![]() ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
![]() |
|
|
∘ ლია თოთლაძე ∘ მამუკა ხუსკივაძე ∘ ინოვაციური რაიონები, როგორც მდგრადი ურბანული განვითარების ფაქტორი ანოტაცია. ინოვაციური რაიონების არსებობა პირდაპირ კავშირშია ურბანიზაციის პროცესთან და წარმოადგენს თანამედროვე ურბანული განვითარების ერთ-ერთ ინოვაციურ მიმართულებას. მდგრადი ურბანიზაცია კომპლექსური კონცეფციაა, რომელიც სამ ძირითად განზომილებას მოიცავს: ეკონომიკურს, გარემოსდაცვითს და სოციალურს. ინოვაციური რაიონების განხილვა სწორედ მდგრადი ურბანიზაციის სოციალური განზომილების კონტექსტშია მნიშვნელოვანი, ვინაიდან იგი ეხება ადამიანებს, მათ ცხოვრების ხარისხს, საზოგადოებრივ კეთილდღეობას და ქალაქების ინოვაციურ განვითარებას. ნაშრომში განხილულია ინოვაციური რაიონების არსი, გადმოცემულია დღეისაივის ინოვაციური რაიონების განვითარების ცალკეული მაგალითები. ყურადღებაა გამახვილებული თბილისში მსგავსი ტიპის რაიონების შექმნის პოტენციალსა და მნიშვნელოვნებაზე. მდგრადი ურბანიზაცია კომპლექსური კონცეფციაა, რომელიც სამ ძირითად განზომილებას მოიცავს: ეკონომიკურს, გარემოსდაცვითს და სოციალურს. ხშირად, როდესაც მდგრადობაზე ვსაუბრობთ, აქცენტი კეთდება გარემოსდაცვით (მაგალითად, ნახშირბადის ემისიების შემცირება, მწვანე ენერგია) ან ეკონომიკურ (მაგალითად, ეკონომიკური ზრდა, ეფექტიანობა) ასპექტებზე. თუმცა, მდგრადი ურბანიზაციის სოციალური განზომილება არანაკლებ, თუ არა უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხება ადამიანებს, მათ ცხოვრების ხარისხს, თანასწორობასა და საზოგადოებრივ კეთილდღეობას ქალაქებში. მდგრადი ურბანიზაციის სოციალური განზომილება მოიცავს ისეთი ქალაქების შექმნას, სადაც ყველა მაცხოვრებელი სარგებლობს ცხოვრების მაღალი ხარისხით, თანასწორი შესაძლებლობებით და სამართლიანი წვდომით რესურსებსა და სერვისებზე, განურჩევლად მათი სოციალური, ეკონომიკური თუ დემოგრაფიული სტატუსისა. ეს ნიშნავს, რომ ქალაქის განვითარება უნდა იყოს ინკლუზიური, რაც უზრუნველყოფს, რომ ყველა ჯგუფი ჩართულია ქალაქის ცხოვრებაში და სარგებლობს მისი შეთავაზებებით. ეს ნიშნავს ხელმისაწვდომ საზოგადოებრივ სივრცეებს, ტრანსპორტს და სერვისებს. იგი მოიცავს როგორც ფიზიკურ უსაფრთხოებას (დანაშაულის შემცირება), ასევე სოციალურ უსაფრთხოებას (ბუნებრივი კატასტროფების მიმართ მედეგობა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა). ამავდროულადგულისხმობს ჯანსაღი გარემოს შექმნას, რაც მოიცავს სუფთა ჰაერს, წყალს, გამწვანებულ სივრცეებს, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას და აქტიური ცხოვრების წესის ხელშემწყობ ინფრასტრუქტურას. მოიცავს ხელმისაწვდომ საცხოვრებელს, განათლებას, სამუშაო შესაძლებლობებს და საბაზისო სერვისებს (წყალი, სანიტარია, ელექტროენერგია) ყველა მოქალაქისთვის. აღსანიშნავია აგრეთვე ქალაქების კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება, მრავალფეროვანი კულტურული აქტივობების ხელშეწყობა და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება. მდგრადი ურბანიზაცია მოითხოვს ისეთი პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ საცხოვრებელ ფართებს ყველა შემოსავლის მქონე ოჯახისთვის. პარკები, სკვერები, სათამაშო მოედნები, სპორტული მოედნები – ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სივრცეები სოციალური ინტერაქციის, დასვენებისა და ჯანმრთელობისთვის. ისინი უნდა იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი ქალაქის ყველა უბანში, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ეკონომიკური მდგრადობასთან მიმართებაში - ინოვაციური რაიონები ხელს უწყობენ ქალაქის ეკონომიკის დივერსიფიკაციას, ამცირებენ დამოკიდებულებას ტრადიციულ ინდუსტრიებზე და ქმნიან ახალ, ცოდნაზე დაფუძნებულ სექტორებს. ისინი იზიდავენ და ქმნიან მაღალკვალიფიციურ და მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს (ტექნოლოგიური, სამეცნიერო, კრეატიული), რაც თავისთავად ზრდის ადგილობრივი მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობას და ცხოვრების დონეს. რაიონის არსებობა თავისთავად იზიდავს როგორც შიდა, ისე უცხოურ ინვესტიციებს უძრავ ქონებაში, ტექნოლოგიებში და მასთან დაკავშირებულ სერვისებში. ინოვაციების კონცენტრაცია, კოლაბორაცია და ცოდნის გაცვლა ზრდის კომპანიების პროდუქტიულობასა და კონკურენტუნარიანობას. გარემოსდაცვითი მდგრადობის კონტექსტში - ინოვაციური რაიონები ხშირად ყალიბდება ქალაქის შიგნით არსებული, ადრე დაბინძურებული ან მიტოვებული ინდუსტრიული ტერიტორიების აღორძინებით. ეს ამცირებს ქალაქის ექსპანსიას "მწვანე ველებზე" (greenfield) და ხელს უწყობს არსებული ინფრასტრუქტურის ეფექტურ გამოყენებას. შესაბამისად ნარჩუნდება ბუნებრივი გარემო ქალაქგარეთ და გამოიყენება უკვე ათვისებული ტერიტორიები. მრავალფუნქციური, კომპაქტური დიზაინი და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხით სავალი და ველობილიკებით ხელმისაწვდომობა ამცირებს ავტომობილებზე დამოკიდებულებას, რაც იწვევს საცობების შემცირებას, ჰაერის დაბინძურების კლებას და ნახშირბადის ემისიების შემცირებას. ახალი მშენებლობები ხშირად მოიცავს ენერგოეფექტურ დიზაინს, "ჭკვიან" ტექნოლოგიებს და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას, რაც ამცირებს შენობების ენერგომოხმარებას. წარმატებული ინოვაციური რაიონები დიდ ყურადღებას უთმობენ პარკების, სკვერების, სახურავის ბაღების და სხვა მწვანე ინფრასტრუქტურის შექმნას, რაც აუმჯობესებს ურბანულ ეკოსისტემას, ამცირებს "ქალაქის სითბურ კუნძულს" და ქმნის დასასვენებელ ზონებს. სოციალური მდგრადობასთან მიმართებაში კი - მრავალფუნქციური გარემო, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელს, სამუშაოს, დასვენებასა და კულტურას, ხელს უწყობს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის (ახალგაზრდები, მოხუცები, ოჯახები) თანაარსებობას და ურთიერთობას. მაღალი ხარისხის საჯარო სივრცეები, უკეთესი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ხელმისაწვდომი სერვისები (კაფეები, მაღაზიები, კულტურული ობიექტები) აუმჯობესებს მაცხოვრებლების ყოველდღიურ ცხოვრებას. "შემოქმედებითი შეჯახებები" არ არის მხოლოდ ეკონომიკური ცნობა; ისინი ასევე ხელს უწყობენ სოციალური ქსელების შექმნას, ნდობის გაღრმავებას და საზოგადოებრივი კაპიტალის გაძლიერებას. მწვანე სივრცეების არსებობა და სუფთა ჰაერი ხელს უწყობს ფიზიკურ აქტივობას და ზოგადად, მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ინოვაციური რაიონების არსებობა პირდაპირ კავშირშია ურბანიზაციის პროცესთან და წარმოადგენს თანამედროვე