![]() ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
![]() |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
∘ იოსებ არჩვაძე ∘ სახელმწიფო სასურსათო უსაფრთხოების თანამედროვე პრობლემები საქართველოში ანოტაცია. სახელმწიფო უსაფრთხოება გულისხმობს ერის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური სტაბილურობის და მისი მოქალაქეებისა და ინსტიტუტების უსაფრთხოების დაცვას შიდა და გარე საფრთხეებისგან. ის მოიცავს სექტორების ფართო სპექტრს, სამხედრო თავდაცვიდან კიბერმდგრადობამდე და ეკონომიკურ სტაბილურობამდე. მათ შორის ერთ-ერთი საკვანძოა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება, რომელთაგან მთავარია სასურსათო უსაფრთხოების ასპექტი. სახელმწიფოს სასურსათო უსაფრთხოება გულისხმობს ქვეყნის ან რეგიონის უნარს, უზრუნველყოს თავისი მოსახლეობის საიმედო წვდომა საკმარის, უსაფრთხო და ნოყიერ საკვებზე ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების შესანარჩუნებლად. ეს ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ძირითადი კომპონენტია. სახელმწიფოს სასურსათო უსაფრთხოება დამოკიდებულია, ზოგადად, ეკონომიკის განვითარების დონეზე, კონკრეტულად კი – აგრარული სექტორის ფაქტობრივ მდგომარეობაზე. ამასთან, ბოლო წლებში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, სოფლის მეურნეობა რჩება ეროვნული მეურნეობის ყველაზე სუსტ რგოლად. აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია როგორც აღნიშნული დარგის დაჩქარებული განვითარებით, ისე ეკონომიკური პოტენციალისა და სპეციალიზაციის ეფექტიანობის ისეთი ზრდით, რომელიც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს უზრუნველყოს მოსახლეობა საჭირო რაოდენობის, სრულფასოვანი და დაბალანსებული, უვნებელი და ხელმისაწვდომი სურსათით. საკვანძო სიტყვები: სასურსათო უსაფრთხოება, სოფლის მეურნეობა, აგროსასურსათო პროდუქცია, კვების პროდუქტები, მოხმარების რაციონალური (რეკომენდირებული) ნორმები. სასურსათო უსაფრთხოების ძირითადი მიზნები და საყრდენები სასურსათო პრობლემა ზოგადად ფიზიოლოგიურიცაა და სოციალურ-ეკონომიკურიც. ამასთან სასურსათო უსაფრთხოებას გააჩნია პოლიტიკური ასპექტიც. ეს არის ქვეყნის მიერ სასურსათო პროდუქტების ისეთი რაოდენობით წარმოებისა და მათზე წვდომის იმგვარი პოტენციალი, რომელიც არ გახდის მოცემულ სახელმწიფოს სხვა ქვეყნებზე მეტისმეტად დამოკიდებულს, ამ უკანასკნელთაგან სურსათის მიწოდების პროცესის პოლიტიკური ზემოქმედების ინსტრუმენტად (ემბარგო, მიწოდების კაბალური პირობები, ფასებით მანიპულაცია და ა.შ.) გადაქცევის გარეშე. ამიტომ მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოება, ზემოხსენებული პირობების გათვალისწინებით, აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობაა ქვეყნის, სახელმწიფოს სასურსათო უშიშროების უზრუნველსაყოფად. აუცილებელია მაკროეკონომიკურ დონეზე ქვეყნის ისეთი სასურსათო უშიშროების დონე, რომელიც აკმაყოფილებს, სულ ცოტა, ოთხ მთავარ პირობას: ა) უზრუნველყოფს ქვეყანაში სურსათის, კვების ძირითადი პროდუქტების მოსახლეობის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის საჭირო და საკმარის რაოდენობას; ბ) გარდამავალი (მუდმივი) მარაგების არსებობას წლიური მოხმარების არანაკლებ 15-20 %-ის დონეზე (მარცვლეულზე – 17 %-ის დონეზე). აღნიშნული კრიტერიუმი ეფუძნება მიწოდების ჯაჭვებში შესაძლო პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში მოსახლეობისათვის შესაბამისი პროდუქტების შეუფერხებელი მიწოდების გარანტირებულ უზრუნველყოფას; გ) საკუთარი წარმოებით კვების ძირითადი პროდუქტებით მოხმარების უზრუნველყოფის მაღალ (არანაკლებ 60-80 %-ით) დონეს; რამდენად უზრუნველყოფს რეალობა აღნიშნული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ამაზე წარმოდგენას ქვემორე ცხრილი იძლევა. ცხრილი 1 მოსახლეობის ერთ სულზე საკვები პროდუქტების მოხმარება 2024 წელს მოხმარების რაციონალურ ნორმებთან მიმართებით (კილოგრამი)
