ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
|
|
|
∘ ირაკლი ქვარაია ∘ მახათას მთაზე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის უნიკალური დაფინანსება და მისი დასრულების პრობლემები ანოტაცია: ქ.თბილისში, მახათას მთაზე, სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაში ხალხის მაქსიმალურად ჩართვის მიზნით მოფიქრებული იქნა დაფინანსების უნიკალური სქემა. ის გულისხმობდა ცოცხალი და გარდაცვლილი ადამიანების სახელზე თითო ლარის ოდენობის შემოწირულობას, რომლის ანალოგი არ არსებობს მსოფლიოში. აღნიშნული დაფინანსება ძალზე ეფექტური გამოდგა მთავარი ტაძრის მშენებლობისას, მაგრამ პრობლემები შეიქმნა მისი დასრულების შემდეგ, რადგანაც ქართული საზოგადოების უმრავლესობამ საქმე დამთავრებულად ჩათვალა და შეწყვიტა შემოწირულობის გაღება. სახსრების უქონლობის გამო შეუძლებელი გახდა კომპლექსის მშენებლობის გაგრძელება. საკვანძო სიტყვები: ტაძარი, კომპლექსი, მშენებლობა, დაფინანსება, შემოწირულობა შესავალი ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის იდეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II ეკუთვნის. მისი თქმით ესარის ღვთისმშობლის წილხვდომილი ქართველი ერის მიერ მის წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობის გათავისებისა და აღიარების ერთ-ერთი მთავარი მცდელობა. ამ დონის სამონასტრო კომპლექსისათვის შესაფერისი ტერიტორიის შერჩევის პროცესი 2002 წელს დასრულდა და არჩევანი მახათას მთაზე გაკეთდა. შემდეგ რამდენიმე წელი, ამ საქმეში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ადამიანების მაქსიმალურად ჩართვის, მშენებლობის დაწყებისა და მისი უწყვეტი დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული რამდენიმე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მხოლოდ 2010 წელს, ფონდ „ივერიისას“ დაფუძნების შემდეგ გადაწყდა, რომ საჭირო სახსრების მობილიზირება ცოცხალი და გარდაცვლილი ადამიანების სახელზე შემოწირული თითო ლარის ხარჯზე მომხდარიყო. ფონდის მთავარ მიზანს ამ წამოწყების მნიშვნელობის საზოგადოების ფართო ფენებისათვის გაცნობა და შემოწირული თანხების აკუმლირება და ოპტიმალური განკარგვა წარმოადგენდა. შემომწირველთა გაწევრიანება დღესაც სპეციალური ანკეტების შევსებით ხდება, სადაც მითითებულია ცოცხალი და გარდაცვლილი ადამიანების ანუ აღმშენებელთა სია, რომელთა საერთო რაოდენობამ უკვე 1,5 მილიონს მიაღწია. იმის მიუხედავად, რომ შემოწირულობების დიდი უმრავლესობა ერთჯერად ხასიათს ატარებდა, მთავარი ტაძრის მშენებლობისას მისი ყოველთვიური ოდენობა 300 ათას ლარს აჭარბებდა და არავითარი პრობლემა არ შექმნილა დაფინანსებასთან დაკავშირებით. ტაძრის აგების დასრულებისთანავე შემომწირველთა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ უმთავრესი მიზანი მიღწეულია და მკვეთრად შემცირდა ფულადი სახსრების შემოდინება. რეალურად კი აუცილებელია სამონასტრო კომპლექსის მთლიანად დასრულება, რაც ასეთ პირობებში შეუძლებელია. 