English / ქართული / русский /
ლელა მენაბდიშვილი
დემოგრაფია ბედისწერაა

ანოტაცია. წარმოდგენილ ნაშრონში განხილულია საქართველოს დემოგრაფიული ვითარება ახალ საუკუნეში. გამოყენებულია სტატისტიკური მასალა და სხვადასხვა პროგნოზები. მიმდინარე სტატისტიკისა და პროგნოზების შედარებით ნაჩვენებია რომ ქვეყანაში იმაზე მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობაა, ვიდრე პროგნოზებით იყო ნავარაუდევი. ქვეყანაში დაბერებული მოსახლეობაა და შობადობის დაბალი დონე. დღეს საქართველოში რეალურად იმაზე ნაკლები მოსახლეობაა ვიდრე ამას გაერო პროგნოზირებდა დაბალი ვარიანტით. მუდმივად იზრდება საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი. მედიანური ასაკის ზრდის ძირითადი მიზეზი შობადობის კლებაა. გასულ წელს ქვეყანაში ყველაზე ნაკლები ბავშვი დაიბადა. ეს მაჩვენებელი 1,5-ჯერ ჩამორჩება 2014 წლის იმავე მაჩვენებელს. დღევანდელი მონაცემების მიხედვით პროგნოზები მართლდება, შობადობა მოსახლეობის 1 000 სულზე 2015 წელს 15,9 იყო, მას მერე ყოველწლიურად იკლებს და გასულ 2023 წელს 10,8 შეადგინა. შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი ვერ უზრუნველყოფს მარტივ აღწარმოებასაც კი, ანუ საქართველოში არ ხდება თაობათა განახლება. ჩვენ ქვეყანაში ურბანიზაიის მაღალი დონეა. როგორც ორი აღწერის   მონაცემები გვატყობინებს 2002 წლიდან 2014 წლამდე სასოფლო დასახლებებში მცხოვრებ პირთა წილი 47,73% - დან 42,85%-მდე შემცირდა. ამასთან, სასოფლო დასახლებებში მედიანური ასაკი უფრო მაღალია ვიდრე საქალაქოში, რაც გამოწვეულია ეკონომიკურად აქტიურ ასაკში მყოფი მოსახლეობის სასოფლო დასახლებებიდან საქალაქო დასახლებებში მიგრაციით. სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება.  2023 წლის მონაცემების მიხედვით საქართველოში 80 და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთელი მოსახლეობის 3,3%. ხოლო 65 და უფოსი ასაკის მოსახლეობა მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის 15,6%-ს შეადგენს. დავესესხებით  ოგიუსტ კონტს და ვიტყვით „დემოგრაფია ბედისწერაა“. დაბერებული მოსახლეობა და შობადობის დაბალი დონე დიდ გავლენას მოახდენს საქართველოზე.

საკვანძო სიტყვები: დემოგრაფია, შობადობა, მოსახლეობის დაბერება, მედიანური ასაკი. 

შესავალი. „დემოგრაფია ბედისწერაა“  ამ გამოთქმას ფრანგ ფილოსოსფოსს ოგიუსტ კონტს მიაწერენ. შეიძლება ეს აზრი ვინმეს გადაჭარბებულადაც მოეჩვენოს, თუმცა ფაქტია, რომ მოსახლეობის ცვლილება მთავარ როლს თამაშობს პოლიტიკურ სისტემაში, ეკონომიკაში და საზოგადოებებში ადგილობრივ, ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ დონეზე. დემოგრაფიული ცვლილებების მამოძრავებელი ფაქტორების, შობადობა, მოკვდავობა, მიგრაცია,  ურთიერთქმედებამ გამოიწვია სხვადასხვა შედეგები მოსახლეობის რაოდენობის, სიმჭიდროვის, შემადგენლობის და განაწილების თვალსაზრისით ქვეყნებსა და რეგიონებს შორის. ბევრს სჯეროდა და ახლაც სჯერათ, რომ ჭარბი მოსახლეობა მიგვიყვანდა კრიზისამდე. თანამედროვე მსოფლიო კი მოსახლეობის დაბერებით გამოწვეულ პრობლემებზე მსჯელობს. გამოდის, რომ „დემოგრაფია ბედისწერაა“, რომელიც ტრანსფორმაციულ სოციალურ და ეკონომიკურ ცვლილებებს იწვევს, რომლის შედეგების პროგნოზირებაც შეიძლება გაართულოს მოსახლეობას შორის ურთიერთდაკავშირებამ, ინოვაციამ და პროდუქტიულობამ. 

