![]() ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
![]() |
|
|
∘ ლევან კიკილაშვილი ∘ ბიზნესის კონკურენტუნარიანობა მწვანე ტექნოლოგიების ეპოქაში: საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის პერსპექტივა ანოტაცია. კავკასიის რეგიონში მწვანე ბიზნესის განვითარება დღევანდელ ეკონომიკურ და ეკოლოგიურ დისკურსში ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად იქცა. იგი უშუალოდ უკავშირდება კლიმატური ცვლილებების შემცირებას, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების დანერგვასა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. მწვანე ბიზნესის მოდელები არა მხოლოდ ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქმნის, არამედ გლობალურ გარემოსდაცვით სტანდარტებთან ინტეგრაციის საშუალებაცაა. სამხრეთ კავკასიაში მწვანე ბიზნესის განვითარება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და შესაძლებლობაა, რომელიც დაკავშირებულია როგორც გლობალურ კლიმატურ კრიზისთან, ისე რეგიონის ეკონომიკურ ტრანსფორმაციასთან. მწვანე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესი არამხოლოდ ეკონომიკური ზრდის ახალი იმპულსია, არამედ უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვასა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში განხორციელდა რიგი პროექტები, რომლებიც მოიცავდა განახლებადი ენერგიის განვითარებას, ეკოტურიზმის პოპულარიზაციას, ორგანული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობასა და ნარჩენების გადამუშავების სისტემების დანერგვას. ამ პროცესს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საერთაშორისო ორგანიზაციების (UNDP, OECD, ევროკავშირი) მხარდაჭერა და სახელმწიფო, კერძო ინვესტიციების ზრდა. აღნიშნული ინიციატივები ხელს უწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, ნახშირბადის ემისიების შემცირებასა და ადგილობრივი თემების ეკონომიკურ გაძლიერებას. ბიზნესის კონკურენტუნარიანობის თეორიების მიხედვით (Porter, Krugman, Stiglitz), გლობალიზაციის ეპოქაში წარმატების მთავარი ფაქტორია არა მხოლოდ ფასისა და წარმოების მოცულობის ეფექტიანობა, არამედ ინოვაციური ტექნოლოგიების ადაპტაცია, მდგრადი რესურსების გამოყენება და გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობა. სწორედ ამ ჭრილში მწვანე ტექნოლოგიები განიხილება როგორც ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ეკონომიკური უსაფრთხოების განმტკიცების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი. სტატიაში გაანალიზებულია კავკასიის რეგიონში მწვანე ბიზნესის განვითარების ძირითადი მიმართულებები – ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და მრეწველობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებს, რომლებიც უკავშირდება მწვანე ბიზნესმოდელების დანერგვას: ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, ინოვაციური კულტურის გავრცელება და გლობალურ ბაზრებში ინტეგრაციის შესაძლებლობა. მიღებული ანალიზი ადასტურებს, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მწვანე ბიზნესის ინტეგრაცია გლობალურ ეკოლოგიურ სტანდარტებთან წარმოადგენს არა მხოლოდ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებას, არამედ ეკონომიკური უსაფრთხოების განმტკიცებისა და გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვან წინაპირობას, ეკონომიკური უსაფრთხოების განმტკიცების, ინოვაციური შესაძლებლობების რეალიზაციისა და გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების სტრატეგიულ გზას. საქართველოს მაგალითი ცხადყოფს, რომ მიზნობრივი სახელმწიფო პოლიტიკა, საერთაშორისო მხარდაჭერა და ადგილობრივი ბიზნესის მზაობა მწვანე ტრანსფორმაციისადმი შეიძლება იქცეს რეგიონის მდგრადი განვითარების ფუნდამენტურ ძალად. სტატიაში გაანალიზებულია კავკასიის რეგიონში მწვანე ბიზნესის განვითარების ძირითადი მიმართულებები, მათ შორის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და მრეწველობა. ყურადღება გამახვილებულია სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებზე, რომლებიც უკავშირდება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ინოვაციური ბიზნესმოდელების დანერგვასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო პარტნიორობის როლს, რომელიც განაპირობებს როგორც ტექნოლოგიების ტრანსფერს, ისე ფინანსური რესურსების მოზიდვას. მიღებული ანალიზი მიუთითებს, რომ მწვანე ბიზნესის ინტეგრაცია გლობალურ ეკოლოგიურ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის წარმოადგენს არა მხოლოდ გარემოსდაცვით საჭიროებას, არამედ ეკონომიკური უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და რეგიონული მდგრადი განვითარების განმტკიცების მთავარ სტრატეგიულ მიმართულებას. საკვანძო სიტყვები: მწვანე ბიზნესი, მდგრადი განვითარება, მწვანე ტექნოლოგიები, ინვესტიციები, ეკოტურიზმი, განახლებადი ენერგია შესავალი კლიმატური ცვლილებები და გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევები თანამედროვე ბიზნესისა და ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად იქცა. