English / ქართული / русский /
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
„ლურჯი“ ტურიზმი და მისი მნიშვნელობა მდგრად განვითარებაში

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია  ეკონომიკის ერთ-ერთი  მზარდი სექტორი,  როგორიცაა „ლურჯი“  ტურიზმი, რომელიც მჭიდრო კავშირშია  ტურიზმისა  და „ლურჯი“ ეკონომიკის განვითარებასთან. „ლურჯი“ ტურიზმის დასასვენებელი აქტივობები სანაპირო წყლებში  წარმოადგენს გლობალური ტურიზმის სექტორის მინიმუმ 50%-ს. იგი ბოლო წლების განმავლობაში ბევრი ტურისტული ქვეყნისთვის ხდება შემოსავლების ზრდის და ამით მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლების მნიშვნელოვანი წყარო. ნაშრომში აღნიშნულია, რომ „ლურჯი“ ტურიზმის მასშტაბის გაფართოებას  თან ახლავს უარყოფითი ეკოლოგიურ-ეკონომიკური და სოციალური ზემოქმედება სანაპირო და საზღვაო ზონებში, რის გამოც სექტორს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მკაცრი გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვასა და განხორციელებაში. ნაშრომში ფართოდაა წარმოდგენილი „ლურჯი“ ტურიზმის  შესწავლისა და მდგრადი განვითარების მნიშვნელობა, რაც ეყრდნობა საკმაოდ საინტერესო ციფრობრივ მასალას. აგერთვე განხილულია დარგის განვითარების ეკონომიკურ-ეკოლოგიური პრობლემები და   შემოთავაზებულია მათი აღმოფხვრის ზოგადი გზები ეკონომიკის მდგრადობისა და  შემდგომი წარმატებებისათვის.

საკვანძო სიტყვები: „ლურჯი“ ეკონომიკა, „ლურჯი“ ტურიზმი, მდგრადი განვითარება, ზღვები და ოკეანეები, წყლის რესურსები, „პლაჟის და საკრუიზო“ ტურიზმი. 

* * *

წყალი მსოფლიოს მდგრადი განვითარების შენარჩუნების მნიშვნელოვანი რესურსია. ის მოიცავს დედამიწის უმეტეს ნაწილს (ჩვენი პლანეტის 2/3-ზე მეტი) და პირდაპირ გავლენას ახდენს როგორც პლანეტის ყველა ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ  პროცესზე,  ასევე ეკონომიკის სხვადასხვა დარგზე: ენერგეტიკაზე, ტრანსპორტზე, ტურიზმზე და ცხოვრების სხვა სფეროებზე.  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO-ს შეფასებით, ოკეანეები და ზღვები საკვებით უზრუნველყოფენ მსოფლიოს მოსახლეობის 10-12%-ს. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის (IPCC) შეფასებით, ოკეანეები შთანთქავენ ადამიანის მიერ წარმოებული ნახშირორჟანგის 30%-ს. ველური ბუნების მსოფლიო ფონდი (WWF)-ის თანახმად, ოკეანის მთლიანი აქტივები შეადგენს მინიმუმ 24 ტრილიონი აშშ დოლარს და ყოველწლიურად 2,5 ტრლნ აშშ დოლარის წვლილი შეაქვს გლობალურ ეკონომიკაში. დედამიწაზე სიცოცხლე ნამდვილადაა დამოკიდებული ოკეანეებზე, ჯანსაღ საზღვაო და სანაპირო ეკოსისტემებზე და უდიდეს ეკონომიკურ და სოციალურ სარგებელს იძლევა.

ოკეანეები და ზღვები  კაცობრიობას უზარმაზარ შესაძლებლობებს სთავაზობს რესურსების ასათვისებლად, განსაკუთრებით როგორიცაა: ოკეანის მოპოვება, ოკეანის განახლებადი ენერგია, საზღვაო ბიოტექნოლოგია,  ოფშორული ქარის ენერგია, ლურჯი ნახშირბადი და სხვ., ამიტომ „ლურჯი“ ეკონომიკის განვითარების მიმართ ინტერესი სულ უფრო მეტად იზრდება. თუმცა, საყურადღებოა ისიც, რომ „ლურჯი“  ეკონომიკის განვითარება რიგი გამოწვევების წინაშეც დგას, ესაა კლიმატური ცვლილებები, მსოფლიო ოკეანის დაბინძურება და ოკეანის და ზღვის ცოცხალი რესურსების გადაჭარბებული გამოყენება და ა.შ.. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პრობლემა გლობალური ხასიათისაა და მისი გადაჭრის გზების ძიება უდაოდ მნიშვნელოვანია, როგორც ზღვებისა და ოკეანეების რესურსების გამოყენების შესაძლებლობის მქონე ქვეყნებისთვის, ისე მსოფლიო მასშტაბით.

