English / ქართული / русский /
ელენე ჩიქოვანი
თანაბარი შესაძლებლობების განვითარების ზოგიერთი საკითხისათვის საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში

ანოტაცია. სტატიაში დახასიათებულია თანაბარი შესაძლებლობების განვი­თარების პრობლემები საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში. განხილულია ის ნაკლოვანებები, რომელიც ქვეყნის უმაღლესი განათლების დაფინანსების ამჟამად მოქმედი მოდელისათვის არის დამახასიათებელი და  რიგ შემთხვეაში ხელშემშლელ ბარიერებს ქმნის  თანაბარი შესაძლებლობების განვითარებისა და  უმაღლესი განათლებისადმი მისაწვდომლობის ჩამოყალიბებაში. გაანალიზებულია უმაღლესი განათლების სახელმწიფო და კერძო სექტორების განვითარებაში ჩამოყალიბებული ტენდენციები საქართველოში. დასმულია საკითხი უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ. მოყვანილია ქვეყნის უმაღლესი განათლების სფეროს დაფინანსების თანამედროვე მოდელის დადებითი და უარყოფითი მხარეები.  დახასიათებულია  ამჟამად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში  უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების სფეროში მოქმედი მოდელები. შემოთავაზებულია წინადადებები დაფინანსების ალტერნა­ტიული წყაროების განვითარების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი განათლების სისტემისადმი მისაწვდომლობისა და თანაბარი შესაძ­ლებლობების განვითარებას.  მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესების  მიზნით დასაბუთებულია ღონისძიებების გატარების აუცილებლობა უმაღლესი განათლებაზე დანახარჯების ტვირთის გადანაწილების, მოსახლეობის სოციალურად ნაკლებად უზრუნველყოფილი ფენების განათლებისადმი მისაწვდომლობის ამაღლებისა  და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების მიმართულებით.

ძირითადი სიტყვები: უმაღლესი განათლება, უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელები, თანაბარი შესაძლებლობების განვითარება, უმაღლესი განათლების სისტემისადმი მისაწვდომლობა, კონკურენტული გარემო. 

* * * 

ბოლო პერიოდში, საქართველოში განათლების სფერო მთავრობის მიერ ეკონომიკური რეფორმების პრიორიტეტულ მიმართულებად არის გამოცხადებული. ქვეყანაში კურსი აღებულია განათლების დაფინანსების მკვეთრი ამაღლებისა და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის გაძლიერებისაკენ, რაც არსებითად განათლების სახელმწიფო სექტორით შემოიფარგლება  და დაფინანსების ადექვატური მოდელის არ არსებობის პირობებში  ხელს  შეუწყობს  სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებს შორის არათანაბარი კონკურენციულ გარემოს ჩამოყალიბებას. სტრატეგიული დოკუმენტების  შესაბამისად, ქვეყანაში იზრდება უმაღლეს განათლებაზე სახელმწიფო დანახარჯები, რაც მოიცავს სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო საბაკალავრო და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტებს, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების დაფინანსებას.  იზრდება სოციალური პროგრამები მოწყვლადი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით. ასევე, გაიზარდა სახელმწიფო სტიპენდიების პროგრამა, სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები ზუსტი და საბუნებისმეტყველო, აგრარული, საინჟინრო და რიგი სხვა მეცნიერებების პრიორიტეტული მიმართულების მიხედვით; ეროვნული უმცირესობებისთვის შემუშავებულია უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე გამარტივებული მიღების და დაფინანსების მექანიზმები( სტრატეგია 2017-2021 გვ. 32-38).

ზემოაღნიშნულზე  მიგვანიშნებს ქვეყნის უმაღლესი განათლების სახელმწიფო  და კერძო სექტორებში ჩამოყალიბებული განვითარების ტენდენციებიც. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით (საქსტატი)  2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს 64 (19 სახელმწიფო და 45 კერძო) უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში  177 791 სტუდენტი სწავლობდა, 2007-2008 წელთან შედარებით სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობა 26-დან 19-მდე, ხოლო კერძო უმაღლესი სასწავლებლების კი 137-დან 45-მდე შემცირდა. 2023-2024 სასწავლო წლისათვის სტუდენტთა რიცხვი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში 105 822-დან 105422-მდე შემცირდა,  კერძო  უმაღლეს სასწავლებლებში კი 33 138 დან 72 649-მდე გაიზარდა. ქვეყანაში იზრდება უცხოელი სტუდენტების რაოდენობა.  საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2023-2024 სასწავლო წელს უცხოენოვან საბაკალავრო პროგრამებზე 2 943, ხოლო მაგისტრატურის, დიპლომირებული მედიკოსის (ვეტერინარის), რეზიდენტურის პროგრამებზე სულ 10 382  უცხოელი სტუდენტი სწავლობდა. 2023-2024 სასწავლო წლისათვის ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში პროფესორ მასწავლებელთა რიცხოვნობა 5176-ს შეადგენდა, რაც 557 კაცით ნაკლები იყო 2019-2020 წელთან შედარებით(საქსტატი, 2024) . 

