![]() ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
![]() |
|
|
∘ სალომე სილაგაძე ∘ ქართული მიგრაციის დინამიკა და ნეგატიური შედეგების ასპექტები ანოტაცია. მიგრაციის უარყოფითი ტენდენციების შესწავლა აქტიურად ექცევა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ქვეშ. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ემიგრაცია ქართული ეკონომიკის სტაბილური ტენდენცია გახდა, რომელიც ახდენს ზეგავლენას როგორც ეკონომიკურ ასევე, სოციალურ განვითარებაზე. საერთაშორისო ინსტიტუტების დაკვირვების შედეგად, მიუხედავად დადებითი მხარეებისა, მიგრაცია ნაციონალურ ეკონომიკასა და საზოგადოებას არაერთი გამოწვევების წინაშე აყენებს. მაშასადმე, აქტუალურ საკითხზე დაფუძნებული ნაშრომი განიხილავს ქართული მიგრაციისთვის დამახასიათებელ ტენდენციებს, მიგრაციის უარყოფით მხარეებს და აანალიზებს იმ ზოგიერთ სოციო-ეკონომიკურ ასპექტსა და საფრთხეს, რომლებიც თან სდევს სამუშაო ძალის ქვეყნიდან გადინებას, როგორიცაა ინოვაციების განვითარება, ტვინთა გადინება, შრომის ბაზრის შემცირება და სხვა. საკვანძო სიტყვები: მიგრაცია, საერთაშორისო ეკონომიკა, ინოვაცია , ტვინთა გადინება; შესავალი მიგრაცია დემოგრაფიული და ეკონომიკური ცვლილებების მნიშვნელოვანი წყაროა გლობალურად [OECD, 2020]. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოდან მოქალაქეების მიგრაციის მდგრადი ტენდენცია შეინიშნება, რომელიც მაღალი ტვინთა გადინებით ხასიათთდება [CRRC, 2007]. ისევე, როგორც სხვა სახელმწიფოების მაგალითზე, საქართველოდან ემიგრაციის მზარდ ტენდენციებს განსაზღვრავს ადგილობრივი მოსახლეობის რეაგირება ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ დისბალანსზე [World Bank, 2023]. ეკონომიკურმა გამოწვევებმა პოლიტიკურ არასტაბილურობასთან ერთად (მაგ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და ევროკავშირში გაწევრიანების ბოლოდროინდელმა დაბრკოლებებმა), საქართველოს მოქალაქეების მზარდ რაოდენობას მისცა მოტივაცია, რომ სახელმწიფო დაეტოვებინათ. მიუხედავად, იმისა, რომ მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ფულადი გზავნილების მოკლევადიანი ეკონომიკური სარგებლიანია, მიგრაციას აქვს მნიშვნელოვანი, გრძელვადიანი ნეგატიური გავლენა ადამიანური კაპიტალსა და ინოვაციების განვითარების შემცირებაზე, რაც საბოლოო ჯამში მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე [OECD, 2022; World Bank, 2023]. ინოვაციების განვითარება ეკონომიკური კონკურენტული უპირატესობის წინაპირობაა. შესაბამისად, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე ნაშრომში განხილულია, ქართული ემიგრაციის ზოგიერთი ტენდენციები და ემიგრაციის უარყოფითი მოქმედება ისეთ ეკონომიკურ ასპექტზე როგორიცაა მაგ. ინოვაციების განვითარება და სხვა. კვლევაში გამოყენებული და გაანალიზებულია სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტისა და მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული უახლესი ნაშრომები, ანგარიშები და სტატისტიკური ინფორმაცია. ქართული მიგრაციის ზოგიერთი ტენდენცია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველომ განიცადა მნიშვნელოვანი მიგრაციული ცვლილებები, რომლებმაც გავლენა მოახდინეს ქვეყნის დემოგრაფიულ სტრუქტურასა და ეკონომიკურ განვითარებაზე. თავდაპირველად კონფლიქტითა და ეკონომიკური პრობლემებით გამოწვეული მიგრაცია საქართველოს ეკონომიკისა და საზოგადოების სტრუქტურულ მახასიათებლად იქცა (იხილეთ: ნახაზი 1). კვლევების მიხედვით, ქართული ოჯახების 10%-ს მაინც ჰყავს ერთი ემიგრანტი ოჯახის წევრი, რომელიც ფინანსურად ამარაგებს ოჯახს უცხოეთიდან [Badurashvili, 2005; Dershem & Khoperia, 2004; ]. ნახაზი 1: ქართველიემიგრანტებისრაოდენობა, 2002- 2024 წ. წყარო: Geostat, 2024 წ. საქსტატის 2024 წლის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან წასული ემიგრანტების რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს- 245,064 მიაღწია, ხოლო 2024 