მდგრადი განვითარების პროცესში მსოფლიო ოკეანეების ცენტრალური როლის გათვალისწინებით ქვეყნებისთვის მდგრად „ლურჯი“ ეკონომიკაზე გადასვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კლასიფიკაციის მიხედვით „ლურჯი“ ეკონომიკა აერთიანაბს ტრადიციულ და  ფორმირებად დარგებს: მეთევზეობა; ზღვის პროდუქტების გადამუშავება; საზღვაო ტრანსპორტი; პორტის ინფრასტრუქტურა; გემთმშენებლობა და რემონტი;  გაზისა და ნავთობის მოპოვება; საზღვაო მშენებლობა; საზღვაო R&D (სამეცნიერო კვლევითი  და საცდელ საკონსტრუქტორო სამუშაოები) და განათლება; გეოტექნოლოგიური გათხრითი სამუშაოები; საზღვაო და სანაპირო ტურიზმი. ფორმირებადი: ოფშორული ქარის ენერგია; ოკეანის განახლებადი ენერგია; საზღვაო ბიოტექნოლოგია; მაღალტექნოლოგიური საზღვაო პროდუქტები და მომსახურება; ნავთობისა და გაზის მოპოვება ღრმა ზღვის ზონებში; ზღვის აკვაკულტურა, რომლებიც ასე თუ ისე დაკავშირებულია მსოფლიო ოკეანესთან. „ლურჯი“ ეკონომიკა უზრუნველყოფს ადამიანებს სამუშაო ადგილებით და გაეროს ერთ-ერთი ბოლო მოხსენების თანახმად, 3 მილიარდი ადამიანი პირდაპირ დამოკიდებულია მსოფლიო ოკეანის ბიომრავალფეროვნებაზე. ის უზარმაზარი არენაა განახლებადი ენერგიის პროექტების: მზის, ქარისა და მოქცევის, ასევე საზღვაო ბიოტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარებისთვის. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტების (WEF) აზრით, ინვესტიციებმა „ლურჯი“ ეკონომიკის ძირითად სექტორებში შეიძლება მოიტანოს ხუთმაგი ანაზღაურება მომდევნო 30 წლის განმავლობაში. მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოკეანის რესურსები არ იქნება დეგრადირებული, რისი დიდი რისკებიც  არსებობს (მაგ., გარემოს დაცვის სააგენტოს ბოლო მონაცემებით, ოკეანის მჟავიანობა 25%-ით გაიზარდა პრეინდუსტრიული პერიოდის შემდეგ. 2050 წლისთვის, სავარაუდოდ, თითქმის ყველა მარჯნის რიფი მგრძნობიარე იქნება მჟავიანობის მიმართ, მათი 90%-ზე მეტი გადაშენების რისკის ქვეშაა).

„ლურჯი“ ეკონომიკის განვითარებასთან მჭიდრო კავშირშია ტურიზმის სექტორი. ტურიზმი არის   ეკონომიკური საქმიანობის ერთ-ერთი უმსხვილესი სექტორი, რომელიც ბევრ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მხოლოდ 2019 წელს ტურისტულმა სექტორმა შეიტანა გლობალური მშპ-ის 10,3% (9,6 ტრლნ აშშ დოლარი) და შექმნა სამუშაო ადგილების 10,3% (333 მლნ აშშ დოლარი); „ლურჯი“ ტურიზმის დასასვენებელი აქტივობები სანაპირო წყლებში  წარმოადგენს გლობალური ტურიზმის სექტორის მინიმუმ 50%-ს. თუმცა, COVID-19-ის პანდემის მძიმე გამოწვევამ აჩვენა  რამდენად მგრძნობიარეა ტურიზმის სექტორი ეკონომიკური, პოლიტიკური და ჯანდაცვის კრიზისების მიმართ. მიუხედავად ამისა, ტურიზმმა გახსნა ახალი შესაძლებლობები სექტორში სტრუქტურული ცვლილებებისთვის უფრო გამძლე ინდუსტრიისკენ.

სანაპირო და საზღვაო ტურიზმი (CMT) არის ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთი უძველესი სეგმენტი, რომელიც განვითარდა მე-19 საუკუნეში, ხოლო „ლურჯი“  ტურიზმი (BT) როგორც ეკონომიკური დარგი, სწრაფად გაიზარდა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ლურჯი“ ტურიზმი ზოგადად ეხება საზღვაო გარემოსთან დაკავშირებულ ტურიზმს, როგორიცაა სანაპირო ზონები, კრუიზები, პლაჟები, სახმელეთო და წყლის ტურიზმის აქტივობები სანაპირო რაიონებში და ა.შ.. ეკონომიკური ტერმინი, მომდინარეობს „ლურჯი“ ეკონომიკიდან, რომელიც ეხება საზღვაო გარემოს - მის შენარჩუნებას, ექსპლუატაციას და აღდგენას. ის ხშირად მოიაზრება საერთაშორისო განვითარების პერსპექტივად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება განვითარებული სანაპირო ზონებისა და რესურსების მიმართ მდგრად მიდგომას. „ლურჯი“ ტურიზმი არის მთავარი ეკონომიკური დარგი იმ ქვეყნებში, სადაც სანაპირო ზოლი (და ზოგიერთ შემთხვევაში თავად ზღვა ან ოკეანე) მიმზიდველი და ხელმისაწვდომია ფართო მოსახლეობისთვის და  მათი ეკონომიკები  დამოკიდებულია  ტურისტებზე: მაგ.,  კამბოჯაში ტურიზმის  სექტორის წილი მშპ-ში 15-18%-ს აღწევს, ბელიზში -15%-ს, მალტაში - 15%-ს, წმინდა ლუსიაში - 15%-ს, ხორვატიაში - 15-18%-ს აღწევს, კაბო ვერდეს რესპუბლიკაში 15-20%-ს შეადგენს, ფიჯიში 25%-ს აღწევს, ვანუატუს რესპუბლიკაში კი - 20-40%-მდე აღწევს, სეიშელის რესპუბლიკაში წილმა მშპ-ში 30-35% შეადგინა, მალდივის რესპუბლიკაში კი 30-40%-ია და სხვ...