როგორც მოყვანილი ცხრილიდან ჩანს, ფაქტობრივად ყველა ძირითადი კვების პროდუქტის მიხედვით შეინიშნება არსებითი ჩამორჩენა შესაბამისი მოხმარების ნორმიდან. ჩამორჩენის ძირითადი მიზეზი ორია: პირველი არის სასოფლო-სამეურნეო, აგროსასურსათო პროდუქციის არასაკმარისი წარმოება. ამ საუკუნეში (2001-2024 წლებში) საქართველომ განახორციელა 25.4 მლრდ. აშშ დოლარის აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი, რაც შესაბამის ექსპორტს 10.1 მლრდ. აშშ დოლარით აღემატება. დიაგრამა 1 ცალკეული პროდუქციის მიხედვით იმპორტზე დამოკიდებულება საკმაოდ მაღალია, თანაც, ზოგიერთი მათგანის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების მხრივ განსაკუთრებით მოწყვლად მიმართულებად რჩება ისეთ არაპროგნოზირებად და აგრესიულ მეზობელზე დამოკიდებულება, როგორიცაა რუსეთი.[2] საქართველოში მოხმარებული აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტდამოკიდებულებაზე მკაფიო წარმოდგენას იძლევა ქვემორე დიაგრამა. დიაგრამა 2 ეკონომიკური ჩამორჩენის მეორე მიზეზია ეკონომიკური ხელმისაწვდომობა. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს საკმარისი რესურსი, რომ შეძლოს მოთხოვნილების რაციონალურ დონეზე დაკმაყოფილება. მაგალითად, მოხმარების რაციონალური ნორმის დონეზე უზრუნველსაყოფად, ამჟამინდელთან შედარებით რომ ექსკლუზიურად მხოლოდ იმპორტით გვეცადა მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება ხორცსა და ხორცპროდუქტებზე, ამისათვის ჩვენ დაგვჭირდებოდა დამატებით დაახლოებით 0.5 მლრდ. აშშ დოლარის იმპორტის განხორციელება, რაც მოითხოვდა მოსახლეობის ამჟამინდელი სასურსათო კალათის გაძვირებას, სულ ცოტა, 15 %-ით. ეს კი ამჟამინდელი გადახდისუნარიანობის პირობებში აბსოლუტურად არარეალურია. ქვემოთ მოყვანილი ცხრილი გვიჩვენებს, რომ აგრარული სექტორის ჩამორჩენა და ქვეყნის მოსახლეობის აგროსასურსათო პროდუქციით მოსახლეობის უზრუნველყოფაში იმპორტზე მაღალი დამოკიდებულება კონიუნქტურული კი არა, არამედ სისტემური ხასიათისაა. ცხრილი 2 საქართველოში აგრარულ სექტორში წარმოებული დამატებული ღირებულება და აგროსასურსათო პროდუქციის იმპორტი და ექსპორტი 2010-2024 წლებში (მლნ. აშშ დოლარი)
იმპორტზე მეტისმეტი დამოკიდებულება, მით უფრო, თუ საქონლის იმპორტში რომელიმე ქვეყანას მონოპოლიური მდგომარეობა უკავია, მიმღებ ქვეყანას მიწოდების პოტენციურ მძევლად აქცევს, სულ ცოტა, სამნაირი საფრთხის არსებობით: ჯერ ერთი, მიწოდების მყისიერი შეწყვეტა, ემბარგო ან სანქციები აღნიშნულ პროდუქციაზე ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, რადგანაც საჭირო იქნება მიწოდების ჯაჭვების გადაწყობა, რაც დროში გაჭიანურებული პროცესია. ამასთან, ამგვარი ვითარება, როგორც წესი, საგრძნობლად აძვირებს პროდუქციის ფასს სამომხმარებლო ბაზარზე; მეორე, მიმწოდებელ ქვეყანაში ექსპორტის კვოტირება, საექსპორტო მოსაკრებლების შემოღება (ზრდა) ასევე აძვირებს პროდუქციის ღირებულებას და, შესაბამისად, უარყოფითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე; მესამე, არაკეთილსინდისიერი კონკურენციისა