2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით დასამთავრებელია წყალკურთხევის პავილიონისა და კარიბჭე-სამრეკლოთი შენობების მოპირკეთება, რომელთა რკინაბეტონის კარკასები 2018 წლიდან სახურავის გარეშე დგას და ზიანდება. საერთოდ არ დაწყებულა საპატრიარქო რეზიდენციის, მღვდელმსახურთა სახლის, ბერების კელიების, მონასტრის ეკლესიის, სახელოსნოების, მუზეუმის და სხვა ობიექტების მშენებლობა. დაფინანსების შერჩეული წესიდან გამომდინარე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის დამკვეთი ფაქტიურად მთელი საქართველო იყო. ამის გამო განსაკუთრებული ინტერესი არსებობდა შემოწირული თანხების აღრიცხვისა და ხარჯვის მიმართ. ამ მიმართულებით სრული გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად დღესაც მკაცრად (ნუმერაციის შესაბამისად) ფიქსირდება და სპეციალურ ინტერნეტ გვერდზე იტვირთება ნებისმიერი ახლად შევსებული ანკეტა და ყველა შემოწირულობა. წელიწადში ორჯერ ტარდება და საჯაროდ ქვეყნდება აუდიტორული დასკვნა. ასევე მინიმუმ კვარტალში ერთხელ ხდება ანგარიშის წარდგენა ქტიტორთა სათათაბიროს წევრების წინაშე, რომლებიც ქართული საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლებისგან შედგება. მათ შორის იყვნენ გურამ დოჩანაშვილი და ანზორ ერქომაიშვილი; დღესაც წარმატებით აგრძელემენ თანამშრომლობას ელდარ შენგელაია, ლია სტურუა, რუსუდან ფეტვიაშვილი, ნინო სუხიშვილი, ლაშა თაბუკაშვილი, დავით ლორთქიფანიძე, მერაბ კოკოჩაშვილი. ნიკოლოზ რაჭველი, ზაზა აბაშიძე და სხვები. ასეთმა მიდგომამ შესაძლებელი გახადა სამშენებლო სამუშაოების დაუბრკოლებელი წარმოება და საკმაოდ მოკლე დროში რკინაბეტონისაგან აგებული და ბუნებრივი ქვით მოპირკეთებული იქნა საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი ტაძარი. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ტაძრის მხატვრული გაფორმებისათვის რუსთაველის სახელობის პრემია დაიმსახურეს პროექტის მთავარმა არქიტექტორმა ომარ ნაფეტვარიძემ და მოქანდაკე გია ჯაფარიძემ. მიღებული შემოწირულობების განკარგვისა და ხარჯვის სისწორეზე ასევე შეიძლება მსჯელობა მთელი რიგი შესრულებული სამუშაოების მიხედვით, რომელთა ნაწილზე ქვემოთ არის საუბარი. 2011 წლის 21 სექტემბერს საძირკვლის ადგილის კურთხევისას ათასობით ადამიანმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ტაძრის საძირკველში ჩასაბრძანებლად მიიტანა ქვები, რომლებზეც მათი ოჯახის წევრების სახელები იყო დაწერილი. ამის შემდეგ ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის პროექტის დამუშავება დაევალა საქართველოს დამსახურებულ არქიტექტორს ომარ ნაფეტვარიძეს. მისი ავტორობით და უშუალო ხელმძღვანელობით შპს „უტა-2012“-მა უმოკლეს ვადებში მოახერხა საპროექტო დოკუმენტაციის წარდგენა და დამტკიცება. არქიტექტურული გენგეგმის მიხედვით მთავარი ტაძრის გარდა სამონასტრო კომპლექსში შედის შემდეგი ნაგებოები: კარიბჭე სამრეკლოთი; წყალკურთხევის პავილიონი; მღდელმსახურთა სახლი, საპატრიარქო რეზიდენცია; მონასტრის ეკლესია; სატრაპეზო; მომლოცველთა სასტუმრო; ბერების სენაკები; სამეურნეო სათავსები; ქვაზე და ხეზე კვეთის, ხატწერისა და საოქრომჭედლო სახელოსნოები; ღვთისმშობლის მუზეუმი; საზოგადოებრივი ტუალეტი და სხვადასხვა დამხმარე შენობა-ნაგებობა. ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ტრადიციების გათვალისწინებით აგებული გუმბათ-თაღოვანი ტაძარი, სიდიდით მეორეა საქართველოში, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის შემდეგ. მისი სიმაღლეა 51 მეტრია, მაქსიმალური ზომები გეგმაში 60 X 34 მ, შიდა ფართობი კი 1250 მ2 შეადგენს. ტაძრის ბუნებრივი განათებისთვის გამოყენებულია მრავალი სარკმელი. ჩვეულებრივზე მეტია მათი რაოდენობა (20 სარკმელი) გუმბათის ნაწილშიც, რაც ძალიან ნათელს ხდის ტაძარს.. ტაძრის მშენებლობა დაიწყო 2012 წელს. შპს „ჰიდროსერვისმა“ დაამუშავა ტაძრის საძირკვლის ქვაბული და 2012 წლის 17 აპრილს საძირკველის კურთხევას სამღვდელოების, მთავრობის და ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან ერთად ათი ათასობით ადამიანი დაესწრო. არსებული ტრადიციის მიხედვი საძირკველში მოთავსდა ოქროს მონეტები და ჩაბრძანებული იქნა ასევე, ოქროსფერი ფირფიტები ღვთისმშობლის სადიდებელი წარწერებით. საძირკვლის 1 მ სიმაღლისა და 2700 მ2 ფართის მქონე რკინაბეტონის მონოლითური ფილისა და 5,1 მ სიმაღლის ნულოვანი რკინაბეტონის კარკასული სართულის (სარდაფის) მოწყობის სამუშაოები 2013 წლის თებერვალს დაასრულა შპს ‘ანაგმა“. ტაძრის მიწისზედა ნაწილის მშენებლობა 2013 წლის 10 ივნისიდან გააგრძელა, ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანიამ „ბკ კაპიტალმა“, რომელსაც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნდა. 1 ივლისს ჩაისხა პირველი ბეტონი ერთ-ერთი ძირითადი სვეტის მიწისზედა ნაწილის მოსაწყობად. ამის შემდეგ ინტენსიურად გაგრძელდა ტაძრის რკინაბეტონის კარკასის აგება. პროექტით გათვალისწინებული მრავალი რთული კონსტრუქციული ელემენტის ახლებურად და წარმატებით შესრულებასთან ერთად აუცილებლად უნდა აღინიშნოს 12 მ დიამეტრის მქონე რკინაბეტონის გუმბათის მოწყობა. გუმბათის ყალიბის ასაგებად წინასწარ გაკეთდა მცირე მასშტაბიანი სამიარუსიანი მოდელი, რომლის შესწავლის საფუძველზე მარტივად მოხდა გუმბათის ასაწყობ-დასაშლელი ხის საყალიბე სისტემის შექმნა. სწორედ გუმბათის ყველაზე მაღალი ნაწილის დაბეტონებისას, 2015 წლის 26 აპრილს, საქართველოს საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადგენლების თანდასწრებით სიმბოლურად განხორციელდა ტაძრის მშენებლობაზე ბეტონის ბოლო ჩასხმა. საინტერესოა, რომ გუმბათის მოსაწყობი ყალიბის გადაწყვეტაზეა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული 2022 წელს საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის დაკვეთით გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში „ქართული ინჟინერიის შედევრები“. ტაძრის მშენებლობის დაწყებისას ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენდა, რომ სამონასტრო კომპლექსისათვის საჭირო ყველა ჯვარი და ზარი აუცილებლად საქართველოში, ქართველ ოსტატებს უნდა ჩამოესხათ, რაც მანამდე დიდ იშვიათობას წარმოადგენდა და ძირითადად საზღვარგარეთ ხდებოდა მსგავსი შეკვეთების შესრულება. ყველა ჯვარი და ზარი მამა-შვილმა ოლეგ და პაატა გელაშვილებმა ჩამოასხეს თითბერისაგან, რომელიც მიღებული იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი გასროლილი საარტილერიო ჭურვების მასრების გადადნობის გზით. ტაძრის 5,1 მ სიმაღლის ჯვარი ოთხ ნაწილად ჩამოისხა. აღნიშნული ჯვარი გამორჩეულია თავისი გადაწყვეტით, რომელიც პროექტის ავტორის ნახაზების მიხედვით იქნა შესრულებული. ის 2015 წლის 21 სექტემბერს აკურთხა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II და მეორე დღეს მისი აღმართვისას საოცარი მოვლენის მომსწრე გახდა იქ მყოფი ათასობით ადამიანი. ცაზე ღრუბლებისაგან გამოისახა დიდი ჯვარი, რომელიც მხოლოდ ტაძრის თავზე ჯვრის ჩამაგრების შემდეგ გაქრა. 