სახელმწიფომ  აიღო კურსი განათლების სფეროში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების სისტემის მოწესრიგების მიმართულებით, რომლის მაგალითსაც ქვეყნის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების უკვე განხორციელებული მატება, ასევე  სკოლამდელ დაწესებულებებში ხელფასების სამართლიანი გადასინჯვა წარმოადგენს, რაც აისახა სტატისტიკურ მაჩვენებლებზე.  ასე, რომ თუ 2018 წელს განათლების სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი საქართველოში განათლების სახელმწიფო სექტორში 573.6 ლარს შეადგენდა, 2022 წელს  904.6 ლარს მიაღწია, რაც საჯარო ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში  ხელფასების ზრდის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიების პირდაპირ შედეგს წარმოადგენს და უკვე წინ უსწრებს განათლების არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ზრდის მაჩვენებელს. (2018 წლისათვის განათლების სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი 573.6 ლარს შეადგენდა ხოლო არასახელმწიფო სექტორში კი 708, 7 ლარს) (საქსტატი).  ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ეს ცვლილება არ განხორციელებულა კერძო (არასახელმწიფო სექტორის) უმაღლესი  და პროფესიული განათლების სფეროში, სადაც ხელფასის ოდენობა   ჩამორჩება  განათლების სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს. შექმნილი სიტუაცია მით უფრო დამაფიქრებელია შრომის ანაზღაურების სფეროში არსებული უსისტემობის ფონზე, რომლის ნათელ გამოხატულებას წარმოადგენს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასების სარგოები დაკავებული თანამდებობების მიხედვით, რომლის თანახმადაც განათლების სფეროში სპეციალისტ-პროფესიონალების ხელფასი  2021 წელს საქართველოში 994, 4 ლარს შეადგენდა, რაც 3.5-ჯერ ჩამორჩებოდა უმაღლესი რანგის მენეჯერების, მაღალი თანამდებობის პირების და კანონმდებლების ხელფასების  ანალოგიურ მაჩვენებლებს და  2.3 ჯერ ნაკლები იყო ადმინისტრაციულ და კომერციული მენეჯერების და შესაბამისად,  1.3 ჯერ  ჩამორჩებოდა სპეციალსტ პროფესიონალების ხელფასებს(საქსტატი). ამ ფონზე, განათლების სფეროში,  გამონაკლისს მხოლოდ კერძო უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემა წარმოადგენს, სადაც შრომის ანაზღაურება არ იზრდება და შესაბამისად,  ასახავს ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკის დანარჩენი სექტორების მიხედვითაც, დამკვიდრებულ უსისტემობას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში შრომის ფასს ბაზარი კი არ აყალიბებს არამედ, დამსაქმებლის  ნებაზეა დამოკიდებული.  აღნიშნულის, გამოხატულებასაც წარმოადგენს ის გარემოება, რომ საქსტატის მთლიანი შიდა პროდუქტის შემოსავლების ფორმირების ანგარიშის მიხედვით 2019 წელს  მთლიანი შიდა პროდუქტის შემოსავლების მიხედვით განაწილებაში ხელფასის წვლილი მხოლოდ 33 %-ს შეადგენდა, მთლიანი საოპერაციო მოგების წილი 39%--ს, მაშინ როდესაც,  აშშ-ს მშპ-ს სტრუქტურაში მომუშავეთათვის საკომპენსაციო ანაზღაურებების წილი(რომელიც მოიცავს ხელფასს, ჯამაგირს, სხვადახვა პრემიებს)  ხვედრითი წილი 57 % და კორპორატიული  მოგების ხვედრითი წილი 7.5 % იყო(ჩიქობავა და კაკულია, 2009, გვ. 42) ამჟამად, საქართველოში  არსებული ვითარება არსებით ზემოქმედებს ახდენს სწავლების ხარისხზე, ხელს უწყობს მეცნიერებისა და განათლების სფეროში დასაქმებული მაღალ კვალიფიცირებული სპეციალისტების გადადინებას ეკონომიკის სხვა სფეროებში, ასევე ქვეყნიდან კადრების გადინებას („ტვინების გადინება“) და დემოტივაციის პირობებს ქმნის ახალგაზრდების შემოსვლისათვის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, რაც განსაკუთრებით აქტუალურია კადრების დაბერების ფონზე.

