![]() ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
![]() |
|
|
∘ ნათია კახნიაშვილი ∘ ხათუნა ბარბაქაძე ∘ ნატო კაკაშვილი ∘ ლიკვიდობის რისკის მართვის თანამედროვე მიდგომები ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პირობებში ანოტაცია. სტატიაში ასახულია ლიკვიდობის რისკის მართვის თანამედროვე მიდგომების ანალიზი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის პირობებში. ტექნოლოგიური პროგრესი როგორიცაა ციფრული პლატფორმები, Big Data, ხელოვნური ინტელექტი და Blockchain მნიშვნელოვნად ცვლის ფინანსურ სექტორში რისკების მართვის ტრადიციულ ჩარჩოებს. სტატია შეისწავლის კომერციულ ბანკებში ამ ტექნოლოგიების გამოყენების პრაქტიკას და აფასებს მათ გავლენას ლიკვიდობის მართვის ეფექტიანობაზე. კვლევამ აჩვენა, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების სწორად ინტეგრირება იწვევს რისკების შემცირებას, ოპერატიული პროცესების გამარტივებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული მენეჯმენტის ჩამოყალიბებას. საკვანძო სიტყვები : ლიკვიდობის რისკი, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია, ციფრული პლატფორმები, კომერციული ბანკები შესავალი ფინანსური სექტორის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა დღესაც ლიკვიდობის რისკის მართვაა — ანუ ორგანიზაციის უნარი, დროულად და ეფექტიანად მართოს თავისი ფინანსური ვალდებულებები. ლიკვიდობის რისკის მართვა წარმოადგენს მნიშვნელოვან საკითხს როგორც ფინანსური სისტემის სტაბილურობისთვის, ისე ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისთვის. გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობა, ბაზრის ცვალებადობა და მომხმარებელთა ციფრული ქცევის ტრანსფორმაცია ბანკებს აიძულებს, გადახედონ ტრადიციულ მიდგომებს და გამოიყენონ თანამედროვე, ტექნოლოგიურად მხარდაჭერილი მეთოდები (Basel Committee on Banking Supervision, 2019). ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია ცვლის ფინანსური მენეჯმენტის სტრუქტურას, აქცენტს აკეთებს მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებზე და ზრდის გამჭვირვალობას (Gomber et al., 2018). სტატიის მიზანია, გააანალიზოს ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის გავლენა ლიკვიდობის რისკის მენეჯმენტზე და განიხილოს ძირითადი ინსტრუმენტები და პრაქტიკული მაგალითები, რაც ხელს შეუწყობს თანამედროვე საბანკო პრაქტიკის გაუმჯობესებას. * * * ინოვაციური ტექნოლოგიები საბანკო სფეროში განსაკუთრებულ როლს თამაშობს ლიკვიდურობის მართვის პროცესის ოპტიმიზაციაში და ეფექტურობაში. აღნიშნული ტექნოლოგიები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არა მხოლოდ ბანკების ყოველდღიური ოპერაციების გამარტივებასა და დაჩქარებაზე, არამედ შიდა პროცესების გამჭვირვალობასა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე, რაც საბოლოოდ ფინანსური სტაბილურობის მიღწევაში ეხმარება. შედეგად, საბანკო სექტორი იღებს შესაძლებლობას, რომ გაანალიზოს და მართოს საკუთარი ფინანსური რესურსები იმაზე სწრაფად და ზუსტად, ვიდრე ადრე იყო შესაძლებელი. თანამედროვე ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ რეალურ დროში მონაცემების მიღებას, დეტალურ ანალიზს და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას. რისკების ნეიტრალიზაციის ძირითადი ინოვაციური მეთოდების გამოყენების საშუალებით შესაძლებელია ფინანსური საქმიანობის განხორციელების პროცესში წარმოშობილი რისკების შესაძლო ნეგატიური ფინანსური შედეგების