English / ქართული / русский /
მეგი სურმანიძეროსტომ ბერიძე
სოციალური მიმღებლობის ძირითადი მახასიათებლები და სოციალურ–ეკონომიკური გავლენების მქონე ფაქტორები ტურიზმის ინდუსტრიაში

ანოტაცია. სოციალური მიმღებლობა  მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც გავლენას ახდენს ბიზნესში მიმდინარე ურთიერთობების ხარისხზე და კავშირების ხანგრძლივობაზე, აღნიშნულ სტატიაში განხილულია სოციალური მიმღებლობის მნიშვნელობა, მისი განმაპირობებელი  სოციალურ ეკონომიკური ფაქტორები, სოციალურ ურთიერთობებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს რელიგიური მრწამსის, კულტურული იდენტობის, პოლიტიკური, ეთნიკური, რასისტული, პოლიტიკური, სექსუალური და სხვა ფაქტორები. სოციალური მიმღებლობა დაკავშირებულია სოციალურ ინტერაქციასთან, სოციალური გაცვლის თეორიასა და ემოციურ გამოცდილებასთან, მის მიმდინარეობაზე გავლენას ახდენს დემოგრაფიული და ფსიქოგრაფიული ფაქტორებიც.

სტატიაში გაანალიზებულია სოციალური მიმღებლობის და ინტერაქციის მახასიათებლები,  ასევე საქართველოში და სხვა ქვეყანეში განხორციელებული კვლევები, რომლებიც ცხადყოფენ სოციალური მიმღებლობის მნიშვნელობას ბიზნესში, შემოსავ­ლების ზრდის, კმაყოფილი მომხმარებლების დამომსახურების პოპულარიზების ნაწილში.  მომსახურებაც და პროდუქტიც ცვლილებებს განიცდის მომხმარებლის უკუკავშირის, შეფასების, კმაყოფილების შესაბამისად. მომხმარებლების პირადი გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სხვა პოტენციური ან უკვე არსებულ მომხმარებლებზე, (Miao et al., 2011, p. 933). სოციალურ მიმღებლობასა და ბიზნესის განვითარებას შორის არსებობს მნიშვნელოვანი კავშირი, სადაც მომხმარებლის ემოციური, სოციალური გამოცდილება, კმაყოფილება განპირობებულია ურთიერთობების, კომუნიკაციის ხარისხით, მაშასადამე სოციალური მიმღებლობით.

საკვანძო სიტყვები: სოციალური მიმღებლობა, სოციალურ–ეკონომიკური ფაქტორები, ტურიზმის ინდუსტრია 

შესავალი

ტურიზმის ინდუსტრია თანამედროვე სამყაროსთვის წარმოადგენს მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან საყრდენს და შესაძლებლობას, მასპინძლობის ინდუსტრიაში ყოველწლიურად მონაწილეობს მილიონობით ტურისტი, რომლებიც თანხებს ხარჯავენ არამხოლოდ მატერიალური არამედ არამატერიალური მომსახურების შესაძენად, არამატერიულია სოციალური ურთიერთობებით და კავშირებით მიღებული ინფორმაცია, ემოცია, შთაბეჭდილება, კმაყოფილება და  ბედნიერება. სწორედ ურთიერთობებით, კავშირებით მიღებული შთაბეჭდილებები წარმოადგენს ინდუსტრიის მთავარ ღირებულებას. კმაყოფილება და ტურისტის ბედნიერება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ინტერაქციის, სოციალიზაციის და მიმღებლობის ხარისხზე, უფრო კონკრეტულად სოციალურ დამოკიდებულებებზე, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ტურისტის შთაბეჭდილებებსა და სამომავლოდ დასვენების, განმეორებითი ვიზიტის გადაწყვეტილებაზე.

ფსიქოლოგი აარონ სმითი მიიჩნევს, რომ სოციალური მიმღებლობის უნარი ხანგრძლივი და უმეტესად ქვეცნობიერი პროცესია, მიმღებლობა არ ხორციელდება მყისიერად, იმისათვის,რომ ადამიანებმა ერთმანეთთის სრულყოფილად მიღება შეძლონ მნიშვნელოვანია,რომ ერთმანეთში იპოვონ საერთო ინტერესები, და ნიშნები, კერძოდ: რელიგიური, კულტურული ფონი, თანაცხოვრების გამოცდილება, ჩვევები, საერთო ენა, რომელსაც საკომუნიკაციოდ იყენებენ.[1]

ჯანსაღი სოციალური ურთიერთობები ხელს უწყობს ინტერაქციის, სოციალური მიმღებლობის ხარისხის გაუმჯობესებას, ტურისტებსა და ადგილობრივებს შორის დადებითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, ასეთ დროს სწორად მიმდინარეობს სოციალური გაცვლა და ტურისტების მიერ მიღებული ემოციური გამოცდილება  პოზიტიურია.