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის OECD შეფასებით, მისი დამატებითი ღირებულება თითქმის გაორმაგდება - 2010 წლის თითქმის 400 მლრდ დოლარიდან 2030 წელს თითქმის 800 მლრდ დოლარამდე. მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის ის გახდება ოკეანის ეკონომიკის უდიდესი დამატებითი ღირებულების სეგმენტი (26%). რაც აღემატება ოფშორული ნავთობისა და გაზის მოპოვების შესაბამის მაჩვენებელს, სადაც მისი ღირებულება შეფასებულია 500 და 630 მლრდ დოლარად. „ლურჯი“ ტურიზმის მასშტაბის გაფართოებას თან ახლავს მისთვის მკაცრი გარემოსდაცვითი მოთხოვნები, რომელთა დაცვა ხელს შეუწყობს „ლურჯი“  ეკონომიკის მთავარი მიზნის მიღწევას - ადამიანის მიერ მსოფლიო ოკეანის რესურსების მდგრადი გამოყენების შენარჩუნებას და გაზრდას.

ბოლო დროს „ლურჯი“ ტურიზმის მიმართ გაზრდილმა ინტერესმა  გაზარდა ამ დარგის მნიშვნელობის აქტუალობა ეკონომიკისათვის. ეს აიხსნება საერთაშორისო საზოგადოების მიერ ე.წ „ლურჯი“ ეკონომიკის კონცეფციის განხორციელებისადმი მიპყრობილი ყურადღებით [„ლურჯი“ ეკონომიკის კონცეფცია..., 2021], რომელიც გულისხმობს როგორც მსოფლიო ოკეანის რესურსების გამოყენებას მდგრადი ეკოსისტემის პრინციპებზე დაყრდნობით, ასევე  სანაპირო ზონებში (მათი ინფრასტრუქტურით) ეკოლოგიურად ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას, რომელთა ექსპლუატაცია აუცილებლად აისახება ოკეანის ეკოსისტემაზე. მათი დაცვა საშუალებას იძლევა შევინარჩუნოთ წყლის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლები, ბუნებრივი და ბიოლოგიური რესურსები გრძელვადიან პერსპექტივაში.

„ლურჯი“ ტურიზმი აგრეთვე  არის გრძელვადიანი კვლევითი და ინოვაციური პროექტი, ფოკუსირებული ეკოლოგიზაციის პროცესების უზრუნველყოფაზე, სანაპირო და საზღვაო ტურიზმის მენეჯმენტსა და დაგეგმვაზე, მდგრადი ტურისტული პრაქტიკის ხელშეწყობაზე, საზღვაო გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებაზე სანაპირო და საზღვაო რაიონებში და სხვ., რაც უზრუნველყოფს პოზიტიურ გარე ფაქტორებს გარემოსთვის, ბიზნესისთვის  და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. იგი მოიცავს მრავალ დაინტერესებულ მხარეთა ინიციატივებს მდგრადი „ლურჯი“  ტურიზმის გასაძლიერებლად ადგილობრივ, ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. ეს ამოცანა ზრდის ამ დარგის უნიკალურ შესაძლებლობას გარდაქმნას ტურიზმის სექტორი უფრო მდგრად სექტორად. „Blue Tourism Initiative1“ არის გლობალური მრავალმხრივი ინოვაციური პროგრამა, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის მიერ და სადაც ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოები, რომლებიც არეგულირებს „ლურჯ“ ტურიზმს და მის განვითარებას, მრავალფეროვანია. ეს პროგრამა განიხილავს ზოგიერთ  მრავალმხრივ გარემოსდაცვით შეთანხმებას (MEA), მათ შორის: კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ (CBD) და რიო+20 (2012) თავისი „მომავალი ჩვენ გვინდა“ დეკლარაციასთან ერთად, რომელიც უზრუნველყოფს საფუძველს ისეთი ინიციატივებისთვის, როგორიცაა, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა (UNWTO) და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) 10 წლიანი მდგრადი ტურიზმის პროგრამა,  რომლებიც პირდაპირ კავშირშია გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანთან და 2015 წლის პარიზის შეთანხმებასთან. გარდა ამისა, ბოლო ინიციატივები ფოკუსირებულია ინდუსტრიის კოდექსების და სტანდარტების შემუშავებასა და მხარდაჭერაზე, რომლებიც ხელს უწყობენ ტურიზმის ინკლუზიურობას  და ეკოლოგიურად მდგრად პრაქტიკას, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ „ლურჯი“ ტურიზმის მომავალ განვითარებაზე. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ: გაეროს „ერთი პლანეტის“ ინიციატივა, გლაზგოს დეკლარაცია, ტურისტული პანელი კლიმატის ცვლილებისა და ტურიზმის მომავლის შესახებ. საზღვაო რეგიონის დონეზე, ძირითადი ინიციატივები და პროგრამები მოიცავს რეგიონალური ზღვების პროგრამას (UNEP), რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოს სანაპირო და საზღვაო რესურსების დაცვას და ოკეანის მდგრად გამოყენებას რეგიონთაშორისი და რეგიონული მართვის მეშვეობით, ოკეანის გლობალური დღის წესრიგის განსახორციელებლად და გამოწვევებზე რეაგირებისთვის.