და მიმწოდებელი ქვეყნის მიერ სუბსიდირების შემთხვევაში იმპორტირებული პროდუქციის ბაზარზე დემპინგური ფასებით რეალიზაცია ძირს უთხრის აღნიშნული პროდუქციის ადგილობრივი წარმოების რენტაბელობას, ზოგადად – მისი წარმოების მიზანშეწონილობას და იწვევს იმპორტდამოკიდებულების ზრდას. აუცილებელია არა მარტო კვების ძირითადი პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის ზრდა, არამედ ადგილობრივი წარმოების რესურსების მაქსიმალური მიახლოება შესაბამისი კვების პროდუქტების მოხმარების რეკომენდებულ (რაციონალურ) ნორმებთან. ამ ასპექტით სახელმწიფოებრივი უშიშროების უზრუნველსაყოფად საჭიროა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ამოცანის ერთდროული გადაწყვეტა. კონკრეტულად ხორცთან მიმართებით ეს გამოხატება შემდეგში: ა) ხორცის საშუალო სულადობრივი წლიური მოხმარების აყვანა ამჟამინდელი ფაქტობრივი 45 კგ-დან რაციონალურ 65 კგ-მდე; ბ) ხორცის მოხმარების სტრუქტურის ოპტიმიზაცია ხორცის სახეობათა მიხედვით; გ) ხორცის მოხმარებაში თვითუზრუნველყოფის (ადგილობრივი, შიდა ქვეყნისმიერი რესურსებით) ამაღლება ამჟამინდელი ფაქტობრივი მოხმარების 47 %-დან რაციონალური მოხმარების, სულ ცოტა, 75 %-იან დონემდე; დ) მოსახლეობის შემოსავლების ადეკვატური ზრდა, მისი გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფა სურსათის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხორცისა და ხორცპროდუქტების) რაციონალური ნორმის ფარგლებში მოხმარების (შეძენის შესაძლებლობის) უზრუნველსაყოფად. ხორცის წარმოების ზრდა და მოსახლეობის მიერ მისი მოხმარების რაციონალური ნორმების დონეზე აყვანა გულისხმობს მოსახლეობის შემოსავლებისა და გადახდისუნარიანობის ზრდას. სამომხმარებლო ფასების გათვალისწინებით, ხორცის მოხმარებაში მოსახლეობის ყოველ ერთ სულზე ახლანდელი 14-კილოგრამიანი დეფიციტის შესავსებად საჭირო იქნებოდა დამატებით წლიურად 300 ლარზე მეტი. იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად საშუალოდ ოჯახში 3.36 წევრია, მარტო ხორცის შესაბამისი სტრუქტურის მიხედვით რაციონალურ დონეზე მოხმარებისათვის ყოველ შინამეურნეობას წლიურად დასჭირდება დამატებით თითქმის 1.1 ათასი ლარი, რაც 2024 წლის მდგომარეობით სამი თვის საბაზო პენსიას აღემატება. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი ხორცის სულადობრივი წლიური მოხმარების 51-დან 65 კილოგრამამდე ასაყვანად საქართველოს მოსახლეობის დამატებითი მოთხოვნა შეიძლება შეფასდეს დაახლოებით 1.2 მლრდ. ლარად ქვეყნის დაახლოებით 63 ათასი შინამეურნეობის წლიური მთლიანი შემოსავლების ეკვივალენტურ თანხად. სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძირითადი ზომები იმისათვის, რომ სახელმწიფომ უკეთ შეძლოს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საჭიროა მიზანმიმართული, ეფექტიანი საშინაო პოლიტიკის გატარება წარმოების ორგანიზების, მართვის, აგროსასურსათო სექტორში დასაქმებულთა შრომის მწარმოებლურობის ამაღლებისა და სუბსიდირების სისტემის მეშვეობით. თუმცა წარმატების მისაღწევად ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სხვა ქვეყნების გამოცდილებას, სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) რეკომენდაციების გათვალისწინებას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასურსათო უშიშროების (უსაფრთხოების) უზრუნველყოფაში სულ უფრო მზარდ როლს შეასრულებს ქვეყნის აგროსასურსათო სექტორის თანმიმდევრული სვლა რეგიონულ და გლობალურ ბაზრებზე კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად. ამისათვის