პარალელურად, იზრდება უმაღლესი განათლების სფეროს შემოსავლები. ჩატარებული კვლევების მიხედვით „საქართველოში უმაღლესი განათლების სექტორის შემოსავალი 251 მლნ. ლარიდან 691 მლნ. ლარამდე გაიზარდა 2009-2019 წლებში. სწავლის საფასური შემოსავლის ძირითადი წყაროა, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ინსტიტუტებისთვის. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლება საქართველოში, ძირითადად, დაფინანსებულია ჯიბიდან გადახდებით  (წილი 77%  2019 წელს), ხოლო მთავრობის დაფინანსება მცირეა (23%)“ განათლების კერძო სექტორის შემოსავლების ზრდის ტემპმა ბოლო ათწლეულში გადააჭარბა განათლების საჯარო სექტორს და მისი წილი ჯამურ შემოსავლებში 10.3 პროცენტული პუნქტით 33.2%-მდე გაიზარდა 2009-2019 წ.წ. პერიოდში. ჩატარებული კვლევის მიხედვით კერძო უმაღლესი განათლება მომგებიანი სექტორია, რომლის წმინდა მოგებაც 11.5 მლნ ლარიდან 42.8 მლნ ლარამდე გაიზარდა 2009-2019 წლებში. გაზრდილი შემოსავლებისა და გაუმჯობესებული ეფექტურობის შედეგად სექტორის წმინდა მოგების მარჟამ 2017-18 წლებში 25%-ს მიაღწია“. ამავე დროს, როგორც კვლევები ადასტურებენ,   „უმაღლესი განათლება არის მძიმე ფინანსური ტვირთი ქართველი მოსახლეობისთვის. იგი  საკმაოდ მაღალია ევროპის მაღალშემოსავლიან და განვითარებად ქვეყნებთან შედარებით, რაც ძირითადად გამოწვეულია სახელმწიფო  დაფინანსების სიმწირით. სწავლის საფასური წარმოადგენს უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ მთავარ დანახარჯს, 85% წილით ჯამურ ხარჯებში.  ქართველ სტუდენტებს ძირითადად ფინანსურად ოჯახები ეხმარებიან, როცა სხვა ევროპულ ქვეყნებში სტუდენტების შემოსავლებში მეტი წილი უკავია თვითგამომუშავებულ შემოსავლებს და სახელმწიფო დახმარებას, რაც ამსუბუქებს ფინანსურ ტვირთს შინამეურნეობებზე“ (ბოჭორიშვილი და პერანიძე, 2020 გვ 29-34)..

მთავრობის მიერ გამოცხადებული კურსის ეფექტური რეალიზაცია მოითხოვს ქვეყნის უმაღლესი განათლების სფეროში დაფინანების არსებული მდგომარეობის შეფასებას, რათა ერთის მხრივ აღმოიფხვრას უმაღლესი განათლების სახელმწიფო და კერძო სექტორების დაფინანსების სისტემაში არსებული ნაკლოვანებები და შეიქმნას პირობები უმაღლესი განათლების სახელმწიფო და კერძო სექტორების განვითარებისათვის აუცილებელი კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებისა და განათლების ხარისხის რადიკალური გაუმჯობესების მიმართულებით, რაც განათლების სფეროს სახელმწიფოებრივი რეგულირების ქმედითი მექანიზმების შემოღებას მოითხოვს. ამ მიმართებით აუცილებელია სახელმწიფო დაკვირვებისა და შფასების საგანი გახდეს უმაღლესი განთლების კერძო სექტორში სწავლების საფასურის დაწესებისა და შრომის ანაზღაურების სფეროში არსებული შეთანხმებები,  რაც დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს კონკურენციული გარემოს  ჩამოყალიბებისა და თანაბარი შესაძლებლობების განვითარებისათვის  ამის მაგალთს წარმოადგენს ქვეყნის უმაღლესი განათლების კერძო სექტორში შრომის ანაზღაურების სფეროში დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც კონკურსის წესით არჩეული, შტატში მომუშავე, პროფესორ მასწავლებელთა აბსოლუტური უმრავლესობა საათობრივი ანაზღაურების წესით წელიწადში საშუალოდ  მხოლოდ  8-9 თვის განმავლობაში  იღებს ანაზღაურებას და მოკლებულია არა თუ ღირსეული შრომის ანაზღაურების  არამედ, მოქმედი შრომის კანონმდებლობით დადგენილ ანაზღაურებადი შვებულების მიღების  გარანტიებსაც. შეთანხმების საგანს წარმოადგენს და ყურადსაღებია, სწავლის საფასურის დაწესების პრაქტიკაც.

