ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||
|
∘ ნანა მენაბდიშვილი ∘ ზოგიერთი საკითხი საქართველოდან ემიგრაციის შესახებ ანოტაცია. თანამედროვეო ეპოქა შეიძლება დახასიათდეს როგორც „მიგრაციის ხანა“, რადგან მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაა ჩართული მიგრაციის პროცესებში. სახელმწიფოებს შორის მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება საგრძნობლად ცვლის განსახლების საერთო სურათს და ცალკეული ქვეყნების მოსახლეობის დემოგრაფიულ, ეთნიკურ, რასობრივ, სოციალურ სტრუქტურას. საქართველო ჩარტულია მიგრაციულ პროცესებში. ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობრივ კლებასა და დაბერებაზე გარკვეულწილად გავლენას ახდენს ემიგრაციული პროცესები. წარმოდგენილი ნაშრომი 2023 წელს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე გადმოსცემს ემიგრაციის ზოგიერთ საკითხს. გამოკითხული რესპოდენტების თითქმის მეოთხედს ოჯახის წევრი ემიგრაციაში ჰყავს. ემიგრანტების გადინება ხდება საქართველოს ყველა კუთხიდან, თუმცა ემიგრანტთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (37%) თბილისზე მოდის. ემიგრაციაში ჩართულია საქართველოს მოსახლეობა ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან. მაგრამ ემიგრაციაში წასული პირების უმეტესობა (68,8) ფერტილურ ასაკშია. ანუ ქვეყნიდან გაედინება სწორედ ის თაობა რომელსაც შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მოსახლეობის ფიზიკური აღწარმოების პროცესში. რაც ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობრივ კლებას. მით უფრო, რომ ემიგრანტთა 42% უახლოეს 3-5 წლის განმავლობაში სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს. გამოკვლევამ ასევე აჩვენა, რომ ემიგრანტთა ერთმა ნაწილმა ოჯახი უცხოეთში შექმნა და შვილებიც იქ შეეძინა. რაც იმის მაჩვენებელია რომ ისინი უცხო ქვეყნის მოსახლეობის ფიზიკურ და კულტურულ აღწარმოებას ეწევიან. ემიგრანტთა მეორე ნაწილმა კი ოჯახი თან წაიყვანა. ემიგრანტთა ამგვარი ოჯახების სამშობლოში დაბრუნების ალბათობა საკმაოდ დაბალია. ჩვენ ქვეყანაში არსებული დაბალი შობადობის პირობებში ემიგრაცია კიდევ უფრო ამცირებს შობადობის რიცხვს, არღვევს ასაკობრივ თანაფარდობას და ხელს უწყობს მოსახლეობის დაბერებას. საბოლოო ჯამში კი უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოგრაფიულ სურათზე. საკვანძო სიტყვები: მიგრაცია, ემიგრაცია, დემოგრაფიულივითარება. შესავალი. XXI-ე საუკუნეს შეიძლება ეწოდოს „მიგრაციის ხანა“. ადამიანთა ამჟამინდელი მობილობა უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მიგრაცა ჩვენი საუკუნის ერთ-ერთი გადამწყვეტი გლობალური საკითხია. მსოფლიოს დაახლოებით 200 სახელმწიფოდან თითქმის ყველა არის ჩართული მიგრაციულ პროცესებში. მიგრანტების მაჩვენებელი მსოფლიოს მოსახლეობაში 3,6%-ია. „თუ კი საერთაშორისო მიგრანტები ერთ სახელმწიფოში იცხოვრებდნენ, ისინი გახდებოდნენ მსოფლიოში მეოთხე ყველაზე დასახლებული ქვეყანა ჩინეთის, ინდოეთისა და შეერთებული შტატების შემდეგ, რომელიც იქნებოდა დაახლოებით ინდონეზიის მთელი მოსახლეობის სიდიდის ტოლი.“[https://www.iom.sk/en/migration/migration-in-the-world.html]. მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციისა და თავისუფალი გადაადგილების უფლება ადამიანის უფლებების უმნიშვნელოვანესი ელემენტია, სახეზე გვაქვს, როგორც ლეგალური, ისე არალეგალური მიგრაციის უამრავი შემთხვევა. არალეგალური მიგრაციის არც თუ მცირე შემთხვევა დამთავრებულა ტრაგიკული შედეგით, თუმცა ადამიანები კვლავ მიმართავენ მიგრაციის ასეთ სარისკო გზას. მიგრაცია დღეს არის სოციალურ-ეკონომიკური პროცესი, რომელიც მოიცავს ყველა სფეროს და რომელიც ყველა რეგიონში ხდება. განათლების