განმსაზღვრელი როლი უნდა შეასრულოს მმართველი ძალის პოლიტიკურმა ნებამ და გადაწყვეტილებების მიმღებთა კომპეტენტურობამ, უშუალოდ წარმოების პროცესში დასაქმებული პირების სამეწარმეო უნარ-ჩვევების, კვალიფიკაციის და, აქედან გამომდინარე, მათი შრომის მწარმოებლურობის დონემ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა გაატაროს უფრო მიზანმიმართული, ეფექტიანი და გარკვეულწილად, პროტექციონისტული აგრარული პოლიტიკა, უზრუნველყოს ადგილობრივი კვების პროდუქტების, სურსათის წარმოების, შესაბამისი სანედლეულო ბაზისა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველზე გადამამუშავებელი მრეწველობის მასშტაბების გაფართოება, აგრარულ სექტორში შრომის სოციალური და ეკონომიკური პრესტიჟულობის ამაღლება, სასურსათო რეგიონული ბაზრების განვითარება ლოკალიზებული სასურსათო რესურსების რეპროდუქციისთვის (აღწარმოებისათვის). მნიშვნელოვან რეზერვს ამ მიმართულებით წარმოადგენს ქვეყნის მიწის ფონდის, რომლის 85 % ჯერაც სახელმწიფო საკუთრებაა, გამოყენების ეფექტიანობის ამაღლებაც. სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფის სტრატეგიული მიმართულება ქვეყანაში მარცვლეულის წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა უნდა გახდეს. ამ ასპექტით ჩვენ საგრძნობლად ჩამოვრჩებით ჩვენს უშუალო მეზობლებს, რომლებსაც საქართველოსთან შედარებით ნამდვილად არა აქვთ უკეთესი ბიოგეოკლიმატური პირობები და სავარგულები, მაგრამ „ახერხებენ“ ჩვენთან შედარებით მარცვლეულით, ხორბლით თვითუზრუნველყოფის გაცილებით მაღალი დონის მიღწევას. აზერბაიჯანში ხორბლით თვითუზრუნველყოფის დონე თითქმის 80 პროცენტია, სომხეთში – 60 პროცენტი, საქართველოში კი ბოლო წლების პიკური მაჩვენებელი მხოლოდ 22 პროცენტია. უახლესი წლების (2030 წლისთვის) ამოცანა უნდა გახდეს მარცვლეულის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის გაზრდა არანაკლებ 60 %-მდე, რისთვისაც გასატარებელი იქნება მთელი რიგი ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები, ნათესი ფართობების ზრდიდან დაწყებული და თანამედროვე აგრომეცნიერების მიღწევებსა და რეკომენდაციებზე დაყრდნობით მოსავლიანობის მკვეთრი ზრდით დამთავრებული. აგროსასურსათო სექტორის მხარდაჭერისა და მაკროეკონომიკური რეგულირებისათვის საჭიროა მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გამოყენება, ისეთების, როგორიცაა, მაგალითად, წარმოების მოცულობათა კვოტირების სისტემა (განსაკუთრებით, ევროკავშირის ქვეყნებში), მიწის სავარგულების დროებითი გამოყვანა სასოფლო-სამეურნეო ბრუნვიდან (განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში), სოფლის მეურნეობის ნედლეულისა და სურსათის სახელმწიფო შესყიდვების სისტემა, საქონელმწარმოებელთა პირდაპირი სუბსიდირება ფასების მეშვეობით, საგარეო ვაჭრობის რეგულირება (იმპორტზე ან ექსპორტზე ტარიფის აწევით/ან დაწევით), სოფლის მეურნეობის მომსახურე დარგების სუბსიდირება, სტრუქტურული პოლიტიკის განხორციელება, სასოფლო დასახლებებში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სამუშაო ადგილების შექმნა და ა.შ. ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დიდ როლს ასრულებს საბაზრო ფასების მხარდაჭერა, სოფლის საქონელმწარმოებლებისათვის პირდაპირი გადასახდელების მაღალი წილი (სოფლის მეურნეობის დაფინანსების მთლიანი მოცულობის 18-20%). ამასთან, ჩვენი ეროვნული სპეციფიკა – ხასიათი, ჩვევები, კვების ტრადიცია და ა.