English / ქართული / русский /
ელენე ჩიქოვანიგვანცა ბარამიძე
უმუშვართა სოციალური დაცვა საქართველოში

ანოტაცია. სტატია ეხება უმუშევართა სოციალური დაცვის პოლიტიკის ფორმირების პრობლემებს საქართველოში. დახასიათებულია შრომის ბაზრის აქტიური და პასიური პოლიტიკის ინსტრუმენტების არაადექვატურობისა და არათანმიმდევრუ­ლობის განმაპირობებელი ფაქტორები ქვეყანაში. ხაზგასმულია  უმწეოთა სოციალური დაცვის სისტემასთან ინტეგრირებული უმუშევრობის სოციალური დაცვის პოლიტიკის ნაკლოვანებები და მათი მოსალოდნელი შედეგები. დასახულია პოლიტიკაში არსებული ჩავარდნების აღმოფხვისა და სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრის  მიდგომები.  მოცემულია ავტორისეული მოსაზრებები და რეკომენდაციები უმწეოთა სოციალური დაცვის სისტემასთან ინტეგრირებული უმუშევართა სოციალური დაცვის სისტემის საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში აპრობირებული პრიორიტეტული მექანიზმებით ჩანაცვლების შესახებ დროის საშუალო და გრძელვადიანი პერიოდებისათვის.

სკვანძო სიტყვები: უმუშვართა სოციალური დაცვა; შრომის ბაზრის პოლიტიკა; უმწეოთა სოციალური დაცვა. 

ნებისმიერი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემათა შორის უმნიშვნელო­ვანეს  პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს. იმაზე თუ როგორ ართმევს თავს ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობა უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტას ბევრად არის დამოკიდებული ეკონომიკური რეფორმების წარმატება და ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება.  ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში მნიშვნელოვანი შედეგები არის მიღწეული შრომისუნარიანი მოსახლეობის დასაქმებისა და უმუშევრობის შემცირების მიმართულებით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით 2023 წელს, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა საქართველოში გაიზარდა 49.5 ათასი კაცით (5.7 %) და  920.4ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 1.5 ათასით გაიზარდა (0.36 %) და 413.6 ათასი შეადგინა.  ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 6.2  ათასით  (2.3%) და  261.7 ათასი შეადგინა. 2023 წელს  საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შეაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4 პროცენტი შეადგინა (საქსტატი, 2023).

 როგორც მოყვანილი მონაცემები გვიჩვენებენ, მიუხედავად უმუშევრობის შემცირების დადებითი ტენდენციებისა, ქვეყანაში უმუშევრობის დონე საგრძნობლად მაღალია და წლების მანძილზე ასევე მაღალ დონეზე არის შენარჩუნებული. აღნიშნული გარემოება იმის დადასტურებას წარმოადგენს, რომ წლების მანძილზე საქართველოში, უმუშევართა სოციალური დაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმა წარმატებული არ იყო. უფრო მეტიც, რეფორმას მნიშვნელოვანი როლი არ შეუსრულებია უმუშევარი მოქალაქეების სოციალური დაცვის და მათი სიღარიბიდან გამოყვანის თვალსაზრისით. საქართველოში არსებული უმუშევრობისა და დასაქმების პოლიტიკაში არსებული ნაკლოვანებები და რეფორმის წარუმატებლობა, პირველ რიგში, აღნიშნულ სფეროში გატარებული რეფორმის არასისტემურობიდან და არათანმიმდევრობიდან გამომდინარეობს.

