![]() ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო
კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ე ბ ი
"ეკონომიკა – XXI საუკუნე"
![]() |
|
|
∘ გიგა პერტია ∘ მცირე ბიზნესსექტორის განვითარების მთავარი გამოწვევები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში და მათი რაციონალური გადაჭრის გზები ანოტაცია. თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მცირე ბიზნესი განიხილება, როგორც ეკონომიკური რეკონსტრუქციისა და ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა. გასული ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევების უმეტესობა მოწმობს, რომ კერძო ბიზნესსექტორში მცირე საწარმოების რაოდენობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე დიდი საწარმოების. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მცირე ბიზნესი ქვეყნის ინდუსტრიული პოლიტიკის ცენტრალურ წერტილს წარმოადგენს, რომლის მიზანია რესურსების სახელმწიფო სექტორიდან კერძო სექტორში გადანაწილების დაჩქარება, რათა შეიქმნას საკმარისი სამუშაო ადგილები და ამ მხრივ მიღწეულ იქნეს მდგრადი განვითარების უპირველევსი მიზანი – ‘’სიღარიბის დონის დაძლევა’’. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მცირე ბიზნესი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, მათ შორის ფინანსებზე შეზღუდული წვდომა, რთული რეგულაციები და კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა რჩება ყველაზე დიდ გამოწვევად. აღნიშნული პრობლემების მოგვარება, ბუნებრივია, მოითხოვს პირველ რიგში მორგებულ პოლიტიკურ ჩარევებს/საგადასახადო პოლიტიკას. სტატიაში განხილულია მცირე ბიზნესსექტორის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი გამოწვევები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. ასევე შეფასებულია ის მექანიზმები, რომლებიც დაეხმარება მცირე მეწარმეებს გამოწვევების მარტივად დაძლევასა და განვითარებაში. ყოველივე ამის საფუძველზე კი, მომზადებულია შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები. საკვანძო სიტყვები: მცირე ბიზნესი, მცირე ბიზნესის გამოწვევები, მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები. შესავალი თემის აქტუალურობა. ეკონომიკის თანამედროვე ტენდენციებმა ცხადყო, რომ მცირე ბიზნესსექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური და დინამიკური განვითარების თუ სხვა უამრავი სოციალური პრობლემის გადაჭრის საკითხში ძალიან დიდია. იგი ქვეყნის ეკონომიკას ეხმარება რთული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, სტაბილურობის შენარჩუნებაში, მოსახლეობის საშუალო ფენის ფორმირების, უმუშევრობის დონის შემცირების საკითხში და ა.შ. მთელ რიგ ფუნქციებთან ერთად მცირე ბიზნესსექტორის მეშვეობით ხდება ქვეყანაში ინოვაციური ეკონომიკის განვითარებაც. სწორედ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მათი განვითარების ხელშეწყობა და სრულყოფა უნდა იყოს სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი (პერტია, 2024). მცირე მეწარმეობის უამრავი კომერციული შესაძლებლობებისა და საერთაშორისო ბიზნესრეიტინგში მათი მზარდი წინსვლის მიუხედავად, მცირე ბიზნესი მაინც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. მათ შორის ფინანსებზე შეზღუდული წვდომა დღემდე რჩება ნომერ პირველ გამოწვევად. აღნიშნული პრობლემების მოგვარება პირველ რიგში, მოითხოვს მათზე მაქსიმალურად მორგებული საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც ფოკუსირებული იქნება მკაცრი რეგულაციების თუ ადმინისტრაციული ბარიერების გამარტივებაზე, ასევე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაში ინვესტირებაზე (Bartlett & Bukvic, 2002). კვლევითი ნაშრომის მიზანს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მცირე ბიზნესსექტორის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების გამოვლენა და ასევე აღნიშნული გამოწვევების რაციონალური გადაჭრის გზების განსაზღვრა. კვლევის საგანია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მცირე ბიზნესსექტორის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები და მათი გადაჭრის რაციონალური, პრაქტიკული მექანიზმები, ხოლო უშუალოდ კვლევის ობიექტს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მცირე ბიზნესსუბიექტები და მათი საქმიანობის გარემო, ასევე სამთავრობო თუ კერძო მხარდამჭერი მექანიზმები. კვლევისათვისგ ამოყენებული მეთოდოლოგია. კვლევის დასახული მიზნების მისაღწევად ნაშრომში გამოყენებულია შემდეგი ძირითადი მეთოდები: მონაცემთა შეგროვების, დაჯგუფების, სისტემური მიდგომის, სტატისტიკური ანალიზის, ინდუქციისა და დედუქციის მეთოდები. ასევე გამოყენებულია რაოდენობრივი და ემპირიული (კორელაციურ-რეგრესული ანალიზი) კვლევის მეთოდები. სტატია შედგება ერთი თავისა და სამი ქვეთავისგან. მას თან ერთვის დასკვნა და გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა. სტატიის პირველი თავი, მიმოიხილავს მცირე ბიზნესის წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მაგალითზე. სტატიაში ასევე განხილულია ის მექანიზმები, რომელიც მცირე მეწარმეებს ძალიან ეხმარება არსებული გამოწვევების მარტივად დაძლევაში. მცირე ბიზნეს სექტორის განვითარების მთავარი გამოწვევები და მათი რაციონალური გადაჭრის გზები, სომხეთი სგამოცდილება მცირე ბიზნესი მოიაზრება ქვეყნის ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად, ქვაკუთხედად, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოსახლეობის საშუალო ფენის ფორმირების საკითხში და სამუშაო ადგილების შექმნაში. ისინი ამცირებენ უმუშევრობის დონეს, ხელს უწყობენ ეკონომიკის სტაბილურ განვითარებას და მდგრადი განვითარების უპირველესი მიზნის, ''სიღარიბის დონის დაძლევის'' მიღწევას.აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მცირე ბიზნესის განვითარების დონე სომხეთში საკმაოდ მაღალია. სომხეთს აქვს ძლიერი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ძირითადად ხორციელდება სტრატეგიული გეგმებისა და წლიური პროგრამების საფუძველზე (EU4Business, 2017). 2011 წელს სომხეთის რესპუბლიკაში მცირე ბიზნესის განმარტება მიუახლოვდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მცირე ბიზნესის განმარტებას (The Ministry of Economy of the Republic of Armenia, 2025a). სომხეთში არსებული მრავალრიცხოვანი კომერციული შესაძლებლობებისა და საერთაშორისო ბიზნესრეიტინგებში მზარდი წინსვლის მიუხედავად, ბიზნესგარემოში რამდენიმე ძირითადი გამოწვევა კვლავ რჩება. მეწარმეები ხშირად ხაზს უსვამენ მთავრობასთან არსებითი დისკუსიების ჩასატარებლად მიმართვის სირთულეს. ბიზნესსაზოგადოებასთან ეფექტური კონსულტაციების ნაკლებობა ხელს უშლის ეფექტური საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებას (The International Trade Administration , 2023). მთავრობასა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის ხშირი