* * *

დღეს მსოფლიოს  წინაშე დგას სიღარიბის, სასურსათო უსაფრთხოების, კლიმატის ცვლილების, რესურსების და მოსახლეობის დაბერების პრობლემები. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მმართველი დირექტორი, მთავარი ბიზნეს ოფიცერი  რობერტ გრინჰილი აღიარებს, რომ „დემოგრაფია ბედისწერაა“. მისი თქმით ეჭვგარეშეა, რომ ორი ძირითადი დემოგრაფიული ტენდენცია - მოსახლეობის დაბერება განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებში და მოსახლეობის მაღალი ზრდა განვითარებადი სამყაროს ზოგიერთ ნაწილში, დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს კეთილდღეობაზე მომავალში. მისი აზრით, ყველაზე დიდი გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ მოსახლეობის ზრდის 90% კონცენტრირებული იქნება ყველაზე ღარიბი ქვეყნების ღარიბ ადგილებში. ის მოსახლეობა, რომელიც ამჟამად სიღარიბისა და შიმშილის წინაშე დგას, ყველაზე სწრაფად გაიზრდება. რამაც შეიძლება გამოიწვიოს მრავალი ქვეყნის კოლაფსი. მოსახლეობის რაოდენობის სწრაფ შემცირებას შეუძლია დაეხმაროს  მყიფე ქვეყნებს, დააჩქარონ თავიანთი განვითარება და უზრუნველყონ თავიანთი მომავალი.  მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ამის მიღწევის გზა არის არა „პოპულაციის კონტროლი“, არამედ „ოჯახის გაძლიერება“.  ქალებისა და ოჯახების პოზიტიურმა გაძლიერებამ გამოიწვია მოსახლეობის ზრდის ყველაზე წარმატებული შემცირება მთელ მსოფლიოში [Robert Greenhill. 2011].

დღევანდელი მსოფლიოს დემოგრაფიული სტრუქტურა შეცვლილია შობადობის დაბალი დონისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის შედეგად. მკვლევართ აზრით, ტენდენციები რამაც განაპირობა დაბალი შობადობა განვითარებულ სამყაროში არის; ქალების განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ქალების აქტიური მონაწილეობა სამუშაო ძალაში, მათი კარიერული წინსვლის შესაძლებლობა, ბავშვების აღზრდის მზარდი ხარჯები და სხვ. შედეგად მივიღეთ დაბერებული მოსახლეობა. 

ცხრილი 1. გლობალური დემოგრაფიული სტატისტიკა

ქვეყანა/რეგიონი

მედიანური ასაკი

შობადობის მაჩვენებელი

ურბანული მოსახლეობა

მსოფლიო

30.0

2.32

56.48

შეერთებული შტატები

37.7

1.66

82.87

ევროპა (UN)

41.7

1.48

75.20

ჩინეთი

37.9

1.16

62.51

ინდოეთი

27.6

2.03

35.39

იაპონია

48.4

1.30

91.87

იტალია

46.8

1.28

71.35

წყარო:  United Nations World Populations Prospects database through 2021. World Bank. 