   როგორც მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, უმუშევრების სოციალური დაცვის პოლიტიკა ნებისმიერ ქვეყანაში აქტიური და პასიური პოლიტიკის ინსტრუმენტების კომბინაციის მეშვეობით ფორმირდება. აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის ინსტრუმენტები დასაქმების ხელშეწყობის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, მეწარმეობის ხელშეწყობის, საკრედიტო შეღავათების შემოღების, უმუშევართა მომზადება/გდამზადების  გზით ხორციელდება. პასიური პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფო ასრულებს ვალდებულებას უმუშევრობის პერიოდში მოქალაქეთა საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის და იმავდროულად ქმნის პირობებს შრომითი მოტივაციის შექმნისა და შრომისადმი ანტისტიმულების შესამცირებლად, რაც უზრუნველყოფილია ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით. პარალელურად,  უმუშევართა სოციალური დაცვის გარანტიებითა და უმუშევართა სავალდებულო და ნებაყოფლობითი დაზღვევის სისტემის მეშვეობით სახელმწიფო ქმნის მოტივაციას სადაზღვევო სქემებში უმუშევართა სავალდებულო ან ნებაყოფლობითი მონაწილეობის პირობების შექმნისა და ამ პროცესებში უმუშევართა წვლილის შესატანად. ამ მიმართებით იშვიათ  გამონაკლისს  საქართველოში დამკვიდრებული პირობები წარმოადგენს.

საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მიხედვით, უმუშევართა  სოციალური დაცვის ძირითადი მიმართულებები მოიცავს ისეთ ნორმებს, როგორიცაა ხელშეწყობა დასაქმებაში, მათი საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობების დაცვა, უმუშევრის სტატუსის განსაზღვრა, მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვა საზღვარგარეთ (კონსტიტუცია 2020). უმუშევართა სოციალური დაცვის ღონისძიებების მთავარი მიზანი უმუშევრებისთვის დასაქმების ხელშეწყობაა. ეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად უმუშევართა გადამზადების სისტემის ჩამოყალიბებას მოითხოვს, რაც მთლიანობაში მოიცავს შრომის ბაზრის  აქტიური პოლიტიკის ღონისძიებების სისტემას.

უმუშევართა სოციალური დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს შრომის ბაზრის პასიური პოლიტიკის მიმართულებებიც.  მსოფლიოში  უმუშევრობის დაზღვევის სხვადასხვა პრაქტიკა არსებობს, თუმცა აღნიშნული სფერო სახელმწიფოს მიერ მკაცრად რეგულირდება. შვეიცარიაში სავალდებულოა უმუშევრობის დაზღვევა და მისი გადახდის პერიოდი 90-დან 520 დღემდე გრძელდება და შეადგენს წინა 6 თვის ხელფასის საშუალოს 70-80 %-ს ყოველთვიური ზედა ზღვრით. ნორვეგიაში 52-104 კვირის განმავლობაში გაიცემა უმუშევრობის დაზღვევა და დარიცხული ხელფასის 62,4 %-ს შეადგენს. სომხეთში 2015 წლამდე 1 წლის ვადით გაიცემოდა უმუშევრობის შემწეობა და შეადგენდა ქვეყნის მინიმალური ხელფასის 60 %-ს.  უმუშევრობის შემწეობა აღარ გაიცემა 2015 წლიდან, მხოლოდ დამსაქმებელია ვალდებული გადაუხადოს დასაქმებულს სტაჟის მიხედვით გარკვეული კომპენსაცია. აზერბაიჯანში ჯამში უმუშევრობის შემწეობა 26 კვირა გაიცემა. (https://library.fes.de/pdf-files/bueros/ georgien/ 15463.pdfhttps://www.ssa.gov).

ნებისმიერ ქვეყანაში უმუშევრების შემწეობის ოდენობა და გაცემის კრიტერიუმები კნონმდებლობით არის განსაზღვრული რაც, მინიმალურ ხელფასთან, საშუალო ხელფასთან ან კანონმდებლობით განსაზღვრულ და დადგენილ საარსებო მინიმუმთან არის მიბმული. ასეთი გარანტიები კი ჩვენს ქვეყანაში არათუ დაუსაქმებელი მოსახლეობის არამედ, დასაქმებული(პირველ რიგში კი დაბალი და საშუალო რანგის) პირების მიმართაც კი არ არის განსაზღვრული, რის დადასტურებასაც წარმოადგენს ხელფასის დაბალი ხვედრითი წილი მშპ-ს შემოსავლების მიხედვით განაწილებაში. შესაბამისად, სოციალური პარტნიორობის ინსტიტუტების უმოქმედობის პირობებში შრომის ფასს ბაზარი კი არ ადგენს  არამედ, მთლიანად დამსაქმებლის ნებაზე არის მინდობილი და საფუძველს აცლის და სტიმულს უკარგავს არათუ უმუშევრის, არამედ დასაქმებულთა შრომის მოტივაციასაც. 

