![]() ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
![]() |
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
∘ დავით ჭელიძე ∘ ეროვნული ვალუტის ოცდაათწლიანი ისტორიის მნიშვნელოვანი ტენდენციები და არსებული სირთულეების დაძლევის ზოგიერთი მიმართულება ანოტაცია. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ მიღებული, ეროვნული ბანკის სამივე (1991 წლის 2 აგვისტო; 1995 წლის 23 ივნისი; 2009 წლის 24 სექტემბერი) კანონის მნიშვნელოვანი დებულებების, მათი ცვლილებებისა და უკანასკნელი წლების ინფლაციის მაჩვენებელების ანალიზზე დაყრდნობით წარმოდგენილია მოსაზრება: წლიური ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლის, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე გადამეტების შემთხვევებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის მარეგულრებელი საკანონმდებლო ნორმების აღდგენის თაობაზე. შემოთავაზებულია ავტორისეული ხედვა ლარის მიმოქცევის არეალისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შერჩევის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების სრულყოფის შესახებ. საკვანძო სიტყვები: ლარის ოცდაათი წელი, ინფლაციის რეგულირება. შესავალი „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 23 ივნისის კანონში ამავე წლის 19 სექტემბერს შეტანილი შესწორებების შედეგად საქართველოში ფულის ერთეულად ლარი გამოცხადდა. აღნიშნულიდან თორმეტი დღის შემდგომ, კერძოდ 1995 წლის 2 ოქტომბერს ლარი მიმოქცევაში იქნა გაშვებული და ამვე დღიდან იგი ქვეყნის ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად იქნა მიჩნეული. არსებობის ოცდაათწიანი ისტორიის მანძილზე, სამწუხაროდ ლარი სრულად ვერასდროს ასრულებდა ვერც თანამედრივე ეკონომიკური თეორიით აღიარებულ სამ (გაცვლის (გადახდის) საშუალება, ღირებულების საზომი და დაგროვების საშუალება) (Economics: Principles, problems, and Policies Campbell R. McConnell, Stanley Brue, Sean M. Flynn 2021, p.630) და ვერც მარქსისტული პოლიტიკური ეკონომიით განსაზღვრულ ხუთ (ღირებულების საზომი; მიმოქცევის საშუალება; დაგროვების საშუალება; გადახდის საშუალება; მსოფლიო ფული) (Марксистская политическая экономия Функции денег) ფუნქციას. საქმე ისაა, რომ მიმოქცევის არხებში მოხვედრიდან დღემდე ლარი როგორც წესი ვერ ასრულებდა ხანგრძლივი მოხმარებისა და ძვირადღირებული საქონლის (ბინები, ავტომობილები და სხვა) ღირებულების საზომის ფუნქციას. აქედან გამომდინარე პრაქტიკულად არასდროს გამოიყენებოდა ამ კატეგორიის საქონლის საფასურის გადახდის (გაცვლის) საშუალებად. აღნიშნულს ადასტურებს ძვირადღირებული და ხანგრძლივი მოხმარების საგნების ფასის შესახებ განცხადებებში წლების მანძილზე დამკვიდრებული ფრაზები: „აშშ დოლარის ეკვივალენტი“, „პირობითი ერთეული“ და სხვა. ზემოაღნიშნული პარალელურად თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ლარი ცალკეული გამონაკლისების გარდა პრაქტიკულად არასდროს გამოიყენებოდა არც დაგროვების და არც მიმოქცევის სრულფასოვან საშუალებად, ხოლო მსოფლიო ფულის სახით მის გამოყენებაზე ფიქრიც კი სცდება ჯანსაღი განსჯის არეალს, სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ ლარის (ისევე როგორც თითქმის ყველა ვალუტის) სახელმწიფოებრივი მხარდაჭრის აუცილებლობა ქვეყნის ეკონომიკის მართვა-რეგულირების ერთ-ერთ ნიშვნელოვან მიმართულებად უნდა იქნეს მიჩნეული. ძირითადი ტექსტი როგორც ცნობილია ნებისმიერი, მათ შორის ეკონომიკური, პროცესის მხარდაჭერის ქმედითი მექანიზმის შემუშავება-ამოქმედებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა, მოსალოდნელი რისკების (პრობლემების) გამოვლენის სიხშირისა და ამ მოვლენებით გამოწვეული სავარაუდო ზიანის კომპლექსურ შეფასებას ენიჭება. ამდენად (რისკების გამოვლენის სიხშირისა და