English / ქართული / русский /
ნინო წივწივაძენანული ძიმცეიშვილი
სამშენებლო კომპანიების ფინანსური მდგრადობისა და გაკოტრების რისკების შეფასების მეთოდოლოგიური საკითხები

ანოტაცია. სტატიაში განხილულია სამშენებლო სექტორისთვის დამახასიათებელი ფინანსური რისკებისა და გადახდისუუნარობის ალბათობის შეფასების თანამედროვე მიდგომები. კვლევის მიზანია გაკოტრების რისკის პროგნოზირების ისეთი მეთოდოლოგიური ჩარჩოს ფორმირება, რომელიც მორგებული იქნება საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიის სპეციფიკაზე. გამოყენებულია როგორც თეორიული, ისე ემპირიული მეთოდები, მათ შორის ალტმანის, სპრინგეიტის და ზმიჟევსკის მოდელები, ასევე განხილულია დამატებითი ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი.

შედეგებმა აჩვენა, რომ საერთაშორისო მოდელების გამოყენება დამატებით მოითხოვს ადგილობრივი ინდიკატორების ჩართულობას. შემუშავებული ინტეგრირებული მიდგომა ზრდის პროგნოზირების სიზუსტეს, ამცირებს ცდომილებას და ქმნის საფუძველს ფინანსური მდგრადობის ეფექტიანი მართვისთვის.

საკვანძო სიტყვები: გაკოტრება, სამშენებლო სექტორი, Z-score მოდელები, ფინანსური მდგრადობა, რისკების შეფასება.

შესავალი

სამშენებლო სექტორი ეროვნული ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დარგად მიიჩნევა. იგი მოიცავს საწარმოო აქტივების განახლებას, ტექნიკურ გადაიარაღებას, წარმოების რეკონსტრუქციასა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებას. ინდუსტრიის მდგომარეობა პირდაპირ ზემოქმედებს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესზე, საზოგადოებისა და საწარმოს რესურსების განახლების ტემპზე. ბაზრის თანამედროვე პირობებში ეკონომიკაში ინვესტირების უწყვეტ პროცესს თან ახლავს მაღალი რისკები, რომელთაგან ფუნდამენტური მნიშნველობისაა კონკურენტულ გარემოში მოქმედი სუბიექტების გადახდისუუნარობის და  გაკოტრების რისკი.  სამშენებლო კომპანიები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ფასების ზრდის და საკრედიტო პირობების გამკაცრების ფონზე. სამშენებლო პროექტების ხანგრძლივი ციკლი და ფულადი სახსრების დეფიციტი, კონკურენციის მაღალ დონესთან ერთად, მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიების გაკოტრების ალბათობას.

ფინანსური სტაბილურობა დიდწილად განისაზღვრება ეფექტიანი მმართველობითი გადაწყვეტილებებით, რომლებიც დაფუძნებულია სრულყოფილ და სანდო ფინანსურ ინფორმაციაზე. შესაბამისად, გაკოტრების ალბათობის შეფასება სხვადასხვა მეთოდოლოგიური მოდელების გამოყენებით წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს. როგორც კომპანიებისთვის ისე ინვესტორებისა და საკრედიტო ორგანიზაციებისთვის. 

სამშენებლო  კომპანიების ფინანსური მდგრადობისა და გაკოტრების რისკის შეფასების მეთოდოლოგიის ანალიზი

გაკოტრების რისკის შეფასება თანამედროვე ეკონომიკაში ერთ-ერთ მნიშვნელვან მიმართულებად რჩება. მასობრივად აპრობირებული მეთოდოლოგიები ეფუძნება ფინანსური კოეფიციენტების გამოყენებასა და მათ სტატისტიკურ ანალიზს. საერთაშორისო პრაქტიკაში ფართოდ გამოიყენება ალტმანის, სპრინგეიტის და ზმიჟევსკის მოდელები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში კომპანიების გადახდისუნარიანობის პროგნოზირებისთვის ეფექტიან ინსტრუმენტებად ითვლება. თუმცა, სამშენებლო სექტორის სპეციფიკა  მათ შედეგებს  მნიშვნელოვნად ზღუდავს.

Z-score მოდელების შედარება. ალტმანის მოდელი ტრადიციულად გამოირჩევა შედარებით ოპტიმისტური შედეგებით და ნაკლებად მკაცრია კრიტიკულ ზღვართან მიმართებით. სპრინგეიტის მოდელი, პირიქით, საკმაოდ მკაცრია და ხშირად პესიმისტურ პროგნოზს იძლევა, რაც გაზვიადებულად აჩვენებს გაკოტრების რისკს. ზმიჟევსკის მოდელი შედარებით დაბალანსებულ სურათს იძლევა და გარკვეულწილად შუა პოზიციას იკავებს. კვლევამ აჩვენა, რომ ერთსა და იმავე კომპანიაში აღნიშნული მოდელების გამოყენების შედეგები მნუშვნელოვნად განსხვავდება, რაც ხაზს უსვამს მათი სიზუსტის ხარისხის შეუსაბამობას.