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მწვანე ტექნოლოგიები გახდა არა მხოლოდ გარემოსდაცვითი ვალდებულება, არამედ ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი ფაქტორი.[1] მწვანე ბიზნესის მოდელები, რომლებიც ეფუძნება რესურსების ეფექტიან გამოყენებასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს, ქმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ამავე დროს, უზრუნველყოფს საერთაშორისო გარემოსდაცვით სტანდარტებთან შესაბამისობას.[2] სამხრეთ კავკასიის რეგიონი — საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი — დღეს დგას იმ გარდამავალ ეტაპზე, როდესაც ეკონომიკური უსაფრთხოება, ბიზნესის კონკურენტუნარიანობა და მწვანე ტრანსფორმაცია ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები მიუთითებენ, რეგიონში მწვანე ინიციატივების გაძლიერება აუცილებელია არა მხოლოდ გარემოს დაცვის თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიული მიზნით.[3] თეორიული ჩარჩო, რომელიც ეფუძნება ბიზნესის კონკურენტუნარიანობის კლასიკურ მოდელებს „პორტერის დაიმონდ მოდელი“ (Porter’s Diamond Model), „კრუგმანის ახალი სავაჭრო თეორია“ (Krugman’s New Trade Theory), „სტირგლიცის განვითარების ეკონომიკა“ (Stiglitz’s Development Economics) აჩვენებს, რომ ინოვაციური და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების ადაპტაცია ბიზნესის გრძელვადიანი წარმატების აუცილებელი პირობაა.[4] ამასთან, საერთაშორისო გამოცდილება — ევროკავშირის „მწვანე შეთანხმება“ (European Green Deal), გერმანიის ენერგეტიკული გარდაქმნა (Energiewende), სკანდინავიური ქვეყნებისა და ბალტიის რესპუბლიკების ქეისები — ნათლად ადასტურებს, რომ მწვანე ინოვაციები ბიზნესის კონკურენტულ უპირატესობას ზრდის როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ დონეზე.[5] ამ თეორიული საფუძვლების გადმოსახედიდან, სამხრეთ კავკასიაში მწვანე ბიზნესის განვითარება შეიძლება შეფასდეს როგორც რეგიონის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოს შემთხვევაში, სადაც სახელმწიფო სტრატეგიები და საერთაშორისო მხარდაჭერა ქმნის პლატფორმას მწვანე ინოვაციების ხელშეწყობისთვის. მიუხედავად ამისა, რეგიონში კვლავ რჩება სერიოზული ბარიერები: არასაკმარისი ფინანსური რესურსები, ინსტიტუციური სისუსტეები, საზოგადოებრივი ცნობიერების დაბალი დონე და პოლიტიკურ-ეკონომიკური არასტაბილურობა. სტატიის ახალი ხედვა (novelty) გამოიხატება სამ ძირითად ასპექტში:
კვლევის მიზანია შეფასდეს, თუ როგორ მოქმედებს მწვანე ტექნოლოგიების დანერგვა ბიზნესის კონკურენტუნარიანობაზე საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, რა გამოწვევებს აწყდებიან კომპანიები და რომელი საერთაშორისო გამოცდილების ადაპტირებაა შესაძლებელი რეგიონის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის. ბიზნესის კონკურენტუნარიანობის თეორიები და მწვანე ეკონომიკის კონცეფციები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, რადგან თანამედროვე ეკონომიკურ სივრცეში კონკურენტუნარიანობა სულ უფრო მეტად განისაზღვრება ინოვაციური და გარემოსდაცვითი სტანდარტების შესრულებით. კონკურენტუნარიანობის თეორიები მაიკლ პორტერის კონკურენტუნარიანობის თეორია, რომელიც ცნობილია როგორც „დაიმონდის მოდელი“, დღესაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს წარმოადგენს ბიზნესისა და ეროვნული ეკონომიკის განვითარების შესაფასებლად. მოდელის მიხედვით, ქვეყნისა და მის შიგნით მოქმედი კომპანიების კონკურენტუნარიანობა განისაზღვრება ოთხი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტით: ფაქტორული პირობები – ბუნებრივი რესურსები, ტექნოლოგიური შესაძლებლობები, შრომითი რესურსები და ინფრასტრუქტურა, რომლებიც ქმნიან საწარმოო გარემოს საწყის საფუძველს; მოთხოვნის პირობები – ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მახასიათებლები, მომხმარებელთა მოთხოვნები და მათი ხარისხობრივი სტანდარტები, რაც კომპანიებს აიძულებს მუდმივ ინოვაციასა და გაუმჯობესებას; კომპანიების სტრატეგია, სტრუქტურა და კონკურენცია – ბიზნესის მართვის მოდელები, მენეჯმენტის პრაქტიკა და შიდა კონკურენციის