ურბანული განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას. ეს კავშირი მრავალმხრივია. ამავდროულად, მდგრადი ურბანიზაცია თავის მხრივ შესაძლებელია გავნიხილოთ, როგორც ამ ტიპის რაიონების განვითარების კატალიზატორი. ურბანული გარემო თავისი სიმჭიდროვითა და მრავალფეროვნებით ქმნის იდეალურ პირობებს "შემოქმედებითი შეჯახებებისთვის" (creative collisions). როდესაც ნიჭიერი ადამიანები სხვადასხვა სფეროდან (მეცნიერება, ტექნოლოგია, ბიზნესი, ხელოვნება) კონცენტრირებულნი არიან ერთ ადგილას, იდეების გაცვლა და თანამშრომლობა უფრო ხშირად ხდება სპონტანურად. ქალაქებს აქვთ განვითარებული ინფრასტრუქტურა (მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, ტრანსპორტი, კომუნიკაციები) და სერვისები, რომლებიც აუცილებელია ინოვაციური საქმიანობისთვის. ზოგადადაც ინოვაციური რაიონები, შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ურბანული განვითარების მოდელი, რომელიც ხელს უწყობს ქალაქის ინფრასტრუქტურის განახლებას და მიწის ეფექტურ გამოყენებას. ისინი ავითარებენ "Live, Work, Play" კონცეფციას, სადაც ინტეგრირებულია საოფისე, საცხოვრებელი, კულტურული და დასასვენებელი სივრცეები. ტექნოპარკებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად გარეუბნებში მდებარეობს, ინოვაციური რაიონების არსებობა უპირატესობას ანიჭებენ ფეხით სავალ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხელმისაწვდომობას, რაც ხელს უწყობს მდგრად ურბანულ განვითარებას და ამცირებს საცობებსა და დაბინძურებას. ინოვაციური რაიონები მოქმედებენ, როგორც ქალაქების ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა, იზიდავენ ინვესტიციებს, ქმნიან მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და აძლიერებენ ქალაქის კონკურენტუნარიანობას გლობალურ მასშტაბზე. ბევრი ქალაქი, რომელმაც დაკარგა სამრეწველო ბაზა, ინოვაციურ რაიონებს განიხილავს, როგორც ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და ახალ, ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლის საშუალებას. მიუხედავად პოზიტიური ეფექტებისა, ურბანული აღორძინების პროცესს შეიძლება თან ახლდეს ისეთი რისკები, რომელიც უკავშირდება უძრავი ქონების ფასების ზრდას და შედეგად ადგილობრივი, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა იძულებულია დატოვოს რაიონი. თუმცა არსებობს წარმატებული ინოვაციური რაიონების მაგალითები, სადაც ცდილობენ ამ გამოწვევის მოგვარებას ინკლუზიური დაგეგმარებით, მაგალითად, ხელმისაწვდომი საცხოვრებლის ინტეგრირებით. ინოვაციური რაიონები არის ურბანიზაციის ლოგიკური შედეგი და ამავე დროს, მისი მომავლის მოდელი. ისინი წარმოადგენენ ქალაქების სტრატეგიულ პასუხს გლობალურ ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ცვლილებებზე, რაც მიზნად ისახავს ინოვაციების კონცენტრირებას ურბანულ, დინამიურ და მრავალფუნქციურ გარემოში. მსოფლიოში არსებობს რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი ინოვაციური რაიონებისა, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულ პროექტად. მაგალითად: კენდალის მოედანი (Kendall Square), კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, აშშ. იგი ითვლება ინოვაციური რაიონების "ოქროს სტანდარტად". მისი წარმატება