გლობალურმა ტენდენციამ ოჯახზე ნაკლები შვილის მიმართ მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური გარდაქმნები გამოიწვია. ერთ-ერთი შედეგია ასაკობრივი სტრუქტურის შეცვლა. დროთა განმავლობაში შობადობის მაჩვენებლის ვარდნა იწვევს მოსახლეობაში ახალგაზრდებისა და მოხუცების დისბალანსს.  მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება თანდათან ხდება, ეფექტი შეიძლება  ღრმა და ხანგრძლივი იყოს. მაგალითად: ჩინეთი ეწეოდა ერთი შვილის პოლიტიკას (1980-2016), რამაც გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიღო შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 1.2-ის ტოლია,  რაც გაცილებით ნაკლებია ჩანაცვლების მაჩვენებელზე (2.1). ამასთან, ქვეყანას ჰყავს სწრაფად დაბერებული საზოგადოება. ჩინეთს  ადარებენ მსოფლიოში ყველაზე დიდ მოხუცთა სახლს. მისი  მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის 17,7%-ს შეადგენს.[ Brian Pollak. 2023 ]

დაბერებული მოსახლეობა და შობადობის დაბალი დონე საშიშია ისეთი ქვეყნებისთვის რომლის მოსახლეობაც მცირეა. ასეთ ქვეყნების რიცხვშია საქართველო. გაეროს შეფასებით დღეს მსოფლიოს მოსახლეობა 8 09 მილიარდს შეადგენს, მათივე პროგნოზით 2037 წლისთვის პლანეტაზე 9 მილიარდი ადამიანი იქნება. საინტერესოა რამდენი იქნება მათში საქართველოს მოსახლეობის წილი, თუ დღეს  მხოლოდ 0,05%-ია.  [https://en.wikipedia.org/]

XXI საუკუნეში საქართველოში მოსახლეობის ორი საყოველთო აღწერა ჩატარდა და ორივე აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობამ კლება განიცადა. თუ 2002 წელს მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგენდა 4 601 804 -ს, 2014 წლის მონაცემებით 3 713 804-ის ტოლი გახდა. ე. ი. მოსახლეობის რაოდენობა 1,2-ჯერ შემცირდა. მოსახლეობის რიცხოვნობა 2023 წელს  3 736 400-ის ტოლია. ხოლო მიმდინარე წლის პირველი იანვრის მონაცემით მოსახლეობამ კლება განიცადა და 3 694 600 შეადგინა. საქართველოს მოსახლეობაზე გაკეთებული შეფასებებით და პროგნოზებით, ქვეყნის მოსახლეობა შემცირდება. შემცირება უკვე სახეზეა 2024 წლის მონაცემებით.

დემოგრაფიული პროგნოზები საქართველოს შესახებ გაკეთებული აქვს: გაეროს, მსოფლიო ბანკს, აშშ-ს აღწერის ბიუროს და დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის ყოფილ თანამშრომელს, აწ განსვენებულ, პროფესორ  გ. წულაძეს. ყველა პროგნოზული გაანგარიშებით საქართველოს მოსახლეობა მუდმივად კლებულობს. განსხვავებაა საწყისი მოსახლეობის რაოდენობასა და კლების სიდიდეზე. 

ცხრილი 2. საქართველოს მოსახლეობა პროგნოზებით და რეალურად

წლები

გაეროს მოსახლეობის განყოფილება

საქსტატის მონაცემები

დაბალი

საშუალო

მაღალი

მოსახლეობის რიცხოვნობა  - ათასი

2018

3 905

3 907

3 939

3 726. 6

2019

3 887

3 904

3 935

3 723. 5

2020

3 867

3 899

3 930

3 716. 9

წყარო: რალფ ჰაკერტი (2017), მოსადლეობის დინამიკა საქართველოში. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/41/mosakhleoba  

გაეროს მოსახლეობის განყოფილება საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის პროგნოზს აკეთებს სამ ვარიანტში: დაბალი, საშუალო და მაღალი. ცხრილიდან კი ნათლად ჩანს, რომ საქსტატის მონაცემების მიხედვით საქართველოში რეალურად იმაზე ნაკლები მოსახლეობაა ვიდრე ამას გაერო პროგნოზირებდა დაბალი ვარიანტით.

ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მუდმივად იზრდება საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი. თუ საუკუნის დასაწყისში - 2021წ მამაკაცების მედიანური ასაკი 31,8-წლის ტოლი იყო, 2024 წელს 35,9-წელს გაუტოლდა. ქალების მედიანური ასაკი ყოველთვის აღემატებოდა მამაკაცებისას და, შესაბამისად, ის 36,6-წლიდან 40,9-წლამდე გაიზარდა. ანუ მამაკაცების მედიანური ასაკი XXI საუკუნის დასაწყისიდან დღემდე გაიზარდა 4,1-წლით, ხოლო ქალების 4,3-წლით. მედიანური ასაკის ზრდის ძირითადი მიზეზი შობადობის კლებაა.

საქართველოს დემოგრაფიაზე ნეგატიურად მოქმედებს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში შობადობა მცირდება. 2001 წელს ქვეყანაში 46 620 ახალშობილი დაიბადა. აქედან მოყოლებული 2009 წლამდე შობადობა თანდათან იმატებდა და 2009 წელს 9 948 ახალშობილით მეტი დაიბადა ვიდრე 2001 წელს, თუმცა მომდევნო წლებში შობადობის დონემ იკლო და 2013 წელს 49 657 ახალშობილი დაიბადა. 2014  წელს ახალშობილების რიცხვმა XXI საუკუნის მაჩვენებლებში პიკს მიაღწია - დაიბადა 60 635 ახალშობილი. მომდევნო წლებში კი შობადობის რიცხვი თანდათან ეცემა და 2023 წელს ყველაზე ცოტა - 40 214 ახალშობილი დაიბადა. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რაც აქამდე დაფიქსირებულა.  ის 1,5-ჯერ ჩამორჩება 2014 წლის იმავე მაჩვენებელს.

ყველა პროგნოზული გაანგარიშებით 2050 წლისათვის ახალშობილთა რაოდენობა კლებულობს. შობადობა მოსახლეობის 1000 სულზე ცვალებად ხასიათს ატარებს. 2050 წლიათვის კი მისი სიდიდე 2010-2015 წელთან შედარებით ნაკლები იქნება. დღევანდელი მონაცემების მიხედვით პროგნოზები მართლდება, შობადობა მოსახლეობის 1 000 სულზე 2015 წელს 15,9 იყო, მას მერე ყოველწლიურად იკლებს და გასულ 2023 წელს 10,8 შეადგინა.

შობადობის დონის ზუსტ მაჩვენებლად მიჩნეულია შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი, ანუ ერთი ქალის მიერ მთელი ცხოვრების განმავლობაში დაბადებული ბავშვების საშუალო რაოდენობა. უკვე ნახსენები ყველა პროგნოზით 2010-2050 წლებში არსებული შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტის დონე საქართველში ვერ უზრუნველყოფს თაობათა განახლებას. შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი 2010 წელს 2-ს შეადგენდა, 2014 წელს კი ყველაზე მაღალი იყო და 2,3-ს გაუტოლდა. აქედან მოყოლებული კი მუდმივად იკლებს და 2022 წელს 1,8-ს უდრიდა, ხოლო მომდევნო 2023 წელს 1,7 შეადგინა. რაც იმის დამადასტურებელია, რომ შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი ვერ უზრუნველყოფს მარტივ აღწარმოებასაც კი, ანუ საქართველოში არ ხდება თაობათა განახლება. ამასთან, როცა შვილთა შობა მცირდება, ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის საერთო რაოდენობაში ახალგაზრდა მოსახლეობის ხვედრითი წილიც მცირდება, ეს კი ზრდის უფროსი ასაკის მოსახლეობის მაჩვენებელს. მოსახლეობაში ხანდაზმულთა წილის ზრდა მოსახლეობის დაბერების მაჩვენებელია.

ადამიანთა ხანგრძლივ სიცოცხლეს შობადობის დაბალი დონის პირობებში მოსახლეობის დაბერება მოჰყვება. საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, სადაც მოსახლება დაბერებულია, თუმცა ამ პროცესში დაბალ შობადობასთან ერთად ჩართულია მიგრაციაც. როცა სახეზე გვაქვს უფროს თობაში სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ თუ ამ პროცესს არ მოჰყვება შობადობის ზრდა - ეს უკვე ქვეყნისთვის  საგანგაშო ხდება, მით უფრო თუ ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა მცირეა.

საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა  2001 წელს ორივე სქესისთვის 70,2 წელია. ხოლო 2022 წელს 73,7 წელი. ზოგადად, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ქალებთან უფრო მაღალია ვიდრე მამაკაცებთან. შესაბამისაად საქართველოში 2001 წელს ქალებში ეს მაჩვენებელი    73,6-ის    ტოლი იყო, ხოლო მამაკაცებში - 66,6 წლის.  2022 წლისთვის ზრდა განიცადა ქალებში 4,5 წლით, მამაკაცებში კი 2,8 წლით. 2023 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხაანგრძლივობა დაბადებისას კაცებში განისაზღვრა 70,8 წელი, ხოლო ქალებში 79,4 წელი. სიცოცხლის  ხანგრძლივობა გაეროს, მსოფლიო ბანკს, აშშ-ს აღწერის ბიუროს და პროფესორ  გ. წულაძის პროგნოზების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2050 წლისთვის გაიზრდება. გაეროს პროგნოზით - 4,8 წლით;  მსოფლიო ბანკის პროგნოზით - 5,5 წლით; აშშ-ს აღწერის ბიუროს პროგნოზით - 4,6 წლით; გ. წულაძის პროგნოზით - 6 წლით. ამასთან, ყველა პროგნოზის მიხედვით განსხვავება მამაკაცებისა და ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის მცირდება [წულაძე გ. 2013: 24].

 2023 წლის მონაცემების მიხედვით საქართველოში 80 და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მთელი მოსახლეობის 3,3%. ხოლო 65 და უფროსი ასაკის მოსახლეობაში  22,4%.  85 და უფროსი ასაკის მოსახლეობას კი 80 და უფროსი ასაკის მოსახლეობაში 35% უკავია,  რაც შეეხება 65 და უფოსი ასაკის მოსახლეობას ის მოსახლეობის მთლიანი რაოდენობის 15,6%-ს შეადგენს. XXI საუკუნის დასაწყისიდან დღემდე 65 და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მუდმივი მატებით ან კლებით არ ხასიათდება. 2001 წელს მათი წილი 13,1% იყო, მომდევნო წლებში იმატებდა და 2007-2008 წლებში 14,9% გახდა, რის შემდეგაც კლება დაიწყო და 2011-2012 წლებში ცხრა მეათედით დაიკლო, მას შემდეგ კი მუდმივად იზრდება. 

ჩვენ ქვეყანაში ურბანიზაიის მაღალი დონეა. როგორც ორი აღწერის   მონაცემები გვატყობინებს 2002 წლიდან 2014 წლამდე სასოფლო დასახლებებში მცხოვრებ პირთა წილი 47,73% - დან 42,85%-მდე შემცირდა. ამასთან, სასოფლო დასახლებებში მედიანური ასაკი უფრო მაღალია ვიდრე საქალაქოში, რაც გამოწვეულია ეკონომიკურად აქტიურ ასაკში მყოფი მოსახლეობის სასოფლო დასახლებებიდან საქალაქო დასახლებებში მიგრაციით. ძირითადად სასოფლო დასახლებებში ხანდაზმული მოსახლეობა რჩება, მათი გარდაცვალების შედეგად კი სოფლები ცარიელდება. 2014 წლის აღწერის მიხედვით გაუკაცრიელებული იყო 223 სოფელი. საკითხავია, ახალი აღწერის მიხედვით კიდევ რამდენი მაღალმთიანი სოფელი დაემატება გაუკაცრიელებული სოფლების რიცხვს. შიდა მიგრაციულმა პროცესებმა გაზარდა საქალაქო დასახლებებში მცხოვრებთა რიცხვი. მათ შორის  ოთხი ქალაქი: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი ყველაზე მეტადაა დასახლებული. მოკლეთ  შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობის ასაკობრივი შემადგენლობის,  სიმჭიდროვის და განაწილების მხრივ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია.