სოციალური მიმღებლობა გულისხმობს მოწონებას, აღიარებას და სოციალურ ჩართულობას, რომელსაც ინდივიდები ან ჯგუფები იღებენ სხვებისგან საზოგადოების ან საზოგადოების შიგნით. ეს არის თანატოლების, მეგობრების, ოჯახის ან ზოგადად საზოგადოების მიერ საკუთარი რწმენის, მოქმედებების ან ვინაობის აღიარება და დადასტურება

სოციალური მიმღებლობის მიღწევა გავლენას ახდენს ინდივიდების კარგად ყოფნაზე, თვითშეფასებაზე, მიკუთვნებულობაზე. სოციალური მიმღებლობა ასოცირდება პოზიტიურ მენტალურ ჯანმრთელობასთან და შესაბამისად რაციონალურ გამოხატულებებთან, ურთიერთობების განმტკიცებასთან, პიროვნულ ზრდასთან და განვითარებასთან.  სოციალურ მიმღებლობას განაპირობებს სოციალურ–კულტურული ნორმებიც, სოციალური ღირებულებები, ინდივიდუალური განსხვავებები,  ქცევა,  რწმენები,  დამოკიდებულებები. [2]

ტურიზმის ინდუსტრიაში როგორც სოციალურ ინსტიტუტში უდიდესი მნიშვნელობა აქვს სოციალურ ურთიერთობებს, ჯანსაღ კომუნიკაციას, მნიშვნელოვანი  ბიზნეს კავშირების ჩამოყალიბებას,  ინფორმაციის სწორი ფორმით მიწოდებას, სწორად მიღებას, განსხვავებულ ადამიანებს შორის ინტერაქციასა და სოციალურ მიმღებლობას, რადგან სწორედ  მათზეა დამოიდებული ინდუსტრიის ეკონომიკური და სოციალური წინსვლა.  სოციალური ინტერაქცია არის ადამიანური ქცევის  ფუნდამენტური ასპექტი და თამაშობს საკვანძო როლს  ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის მოიცავს აზრთა, ემოციათა, ქცევათა მიმოცვლას ინდივიდებს შორის ვერბალური და არავერბალური  კომუნიკაციის გზით.  სოციალური ინტერაქციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი  ასპექტია:

  1. სოციალური ინტერაქციის ბენეფიტები:
  • ემოციური მხარდაჭერა: სოციალური ინტერაქცია ხელს უწყობს ემოციურ მხარდაჭერას,  კომფორტს და მიკუთვნებულბის გრძნობას.
  • მენტალური სტიმულაცია: ინტერაქციას სხვებთან შეუძლია გავლენის მოხდენა აზროვნებაზე, ცნობიერების განვითარებაზე.
  •  ფიზიკური ჯანმრთელობა: პოზიტიური სოციალური ინტერაქცია აუმჯობესებს ფიზიკურ ყოფას და ჯანმრთელობას.
  • კავშირები: სოციალური ინტერაქცი ხელს უწყობს კავშირების შექმნას, ურთიერთობების ჩამოყალიბებას და შესაძლებლობების გაფართოებას.
  1. სოციალური ინტერაქციის ტიპები:
  • ვერბალური ინტერაქცია: დიალოგები, დისკუსიები, დებატები.
  • არავერბალური ინტერაქცია:  სხეულის ენა,  ემოციის გამოხატვა მიმიკებით, ჟესტები.
  • ჯგუფული ინტერაქცია:  სოციალური თავშეყრები, შეხვედრები, ჯგუფური აქტივობები.
  • ონლაინ ინტერაქცია: სოციალური მედია, ონლაინ კომუნიკაციები.
  1. სოციალური ინტერაქციის გამოწვევები:
  • კომუნიკაციის ბარიერები:  ენობრივი განსხვავებები,  მინიშნებების არასწორი ინტერპრეტაცია.
  • სოციალური შფოთვა: კრიტიკის და განსჯის შიში, უარყოფის შიში, უხეშობა,
  • კონფლიქტი: განსხვავებები განსხვავებები შეხედულებებში, ღირებულებებში , საკამათო მიზნები.
  1. სოციალური ინტერაქციის უნარები:
  • აქტიური მოსმენა: ყურადღების განაწილება, დაინტერესების ჩვენება, დროული უკუკავშირი.
  • ემპათია: სხვების ემოციებისა და პერსპექტივების გაგება
  • საკუთარ თავში დარწმუნებულობა: აზრების და ემოციების გამოხატვა ნათლად და პატივისცემით.[3]

 ემოციური გამოცდილება, შთაბეჭდილებები და დამოკიდებულებებით მიღებული განწყობა წარმოადგენს უმთავრეს ფაქტორს, რომელსაც შეუძლია  გაზარდოს როგორც ტურისტული ლოკაციის ცნობადობა, მიმზიდველობა ასევე ტურისტების რაოდენობა, ტურისტი მასპინძლობის ინდუსტრიაში წარმოადგენს მომხმარებელს რომლის ბედნიერებაც არის უმთავრესი.