და დასაქმების ბაზრის გლობალურმა ხასიათმა ხელი შეუწყო მიგრაციულ პროცესებში სულ უფრო მეტი ადამიანის ჩართვას, განურჩევლად ეროვნების, აღმსარებლობის, ასაკის, განათლების, სოციალური სტატუსის. მიგრაციის გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა, მაგრამ ეკონომიკური - მატერიალური პირობების გაუმჯობესება - წამყვან პოზიციას იკავებს. მიგრაციის შესწავლა აუცილებელია მაკრო და მიკრო დონეზე, რამდენადაც სახელმწიფოებს შორის მოსახლეობის მასობრივი გადაადგილება საგრძნობლად ცვლის განსახლების საერთო სურათს, ცალკეული ქვეყნების მოსახლეობის დემოგრაფიულ, ეთნიკურ, რასობრივ, სოციალურ სტრუქტურას. მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მიგრაციაში ჩართული პირების ოჯახების სტრუქტურაზე, ტიპზე, ფსიქო-ემოციურ მხარეზე და სხვ. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც მძიმე დემოგრაფიული ვითარება აქვთ. ერთი სიტყვით ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობა შეიძლება დახასიათდეს, როგორც კრიზისული. ქვეყანაში შობადობის დონე დაბალია და ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის მარტივ აღწარმოებას, უკვე რამდენიმე წელია გვაქვს ბუნებრივი კლება ბუნებრივი მატების მაგივრად, მოსახლეობა დაბერებულია, 1994 წლიდან მოყოლებული მიგრაციის სალდო უარყოფითია, გამონაკლისია მხოლოდ 2020 და 2022 წელი. ქვეყანაში დგას მკვიდრი ერის ფიზიკური გადარჩენის პრობლემა. ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია პრობლემური საკითხების ფუნდამენტური კვლევა და მის საფუძველზე ეფექტური პოლიტიკის შემუშავება და გატარება. დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა 2023 წელს ჩავატარეთ სოციოლოგიური გამოკვლევა ქვეყნის მასშტაბით. გამოკვლევის მიზანი იყო საქართველოს ოჯახების პრობლემების შესწავლა. სხვა მრავალ საკითხთა შორის იყო მიგრაციის საკითხიც. წარმოდგენილი ნაშრონი მიზნად ისახავს ამ უკანასკნელთან დაკავშირებული მიღებული შედეგების გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის. ძირითადი ნაწილი. საქართველოს სტატისტიკური სამსახურის მონაცემების მიხედვით 2023 წელს ქვეყანაში 245 064 ემიგრანტი დაფიქსირდა. ეს რიცხვი აღემატება XXI-ე საუკუნის თითოეული წლის მაჩვენებელს და 3,5-ჯერ მეტია 2002 წლის მონაცემზე. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით თუ განვიხილავთ ემიგრანტებს, დავინახავთ, რომ ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობაში ემიგრანტებს შორის მამაკაცები აღემატებიან ქალებს. ხოლო 50-54 წლიდან ზევით ქალები ჭარბობენ მამაკაცებს, [https://www.geostat.ge/ka/modules/categories/322/migratsia] ახალგაზრდა მამაკაცების გადინება ქვეყნიდან მათ დეფიციტს ქმნის საქორწილო ბაზარზე. რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის დემოგრაფიულ ვითარებაზე. გასული საუკუნის მიწურულიდან დაბალი ბუნებრივი მატება ვეღარ ფარავს გარე მიგრაციის მაღალ უარყოფით სალდოს და აღინიშნება საქართველოს მოსახლეობის რაოდენობრივი კლება [სულაბერიძე ა. 2018: 110.]. ამას ემატება ეროვნული შემადგენლობის ცვლილება და სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის დეფორმაცია, რაც უკავშირდება დემოგრაფიული დაბერების ზრდას. ქვეყანაში შობადობის შემცირების მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ასაკობრივი სტრუქტურის ცვლილება. ემიგრანტების ზუსტი აღრიცხვა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება, რადგან კვლავ ხშირია არალეგალური მიგრაციის შემთხვევები. ჩვენი გამოკვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპოდენტების თითქმის მეოთხედს ოჯახის წევრი ემიგრაციაში ჰყავს. საზღვარგარეთ ემიგრანტების გადინება ხდება საქართველოს ყველა კუთხიდან. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ემიგრანტთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (37%) თბილისზე მოდის და ეს არც არის გასაკვირი, რადგან თბილისშია თავმოყრილი ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ემიგრაციაში ჩართულია საქართველოს მოსახლეობა ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან. გამოკვლევის მიხედვით ქვეყნიდან წასულები არიან 19 წლიდან 70 წლის ასაკის მქონე პირები. ცხრილი 1. რესპოდენტთა ოჯახებიდან წასული ემიგრანტების ასაკი
წყარო: დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ 2023 წელს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა. მოყვანილი მონაცემებიდან ნათლად ჩანს რომ ემიგრაციაში წასული პირების უმეტესობა (68,8) ფერტილურ ასაკშია. ანუ ქვეყნიდან გაედინება სწორედ ის თაობა რომელსაც შეუძლია შვილთა შობა. ეს კი ცუდად აისახება საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე. ქვეყანაში დაბალი შობადობის პირობებში კიდევ უფრო ამცირებს შობადობის რიცხვს, რაც საბოლოო ჯამში ასახვას ჰპოვებს მოსახლეობის რაოდენობაზე. ასე მაგალითად: შობადობის კოეფიციენტი 1000 კაცზე 2023 წელს 10,8‰ დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბადებულთა რაოდენობა მოსახლეობის 1000 სულზე შეადგენს 10,8-ს და ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია გასული საუკუნის ბოლოდან მოყოლებული დღემდე. გამოკითხული ოჯახებიდან წასული ემიგრანტების 29,4% დასაოჯახებელია. რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის მიმღებ ქვეყანაში სწავლა თუ შრომა გადაავადებს დაოჯახებას. გვიანი მშობლობა კი ასევე უარყოფით გავლებას ახდენს შვილთა რაოდენობაზე, ემიგრანტი, სხვა შემთხვევაში, მიმღებ ქვეყანაში შექმნის ოჯახს და სამშობლოში დაბრუნების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. დასაოჯახებელი ემიგრანტების თითქმის 58%, როგორც სამშობლოში დარჩენილმა ოჯახის წევრებმა აღნიშნეს, უახლოესი 3-5 წლის განმავლობაში სამშობლოში დაბრუნებას აპირებს, ხოლო დანარჩენი არა. იმ ემიგრანტებს, რომლებიც უახლოეს 3-5 წელიწადში სამშობლოში დაბრუნებას აპირებს ასაკის მიხედვით თუ განვიხილავთ, დავინახავთ, რომ თითქმის ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან უფრო მეტი აპირებს დაბრუნებას სამშობლოში, ვიდრე ემიგრაციაში დარჩენას. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ 50-59 წლის ასაკობრივი ჯგუფის ემიგრანტები, მათი 52% არ აპირებს მოცემულ პერიოდში სამშობლოში დაბრუნებას. ეს არის ემიგრანტების ის ძირითადი ნაწილი რომლებიც ფულადი გზავნილების საშუალებით უცხო ქვეყნიდან ცდილობენ სამშობლოში დარჩენილი ოჯახის წევრების დახმარებას. ცხრილი 2. ემიგრანტთა სამშობლოში დაბრუნების მაჩვენებელი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით
წყარო: დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ 2023 წელს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა. დღეს, როგორც არასდროს, ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა განათლება მიიღონ ნებისმიერ მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში. თანაც მასპინძელი ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლები ხშირ შემთხვევაში განათლების დაფინანსებასაც თავად უზრუნველყოფს. ამას თუ დაემატება იქვე დარჩენისა და სამუშაო გამოცდილების მიღების საშუალება, კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება საზღვარგარეთ განათლების მიღებისა და პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა. ეს ფაქტი უდაოდ დადებითია, რადგან სამშობლოს უბრუნდება განათლებული კადრები, თუ არ გავითვალისწინებთ ისეთ ფაქტებს, როცა