ქვეყნის ტერიტორისს 20% ოკუპირებულია, მაღალმთიანი სოფლების ნაწილი დაცარიელებული. საქალაქო დასახლებებში ქვეყნის მოსახლეობის 57%-ზე მეტია თავმოყრილი. ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ უკვე რამდენიმე წელია ქვეყნის მოსახლეობა ბუნებრივი მატების მაგივრად ბუნებრივ კლებას განიცდის. ე.ი. საფრთხე ექმნება ერის ფიზიკურ და, აქედან გამომდინარე, კულტურულ უწყვეტობას, შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოსთვის დღეს კრიზისული დემოგრაფიული პერიოდია. გაეროს მონაცემებით მომაკვდავ ერთა სიაში მეათე ადგილი გვიკავია. დემოგრაფიული ვარდნის იოლი გამოსავალი კი არ არსებობს. საქართველოსთვის „დმოგრაფია ბედისწერაა“.

რამდენიმე სიტყვით შევეხოთ დემოგრაფიის გავლენას ეკონომიკაზე. ეკონომისტებისთვის ცნობილია, რომ დემოგრაფიულმა ცვლილებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ეკონომიკის ზრდის ტემპზე, პროდუქტიულობის სტრუქტურულ ზრდაზე. ცხოვრების სტანდარტზე, დაზოგვის მაჩვენებელზე, მოხმარებასა და ინვესტიციებზე. მას შეუძლია გავლენა მოახდინოს უმუშევრობის გრძელვადიან მაჩვენებელზე და წონასწორულ საპროცენტო განაკვეთზე, საბინაო ბაზრის ტენდენციებზე და ფინანსური აქტივების მოთხოვნაზე. დემოგრაფიული მონაცემები გვთვაზობენ მნიშვნელოვან ინფორმაციას საზოგადოების მომავალი ინფრასტრუქტური საჭიროებების, რესურსების განაწილების და სხვადასხვა სერვისების მოთხოვნის შესახებ. დემოგრაფიული ტენდენციების გათვალისწინება აუცილებელია მარკეტინგისათვის, რათა გააცნობიერონ თუ რომელი პროდუქტები და სერვისები სურთ და შეუძლიათ შესთავაზონ კლიენტთა სხვადასხვა ჯგუფს. ისეთი დემოგრაფიული მახასიათებლები, როგორიცაა: ასაკი, სქესი, ოჯახური მდგომარეობა, ეთნიკური წარმომავლობა, განათლება, შემოსავლების დონე გამოიყენება ბაზრის სეგმენტაციის საფუძვლად. ხანდაზმული მოსახლეობა ქმნის ფისკალურ გამოწვევებს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და სახელმწიფო პენსიების დაფინანსების ირგვლივ.

სხვადასხვა ქვეყანაში მოსახლეობის დაბერების გავლენა ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე განსხვავდება.  ის დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე როგორიცაა მთავრობის პოლიტიკა, შრომის ბაზრის დინამიკა და ჯანდაცვის სისტემები. პოლიტიკის შემქმნელებს შეუძლიათ შეცვალონ საინფლაციო პოლიტიკა, შრომის ბაზრის რეგულაციები, ინვესტიციები ჯანდაცვასა და განათლებაში, რათა გაუმკლავდნენ დაბერებული მოსახლეობის გამოწვევებს და ხელი შეუწყონ მდგრად გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას. მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს, ჩინეთის მთავრობა დაბერებული მოსახლეობის გამოწვევას უმკლავდება იმით, რომ ყურადღებას ამახვილებს ტექნოლოგიური სექტორის მხარდაჭერაზე, რაც ხელს უწყობს ეროვნული პროდუქტიულობის გაზრდას. მათ შორის სუფთა ენერგიას, რობოტიკას და ბიოლოგიურ მედიცინას. იაპონიას ჰყავს ყველაზე ხანდაზმული მოსახლეობა განვითარებულ სამყაროში, თუმცა მისი ცხოვრების დონე აგრძელებს მატებას, ნაწილობრივ განვითარებადი ბაზრის სამუშაო ძალაზე დამოკიდებულებით. ნაწილობრივ კი მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვით, რამაც შესაძლებელი გახადა ტექნოლოგიების სწრაფი გადაცემა. პოლიტიკური ალიანსები, კულტურული ცვლილებები  და ეკონომიკური ზრდა ნაწილობრივ შეიძლება მიეკუთვნებოდეს მონაწილე ერების დემოგრაფიულ სტრუქტურას.[Brian Pollak. 2023 ]