„ლურჯი“  ტურიზმის მთავარ სუბიექტად მოიაზრებენ: სახელმწიფო ორგანოებს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული ტურიზმის პოპულარიზაციასა და განვითარებაში (მაგ. პოლიტიკის შემუშავება, მარკეტინგი სტრატეგიები, ინფრასტრუქტურის განვითარება, შესაძლებლობების განვითარება); კერძო სექტორი, რომელიც აერთიანებს განსახლების პროვაიდერებს, ონლაინ ტურისტულ სააგენტოებს (OTAs), ტრანსპორტირებას და სავაჭრო ასოციაციას;  მცირე და საშუალო საწარმოებს (SME), რომლებიც ქმნიან სექტორის ხერხემალს; უფრო დიდი საწარმოები, წარმოადგენენ კერძო სექტორის მცირე წილს. სამთავრობათაშორისო ორგანიზაციები (IGOs) განიხილება მნიშვნელოვან მოთამაშედ ტურიზმის ინდუსტრიის მდგრადი და ინკლუზიური განვითარებისთვის. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მასობრივი ტურიზმის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების განხილვაზე, მდგრადობის სტანდარტების ხელშეწყობის გზით სერტიფიცირების პროგრამების შედგენაზე და სხვ..

ლურჯი ტურიზმი მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

  • პლაჟის ტურიზმი, როგორიცაა მზის აბაზანების მიღება, სნორკელინგი, ცურვა და პლაჟის კლუბების/ბარების მონახულება;
  • გასეირნება ან ლაშქრობა სანაპიროზე;
  • სანაპიროს ველური ბუნების დაკვირვება;
  • ნაოსნობა და იახტინგი;
  • საზღვაო ტურები, როგორიცაა მინის ფსკერიანი ნავით გასეირნება, ნავით დელფინების და ვეშაპების დათვალიერების  ტურები, ღირსშესანიშნაობების კრუიზები და ა.შ.;
  • საზღვაო და სამდინარო კრუიზები;
  • წყლის სპორტი, როგორიცაა წყლის თხილამურებით სრიალი, სერფინგი, ვეიკბორდინგი, პარასალინგი და პადლ ბორდინგი;
  • ნაპირზე  ან ნავით თევზაობა;
  • წყალქვეშა დაივინგი.

„ლურჯი“ ტურიზმის უმეტესი მიმართულებები სეზონურია, რაც თავის მხრივ განაპირობებს სამუშაოს არასტაბილურობას და დაბალ შემოსავლებს როგორც ბიზნესისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

პლაჟის საკურორტო ტურიზმი და საკრუიზო ტურიზმი მასობრივი „ლურჯი“ ტურიზმის ძირითადი წამყვანი მიმართულებებია.

„პლაჟის“ ტურიზმი არის  ჯგუფური ან ინდივიდუალური მოგზაურობა, რომელიც მიზნად ისახავს დასვენებას და გასართობას ზღვების, ტბების ან ოკეანების სანაპიროზე, სადაც აუცილებელია გათვალისწინებული იყოს: ქვიშიანი ან კენჭიანი პლაჟის არსებობა; პლაჟამდე მანძილი და მასთან მისვლის სიმარტივე.  ასევე სანაპირო ზოლზე მრავალი სასტუმროების, რესტორანების, ბარების, სავაჭრო ობიექტების და ღირსშესანიშნაობების, ბინების გაქირავების სერვისის და სხვ. არსებობა  შესაბამისი სხვადასხვა ტიპის დასვენებით სანაპირო კურორტის კატეგორიაში. „პლაჟის“ ტურიზმი პოპულარულია ყველა ასაკისა და ფენის ადამიანებში და ის ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფინანსური შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის. „პლიაჟის“ ტურიზმის პოპულარული მიმართულებებით გამოირჩევიან:  თურქეთი, საბერძნეთი, ვიეტნამი, ზანზიბარი, ფილიპინები,  მალდივები და სხვ.. ეს სახეობა მოიცავს მოგზაურობას სანაპირო რაიონებში და მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში, როგორიცაა ცურვა, სერფინგი, მზის აბაზანების მიღება, თევზაობა და სხვა წყლის აქტივობები. „სანაპირო“ ტურიზმი ეფუძნება სახმელეთო-საზღვაო რესურსების უნიკალურ კომბინაციას, როგორიცაა მზე, ზღვა, პლაჟები, თვალწარმტაცი ხედები, მდიდარი ბიომრავალფეროვნება (ფრინველები, ვეშაპები, მარჯნები და ა.შ.), ზღვის პროდუქტები და კარგი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. იგი ყოველწლიურად იზიდავს მილიონობით ტურისტს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რაც მას მნიშვნელოვან როლს ანიჭებს გლობალური ტურიზმის ინდუსტრიაში.