წელს კი სახელმწიფო 121,425-მა ემიგრანტმა დატოვა, რაც 20 პროცენტით მეტია ბოლო 22 წლის მიგრაციის საშუალო მაჩვენებელზე [Geostat, 2024]. აღსაღნიშნავია, რომ 2019 წელს OECD-ს მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით 2010-2019 წლებში გამოკითხული საქართველოს მოქალაქეების 50%-მა გამოთქვა დროებითი მიგრაციის სურვილი, მაშინ როდესაც, გამოკითხულთა 18% კი მუდმივ მიგრაციას განიხილავდა. აღნიშნული მონაცემები აღემატება კავკასიისა და ცენტრალური აზიის შერჩეული/ გამოკითხული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს [OECD, 2022]. დროთა განმავლობაში იცვლება ქართველი ემიგრანტის “პროფილიც”. კონკრეტულად, საქართველოდან მზარდი რაოდენობის 15-39 წლის საშუალოზე მაღალი განათლების მქონე ახალგაზრდები ხდებიან ემიგრანტები [Prague Process, 2023]. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ასევე, იმატებს ქალი ემიგრანტების რაოდენობაც. 2024 წელს 48,643-მა ქალმა დატოვა საქართველოს ტერიტორია ემიგრაციის მიზნით, მაშინ, როდესაც აღნიშნული მონაცემი 36,846-ს უტოლდებოდა 2014 წელს. თუმცა, ქალი ემიგრანტების წილი 2024 წელს სტაბილური დარჩა - 40.06% (2014 წელს - 41.53%) [Geostat, 2024]. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ქართველი მიდის საზღვარგარეთ სასწავლებლად. მიგრაციის კომისიის 2017 წლის კვლევით დადგინდა, რომ საქართველოდან წასულ მიგრანტებს შორის 11%-ს ბაკალავრის, 7%-ს მაგისტრის ხარისხი, ხოლო 22%-ს ხუთწლიანი უმაღლესი განათლება (სპეციალისტის დიპლომი) აქვთ მიღებული [მიგრაციის კომისია, 2017]. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ მიგრანტთა დაახლოებით 40% შესაძლებელია, რომ ინტელექტუალ მიგრანტად მოვიაზროთ [სილაგაძე, 2020]. მიგრაციის ნეგატიური ასპექტები 1.ტვინთა გადინება და სამუშაო ძალის შემცირება განათლებული ადამიანების მიგრაცია ამცირებს, როგორც ადგილობრივად ხელმისაწვდომი კვალიფიციური სამუშაო ძალის რაოდენობას, ასევე ამ ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების ალბათობასაც [Haque & Kim, 1995]. შედეგად, შრომის ბაზარზე დარჩენილი კადრები ნაკლებად კვალიფიცირებულნი არიან და ვერ უზრუნველყოფენ ქვეყნის მაღალი პროდუქტიულობის დონეს [Ozden, Docquier, & Peri, 2013]. ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის (CESEE) ქვეყნების 1995–2012 წლების მონაცემები გვაჩვენებს, რომ ემიგრაციას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს შრომის ბაზარზე და ამცირებს ქვეყანაში დარჩენილი სამუშაო ძალის პროდუქტიულობას. კვლევების მიხედვით, ემიგრაციის გავლენის გარეშე, აღნიშნულ პერიოდში აღნიშნულ სახელმწიფოებში შრომის ჯამური რეალური პროდუქტიულობა, სავარაუდოდ, მინიმუმ 6%-ით, ხოლო მთლიან შრომით რესურსის ზრდა კი დაახლოებით 2.5%-ზე მეტი უნდა ყოფილიყო [IMF, 2015]. ასევე, მიუხედავად, არსებული მოსაზრებისა, რომ მიგრაცია ხელს უწყობს ემიგრანტების გამგზავნ ქვეყნებში უმუშევრობის დონის შემცირებას [Hazans & Philips, 2011; Davis, Hart, 2010; Priimatchenko, Fregert, Anderson, 2011; Zaiceva, 2014], საქართველოს მონაცემების მიხედვით აღნიშნული შეხედულება არ შეესაბამება სიმართლეს(ნახაზი 2). შესაბამისად, არც დასაქმებულთა რაოდენობის კლებით ხდება შესაძლებელი დამატებითი ეკონომიკური ღირებულებების შექმნა. ნახაზი 2: დაუსაქმებელთა და უმუშევართა რაოდენობა, 2002-2024 წ. წყარო: GeoStat, 2024. 