დონე, რომელიც, პორტერის შეფასებით, ეროვნული ეკონომიკის დინამიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია; დაკავშირებული და დამხმარე ინდუსტრიები – სექტორები და ეკოსისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ მიწოდების ჯაჭვებს, ცოდნის გადაცემას და ინოვაციების გავრცელებას. პორტერის მოდელი განსაკუთრებით აქტუალური ხდება მწვანე ეკონომიკის კონტექსტში, სადაც გარემოსდაცვითი ინოვაციები და მდგრადი ტექნოლოგიები აღარ განიხილება მხოლოდ როგორც დამატებითი ღირებულება, არამედ გარდაიქმნება ბაზარზე შესვლისა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნების აუცილებელ წინაპირობად. შესაბამისად, მწვანე ტრანსფორმაცია პორტერის ჩარჩოში ინტეგრირდება არა როგორც მეორეხარისხოვანი ინიციატივა, არამედ როგორც გრძელვადიანი კონკურენტული უპირატესობის შექმნის საფუძველი.[6] კრუგმანის-ის ახალი სავაჭრო თეორია. პაულ კრუგმანის ნაშრომები ხაზს უსვამს მასშტაბის ეკონომიასა და გეოგრაფიულ ფაქტორების გაუმჯობესებას.[7] მისი ხედვით, კონკურენტუნარიანობა განსაზღვრულია იმით, თუ რამდენად შეუძლია კომპანიას გლობალური ბაზრის პირობებში გაზარდოს ეფექტიანობა და დაიკავოს სტრატეგიული ნიშა. მწვანე ტექნოლოგიები ამ კონტექსტში იქცევა იმ ინსტრუმენტად, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს მოიზიდონ საერთაშორისო ინვესტიციები გააძლიერონ საერთაშორისო ინტეგრაციის შესაძლებლობები, ვინაიდან ESG-სტანდარტების შესრულება თანამედროვე პირობებში იქცა არა მხოლოდ სავალდებულო რეგულაციურ მოთხოვნად, არამედ ერთგვარ „ბილეთად“ გლობალურ ბაზარზე ინტეგრაციისთვის, სადაც ინვესტორები და საერთაშორისო პარტნიორები მკაფიოდ ითხოვენ მდგრადობისა და გამჭვირვალობის კრიტერიუმების დაკმაყოფილებას. სტრიგლიცის ხედვა განვითარების ეკონომიკაზე. ჯოზეფ სტიგლიცი ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ კონკურენტუნარიანობის ზრდა შეუძლებელია მხოლოდ ბაზრის მექანიზმებზე დაყრდნობით. აუცილებელია ინსტიტუციური რეფორმები, ინკლუზიური პოლიტიკა და ისეთი სტრატეგიები, რომლებიც სოციალურ და გარემოსდაცვით მიზნებს აერთიანებს.[8] მისი ნაშრომები ნათლად აჩვენებს, რომ მწვანე ეკონომიკა ერთდროულად უზრუნველყოფს ეკონომიკურ ეფექტიანობას, სოციალური უთანასწორობის შემცირებას და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევას. საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების ტენდენცია განსაკუთრებით შეინიშნება ენერგეტიკისა და ტურიზმის სექტორებში. ქვეყანა მდიდარია ჰიდრორესურსებით, რაც განახლებადი ენერგიის ძირითადი წყაროა. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინვესტიციები ქარისა და მზის ენერგიის მიმართულებითაც.[9] ეს პროექტები პირდაპირ უკავშირდება ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ნახშირბადის ემისიების შემცირებას. ეკოტურიზმი კიდევ ერთი სტრატეგიული სექტორია. დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება, სოფლად აგრო ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი პროდუქტების პოპულარიზაცია ქმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს. მწვანე ტურიზმის განვითარება არა მხოლოდ უცხოური ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს, არამედ ადგილობრივი თემების ეკონომიკურ გაძლიერებასაც უზრუნველყოფს.[10] სოფლის მეურნეობაში განსაკუთრებით გამოიკვეთა ორგანული მეურნეობის მიმართულება. ორგანული სერტიფიცირების სისტემის დანერგვამ გაზარდა საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა. ამასთან, ტექნოლოგიური ინოვაციები (ვერტიკალური ფერმები) თანდათან ფართოვდება, რაც მცირე და საშუალო ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, გააუმჯობესოს ეფექტიანობა და შეამციროს გარემოზე ზემოქმედება.[11] სომხეთის ეკონომიკა შედარებით მცირე მასშტაბისაა, თუმცა აქაც მნიშვნელოვანი როლი აქვს მწვანე ტექნოლოგიებს. განსაკუთრებით განვითარდა ორგანული სოფლის მეურნეობა, რომელიც საექსპორტო პოტენციალს ქმნის. სომხეთში მოქმედებს რამდენიმე მწვანე ინიციატივა, რომელიც დაკავშირებულია ბიოპროდუქტების წარმოებასთან და მათ ევროპულ ბაზრებზე გატანასთან. ენერგეტიკაში სომხეთმა მნიშვნელოვანი პროგრესი მიაღწია მზის ენერგიის განვითარებაში. ბოლო წლების განმავლობაში აშენდა რამდენიმე მზის სადგური, რომელთა მეშვეობით ქვეყანა ცდილობს შეამციროს იმპორტზე დამოკიდებულება. თუმცა, სტრუქტურული პრობლემების გამო — მათ შორის პოლიტიკური არასტაბილურობა და ფინანსური რესურსების სიმცირე — მწვანე ინიციატივები შედარებით ნელა ვითარდება.