 იგი ასევე იძლევა კვლევებისა და თავგადასავლის  შესაძლებლობას. ვიზიტორებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა წყლის აქტივობებში, როგორიცაა სერფინგი, სნორკელინგი, პარასალინგი და თევზაობა და სხვ. ეს აქტივობები საშუალებას აძლევს ვიზიტორებს შეისწავლონ წყალქვეშა სამყარო და დააფასონ საზღვაო ცხოვრება.

„პლაჟის“ ტურიზმი ქმნის ადგილობრივ მოსახლეობას დასაქმების შესაძლებლობებს სხვადასხვა სექტორში, როგორიცაა სტუმართმოყვარეობის ინდუსტრია, ტრანსპორტი და გართობა და სხვ... სანაპირო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას და აუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონეს. „პლაჟის“ ტურიზმი იძლევა კულტურული შემეცნების შესაძლებლობას: სტუმრებს შეუძლიათ გაეცნონ ადგილობრივ კულტურას და ცხოვრების წესს, დაუკავშირდნენ ადგილობრივ მოსახლეობას და დააგემოვნონ ადგილობრივი სამზარეულო. გარდა ამისა სწორი მართვის პირობებში „პლაჟის“ ტურიზმი ხელს უწყობს ბუნების დაცვას და  კონსერვაციას, ასევე ანვითარებს მდგრად ტურისტულ პრაქტიკას, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას, რადგან ვიზიტორები აფასებენ გარემოს სილამაზეს და უფრო მეტად არიან მიდრეკილნი მის დაცვაზე.

„პლაჟის“ ტურიზმსაც აქვს თავისი პრობლემები, რომელთა მოგვარება აუცილებელია  მდგრადი ტურიზმის უზრუნველსაყოფად. მისი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სეზონურობა და პლაჟების არათანაბარი დატვირთულობაა. პოპულარული პლაჟები „ცხელ“ სეზონზე იზიდავს ვიზიტორთა ძალიან დიდ რაოდენობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დესტინაციის გადატვირთულობა და გარემოს დეგრადაცია. ვიზიტორთა რაოდენობის უკონტროლო ზრდა იწვევს პლაჟების და მიმდებარე ეკოსისტემების დაბინძურებას და  ბუნებრივ რესურსების განადგურებას, როგორიცაა წყალი და ენერგია. ბევრი უკონტროლო ვიზიტი ნიშნავს მეტ სასტუმროს,  მეტ საკვებს და საკვების ნარჩენებს, ასევე მეტ ელექტროენერგიას, მეტ მანქანას გზაზე, დიდ ხმაურს და მეტ ნაგავს.  ტურისტები ხშირად ტოვებენ ნაგავსა და ნარჩენებს სანაპიროზე. „პლაჟის“ ტურიზმმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ბუნებრივი ჰაბიტატების განადგურება, მეტი ზეწოლა გადაშენების პირას მყოფ სახეობებზე და პლაჟის ეროზია.

დღეს „სანაპირო“ ტურიზმი თავისი ქვიშის, ზღვისა და მზის ატრიბუტებით ითვლება ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად მიმართულებად, სადაც უსაფრთხო, სტაბილური და მიმზიდველი სანაპირო გარემოს შესაქმნელად აუცილებელია მდგრადი სანაპირო ტურიზმის განვითარება. ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესო მიდგომაა სანაპირო ზონის მდგრადი ინტეგრირებული მართვა.

საკრუიზოტურიზმი არის „ლურჯი“ ტურიზმის კიდევ ერთი წამყვანი, კაპიტალტევადი მიმართულება, რომელიც ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სწრაფად მზარდი სეგმენტია. იგი აერთიანებს ტურიზმის რამდენიმე სახეს, როგორიცაა რეკრეაციული, სპორტული, სამედიცინო და საგანმანათლებლო. კრუიზი უნდა გვესმოდეს, როგორც საზღვაო მოგზაურობა წყლის ტრანსპორტით დადგენილ მარშრუტზე, მათ შორის სანაპიროზე ექსკურსიები, ღირშესანიშნაობების დათვალიერება საპორტო ქალაქებში, ასევე მრავალფეროვანი გასართობი საზღვაო და სამდინარო ლაინერებზე. „საკრუიზო“ ტურიზმის წამყვანი ქვეყნებია: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, საფრანგეთი. კრუიზების ძირითადი წილი მოდის აშშ-ზე - 61%, ევროპის წილი - 22%-ია, ყველა სხვა რეგიონში მხოლოდ 17%-ია. კრუიზების ყველაზე დიდი მოცულობა კარიბის ზღვაზე მოდის (55%) და მნიშვნელოვნად ნაკლები ხმელთაშუა ზღვაზე (10%).