კორელაციური ანალიზი. მიღებული შედეგების სიზუსტე და თანხვედრა შემოწმდა Spearman-ის კორელაციისა და Cohen’s Kappa-ს საშუალებით. ანალიზმა დაადასტურა, რომ მოდელებს შორის ძლიერი თანხვედრა არ არსებობს და ისინი ხშირად სხვადასხვა დასკვნამდე მიდიან. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს სამშენებლო სექტორის სპეციფიკურ საჭიროებებზე.

ფინანსური  კოეფიციენტების  როლი2020–2023 წლების მონაცემების დამუშავებამ გამოკვეთა ლიკვიდობის და ფინანსური დამოუკიდებლობის კოეფიციენტები, როგორც მაჩვენებლები, რომლებიც ყველაზე  მკაფიოდ  გამოყოფენ სტაბილურ და კრიზისულ კომპანიებს. დანარჩენი კოეფიციენტები ზოგად ტენდენციებს ასახავენ და პროგნოზირების პროცესში დამხმარე როლს ასრულებენ.

ინტეგრირებული მიდგომა. Ⴑაერთაშორისო მოდელების გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სამშენებლო სექტორის ფინანსური მდგრადობის სრულყოფილ სურათს. საუკეთესო შედეგს იძლევა ინტეგრირებული მიდგომა, რომელიც აერთიანებს როგორც Z-score მოდელების შედეგებს, ისე ადგილობრივი ინდიკატორების ანალიზს. ასეთი მრავალფაზიანი მეთოდოლოგია – მოდელების გამოთვლა, ადგილობრივი კოეფიციენტების შეფასება და შედეგების ინტეგრაცია ერთიან ინდექსში – მნიშვნელოვნად ზრდის პროგნოზირების სიზუსტეს და ამცირებს ცდომილებას.

ემპირიული შედეგებიკვლევის ფარგლებში გაანალიზდა საქართველოში მოქმედი 60 სამშენებლო კომპანიის ფინანსური ანგარიშგება. მიღებულმა შედეგებმა ცხადყო, რომ ინტეგრირებული ინდექსი უფრო საიმედო პროგნოზს იძლევა,  ვიდრე ცალკეული მოდელები. ამასთან, გამოვლინდა, რომ კომპანიების დიდი ნაწილი ოპერირებს მაღალი რისკის ზონაში, რაც გამოწვეულია მოზიდული ფინანსურ რესურსზე დამოკიდებულებით, დაბალი ლიკვიდურობით და  სამშენებლო პროექტების ხანგრძლივობით. აღნიშნული გარემოებები მიანიშნებს ადაპტირებული მეთოდოლოგიის მნიშვნელობაზე.  

დასკვნა

სამშენებლო საწარმოთა გაკოტრების რისკის კომბინირებული შეფასება, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო მოდელებსა და ადგილობრივ ინდიკატორებს, წარმოადგენს ეფექტურ გზას ფინანსური მდგრადობის ზუსტი პროგნოზირებისა და კრიზისული მოვლენების პრევენციისთვის. აღნიშნული მიდგომა არა მხოლოდ კერძო სექტორისთვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვისაც არსებითად მნიშვნელოვანია.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში კვლევის შესაძლებლობები გარკვეულწილად შეზღუდულია საჯარო მონაცემთა ბაზების სიმწირისა და მოძველებული საკანონმდებლო ჩარჩოს გამო. აღნიშნული გარემოებები ნათლად გამოკვეთს საერთაშორისო გამოცდილების და ადგილობრივი რეალობის ინტეგრირებული მიდგომის მნიშვნელობას. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Altman, E. I. (1968). Financial ratios, discriminant analysis and the prediction of corporate bankruptcy. The Journal of Finance, 23(4), 589–609. https://doi.org/10.1111/j.1540-6261.1968.tb00843.x
  2. Springate, G. L. V. (1978). Predicting the possibility of failure in a Canadian firm: A discriminant analysis. Unpublished MBA Research Project, Simon Fraser University.
  3. Zmijewski, M. E. (1984). Methodological issues related to the estimation of financial distress prediction models. Journal of Accounting Research, 22, 59–82. https://doi.org/10.2307/2490859.
  4. მუნჯიშვილი თ. საწარმოს ფინანსური მდგრადობის შეფასებისა და გაკოტრების პროგნოზის ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელის შემუშავება. თბილისი, თსუ გამომცემლობა,2019.
  5. საქართველოს  პარლამენტი.  გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ კანონი. თბილისი.1996.
  6. საქართველოს სტატისტიკის  ეროვნული სამსახური. სამშენებლო სექტორის სტატისტიკური მონაცემები. თბილისი.2023