[12] აზერბაიჯანის ეკონომიკა ისტორიულად ნავთობზე და გაზზე იყო დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში მზარდია ინტერესი განახლებადი ენერგიისა და ცირკულარული ეკონომიკის მიმართ. ქვეყანამ მიიღო სტრატეგია, რომელიც მოიცავს ქარისა და მზის ენერგიის განვითარებას, განსაკუთრებით კასპიის ზღვის სანაპირო ზოლში. ნავთობის სექტორზე მაღალი დამოკიდებულება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა სახელმწიფოს მცდელობაა დივერსიფიცირება და მწვანე ბიზნესის ხელშეწყობა. აზერბაიჯანის მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ მწვანე ინიციატივები კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის გარდაუვალი სტრატეგიაა გლობალური ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პირობებში.[13] თანამედროვე ეკონომიკურ სისტემებში ტექნოლოგიური პროგრესი და ცოდნის ინტენსიური გადაცემა განიხილება როგორც ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა მდგრადი განვითარებისათვის. ევროკავშირის „Horizon Europe“ და „LIFE“ პროგრამები, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმის ღერძული ინიციატივები („EU4Business“, „EU4Energy“),[14] უზრუნველყოფს სივრცეს კვლევისა და ინოვაციისათვის, პილოტური პროექტების განხორციელებისა და ტექნიკური ნოუ-ჰაუს ლოკალიზაციისათვის. აქცენტი კეთდება ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ენერგოეფექტიანობა, განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაცია, ნარჩენების მართვა და ცირკულარული ბიზნეს-მოდელები. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოსა (IEA) და განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ტექნოლოგიური გზამკვლევები კომპანიებს საშუალებას აძლევს ინვესტიციური გადაწყვეტილებები მიიღონ სრული საკუთრების ღირებულების (Total Cost of Ownership) ანალიზის საფუძველზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწვანე ინოვაციების ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის შეფასებისას. ESG და სერტიფიცირება როგორც კონკურენტული უპირატესობა გლობალური ბაზრების დინამიკამ ESG სტანდარტების დაკმაყოფილება იქცა არა მხოლოდ ეთიკურ მოთხოვნილებად, არამედ ბიზნესისათვის „ბაზარზე შესვლის ბილეთად“. კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ ESG ანგარიშგებას (GRI/ISSB სტანდარტების შესაბამისად), დანერგავენ ISO 14001/50001/14064[15] სტანდარტებს და ადარებენ საკუთარ პრაქტიკებს ევროკავშირის ტაქსონომიის ჩარჩოებთან, იღებენ მნიშვნელოვან უპირატესობას: ფინანსური ინსტიტუტები მათ სთავაზობენ უფრო ხელსაყრელ საკრედიტო პირობებს, ინვესტორები ზრდიან ნდობას, ხოლო B2B პარტნიორები ავლენენ მეტ მზაობას გრძელვადიანი თანამშრომლობისათვის. შედეგად, იზრდება ექსპორტის პოტენციალი, მცირდება პორტფელური რისკები და უზრუნველყოფილი ხდება მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობა.[16] PPP და ESCO სქემები როგორც ოპტიმალური მოდელი ენერგეტიკაში (ქარისა და მზის utility-scale პროექტები, აგრო-PV, შერეული ენერგეტიკული კომპლექსები), მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაში (ნარჩენების მართვა, წყლის სისტემები, ენერგოეფექტური რეტროფიტები) და აგრო-სექტორში (ორგანული წარმოება, ცივი ჯაჭვი) სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს PPP[17] (Public-Private Partnership) და ESCO (Energy Service Company) მოდელები. ამ სქემებში კერძო სექტორი ახორციელებს კაპიტალურ ინვესტიციას (CAPEX), ხოლო ინვესტიციის დაბრუნება ხდება დაზოგილი ენერგიის მონეტიზაციის გზით. ამგვარ მოდელებს თან ახლავს ციფრული მონიტორინგის პლატფორმები (IoT, Blockchain), რომლებიც უზრუნველყოფს შესრულებული ენერგოაუდიტის სანდოობას და დაზოგვის მკაფიო დადასტურებას. მწვანე ტექნოლოგიების დანერგვას ბიზნესის კონკურენტუნარიანობაზე მრავალმხრივი ზეგავლენა აქვს არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ სოციალური შედეგების თვალსაზრისითაც. დასაქმება და ახალი პროფესიული პროფილი. საერთაშორისო გამოცდილება მიუთითებს, რომ მწვანე სექტორში ყოველი მილიონი დოლარის ინვესტიცია ქმნის დაახლოებით 2–3-ჯერ მეტ სამუშაო ადგილს, ვიდრე ტრადიციული ენერგეტიკის სექტორში.[18] საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მზის და ქარის ენერგიის განვითარებამ უკვე გააჩინა მოთხოვნა ახალ პროფესიებზე — ენერგოინჟინრები, გარემოსდაცვითი მონიტორინგის სპეციალისტები, ESG-ანალიტიკოსები. ადამიანური კაპიტალის განვითარება. მწვანე ტრანზიცია წარმოშობს საჭიროებას კვალიფიკაციის ამაღლებისთვის: უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები იწყებენ ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვას (მაგ., განახლებადი ენერგიების მენეჯმენტი, მწვანე ფინანსები). ეს პირდაპირ ზრდის რეგიონული ეკონომიკის გრძელვადიან კონკურენტუნარიანობას.