მათ მიერ გამოწვეული სავარაუდო ზიანის სიმძიმის გათვალისწინებით) აბსოლუტურად ცხადია ეროვნული ვალუტის სიმტკიცისა და ქვეყნის ეკონომიკის გამართული ფუნქციონირებისათვის რაოდენ მნიშვნელოვანია ლარის ინფლაციის მაღალი ტემპიდან დაცვის მექანიზმის შემუშავებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ ეროვნული ბანკის შესახებ დამოუკიდებელი საქართველოს სამივე (1991 წლის 2 აგვისტო; 1995 წლის 23 ივნისი; 2009 წლის 24 სექტემბრი) კანონის ტექსტში ეროვნული ბანკის ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციად ლარის სიმტკიცის უზრუნველყოფა სახელდება. (იხ. ცხრილი #1) ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს კანონების პირველად რედაქციებში დაფიქსირებული ანტიინფლაციური დებულებები ცხრილი #1
აღნიშნულის პარალელურად თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ნებისმიერი ვალუტის სიმტკიცე თავისთავად გულისხმობს მისი ინფლაციის მაღალი ტემპიდან დაცვას, მნიშვნელოვან პრობლემად უნდა მივიჩნიოთ, „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს 1991 წლის 2 აგვისტოს კანონის როგორც პირველად, ისე 1993 წლის 10 ივნისს შეტანილი შესწორების ტექსტში, აგრეთვე „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონი“-სსახელწოდების, საქართველოს 1995 წლის 23 ივნისის კანონის პირველად რეადაქციაში, ინფლაციის შესახებ ჩანაწერის არ არსებობა. მით უმეტეს იმ პერიოდისთვის მოქმედი ეროვნული ვალუტის წინამორბედის-კუპონის ინფლაციის მასშტაბების გათვალისწინებით. დამოუკიდებლი საქართველოს საბანკო კანონმდებლობაში ტერმინი ინფლაცია პირველად „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონი“-ის სახელწოდების, საქართველოს 1995 წლის 23 ივნისის კანონის ტექსტში, 1996 წლის 28 მაისს შეტანილ შესწორებაში დაფიქსირდა. კერძოდ, აღნიშნული შესწორების 69-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების ახალი რედაქციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს ყოველი საფინანსო წლის დაწყებამდე, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულების დოკუმენტის მიღება და მასში წლიური ინფლაციის მაჩვენებელის განსაზღვრა დაევალა. აღნიშნული უდაოდ პროგრესულ ნაბიჯს წარმოადგენდა, თუმცა ამავე საკანონმდევლო ცვლილების მე-2 მუხლით, ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანებად „ეროვნულ ვალუტის მსყიდველობითი უნარისა“ და „ფასების სტაბილურობის“ დეკლარირება, ჩვენი აზრით კანონის ტექსტში აღნიშნული ტერმინებისა და „ინფლაციის“ განმარტებების აუცილებლობას განაპირობებდა. ინფლაციისა და მისი მართვის პროცესის საკანონმდებლო რეგულირების ისტორიული ტრანსფორმირების თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის ორგანული კანონის ტექსტში „2008 წლის 14 მარტს შეტანილი შესწორებები საჭიროებენ. საქმე ისაა, რომ აღნიშნული ცვლილებების შედეგად კანონში ასახვა ჰპოვა ისეთმა მნიშვნელოვანმა ეკონომიკურმა კატეგორიებმა როგორებიცაა: „ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი“, „სამომხმარებლო ფასების ინდექსი“ და „საშულო წლიური ინფლაცია“. (ჭელიძე დ., ჭელიძე ლ., 2021, გვ. 23.; 24) აღნიშნულის პარალელურად ასევე განსკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს „ამავე საკანონმდებლო ცვლილების, კერძოდ კანონის მე-4 მუხლის, მე-3 და მე-4 პუნქტების ის უაღესად მნიშვნელოვანი დებულებები რომელთა თანახმადაც“ (ჭელიძე დ., ჭელიძე ლ., 2021, გვ. 23.; 24) „ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი“, წლიური ინფლაციის მაქსიმალურ-ზღვრულ პარამეტრად, ხოლო მასზე პასუხისმგებლობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პრეროგატივად იქნა მიჩნეული. ინფლაციის მართვა-რეგულირების პროცესის სათანადოდ წარმართვისათვის წლიური ინფლაციის მაჩვენებლის