თანამედროვე წყლის ტრანსპორტი, ტურიზმისა და მომსახურების სფეროდან გამომდინარე, იყოფა საზღვაო და სამდინარო. საზღვაო ტრანსპორტთან დაკავშირებული წყლის გემები ახორციელებენ საერთაშორისო, საქალაქთაშორისო და სანაპირო გადაყვანებს. მდინარის ფლოტის გემებს მგზავრები გადაჰყავს შიდა წყლის გზების გასწვრივ, რომლებიც მოიცავს მდინარეებს, ტბებს, დიდ წყალსაცავებსა და არხებს. თავის მხრივ, სამდინარო კრუიზები იყოფა: ტრანსპორტად (კომუნიკაცია ორ დასახლებულ პუნქტს შორის, მუშაობს გრაფიკით), ტურისტულ (ტრადიციული და სპეციალური მარშრუტი, არა უმეტეს ერთი დღისა) და ექსკურსია და გასართობად (ქალაქში და საგარეუბნო მარშრუტები, ხანგრძლივობა 24 საათი). ყოველწლიურად, მილიონობით ადამიანი მთელი მსოფლიოდან იწყობს საინტერესო თავგადასავლებს ძვირადღირებული საკრუიზო გემების ბორტზე. თანამედროვე საკრუიზო გემები, რომლებსაც შეუძლიათ ათასობით მგზავრის გადაყვანა, ნამდვილი მცურავი ქალაქებია რესტორნებით, ბარებით, აბაზანებით, საცურაო აუზებით, სპასალონებით, სპორტული დარბაზებითა და კინოთეატრებით, სადაც თითოეული კომპანია გთავაზობთ გართობის, ექსკურსიების და ღონისძიებების საკუთარ პროგრამებს, რომლებიც ასახავს სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის მახასიათებლებს. დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე დიდი საკრუიზო გემი - Icon of the Seas -ია (7600 მგზავრი მაქსიმალური ტევადობით), რომელიც ეკუთვნის Royal Caribbean Group-ს. კრუიზები შეთავაზებული სერვისების მრავალფეროვნებით და კომფორტით იზიდავს ტურისტებს და მის დადებით მხარედ ითვლება:  ერთ მოგზაურობაში ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის, ქალაქის და მათი პორტების მონახულება; მოგზაურობის დროს მრავალი ადგილობრივი ტურისტული დესტინაციის დათვალიერება  დროის დაკარგვის გარეშე; ასევე მრავალფეროვანი გასართობი პროგრამები და აქტივობები ბორტზე; არ არის საჭირო ბარგის მუდმივად შეგროვება და ტრანსპორტირება; კრუიზის დროს ჩერდებით ერთ კაიუტაში, რაც ძალიან მოსახერხებელია; კვება შედის კრუიზის ფასში; ბორტზე არის რესტორნები მრავალფეროვანი მენიუთი, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიირთვათ გემრიელი კერძები; საკრუიზო კომპანიები ზრუნავენ ყველა ორგანიზაციულ საკითხზე, უზრუნველყოფენ მგზავრების კომფორტს და უსაფრთხოებას.

საკრუიზო მოგზაურობის ინდუსტრია განუხრელად ვითარდება და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს დამსვენებლებს. საკრუიზო ინდუსტრიამ 2022 წელს 18 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო გლობალურმა შემოსავალმა 2024 წლისთვის 30 მლრდ დოლარს მიაღწია (იხ. ცხრილი). 

საკრუიზო ინდუსტრიის შემოსავალი წლების მიხედვით [5] 

წლები

2019

2020

2021

2022

2023

2024

საკრუიზო ინდუსტრიის შემოსავალი (მლრდ აშშ დოლარი)

27

3

13

18

25

30

„საკრუიზო“ ტურიზმი  ხელს უწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარებას.  საკრუიზო კომპანიების სტუმრობა და აქტივობა სხვადასხვა ქვეყნის პორტებში,  ხელს უწყობს ქვეყნებში ვაჭრობას, ბიზნეს, პორტების გაძლიერებას, ინვესტიციების მოზიდვას, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს თითოეული მონაწილე ქვეყნის ეკონომიკაში.  იგი ასევე ზრდის ტურისტებში საკრუიზო პორტების პოპულარულობას. საკრუიზო ხაზები ხელს უწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოითხოვს მის მუდმივ განახლებას პორტებში, ნავსადგურებში, აეროპორტებში და ა.შ. მთელს მსოფლიოში, რაც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს (საკრუიზო ინდუსტრია ქმნის 1 მილიონზე მეტ სამუშაო ადგილს) და ასტიმულირებს ეკონომიკურ ზრდას.