თანამედროვე ეტაპზე უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებასა და მისი ხარისხის ამაღლებას უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის ქმედითობა განაპირობებს. ამჟამად, მსოფლიოში უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანსების 3 მოდელი არსებობს. პირველი მოდელის მიხედვით უმაღლესი განათლების დაწესებულებები ფინანსდებიან მხოლოდ სახელმწიფოს მიერ. დაფინანსების მეორე მოდელის შემთხვევაში უმაღლესი განათლება ექსკლუზიურად მხოლოდ კერძო ფონდების ხარჯზე ფინანსდება. მესამე მოდელი მოიცავს, როგორც სახელმწიფო ისე კერძო ფონდების დაფინანსებას(Global Practices of Higher Education Financing, 2019pp.2-5  )  არსებული მოდელების მიხედვით მსოფლიოში ქვეყნები შემდეგ ჯგუფებში ერთიანდებიან. პირველ ჯგუფს მიკუთვნებულია სკანდინავიის ქვეყნები;  მეორე ჯგუფს-  ამერიკის შეერთებული შტატები; მესამე ჯგუფს - იაპონია. ამერიკული მოდელის ძლიერ მხარეს წარმოადგენს უნივერსიტეტების საკანონმდებლო და ფინანსური დამოუკიდებლობა. შესაბამისად, დაფინანსების სისტემა დეცენტრალიზებულია. სკანდინავიური მოდელის მიხედვით უმაღლესი განათლება სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. შესაბამისად, მისი მართვა ცენტრალიზებულია. იაპონური მოდელი ორივე სახელმწიფო და კერძო დაფინანსებას იყენებს. პირველი მოდელი ცნობილია საბაზრო მოდელის. მეორე ბიუროკრატიული ხოლო მესამე კოლეგიალური მოდელის სახელწოდებით(Financing modelsf or higher educational institutions, 2023 pp. 2-4).

ბიურიკრატიული მოდელის შიგნით   ევროპული ქვეყნების) უმრავლესობა 4 ძირითადი მიდგომას და მის სხვადასხვა ვარიაციებს  მიმართავს: 1. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება უმაღლესი განათლების დაწესებულებების პირდაპირი დაფინანსება შეთანხმებული სწავლების საფასურის მიხედვით, რაც სახელმწიფოს დაფინანსებაში გამოიხატება შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროგნოზირებადი ინდიკატორების გამოყენებით. 2. სახელმწიფოს მიერ უნივერსიტეტების დაფინანსების მეორე მოდელის მიხედვით უმაღლესი სასწავლებლები მონაწილეობენ კონკურსში სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად. გამარჯვებული გამოდის უმღლესი სასწავლებელი, რომლის მომსახურება მაქსიმალურად პასუხობს კონკურსის პირობებს და სწავლის საფასური გონივრულია. ეს მოდელი პირველისაგან იმით განსხვავდება, რომ იგი ითვალისწინებს სახელმწიფო დავალებების შესაძლო კონკურენტული განაწილებისა და სახელმწიფო ხარჯების შემცირების შესაძლებლობებს. 3. მესამე მოდელის მიხედვით უნივერსიტეტების დაფინასება ემყარება მათი საქმიანობის შედეგებს. ამდენად დაფინანსება დამყარებულია ე. წ. შესრულების ინდიკატორების კომბინაციაზე, როგორიცაა კურსდამთავრებულთა რაოდენობა, მიღების მაჩვენებლები, სტუდენტტთა ცოდნის კონტროლი, კურსის სირთულე, დაცული დისერტაციების რაოდენობა და ა. შ. 4. მეოთხე მოდელი მიმართავს ვაუჩერული სისტემის გამოყენებას, რომელიც სახელმწიფო ვალდებულებებს იყენებსს სწავლების საფასურის დასაფარად, როგორც სახელმწიფო ისე კერძო უმაღლეს სასწავლებლებში. ამასთან, ქვეყნების უმეტესობა იყენებს შერეულ მოდელს.

ამჟამად, დისკუსიის საგანს წარმოადგენს საქართველოში  უმაღლესი განათლების დაფინანსების მოქმედი მოდელის ეფექტურობა. ცალკეულ ავტორთა აზრით,  „დაფინანსების ვაუჩერული სისტემა, რომელიც ამჟამად ქვეყანაში მოქმედებს არაერთ უარყოფით შედეგს იწვევს: აყალიბებს მართვის არაჯანსაღ სისტემებს, სრულად მაინც ვერ უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობას და არ ქმნის სწავლებისა და კვლევის ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობის ინსტიტუციური განვითარებისთვის აუცილებელ სტაბილურობას. ვითარებას მნიშვნელოვნად ვერ ცვლის ე.წ. პრიორიტეტული პროგრამების დაფინანსებაც(განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2017-2021 პროექტი გვ. 32-38).  

გასათვალისწინებელია ის შეზღუდვებიც, რომლებიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით იქმნება. ამჟამად მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მეორე პუნქტის  მიხედვით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წყაროებია: ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით და სამაგისტრო გრანტით (მხოლოდ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე); ბ) გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები; გ)საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ  გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები; ე)სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;   გამოყოფილი დაფინანსება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები(კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, 2010).