საზღვარგარეთ კურსდამთავრებულთა გარკვეული ნაწილი არ, ან იშვიათად, ბრუნდება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებიდან, რადგან მათ საკუთარი უნარების ეფექტიანად გამოყენების საშუალება იქვე ეძლევათ. ამასთან, მნიშვნელოვანი სხვაობაა შრომის ანაზღურებაში სამშობლოსა და განვითარებულ ქვეყნებს შორის. ამიტომ ახალგაზრდების მიერ არჩევანის გაკეთება უკეთესი პირობებისკენ სრულიად ლოგიკურია. თუმცა გამოკვლევამ დაგვანახა, რომ 19-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში 1,8-ჯერ მეტი აპირებს სამშობლოსი დაბრუნებას, ვიდრე ემიგრაციაში ყოფნას, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დადებითი შედეგების მომტანია ქვეყნისთვის. საქართველოდან ემიგრაციის ფაქტორებს შორის გამორჩეულია როგორც ეკონომიკური, ისე სოციალურ-დემოგრაფიული ფაქტორები. ის პირები ვინც უცხოეთში მიდიან და სამშობლოში ოჯახებს ტოვებენ, ამას ეკონომიკური ფაქტორის გამო აკეთებენ. სხვადასხვა დროს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მშობლების უმეტესი ნაწილი საზღვარგარეთ შვილის განათლების დასაფინანსებლად მიდის, ნაწილი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ან საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ან ოჯახის დარჩენილი წევრებისთვის ცხოვრების კარგი პირობების შესაქმნელად. ასე, რომ მიზეზები მრავალია. საქართველოდან ემიგრაციის ძირითადი მიზეზი ოჯახის მატერიალური უზრუნველყოფაა. ეს გაცნობიერებული აქვს ქვეყნის ხელისუფლებას. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ დადგენილებაში წერია: „დასაქმების შესაძლებლობების შეზღუდულობა, განვითარებული ქვეყნების ბაზრებთან შედარებით, შრომის ანაზღურების დაბალი დონე უბიძგებს საქართველოს მოსახლეობის ყველაზე აქტიურ ნაწილს, დატოვონ ქვეყანა და არსებობის წყარო საზღვარგარეთ ეძებონ. სპეციალური კვლევები ადასტურებს, რომ შრომით მიგრანტთა 80-85% ქვეყანას ეკონომიკური მიზეზით (უმუშევრობა, დაბალი ხელფასი) ტოვებს. შრომითი მიგრანტების უმრავლესობა საზღვარგარეთ არალეგალურად, არასპეციალობით, დაბალკვალიფიციურ და დაბალანაზღაურებად სამუშაოზეა დასაქმებული. ამის მიუხედავად შრომით მიგრანტთა ფულადი და სხვა სახის გზავნილების გარეშე სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში ბევრად მაღალი იქნებოდა“ [საქართველოს მთავრობის დადგენილება №199]. ამ მხივ ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც იდგმევა, გასულ წელს უმუშევრობის დონე 16,4%-მდე შემცირდა, თუმცა ემიგრანტების რაოდენობა ყველაზე მაღალი სწორედ ამ წელს იყო. უდავოა, რომ ეკონომიკური ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვანია მიგრაციული გადაწყვეტილებების მიღებისას, თუმცა არ უნდა გამოირიცხოს სხვა ფაქტორებიც. მკვლევარი ლის თეორიის თანახმად, მიგრაციის მიზეზია პოზიტიური ფაქტორების არსებობა მიგრაციის ქვეყანაში და ნეგატიური ფაქტორების არსებობა მიგრანტის სამშობლოში. რაც უფრო დიდია სხვაობა „მიზიდულობის ძალებს“ შორის (პოზიტიურს მინუს ნეგატიური ფაქტორები) სამშობლოსა და მიგრაციის ქვეყანას შორის, მით უფრო სავარაუდოა მიგრაციის ალბათობა. [წულაძე გ. 2012: 165.] თუ ლის თეორიას დავეყრდნობით, მაშინ შეგვიძლია ავხსნათ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯებესების მიუხედავად, რატომ გავიდა ქვეყნიდან ემიგრანტების მაღალი რაოდენობა 2023 წელს. ლის თეორიის მიხედვით შეიძლება ასევე აიხსნას მიგრაციის სახეებიც. თუ ემიგრანტმა მიმღებ ქვეყანაში შეძლო ბევრად უფრო პოზიტიური სარგებლის მიღება, ვიდრე ამას სამშობლოში მიაღწევდა: მოახერხა თავის დამკვიდრება, მიიღო მოქალაქეობა, წაიყვანა ან იქვე შექმნა ოჯახი, მაშინ მან შეიძლება საცხოვრებელი ადგილი სამუდამოდ შეიცვალოს, ანუ აღარ დაბრუნდეს საცხოვრებლად სამშობლოში. ან დროებითი მიგრანტი გახდეს, გარკვეული დროის ხანგრძლივობით დარჩეს უცხოეთში, მოახერხოს ყველა იმ ამოცანის გადაჭრა რისთვისაც ემიგრაციაში წავიდა და შემდეგ დაბრუნდეს სამშობლოში. როგორც პირველი, ისე მეორე შემთხვევა მოქმედებს, როგორც მიმღები ქვეყნის, ისე სამშობლოს სოციალურ-დემოგრაფიულ ვითარებაზე. ჩვენი გამოკითხვის მიხედვით, ემიგრაციაში მყოფი პირებიდან 79%-მა სამშობლოში დატოვა შვილები და უცხოეთში წავიდა მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. შვილები უცხოეთში შეეძინა 12%-ს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ეს ბავშვები არიან იმ ქვეყნის მოქალაქეები სადაც დაიბადნენ. თითოეული ოჯახი იმ ქვეყნის ფიზიკურ და კულტურულ აღწარმოებას უზრუნველყოფს რომელშიც არსებობს. ემიგრანტების მიერ უცხოეთში დაბადებული ბავშვები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან და იმ კულტურას ითვისებენ, სადაც უწევთ ცხოვრება. ასეთი ოჯახები ნაკლებად ბრუნდებიან სამშობლოში. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამგვარი ოჯახების მხოლოდ 29% აპირებს სამშობლოში დაბრუნებას. ყურადღება უნდა გავამახვილოთ არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ ოჯახურ მიგრაციაზე. ასეთ შემთხვევაში ოჯახის ერთი წევრი მიდის საზღვარგარეთ, იქ ფუძნდება და ოჯახის სხვა წევრებიც მიჰყავს. ჩვენი კვლევის მიხედვით ოჯახი (შვილები) წაიყვანა 9%-მა. ემიგრაცია მრავალ უარყოფით ფაქტორთან არის დაკავშირებული. ოჯახური მიგრაციის დროს კი ეს ფაქტორები მოხსნილია. ოჯახის უკვე ემიგრანტი წევრისაგან ოჯახის სხვა წევრები იღებენ საჭირო ინფორმაციას, ფინანსურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, რაც ხელს უწყობს მათი ემიგრაციისა და ადაპტაციის პროცესს და ამცირებს რისკ-ფაქტორებს. ოჯახური მიგრაცია დიდ გავლენას ახდენს საქართველოს დემოგრაფიულ პროცესებზე. საინტერესოა აპირებენ თუ არა ის პირები, რომელთაც შვილები უცხოეთში წაიყვანეს სამშობლოსი დაბრუნებას. გამოკვლევის დროს სამშობლოში დარჩენილმა მათმა ოჯახის წევრების 52%-მა დადებითი პასუხი გაგვცა. თუმცა არ ვიცით ყველა დაბრუნდება თუ არა. დასკვნა. საქართველოს მოსახლეობის შემცირების პროცესში გარკვეულ როლს თამაშობს ემიგრაცია. 2023 წელს ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპოდენტების თითქმის მეოთხედს ოჯახის წევრი ემიგრაციაში ჰყავს. ემიგრანტების გადინება ხდება საქართველოს ყველა კუთხიდან, თუმცა ემიგრანტთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (37%) თბილისზე მოდის. ემიგრაციაში ჩართულია საქართველოს მოსახლეობა ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან. მაგრამ ემიგრაციაში წასული პირების უმეტესობა (68,8) ფერტილურ ასაკშია. ანუ ქვეყნიდან გაედინება სწორედ ის თაობა რომელსაც შეუძლია შვილთა შობა. რაც ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობრივ კლებას. მით უფრო, რომ ემიგრანტთა 42% უახლოეს 3-5 წლის განმავლობაში სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებს. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ემიგრანტთა გარკვეულმა ნაწილმა ოჯახი უცხოეთში შექმნა და შვილებიც იქ შეეძინა. რაც იმის მაჩვენებელია რომ ისინი უცხო ქვეყნის ფიზიკურ და კულტურულ აღწარმოებაში იღებენ მონაწილეობას და არა სამშობლოსი. ემიგრანტთა სხვა ნაწილმა კი ოჯახი თან წაიყვანა. ემიგრანტთა ამგვარი ოჯახების სამშობლოში დაბრუნების ალბათობა საკმაოდ დაბალია. ჩვენ ქვეყანაში არსებული დაბალი შობადობის პირობებში ემიგრაცია კიდევ უფრო ამცირებს შობადობის რიცხვს, საბოლოო ჯამში კი უარყოფითად აისახება მოსახლეობის რაოდენობაზე. გამოყენებული ლიტერატურა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||