English / ქართული / русский /
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივი რეგულირების ზოგიერთი ასპექტი საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომი ეძღვნება ისეთ აქტუალურ საკითხს, როგორიცაა სურსათის უსაფრთხოების უზრყნველყოფა და მისი სამართლებრივი რეგულირება. ავტორს განხილული აქვს სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკანონმდებლო საკითხები, როგორც უცხოეთში, კერძოდ ევროკავშირში, ასევე საქართველოში. აქ მითითებულია ყველა ის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც ამათუ იმ ქვეყნის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში ეხმარებიან მათ არსებული პრობლემების მოგვარებაში. როგორიცაა, ეროვნული კანონმდებლობის შემუშავება, შესწორება და განახლება სურსათის კონტროლის და ზედამხედველობის სისტემის სრულყოფა საერთაშორისო სამართლის და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ნაშრომში მითითებულია სურსათის უვნებლობის აღსრულების მექანიზმები (ინსპექტირება აუდუტი, ჯარიმები, სანქციები და სხვ.), რომელთა მიზანია სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების შენარჩუნება.

ავტორი ასკვნის, რომ ნაშრომში „სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივი რეგულირების ზოგიერთი ასპექტი საქართველოში“-დან გამომდინარე მათი რეგულირება არსებული კანონმდებლობის დახვეწის გზით უნდა მოხვდეს, და ეს უდაოდ სახელმწიფოს პრეროგატივაა.

საკვანძო სიტყვები: სასურსათო უსაფრთხოება, სამართლებრივი რეგულირება, უსაფრთხო კვება, კანონი, საერთაშორისო ორგანიზაცია.

გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში იზრდება ყველა ქვეყნის დაინტერესება მონაწილეობა მიიღოს სურსათის მსოფლიო წარმოების პროცესებში. მიმდინარე ტენდენციები, რაც მსოფლიო პროდუქციის წარმოება, გადამუშავება, განაწილებასა და გასაღებაში შეინიშნება, ხელს უწყობს მოთხოვნის გაზრდას უფრო ეფექტიან, კოორდინირებულ და მობილურ სასურსათო უსაფრთხოებაზე ორიენტირებული სისტემის შექმნაზე ნებისმიერ ქვეყანაში.

პირველად ტერმინი „სასურსათო უსაფრთხოება“1970-იან წლებში გაჟღერდა და მას შემდეგ მისი შინაარსი  რამდენჯერმე  შეიცვალა. დღესდღეობით მას  გაერთიანებული ერების  სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO (Food and Agriculture Organization) შემდეგნაირად განმარტავს:

„სასურსათო უსაფრთხოება“ ეს არის ყველა ადამიანის ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწვდომობა აქტიური და ჯანმრთელი ცხოვრების შენარჩუნებისათვის საჭირო     რაოდენობისა და კვებითი ღირებულების მქონე უვნებელ სურსათზე.

სასურსათო უსაფრთხოების პირველადი განმარტება, რომელიც მსოფლიო სასურსათო სამიტზე 1974 წელს იქნა შემუშავებული, მეტწილად სურსათის მიწოდებასა და ფინანსურ ხელმისაწვდომობას უსვამდა ხაზს: „სასურსათო უსაფრთხოება მიღწეულია მაშინ, როდესაც მუდმივად არსებობს საბაზისო სურსათის საკმარისი ხელმისაწვდომობა, რაც უწყვეტ მოხმარებას უზრუნველყოფს და წარმოებისა და ფასების დაბალანსებას უწყობს ხელს”.

სასურსათო უსაფრთხოების საკითხი როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი ქვეყნებისათვის საკმაოდ აქტუალურია. მან უთუოდ შეიძინა საერთაშორისო მნიშვნელობა, რადგან კონკურენტული უპირატესობის მოპოვება ნებისმიერი ქვეყნისათვის თანამედროვე პირობებში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ მსოფლიო ბაზარზე. თუმცა გამართული სასურსათო პოლიტიკის ორგანიზება განსაკუთრებით აქტუალურია შედარებით ნაკლებად განვითარებულ სახელმწიფოებში, რომლებიც განვითარების გარდამავალ ეტაპზე იმყოფებიან და სასურსათო პოლიტიკისა და რეგულირების სრულყოფას საჭიროებენ.

სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის საწარმოო პოტენციალზე აგრარულ სექტორში, აქ მოზიდული ინვესტიციების მოცულობაზე,სათანადო სოციალურ-ეკონომიკურ გარემოებებზე.

სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა უდაოდ ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალურ-ეკონომიკური ამოცანაა. იგი არის გარანტი, რომ ქვეყანაში არსებობს საკმარისი მოცულობის საკვები ჯანსაღი და ჯანმრთელი სიცოცხლისათვის და არსებობს იმის ეკონომიკური შესაძლებლობა, რომ იგი იქნეს ათვისებული, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ თანამედროვე პირობებში არცერთ ქვეყანას არ შეუძლია დამოუკიდებლად და სხვა სახელმწიფოებისაგან იზოლირებულად სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ეროვნული წარმოებით, ამიტომაც იმპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

სასურსათო უსაფრთხოება მოიცავს სურსათის უზრუნველყოფას, სურსათის ხელმისაწვდომობასა და სურსათის მოხმარებას.

სურსათის უზრუნველყოფა სურსათის საკმარისობის იდენტურია, რაც მოსახლეობის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. იგი მოიცავს ეროვნულ წარმოებას, იმპორტსა და დანაზოგებს. სურსათის ხელმისაწვდომობა გულისმობს, რომ ინდივიდს აქვს საკმარისი წვდომა საკვებთან, რადგანაც სასურსათო უსაფრთხოების პრობლემა ხშირად სურსათის ხელმისაწვდომობის არასაკმარისობაში უფრო გამოიხატება, ვიდრე სურსათის არარსებობაში ქვეყანაში. რაც შეეხება სურსათის მოხმარებას, იგი გულისმობს, მოსახლეობის მიერ ბიოლოგიურად ადექვატური და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო კვებითი ღირებულების შემცველი პროდუქციის მოხმარებას.

ყველა ქვეყანაში საკვების წარმოება რეგულირდება კანონებისა და რეგულაციების ერთობლიობით. არსებობენ საერთაშორისო  ორგანიზაციები, მაგ. FAO, რომლებიც მოთხოვნის შემთხვევაში,  ეხმარებიან მთავრობებს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის შემუშავებაში, შესწორებაში ან განახლებაში, ასევე რეგულაციების განხორციელებაში, რათა გაძლიერდეს სურსათის კონტროლისა და ზედამხედველობის სისტემები საერთაშორისო სამართლისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. აგრეთვე ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა Codex Alimentarius Commission, (მოცემული ორგანიზაცია წარმოადგენს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთობლივ კომისიას) უზრუნველყოფენ ძირითად ჩარჩოს, რომლის გამოყენებაც ქვეყნებს შეუძლიათ სურსათის უვნებლობის შესახებ კანონმდებლობის შესამუშავებლად. ეს საერთაშორისო სტანდარტები მოიცავს სხვადასხვა საკითხს, მათ შორის სურსათის ეტიკეტირებას, ჰიგიენურ პრაქტიკას და დამაბინძურებლების დასაშვებ დონეს. მათი დახმარებით ხდება ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოების შესაბამისობაში მოყვანა Codex Alimentarius-ის სტანდარტებთან, სახელმძღვანელო პრინციპებთან, რომლებიც საერთაშორისო დონეზე სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ეტალონს წარმოადგენე. სასურსათო უსაფრთხოება სასურსათო უვნებლობასაც მოიცავს. ჯანსაღი და უვნებელი სურსათის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პრეროგატივაა, რომელმაც კოორდინირებულად უნდა ითანამშრომლოს კერძო სექტორთან და აქტიურად ჩაერთოს წარმოების სრულ პროცესში, რაც გულისხმობს მეწარმეებისათვის კონსულტაციებსა და ინფორმაციულ უზრუნველყოფას სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია მცირე და საშუალო ბიზნების მხარდაჭერა, რომელთა უდიდესი ნაწილი სასურსათო პროდუქციის მწარმოებელია.

სურსათის უვნებლობის ძირითადი კანონები მოიცავს კანონების ფართო სპექტრს, რომლებიც შექმნილია სურსათის უსაფრთხო წარმოების, დისტრიბუციისა და მოხმარების უზრუნველსაყოფად. ეს კანონები ადგენს მინიმალურ სტანდარტებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად და სურსათის მიწოდების მიმართ მომხმარებელთა ნდობის შენარჩუნებას ემსახურება.

სურსათის უვნებლობის აღსრულების მექანიზმები უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის წესების დაცვას. ეს მექანიზმები, როგორც წესი, მოიცავს ინსპექტირებას და აუდიტს, ჯარიმებსა და სანქციებს, ასევე უკან გამოხმობის პროცედურებს, რომლებიც მიზნად ისახავს სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას.