დიალოგი ძალიან მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მცირე ბიზნესსექტორში არსებული გამოწვევების შესწავლისა და მისი გადაჭრის გზების შემუშავების პროცესში (European Bank for Reconstruction and Development, 2025, გვ. 9). დღემდე მცირე ბიზნესსექტორის განვითარების მთავარ გამოწვევად რჩება ბიზნესგარემო, მათ შორის საგადასახადო და საბაჟო ტვირთი, ადმინისტრაციული ბარიერები, ფინანსურ რესურსებზე წვდომა და არაკეთილსინდისიერი კონკურენცია. გასული წლების განმავლობაში ევროპის ბიზნესასოციაციიის (European Business Association) მიერ სომხეთში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა მცირე მეწარმეებისთვის არის ფინანსებზე შეზღუდული წვდომა. გამოკითხვის შედეგად ასევე დადგინდა ადმინისტრაციული ბარიერების თითქმის არ არსებობა. გამოკითხულ რესპონდენტებს ყველაზე დადებითი აღქმა სწორედ ბიზნესის რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით ჰქონდათ (European Business Association, 2016). სომხეთში მცირე ბიზნესსექტორის წინაშე არსებული გამოწვევების შესამცირებლად მთავრობის მიერ განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: თანადაფინანსება, სუბსიდირება, რეფინანსირება, სოფლის მეურნეობის სუბსიდირება, სესხები (2.5-50 მილიონი სომხური დრამი), ერთჯერადი გრანტი და ა.შ (EU4Business, 2020). ბოლოდროინდელი ეკონომიკური რყევების ფონზე სომხეთმა 2020 წლიდან მაინც შეძლო სტაბილური ზრდის დაფიქსირება. აღნიშნულ ზრდას მეცნიერ-ეკონომისტები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მიგრანტების, ბიზნესისა და კაპიტალის შემოდინებას მიაწერენ, რამაც 2022 წელს სომხეთი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე სწრაფად მზარდ ქვეყნად აქცია (OECD, Advancing the Digital Transformation of Armenian Businesses, 2024). მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირებისთვის სომხეთში მოქმედებს სპეციალური დაბეგვრის სისტემა, რომელიც მოიცავს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის 5%-იან განაკვეთს და ეს არის კიდევ ერთი უდიდესი საპასუხო რეფორმა მცირე ბიზნესსექტორის გამოწვევაზე (CivilNet, 2024). გარდა ამისა, სომხეთის მთავრობამ მსოფლიოს 51 ქვეყანასთან გააფორმა ‘’ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების’’ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების მიერ სხვა ქვეყანაში წარმოებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრება ან პირის რეზიდენტ ქვეყანაში, ან კიდევ იმ ქვეყანაში, სადაც მოხდა შემოსავლის მიღება (Vardanyan & Partners Law Firm, 2025). ემპირიული კვლევის ფარგლებში, SPSS პროგრამის კორელაციურ-რეგრესული ანალიზის საფუძველზე, გაკეთდა შემდეგი სახის დასკვნები: Model Summary-ის ანალიზის დროს, R Square-ის დაანგარიშების შედეგად, ჩვენი მოდელის შემთხვევაში მაჩვენებელი არის 0.956. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ვარიაციის 95.6% აიხსნა (ე.