[19] ადგილობრივი თემების გაძლიერება. ეკოტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა აძლიერებს ადგილობრივ ეკონომიკებს. მაგალითისთვის, საქართველოში დაცული ტერიტორიების ირგვლივ ეკოტურიზმის პროექტებმა გააორმაგა ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალი, ხოლო სომხეთში ორგანულმა ფერმერმა მოიპოვა სტაბილური ექსპორტის არხები ევროკავშირში.[20] ეკოლოგიური და საზოგადოებრივი სარგებელი. ნახშირბადის ემისიების შემცირება, წყლის რესურსების ეფექტიანი გამოყენება და ნარჩენების გადამუშავება ქმნის დადებით საზოგადოებრივ ეფექტს. ეს არამხოლოდ აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, არამედ ამცირებს ჯანდაცვის ხარჯებს, რაც ეკონომიკისათვის გრძელვადიან სარგებელს ნიშნავს.[21] ფინანსური შეზღუდვები. მცირე და საშუალო საწარმოებისთვის მწვანე ინვესტიციებზე წვდომა შეზღუდულია მაღალი საკრედიტო პროცენტების და სუსტი საბანკო გარანტიების გამო. ბევრი კომპანია ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო დონორების მოთხოვნებს ESG ანგარიშგებისა და ფინანსური გამჭვირვალობის კუთხით.[22] ინსტიტუციური და საკანონმდებლო დაბრკოლებები. კანონმდებლობა ხშირ შემთხვევაში ფრაგმენტულია, არ არსებობს ერთიანი „მწვანე ტაქსონომია“, რომელიც ინვესტორებს მკაფიო სიგნალს მისცემდა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია აზერბაიჯანში, სადაც ნავთობზე დამოკიდებულება აფერხებს განახლებადი ენერგიების პოლიტიკის ეფექტიან იმპლემენტაციას.[23] ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული სუსტი წერტილები. მიუხედავად მზისა და ქარის რესურსების მაღალი პოტენციალისა, საქართველოში ენერგოსისტემის არსებული ინფრასტრუქტურა ვერ უზრუნველყოფს დიდი მოცულობის განახლებადი ენერგიის ეფექტიან ინტეგრაციას. ეს გარემოება ზღუდავს “დიდმასშტაბიან ენერგეტიკულ პროექტებს” (utility-scale) პროექტების განვითარებას, ქსელის ბალანსირებასა და ენერგეტიკული ბაზრის დივერსიფიკაციას. სომხეთის შემთხვევაში, მთავარი გამოწვევა დაკავშირებულია ტექნოლოგიური ცოდნისა და ინოვაციური ნოუ-ჰაუს დეფიციტთან, რაც ართულებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ენერგოინოვაციების განხორციელებას და ზღუდავს მათ მასშტაბურ გავრცელებას.[24] საზოგადოებრივი ცნობიერება. მოსახლეობის ნაწილში ჯერ კიდევ დაბალია ეკოლოგიური პასუხისმგებლობის კულტურა. კვლევები აჩვენებს, რომ სამხრეთ კავკასიაში მომხმარებელთა მხოლოდ მცირე ნაწილი მზადაა გადაიხადოს „მწვანე პროდუქტის“ პრემია, რაც ამცირებს ბაზრის სტიმულს მწვანე ინოვაციებისთვის.[25] პოლიტიკური და გეოპოლიტიკური რისკები. რეგიონული კონფლიქტები, პოლიტიკური არასტაბილურობა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები აფერხებს გრძელვადიანი ინვესტიციების მოზიდვას. 2025 წლის აპრილ–მაისის პერიოდში ჩატარდა 120 რესპონდენტზე დაყრდნობილი თვისებრივი კვლევა მცირე და საშუალო საწარმოთა (SMEs) სექტორში. კვლევის მიზანი იყო მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის ეკონომიკური ეფექტების, სერტიფიცირების როლისა და ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორების შეფასება. გამოკვლევა განხორციელდა სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე, ხოლო ანალიზი დაეყრდნო წინასწარ ფორმულირებულ ჰიპოთეზებს: მთავარი ჰიპოთეზა: საქართველოში მწვანე ტექნოლოგიების დანერგვა ხელს უწყობს ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შექმნისა და მათი ბაზარზე წარმატებული პოზიციონირების გზით.
კვლევის შედეგები წარმოდგენილია ჰიპოთეზების მიხედვით, რაც საშუალებას იძლევა მკაფიოდ გამოიკვეთოს როგორც დადებითი ეფექტები, ისე არსებული სისტემური გამოწვევები. მიღებული შედეგები თემატურად წარმოდგენილია ქვემოთ. მოტივაცია მწვანე ტექნოლოგიების დანერგვისას ინტერვიუების ანალიზმა ცხადყო, რომ მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის მთავარი მოტივაცია უმრავლესობისთვის იყო ხარჯების შემცირება და ენერგოეფექტიანობის ზრდა. დაახლოებით 68%-მა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ ელექტროენერგიისა და კომუნალური ხარჯების ზრდამ აიძულა ალტერნატიული გადაწყვეტილებების ძიება. შედარებით მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი (~27%) ხაზს უსვამდა სერტიფიცირების მოთხოვნებსა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის აუცილებლობას. გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა მოტივაციის სახით დასახელდა