ზემოაღნიშნული მუხლის გ) პუნქტის მიხედვით საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გრანტის გაცემა შემოიფარგლება მხოლოდ სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის სფეროს დაფინანსებით და არ ქმნის პირობებს უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფო დაფინანსებისადმი თანაბარი მისაწვდომლობის განვითარებისათვის. ეს თემა სადავო არ ხდება, როცა საქმე ეხება სამეცნიერო კვლევითი საქმიანობისა და ინოვაციების სფეროს, რომელიც რისკთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ტვირთის სახელმწიფოზე გადანაწილებასა და ამ სფეროების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის აუცილებლობას გულისხმობს. თუმცა, საფუძველს ქმნის  არათანაბარი შესაძლებლობების განვითარებისათვის.  უმაღლესი განათლების სფეროს დაფინანსებაში შექმნილი უთანაბრო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭიროა რეგულირების ისეთი მექანიზმების შემოღება,  რომლებშიც აისახება ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა კონკურსის საფუძველზე სასწავლო პროცესების დასაფინანსებლად. ჩვენი აზრით,  ეს ნორმა უნდა გავრცელდეს სახელმწიფოსათვის პრიორიტეტული, შრომის ბაზარზე მაღალი მოთხოვნილების მქონე დეფიციტური სპეციალობების სპეციალისტთა საკონკურსო  (და არა ვაუჩერული ) წესით სრულ დაფინანსებაზე, რაც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში თანაბარი შესაძლებლობების განვითარებისა და სწავლების ხარისხის ამაღლების პროცესებს.  მითუმეტეს, რომ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბიუჯეტო დაფინანსება ორიენტირებულია სწავლებასა და სამეცნიერო კვლევაზე, ამ დაწესებულებისათვის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე (კანონი უმაღლესი განათლების შესახებ). შრომის ბაზარზე არსებული დეფიციტური, სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტული რეგულირებადი მიმართულებების სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სპეციალობათა ნუსხის განსაზღვრისას სწორედ საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სახსრები უნდა იქნეს გამოყენებული.  ასეთი დაფინანსება უნდა შეეხოს ნაკლებად პრესტიჟული აკადემიური პროგრამების, მასწავლებელთა მომზადების პროგრამების, ზრდასრულთა განათლების პროგრამების დაფინანსებასაც. სახელმწიფოსთან შეთანხმების საფუძველზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი ე.წ. „უფასო“ ადგილების არსებობა, რომელთა დაკავებაც შეეძლებათ სტუდენტებს როგორც აკადემიური მოსწრების, ასევე სოციალური საჭიროების საფუძველზე.  ასეთი მიდგომა შექმნიდა საფუძველს ხარისხიანი განათლებისადმი მისაწვდომლობის თანაბარი შესაძლებლობების  გაძლიერებისათვის და ხელს შეუშლიდა განათლების სფეროში არაკონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას.  

ამჟამად, საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინან­სების არსებული მოდელი (ვაუჩერული დაფინანსების სისტემა), გულისხმობს მოსწავ­ლეების /სტუდენტების რაოდენობაზე დამოკიდებულ დაფინანსებას. აღნიშნული რეფორმა ქვეყანაში 2005 წლიდან განხორციელდა. რეფორმის მიზანი იყო დაფინანსების გამჭვირ­ვალობის გაზრდა, საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კონკურენციის გაძლიერება და ფინანსური ავტონომიის უზრუნველყოფა. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებუ­ლებებში სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ 100%, 70% და 50%-იანი გრანტი, შესაბამისად წელიწადში 2,250 ლარი, 1,575 ლარი და 1,125 ლარის მოცულობით. საგრანტო (თითო სტუდენტის) დაფინანსების გარდა, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ მიიღონ მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება (მხოლოდ საჯარო დაწესებულებებს) და კვლევითი გრანტები( ბოჭორიშვილი და პერანიძე 2020, გვ. 57).