მაქსიმალურად დასაშვებ პარამეტრად მიჩნევა, ხოლო მის უზრუნველყოფაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის შემოღება, ჩვენი აზრით უაღრესად პოზიტიურ მოვლენას წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე მეტად საკამათოდ უნდა მივიჩნიოთ ამ დებულებების გაუქმების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ 2009 წლის 24 სექტემბრის ორგანული კანონით გათვალისწინებული შესწორებების მიღება. საქმე ისაა, რომ აღნიშნული შესწორებებით გაუქმებული იქნა წლიური ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლის, პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრული-ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმები. რაც რიგ სხვა საშინაო და საგარეო ფაქტორებთან ერთობლიობაში, ჩვენი აზრით ცხრილი#2-ით წარმოდგენილი არასასურველი ტენდენციების მასტიმულირებელ ფაქტორადაც შეიძლება იქნეს მიჩნეული. როგორც ცხრილი#2-ით წარმოდგენილი მონაცემებიდან ვრწმუნდებით უკანასკნელი ათი (2015=2024) წლის განმავლობაში, ქვეყანაში არსებულმა ინფლაციის ფაქტობრივმა მაჩვენებლმა ხუთჯერ (ყოველ მეორე წელს) გადააჭარბა საქართველოს პარლემენტის, შესაბამისი წლების დადგენილებით განსაზღვრულ მიზნობრივ პარამეტრს. ხოლო ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საშუალოვადიანი (სამი წელი) პერიოდის მიხედვით გაანგარიშებული ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლი რვაჯერ (2017-2024 წწ.) აღემატებოდა პარლამენტის დადგენილებით, შესაბამისი წლისთვის განსაზღვრულ პარამეტრს. ინფლაციის მიზნობრივი და ფაქტობრივი მაჩვენებლების დინამიკა ცხრილი #2
შექმნილი სიტუაცია ჩვენი აზრით ცალსახად ადასტურებს ფატობრივი ინფლაციის წლიური და/ან საშუალოვადიანი პერიოდის მიხედვით გაანგარიშებული მაჩვენებლის, ქვეყნის პარალამენტის დადგენილებით განსაზღვრულ სიდიდეზე გადამეტების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმის აღდგენა-ამოქმედების აუცილებლობას. აღნიშნულის აქტუალობას მნიშვნელოვნად ზრდის უკანასკნელი წლების (2015-2024 წწ.)* განმავლობაში მიმოქცევის არხებში არსებული М2 ფულის აგრეგატის 386,0% პროცენტული ერთეულით ზრდის პირობებში, მთლიანი შიდა პროდუქტის ბევრად დაბალი, მხოლოდ 264,1% პროცენტული ერთულით ზრდისა და ამით განპირობებული ეკონომიკის მონეტიზების (М2 ფულის მასის თანფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან) მაჩვენებლის 14,0% პროცენტული ერთულით ზრდის ფაქტის არსებობა. (იხ. ცხრილი#3). ქვეყნის ეკონომიკის მონეტიზების (მარშალის კოეფიციენტი) მაჩვენებლის კონტროლირებადი ზრდის პროცესის, ზოგადად ეკონმიკისათვის პოზიტიურ მოვლენად მიჩნევის მიუხედავად, აღნიშნული ტენდენციის პირველი (ფულის მასის ზრდის, წარმოების ზრდის მაჩვენებელზე გადამეტების) ეტაპისათვის დამახასიათებელი ინფლაციური ბუნება, ინფლაციასთან ბრძოლის ყოველმხრივი (მათ შორის ორგანიზაციული, ადმინისტრაციული და სხვა მიმართულებებით) გააქტიურების აუცილებლობაზე მიგვანიშნებს. ქვეყანაში ფასების დონის განმსაზღვრელი პარამეტრების დინამიკა[5] ცხრილი #3
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; საქართველოს ეროვნული ბანკი „ფულის მასის აგრეგატები და მონეტარული კოეფიციენტები https://nbg.gov.ge/statistics/statistics-data ყოველივე ზემოაღნიშნულის პარალელურად, ჩვენი აზრით განსაკუთრებულ ყურადღებას ეროვნული ვალუტის სამოქმედო არიალის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ისტორიული ტრანსფორმირების შედეგად შექმნილი სიტუაცია საჭიროებს. როგორც ცნობილია ნებისმიერი ვალუტის კურზე, მსყიდველობით უნარსა და ინფლაციურ „მიდრეკილებებზე“ სხვა ფაქტორებთან ერთად მნიშვნელოვან გავლენას მისი სამოქმედო (გამოყენება-ფუნქციონირების) არეალის მასშტაბები ახდენენ. აქედან გამომდინარე შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონი“-ს სახელწოდების, საქართველოს 1995 წლის 23 ივნისის დოკუმენტის 36-ე მუხლით, საქართველოს ფულის ერთეულად კუპონის გამოცხადების პარელელურად, იგი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გადახდის ერთად-ერთ კანონიერ საშუალებად იქნა აღიარებული. ზემოაღნიშნულ დებულებაში სიტყვა „კუპონი“-ს, „ლარი“-ით ჩანაცვლებისა და 1996 წლის 28 მაისს შეტანილი უმნიშვნელო რედაქციული შესწორების შედეგად ჩამოყალიბებულმა ფორმულირებამ იმის თაობაზე, რომ: -„ლარი არის ერადერთი კანონიერი საგადამხდელო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე“ უწყვეტად იარსება 2007 წლის 3 ივლისამდე. 2007 წლის 3 ივლისს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის ზემოაღნიშნულ კანონში შეტანილი შესწორების შედგად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ლარის ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად არსებობის საკანონმდებლო ნორმამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა, რადგან დოკუმენტის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ახალი რედაქციით დაფიქსირდა, რომ: -„ლარი არის ერთადერთი კანონიერი საგადამხდელო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. ეროვნული ვალუტის მოქმედების არიალის შეზღუდვით განპირობებული, მასზე მოთხოვნის შემცირებისა და აქედან გამომდინარე მის კურსზე უარყოფითი გავლნის მატარებელი ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მიღების არგუმენტად, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა იყო დასახელებული. აღნიშნული მოსაზრება იმ ეტაპისათვის დამაჯერებელად გამოიყურებოდა, თუმცა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მიერ წლების მანძილზე ქვეყანაში მოზიდული უცხოური ინვესტიციების ოდენობების გათვალისწინებით მსგავსი მიდგომა სადღეისოდ საკმაოდ საკამათოთ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ეროვნული ვალუტის მოქმდების არიალი კიდევ უფრო შეზღუდა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის ორგანული კანონის ამოქმედებამ. რადგან დოკუმენტის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაფიქსირდა, რომ: -„ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა ან/და უბაჟო ვაჭრობის პუნქტებისა“ ლარის მოქმედების არიალის შემზღუდველი ნორმებისადმი კრიტიკული დამოკიდებულების მიუხედავად, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და უბაჟო ვაჭრობის პუნქტების ფუნქციონირების თავისებურებების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული დებულების კორექტირებული (ქვემოთ წარმოდგენილი) სახით არსებობა ჩვენი აზრით სრულიად მისაღებად უნდა იქნეს მიჩნეული. სამწუხაროდ ანალოგიური მოსაზრება ვერ გავრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედი კანონის ტექსტში, 2011 წლის პირველი ივლისს შეტანილი შესწორების შედეგად ჩამოყალიბებულ, 34-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ დებულებაზე რომლის შესაბამისად: „ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა“ ფულად-საკრედიტო სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის მკაფიო ხასიათისა და განსხვავებული ინტერპრეტირების გამომრიცხველი ხასიათის აუცილებლობის გათვალისწინებით, ლარის მიმოქცევის არიალის ზემოაღნიშნული ზოგადი ფორმულირებებით განსაზღვრა ჩვენი აზრით მნიშვნელოვან (ქვემოთწარმოდგენილ) კორექტირებას მოითხოვს. ყოველივე ზემოაღნიშნულის პარალელურად ქვეყნის საფინანსო სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის ასევე საყურადღებოდ მიგვაჩნია საქართველოს ეროვნული ბანკის მმართველი აპარატის დაკომპლექტების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ისტორიული სახეცვლილების შედეგად შექმნილი სიტუაციის ანალიზი. საქმე