რესპონდენტთა დაახლოებით მეხუთედის (~21%) მიერ, თუმცა იგი აღიქმებოდა როგორც დამატებითი და არა გადამწყვეტი ფაქტორი. ტექნოლოგიების არჩევანი ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა შეეხებოდა შედარებით მარტივ და ხელმისაწვდომ გადაწყვეტილებებს. რესპონდენტების ნახევარზე მეტი (~55%) საუბრობდა LED განათების, შენობების თბოიზოლაციისა და ენერგოეფექტიანობის სხვა ზომების დანერგვაზე. მზის პანელები და განახლებადი ენერგიის სხვა წყაროები დაახლოებით მესამედში (~32%). აგრარული სექტორის კომპანიები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ჭკვიან ირიგაციასა (~25%) და ორგანულ სერტიფიცირებას. ნარჩენების გადამუშავების პრაქტიკა შედარებით ნაკლებად გავრცელებული იყო (~12%), რაც მიუთითებს ამ მიმართულების ინოვაციურ და ჯერ კიდევ არასაკმარისად ათვისებულ ხასიათზე. ეკონომიკური შედეგები კვლევის თითქმის ყველა მონაწილე აღნიშნავდა მწვანე ინიციატივების პირდაპირ ეკონომიკურ სარგებელს. რესპონდენტთა ორი მესამედი (~64%) საუბრობდა ენერგომხარჯის მინიმუმ 10%-ით შემცირებაზე, ხოლო საშუალო მაჩვენებელი 15–20%-ს აღწევდა. შემოსავლების ზრდა დაფიქსირდა დაახლოებით 41%-ში, განსაკუთრებით ტურიზმისა და აგრარულ სექტორებში, სადაც მწვანე ინიციატივებმა მარკეტინგული უპირატესობა უზრუნველყო. ინვესტიციის ანაზღაურების პერიოდი 2–3 წელიწადში მიღწეული ჰქონდა რესპონდენტთა თითქმის ნახევარს (~48%). ყოველი მეოთხე (~27%) რესპონდენტი საუბრობდა ახალი საექსპორტო კონტრაქტების მოპოვებაზე, რაც პირდაპირ უკავშირდებოდა სერტიფიცირებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. სერტიფიცირება და სტანდარტები სერტიფიცირების პრაქტიკა SMEs-ში კვლავ შეზღუდულადაა გავრცელებული: ISO 14001, ISO 50001 ან ESG ანგარიშგება მხოლოდ რესპონდენტთა მეხუთედს (~20%) ჰქონდა დანერგილი. თუმცა, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა, ერთხმად აღნიშნავდა მის სტრატეგიულ მნიშვნელობას — სერტიფიცირებამ ახალი კლიენტების მოზიდვა და უცხოურ ტენდერებში მონაწილეობის შესაძლებლობა გააძლიერა (~15%). შესაბამისად, სერტიფიცირების პროპორციულად მცირე გავრცელება არ ამცირებს მის მნიშვნელობას: პირიქით, რესპონდენტები მას აღიქვამენ როგორც „ბაზარზე შესვლის ბილეთს“. დაფინანსება და ინსტიტუციური მხარდაჭერა ფინანსური საკითხები აღმოჩნდა ყველაზე მეტად პრობლემური. რესპონდენტთა თითქმის სამოცდათორმეტი (~72%) პროექტებს საკუთარი სახსრებით ახორციელებდა. დაახლოებით მესამედმა (28%) მიიღო მცირე გრანტი ან სუბსიდია, თუმცა ეს რესურსი შეზღუდული მოცულობის იყო. მხოლოდ 14%-მა ისარგებლა „მწვანე სესხით“, ხოლო 10%-ზე ნაკლებმა –სქემით (გრანტი+სესხი). რესპონდენტების დიდი ნაწილი თვლიდა, რომ ხელმისაწვდომი სესხების, სახელმწიფო გარანტიებისა და საგრანტო მხარდაჭერის გარეშე მწვანე ტრანსფორმაციის მასშტაბური განვითარება რთული იქნება. სოციალური შედეგები სოციალური შედეგები შედარებით ნაკლებად ინტენსიურად გამოვლინდა, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი იყო. რესპონდენტთა დაახლოებით მესამედი (~28%) საუბრობდა ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე (საშუალოდ 1–3 პოზიცია). უფრო გავრცელებული პრაქტიკა იყო თანამშრომელთა გადამზადება — რესპონდენტთა 57%-მა აღნიშნა ტრენინგების ჩატარება ენერგომენეჯმენტში, ESG ანგარიშგებასა და ორგანული სერტიფიცირების საკითხებში. ადგილობრივი თემების ჩართულობა და ეკონომიკური გაძლიერება გამოვლინდა რესპონდენტთა დაახლოებით მეხუთედის (~22%) შემთხვევაში, განსაკუთრებით ეკოტურიზმისა და სოფლის მეურნეობის პროექტებში ადგილობრივი თემების ჩართულობა და ეკონომიკური გაძლიერება გამოვლინდა რესპონდენტთა დაახლოებით მეხუთედის (~22%) შემთხვევაში, განსაკუთრებით ეკოტურიზმისა და სოფლის მეურნეობის პროექტებში. გამოწვევები ყველაზე ხშირად დასახელებული ბარიერი იყო მაღალი საწყისი ინვესტიცია (CAPEX), რომელსაც რესპონდენტთა ნახევარზე მეტი (~52%) ასახელებდა. ასევე ფართოდ გავრცელებული პრობლემა იყო იაფი დაფინანსების დეფიციტი (~46%) და რეგულაციური გარემოს სირთულე (~39%). ტექნოლოგიური ხელმისაწვდომობის სირთულეებზე საუბრობდა დაახლოებით მესამედი (~31%), ხოლო მომხმარებელთა დაბალ ცნობიერებაზე — 29%. ეს ფაქტორები მნიშვნელოვნად აფერხებს მწვანე ტექნოლოგიების მასშტაბურ დანერგვას. პერსპექტივები და რეკომენდაციები პერსპექტივებზე საუბრისას რესპონდენტების თითქმის ნახევარი (~44%) აღნიშნავდა, რომ ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა არის აუცილებელი კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის. რესპონდენტთა უმრავლესობა (~51%) თვლიდა, რომ სახელმწიფომ უნდა შეითავსოს უფრო აქტიური როლი მწვანე ტრანსფორმაციის მხარდაჭერაში — როგორც ფინანსური ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის გაზრდით, ისე რეგულაციების გამარტივებით და საგანმანათლებლო ინიციატივების გაფართოებით.