ი. დამოუკიდებელი ცვლადების გავლენა დამოკიდებულ ცვლადზე მნიშვნელოვანია); ANOVA ანალიზის დროს Sig მაჩვენებელი არის 0.203 (რაც იმას ნიშნავს, რომ მიღებული მაჩვენებლების სანდოობის დონე ძალიან მაღალი არ არის, რადგან იგი მცირედით აღემატება 0.1-ს); Coefficient ანალიზის დროს დადგინდა თუ როგორ შეიძლება სომხეთში რეგისტრირებული მცირე ბიზნესების რაოდენობა შეიცვალოს, თუ დამოუკიდებელ ცვლადებს შევცვლით ყოველი ერთი ერთეულით. მაგალითად, საგადასახადო განაკვეთის კოეფიციენტი 2298.226-ით ცვლის მცირე ბიზნესსექტორში რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობას ყოველი ერთეულის დამატებით. სტანდარტიზებული კოეფიციენტების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ერთი სტანდარტული გადახდით თუ შეიცვლება საგადასახადო განაკვეთი, მაშინ 0.957 სტანდარტული გადახრით შეიცვლება რეგისტრირებულ მცირე ბიზნესთა რაოდენობა Covid19 0.535-ით; პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა – 0.375-ით; ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შეთანხმებები – 0.208-ით და გამარტივებული ადმინისტრაციული სისტემა – 0.042-ით. ზემოაღნიშნული კორელაციური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კავშირი მცირე ბიზნესის რეგისტრაციის მაჩვენებელსა და Covid-19 მაჩვენებელს შორის არის 0.421. რადგან აღნიშნული მაჩვენებელი 0.4-დან 0.6-მდე მერყეობს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ ორ ცვლადს შორის არის ზომიერი დადებითი კოლერაცია. კავშირი მცირე ბიზნესის რეგისტრაციის მაჩვენებელსა და გამარტივებულ ადმინისტრირების სისტემას შორის არის 0.944, ანუ ამ ორ ცვლადს შორის არის ძალიან ძლიერი დადებითი კოლერაცია. კავშირი მცირე ბიზნესის რეგისტრაციის მაჩვენებელსა და საგადასახადო განაკვეთების მაჩვენებელს შორის არის -832, ძლიერი უარყოფითი კორელაცია. მცირე ბიზნესის რეგისტრაციის ცვლადსა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ცვლადს შორის არის მაღალი კორელაციური კავშირი. ასევე მაღალი კორელაციული კავშირი ფიქსირდება მცირე ბიზნესის რეგისტრაციის მეჩვენებელსა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შეთანხმებებს შორისაც. მცირე ბიზნეს სექტორის განვითარების მთავარი გამოწვევები და მათი რაციონალური გადაჭრის გზები, აზერბაიჯანის გამოცდილება აზერბაიჯანის ეკონომიკის განვითარების გზაზე მცირე ბიზნესის როლი გადამწყვეტია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მოიაზრებიან ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად, არამედ ძირითადად იმიტომ, რომ ისინი წარმოადგენენ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული მთლიანი საწარმოების უდიდეს პროცენტს. აზერბაიჯანში ჩატარებული კვლევების შედეგად დასტურდება, რომ მცირე ბიზნესი ბევრად უფრო მოქნილი და სწრაფია, ვიდრე მსხვილი ბიზნესი. გარდა ამისა, მათ ბიზნესგარემოში უფრო მარტივად შეუძლიათ ადაპტირება. (Bayramov, Hasanov, Aghayarli, Kadyrov, & Aghahasanli, 2017, p. 8). აზერბაიჯანში მცირე ბიზნესსექტორი უამრავი გამოწვევის წინაშე დგას. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია საბანკო დაფინანსებაზე შეზღუდული წვდომა, დაფინანსების სხვა წყაროები კი არ არის მაღალ დონეზე განვითარებული. მეწარმეების მხრიდან ფინანსური განათლების ნაკლებობა, ბიზნესუნარების დაბალი დონე და მაღალი ფიქსირებული ხარჯები ამცირებს მოგებას (Bayramov, Hasanov, Aghayarli, Kadyrov, & Aghahasanli, 2017, გვ. 16-17), თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აზერბაიჯანში მცირე ბიზნესის რეგისტრაციის პროცესი სომხეთისა და საქართველოს მსგავსად ასევე ძალიან მარტივია – აქვთ კარგი ინფრასტრუქტურა და მომსახურების მიწოდების მაღალი ხარისხი. მხარდაჭერის მექანიზმებში შეიძლება მოვიაზროთ საგადასახადო შეღავათები, სუბსიდიები, გრანტები, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს (KOBİA) როლი და ინფრასტრუქტურის განვითარება. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტომ (KOBİA) დააფინანსა 300-ზე მეტი სტარტაპი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. ასევე აღნიშნული სააგენტო ეხმარება რეგიონულ ბიზნესს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებასა და გლობალურ ბაზრებზე გასვლაში (Suleymanov & Orujov, 2025, pp. 24-30). მცირე ბიზნესსექტორისთვის 2019 წლის 1 იანვრამდე მოქმედებდა საშემოსავლო გადასახადის 4%-იანი განაკვეთი, თუმცა იყო რეგიონები, რომლებიც 2%-იანი განაკვეთითაც სარგებლობდნენ. მაგრამ 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ახალი სპეციალური შეღავათიანი რეჟიმი, რომლის საფუძველზე უკვე ყველა რეგიონში მცირე მეწარმეები იბეგრებიან საშემოსავლო გადასახადის 2%-იანი განაკვეთით (State Tax Service, 2025). აზერბაიჯანის მთავრობისა და ევროკავშირის EU4Business-ის ინიციატივის ფარგლებში გამოყოფილ იქნა 585 მილიონი ევრო სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოების შესაძლებლობების გასაძლიერებლად. მეწარმეების მიერ ბანკებიდან ადგილობრივ ვალუტაში (მანათში) აღებული სესხების 60% სახელმწიფოს გარანტიით იქნა უზრუნველყოფილი, ხოლო პროცენტის ნახევარი – სუბსიდირებული (EU 4 Business, 2021, pp. 1-10). მცირე ბიზნესსექტორის პროექტების დაფინანსების მექანიზმების ფარგლებში, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის 750 000 მანათზე მეტი გრანტი გაიცა (Ministry of Economy of the Republic of Azerbaijan, 2023). სომხეთის მსგავსად, აზერბაიჯანში რეგისტირებული მცირე ბიზნესსექტორსაც განვითარებასა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ძალიან დაეხმარა ‘’ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების’’ ხელშეკრულებები და შეთანხმებები. 2025 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანს მსოფლიოს 55 ქვეყანასთან აქვს აღნიშნული სახის ხელშეკრულება გაფორმებული. ემპირიული კვლევის ფარგლებში, კორელაციურ-რეგრესული ანალიზის საფუძველზე აზერბაიჯანის მაგალითით გაკეთდა შემდეგი სახის დასკვნები: Model Summary-ის ანალიზის დროს, R Square-ის დაანგარიშების შედეგად, ჩვენი მოდელის შემთხვევაში მაჩვენებელი არის 0.995. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ვარიაციის 99.5% აიხსნა (ე.ი. დამოუკიდებელი ცვლადების გავლენა დამოკიდებულ ცვლადზე მნიშვნელოვანია); ANOVA ანალიზის დროს Sig მაჩვენებელი არის 0.026 (რაც იმას ნიშნავს, რომ მიღებული მაჩვენებლების სანდოობის დონე არის ძალიან მაღალი, რადგან იგი არ აღემატება 0.1-ს); Coefficient-ის ანალიზის დროს დადგინდა, რომ საგადასახადო განაკვეთი 17610.341-ით ცვლის მცირე ბიზნესსექტორში რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობას ყოველი ერთეულის დამატებით. სტანდარტიზებული კოეფიციენტების განხილვის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ერთი სტანდარტული გადახდით თუ შეიცვლება საგადასახადო განაკვეთი, მაშინ -0.212 სტანდარტული გადახრით შეიცვლება რეგისტრირებულ მცირე ბიზნესთა რაოდენობა, Covid-19-ის შემთხვევაში – 0.18-ით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემთხვევაში – 0.008-ით, ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შეთანხმებების შემთხვევაში – 0.067-ით და ბოლოს გამარტივებული ადმინისტრაციული სისტემის შემთხვევაში – 0.860-ით. კორელაციური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კავშირი მცირე ბიზნესის რეგისტრაციის