კვლევის მიზანია:  

ₒ     სოციალური მიმღებლობის ძირითადი სოციალურ–ეკონომიკური ფაქტორების განსაზღვრა

კვლევის ამოცანებია:

ₒ     სოციალური მიმღებლობის, ინტერაქციისა და სამომხმარებლო სოციოლოგიის სამეცნიერო წყაროთა ანალიზი,

ₒ     სოციალური მიმღებლობის განმაპირობებელი ფაქტორების დახასიათება

ₒ     სოციალურ მიმღებლობასა და სამომხმარებლო კმაყოფილებას შორის კავშირის შესწავლა

ₒ     ტურისტებსა და ადგილობრივებს, ტურისტებსა და ტურისტებს შორის  ინტერაქციის ანალიზი. 

ტურიზმი როგორც სოციალური ინსტიტუტი და სოციალურეკონომიკური გავლენების მქონე ფაქტორები

ყოველწლიური ეკონომიკური და სოციალური მონაცემების, სტატისტიკის გათვალისწინებით ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრია წარმოადგენს  შემოსავლების უმსხვილეს არხს, საშუალებას, რომელსაც გარდა ეკონომიკური, ფინანსური უნარებისა გააჩნია ინტრაკულტურული და ინტერკულტურული ფუნქციაც, მას შეუძლია მსოფლიოს მოსახლეობის ერთმანეთთან დაკავშირება, ძლიერი სოციალური კავშირების ჩამოყალიბება, მსხვილი ბიზნეს კავშირების და ასოციაციების შექმნა, მნიშვნელოვანი გარიგებების, სამეწარმეო საქმიანობების განვითარება, ადგილობრივი და საერთაშორისო დონის მომსახურების პოპულარიზაცია.  ამგვარად,  ტურიზმი არის სოციალური ინსტიტუტი, რომელიც სოციალური ურთიერთობებისა და კავშირების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

მასპინძლობის ინდუსტრიის არსებობა და განვითარება  იწვევს ცხოვრების წესის ცვლილებას, კულტურული ნორმების გადახედვას და ახლით ჩანაცვლებას, ასევე ღირებულებების შეცვლას. პაკისტანში, ჩიტრალის დასახლებაში  განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რესპოდენტების უდიდესი ნაწილისთვის  (რეზიდენტების) ტურიზმი იწვევს ნორმების, წესების, ღირებულებების გადახედვას და ცვლილებას, მაგალითად უფრო ძლიერი გავლენის მქონე ნორმებით ჩანაცვლებას, ადგილობრივებისთვის ტურიზმის გაჩენამ და განვითარებამ გამოიწვია მათი ყოველდღიურობის, ცხოვრების რუტინის, აქტივობების შეცვლაც. გაამრავალფეროვნა სოციალური კავშირები და ურთიერთობები.[4]

ტურიზმის სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე,  ბიზნესის განვითარების პირობის გათვალისწინებით სოციალური კავშირები, ურთიერთობები უნდა წარიმართებოდეს სწორი ფორმით, როგორც უკვე ავღნიშნეთ ტურიზმში სოციალურ მიმღებლობასა და ინტერაქციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, კულტურათაშორისი კომუნიკაციების არსიდან გამომდინარე ერთმანეთისგან უამრავი ნიშნით განსხვავებული ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს და მიუხედავად მათი განსხვავებულობისა მათ უნდა შეძლონ სწორი ინტერაქცია, სოციალური გაცვლა, სოციალური მიმღებლობა და მისი განცობიერება კი წარმოადგენს კულტურათაშორისი ინტერაქციის, კომუნიკაციებისა და სოციალური კავშირების გაძლიერების წინაპირობას. სოციალური მიმღებლობა მოიცავს ისეთ ფაქტორებს როგორიცაა:

ₒ სექსუალური ორიენტაცია, მის მიმართ კულტურული ცნობიერება, აღქმა,დამოკიდებულებები;

ₒ ეთნიკური წარმომავლობა, ეთნიკური უმცირესობებისადმი არსებული ჯანსაღი და არაჯანსაღი დამოკიდებულებები განპირობებული ობიექტური მიზეზებით, წარსულში არსებული ცუდი გამოცდილებით ან ქსენოფობიური განცდებით, რომელთა უდიდესი ნაწილი გენეტიკური მეხსიერებით არის განპირობებული და წინაპრების განცდეთან ასოცირდება;