2 კვალიფიციური კადრების შემცირება, ინოვაციების განვითარების შენელება და ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა მიგრაციის შედეგად წარმოიშვება კვალიფიციური კადრების დეფიციტი, რაც დამსაქმებლებს ართმევს შესაძლებლობას, რომ მოიძიონ შესაბამისი მუშახელი და შესაბამისად, განავითარონ სხვადასხვა ინოვაციები. კვალიფიციური მუშახელის ემიგრაცია მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, როგორც სახელმწიფოსთვის ასევე, კერძო ბიზნესისთვისაც რადგან ტვინთა გადინება შრომის ბაზრის მუდმივ შემცირებას იწვევს [Lomitashvili, 2024]. იმ შემთხვევაში თუ განათლებული ადამიანების დიდი ნაწილი დატოვებს სამშობლოს, მას ეკონომიკური კონკურენტული უპირატესობაც დაეკარგება, რადგან ქვეყანაში შენელდება ან საერთოდ შეჩერდება ტექნოლოგიების განვითარება და ინოვაციური პროდუქტების შექმნა, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკას და მოქალაქეთა კეთილდღეობას დააზარალებს [IMF, 2007]. ინოვაცია კონკურენტული უპირატესობის, ინდუსტრიული ცვლილებებისა და ეკონომიკური ზრდის მთავარ წყაროდ მიიჩნევა. ლავი და როპერი ინოვაციას ქვეყნებისა და რეგიონების განვითარების გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევენ [Love & Roper, 1999], ხოლო პოტერსის თანახმად, თანამედროვე რეალობაში ინოვაცია მნიშვნელოვანია, რადგან ის ქმნის ბიზნესის ღირებულებას. ლავი და როპერის კვლევის მიხედვით ინოვაციის განვითარების სამი შესაძლო გზა არსებობს: კვლევა და განვითარებაში ინვესტიცია, ტექნოლოგიების გადაცემა და სოციალური კავშირები/ პარტნიორობა [Potters, 2009]. რადგან ეკონომიკური განვითარება გარკვეულწილად ინოვაციებზეა დამოკიდებული, მნიშვნველოვანია დავაკვირდეთ თუ რა გავლენას ახდენს ემიგრაცია ინოვაციის განვითარებაზე მიმღებ ქვეყნებზე. ბოლოდროინდელი კვლევებით დასტურდება, რომ გამომგონებლების მიგრაციისას იზრდება მათი საშუალო პროდუქტიულობის დონე [Capoani, Chabert, & Izzo, 2024]. ემიგრანტების ინოვაციების განვითარებაზე გავლენის შესაფასებლად 2005-2007 წლებში ლონდონში ჩატარდა კვლევა, რომელშიც 7,600 ინგლისურმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ემიგრანტებს განსაკუთრებულად დადებითი ეფექტი აქვთ ახალი პროდუქრების დანერგვასა და კომერციალიზაციაზე, მათი ხელშეწყობით იზრდება კომპანიების წვდომა საერთაშორისო ბაზრებზეც [Nathan & Lee, 2013] გარდა აღნიშნული კვლევისა, Nijkamp & Poot-ის სტატიის მიხედვით კულტურული მრავალფეროვნება ახალი იდეებისა და ინოვაციების გენერირების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს. მიგრანტები ზრდიან ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას დასაქმების ადგილსა და მიმღებ ქვეყანებში, რაც დადებით და სტატისტიკურად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მაგ. პატენტების განაცხადების რაოდენობაზე. კულტურულ მრავალფეროვნება ასევე, ახალი იდეებისა და ინოვაციების გენერირების ერთ-ერთ წყაროა. საერთაშორისო მიგრანტები ზრდიან ეთნიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას, რაც დადებით და სტატისტიკურად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პატენტის განაცხადებზე [Ozgen, Nijkamp, & Poot, 2012]. 2022 წელს საქართველოს კვლევასა და განვითარებაზე დანახარჯებმა კი სახელმწიფოს მშპ-ს 0.23% შეადგინა, რაც ნაკლებია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე - 2.28% [World Bank, 2024]. დასკვნა ევროკავშირის კვლევის თანახმად, საქართველოში სამუშაო ძალის დეფიციტი- ბიზნესის გაფართოების ერთ-ერთი მთავარი ბარიერია. კონკრეტულად, სახელმწიფოში მიგრაციის შედეგად არარეალიზებული შემოსავალი დაახლოებით 55.6 მილიარ დილარს უტოლდება, ხოლო ყოველწლიურად დაახლოებით კი- 21.2 მილიარდი ლარის დამატებითი ღირებულების დეფიციტია [Prague Process, 2024]. ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოდან ემიგრაციამ გავლენა მოახდინა სახელმწიფოს როგორც სოციალურ ასევე, ეკონომიკურ ასპექტებზე. მზარდი ემიგრანტების რაოდენობა ზრდის მიგრაციის ისეთი ნეგატიური გამოწვევების ეფექტს, როგორიცაა: ტვინთა გადინება, ინოვაციების განვითარების შენელება, კვალიფიციური კადრების დეფიციტი და ა.შ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გამოკვლეული თუ როგორ შეიძლება აღნიშნული წინაღობები შემცირდეს სახელმწიფო დონეზე. დამატებით უნდა შესწავლილი იყო დაბრუნებული მიგრაციის გრძელვადიანი ეფექტები და არსებული დიასპორის როლის გაზრდა ინოვაციების განვითარების ხელშეწყობაში გამოყენებული ლიტერატურა
|