მაჩვენებელსა და Covid-19-ის მაჩვენებელს შორის არის 0.568. რადგან აღნიშნული მაჩვენებელი 0.4-დან 0.6-მდე მერყეობს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ არის ამ ორ ცვლადს შორის არის ზომიერი დადებითი კოლერაცია. კავშირი მცირე ბიზნესის რეგისტრაციის მაჩვენებელსა და გამარტივებული ადმინისტრირების სისტემას შორის არის 0.987, ანუ ამ ორ ცვლადს შორის არის ძალიან ძლიერი დადებითი კოლერაცია. კავშირი მცირე ბიზნესის რეგისტრაციის მაჩვენებელსა და საგადასახადო განაკვეთების მაჩვენებელს შორის არის -0.858, ანუ მათ შორის არის ძლიერი უარყოფითი კოლერაცია (რაც უფრო მცირდება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი, მით უფრო იზრდება კერძო ბიზნესსექტორში რეგისტრირებული მცირე ბიზნესსუბიექტთა რაოდენობა). მცირე ბიზნესის რეგისტრაციის ცვლადსა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ცვლადს შორის არის ძალიან მაღალი კორელაციური კავშირი. ასევე ძალიან მაღალი კორელაციული კავშირი ფიქსირდება მცირე ბიზნესის რეგისტრაციის მეჩვენებელსა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შეთანხმებებს შორის. მცირე ბიზნეს სექტორის განვითარების მთავარი გამოწვევები და მათი რაციონალური გადაჭრის გზები, საქართველოს გამოცდილება მცირე ბიზნესი მიმდინარე მდგომარეობით საქართველოშიც კერძო ბიზნესსექტორის ძირითად მამოძრავებელ ძალად მოიაზრება. მას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლების საკითხში. მცირე ბიზნესსექტორის განვითარება თავის მხრივ, ხელს უწყობს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას (მაღლაკელიძე , 2022, გვ. 108). ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობისა და ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, ქართული მცირე ბიზნესსექტორის განვითარება ძალიან პერსპექტიულად გვესახება (ცეცხლაძე, 2012, გვ. 128), თუმცა მის განვითარებაზე უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას. ქართულ კვლევებზე დაყრდნობით, საწარმოების უმეტესობა სამეურნეო საქმიანობის განხორციელების მთავარ გამოწვევად სწორედ ფინანსებზე შეზღუდულ ხელმისაწვდომობას ასახელებს. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მთავარ პრობლემას კი სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები და საბანკო სისტემის მკაცრი კრედიტორული პოლიტიკა წარმოადგენს (დევიძე & კაპანაძე, 2018). ბუნებრივია შეზღუდული წვდომა ფინანსებზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს მცირე ბიზნესის სამეწარმეო საქმიანობის წამოწყებაზე, მათ ნორმალურად წარმართვასა და განვითარებაზე. მცირე საწარმოები დაფინანსების მისაღებად მიმართავენ ძირითადად საბანკო დაწესებულებებს, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები ნაკლებად არიან დაინტერესებული ბაზრის ამ მცირე მონაწილეთა დაფინანსების საკითხით, რადგან არსებობს მალევე მათი ლიკვიდაციის მაღალი რისკი. ასევე ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სამთავრობო პროგრამების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა. მთავრობის მიერ მცირე ბიზნესსექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით უამრავი რეფორმა ტარდება, მაგრამ როგორც ჩატარებული კვლევებით დგინდება, ზოგიერთი პოტენციური ბენეფიციარი (მცირე მეწარმე) არ არის ინფორმირებული აღნიშნული რეფორმების თუ პროგრამების შესახებ. მათ ასევე შეუძლიათ მიმართონ დაფინანსების ისეთ ალტერნატიულ წყაროებს როგორიცაა: ქრაუდფანდინგი, ანგელოზი ინვესტორები, ვენჩურული კაპიტალი, ასევე სახელმწიფო გრანტები და ა.