საქართველოში უმუშევრობა ყველაზე მწვავე სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევაა. იგი გვევლინება ქვეყანაში სიღარიბის განმაპირობელ ძირითად ფაქტორად. უმუშევრობა მაღალია როგორც ქალაქში, ისე სოფლად. საქართველო, ძირითადად, გრძელვადიანი, ქრონიკული უმუშევრობის ქვეყანას წარმოადგენს, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის სოციალურ რისკებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს. უმუშევართა უდიდეს ნაწილს არ უმუშავია სასწავლებლის დამთავრებისა და ფორმალური განათლების მიღების შემდეგ. ეს გარემოება უმუშევართა მომზადება-გადამზადების ღონისძიებებს საჭიროებს. ამჟამად, ქვეყანაში ამ ფუნქციას თავის თავზე იღებენ დამსაქმებლები და სტაჟირების ფორმით, მოკლევადიან გადამზადებას სთავაზობენ ახალგაზრდებს. თუმცა, ქვეყანაში ზედამხედველობის გარეშეა მიტოვებული კადრების მომზადების და სწავლების ხარისხის კონტროლის მექანიზმები.  შედარებით დამაიმედებელ სიგნალს იძლევა, ამ მიმართებით,   მთავრობის მიერ  ბოლო დროს ინიცირებული ძალისხმევა უმუშევართა მოკლევადიანი გადამზადების კურსების ორგანიზების კუთხით.

უმუშევრების სოციალური დაცვის ღონისძიებები იწყება სამუშაოდან დათხოვნის დღიდან. საქართველოს შრომის მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით განსაზღვრულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებლის ვალდებულებები. „შრომის კოდექსის“ 48-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი არის ვალდებული, არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული, წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. დამსაქმებლის მიერ აღნიშნული კანონის 47-ე მუხლის შესაბამისი პუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას  დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.(“ შრომის კოდექსი“ მუხლი: 47;48)            

საქართველოში რეფორმის საწყის ეტაპზე სოციალური დახმარების კონტექსტში მოიაზრებოდა უმუშევართა სოციალური დაცვაც. უმუშევრობის შემწეობის გაცემის პრაქტიკის გაუქმების კვალდაკვალ  სოციალური დახმარების ბენეფიციართა შორის აღმოჩნდნენ ის ბენეფიციარები, რომელთა ოჯახის წევრებიც უმუშევრობის და /ან სხვა მიზეზების გამო დახმარების მიმღებთა მეთოდოლოგიის შესაბამისად განსაზღვრული  რეიტინგული ქულების თანახმად სოციალურად დაუცველთა კატეგორიებს იქნა მიკუთვნებული, რამაც სოციალური გარანტიების, მოქალაქეთა(მათ შორის უმუშევართა და პენსიონერთა) სოციალური დაცვის კონსტიტუციური ნორმებისა და გარანტიების გვერდის ავლით  და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების იგნორირების გზით  სახელმწიფო ბიუჯეტს დააკისრა სიღარიბის დაძლევის პროგრამასთან ინტეგრირებული სხვა მიმართულებების დაფინანსებაც და ხარჯიანი აღმოჩნდა სახელმწიფი ბიუჯეტისთვისაც. დასაქმების აქტიური პოლიტიკის დაფინანსება კი მიანდო ისეთ პროგრამებს, როგორიცაა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, საპარტნიორო ფონდისა და მცირე ბიზნესის მზარდაჭერის პროგრამების ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები.