ₒ  პოლიტიკური ფაქტორი ქვეყნებს და ხალხებს შორის არსებული ურთიერთობები, პოლიტიკური ურთიერთობებით არსებული აგრესიული ან მეგობრული დამოკიდებულებები ტურისტების მიმართ;

ₒ რელიგიური და კულტურული ფონი, გამოცდილება, რომელიც მოსახლეობას გააჩნია რელიგიური რწმენებიდან და კულტურული ცნობიერებიდან, აღქმებიდან, წესებიდან გამომომდინარე, ხშირად სწორედ ძალიან რელიგიურ და კულტურულ ნორმებზე აღზრდილ მაცხოვრებლებს აქვთ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ტურისტების მიმღებლობის პრობლემა;

ₒ  ენობრივ–ლიგვისტური ფაქტორი – ადამიანებს შორის ურთიერთგაგებისა და კომუნიკაციის ნაწილში საერთო სასაუბრო ენას და მის სრულფასოვან ცოდნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

აღნიშნული ფაქტორები ახდენენ გავლენას სოციალური ურთიერთობებისა და მაშასადამე მისი საშუალებით მიღებადი, ზრდადი ფინანსური, ეკონომიკური სარგებლის მაჩვენებლებზე.  კომუნიკაციებითა და ურთიერთობებით კმაყოფილი ტურისტი უფრო მეტ თანხას ხარჯავს და გაცილებით მეტს აძლევს ადგილის მონახულების, სტუმრობის რეკომენდაციას. 

ტურისტის კმაყოფილება და ემოციური  გამოცდილება

ტურიზმის ინდუსტრიაში მომსახურების ხარისხი მთლიანად განპირობებულია და დამოკიდებულია ადამიანურ გამოცდილებაზე, (Cetin et al., 2014, p. 1041).  მომსახურებაც და პროდუქტიც ცვლილებებს განიცდის მომხმარებლის უკუკავშირის, შეფასების, კმაყოფილების შესაბამისად.  მომხმარებლების პირადი გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით შეუძლიათ გავლენა მოახდინონ სხვა პოტენციური ან უკვე არსებულ მომხმარებლებზე, (Miao et al., 2011, p. 933).  პოზიტიურად განაწყონ გარკვეული პროდუქტის ან მომსახურების მიმართ, რეკომენდაცია გაუწიონ მას ან პირიქით, დაახასიათონ პროდუქტის და მომსახურების ნეგატიური მახასიათებლები. კმაყოფილების მიღწევის ნაწილში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სოციალური დამოკიდებულებები, განწყობები, მეტიც, ხშირად ის უფრო მეტად იწვევს კმაყოფილებას ვიდრე თავად პროდუქტის ძირითადი მახასიათებლები, ხარისხი, ფასი, შეფუთვა და სხვა.  სამომხმარებლო გამოცდილება დაფუძნებულია ადამიანებთან კომუნიკაციის, სოციალური ურთიერთობების შედეგად მიღებულ კმაყოფილებასთან,  სწორედ სოციალური  მიმღებლობითა და სრულფასოვანი სოციალური ინტერაქციით არის შესაძლებელი მომხმარებლის, სტუმრის გაბედნიერება, რომელიც შეუქმნის მას პოზიტიურ გამოცდილებას და სამომავლოდ მისივე რეკომენდაციით რჩევით, შთაბეჭდილებების საშუალებით გაზიარდება.   ამგვარად სოციალური მიმღებლობა  რომელიც რამოდენიმე ფაქტორით არის განპირობებული და სოციალური ინტერაქცია წარმოადგენენ სოციალური, სამომხმარებლო კმაყოფილების, სამომხმარებლო გამოცდილების ფორმირების უმნიშვნელოვანეს საფუძველს.

სოციალური ინტერაქციაც და სოციალური მიმღებლობაც შეიძლება იყოს წარუმატებელი ან წარმატებული. ეს შედეგი მთლიანად დამოკიდებულია როგორც მხარეების ცნობიერებაზე, მზაობაზე სოციალური ურთიერთობებისა და სიახლეებისთვის მზადყოფნის თვალსაზრისით, ასევე მთ ძირითად მოტივებზე ,მნიშვნელოვანია,ის რომ თითოეულ მხარეს ერთგვაროვანი მოტივაცია  უნდა ამოძრავებდეს, რათა მათ ქცევებს შორის არსებობდეს თანხვედრა, მით უფრო მაშინ როდესაც ისინი უცხო სოციალური ქცევის წესების შესაბამისად იწყებენ მოქმედებას, რომელიც მათი ჩვეული ქცევებისგან განსხვავებულია.  სხვადასხვა ნორმების, წესების, ცნობიერების მქონე ადამიანების ქცევა სხვადასხვა საზოგადოებაში ყოველთვის ვერ იქნება შესაბამისი, თავსებადი. (Reichenberger, 2014, pp. 57-58) 

ტურიზმი ასევე ასრულებს მნიშვნელოვან როლს ადგილობრივების სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ნაწილში, რესპოდენტთა 68.3% თვლის, რომ ინდუსტრია ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას. 