2016 წლის 24 მაისს იკურთხა და დამონტაჟდა სამრეკლოს 2,7 მ სიმაღლის ჯვარი და 5 ზარი. მათგან ყველაზე დიდი, 3-ტონიანი ზარი არის საქართველოში ჩამოსხმულ ზარებს შორის ყველაზე დიდი. მათი ჟღერადობა შეამოწმა და მოიწონა ცნობილმა კომპოზიტორმა ნოდარ მამისაშვილმა. მანვე დაწერა ამ ზარებისათვის მუსიკა. ტაძრის ბაზისი ანუ ცოკოლი მოპირკეთებულია ყაზბეგის მწვანე დიაბაზის ქვით. ხოლო ფასადი შეიმოსა ბოლნისის ტუფის ქვით. მოპირკეთების სამუშაოებს აწარმოებდა ქვის მთლელთა ჯგუფი კახაბერ კვიმსაძის ხელმძღვანელობით. მოქანდაკეების გია ჯაფარიძის და ზაურ ჯოხაძის უშუალო ხელმძღვანელობით ბოლნისის ტუფის ქვისგან შესრულდა მრავალი ბარელიეფი, ტიმპანი, ჩუქურთმა და სხვა მხატვრულ-დეკორატიული ელემენტი, რომლებიც ამშვენებენ ტაძრის ოთხივე ფასადს. ტაძრის შიგა მხატვრული გაფორმებისას, კერძოდ კანკელის, ტრაპეზის, სამკვეთლოს, მაღალი დასჯდომელის, კიბეების, ამბიონის, იატაკის და სხვა დეტალების მოსაწყობად გამოყენებულია იტალიური წარმოების (კარარას კარიერის) თეთრი მარმარილო. მთავარი კანკელის აღსავლის კარი კაკლის ხის მერქნისაგან შეასრულა ხეზე ჭრის ოსტატმა პაატა დევდარიანმა. კარის მოოქროვილი ვერცხლით მოჭედვა ბექა ოპიზრის ცნობილი ორნამენტების გამოყენებით განახორციელა ზურაბ ჩიქვინიძემ, ხოლო უნიკალური მიკრომოზაიკა შექმნა მხატვარმა დავით კაკაბაძემ. მიკრომოზაიკაში გამოყენებულია ძვირფასი ქვები, რომლებიც დიდი რაოდენობით შემოწირეს ტაძრის ინტერიერის მოზაიკური გაფორმებისათვის, ავღანეთში საერთაშორისო მისიაში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა. კანკელზე განთვსებული: მაცხოვრის ხატი, ღვთისმშობლის ხატი, ანდრია პირველწოდებულის ხატი და წმინდა ნინოს ხატი დაწერა მხატვარმა და ხატმწერმა თეიმურაზ ჯაფარიძემ. მოქანდაკე გია ჯაფარიძის წინადადებით ტაძრის შესასვლელი 5 კარის მხატვრული გაფორმება განხორციელდა სრულიად განსხვავებულად, საქართველოს ეკლესია-მონასტრების შესასვლელი კარის ტრადიციულ გაფორმებასთან შედარებით. თითოეული ლითონის კარი დაფარულია თითბერის ფურცლით და მათზე დამაგრებულია რელიგიურ თემებზე შესრულებული თითბერის სხვადასხვა სხმულები და თითბერისაგან ჩამოსხმული ცალკეული დეტალები. ამასთან, განსაკუთრებით აღსანიშნავია კარის სახელურების მოწყობა ღვთისმშობლის მლოცველი ხელის მტევნების სახით, რომლებიც ასევე თითბერისაგან არის ჩამოსხმული და ძალიან შთამბეჭდავია. 2019 წლის 12 მაისს გაიმართა ტაძრის კურთხევა, რომლიც უდიდეს სახალხო ზეიმად იქცა. საქართველოს საპატრიარქომ ეს დღე ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან ერთად, პირველად გამოაცხადა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ, რაც განსაკუთრებული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. აღინიშნა, რომ დასრულებული ტაძარი არის ქართველი ხალხის საჩუქარი ღვთისმშობლისადმი მისი დიდი ღვაწლის აღიარების ნიშნად და ყველა ის ადამიანი ვინც ერთი ლარი მაინც