„საკრუიზო“ ტურიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლის განმტკიცებაში. საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერება ეკონომიკური თანამშრომლობის გზით, ხელს უწყობს სახელმწიფოებს შორის ნდობისა და თანამშრომლობის გაძლიერებას. გარდა ამისა, „საკრუიზო“ ტურიზმი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დიპლომატიური ინსტრუმენტი საერთაშორისო კონფლიქტების მოსაგვარებლად და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

აშკარა უპირატესობების მიუხედავად, კრუიზებს ასევე აქვთ გარკვეული უარყოფითი მხარეები, რომელთაგან გამოვყოფდით:

  • შეზღუდული დრო გატარებული თითოეულ პორტში. ჩვეულებრივ ლაინერი იქ მხოლოდ რამდენიმე საათით სტუმრობს, რაც არ იძლევა  ქალაქების სრულად დათვალიერების საშუალებას;
  • ზოგიერთი მოგზაურთათვის  ზღვის ავადმყოფობის რისკი;
  • მაღალი ღირებულება სხვა დასვენების ვარიანტებთან შედარებით. კრუიზები ტურიზმის ყველაზე ძვირადღირებულ სახეებს შორისაა, განსაკუთრებით თუ ირჩევთ მდიდრულ კაიუტას;
  • ბორტზე მყოფი ადამიანების დიდი რაოდენობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დისკომფორტი;
  • სანაპიროზე ექსკურსიებისა და აქტივობების შეზღუდული არჩევანი. საკრუიზო კომპანიები ხშირად აწესებენ საკუთარ პროგრამებს, რაც შეიძლება უფრო ძვირი იყოს, ვიდრე ინდივიდუალური ტურები;
  • სანაპიროების, ჰაერისა და წყლის დაბინძურების მაღალი რისკი. საკრუიზო გემი ყოველდღიურად გამოყოფს უფრო მეტ სასათბურე გაზს, ვიდრე 13 მილიონი მანქანა. საკრუიზო ინდუსტრია ცდილობს 2030 წლისთვის ნახშირბადის ემისიების 40%-ით შემცირებას, ასევე იკვლევენ ტრადიციული საწვავის სხვადასხვა ალტერნატივებს, რათა შეამცირონ მათი დამოკიდებულება წიაღისეულ საწვავზე და გადავიდნენ სუფთა ენერგიაზე.  საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) ითხოვს 2030 წლისთვის საზღვაო ინდუსტრიაში ალტერნატიული მდგრადი საწვავის გამოყენების გაზრდას 5%-დან 10%-მდე.

ბოლო წლებში ასევე ინტერესი იზრდება  „ლურჯი“ ტურიზმის სხვა  სწრაფად მზარდი მიმართულებების მიმართ: საზღვაო და სანაპირო სპორტული ტურიზმი, რომელიც მოიცავს მოგზაურობას და აქტივობებს, რომლებიც დაკავშირებულია საზღვაო სპორტულ ღონისძიებებთან, აქტივობებთან; ეკოლოგიური ტურიზმი, რომელიც მიზნად ისახავს მოგზაურთა მცირე რაოდენობის გადამისამართებას ნაკლებად პოპულარულ მიმართულებებზე და აქტივობებზე, რათა შეამსუბუქოს მათი გავლენა ეკოსისტემებზე; საზღვაო კულტურული ტურიზმი, რომელიც მოიცავს კულტურული მემკვიდრეობის და ზღვისპირა და საზღვაო გარემოში მცხოვრები მოსახლეობის გაცნობა-შესწავლას. ასევე საინტერესო მიმართულებად განიხილება პესკატურიზმი  (ტურიზმისა და თევზაობის კომბინაცია), როგორც ახალი შეთავაზება ადგილობრივი და უცხოელ ვიზიტორებისთვის, მეთევზეებისათვის დამატებითი შემოსავლების გაზრდის მიზნით. 