შ. – განსაკუთრებული თავისებურებებით წარმართავს ქვეყნის მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებისა და სამეურნეო საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, მათ შორის აგროსასურსათო პროდუქციის წარმოებასა და მიწასთან დამოკიდებულებას. ეს კი ობიექტურად მოითხოვს აგროსასურსათო სექტორის რეფორმირებისა და განვითარების პროცესის რეალიზაციას ქართული (ეროვნული ტრადიციების) სპეციფიკის გათვალისწინებით და არა უცხოეთის რომელიმე ქვეყნის (თუნდაც, ძალიან წარმატებულის) გამოცდილების მექანიკურ გადმოტანა-გამეორებას. სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესმა უნდა მოიცვას როგორც წარმოების, ისე მიმოქცევისა და რეალიზაციის სფეროებიც, რომელშიც პროტექციონისტული და ფისკალური ზომების ერთობლიობა უზრუნველყოფს კუმულატიურ პოზიტიურ ეფექტს როგორც ადგილობრივ მწარმოებელთა, ისე მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მხრივ. კერძოდ, საგადასახადო კოდექსში ნორმატიულ დონეზე უნდა აისახოს ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნების გამოცდილება პურზე დღგ-ის ტარიფის 7-8%-მდე შემცირების ან საერთოდ განულების თაობაზე. მოკლედ, სახელისუფლებო სტრატეგია ორიენტირებული უნდა იყოს ორი ერთიანი ამოცანის გადაწყვეტაზე: ა) უნდა უზრუნველყოს ადგილობრივი მეწარმეების დაცვა ისე, რომ არ დააზარალოს ადგილობრივი მომხმარებლების ინტერესები; ბ) გააუმჯობესოს ამ უკანასკნელთა წვდომა (მყიდველობითუნარიანობა) პურსა და პურპროდუქტებზე. ამასთან, სასურსათო მოხმარების ზრდის საკითხის გადაწყვეტა გარდამავალი ეკონომიკის ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, არ შეიძლება დამოკიდებული იყოს არც მიწის შემდგომი გადანაწილებისა და არც აგროსასურსათო სექტორის სახელმწიფოებრივი სუბსიდირების გაძლიერებაზე. საკითხის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და მოსახლეობის რეალური შემოსავლების განუხრელი ზრდის პირობებში. მაშასადამე, მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია და განვითარება არის ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების ზრდის ერთადერთი გზა, რამდენადაც ეკონომიკის ზრდა განაპირობებს მოსახლეობის რეალური შემოსავლებისა და შესაბამისად, გადახდისუნარიანი მოთხოვნის ზრდას, რაც, თავის მხრივ, განსაზღვრავს აგროსასურსათო სექტორის განვითარებას. ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ღონისძიებები მრავალასპექტიანი, კომპლექსური პროცესია. მისი ძირითადი მიმართულებებია 1. სოფლის მეურნეობის განვითარება: ინვესტიციები სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურაში – სარწყავი სისტემები, გზები, შესანახი ობიექტები; კვლევა და ინოვაცია – მაღალმოსავლიანი, კლიმატისადმი მდგრადი კულტურების ჯიშები; გაუმჯობესებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა; მცირე ფერმერების მხარდაჭერა – მიწაზე, კრედიტზე, ტრენინგსა და ბაზრებზე წვდომა; მხოლოდ ხორცით მოსახლეობის უზრუნველყოფისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხაზით, რაციონალური მოხმარების დონეს, იმავდროულად კი თვითუზრუნველყოფის 75 %-ის დონეზე გასვლისათვის, აუცილებელი იქნება ხორცის ადგილობრივი წარმოება გაიზარდოს ამჟამინდელი 88.7 ათასი ტონიდან 181.6 ათას ტონამდე, ანუ სულ ცოტა – 2.0-ჯერ; ხორცით მოხმარების რაციონალურ დონესა და თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის 75-%-იან ნიშნულზე გასასვლელად აუცილებელი იქნება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობის გაზრდა ამჟამინდელი 811.5 