მკვლევართა აზრით უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების სისტემის ცვლილება „გულისხმობდა უნივერსიტეტების პირდაპირი წესით დაფინანსების ჩანაცვლებას სტუდენტზე მიბმული დაფინანსებით. სისტემის შეცვლის მიზანი იყო სახელმწიფო თანხების განაწილებისა და განკარგვის პროცესში არსებული კორუფციული პრაქტიკის აღმოფხვრა.  სახელმწიფოს მიერ თითო სტუდენტზე გაცემული თანხა ფარავს მხოლოდ ე.წ. სწავლების საფასურს. გარდა ამისა, სახელმწიფო გასცემს დაფინანსებას არა სტუდენტთა რაოდენობის, არამედ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებულ სტუდენტთა რაოდენობის მიხედვით. დანარჩენმა სტუდენტებმა კი სწავლების საფასური თავად უნდა დაფარონ. ამჟამად, როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოში საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა სახელმწიფო დაფინანსებაზე ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად დამოკიდებულ სისტემას წარმოადგენს. დაფინანსების სიმწირე ხელს უშლის უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც შეეხება ხელმისაწვდომლობას, საქართველოში უმაღლესი განათლების დაფინანსების ტვირთი ძირითადად კერძო პირებს - სტუდენტებსა და  მათ ოჯახებს აწევთ.  სტუდენტთა დაფინანსების ამჟამად არსებული სისტემის პირობებში კი სახელმწიფო, დიდი ალბათობით, აფინანსებს ფინანსურად უკეთ უზრუნველყოფილ სტუდენტებს, რაც შეეხება სოციალური საჭიროების საფუძველზე დაფინანსებას, ამაზე  სულ სასწავლო გრანტების 6-დან 10%-მდე გამოიყოფა. ამ დაფინანსების მიღება შეუძლიათ ომში დაღუპულთა შვილებს, ოკუპირებულ  ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტებს, მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრაციის ზონებში მცხოვრებთ და სხვ.“( ჩახაია 2013,  გვ. 17-20).

მკვლევართა  ნაწილის მიხედვით, უმაღლესი განათლების დაფინანსების მექანიზმი ბოლო პერიოდში იცვლება ევროპის ქვეყნებშიც, რაც  უნივერსიტეტების მიერ სახელმწიფო ფინანსების განკარგვის მზარდ ავტონომიასა და თანხების გამოყოფის წესის გამარტივებაში აისახება.  უნივერსიტეტების მიერ საჯარო დაფინანსების მისაღებად ევროპაში ორი ძირითადი წესი მოქმედებს: ბლოკ გრანტების მიღება და მუხლობრივი დაფინანსება. მუხლობრივი დაფინანსების პირობებში უნივერსიტეტებს თანხა გადაეცემათ კონკრეტული დანიშნულებით და შესაბამისად მათ უფლება არ აქვთ, საკუთარი შეხედულებისამებრ გაანაწილონ ეს თანხა. ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში  ბლოკ-გრანტები წარმოადგენს დაფინანსების მთავარ მექანიზმს და შესაბამისად თვითონ უნივერსიტეტის შიდა სტრუქტურები გადაწყვეტენ, თუ როგორ განაწილდეს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსება. ყველაზე გავრცელებული არის თანხების განაწილება დაფინანსების ფორმულის საფუძველზე. დაფინანსების ფორმულებში  მონაწილეობს წინა წელს ამა თუ იმ უნივერსიტეტში დარეგისტრირებული სტუდენტების რაოდენობა, ზოგ ქვეყანაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  იმას, თუ რამდენი სტუდენტის მიღება შეუძლია სასწავლებელს.  ამასთან, ევროპაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება  ფორმულაში ახალი კომპონენტის – შესრულების/პროგრესის ინდიკატორის ჩართვა, რათა დაფინანსება დამოკიდებული იყოს არა მხოლოდ რესურსზე, არამედ პროდუქტზე. ამ პარამეტრის ძირითად შემადგენელ ნაწილს სტუდენტების პროგრესის ინდიკატორები წარმოადგენს, როგორიც არის მაგალითად უნივერსიტეტის დასრულების მაჩვენებელი, დაგროვებული კრედიტების რაოდენობა, აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ინდიკატორები და სხვა. ინდივიდებსა და შინამეურნეობებზე განვითარებულ ქვეყნებში საშუალოდ სახსრების 78% პირდაპირ გადაეცემა უნივერსიტეტებს განსაკარგავად. ზოგ ქვეყანაში სახელმწიფო უფრო მეტს ხარჯავს სტუდენტთა პირდაპირ დახმარებაზე. რიგ  ქვეყნებში კი სტუდენტებისა და მათი ოჯახებისთვის გადაცემული თანხები კონკრეტულად მათი დახმარების (და არა უნივერსიტეტების დაფინანსების) საშუალებას წარმოადგენს.  ( ჩახაია 2013,   გვ 8-11 ).