დასკვნა

დასასრულს, „ლურჯი“ ტურიზმი არის ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთი მძლავრი და პოპულარული სეგმენტი, რომელიც განვითარდა ბოლო ათწლეულში. იგი ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს იზიდავს. „ლურჯი ტურიზმის“ ბაზრის ძირითადი სეგმენტებია: 1. „პლაჟის და სანაპირო კურორტების ტურიზმი“, რომლებიც წარმოადგენენ ყველაზე გლობალიზებულ და გეოგრაფიულად განაწილებულ ეკონომიკურ აქტივობას სექტორში; 2. „საკრუიზო“ ტურიზმი,  როგორც სექტორის ყველაზე სწრაფად მზარდი და მომგებიანი სეგმენტი. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სექტორი გამოიმუშავებს სარგებელს, მაგ.: სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკის გაძლიერება; ადგილობრივი მოსახლეობის განვითარება (ადგილობრივი ბიზნესი, ინფრასტრუქტურა); ინოვაციური, მდგრადი მიდგომები ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან და მართვასთან; მათ შორის მთავარია სანაპირო განვითარება; ადგილობრივი კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნების ცნობიერების ამაღლება და განათლების ხელშეწყობა,  მათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ უარყოფით ეკოლოგიურ-ეკონომიკურ და სოციალურ ზემოქმედებაზე სანაპირო და საზღვაო ზონებში, განსაკუთრებით საკრუიზო ინდუსტრიაზე, რომელიც ჰაერის, ხმაურის და საზღვაო დაბინძურების ძირითადი წყაროა. ასევე მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების დაკარგვა; სეზონურობა და ტერიტორიული გადატვირთვა; ტურიზმიდან შემოსავლის არათანაბარი განაწილება. ნეგატიური ზემოქმედება მოიცავს ასევე ცვლილებებს კულტურულ ავთენტურობაში (ტურისტიზაცია) და გენტრიფიკაცია. უდაოა, რომ „ლურჯი“ ტურიზმის სამომავლო პერსპექტივა პოზიტიურია  და უფრო მდგრადი გახდება, რადგან  ტუროპერატორები, კერძო კომპანიები, ორგანიზაციები და მთავრობები იღებენ ზომებს გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე შესამცირებლად, რისთვისაც აუცილებელია შესაბამის სამთავრობო უწყებებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა; ადგილობრივი მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის წახალისება დაგეგმვისა და მართვის პროცესში; საჯარო სექტორის მიერ, ბაზრის კვლევის ხელშეწყობის ინსტრუმენტების დანერგვასთან ერთად, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა  იმ მცირე ტურისტულ საწარმოებითვის, რომლებიც ცდილობენ თავიანთი ინოვაციური ბიზნეს მოდელების დანერგვას; ამასთან ერთად მდგრადი „ლურჯი“ ტურიზმის დაფინანსების ალტერნატიული ფორმების მხარდაჭერა, ხოლო არსებული დაფინანსების მექანიზმების ადაპტირება „ლურჯი“ ტურისტული ეკონომიკის მოთხოვნებთან; ტურისტულ ზონებს, დესტინაციებს, ტურისტებსა და გარემოს შორის ბალანსის უზრუნველყოფა, რომელიც გადამწყვეტია მდგრადი „ლურჯი“ ტურიზმისთვის; პარტნიორობის დამყარება საჯარო კერძო სექტორს შორის და მოსახლეობასთან, რათა ყველა მხარე გაერთიანდეს ადგილობრივი მემკვიდრეობის და გარემოს დაცვაში; ასევე მიზანშეწონილია გარემოსდაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ დონეზე, ციფრული და „ჭკვიანი“ ტურიზმის განვითარების წამახალისებელი პოლიტიკის შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს ინტეგრირებული, მრავალდონიანი, მდგრადი „ლურჯი“ ტურიზმის  განვითარებას, რაც საბოლოო ანგარიშით მდგრადი ეკონომიკური განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. В воду поглядели: что такое «синяя» экономика, (2023), https://strana-rosatom.ru/2023/06/22/v-vodu-poglyadeli-chto-takoe-sinyaya-ek/
  2. What is Blue Tourism and What does this Mean for the World?, (2023). https://tourismteacher.com/blue-tourism/ 
  3. Пляжный туризм: простое объяснение, https://chemodansobran.ru/plyazhnyj-turizm/ 
  4. Отпуск на волнах: плюсы и минусы круизного отдыха, (2024, 21 мая) https://vfokuse.mail.ru/article/plyusy-i-minusy-kruiznogo-otdykha-61165558/ 
  5. Post-pandemic cruisin' - 2023 Cruise Industry Study, (2023) https://cyprusshippingnews.com/2023/02/01/post-pandemic-cruisin-2023-cruise-industry-study/
  6. Круизный туризм https://studfile.net/preview/5798007/page:27/
  7. მსოფლიოს უდიდესი საკრუიზო გემის მშენებლობა.. .- (2023, 30 ივნ.) -Digest.ge https://digest.ge › news › msoflio ›msoflios-udidesi-sa...
  8. The Cruise Industry's Green Voyage: A Sustainable Future on the High Seas, (2023). https://www.euronews.com/travel/2023/ 12/06/the-cruise- industrys-green-voyage-a- sustainable-future-on-the-high-seas 
  9. Towards Sustainable Blue Tourism, (2023). https://bluetourisminitiative.org/ wp-content/uploads/2023/11/02-FR.-BlueTourism_Summary_27nov.pdf
  10. Смирнов С.Н., (2022). Круизный туризм в синей экономикепроблемы и перспективы. 57. УДК 338.48. DOI 10.31249/espr/2022.02.03. https://cyberleninka.ru/article/n/kruiznyy- turizm-v-siney-ekonomike-problemy-i-perspektivy 
  11. Пляжный туризм – (2020, 20 სექ.) — ... Туризм; Пляжный туризм. Используй нейросеть AvtorGPT ... — URL https://spravochnick.ru/turizm/plyazhnyy_turizm/