განპირობებულია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან (MIT) და ჰარვარდის უნივერსიტეტთან უშუალო სიახლოვით და წარმოადგენს "წამყვანი ინსტიტუტის" მოდელის საუკეთესო მაგალითს. ესაა ტექნოლოგიური, ბიოტექნოლოგიური და ფარმაცევტული კომპანიების უპრეცედენტო კონცენტრაცია, ვენჩურული კაპიტალის ფირმები და სტარტაპები. ისეთი კომპანიებს, როგორიცაა Google, Microsoft, Amgen, Biogen, Novartis, სწორედ აქ აქვთ წარმომადგენლობები. ფაქტობრივად, ეს არის მსოფლიო ცენტრი ამ სფეროებში. 22@ბარსელონა (22@Barcelona), ესპანეთი. წარმოადგენს ურბანული აღორძინების მოდელის მაგალითს. ყოფილი ინდუსტრიული უბანი, პობლენოუ, გარდაიქმნა ცოცხალ, მრავალფუნქციურ ინოვაციურ რაიონად. 22@ბარსელონა-ში აქცენტი გაკეთებულია არა მხოლოდ ტექნოლოგიურ კომპანიებზე, არამედ დიზაინზე, მედიაზე, ენერგეტიკაზე და სხვა ინდუსტრიებზე. მისი წარმატება ეფუძნება ქალაქის ხელისუფლების ძლიერ სტრატეგიულ დაგეგმვასა და ინვესტიციებს, რაც ქმნის როგორც სამუშაო, ისე საცხოვრებელ და სოციალურ სივრცეებს. სტეიშენ F (Station F), პარიზი, საფრანგეთი. მიუხედავად იმისა, რომ Station F თავისთავად არ არის "რაიონი", ის არის ინოვაციური რაიონის მთავარი ბირთვი (anchor) პარიზის მე-13 რაიონში. იგი წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდი სტარტაპ კამპუსს, რომელიც ყოფილ სარკინიგზო დეპოშია განთავსებული. მასში 1,000-ზე მეტი სტარტაპი, ათობით აქსელერატორი და კორპორაციული პროგრამაა განთავსებული (მათ შორის Facebook-ის, Google-ის, Microsoft-ის პროგრამები). მის ირგვლივ სწრაფად ვითარდება მასთან დაკავშირებული ბიზნესები და საცხოვრებელი სივრცეები, რაც მას ინოვაციური რაიონის ნაწილად აქცევს. Knowledge Quarter (KQ), ლონდონი, დიდიბრიტანეთი: მდებარეობს ლონდონის ცენტრში, King's Cross-ის, St. Pancras-ის, Euston-ისა და Bloomsbury-ის მიდამოებში. ეს არის ცოდნისა და ინოვაციების უზარმაზარი კლასტერი, რომელიც აერთიანებს 100-ზე მეტ აკადემიურ, კულტურულ, კვლევით, სამეცნიერო და მედია ორგანიზაციას. აქ განთავსებულია ბრიტანეთის ბიბლიოთეკა, UCL (University College London), Francis Crick Institute, Google-ის შტაბ-ბინა და მრავალი სხვა. KQ უნიკალურია იმით, რომ ის ორიენტირებულია ცოდნის გაცვლასა და მულტიდისციპლინურ თანამშრომლობაზე კვლევის, ხელოვნების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში. ეს არის ინოვაციური რაიონის შესანიშნავი მაგალითი, სადაც არსებული ინსტიტუციები და საჯარო სივრცეები ქმნიან კოლაბორაციულ ეკოსისტემას. HafenCity (ჰაფენსიტი), ჰამბურგი, გერმანია: ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ურბანული განვითარების პროექტი, რომელიც ყოფილ საპორტო ტერიტორიას ქალაქის ცენტრთან აკავშირებს. იგი არ არის მხოლოდ "ინოვაციური რაიონი" ტექნოლოგიური ფოკუსით, არამედ ურბანული ინოვაციების ლაბორატორიაა. აქ ექსპერიმენტები ტარდება მდგრად არქიტექტურაზე, ენერგოეფექტურობაზე, ჭკვიან ტრანსპორტზე და წყალთან ინტეგრირებულ ქალაქურ ცხოვრებაზე. განსაკუთრებულია იმით, რომ აქცენტი კეთდება ურბანული ცხოვრების ხარისხზე, მდგრადობაზე და ინოვაციურ არქიტექტურულ გადაწყვეტილებებზე. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური კომპანიებიც არიან, მთლიანი რაიონი თავად წარმოადგენს ინოვაციას ქალაქგეგმარების კუთხით. Medicon Village (მედიკონვილიჯი), ლუნდი, შვედეთი: მდებარეობს ლუნდის უნივერსიტეტთან და სკონეს საუნივერსიტეტო საავადმყოფოსთან ახლოს. იგი წამყვანი კლასტერია სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების (Life Science) სფეროში, რომელიც აერთიანებს აკადემიურ კვლევებს, ბიზნეს განვითარებასა და ჯანდაცვის მომსახურებას. შეიქმნა AstraZeneca-ს შენობების გარდაქმნით. ის ასევე ჩართულია Medicon Valley-ის ფართომასშტაბიან, სასაზღვრო თანამშრომლობაში დანიასთან. Science City Lyngby (საიენსსიტილინგბი), დანია: კოპენჰაგენის ჩრდილოეთით მდებარეობს დანიის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (DTU) ახლოს. წარმოადგენს ცოდნაზე დაფუძნებული ქალაქს, სადაც განთავსებულია წამყვანი უნივერსიტეტები, ინოვაციური კომპანიები და ინკუბატორები. აღსანიშნავია დანიის ტექნიკურ უნივერსიტეტის, როგორც ძლიერი აკადემიური "წამყვანი ინსტიტუტის" როლი, რომელიც ხელს უწყობს ტექნოლოგიური ინოვაციების კომერციალიზაციას და სტარტაპების განვითარებას. განხილული მაგალითები გვიჩვენებს, რომ არ არსებობს ერთი "უნივერსალური" მოდელი ინოვაციური რაიონისთვის. წარმატებული რაიონები ადაპტირებენ გლობალურ პრინციპებს ადგილობრივ კონტექსტთან, რესურსებთან და სპეციფიკურ ინდუსტრიულ ძლიერ მხარეებთან. თუმცა, ამავდროულად იკვეთება საერთო მახასიათებლები რომლეიც უკავშირდება ძლიერი "წამყვანი ინსტიტუტებს" და კარგად განვითარებულურბანული გარემოს. აღნიშნული ინოვაციური უბნების მახასიათებლებიდან გამომდინარე საინტერესოა თბილისში მსგავსი ტიპის სოციალური პროექტების განვითარების პოტენციალის შესახებ მსჯელობაც. ასეთი ტიპის რაიონები შესაძლოა აღმოჩნდეს მდგრადი ურბანიზაციის სოციალური განზომილების საუკეთესო გამოვლინება. თბილისი, როგორც სწრაფად მზარდი ქალაქი, დგას მრავალი ურბანული გამოწვევის წინაშე, სადაც სოციალური განზომილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თბილისში უძრავი ქონების ფასები მზარდია, რაც ბევრ მოქალაქისათვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და დაბალშემოსავლიან ოჯახებისათვის, საცხოვრებლის შეძენა თუ დაქირავება რთულია. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს ქალაქის სოციალური სეგრეგაცია და გარკვეული ჯგუფების გარეუბნებში განდევნა. თბილისის სატრანსპორტო სისტემა ზედმეტად არის დამოკიდებული კერძო ავტომობილებზე, რაც იწვევს საცობებს, ჰაერის დაბინძურებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკლებ ეფექტურობას. ფეხით მოსიარულეებისა და ველოსიპედისტებისთვის ინფრასტრუქტურა ხშირად არასაკმარისია ან არაუსაფრთხოა. თბილისისთვის მდგრადი ურბანიზაციის სოციალური განზომილების ინტეგრირება გულისხმობს არა მხოლოდ შენობებისა და ინფრასტრუქტურის აშენებას, არამედ ქალაქის, როგორც ცოცხალი, ინკლუზიური და სამართლიანი ორგანიზმის განვითარებას, სადაც ყველა მოქალაქე თავს დაცულად, ღირსეულად და ბედნიერად გრძნობს. ამავდროულად აღსანიშნავია მოსახლეობის ზრდის ტემპის ტენდენციაც თბილისში. დღეს მხოლოდ თბილისში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის, ბათუმის, მოსახლეობა შვიდჯერ ნაკლებია დედაქალაქის მოსახლეობაზე. ქვემოთ მოყვანილი გრაფიკული გამოსახულებაზე მოცემულია საქართველოს რეგიონების მიხედვით ურბანიზაციის დონის მაჩვენებლები. ნახ. #1 