[26] კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოში მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის ძირითადი მოტივაცია იყო ხარჯების შემცირება და ენერგოეფექტიანობა, რასაც ადასტურებდა რესპონდენტთა დაახლოებით ორი მესამედი. ეს ტენდენცია სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ლიტერატურასთან: მაგალითად, OECD-ის ანგარიშში (2023) ხაზგასმულია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მწვანე ინიციატივების ყველაზე სწრაფი მოტივატორია ენერგომოხმარების შემცირება და ოპერაციული ხარჯების ოპტიმიზაცია.[27] ჩვენი მონაცემები მიუთითებს, რომ ინვესტიციის საშუალო ანაზღაურების ვადა საქართველოში 2–3 წელია. ეს შედეგი მსგავსია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჩატარებული კვლევების მონაცემებთან, სადაც SMEs მწვანე ინიციატივების შედეგიანობას სწორედ მოკლევადიან პერსპექტივაში აფასებენ (World Bank, 2020).[28] თუმცა, დასავლეთ ევროპაში, სადაც მაღალი სტანდარტები და მკაცრი რეგულაციებია, ანაზღაურების პერიოდი ხშირად უფრო ხანგრძლივია, მაგრამ კომპენსირდება სუბსიდიებით და დაბალი საპროცენტო სესხებით. სერტიფიცირების მხრივ, საქართველოში ISO და ESG პრაქტიკა მხოლოდ მცირე ნაწილშია დანერგილი (20%). ეს მონაცემი მკვეთრად ჩამორჩება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს, სადაც SMEs-ის დაახლოებით 55% უკვე მიჰყვება ESG ანგარიშგების მინიმალურ სტანდარტებს (European Commission, 2022).[29] აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სერტიფიცირების დაბალი გავრცელება საქართველოში წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ბარიერს საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად. დაფინანსების თვალსაზრისით, ჩვენი კვლევის შედეგები ასევე თანხვედრაშია საერთაშორისო გამოცდილებასთან. რესპონდენტთა 72%-მა აღნიშნა, რომ პროექტები საკუთარი სახსრებით განახორციელა, რაც შეესაბამება IFC-ის მიერ რეგიონში ჩატარებული კვლევის შედეგებს (2021), სადაც ნათქვამია, რომ SMEs მწვანე ინვესტიციებისთვის ხშირად იძულებულნი არიან თვითდაფინანსებას დაეყრდნონ, რადგან საბანკო პროდუქტები ძვირი და რთულად ხელმისაწვდომია.[30] სოციალური შედეგების ნაწილში, ინტერვიუებმა აჩვენა ზომიერი, მაგრამ დადებითი ეფექტი: ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნა დაახლოებით მესამედ კომპანიაში, ხოლო 57%-მა თანამშრომელთა გადამზადება უზრუნველყო. ეს შედეგები ნაწილობრივ შეესაბამება ILO-ს (2018) შეფასებას, რომლის მიხედვითაც მწვანე ეკონომიკის ტრანსიცია ქმნის ახალ პროფესიებს, თუმცა მათი რაოდენობა დამოკიდებულია ქვეყნის პოლიტიკურ და ფინანსურ ჩარჩოებზე.[31] ბარიერების თვალსაზრისით, ჩვენს კვლევაში ყველაზე ხშირად დასახელდა მაღალი საწყისი ინვესტიცია (52%), რაც თითქმის იდენტურია IEA-ს (2022) მონაცემებს აზერბაიჯანისთვის, სადაც SMEs ასევე მიუთითებენ CAPEX-ის სიმძიმეს, როგორც მთავარ დაბრკოლებას.[32] ჩვენი კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში მწვანე ტექნოლოგიების დანერგვა მცირე და საშუალო ბიზნესში უკვე იძლევა როგორც ეკონომიკურ სარგებელს (ენერგო და ოპერაციული ხარჯების შემცირება, შემოსავლების ზრდა, საექსპორტო ბაზრებზე წვდომა), ასევე სოციალურ ეფექტებს (დასაქმება, უნარების გაძლიერება, თემების გაძლიერება). ამავდროულად, აღმოჩნდა მრავალი ბარიერი — მაღალი საწყისი ინვესტიციები, იაფი დაფინანსების დეფიციტი, სერტიფიცირების დაბალი დონე და რეგულაციების ფრაგმენტულობა. კვლევამ ცხადჰყო, რომ საქართველოს SMEs-ის გამოცდილება დიდწილად თანხვედრაშია საერთაშორისო ტენდენციებთან: როგორც რეგიონში (აზერბაიჯანი, სომხეთი), ასევე ევროკავშირსა და OECD ქვეყნებში, სადაც მწვანე ტრანსფორმაციის მთავარი მოტივატორია ხარჯების შემცირება და ბაზრის გაფართოებაა. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ დასავლურ პრაქტიკაში სახელმწიფო და დონორები აქტიურად იყენებენ სუბსიდიებს, დაბალპროცენტიან სესხებსა და სერტიფიცირების ხელშეწყობას, მაშინ როდესაც საქართველოში ბიზნესი კვლავ მნიშვნელოვნად ეყრდნობა თვითდაფინანსებას. რეკომენდაციები 1. სახელმწიფოსთვის მწვანე ფინანსების ინსტრუმენტები: შეიქმნას „მწვანე გარანტიების ფონდი“, რომელიც SMEs-ს მისცემს წვდომას იაფ დაფინანსებაზე „პირველი დანაკარგის გარანტია“და „შერეული დაფინანსება“ (First-loss guarantee, Blended finance).