მარეგულირებელი ორგანოები რეგულარულად ატარებენ ინსპექტირებას და აუდიტს სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის სტანდარტებთან შესაბამისობის შესაფასებლად. ეს შეფასებები შეიძლება განხორციელდეს წინასწარი შეტყობინების გარეშე და შეიძლება მოიცავდეს დაწესებულებებში საკვების დამუშავების, შენახვისა და მომზადების ყველა ასპექტს, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების პროტოკოლების დაცვას. დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება ჯარიმები და სანქციები, რაც ხაზს უსვამს სურსათის უვნებლობის შენარჩუნების მნიშვნელობას და ხელს უწყობს ანგარიშვალდებულების ზრდას სურსათის ინდუსტრიის დაინტერესებულ მხარეებს შორის.

სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, შეიძლება ამოქმედდეს უკან გამოხმობის პროცედურები. მარეგულირებლებს შეუძლიათ განახორციელონ დაბინძურებული ან არასწორად ეტიკეტირებული საკვები პროდუქტების უკან გამოხმობა მომხმარებლების დასაცავად. ეს მექანიზმები ერთობლივად უზრუნველყოფენ სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის სტანდარტების დაცვას, რაც , თავის მხრივ, ამცირებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის რისკებს.

სასურსათო უსაფრთხოების ცოდნის და გამოცდილების გაღრმავების აუცილებლობა საქართველოსათვისაც პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს, ამ მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოელი ექსპერტების კონსულტაციები და განსაკუთრებით ევროკავშირის გამოცდილების გაზიარება საკმაოდ მნიშვნელოვანია.

სასურსათო უსაფრთხოების ერთიანი საკანონმდებლო სისტემის შექმნაში სახელმწიფოს პრიორიტეტული ადგილი უჭირავს. სხვადასხვა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქვეყნის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სწორი რეფორმების გატარება და შესაბამისი საკანონმდებლო გარემოს ჩამოყალიბება. კანონმდებლობის სრულყოფა ევრორეგულაციების და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად ჩვენი ქვეყნისათვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს. ამასთანავე, უნდა შეიქმნას სასურსათო უსაფრთხოების მართვის ერთიანი სისტემა, რომელიც მოიცავს ყველა აუცილებელ კომპონენტს, რაც ემსახურება  მაკროეკონომიკური ზრდის   უზრუნველყოფას   და   საბაზრო   პრინციპების   სრულყოფილად განხორციელებას და  დიდად   განსაზღვრავს   სასურსათო   უსაფრთხოების საერთო   მდგომარეობას   ქვეყანაში. 

 სწორე საერთაშორისო და ევროკავშირის გამოცდილებით შეიქმნა საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების მარეგულირებელი თანამედროვე და ეფექტიანი სამსახური, სურსათის ეროვნული სააგენტო (MES). მოცემული სამსახური შეაფასებს სასურსათო უსაფრთხოების შესახებ არსებულ მდგომარეობას და წარმოადგენს შესაბამის რეკომენდაციებს. აღნიშნული სააგენტო თავის საქმიანობაში პრიორიტეტს სასურსათო რისკების ანალიზს მიანიჭებს, რომელიც ევროკავშირის ერთიან მიდგომას, სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შეფასებას, მართვასა და კომუნიკაციას გულისხმობს, რაც მრავალმხრივი ანალიზის განხორციელების საშუალებას იძლევა. საზოგადოდ, ქვეყანაში უნდა შეიქმნას რისკების ანალიზის ტრადიცია. რისკების შეფასება სასურსათო უსაფრთხოების მართვის პროცესში უმთავრეს საძირკველს წარმოადგენს, რაც ობიეტურ და სამართლიან შეფასებას უნდა ეფუძნებოდეს, ამასთანავე რისკების მართვის ფუნქციების გადანაწილება სისტემის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და ინტერესთა კონფლიქტების თავიდან აცილებას უწყობს ხელს. რისკების იდენტიფიკაცია დაფუძნებულია ობიექტურ, დამოუკიდებელ შეფასებებზე, ხოლო რისკების მართვა, მათი კომუნიკაცია და გავრცელება უკვე სახელმწიფოს პრეროგატივა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების საგანია. იგი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით ფუნქციონირებს.

