 40 პროცენტამდე გაზრდას (იხ.გრაფ. 1.), დროული დიაგნოზისა და პრევენციული სერვისების წყალობით. 

გრაფ. 1 ჯანდაცვის სისტემის სამიზნე ინდიკატორები, 2030 

 

წყარო:საქართველოს პარლამენტი, საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვა

2030 წლისათვის, 2017 წ. გვ. 17 

არაადექვატური ტარიფები ჯანდაცვის პროდუქტებსა და სერვისებზე-საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი ,,საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვა 2030 წლისათვის“ ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრებას. ამ დადგენილების მიზანია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულმა სამედიცინო დაწესებულებებმა კონკრეტული სამედიცინო სერვისები ერთიანი დადგენილი ტარიფით მიაწოდონ [საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, 2017:15]. აღნიშნული ღონისძიების შედეგად ხელმწიფოს შესაძლებლობა ეძლევა საკმაოდ სოლიდური თანხები დაზოგოს, კერძოდ რეანიმაციის სერვისისთვის ის დანაზოგი, რომელიც ტარიფების გათანაბრებით შეიძლება მივიღოთ დაახლოებით 30 მლნ ლარს შეადგენს, რაც შეეხება კარდიოქირურგიის დარგს, აქ სახელმწიფოს მიერ ძალიან მცირეა დანაზოგი, დაახლოებით 3 მლნ ლარი, თუმცა აქ მოსალოდნელია 11 მლნ ლარის დაზოგვა პაციენტების მიერ, რომელიც მოდის ჯიბიდან გადახდის წილზე და სხვადასხვა დანამატის ხარჯზე [კონრად ადენაუერის ფონდი,2013:8]. აღნიშნული რეგულაციები ხელს შეუწყობს სხვადასხვა კლინიკებში ფასების გათანაბრებას და გაზრდის სამედიცინო სერვისებზე მოსახლეობის ფინანსურ ხელმისაწვდომობას. უნდა აღინიშნოს, რომ ჯანდაცვის სისტემაში არსებული არაადეკვატური ტარიფები საფრთხეს უქმნის მაღალტექნოლოგიური სერვისების განვითარებას, რაც შეეხება ზემოაღნიშნული რეფორმების შედეგად გამოთავისუფლებულ დანაზოგებს, შესაძლებელი იქნება მისი ეფექტური გამოყენება ინოვაციებზე დაფუძნებული  პროდუქტების/სერვისების და პროექტების დასაფინანსებლად. 

დასკვნა

ჯანმრთელობის დაცვა მომსახურების განსაკუთრებულ სფეროს წარმოადგენს, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს ეკონომიკური ზრდის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების ფორმირებაში. ჯანდაცვის სისტემა უნდა განვიხილოთ, როგორც ინოვაციების ინკუბატორი-ეს იმას ნიშნავს, რომ ინოვაციური მიდგომების გარეშე შეუძლებელი იქნება იმ საჭიროებების გათვალისწინება, რაც დღესდღეობით რეალურად დგას ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის წინაშე.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საკანონმდებლო, ტექნიკური თუ ინოვაციური პროექტების მიმართულებით, რომლებიც მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებლის საჭიროებებზე. თუმცა, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ  ყველა მნიშვნელოვან სამთავრობო დოკუმენტში დეკლარირებულია ჯანდაცვის პრიორიტეტულობა, ნაშრომში გამოკვეთილია ის  გამოწვევები, რაც რეალურად არსებობს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის წინაშე. კერძოდ, ჯანდაცვის სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ინოვაციური ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, რაც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების ხარისხს, უწყვეტობას, თანმიმდევრულობას და ეფექტიანობას. მნიშვნელოვან პრობელმას წარმოადგენს ოლიგოპოლიის ნიშნები ჯანდაცვის სექტორში, რის გამოც ბაზრისათვის ნაკლებად დამახასიათებელია ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების ხელშეწყობისა და დანერგვისადმი მზაობა,   რაც თავის მხრივ კიდევ უფრო მძიმე ტვირთად აწვება თითოეულ მოქალაქეს და ნეგატიურად მოქმედებს  ჯანდაცვაზე გამოყოფილი სახრების ეფექტურ ხარჯვაზე. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების პრობლემები-საქართველო ჯერ კიდევ ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა სახელმწიფო ჯანდაცვაზე დანახარჯის წილით როგორც მთლიან ჯანდაცვაზე დანახარჯებში ასევე მშპ-სა და სახელმწიფო ბიუჯეტში.

დასასრულ, შეიძლება ითქვას, რომ ზემოაღნიშნული პრობლემები მნიშვნელოვნად აფერხებენ საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ზღუდავენ ქვეყანაში ინოვაციებისა და მაღალტექნოლოგიური პროექტების დანერგვა-გავრცელებას, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის მოსახლეობას. აქედან გამომდინარე, აუცილებელია  გრძელვადიანი, დაბალანსებული,  მერცნიერულად დასაბუთებული ჯანდაცვის სისტემის მართვის  სტრატეგიის შექმნა, რომელიც დაფუძნებული იქნება ინოვაციურ მიდგომებზე და გახდება ჯანდაცვის  ეროვნული სისტემის რეალური პრიორიტეტი. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ვერულავა თ.,“კონკურენტული სადაზღვევო სისტემა და საყოველთაო ჯანდაცვის გამოწვევები“, 2020, გვ. 1-3
  2. კიწმარიშვილი ქ.,“ტექნოლოგიური ინოვაციები ჯანდაცვაში“, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, „მწვანე ეკონომიკის ფორმირების თანამედროვე პრობლემები“, 2019 წ, გვ. 432-433
  3. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი,,საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვა 2030 წლისათვის’’, 2017 წ. გვ.1,5,8,14,15-18
  4.  Delaronde Steve, William kissick ,,Iron Triangle of Health Economics”, Concept of William kissick, 2019,pp.1-2
  5. Hsiao, W.C. 1995. The Chinese Health Care System: Lessons for Other Nations. Social Science and Medicine, vol. 41, pp. 1047-1055
  6. Macinko J et al. The contribution of primary care systems to health outcomes within Organization for Economic Cooperation and Development (OECD) countries, 1970-1998. Health Serv Res. 2003


[1] Grid-მმართველობითი ბადე, ინფრასტრუქტურა რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების დამუშავებას, გადაცემას და შენახვას.

[2] საერთაშორისო ფონდი კურაციო-არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მისიაა ჯანდაცვის გაუმჯობესება ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების გზით.