2. ბიზნესისთვის
3. საერთაშორისო დონორებისა და პარტნიორებისთვის
დასკვნა კვლევამ, მათ შორის თვისებრივმა ნაწილმა, დაადასტურა, რომ მწვანე ტრანსფორმაცია საქართველოსთვის წარმოადგენს არა მხოლოდ გარემოსდაცვით ვალდებულებას, არამედ ეკონომიკური უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და მდგრადი განვითარების სტრატეგიულ გზას. H1 – ეკონომიკური ეფექტი: SMEs-ში მწვანე ინიციატივებმა შეამცირა ენერგომოხმარება 64%-ში (15–20%-ით), გაზარდა შემოსავლები 41%-ში და მოიტანა ახალი საექსპორტო კონტრაქტები 27%-ში; ROI – 2–3 წელი. H2 – სერტიფიცირება: სერტიფიცირებულმა კომპანიებმა (20%) უცხოურ ტენდერებში მონაწილეობით 15%-ში გააფართოეს კლიენტთა ბაზა. H3 – ბარიერები: მაღალი საწყისი ინვესტიცია (52%), იაფი დაფინანსების დეფიციტი (46%), რეგულაციური სირთულეები (39%), ტექნოლოგიებზე შეზღუდული წვდომა (31%), დაბალი ცნობიერება (29%). მწვანე ტექნოლოგიები SMEs-ისთვის არის ეკონომიკური და კონკურენტული პოზიციების გამაძლიერებელი, თუმცა საჭიროებს ფინანსური, ინსტიტუციური და საინფორმაციო მხარდაჭერის გაძლიერებას. [1] Michael E. Porter, Competitive Advantage of Nations (New York: Free Press, 1990). [2] Joseph Stiglitz, Making Globalization Work (New York: W.W. Norton, 2006). [3] OECD, Green Growth Indicators 2022 (Paris: OECD Publishing, 2022), https://doi.org/10.1787/888934286154 [4] Paul Krugman, Geography and Trade (Cambridge, MA: MIT Press, 1991). [5] European Commission, The European Green Deal (Brussels: European Commission, 2019). [6] Michael E. Porter, The Competitive Advantage of Nations (New York: Free Press, 1990). [7] Paul Krugman, Geography and Trade (Cambridge, MA: MIT Press, 1991). [8] Joseph E. Stiglitz, Making Globalization Work (New York: W.W. Norton, 2006). [9] World Bank, Georgia: Towards Green Growth (Washington, DC: World Bank, 2020). [10] UNDP Georgia, Sustainable Tourism and Protected Areas (Tbilisi: UNDP, 2021). [11] FAO, Organic Agriculture in Georgia: Opportunities and Challenges (Rome: FAO, 2022). [12] OECD, Green Growth and Renewable Energy in Armenia (Paris: OECD Publishing, 2021). [13] IEA, Renewable Energy Prospects for Azerbaijan (Paris: International Energy Agency, 2022). [14] International Energy Agency (IEA), Net Zero by 2050: A Roadmap for the Global Energy Sector (Paris: IEA, 2021); International Renewable Energy Agency (IRENA), Renewable Power Generation Costs (Abu Dhabi: IRENA, 2023). [15] European Commission, The European Green Deal (Brussels: European Commission, 2019); Regulation (EU) 2020/852, “EU Taxonomy Regulation”; Regulation (EU) 2023/956, “Establishing a Carbon Border Adjustment Mechanism (CBAM).” [16] European Commission, Horizon Europe Programme Guide (Brussels: EC, 2021); LIFE Programme Multiannual Work Programme (Brussels: EC, 2021); EU Neighbours East, EU4Business/EU4Energy Factsheets (Brussels: EC, various years). [17] European Bank for Reconstruction and Development (EBRD), Green Economy Transition Approach 2021–2025 (London: EBRD, 2021); European Investment Bank (EIB), Climate Bank Roadmap 2021–2025 (Luxembourg: EIB, 2020); World Bank Group, IFC/MIGA Annual Reports (Washington, DC: WBG, various years). [18] International Labour Organization (ILO), World Employment and Social Outlook 2018: Greening with Jobs (Geneva: ILO, 2018) [19] OECD, Skills Outlook 2023: Skills for the Green Transition (Paris: OECD Publishing, 2023) [20] UNDP Georgia, Sustainable Tourism and Protected Areas (Tbilisi: UNDP, 2021). [21] World Health Organization (WHO), Air Pollution and Public Health: The Benefits of Action (Geneva: WHO, 2019) [22] EBRD, SMEs and Green Finance in Eastern Partnership Countries (London: EBRD, 2022). [23] IEA, Renewable Energy Prospects for Azerbaijan (Paris: IEA, 2022). [24] World Bank, South Caucasus Green Energy Infrastructure Assessment (Washington, DC: World Bank, 2021) [25] UNEP, Consumer Information for Sustainable Consumption (Nairobi: UNEP, 2020). [26] კიკილაშვილი ლევანის მიერ ჩატარებული სიღრმისეული ინტერვიუები SMEs-ის წარმომადგენლებთან, საქართველო, 2025 წლის აპრილ–მაისი. https://drive.google.com/drive/folders/ 13PIiBUKVPw3bpXXycPLNfp9Ua-faoTxU?usp=sharing
[27] OECD. Skills Outlook 2023: Skills for the Green Transition. Paris: OECD Publishing, 2023. [28] World Bank. Green Growth in Eastern Europe. Washington, DC: World Bank, 2020. [29] European Commission. SME Sustainability Survey 2022. Brussels: European Commission, 2022. [30] International Finance Corporation (IFC). Green Finance Opportunities in Eastern Partnership Countries. Washington, DC: IFC, 2021 [31] International Labour Organization (ILO). World Employment and Social Outlook 2018: Greening with Jobs. Geneva: ILO, 2018. [32] International Energy Agency (IEA). Renewable Energy Prospects for Azerbaijan. Paris: IEA, 2022. |