 „დემოგრაფია ბედისწერაა“ -  ასეთი დეტერმინისტული პოზიციის გასამყარებლად დავძენ, რომ დემოგრაფიის დანიშნულება მოსახლეობის მახასიათებლების შესწავლაა მათი ზომისა და შემადგენლობის მიხედვით. ეს ეხება ასაკს, სქესს, ოჯახურ მდგომარეობას, განათლებას, სივრცით განაწილებას, ეთნიკურ წარმომავლობას, პროფესიას, საქმიანობას და აღმსარებლობას. სოციალურ-ეკონომიკური ჯგუფის კრიტერიუმები პირდაპირ გავლენას ახდენენ დემოგრაფიულ ქცევაზე. მაგალითად, უდაოა აღმსარებლობის გავლენა რეპროდუქციულ ქცევაზე. დემოგრაფიული კვლევის სფერო ეხება სტატიკურ მახასიათებლებსა და იმ დინამიურ პროცესებს და სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ გარემოს, რომელშიც ისინი ურთიერთობენ. ეს კი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, რომელსაც ამა თუ იმ დემოგრაფიული ნიშნის მქონე ადამიანები ქმნიან. ასევე, გავლენას ახდენს იმ პირებზე, რომლებიც ქმნიან ამ საზოგადოებას. მაგალითად  თაობა, რომელშიც თითოეული ადამიანი იბადება, გავლენას ახდენს ინდივიდუალური ცხოვრების შანსზე. აყალიბებს ხელმისაწვდომობას სოციალურ (განათლება, სამსახური, საქორწინო პარტნიორიდა ა.შ.) და ბუნებრივ რესურსებზე (წყალი, საკვები და სხვ). 

დასკვნა. დავახასიათეთ  საქართველოს დეღევანდელი დემოგრაფიული ვითარება და ვაჩვენეთ რომ მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. ის ცვლილებები, რომლებიც ქვეყნის დემოგრაფიულ სახეს ქმნიდა თანდათან ხდებოდა, თუმცა ეფექტი ღრმა და ხანგრძლივი იქნება. დაბერებული მოსახლეობა, შობადობის დაბალი დონე საშიშია მცრე რიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოსთვის „დემოგრაფია ბედისწერაა“. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. წულაძე გ . 2013., საქართველოს დემოგრაფიული პერსპექტივები: 2015-2300 წლები. თბილისი, გვ 24.
  2. ჰაკერტი რ. 2017.,  მოსადლეობის დინამიკა საქართველოში. თბილისი, „ვესტა“.
  3. Brian Pollak. 2023., emography Destiny? https://www.evercorewealthandtrust.com/is-demography-destiny/
  4. Robert Greenhill. 2011., Demography is destiny. https://www.weforum.org/agenda/2011/09/demography Is destiny/  
  5.    L. Gordon Flake. “Demography is destiny”. https://www.linkedin.com/pulse/demography-destiny-l-gordon-flake
  6. James Ashley, Simona Gambarini., DEMOGRAPHICS: THE GOOD, THE BAD, AND THE UGLY. https://www.gsam.com/content/gsam/us/en/institutions/market-insights/gsam-insights/perspectives/2023/demographics.html
  7. Peter A. Morrison.  Demographic Trends Foreshadow Major Economic and Social Challenges  https://www.rand.org/pubs/research_briefs/RB5046.html
  8. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/41/mosakhleoba 
  9. https://en.wikipedia.org/wiki/List_of_countries_and_dependencies_by_population