ამჟამად, ქვეყნის მთავრობა შრომის ბაზრის პასიური  და აქტიური პოლიტიკის გატარებას შორის პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს აქტიური პოლიტიკის რეალიზაციას, რაც ორი მიმართულებით ხორციელდება. პირველი მიმართულება ორიენტირებულია მოსახლეობის ნაკლებად უზრუნველყოფილი ფენების პროგრამებთან ინტეგრირებული უმუშევართა დასაქმების პროგრამების შემოღებაზე. მეორე მიმართულება კი დასაქმების პროცესების ხელშეწყობას ითვალისწინებს ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამების ფარგლებში.   მიუხედავად მთავრობის  მიერ განსაზღვრული სწორი ორიენტირებისა, გეზი აიღოს აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის გატარებაზე,  ეს პროცესი ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების ფონზე წინააღმდეგობებით ხასიათდება და რთული გადასაწყვეტია. პრობლემის მოსაგვარებლად სახელმწიფოს მოუწევს შექმნას ისეთი მექანიზმები, რომელიც, ერთის მხრივ, დასაქმების აქტიური პოლიტიკის რეალიზაციისკენ და მეორეს მხრივ, შრომის უფრო მეტი მოტივაციის შექმნისკენ იქნება მიმართული, რათა დაძლეულ იქნეს ის ნაკლოვანებები რომლითაც ამჟამად,  სოციალური დაცვის პროგრამები ხასიათდება დაბალი შრომითი მოტივაციის გამო.

დასაქმების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ახალი მიდგომები განისაზღვრა “საქართველოს კანონით დასაქმების ხელშეწყობის შესახებ”(კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, 2020). კანონის  მიხედვით  სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების თანაბარ ხელმისაწვდომლობას, სამუშაოს მაძიებლის სტიმულირებას დასაქმებისათვის, სამუშაოს მიღებისათვის ან თვითდასაქმებისათვის. კანონის მიხედვით განმარტებულია დასაქმების ხელშეწყობის ინდივიდუალიზაცია, რაც გულისხმობს დასაქმების ხელშეწყობის ღონისძიებების ორიენტირებას სამუშაოს მაძიებლის ინდივიდუალურ უნარებსა და შესაძლებლობებზე, პიროვნულ  და პროფესიულ განვითარებაზე. ამასთან, მოწყვლადი ჯგუფებისა და მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის მიმართ, რომლებსაც დასაქმების ხელმისაწვდომლობაში სირთულეების ექმნებათ, სახელმწიფო უზრუნველყოფს განსაკუთრებული მიდგომების გამოყენებას (კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, 2020). კანონის მიხედვით შემოტანილ იქნა დასაქმების 4 ფორმა - დასაქმება შრომის ანაზღაურების სუბსიდირებით,  დასაქმება, სტაჟირება და შრომითი მიგრაცია(მუხლი 13). მოქმედი კანონი ამკვიდრებს მინიმალური შრომის ანაზღაურების ნორმას, რომლის მიხედვითაც  სრულგანაკვეთიანი სამუშაოს შესრულებისათვის ყოველთვიური  ანაზღაურება საარსებო მინიმუმს  2 -ჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს(მუხლი  14, პ.1. დ) ქვეპუნქტი).  (კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, 2020).

უმუშევართა სოციალური დაცვისა და მათი დასაქმების ახალ მიდგომებს ამკვიდრებს „დასაქმებისხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის N81 დადგენილების შესაბამისად შემოღებული  სამთავრობო  ღონისძიებები, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია შრომის  ბაზარზე სამუშაოს მაძიებლისა და დამსაქმებლისათვის უფასო საშუამავლო მომსახურების მიწოდება-განვითარება; მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშემწყობი მექანიზმების შემუშავება და დანერგვა; დასაქმების ფორუმების მოწყობა; ვაკანსიების მონიტორინგისა და თვისებრივი კვლევების განხორციელება მინიმუმ წელიწადში  ერთხელ;  სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების წარმოება; სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა; (მთავრობის დადგენილება N81, 2022.წ).   ზემოაღნიშნული დადგენილება შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკაზე გადასვლისა  და დასაქმების  ხელშემწყობ   ღონისძიებათა  განვითარებას ითვალისწინებს,  რაც დადებით მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, იგი მხოლოდ მოწყვლადი  ჯგუფების   დასაქმების  ხელშემწყობი  მექანიზმების  დანერგვისკენ არის მიმართული.

პროგრამით გათვათვალისწინებულია: სამუშაო  ადგილებისა და  შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტის შემოღება, რომლის მიხედვითაც   სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციართა სუბსიდირებას დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ ვაკანსიაზე გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების 50%-ის ოდენობით,  მაგრამ არაუმეტეს  560  (ხუთას სამოცი) ლარისა. ქვეპროგრამის  ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 9 თვის ვადით. დასაქმებულს ეს სუბსიდია ეძლევა არანაკლებ 3 თვის ვადით. სუბსიდირება განხორციელდება ვაუჩერით. (მთავრობის დადგენილება N81, 2022.წ)

ახალი სისტემის დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიკუთვნებული შრომისუნარიანი ასაკის დაუსაქმებელი  მოსახლეობისათვის ვაკანსიების მოძიება, შრომისადმი არსებული ანტისტიმულების შემცირება, რაც უმწეოთა დახმარების სისტემის მთავარ ნაკლს წარმოადგენს.  დოკუმენტი საპილოტე პროექტის ინიცირების მცდელობას წარმოადგენს, რითაც მთავრობა  დასაქმების კერძო  და საშუამავლო სამსახურების შემოღების გზით ცდილობს დაამკვიდროს საბაზრო მექანიზმები შრომის ბაზრის აქტიურ პოლიტიკაზე გადასასვლელად, თუმცა, ვაუჩერული სისტემის შემოღებისა და დამსაქმებელთა სუბსიდირების გზით კიდევ ერთ წნეხს ქმნის საბიუჯეტო ხარჯების ზრდის მიმართულებით.  ამასთან, რეიტინგული ქულების მიხედვით ოჯახის 16-დან  29  წლამდე წევრისათვის დასაქმების შემთხვევაში ხელფასის სუბსიდირების შემოღება შრომისადმი თანაბარი მისაწვდომლობის პრინციპების დარღვევას წარმოადგენს.

   2022 წლის მარტიდან საქართველოში საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა დაიწყო, რაც მიზნად ისახავს, სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებას. საწყის ეტაპზე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში 14 382 ვაკანსია იყო და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. დასაქმების პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიან პირებს,  ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ სოციალურ დახმარებას. პროგრამაში ჩართულ პირს შეუნარჩუნდება სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები. 4  წლის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება.  საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული პირები ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ სოციალურ დახმარებასთან ერთად. ფინანსური სარგებელი იანგარიშება ნამუშევარი საათების მიხედვით და 300 ლარს შეადგენს. საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის გაცემული თანხა სოციალურ გასაცემელს წარმოადგენს და არ იბეგრება. (შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 02/03/2022)

   აღნიშნული მიდგომა დამატებით ფინანსურ ტვირთს ქმნის სახელმწიფოსთვის  და ამავე დროს ამ პროცესების განხორციელებაში ბიზნესის ჩართულობას მოითხოვს. სახელმწიფო ბიზნესს ავალებს სამუშაო ადგილების შექმნას, რაც დამოკიდებულია ინვესტიციებზე, ბიზნესის განვითარებასა და გარემოზე. ასევე, იმაზე თუ  რა მხარდაჭერას გაუწევს სახელმწიფო ბიზნესს. ეს პროცესები წინააღმდეგობვრივი პროცესებია და  საკითხისადმი უფრო რეალურ მიდგომას მოითხოვს.  ამასთან, მთავრობის მიერ აღებული კურსი ნაკლებად არის დაკავშირებული ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სტრატეგიულ ამოცანებთან და  ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმებთან.