ნახაზი1.

ავითარებს თუ არა ტურიზმი ჩიტრალს სოციალურეკონომიკური თვალსაზრისით?

 

სიხშირე

%

ვალიდური %

დიახ

41

68

68,3

არა

19

32

31,7

ჯამი

60

100

100

  ავითარებს თუ არა ტურიზმი ჩიტრალს სოციალურეკონომიკური თვალსაზრისით? 

წყარო: AMaqsood A A.,  Ahmad Sh.,   Din J.,  Azhar M. (2018) Economical and Societal Benefits of Tourism (A Case Study of Bomborat Chital)Munich Personal RePec Archive.

განსხვავებული ღირებულებათა, კულტურათა სისტემა წარმოადგენს ხშირად  ადამიანებს შორის კონფლიქტის, დაპირისპირებების საფუძველს. 2018 წელს იანვარ–მარტში  სტამბულში განხორიელდა კვლევა, რომლითაც დადგინდა, რომ ტურიზმში მომსახურე პერსონალსა და ტურისტებს შორის მნიშვნელოვანია თავად ურთიერთობების მნიშვნელობის გააზრება. კვლევაში მონაწილეობდა 33 საერთაშორისო ტურისტი.[5]

ინტერაქციასა და სოციალურ მიმღებლობაში მნიშვნელოვანია ასევე ინტერაქცია არამხოლოდ ტურისტსა და ადგილობრივ მაცხოვრებელს, მასპინძელს შორის არამედ  ტურისტსა და ტურისტს შორის, ამასთან ტურისტისა და ტურისტის ინტერაქცია იგივეა რაც მომხმარებლისა და მომხმარებლის ინტერაქცია, ამგვარად მათი როლისა და მნიშვნელობის გააზრება ტურიზმის ინდუსტრიის ფინანსური კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სოციალურ ინტერაქციასა და სოციალურ მიმღებლობაზე გავლენას ასევე ახდენს ტურისტის არავერბალური კომუნიკაციის ენა, ზოგიერთი ელემენენტი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია: ჩაცმულობა, სახის გამომეტყველება, ემოციების გამოხატვის ფორმა, ინტენსივობა, ზომიერება, სიმძაფრე, ასევე პერსონალური ნივთები და ფიზიკური აღნაგობა, გარეგნობა. (Wood, 2010, p. 122), მაგალითისთვის ღიმილი, ღიმილს აქვს უდიდესი პოზიტიური მნიშვნელობა, მას ვერბალური კომუნიკაციის დაწყებამდეც შეუძლია განაწყოს ადამიანები პოზიტიურად, ხელი შეუწყოს ნდობის გაძლიერებას,  რათქმაუნდა გახდეს სოციალური მიმღებლობის ხარისხის გაუმჯობესების საფუძველიც. (Knapp et al., 2014, pp. 25-292)

მსგავსების თეორიის თანახმად ადამიანები უფრო კეთილგანწყობილები არიან მათ მიმართ ვინც მათივე მსგავსია (Osbeck et al., 1997, pp. 114-117) ამგვარად ნებისმიერ ნიშანს, მახასიათებელს, რომელიც ინდივიდებს გარკვეული საერთო ჯგუფის ნაწილად აგრძნობინებთ თავს ხელს უწყობს ინტერაქციას, მიმღებლობას და მეორესმხრივ მათგან განსხვავებულებისგან ქმნის სოციალური დისტანციის საფრთხეს.

2022 წელს განხორციელდა კვლევა ტურისტების ინტერაქციზე მოქმედი ფაქტორების შესასწავლად, განისაზღვრა, რომ ტურისტსა და ტურისტს შორის ინტერაქციის პროცესში შეიძლება მონაწილეობდეს:

ₒ     კულტურული ფაქტორი;

ₒ     პერსონალური ფაქტორი;

ₒ     სიტუაციური ფაქტორი;  მათ შორის – ინდივიდუალისტური–კოლექტიური კულტურა, რელიგიური განსხვავებანი, საერთო ენა, კულტურული მსგავსებანი (იხ ნახაზი 2) 

ნახაზი 2. 

ტურისტების ინტერაქციაზ ემოქმედი ფაქტორები

 

წყარო: D.Emiroglu, (2022) Factors affecting interactions between tourists

Journal of Gastronomy, Hospitality and Travel, 2022, 5(3), 1035-1055, ISSN: 2619-9548 

რესპოდენტები ინდივიდუალურ–კოლექტივისტურ კულტურას შემდეგნაირად ახასიათებენ:

,,აზიელ ხალხსაქვს ცოტათი განსხვავებული გამოხედვაისინი არ არიან ევროპელებივით, მაგ: ჩინელები არ იღიმიან, ბევრს არ საუბრობენ და ქცევაც მსგავსია.’’