წყარო: ურბანიზაციის დონე გაანგარიშებულია ავტორთა მიერ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით. უნდა აღინიშნოს, რომ თბილისს აქვს რამდენიმე მახასიათებელი, რაც შესაძლოა უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს ინოვაციური რაიონის განვითარებისთვის: პირველ რიგში ესაა აკადემიური პოტენციალი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სხვა უმაღლესი სასწავლებლები კვალიფიციურ კადრებსა და კვლევით რესურსებს ფლობენ. ამ უნივერსიტეტების სიახლოვეს მდებარე უბნებს შეუძლიათ "წამყვანი ინსტიტუტების" როლი შეასრულონ, ისევე როგორც MIT კენდალის მოედნისთვის. არსებითი ფაქტორი შესაძლოა აღმოჩნდეს ურბანული აღორძინების შესაძლებლობები, ვინაიდან თბილისში არსებობს მრავალი ყოფილი ინდუსტრიული ან ნაკლებად ათვისებული ურბანული ზონა, რომლებსაც აქვთ უზარმაზარი პოტენციალი ტრანსფორმაციისთვის. ესაა საბჭოთა პერიოდის ქარხნების ტერიტორიები ან ქალაქის ძველი, დაგეგმილი ინფრასტრუქტურის ნაწილები. მათი აღორძინება შექმნის თანამედროვე, მრავალფუნქციურ სივრცეებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ბოლო წლებში თბილისში აქტიურად ვითარდება ტექნოლოგიური და სტარტაპ კულტურა. ჩნდება ახალი ინკუბატორები, აქსელერატორები და თანამედროვე ოფისები, რაც ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს ინოვაციების განვითარებისთვის. საქართველოში უკვე არსებობს ძლიერი IT სექტორი და მზარდი საექსპორტო პოტენციალი. ასევე, თბილისი წარმოადგენს რეგიონის სატრანსპორტო და ეკონომიკური ჰაბს, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას და ნიჭიერი ადამიანების დაინტერესებას მთელი რეგიონიდან. თბილისი ცოცხალი და მრავალფეროვანი ქალაქია, რაც მნიშვნელოვანია ტალანტების მოსაზიდად. ინოვაციური რაიონის შექმნა გააძლიერებს ქალაქის მიმზიდველობას, როგორც საცხოვრებლად და სამუშაოდ კომფორტულ ადგილს. თბილისს ნამდვილად აქვს პოტენციალი, გახდეს რეგიონალური ინოვაციური ჰაბი, მაგრამ ამისათვის საჭიროა სტრატეგიული მიდგომა, გრძელვადიანი დაგეგმვა და კოორდინირებული ძალისხმევა ყველა ძირითადი დაინტერესებული მხარის მხრიდან. თბილისში ინოვაციური უბნების შექმნის პოტენციალი საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია, რადგან ქალაქი თანამედროვე გამოწვევებთან და ტრენდებთან მუდმივად ვითარდება. სხვადასხვა მიმართულებით ქალაქს აქვს შესაძლებლობა შექმნას ინოვაციური ცენტრები, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც ტექნოლოგიურ განვითარებას, ისე ეკონომიკის ზრდას, ახალ სამუშაო ადგილებსა და სოციალური სტაბილურობას. გამოყენებული ლიტერატურა 1. თოთლაძე ლ. ურბანიზაციის შემოსავლების განაწილებაზე ზეგავლენის მოდელირება. საერთაშორისო რეცენზირებადი სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი „ეკონომისტი“, 2023, #2. გვ. 104-112, p ISSN 1987-6890 e ISSN 2346-8432 DOI: 10.36172/EKONOMISTI https://ekonomisti.tsu.ge/uploads/images/ekon2-2023.pdf 2. თოთლაძე ლ. ხუსკივაძე მ. ურბანიზაცია მდგრადი განვითარების მიზნებში. ქალაქების ზომის მოდელირების საკითხისათვის. თსუ 105 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია: „მსოფლიო ეკონომიკა პოსტპანდემიურ პერიოდში: შედეგები და გამოწვევები“, შრომების კრებულში გვ. 126-132, თბილისი 2023, ISBN 978-9941-36-111-1 https://tsu.ge/assets/media/files/7/ekon.