ქვეყანაში აუცილებლად უნდა ფუნქციონირებდეს სასურსათო უსაფრთხოების მარეგულირებელი კანონი, რომელიც შეეხება როგორც აღნიშნული სამსახურის საქმიანობას, ასევე განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებებსა და უფლებებს ამ საკითხის რეგულირებაში. საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სახელმწიფომ უნდა დანერგოს პოლიტიკა, თუმცა მისი აღსრულება და განხორციელება კერძო და არასამთავრობო სექტორისათვისაცაა ხელმისაწვდომი. საქართველოში კანონი სასურსათო უვნებლობის შესახებ  2006 წელს იქნა მიღებული, რამდენჯერმე იქნა მოდიფიცირებული და შეცვლილი სახით საბოლოოდ მისი ამოქმედება 2015 წლიდან მოხდა. 2012 საქართველოს პარლამენტში მიღებული იქნა კანონი სახელწოდებით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, რომელიც ძალაში შევიდა 2012 წლის 25  მაისიდან. საქართველოში ამავე წელს მიღებულ იქნა და ფუნქციონირებს: „ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი“, სადაც არაერთი ცვლილება იქნა შესული და ბოლო ოფიციალური რედაქცია 2024 წლით თარიღდება.

სასურსათო უსაფრთხოების მიღწევა საქართველოში ეკონომიკური ზრდის პირობებშია შესაძლებელია. როდესაც ვსაუბრობთ სურსათის მოხმარებასა და მიღებული საკვების შემადგენლობის ხარისხზე, აღნიშნული საკითხები ქვეყანაში შემოსავლების ზრდისა და სიღარიბის დაძლევით შეიძლება აღმოიფხვრას. ჩვენთან ბოლო წლებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის პირობებში აუცილებელია ყურადღება დაეთმოს ქვეყნის ჩართულობას საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში. ამასთანავე, საერთაშორისო რეგულირებები სასურსათო უვნებლობისა და უსაფრთხოების დარგში. ქვეყნის სასურსათო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ ამოცანას უნდა წარმოადგენდეს.

დაბოლოს, საზოგადოების აქტიური ჩართულობა სასურსათო უსაფრთხოების მიღწევაში თანამედროვე პირობებში საკმაოდ აქტუალურია, სახელმწიფომ, კერძო და არასამთავრობო სექტორმა კოორდინირებულად უნდა ითანამშრომლონ მდგომარეობის გაუმჯობესების მცდელობით, რადგანაც სასურსათო უსაფრთხოება თავისი არსით სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას იძენს, მისი უზრუნველყოფა ქვეყნის საერთაშორისო ბაზარზე და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩართულობას უზრუნველყოფს, რაც ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1.  ასათიანი, ს. (2022). სასურსათოუსაფრთხოებისპოლიტიკადარეგულირებასაქართველოში [სადოქტორო დისერტაციის რეფერატი]. International Black Sea University. https://ibsu.edu.ge/wp-content/uploads/2022/05/Asatiana_georgian-abstract.pdf
  2.   Digicomply. (2022, March 15). What are food safety regulations. https://www.digicomply.com/blog/what-are-food-safety-regulations
  3.   Food and Agriculture Organization of the United Nations (FAO). (n.d.). Food laws & regulations. https://www.fao.org/food-safety/food-control-systems/policy-and-legal-frameworks/food-laws-and-regulations/en/
  4.  4-Check. (2021, October 7). Food safety regulations and laws. https://4-check.com/blog/food-safety-regulations-and-laws/
  5.  Laws Learned. (2023, February 12). Ensuring compliance: Understanding food safety law standards. https://lawslearned.com/food-safety-law-standards/
  6.  საქართველოს პარლამენტი. (2015). სასურსათოპროდუქტისუსაფრთხოებისშესახებკანონი [კანონი №1659419]. საკანონმდებლო მაცნე. https://matsne.gov.ge/ka/document/view/1659419?publication=39
  7.  Ivannikov, N. S. (2019). Food safety regulations in the Eurasian region. International Relations Journal, (5), 72–80. https://internrelat.spbstu.ru/userfiles/files/5_-N_S_-Ivannikov-72-80.pdf
  8. Euronews Georgia. (2024, April 24). მსოფლიოში შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 24 მილიონით გაიზარდა. https://euronewsgeorgia.com/2024/04/24/ msoflioshi-shimshilis-zgvarze-mkofi-adamianebis-raodneoba- gasul-tseltan-shedarebis-24-milionit-gaizarda/