კულტურული მსგავსებას:

მაგ: თურქები გამოიყურებიან ბოსნიელების მსგავსად, ჩვენ ვიყენებთ თურქულ სიტყვებს, მე მათ მსგავსად ვგრძნობ თავს...’’ 

რა ფაქტორები ახდენს გავლენას ტურისტებსა და ტურისტებს შორის სოციალურ დამოკიდებულებებსა და ინტერაქციაზე?

ტურისტსა და ტურისტს შორის ინტერაქციაზე გავლენას ახდენს:

1. პერსონალური ფაქტორები, რომლებიც იყოფ 2 ჯგუფად: დემოგრაფიულ ფაქტორებად, ფსიქოლოგიურ ფაქტორებად.

დემოგრაფიული ფაქტორები მოიცავს: ოჯახურ მდგომარეობას, განათლებას, სქესს, შემოსავალს, ცხოვრების სტილს, ასაკს. ფსიქოლოგიური ფაქტორები მოიცავს:  უცხოების შიშებს (ფობიებს),  იდენტურ საერთო ინტერესებს (ჰობს),  ინტერაქციულ მოტივაციებს,  სახის გამომეტყველებებს, გამოხატვის ფორმებს,  წარსულ გამოცდილებას,  მსგავსს დამოკიდებულებებს, პერსონალურობას, განწყობას.[6]

ჩინეთში, ჟუჟანგში  განხორციელდა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა  ბოლო 16 წლის განმავლობაში არსებული ტურიზმის განვითარების პროცესების შესწავლას და შეფასებას,  ანკეტირების გზით გამოიკითხეს 148 ადგილობრივი მაცხოვრებელი, მათ შორის 50 იყო ადგილობრივი, 98  კი მიგრანტი, რესპოდენტებს უნდა აეღწერათ მათი ყოველდღიური ცხოვრება, ურთიერთობები რეზიდენტებთან და ტურისტებთან. კვლევამ აჩვენა, რომ უძველეს ქალაქთან  ტურისტების ბმა საკმაოდ სუსტია, ადგილობრივებს აქვთ ნეგატიური დამოკიდებულებები მიგრანტების მიმართ, რომლებმაც მოახდინეს ტერიტორიის ოკუპაცია. ტურისტული საქმიანობებისა და ურთიერთობების ნაწილში ხანდაზმულებზე გაცილებით მეტად ახალგაზრდა და შუა ხნის მაცხოვრებლები აქტიურობენ, შესაბამისად ისინი ფლობენ სამეწარმეო საქმიანობების უდიდეს ნაწილს. [7]

სუსტი კავშირების თეორიის თანახმად ინტერპერსონალური კავშირების სიძლიერე შეიძლება გაიზომოს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით:

ₒ        კომუნიკაციის დროის ხანგრძლივობა

ₒ        ემოციური ინტენსივობა

ₒ        ემოციური ინტიმურობა

ₒ        დაპირისპირებული  სერვისები, მომსახურებები  (Granovetter, 1973) 

სოციალური მიმღებლობა აჭარის ტურიზმისა და განათლების ინდუსტრიაში

საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია აქტუალური და განვითარებადია, ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი და მრავალსაუკუნოვანი კულტურა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინდუსტრიის პოპულარიზაციაში, რეალურად ტურიზმი ყოველთვის ორიენტირებულია არამატერიალურ ღირებულებებზე, მახასაითებლებზე, რომელთა მომსახურებასა და პროდუქტში ინტერპრეტირება, დანერგვა ეფექტურია ემოციებით, ახალი შთაბეჭდილებების მიღებით დაინტერესებული მომხმარებლებისთვის ანუ–ტურისტებისთვის. ტურიზმი დგას სოციალურ კავშირებსა და ურთიერთობებზე, რამდენადაც ჯანსაღია და პოზიტიურია ეს ურთიერთობები იმდენად მართლდება ტურისტების არამატერიალური მოლოდინები და სურვილები, იმდენად მაღალია კმაყოფილების და რეკომენდაციების მაჩვენებლებიც. ჩვენს მიერ საქართველოში სხვადასხვა დროს განხორციელებული კვლევებით (2019–2024) რომლებიც შეისწავლიდა როგორც ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის ინტერაქციის ხარისხის, დამოკიდებულებებს, სოციალურ მიმღებლობას ასევე განათლების სისტემაში საერთაშორისო სტუდენტებისადმი ადგილობრივების სოციალურ დამოკიდებულებებს,  ნათელია სოციალური მიმღებლობის უმნიშვნელოვანესი როლი როგორც ინდუსტრიის ისე ფინანსების განვითარებაში და ზრდაში.