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელზე, რომლის მიხედვითაც  2025 წლიათვის  ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საბაზო (core) და შესრულებაზე დაფუძნებული (PBF) დაფინანსება ექნებათ.  დასრულებულია მუშაობა შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელზე – შემუშავდა ინდიკატორების კატალოგი, რომელიც მორგებულია საქართველოში მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე და იძლევა უნივერსიტეტებისათვის კონკრეტული შედეგების განსაზღვრისა და ამ შედეგების შეფასების შესაძლებლობას. დაიგეგმა კონკრეტული ამოცანები, რაც გულისხმობს: 1. უნივერსიტეტების ფინანსური სტრუქტურის და ხარჯების ანალიზს; 2. სწავლის სფეროების მიხედვით პროგრამების თვითღირებულების გაანგარიშებას სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების განსხვავებული მოცულობების დასადგენად; 3. საგრანტო დაფინანსების აკადემიურ შედეგებზე მიბმის პრინციპის განსაზღვრას (https://edu.aris.ge/news/umaglesi-ganatlebis-dziritadi-dafinansebis-modeli-2024-wlis-bolomde-shemushavdeba.html 12 ივნისი 2024 წ.

განვითარებას მოითხოვს ახალი მოდელის ფარგლებში სწავლების საფასურის განსაზღვრისა და სტუდენტთა დახმარების მექანიზმები. სოციალური გრანტების მნიშვნელოვანი  ნაწილი  მიზანშეწონილია გაიცეს დაბალშემოსავლიან/სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებზე, რაც შეამცირებდა განათლებისადმი მისაწვდომლობის სფეროში არსებულ უთანაბრობას. გასათვალისწინებელია დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოზიდვის გააქტიურების საკითხიც.  საზღვარგარეთის ქვენებში განათლების სფეროს ფინანსურად ეხმარებიან საწარმოები, რომლებიც ორგანიზებას უწევენ თანამშრომელთა ტრენინგისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების  ჩატარებას ან აფინანსებენ სტუდენტთა გარკვეული ნაწილის სტიპენდიებს ინდივიდუალური ხელშეკრულების საფუძველზე.  დაფინანსების ასეთი მექანიზმი ხელშემწყობ პირობებს უნდა ქმნიდეს საწარმოთა დაინტერესებისათვის. ასეთ მექანიზმს ევროპის ქვეყნებში წარმოადგენს საწარმოთა საშემოსავლო გადასახადებისაგან განთავისუფლება საშემოსავლო გადასახადის 20%-მე ოდენობით თუ იგი მიმართულია სტიპენდიების დასაფინანსებლად. დაფინანსების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს სპონსორობა.  აღნიშნული  და  დაუბრუნებელი ფინანსური დახმარების სხვა ფორმები, რიგ ქვეყნებში, იფარება საწარმოების, კომპანიების, ასოციაციების, საქველმოქმედო არამომგებიანი ორგანიზაციების, ფონდების და ცალკეული ინდივიდების მიერ. აშშ-ში სპონსორთა უმეტესობას წარმოადგენენ ამ სასწავლო დაწესებულებების ყოფილი სტუდენტები, მაგრამ ბევრ სხვა ქვეყანაში საგანმანათლებლო დაწესებულებების ძალისხმევა მიმართულია შემოწირულობების მოსაზიდად. 

მსოფლიოში განსხავებულ სახეს იღებს ვაუჩერების სისტემის გამოყენების საკითხებიც. „ევროპასა და აშშ-ში  ვაუჩერების სისტემა  გულისხმობს კუპონების გამოყენებას, რომელიც  გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადის ოდენობის ექვივალენტურია. აშშ--ში ვაუჩერი ეძლევა დაბალ შემოსავლიან მოსწავლეებს, რომლებსაც  ძალა არ შესწევთ დაფარონ სწავლების გადასახადი მაღალი დონის განათლების მისაღებად.  განათლების დასაფინანსებლად გამოყოფილი გარე რესურსები განვითარებად ქვეყნებში შეადგენს განათლების ხარჯების დაახლოებით 10 %-ს. გარე წყაროებად  შეიძლება გამოყენებულ იქნეს  პირდაპირი სუბსიდიები, სესხები, ან სახსრები, რომლებიც მიმართულია მოწყობილობების ან სასწავლო პერსონალის დასაფინანსებლად. პირდაპირი სუბსიდიები საგანმანათლებლო დაწესებულებას ეძლევა თანამედროვე მოწყობილობის, სასწავლო მასალების, სწავლების მეთოდების გაუმჯობესების დასაფინანსებლად. [Tilea Doina Maria, Vasile Bleotu, 2013, pp.1-3]