შ. (SMEDA, 2024, გვ. 4-6). გარდა ამისა, საქართველოში მცირე ბიზნესსექტორის გამოკვლევის შედეგად გამოიკვეთა სხვა უმარავი გამოწვევა, მათ შორისაა პროფესიონალი კადრების ნაკლებობა, საერთაშორისო ბაზრებზე შეზღუდული წვდომა, არაჯანსაღი კონკურენცია სექტორში, ზოგჯერ საწარმოო მასალებზე წვდომა, ბაზრის სიმცირე, რომლის გადაჭრის გზა შეიძლება იყოს ექსპორტის მხარდაჭერა, ადგილობრივი პროექტების კიდევ უფრო წახალისება და ა.შ. 2018 წლამდე საგადასახადო ტვირთი და ადმინისტრაციული ბარიერებიც წარმოადგენდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, მაგრამ 2018 წლის 1 ივლისს განხორციელდა რეფორმა, რომლის მიხედვითაც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებისთვის ამოქმედდა საშემოსავლო გადასახადის სპეციალური დაბეგვრის ახალი, შეღავათიანი რეჟიმი. აღნიშნული რეჟიმის თანახმად, მეწარმეებს საშემოსავლო გადასახადის 5%-ის ნაცვლად, 1%-იანი საგადასახადო განაკვეთი დაუწესდათ. აღნიშნული რეფორმა აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ხელშემწყობი მექანიზმი მთავრობის მხრიდან, რომელმაც მეწარმეებს შეუმცირა როგორც საგადასახადო, ისე ადმინისტრაციული დანახარჯები, რადგან გაციფრულდა და შესაბამისად ძალიან გამარტივდა საგადასახადო აღრიცხვის სისტემაც (პერტია, 2024) (შემოსავლების სამსახური, 2024). თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მცირე მეწარმეებმა არა მხოლოდ უნდა შევასონ კერძო ბიზნესსეგმენტი, არამედ უნდა გააძლიერონ და კონკურენტუნარიანი გახადონ იგი (გელაშვილი, 2020, გვ. 174-177). როგორც სამხრეთ კავკასიის ზემოაღნიშნულ ქვეყნებში, საქართველოშიც მცირე ბიზნესს მათ წინაშე არსებული გამოწვევის დაძლევასა და საგადასახადო დანაარჯების შემცირებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა ხელშეკრულებები „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“. მიმდინარე მდგომარეობით, საქართველოს აღნიშნული სახის ხელშეკრულება მსოფლიოს 58 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, 2023) (პერტია, 2024, გვ. 171-188). ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო მსოფლიო ბანკის მონაცემებით მე-7 ადგილს იკავებს (World Bank Group, ''Ease of Doing Business Ranking'', 2019). Model Summary-ის ანალიზის დროს, R Square-ის დაანგარიშების შედეგად, ჩვენი მოდელის შემთხვევაში, მაჩვენებელი არის 0.986. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ვარიაციის 98.6% აიხსნა (ე.ი. დამოუკიდებელი ცვლადების გავლენა დამოკიდებულ ცვლადზე მნიშვნელოვანია).ANOVA ანალიზის დროს, Sig მაჩვენებელი არის 0.070 (რაც იმას ნიშნავს, რომ მიღებული მაჩვენებლების სანდოობის დონე არის ძალიან მაღალი, რადგან იგი არ აღემატება 0.1-ს).Coefficient-ის ანალიზის დროს დადგინდა, რომ საგადასახადო განაკვეთი 61.921-ით ცვლის მცირე ბიზნესსექტორში რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობას ყოველი ერთეულის დამატებით. სტანდარტიზებული კოეფიციენტების განხილვის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ერთი სტანდარტული გადახდით თუ შეიცვლება საგადასახადო განაკვეთი, მაშინ 0.003 სტანდარტული გადახრით შეიცვლება რეგისტრირებულ მცირე ბიზნესთა რაოდენობა, Covid-19-ის შემთხვევაში – 0.359-ით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემთხვევაში – 0.143-ით, ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შეთანხმებების შემთხვევაში – 0.430-ით და ბოლოს გამარტივებული ადმინისტრაციული სისტემის შემთხვევაში – 0.613-ით. კორელაციური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კავშირი მცირე ბიზნესის რეგისტრაციის მაჩვენებელსა და Covid-19-ის მაჩვენებელს შორის არის 0.085. რადგან აღნიშნული მაჩვენებელი 0-დან 0.2-მდე მერყეობს, ეს მიუთითებს, რომ ამ ორ ცვლადს შორის არის ძალიან დაბალი დადებითი კორელაცია. კავშირი მცირე ბიზნესის რეგისტრაციის მაჩვენებელსა და ადმინისტრირების გამარტივებულ სისტემას შორის არის 0.868, რაც მიანიშნებს, რომ ამ ორ ცვლადს შორის არის ძალიან ძლიერი დადებითი კორელაცია. კავშირი მცირე ბიზნესის რეგისტრაციის მაჩვენებელსა და საგადასახადო განაკვეთების მაჩვენებელს შორის არის 0.501. ეს მიუთითებს ამ ორ ცვლადს შორის ზომიერ უარყოფით კორელაციაზე, ანუ რაც უფრო მცირდება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი, მით უფრო იზრდება კერძო ბიზნესსექტორში რეგისტრირებულ მცირე ბიზნესსუბიექტთა რაოდენობა, მაგრამ ძალიან მაღალი მაჩვენებლით არა. მცირე ბიზნესის რეგისტრაციის ცვლადსა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ცვლადს შორის ასევე არის ზომიერი დადებითი კორელაციური კავშირი. დაბოლოს, ძალიან მაღალი დადებითი კორელაციული კავშირი ფიქსირდება მცირე ბიზნესის რეგისტრაციის მაჩვენებელსა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შეთანხმებებს შორის. დასკვნა თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მცირე ბიზნესსექტორი წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სამუშაო ადგილების შექმნაში. ისინი ამცირებენ უმუშევრობის დონეს და ამ მხრივ ხელს უწყობენ ეკონომიკურ სტაბილურობას. მათ შეუძლიათ სწრაფად შეცვალონ სტრატეგიები, შექმნილი საქონელი ან მომსახურება და ამ მხრივ მარტივად მოერგონ მომხმარებელთა ცვალებად გემოვნებასა და ბაზრის მოთხოვნებს (Zhao, 2024, S. 205-210). მცირე ბიზნესსექტორი უამრავი გამოწვევის წინაშე დგას, რომლებიც აფერხებს მათი სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მცირე ბიზნესსექტორის ნომერ პირველ გამოწვევას წარმოადგენს ფინანსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა. აღნიშნული გამოწვევის შემდეგ მნიშვნელოვან გამოწვევებად ასევე სახელდება: ბიზნესგარემო, საგადასახადო და საბაჟო ტვირთი, პროფესიონალი კადრების ნაკლებობა, არაჯანსაღი კონკურენცია, საწარმოო მასალების ნაკლებობა, ადმინისტრაციული ბარიერები და ა.შ., თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს როგორც სამთავრობო, ისე კერძო ხელშემწყობი მექანიზმები, რომლებიც მიმართულია მცირე ბიზნესსექტორის წინაშე არსებული გამოწვევების მარტივად დაძლევისათვის. განხორციელებული ემპირიული კვლევის საფუძველზე, კორელაციურ-რეგრესული ანალიზის მიხედვით, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის შემთხვევაში, მცირე ბიზნესის რეგისტრაციის მაჩვენებელზე ყველაზე დიდი გავლენის მომხდენ ცვლადად გამოვლინდა ადმინისტრაციული ბარიერების გაუმჯობესება, რომელსაც მოსდევს საგადასახადო ტვირთის შემცირება და ორმაგი დაბეგვრის თავიდან არიდების შეთანხმებები. კვლევით ნაშრომში შექმნილია მიზეზ-შედეგობრივი ანალიზის მოდელი, რომელიც გვიჩვენებს კავშირს კონკრეტულ ქმედებასა და მიღებულ შედეგს შორის. ყოველივე ამის საფუძველზე კი მომზადებულია შესაბამისი დასკვნები და რეკომენდაციები. გამოყენებული ლიტერატურა
|