მაგ: დარგის ექსპერტები და მასპინძლობის ინდუსტრიაში მოღვაწეობის მრავალწლიანი  გამოცდილების მქონე  ხელმძღვანელები საუბრობენ გულწრფელი ემოციების, ყურადღების, ზრუნვის, ინფორმაციისა და ემოციების გაცვლის მნიშვნელობაზე,  მომსახურება დგას უმეტად განწყობებზე და მომსახურების კულტურაზე, ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მატერიალური ღირსშესანიშნაობები და ტურისტული ობიექტები.

ბსუ–ს სამედიცინო ფაკულტეტის უცხოელი სტუდენტები ხაზს უსვამენ სოციალურ მიმღებლობაში ენის, კომუნიკაციების, დამოკიდებულებების, მხარდაჭერის მნიშვნელობას,  მათ მიმართ ადგილობრივების დამოკიდებულებები განპირობებულია რასობრივი, ეთნიკური, წარმომავლობითი ფაქტორებით.  განათლების ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა არის მნიშვნელოვანი მაგალითი იმისა, რომ  განათლება როგორც ცალკე ბიზნეს მიმართულება ასევე დამოკიდებულია სოციალურ ურთიერთობებსა და განწყობებზე.

სოციალური მიმღებლობა აჭარის რეგიონში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ბოლო რამდენიმე წელიწადში განვითარებული პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებითაც, 2024 წელს მასპინძლობის ინდუსტრიაში დასაქმებულთა სოციალური დამოკიდებულებების კვლევაში, რომელიც მიზნას ისახავდა ტურისტებისადმი დამოკიდებულებების შესწავლას, გამოავლინა პოლიტიკური ფაქტორის გავლენის მქონე როლი დამოკიდებულებებზე, რესპოდენტთა უდიდესი ნაწილისთვის პოლიტიკური ნიშნით მიუღებელია გარკვეული წარმომავლობის ტურისტების მომსახურება: მაგ რუსების, თურქების. 

დასკვნები

სოციალური მიმღებლობა არის უმნიშვნელოვანესი ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ბიზნეს პროცესების მიმდინარეობა , გაზარდოს მისი შემოსავლები ან შეამციროს იმის მიხედვით თუ რამდენად ჯანსაღად მიმდინარეობს სოციალური ურთიერთობები, რამდენად ესმით მხარეებს ერთმანეთის, რამდენად სწორად აანალიზებენ ინფორმაციას, როგორია მათ შორის ემპათიის მაჩვენებელი, რამდენად არის მათთვის მისაღები მეორე მხარის განსხვავებული იდენტობა, რელიგიური მრწამსი, კანის ფერი, სექსუალური ორიენტაცია ან  ეთნიკური წარმომავლობა.

სოციალური მიმღებლობა  და ინტერაქცია, ისევე როგორც სოციალური ადაპტაცია არის მნიშვნელოვან კავშირში ერთმანეთთან, სოციალური მიმღებლობა არის შედეგი, რომელიც ინტერაქციის შემდგომ დგება, რომელსაც აქვს კულტურული საფუძველი განპირობებული, საზოგადოების აზროვნების, შეფასების, აღმის, განცდის, ანალიზის უნარებით და სპეციფიკური ცნობიერებით, სოციალური მიმღებლობის პრობლემები აქტუალურია ტრადიციების მოყვარულ საზოგადოებებში, რომელთა ყოველდღიური აქტივობები, ქცევები, წესები განსხვავდება სხვათა წესებისა და ყოველღიურობისგან.

სოციალურ მიმღებლობასა და ინტერაქციაში გარდა ძირითადი ფაქტორებისა მნიშვნელოვანია ბარიერები, რომლებსაც ადამიანები იქმნიან სხვადასხვა  (კრიტიკის, კოლფიქტების, უარყოფის)  შიშების, შფოთების გამო, ადამიანებს შორის მიმღებლობა და ემპათია დამოკიდებულია არამხოლოდ საზოგადოებისგან ნაკარნახევი კოლექტიური ცნობიერებით, გემოვნებით,  შეფასებისა და აღქმის სისტემებით არამედ ასევე  ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობით.