%20konf.%20kreb..pdf ; 3. თოთლაძე ლ. ხუსკივაძე მ. მდგრადი ურბანიზაცია და ზიფის კანონი საქართველოს ქალაქებისთვის. V ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია, თბილისი, 2023. კონფერენციის მასალების კრებულში გვ. 205-212, https://doi.org/10.55896/978-9941-8-5764-5/2023-205-212 4. Behrens, Kristian, and Frédéric Robert-Nicoud. (2014). Survival of the fittest in cities: ag-glomeration, polarization, and inequality. The Economic Journal 124: 1371–400. 5. Beladi, Hamid, Chi-Chur Chao, Mong Shan Ee, and Daniel Hollas. (2017). Urban Devel-opment, Excessive Entry of Firms and Wage Inequality in Developing Countries. ADBI Working Paper Series, ADBI Working Paper 653; Tokyo: Asian Development Bank Institute. 6. Bloom, David E., David Canning, Günther Fink, Tarun Khanna, and Patrick Salyer. (2010). Urban Settlement: Data, Measures, and Trends. UNU-WIDER Working Paper. Helsinki: World Institute for Development Economic Research (UNU-WIDER). 7.Brülhart, Marius, and Federica Sbergami. (2009). Agglomeration and growth: cross-country evidence. Journal of Urban Economics 65: 48–63. 8. Gotham, Kevin Fox. (2012). Urbanization. In the Wiley-Blackwell Companion to Sociolo-gy. Edited by G. Ritzer Malden. Hoboken: Wiley-Blackwell, pp. 488–503. 9. Ha, Nguyen Minh, Nguyen Dang Le, and Pham Trung-Kien. (2019). "The Impact of Urbanization on Income Inequality: A Study in Vietnam" Journal of Risk and Financial Management 12, no. 3: 146. https://doi.org/10.3390/jrfm12030146 10. Hardoon, Deborah, Sophia Ayele, and Ricardo Fuentes-Nieva. (2016). An Economy for the 1%. Nairobi: Oxfam. 11. Kanbur, Ravi, and Juzhong Zhuang. (2013). Urbanization and inequality in Asia. Asian Development Review 30: 131–47. 12. Nguyen, Ha Minh, and Le Dang Nguyen. (2018). The relationship between urbanization and economic growth: An empirical study on ASEAN countries. International Journal of Social Economics 45: 316–39. 13. Sagala, Perdamen, Takahiro Akita, and Arief Anshori Yusuf. (2014). Urbanization and expenditure inequality in Indonesia: Testing the Kuznets hypothesis with provincial panel da-ta. Letters in Spatial and Resource Sciences 7: 133–47. 14.Salukvadze J. (2019) Urbanization Trends and Development of Cities in Georgia. Cities of the South Caucasus: a view from Georgia (pp.19-31) DOI:10.2307/j.ctvdf0kf6.4 15. Stiglitz, Joseph. (2009). The global crisis, social protection, and jobs. International Labour Review 148: 1–2. 16. Totladze L., Khuskivadze M. (2022). THE IMPACT OF HUMAN CAPITAL AND IN-NOVATION DETERMINANTS ON ECONOMIC GROWTH: EVIDENCE FROM GEORGIA. International Journal of Business & Management Studies. Volume 03; Issue # 09, 2022. DOI: 10.56734/ijbms.v3n9a; 17. Wu, Dongjie, and Prasada Rao (2017). Urbanization and Income Inequality in China: An Empirical Investigation at Provincial Level. Social Indicators Research 131: 189–214.
|