გაიღო მისი მშენებლობისათვის შევა თავის აშენებულ ტაძარში. ამის შემდეგ, იმის ნაცლად, რომ მეტი მონდომებით გაგრძელებულიყო საზოგადოების მონაწილეობა სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაში სულ უფრო მცირდება შემოწირულობების რაოდენობა. მიუხედავად მრავალი დაპირებებისა, აქამდე ვერ მოხერხდა დაფინანსების სხვა წყაროების მოძიება და შეუძლებელი გახდა კომპლექსის სხვა ობიექტების მშენებლობის დაწყება ან გაგრძელება. მაგალითად, საქართველოს ხელისუფლებამ, საპატრიარქომ და საზოგადოება „ივერიისამ“ 2019 წელს ხელი მოაწერეს შეთანხმებას კომპლექსის ტერიტორიაზე თანამედროვე მუზეუმის მშენებლობათან დაკავშირებით. ამ მიზნით ჩატარდა საერთაშორისო კონკურსი, სადაც გაიმარჯვა „აინდა არქიტექტურის“ (პორტუგალია) მიერ წარმოდგენილმა მუზეუმის შენობის ძალიან ორგინალურმა პროექტმა. მისი სახურავი გადაწყვეტლია საქართველოში არსებული ყველაზე გამორჩეული ტაძრების გუმბათების გამოყენებით, მაგრამ მშენებლობა დღემდე არ დაწყებულა, რადგანაც ჭიანურდება მთავრობის მიერ შეპირებული თანხების გამოყოფა. დასკვნა 1, ქ.თბილისში, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაში საზოგადოების რაც შეიძლება დიდი ნაწილის ჩართვისა და სახსრების უწყვეტი მოზიდვის უზრუნველსაყოფის მიზნით მოფიქრებული დაფინანსების სქემა ძალიან ეფექტური გამოდგა მთავარი ტაძრის მშენებლობის დროს. სამწუხაროდ მისი დასრულების შემდეგ საზოგადოების უმრავლესობამ ჩათვალა, რომ ძირითადი საქმე გაკეთებულია და მკვეთრად შემცირდა შემოწირული თანხების ოდენობა; 2. სამონასტრო კომპლექსის სრულფასოვანი დასრულებისათვის აუცილებელია დაფინანსების ახალი გზების მოძიება. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება გენგეგმით გათვალისწინებული მრავალი სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობის აგება. დღევანდელი მდგომარეობით, მხოლოდ წყალკურთხევის პავილიონის და კარიბჭე-სამრეკლოთი მშენებლობაა დაწყებული, მაგრამ სახსრების უქონლობის გამო თითქმის შვიდი წელიწადია ვერ მოხერხდა მათი დასრულება. გამოყენებული ლიტერატურა 1. ქვარაია ი., 2020, ინოვაციური ტექნოლოგიები მშენებლობაში. თბილისი. ტექნიკური უნივერსიტეტი. 184 გვ.; 2. ქვარაია ი., გიორგობიანი ლ., 2020, მახათას მთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საკურთხეველი და მისი მხატვრული გაფორმება. სტუ სამეცნიერო შრომების კრებული №1 (515), გვ.161; 3. ქვარაია ი., გიორგობიანი ლ., 2020, გუმბათის ჯვარი. სტუ სამეცნიერო შრომების კრებული №1 (515), გვ.143; 4. ქვარაია ი., გიორგობიანი ლ., 2019, ტაძრის შესასვლელი კარის მხატვრული გაფორმების ახლებური გადაწყვეტა. სტუ სამეცნიერო შრომების კრებული №2 (512), გვ103; 5. ქვარაია ი., გიორგობიანი ლ.,, 2019, საქართველოში ჩამოსხმული ყველაზე დიდი საეკლესიო ზარი. სტუ სამეცნიერო შრომების კრებული №2 (512), გვ.109; 6. ქვარაია ი., 2018, ტაძრის ბუნებრივი ქვით მოპირკეთების სამუშაოების წარმოება. თბილისი. ტექნიკური უნივერსიტეტი. 100 გვ.; 7. ქვარაია ი., ფიროსმანიშვილი ა., 2018, რკინაბეტონის რთული კონსტრუქციების ყალიბის მოწყობა სამშენებლო მოედანზე. სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი „მშენებლობა“. #2 (49), გვ.78. |