ინტერაქცია და სოციალური მიმღებლობა მნიშვნელოვანია არამხოლოდ მასპინძელ საზოგადოებასა და ტურისტებს შორის, არამედ ტურისტებსა და ტურისტებს შორისაც, ესეც სოციალური გამოცდილებაა, რომელიც მონაწილეობს საბოლოო წარმოდეგენებისა და შთაბეჭდილებების შექმნაში,  გარდა ძირითადი ფაქტორებისა სოციალურ მიმღებლობასა და ინტერაქციაში მნიშვნელოვანია ტურისტების: ჩაცმულობა, სახის გამომეტყველება, ემოციების გამოხატვის ფორმა, ინტენსივობა, ზომიერება, სიმძაფრე, ასევე პერსონალური ნივთები და ფიზიკური აღნაგობა, გარეგნობა. (Wood, 2010, p. 122)

მსგავსებები კულტურულ, სიტუაციურ და პერსონალურ ასპექტებში ხელს უწყობს და ამარტივებს ტურისტებსა და ადგილობრივებს შორის ურთიერთობებს, რაც მეტი მსგავსი ნიშანი იკვეთება ურთიერთობაში მით  უფრო მარტივია ნდობის გაჩენა და დაახლოება. სოციალური მიმღებლობის დროს სწორედ მსგავსებები და საერთო ნიშნები აუმჯობესებს დამოკიდებულებებს. ასეთ ურთიერთობაში მიღებული  ემოციური გამოცდილება დადებითად აისახება საბოლოო შთაბეჭდილებებსა და ტურისტულ რეკომენდაციებზე. ტურისტებისადმი ადგილობრივების დამოკიდებულებებს ხშირად განაპირობებს ადგილობრივების მატერიალური ინტერესები, რამდენადაც გადახდისუნარიანია ტურისტი მით ნაკლებად ავლენს მასპინძელი საზოგადოება ურაყოფით დამოკიდებულეებს, განწყობებს და ხშირად პირად უგუნებო– განწყობილებასაც. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Emiroglu D. (2022) Factors affecting interactions between tourists Journal of Gastronomy, Hospitality and Travel, ISSN: 2619-9548
  2. Goffman D.  (1972). On face-work: An analysis of ritual elements in social interaction. In Interaction ritual: Essays on face-to-face behaviour. Harmondsworth, UK: Penguin Books.
  3. Introdution to Sociology - 2nd Canadian Edition. Chapter 22: Social Interaction, (2011) https://opentextbc.ca/introductiontosociology2ndedition/chapter/chapter-22-social-interaction/
  4. Hongxia ZH.,   Qin S.,  Yingsha Zh.,  Chris R.,   XhiaoxiaoW.  (2019)  Residents’ Social Relationships in Everyday Life in a Tourism Ancient Town. Residents’ Social Relationships in Everyday Life in a Tourism Ancient Town,  Ttra International Conference.
  5. Jablonska S J. Social Tourism, Its Clients and Perspectives Mediterranean Journal of Social Sciences ( 2016)
  6. Maqsood A A.,  Ahmad Sh.,   Din J.,  Azhar M.  (2018) Economical and Societal Benefits of Tourism (A Case Study of Bomborat Chital) Munich Personal RePec Archive.
  7. McElhaney K.,  Antonishak J., and  Allen J P. (2011) “They Like Me, They Like Me Not”: Popularity and Adolescents’ Perceptions of Acceptance Predicting Social Functioning Over Time. National Library for medicine.  https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3073367/
  8. Wonbera T W.  The Socio-Economic and Environmental Impact of Tourism Industry on
  9. People of Arba Minch and its Surroundings, Journal of Tourism, Hospitality and Sports, ISSN (Paper) 2312-5187 ISSN (Online) 2312-5179
  10. Smith C T. ,,The Receptive Mind’’Aaron 09/04/2016 -https://www.psychologytoday.com/us/blog/true-believers/201604/the-receptive-mind-

 


Smith C T. ,,The Receptive Mind’’Aaron 09/04/2016 -https://www.psychologytoday.com/us/blog/true-believers/201604/the-receptive-mind-

[2] McElhaney K.,  Antonishak J., and  Allen J P. (2011) “They Like Me, They Like Me Not”: Popularity and Adolescents’ Perceptions of Acceptance Predicting Social Functioning Over Time. National Library for medicine.  https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3073367/

[3] Introdution to Sociology - 2nd Canadian Edition. Chapter 22: Social Interaction, (2011) https://opentextbc.ca/introductiontosociology2ndedition/chapter/chapter-22-social-interaction/

[4] Maqsood A A.,  Ahmad Sh.,   Din J.,  Azhar M.  (2018) Economical and Societal Benefits of Tourism (A Case Study of Bomborat Chital) Munich Personal RePec Archive.

[5] Emiroglu D. (2022) Factors affecting interactions between tourists Journal of Gastronomy, Hospitality and Travel, 2022, 5(3), 1035-1055, ISSN: 2619-9548

[6] D.Emiroglu, (2022) Factors affecting interactions between tourists Journal of Gastronomy, Hospitality and Travel,  ISSN: 2619-9548

[7] Hongxia ZH.,   Qin S.,  Yingsha Zh.,  Chris R.,   XhiaoxiaoW.  (2019)  Residents’ Social Relationships in Everyday Life in a Tourism Ancient Town. Residents’ Social Relationships in Everyday Life in a Tourism Ancient Town,  Ttra International Conference.