განათლების დაფინანსების კიდევ ერთ ფორმას თვითდაფინანსება წარმოადგენს, რომელიც  საკუთარ რესურსებზე  არის დამყარებული.   კერძო დაფინანსება თვით სტუდენტების, არასამთავრობო ორგანიზაციების და შინამეურნეობების  მიერ იფარება. კერძო დაფინანსება საგრძნობლად განსხვავებულია ევროკვშირის წევრი ქვეყნების მიხედვით. ევროკავშირში განვითარებულია ისეთი მხარდამჭერი პროგრამები, როგორიცაა სოკრატესი, ტემპუსი, ერაზმუსი და სხვა. ასევე კვლევებისა და განვითარების მხარდამჭერი ჩარჩო პროგრამები(იქვე, გვ.4-5). დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროდ  მიჩნეულია სტუდენტური სესხების აღება.  ქვეყნების მიხედვით სტუდენტური სესხები დაბალ პროცენტიან ან უპროცენტო სესხებს შეადგენს, რომელთა დაბრუნების ვადები,  სწავლის დამთავრებიდან 15-20 წლით განისაზღვრება. გავრცელებულია ე.წ. სპეციალური ფონდები, რომლებიც სესხისა და სტიპენდიის კომბინაციას წარმოადგენს. აშშ-ში არსებობს  სუდენტთა დახმარების ინტენსიური პროგრამები. ასეთი პროგრამაა მაგალითად „მუშაობისა და სწავლის“ პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტს ერთდროულად ისწავლოს და იმუშაოს. პოპულარულია სახელმწიფოს მიერ გარანტირებული სტუდენტური სესხები, თუმცა  მათ გაცემამდე  სხვადასხვა სახის გამოსაცდელი ღონისძიებები ტარდება მათი დაკარგვისა და ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად.

ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემაში ჩამოყალიბებული ტენდენციების გათვა­ლისწინებით აქტუალური ხდება, დაფინანსების ახალი მოდელის ფარგლებში, უმაღლესი განათლებისადმი მისაწვდომლობის თანაბარი შესაძლებლობების განვითარებისა და კონკურენციული გარემოს ჩამოყალიბების აუცილებლობა, რაც მდგომარეობის გაუმჯობე­სების მიმართულებით ამ საკითხზე პასუხისმგებელი სამთავრობო ორგანოების,  აკადემი­ური წრეებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის  გააქტიურებას მოითხოვს. 

გამოყენებული ლიტერატურა

 

  1. საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ. თბ .2004 წლის 21 დეკემბერი. N688-რს. თბ. საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ. 2010 წ. (ცვლილებები).
  2. განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია  2017-2021. პროექტი გვ. 32-38;
  3. „უმაღლესი განათლების ძირითადი დაფინანსების მოდელი 2024 წლის ბოლომდე შემუშავდება“ https://edu.aris.ge/news/umaglesi-ganatlebis- dziritadi-dafinansebis-modeli-2024-wlis- bolomde-shemushavdeba.html 12 ივნისი 2024 წ.
  4. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში.  განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი. თბილისი, 2013. გვ.8-9;
  5. ე. ბოჭორიშვილი, ნ. პერანიძე,  განათლების სექტორი საქართველოში. საქართველო. განათლების სექტორის მიმოხილვა. გალტ@თაგარტი 28 ივლისი, 2020;
  6. ლელა ჩახაია,   უმაღლესი განათლების და კვლევის დაფინანსება და ფინანსური მართვა. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი.   თბილისი 2013;
  7. მალხაზ ჩიქობავა, ნაზირა კაკულია, მაკროეკონომიკა. თბილისი, „ინოვაცია“, 2009. გვ. 42
  8. საქართველოს სტატისტკის ეროვნული სამსახურის მონაცემები
  9. Funding Systems and Their Effects on Higher Education Systems. Krumins Juris, Kavale Lucija, Eglite Sandra, Leduskrasta Zane, Puce Juris,Sloka Biruta, Stonis Janis, Zaksa Kristine.. COUNTRY STUDY – LATVIA. November 2006
  10. Modern Trends in Higher Education Funding. Tilea Doina Maria, Vasile Bleotu Senior Lecturer, "Dimitrie Cantemir" Christian University, The Faculty of International Business and Economicsa, The Faculty of Finance Accounting Banks.5th World Conference on Educational Sciences - WCES 2013.
  11. FINANCING MODELS FOR HIGHER EDUCATIONAL INSTITUTIONS, MAKSUDJON KHAMRAEV, International Journal of Research in Economics and Social Sciences(IJRESS)Available online at: http://euroasiapub.orgVol. 13 Issue 03 March- 2023 . E-mail: m_khamraev@gamil.com ISSN: 2249-7382 | Impact Factor: 8.018|
  12. Global Practices of Higher Education Financing: Approaches and Models.  Tetiana H. Zatonatska1*, Oleksandr D. Rozhko2, Igor O. Lyutyy3, Nataliia V. Tkachenko4, Olga Y. Anisimova5  Taras Shevchenko National University of Kyiv, Ukraine State Scientific Institution «Institute of Educational Analytics», Kyiv, Ukraine*Corresponding author: tzatonat@ukr.net Khazar Journal of Humanities and Social Sciences Volume 22 № 4 2019, 95-112 © Khazar University Press 2019 DOI: 10.5782/2223-2621.2019.22.4.95