ისაა, რომ ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს პირველი, 1991 წლის 2 აგვისტოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად ბანკის ხელმძღვანელობად მისი პრეზიდენტი და გამგეობის წევრები მიიჩნეოდნენ. აღნიშნული პირების მოქალაქეობის ან/და რაიმე სხვა მახასიათებლების დაკონკრეტების გარეშე კანონი მხოლოდ მათი თანამდებობებზე დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხებს არეგულირებდა. ეროვნული ბანკის მმართველობისადმი წაყენებულმა საკანონმდებლო ნორმებმა ბევრად დეტალიზებული სახე შეიძინა 1995 წლის 23 ივნისის „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონი“-ს ამოქმედების შემდგომ. კერძოდ დოკუმენტის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით განისაზღვრა ბანკის გამგეობის წევრებისადმი წაყენებული მოთხოვნები რომელთა შესაბამისად აღნიშნული პირები უნდა ყოფილიყვნენ:-„ ...საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეები, ცნობილნი პატიოსნებით და აღიარებულნი პროფესიონალიზმით ფულად-საკრედიტო და საბანკო საქმიანობის სფეროში...“. ზემოაღნიშნული კანონის ტექსტში, 2008 წლის 14 მარტს შეტანილი შესწორების შედეგად ბანკის მართველ ორგანოდ მიჩნეული „გამგეობის“ სახელწოდების „საბჭო“-თი ჩანაცვლების პარალელურად, „საბჭოს“ წევრებად, ეკონომიკის ან/და ფინანსების დარგში პროფესიონალი და პატიოსნებით გამორჩეულ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, „უცხო ქვეყნის მოქალაქეები“-ს, არსებობაც გახდა შესაძლებელი. ქვეყნის ეროვნული ბანკის ხემძღვანელი ორგანოს („საბჭო“-ს) შემადგენლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების არსებობის თაობაზე ზემოაღნიშნული დებულებები უცვლელად იქნა გადტანილი, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ 2009 წლის 24 სექტემბერის ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის იმ მოთხოვნებში, რომლებმაც ჩვენი აზრით საკამათო ცვლილებები განიცადა 2012 წლის 10 აპრილის შესწორებით. საქმე ისაა, რომ აღნიშნულმა შესწორებით კორექტირებულმა კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ახალმა დებულებად შესაძლებელი გახადა, ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, მოქმედი რედაქციით განსაზღვრული: ეკონომიკის ან/და ფინანსების დარგში პროფესიონალი და პატიოსნებით გამორჩეული არარეზიდენტი პირების პარალელურად: „... სხვა შესაბამისი დარგის პროფესიონალები“-ს ჩართვაც. პრაქტიკულად საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის თავისებურებების გათვალისწინებით ეროვნული ბანკის მმართველი ორგანოს („საბჭოს“) წევრ(ებ)ად სრულიად გაურკვეველი „სხვა შესაბამისი დარგის“ და ასევე გაურკვეველი „უცხო ქვეყნის მოქალაქეები“-ს არსებობა და მათთვის ქვეყნის ფულად-საკრედიტო სფეროს ყველა ინფორმაციაზე (მათ შორის საიდუმლო) წვდომის შესაძლებლობის მინიჭება ჩვენი აზრით სათანადო (ქვემოთწარმოდგენილ) კორექტირებას დაქვემდებარებულ საკითხად უნდა იქნეს მიჩნეული. ანალოგიურ მიდგომას საჭიროებს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონის მე-7 მუხლის „21„ პუნქტის დებულება რომლის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ(ებ)ად მხოლოდ: -„მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის (მათ შორის, ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის) ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის.“ ნასამართლევი პირების არსებობაა აკრძალული. საქმე ისაა, რომ აღნიშნული დებულებით, ბანკის საბჭოს შემადგენლობაში მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირების აკრძალვა, აღნიშნულ ორგანოში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლები პირ(ებ)ის მოხვედრის თეორიულ შესაძლებლობას ბადებს. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ნაკლებად მძიმე (დანაშაული რომლის ჩადენისთვის მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას) დანაშაულებად მიჩნეულია საბანკო სფეროს ხემძღვანელი პირის ცნობიერებისათვის სრულიად მიუღებელი ისეთი სამართალდარღვევები როგორებიცაა: სამსახურებრივი გულგრილობა (მუხლი 342); მტკიცებულების განადგურება (მუხლი 368); მტკიცებულების ფალსიფიკაცია (მუხლი 369); პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა (მუხლი 157) და სხვა, აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის კორექტირების აუცილებლობა სრულიად ლოგიკურ მოთხოვნად უნდა იქნეს მიჩნეული. დასკვნა ყოველივე ზემოაღნიშნულის პარალელურად თუ მხედველობაში მივიღებთ თანამედროვე მსოფლიში მიმდინარე პროცესების ზემოქმედებით უახლესი მომავლისთავის: საქართველოსათვის წლების მანძილზე გამოყოფილი საერთაშორისო დახმარებების მნიშვნელოვანი შემცირებისა და ადრე აღებული სახელმწიფო, (მათ შორის საგარეო) ვალების მომსახურებისათვის განკუთვნილი უცხოური ვალუტის ქვეყნიდან გადინების სავარაუდოდ მზარდ ტენდენციებს. აგრეთვე საერთაშორისო საინვესტიციო და დონორი ორგანოზაციების ფინანსური შესაძლებლობობების უკრაინის რეაბილიტაციისათვის გადამისამართების მაღალ ალბათობას, ეროვნული ვალუტის ინფლაციური პროცესებიდან დაცვის მექანიზმების სრულყოფა აუცილებლობა უაღრესად აქტუალურ საკითხად უნდა იქნეს მიჩნეული. აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია: -საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით დამტკიცებული: ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დოკუმენეტში დაფიქსირებულ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე, ფატობრივი ინფლაციის წლიური და/ან საშუალოვადიანი პერიოდის მიხედვით გაანგარიშებული მაჩვენებლის გადამეტების შემთხვევაში, -„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვილებებზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებად (ვალდებულებად) განისაზრვროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა.“(ჭელიძე დ., ჭელიძე ლ., 2021, გვ. 24.) ქვეყნის ტერიტორიაზე ეროვნული ვალუტის მიმოქცევის არეალის შემზღუდველი საკანონმდებლო ნორმების ლარის კურსზე უარყოფითი ზემოქმედების შემსუბუქებისა და ანალოგიური გადაწყვეტილებების მხოლოდ ყოველმხივი განხილვის საფუძველზე მიღების აუცილებლობიდან გამომდინარე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ 2009 წლის 24 სექტემბრის ორგანული კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის ფრაზა: -„ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა“. ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: -„ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების, აგრეთვე საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. ქვეყნის საფინანსო სფეროს ყველა, მათ შორის საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობის მქონე პირთა წრის არარეზიდენტი და/ან ნასამართლევი პირებით გაფართოვების თანმდევი რისკების მინიმიზების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის კანონის მე-7 მუხლის მე-„2“ პუნქტის დებულება, იმის თაობაზე რომ: -“ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები არიან საქართველოს ან და უცხო ქვეყნის მოქალაქეები“, შეიცვალოს ფორმულირებით: -“ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები არიან საქართველოს მოქალაქეები“ და შემდეგ როგორც ტექსტშია. ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონის მე-7 მუხლის „21„ პუნქტის მოთხოვნა იმის შესახებე, რომ: -„ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყო პირი რომელიც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის (მათ შორის ტერორიზმის დაფინანსებისათვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებისათვის)ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისათვის“ შეიცვალოს ფორმულირებით: -„ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი არ შეიძლება იყო ნასამართლევი პირი“. გამოყენებული ლიტერატურა 1. Economics: Principles, problems, and Policies Campbell R. McConnell, Stanley l> Brue, Sean M. Flynn (2021) EIGHTEENTH EDITION The Functions of Money p. 630 https://archive.org/details/eb_mcconnell_econ.18e/page/n5/mode/2up 2. Марксистская политическая экономия Функции денег: https://ru.wikipedia.org/wiki 3. დ. ჭელიძე, ლ. ჭელიძე (2024) „ინფლაციის რეგულირების სრულყოფის საკითხისათვის“ ჟურნალი ეკონომიკა და ბიზნესი“ 2021, #4 გვ. 23.; 24. 4. დ. ჭელიძე (2025) „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ტენდენციები და ხარჯვითი ნაწილის სრულყოფის ზოგიერთი მიმართულება“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი ჟურნალი „ეკონომისტი“ 2025 წ. #2 გვ 48 5. „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 2 აგვისტოს კანონი 6. „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონი“ საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 23 ივნისის კანონი 7. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის ორგანული კანონი 8.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2019-2024 წლების საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული https://www.geostat.ge/ka/single-archive/3351 9. საქართველოს ეროვნული ბანკი „ფულის მასის აგრეგატები და მონეტარული კოეფიციენტები https://nbg.gov.ge/statistics/statistics-data [1] „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონი“-ს სახელწოდების მქონე საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 23 ივნისის კანონის ტექსტში, 1996 წლის 28 მაისს შეტანილი შესწორებების შედეგად, დოკუმენტი „საქართველოს ეროვნულიბანკის კანონი“-ს სახელწოდების მქონე საქართველოს კანონად; ხოლო 1997 წლის 15 ოქტომბრის შესწორებით „საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანულიკანონი“-ს სახელწოდების მქონე, საქართველოს ორგანული კანონის სახით ჩამოყალიბდა. 2001 წლის 23 ოქტომბრიდან დოკუმენტის სათაურმა კიდევ ერთხელ განიცადა ცვლილება და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი-ს სახელწოდებით იქნა ჩამოყალიბებული. [2] წყარო: მონაცემები აღებულია საქართველოს პარალამენტის შესაბამისი წლების „ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ დადგენილებების ტექსტებიდან [3] მონაცემები აღებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველწიური ანგარიშებიდან. [4] მონაცემები აღებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველწიური ანგარიშებიდან. [5] იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ „ოფიციალურ წყაროებში გამოქვეყნებული ქვეყნის მთლიანი შიდაპ როდუქტის 1996-2010 წლების მაჩვენებლები, ანგარიშთა ეროვნული სისტემის 1993 წლის, ხოლო 2010 წლიდან დღემდე, ამავე სისტემის 2008 წლის მეთოდოლოგით არის გაანგარიშებული. ხოლო „სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2024 წელს გამოცემულ, „საქართველოს 2024 წლის სტატისტიკური წელიწდეული“-ს ტექსტში, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის ვეგ-გვერდზე გამოქვეყნებული, საქართველოს 2015-2023 წლების მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლების, წინაწლების გამოცემებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებზე მნიშვნელოვნად გაზრდილი ოდენობები“ (ჭელიძედ., 2025, გვ. 48)- არის წარმოდგენილი ცხრილი #3-ის მონაცემები 2015 წლის შემდგომი პერიოდით შემოიფარგლება. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||