თავიდან აცილება. (ბარბაქაძე ხ...2024). აღსანიშნავია რამდენიმე მთავარი მიმართულება, სადაც ინოვაციური ტექნოლოგიები საბანკო ლიკვიდურობის მართვაში გამოიყენება: ბლოკჩეინის ტექნოლოგია - ბლოკჩეინი განისაზღვრება, როგორც ციფრული, მუდმივ რეჟიმში ქრონოლოგიურად განახლებადი, დეცენტრალიზებული და კრიპტოგრაფიულად დაშიფრული მონაცემთა ბაზა. ბლოკჩეინის ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი მნიშვნელოვნად შეამციროს ლიკვიდობის რისკი ქართულ კომერციულ ბანკებში ფინანსური ოპერაციების სხვადასხვა ასპექტში, გამჭვირვალობის, ეფექტურობისა და სიჩქარის გაზრდის გზით. ბლოკჩეინი იძლევა ფინანსური ტრანზაქციების მყისიერი გადახდის საშუალებას. მისი საშუალებით ტრანზაქციები შეიძლება განხორციელდეს უშუალოდ მხარეებს შორის შუამავლების გარეშე, რაც ამცირებს ანგარიშსწორების პერიოდს. ბლოკჩეინი მუშაობს უწყვეტად (24/7) და უზრუნველყოფს ტრანზაქციის განხორციელებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ეს განსაკუთრებით გამოსადეგია გლობალიზებულ ბაზარზე, სადაც ქართულ ბანკებს შეიძლება დასჭირდეთ საზღვარგარეთის გადახდების განხორციელება ან ლიკვიდობის მართვა საერთაშორისო ბანკებთან ტრადიციული საბანკო სამუშაო საათების მიღმა. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის საშუალებით ბანკებს შეუძლიათ რეალურ დროში აკონტროლონ თავიანთი ლიკვიდობის პოზიციები და თვალყური ადევნონ როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებს. (ჭელიძე მ...2018) ხელოვნური ინტელექტი (AI) პროგნოზირებადი ანალიტიკისთვის - კომერციულ ბანკებში ლიკვიდობის რისკის შესამცირებლად ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გადაწყვეტილების მიღების, პროგნოზირების და ლიკვიდობის რეალურ დროში მართვის პროცესს. AI-ს შეუძლია გააუმჯობესოს ლიკვიდობის პროგნოზირების სიზუსტე ისტორიული მონაცემების, მომხმარებელთა ქცევის, ბაზრის პირობებისა და მაკროეკონომიკური ფაქტორების ანალიზით. უფრო კონკრეტულად, AI-ს შეუძლია: ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება ტენდენციების, სეზონურობისა და ეკონომიკური მაჩვენებლების საფუძველზე; რთული სცენარების მოდელირება და იმის გაგება, თუ როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს გარე ფაქტორებმა (მაგ. საპროცენტო განაკვეთების ცვლილებამ, პოლიტიკურმა მოვლენებმა ან ბაზრის შოკებმა) ლიკვიდობაზე. AI-ს ასევე შეუძლია აღმოაჩინოს უჩვეულო ტრანზაქციები ან ბაზრის მოულოდნელი ცვლილებები, რამაც შეიძლება იმოქმედოს ლიკვიდობაზე, წინასწარ განსაზღვროს, როდის დასჭირდება ბანკს დამატებითი დაფინანსება და რომელი წყაროებიდან, იქნება ეს ბანკთაშორისი დაკრედიტება, კლიენტების მიერ განთავსებული დეპოზიტები თუ ცენტრალური ბანკის ლიკვიდობის ხაზები. ხელოვნური ინტელექტის მოდელებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სტრესს სცენარი, რათა დაეხმარონ ბანკებს გააცნობიერონ თავიანთი ლიკვიდურობის დონე და გააძლიეროს აქტივებისა და ვალდებულებების მართვის (ALM) ბანკის ბალანსის მართვის გაუმჯობესებით. გარდა ამისა, AI-ს შეუძლია წინასწარ განსაზღვროს დეპოზიტების დონის რყევები და დაადგინოს გატანის მაღალი რისკის პერიოდები და AI-ზე დაფუძნებულ მოდელებს ასევე შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ სესხის გადაუხდელობის ალბათობა ისეთი ფაქტორების საფუძველზე, როგორიცაა მაკროეკონომიკური პირობები, კლიენტების საკრედიტო ისტორია და რეალურ დროში მომხმარებლის ქცევა. (O'Brien, K..2024). Big Data ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა ბანკებმა დაამუშაონ დიდი მოცულობის არასტრუქტურირებული ინფორმაცია (მაგ. სოციალური მედია, ტრანზაქციები, საბაზრო სიახლეები) და მისი საფუძველზე ააგონ პროგნოზული მოდელები. მაგალითად, პროგნოზირება კონკრეტული ანგარიშების ლიკვიდურობის შემცირების შესახებ. ბანკების განუყოფელი ნაწილია ასევე ფინტექი, იგივე ფინანსური ტექნოლოგიები, რომლის სერვისების საჭიროებაც დღესდღეობით საქართველოში სულ უფრო იზრდება. ბანკები თანამშრომლობენ ფინტექ კომპანიებთან ინოვაციური პროდუქტების/სერვისების შესაქმნელად. კომერციული ბანკები სულ უფრო ხშირად იყენებენ ფინტექ გადაწყვეტილებებს ლიკვიდობის მართვის გასაუმჯობესებლად. ეს ტექნოლოგიები ხელს უწყობს ოპერაციების გამარტივებას, გადაწყვეტილების მიღების გაუმჯობესებას და ფულადი ნაკადების ეფექტური მართვის უზრუნველყოფას. ზოგიერთი FinTech ინსტრუმენტი და პლატფორმა, რომელსაც ქართული ბანკები იყენებენ ლიკვიდობის მართვისთვის, მოიცავს: Quick Cash, რომელიც არის პირველი ქართული ინოვაციური მაღალ ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელსაც შეუძლია 5 წუთში ონლაინ შეაფასოს მცირე და საშუალო ბიზნესის კრედიტუნარიანობა და Oracle Cash Management ეხმარება ბანკებს მართონ მათი ფულის ნაკადები, მონიტორინგი გაუწიონ საბანკო ანგარიშებს და მიიღონ შესაბამისი ანგარიშგება. სისტემა ასევე გამოიყენება გრძელვადიანი ფინანსური გეგმების შექმნაში. ფულადი ნაკადების მართვის ინსტრუმენტები; რეალურ დროში დიდი ღირებულების ანგარიშსწორების (RTGS) სისტემა ახორციელებს როგორც მაღალი, ასევე დაბალი მოცულობის გადარიცხვების დამუშავებას. სისტემამ მინიმუმამდე დაიყვანა საოპერაციო რისკები, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა გადარიცხვების დამუშავების პროცესი, ხოლო საოპერაციო საათების განმავლობაში ბანკთაშორისი გადარიცხვები უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. (სებ-ი 2024). საქართველოს ბანკში დანერგილია და წარმატებით გამოიყენება Microsoft Azure-ი, cloud-based პლატფორმა, რომელიც სერვისების ფართო სპექტრს წარმოადგენს, მათ შორის, ვირტუალურ მანქანურ სწავლებას, მონაცემთა ბაზებს, ანალიტიკას და ხელოვნურ ინტელექტს. საქართველოს კომერციული ბანკები ასევე გამოიყენებენ OpenAI-ის მოდელებს, რაც საშუალებას აძლევს გააანალიზონ შესაძლო რისკები და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები მათი მართვისთვის. AI სისტემები უზრუნველყოფენ მონაცემთა ფართო სპექტრის ანალიზს, რაც ეხმარება მენეჯერებს უკეთ გაიაზრონ პოტენციური საფრთხეები და შეიმუშავონ სტრატეგიები მათ დასაძლევად. ეროვნული ბანკი აქტიურად არის ჩართული საბანკო სექტორში ახალი ტექნოლოგიის დანერგვისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნისთვის. 2024 წლის ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა “საქართველოს ფინტექის განვითარების სტრატეგია”, სადაც ხაზს უსვამს, რომ ინოვაცია საზედამხედველო სტრატეგიის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად აქცია. ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით 2025 წლიდან დაიწყო ხაზინების მართვის ერთიანი პლატფორმის დანერგვა (TMS), რომლის საშუალებით ფინანსური ინსტიტუტები შეძლებენ უკეთ მართონ ფინანსური რისკები, მოახდინონ თავიანთი სავაჭრო საქმიანობის ოპტიმიზაცია და გაზარდონ საერთო ოპერაციული ეფექტურობა. სისტემის დანერგვა გაზრდის დერივატივების გარიგებებს და გააუმჯობესებს ფასწარმოქმნის პროცესს. პლატფორმის დანერგვა საწყის ეტაპზე იგეგმება საქართველოს ბანკში, თიბისი ბანკში, ლიბერთი ბანკში, ბაზისბანკში, ტერაბანკსა და ბანკ ქართუში. საგულისხმოა, რომ 2024 წლის დასაწყისიდან აქტიურად დაიწყო ბლოკჩეინის ახალი ფუნქციების ტესტირება, როგორიცაა ტოკენიზაცია, პროგრამირება და ჭკვიანი კონტრაქტები (Smart Contracts). ჭკვიანი კონტრაქტები არის ციფრული კონტრაქტები, რომლებიც ავტომატურად ასრულებენ წინასწარ შეთანხმებულ პირობებს და მოქმედებენ გარკვეულ პირობებში ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე. რაც ხელს უწყობს აქტივების უსაფრთხო გაცვლას, რაც ამცირებს რისკს. ბანკებს შეუძლიათ შექმნან ჭკვიანი კონტრაქტები, რომლებიც იწვევენ ქმედებებს, როდესაც დაკმაყოფილებულია ლიკვიდობის გარკვეული პირობები. მაგალითად: თუ ბანკის ლიკვიდურობის დონე გარკვეულ ზღვარს ქვემოთ დაეცემა, ჭკვიანმა კონტრაქტმა შეიძლება ავტომატურად გამოიწვიოს აქტივების გაყიდვა ან გადაცემა ლიკვიდობის ასამაღლებლად. ტოკენიზაცია გულისხმობს აქტივების გადაყვანას ბლოკჩეინის სისტემაში, სადაც თითოეული ტოკენი წარმოადგენს აქტივს, როგორიც შეიძლება იყოს ფული, უძრავი ქონება, აქციები ან სხვა. ეს პროცესი უზრუნველყოფს აქტივების ციფრულ წარმოებას, რაც ხდის მათ უფრო ხელმისაწვდომსა და მარტივს ტრანზაქციებისთვის. არალიკვიდური აქტივების ტოკენიზირებით, ბანკებს შეუძლიათ ამ აქტივების უფრო მარტივად გამოყენება მოკლევადიანი ლიკვიდობის საჭიროებების სამართავად. მაგალითად, თუ ბანკი ლიკვიდურობის კრიზისის წინაშე დგას, მას შეუძლია გამოიყენოს ტოკენიზებული აქტივები, როგორც გირაო სხვა ბანკების ან ფინანსური ინსტიტუტების დაფინანსებაზე წვდომისთვის, ან თუნდაც გაყიდოს ისინი მეორად ბაზარზე. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წლის მონაცემებით საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის ტრანზაქციების რაოდენობის ზრდის ტენდენცია აღინიშნება, კერძოდ, საქართველოს ბანკის შემთხვევაში - 48.9%-ით და თიბისი ბანკის შემთხვევაში 29.2%-ით, მზარდი დინამიკა ცხადყოფს, რომ ორივე ბანკი განაგრძობს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას და ტრანზაქციების უფრო სწრაფად განხორციელებას. ეს ზრდა ლიკვიდობის ეფექტურ მართვაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.· დასკვნა ლიკვიდობის რისკი ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და კრიტიკული საკითხია კომერციული ბანკებისთვის. საბანკო სექტორის შეუფერხებლად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია ლიკვიდობის დონის ოპტიმალური მაჩვენებლის შენარჩუნება. საქართველოს კომერციული ბანკები წარმატებით ახდენენ ლიკვიდურობის რისკების მართვას, თუმცა ეს პროცესი საჭიროებს მუდმივ ახალ მიდგომებსა და სტრატეგიებს, რათა დროულად მოხდეს შესაძლო საფრთხეების იდენტიფიცირება და შენარჩუნდეს გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობა. სწორედ, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია ქმნის ახალ შესაძლებლობებს — რეალურ დროში მონაცემთა დამუშავებით, პროგნოზირების გაუმჯობესებითა და ავტომატიზაციის მეშვეობით შესაძლებელი ხდება რისკების შემცირება და სტაბილური ფუნქციონირება (Chen et al., 2014). მომავალი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად და ეფექტიანად მოახერხებენ ბანკები ტექნოლოგიების ინტეგრირებას. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ინვესტირება ახალი ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებაში, რომლებიც დაეხმარება კომერციულ ბანკებს ლიკვიდურობის რისკის შემცირებასა და უფრო ეფექტურად მართვაში. გამოყენებული ლიტერატურა
|