ქვეყანაში უმუშევრობის და დასაქმების საკითხები აგებულ უნდა იქნეს საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობით და უნდა გამორიცხავდეს დისკრიმინაციას. ქვეყანაში ყურადღების მიღმა დარჩა დაუსაქმებელი მოსახლეობის სოციალური დაცვის ისეთი ასპექტები, როგორიცაა უმუშევარი მოსახლეობის სოციალური დაცვის პასიური ღონისძიებების გატარება, რომელიც ასევე გარანტირებული უნდა იქნას ქვეყნის მოქმედი კონსტიტუციური ნორმების შესაბამისად. აუცილებელია დასაქმების პოლიტიკის ფორმირებაში  აქტიურ  მონაწილეობას იღებდნენ სოციალური პარტნიორობის ინსტიტუტები (პროფკავშირები), რათა თავიდან იქნეს აცილებული   ხელოვნურად დაბალი ხელფასები და  უმუშევარი მოსახლეობის მასიური ემიგრაცია საზღვარგარეთ. აუცილებელია ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს უმუშევრების სოციალური დაცვისა და სიღარიბისაგან მოსახლეობის  დაცვის პროგრამები.  უნდა არსებობდეს შეზღუდვა მათთვის, ვინც სამუშაოს თავიანთი სურვილით ტოვებენ.  დროებითი საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამების შემოღების პარალელურად უნდა გამოიკვეთოს  დასაქმების გრძელვადიანი პროგრამები, რომლებიც ქრონიკული უმუშევრობის დაძლევაზე უნდა გახდეს ორიენტირებული. შესაბამისად, უნდა იქნეს ჩამოყალიბებული უმუშევართა მომზადება/გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები. სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებები უნდა განისაზღვროს მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამების ფარგლებში. დროებითი საზოგადოებრივი სამუშაოების შექმნის პარალელურად და მის ნაცვლად  სახელმწიფომ, გრძელვადიან პერიოდში, ორიენტაცია უნდა აიღოს ახალი, მაღალ ტექნოლოგიური სამუშაო ადგილების  შექმნის, ინოვაციური ბიზნესის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის, ქვეყნის  საექსპორტო პოტენციალის გაუმჯობესებისა და წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისაკენ,  რაც ეკონომიკის რეალურ განვითარებას უწყობს ხელს.  

გამოყენებული ლიტერატურა

  1. საქართველოს კონსტისტუცია, თბილისი 1995 წლის 24 აგვისტოN786-რს.კონსოლიდირებული ვერსია(საბოლოო);
  2. საქართველოს კანონი დასაქმების ხელშეწყობის შესახებ, თბილისი 14 ივლისი, 2020 წ.  N6819-რს;
  3. საქართველოს კანონი დასაქმების შესახებ, თბილისი,  წლის 28 სექტემბერი 2001 წ. N1084-Iს;
  4. საქართველოს კანონი საქართველოს შრომის კოდექსი. თბილისი, 2006 წლის  25 maisi, N N3132-Iს;
  5. „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2013-2014 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს N199 დადგენილება;
  6. „დასაქმებისხელშეწყობის 2022 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 17 თებერვლის N81 დადგენილება
  7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა(შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. https://www.moh.gov.ge/02/03/2022
  8. საქრთველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისმონაცემები
  9. Proposal for a COUNCIL DECISION on guidelines for the employment policies of the Member States. Brussels, 23.5.2022 COM (2022) 241 final 2022/0165 (NLE).
  10. Employment, Social Affairs@ Inclusion. European Commission. 2022; https://ec.europa.eu/social/main.jsp?langId=en&catId=862           
  11. www.geostat.ge
  12. https://www.moh.gov.ge/ka/743/   
  13. https://library.fes.de/pdf-files/bueros/georgien/15463.pdf;
  14.  https://www.ssa.gov