ათასიდან 1500 ათასამდე, ღორისა – 18.4 ათასიდან 292.4 ათასამდე, ცხვრისა და თხისა – 740.5 ათასიდან 2.0 მლნ-მდე, ხოლო ფრინველისა – 8.0 მილიონიდან 30 მლნ-მდე. ეს კი საჭიროებს მთელ რიგ ორგანიზაციულ და ტექნიკურ ღონისძიებებს პირუტყვისა და ფრინველის საკვები ბაზის გაუმჯობესებისათვის, აგრეთვე სოფლად მცხოვრები შინამეურნეობების მხარდაჭერასა და წახალისებას საკუთარი პირუტყვისა და ფრინველის მზარდი რაოდენობის ყოლაზე. ამ მხრივ უალტერნატივოდ მიგვაჩნია საკანონდებლო დონეზე დადგენილება, რომლითაც ხანგრძლივი ვადით (არანაკლებ 10-15 წლით) გამოცხადდება მორატორიუმი ან საერთოდ აიკრძალება საქართველოს სათიბ-საძოვრების სტატუსის შეცვლა და მათი სხვა დანიშნულების მიწების (მათ შორის სახნავ) კატეგორიაში გადაყვანა. 2. სტრატეგიული სასურსათო რეზერვები: მომარაგების შოკებისგან თავის დასაღწევად მარცვლეულის ეროვნული რეზერვების ან საკვების მარაგების შექმნა; სასურსათო დაუცველობისა და სტიქიური უბედურებების ადრეული გაფრთხილების სისტემების შექმნა; სურსათის უვნებლობისა და სტიქიური უბედურებების ადრეული გაფრთხილების სისტემების (EWS) შექმნა გულისხმობს მექანიზმების შექმნას, რომლებსაც შეუძლიათ სერიოზული ზიანის მიყენებამდე სურსათის უვნებლობის პოტენციური საფრთხეების (გვალვები, წყალდიდობები, ბაზრის შოკები ან კონფლიქტები) გამოვლენა, მონიტორინგი და პროგნოზირება; სურსათის უვნებლობის ადრეული გაფრთხილების სისტემების მიზანს წარმოადგენს მოსავლის უკმარისობის, ფასების მკვეთრი მატების ან სტიქიური უბედურებების მსგავსი რისკების პროგნოზირება და გამოვლენა; მთავრობებისთვის, დამხმარე სააგენტოებისთვის და ფერმერებისთვის დროული შეტყობინების მიწოდება; სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისა და პრევენციული ზომების მხარდაჭერა; კრიზისებისა და მოუსავლიანი წლების დროს შიმშილის, არასრულფასოვანი კვების და ეკონომიკური დანაკარგების შემცირება; აღნიშნული სისტემის ძირითადი კომპონენტებია: მონიტორინგი და მონაცემთა შეგროვება – ამინდის, კლიმატის (მაგ., ნალექი, ტემპერატურა, გვალვის პირობები) და სასოფლო-სამეურნეო (მაგ., მოსავლის დათესვა, მოსავლის პროგნოზები) მონაცემები; სურსათის უვნებლობის ადრეული გაფრთხილების სისტემების ეფექტიანობას დიდწილად განსაზღვრავს ინფორმაციის დროულობა, გავრცელების მასშტაბი და ადრესული ხასიათი (მთავრობების, ფერმერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის დროული გაფრთხილებების მიწოდება; კომუნიკაცია რადიოს, SMS-ის, მობილური აპლიკაციებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის საშუალებით; სიტუაციის ანგარიშები და პერიოდული ყოველთვიური ან სეზონური ბიულეტენები); აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე ხდება შესაბამისი რეაგირების დაგეგმვა და მოქმედების ტრიგერების განსაზღვრა – წინასწარ განისაზღვრება ზღვარი, რომელიც მოქმედებას იწვევს (მაგ., თუ საკვების ფასები 30%-ით გაიზრდება, საგანგებო საკვების მარაგები გამოთავისუფლდება); საგანგებო გეგმებისა და კოორდინაციის ჩარჩოების შემუშავება; სასურსათო მარაგების, სახსრებისა და რესურსების წინასწარი პოზიცირება. 3. სავაჭრო და საბაზრო პოლიტიკა: სასურსათო პროდუქტების იმპორტისა და ექსპორტის დივერსიფიცირება საკვების ხელმისაწვდომობისა და ფასების სტაბილიზაციისთვის. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება ჩაირთოს ბაზრის ცალკეული ასპექტის სახელმწიფო რეგულირების მექანიზმი და საკვების ფასების მონიტორინგი ინფლაციისა და სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად. 4. სოციალური უსაფრთხოების ქსელები და კვების პროგრამები: სასურსათო დახმარების პროგრამები (მაგ., სკოლის მოსწავლეთა კვება, საკვების ვაუჩერები, სუბსიდიები, რაც ამა თუ იმ ფორმატით შეტანილია საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების პროგრამებში); მიზანმიმართული კვების ინტერვენციები დაუცველი ჯგუფებისთვის (ბავშვები, ორსული ქალები); საზოგადოებრივი ჯანდაცვის კამპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ დაბალანსებულ დიეტას და საკვების ჰიგიენას. 5. გარემოს დაცვითი მდგრადობა: მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა ნიადაგის, წყლისა და ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად; კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის სტრატეგიები სოფლის მეურნეობაში; სასურსათო წარმოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსების დაცვა. დასკვნა ქვეყანაში სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფის სტრატეგიული მიმართულება უნდა გახდეს მარცვლეულის წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა. ამასთან მეტი ყურადღება უნდა მიექცეს იმპორტის იმ ადგილობრივად წარმოებული პროდუქციით ჩანაცვლებას, რომლის წარმოების პირობები, რესურსები, ისტორიული და პროფესიული გამოცდილება არსებობს საქართველოში. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და გათვალისწინებული იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც თვალსაჩინო პროგრესს მიაღწიეს სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფაში, მათ შორის საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი ინსტრუმენტების (გადასახადები, პრეფერენციები, სუბსიდირებისა და კვოტირების სისტემა, საკრედიტო პოლიტიკა და ა.შ.) დროული და ეფექტიანი გამოყენებით. მთლიანობაში, აღნიშნული პრობლემის გადაჭრისათვის სახელმწიფოს ძალისხმევის საკითხი განხილული უნდა იქნეს აგრარული სექტორისათვის მონეტარული და ფისკალური მხარდაჭერის, კომპლექსური პროტექციონისტული ზომების გატარების, მიკროდონეზე წარმოების თვითრეგულირებასთან, მეწარმეობისა და კოოპერირების პროცესის განვითარებასთან ორგანული კავშირის კონტექსტში. ამ ასპექტით, სასურსათო უშიშროების უზრუნველმყოფელი სოფლის მეურნეობის სტრუქტურის ჩამოყალიბება (სოფლის, როგორც ტერიტორიული და სოციალური ერთეულის შენარჩუნებასთან ერთად) წარმოადგენს სოფლის მეურნეობის განვითარების მთავარ პრიორიტეტს. იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური მასშტაბით სურსათის უთანაბრო განაწილებისა და მისი ცალკეული სახეობების ხელოვნური დეფიციტის გამო ცალკეული სახელმწიფოები სულ უფრო ხშირად იყენებენ სურსათს იმპორტიორ ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლისა და შანტაჟისათვის, ქართული სახელმწიფოს ეკონომიკური, აგრარული პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებად უნდა იქცეს სამამულო მწარმოებელთა დაცვა საგარეო ბაზრის კონიუნქტურის ნეგატიური ზემოქმედებისაგან. ღონისძიებები ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მისი განმტკიცებისათვის საჭიროებს შესაბამის კანონმდებლობას, ინსტიტუციურ მხარდაჭერას და მმართველობას, მათ შორის ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებას მკაფიო მიზნებითა და პასუხისმგებლობებით, მონიტორინგისა და შეფასების სისტემებს პროგრესის თვალყურის დევნებისა და ახალ საფრთხეებზე რეაგირებისთვის. აღნიშნული ღონისძიებების გატარებით გადაწყდება არა მარტო ქვეყნის სასურსათო უშიშროების საკითხი, არამედ უმნიშვნელოვანესი ამოცანაც, რომელიც ხსენებული უშიშროების მედლის მეორე მხარეა სიღარიბის პრობლემის არსებითი გადაწყვეტის მხრივაც. თავად სასურსათო უშიშროებისა და სიღარიბის პრობლემის არსებითი გადაჭრა კი კიდევ უფრო მასშტაბური სოციალური ამოცანის – სამართლიანი და დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებასთანაა დაკავშირებული. გამოყენებული ლიტერატურა: 1. არჩვაძე ი. საქართველოს ეკონომიკა სსრკ-ის დაშლის წინა პერიოდში. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი, თბილისი, 2020, გვ. 9. 2. ი. არჩვაძე. აგრარული სექტორის როლი და მნიშვნელობა თანამდროვე საქართველოს ეკონომიკაში. „ეკონომიკური პროფილი“, N1 (17), 2017, გვ. 22. 3. ი. არჩვაძე, პ. კოღუაშვილი. საქართველოს სოფლის მეურნეობა აქტუალური გამოწვევების წინაშე. ჟ. "ეკონომიკა და ბიზნესი", 2020, N3, გვ. 74. 4. იოსებ არჩვაძე, პაატა კოღუაშვილი. საარსებო მინიმუმი საქართველოში და მისი ოპტიმალური დონის განსაზღვრის აუცილებლობა. ჟ. „ეკონომიკა და ბიზნესი“, N1, 2020, გვ. 24. 5. პაატა კოღუაშვილი, გივი თალაკვაძე, იოსებ არჩვაძე. „საქართველოს მთიანეთი – ქვეყნის სტრატეგიული განვითარების არსებითი კომპონენტი“. ჟ. „ეკონომიკა და ბიზნესი“, N3, 2023. 6. პაატა კოღუაშვილი, იოსებ არჩვაძე, გივი თალაკვაძე. მარადიული ქართული სოფელი. თბილისი, „მერიდიანი“, 2024. 7. პაატა კოღუაშვილი, იოსებ არჩვაძე, ნიკოლოზ ჩიხლაძე. სასურსათო უშიშროება – ეროვნული უშიშროების საფუძველი. „ეკონომიკური პროფილი“, N1 (23), 2022. 8. პ. კოღუაშვილი, ი. არჩვაძე. მარცვლეულით თვითუზრუნველყოფის სტრატეგია, როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოების ქვაკუთხედი. ე.მ.დ., პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის მასალების კრებული. თბილისი, 2023, გვ. 77-88. 9. პაატა კოღუაშვილი, რამაზ გახოკიძე, ტრადიციული კვება მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობის ძირითადი ფაქტორია. „ეკონომისტი“, N1, 2022, ტომი XVIII, გვ. 48-49. 10. The Evolution of Food Security: Where Are We Now, Where Should We Go Next?" (2025). - https://www.mdpi.com/2071-1050/14/6/3634. 11. "Exploration of Food Security Challenges towards More Sustainable Food Production: A Systematic Literature Review of the Major Drivers and Policies" (2020). - https://www.mdpi.com/2304-8158/11/23/3804. 12. Баскаков С.М. «Научные подходы к определению продовольственного обеспечения населения в контексте влияющих на него факторов». Журнал «Продовольственная политика и безопасность», 2021, № 4. 13. Ларионова И.С., Нагиев Г.Г. «Продовольственная безопасность и здоровье нации». Журнал «Ветеринария, зоотехния, биотехнология», 2021, № 12. 14. საქართველოს სოფლის მეურნეობა 2024 წელს. სტატისტიკური კრებული. თბილისი, 2025. 14. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მასალები. www.geostat.ge [1] წყარო: პაატაკოღუაშვილი, რამაზგახოკიძე, ტრადიციულიკვებამოსახლეობისსიცოცხლისუნარიანობისძირითადიფაქტორია. „ეკონომისტი“, N1, 2022, ტომი XVIII, გვ. 48-49. [2] 2024 წელს საქართველოში იმპორტირებული ხორბლის 99.3 პროცენტი და მზესუმზირას ზეთის იმპორტის 84.8 პროცენტი რუსეთის ფედერაციაზე მოდიოდა. გამოდის, რომ საქართველოში მოხმარებული ხორბლის თითქმის 4/5 და მზესუმზირას ზეთის 2/3 რუსული წარმომავლობის იყო. |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||